ყოველთვის ტენდენციური და რისკის მოყვარული რიანა ორსულობის დროს საზოგადოებაში ხშირად ჩნდება გამჭვირვალე მაქმანებით, ტოპებითა და შიშველი მუცლით.
იანვარში, პარტნიორ A$AP Rocky-ის თანხლებით ჰარლემის ქუჩებში სეირნობისას, რიანას ღია ქურთუკი ეცვა და ძვირფასეულობით დაფარული მუცელი უჩანდა. მან საზოგადოებას სასიხარულო სიახლე ამ ფორმით გაუზიარა. "მან საორსულო სამოსისა და სტილის დემოკრატიზაციას შეუწყო ხელი" - ასე დაახასიათა რიანას საორსულო სტილი კარენ ჰერნიმ, რომელიც ლონდონის Foundling Museum-ში 2020 წელს გამართული გამოფენის „Portraying Pregnancy“-ის კურატორია.
"ინოვაცია იყო ორსულობის ასე დემონსტრირება და ხაზგასმა იმაზე, რომ მის სხეულში კიდევ ერთი ადამიანი ცხოვრობს" - ამბობს ჰერნი, რომელიც ასევე არის ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის საპატიო პროფესორი.
რიანას ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ ფოტოებს მილიონობით ადამიანი იწონებს. მან ეს სტილი შეინარჩუნა სტილისტ Jahleel Weaver-თან მუშაობისასაც. ზოგადად, რიანა ამ ტენდენციას აქტიურად მისდევს და ხშირად ირგებს გამჭვირვალე თეთრეულს, მაქმანებიან სამოსს, ორგანზას კაბებს. ამის საუკეთესო მაგალითს კი გასულ კვირას გამოქვეყნებული აპრილის Vogue-ის ყდა წარმოადგენს.
Vogue-ის ჟურნალისტ ჩიომა ნადისთან საუბრისას, რიანამ თქვა, რომ ორსულობისას მუცელზე ხაზგასმა მას ყოველთვის სურდა. "იმედი მაქვს, რომ ჩვენ შევძელით ხელახლა განვსაზღვროთ ის, რაც ითვლება "წესიერად" ორსული ქალებისთვის," - თქვა მან. „ჩემი სხეული ახლა წარმოუდგენელ რაღაცებს აკეთებს და მე ამის არ მრცხვენია. ამ დროს ქალი სიხარულსა და ზეიმს გრძნობს, რატომ უნდა დამალო ეს?”
ბოლო წლების განმავლობაში, ინტერნეტში ბევრი ფოტო გავრცელდა, სადაც ცნობილი სახეები ორსულობის დემონსტრაციას ახდენდნენ, მაგალითად, ბიონსე და ყვავილების გვირგვინი 2017 წელს, ან ნიკი მინაჟის ბიკინი და პლატფორმის ქუსლები 2020 წელს.
შიშველი მუცლის დემონსტრირება მოდური გახდა მას შემდეგ, რაც დემი მური გამოჩნდა Vanity Fair-ის გარეკანზე 1991 წელს, თუმცა ადრე ეს "სითამამე" მხოლოდ მნიშვნელოვანი ღონისძიებების თანმხლები იყო, რიანასთვის კი სამოსი, რომელიც ხაზს უსვამს ორსულობას, ყოველდღიურობის ნაწილია. „ყველას ეშინოდა, რომ რიანა კრიტიკის ობიექტი გახდებოდა, მე კი უბრალოდ მეცინებოდა ამ მოსაზრებაზე“, - ამბობს შინა უორდი, Rihanna fashion Instagram-ის ანგარიშის Haus of Rihanna-ს რედაქტორი. "ეს არის რიანა, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ. ყოველთვის ტენდენციური, ყოველთვის რისკიანი, რომელიც გამუდმებით სცილდება საზღვრებს – რა თქმა უნდა, ის ასე იცვამს“.
გარდაუვალია, რომ რიანა გავლენას ახდენს ტენდენციებზე. მარტში, Pinterest-მა განუცხადა Input-ს, რომ მას შემდეგ, რაც მან გამოაცხადა ორსულობის შესახებ, "მაქმანის სამშობიარო კაბების" ძიება 40%-ით გაიზარდა და ბევრმა ადამიანმა მოიძია სპეციალურად "რიანას საორსულო სტილი".
"ის აყალიბებს ახალ მიდგომებსა და ტენდენციებს, თუ რას შეიძლება იცვამდეს ორსული ქალი" - ამბობს ეშლი ნეუმანი, საიტის Thebump.com-ის კონტენტ დირექტორი. „აქამდე, ტოპები, დაბალი ჯინსები და გამჭვირვალე ქსოვილები არ იყო საორსულო გარდერობის მთავარი ელემენტი“.
აღსანიშნავია ისიც, რომ რიანას ჰყავს სტილისტი, რომელიც ზრუნავს მის ჩაცმულობაზე, ყველა ქალს კი ამის შესაძლებლობა არ აქვს. გარდა ამისა, ზოგი ორსულისთვის ეს სტილი შესაძლოა არაკომფორტული და მიუღებელი იყოს. მიუხედავად ამისა, გრეის კაპინი, Storq-ის თანადამფუძნებელი ამბობს, რომ მათი გაყიდვები რიანას ახალი სტილით გამოჩენის შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა.
ჩიომა ნადი ამტკიცებს, რომ ორსულობისადმი რიანას მიდგომამ შეცვალა შავკანიანი დედების აღქმა: „განსაკუთრებით შავკანიანი მომავალი დედებისთვის, ეს იყო შიშისმომგვრელი დაუმორჩილებლობის აქტი“, წერს ის. მოდის ისტორიკოსი და კურატორი დარნელ-ჯამალ ლისბი ამბობს, რომ „შავკანიანი დედების ირგვლივ არსებული ისტორიული ტროპებისა და სტერეოტიპების“ წყალობით, რიანას თამამი ნაბიჯი კიდევ უფრო შთამბეჭდავი და შთამაგონებელი აღმოჩნდა. ამ ფონზე, რიანა გამბედაობისა და სიძლიერის სიმბოლოა.
ქალები საუკუნეების განმავლობაში მალავდნენ თავიანთ ორსულობას, რადგან ეს უხერხულად ითვლებოდა. Lucille Ball იყო პირველი ცნობილი ადამიანი, რომელმაც გამოაჩინა თავისი მუცელი ტელევიზიით 1952 წელს. უფრო მეტი სითამამით სარგებლობდნენ ბოჰემური სტილის ქალები 60-იან წლებში, მაგალითად, იოკო ონო და ჯეინ ბირკინი.
ორსული ქალები თითქმის არასდროს განიხილებოდნენ მოდაში ბოლო წლებამდე. ნიუ-იორკელი კოლინა სტრადა, რომელსაც ყოველთვის ინკლუზიური კასტინგი ჰქონდა, პოდიუმზე იყენებდა ორსულ მოდელებს, მათ შორის Eckhaus Latta-სა და Nensi Dojaka-ს. მოდელი სლიკ ვუდსი ცხრა თვის ორსული იყო, როცა 2018 წელს რიანას Savage Fenty-ის ჩვენებაზე გამოვიდა. სულ ცოტა ხნის წინ კი 40 წლის მოდელი, ორსული ადრიანა ლიმა Alexander Wang-ის ჩვენებაზე გამოვიდა, მის ფოტოებს კი უამრავი ადამიანის აღფრთოვანება მოჰყვა.