ლაბირინთი - მახე თავი 22 - Marao

ლაბირინთი - მახე თავი 22

2023-02-03 09:56:18+04:00

მერი აცნობიერებს, რომ ალტერნატიულ რეალობაში მოხვდა და თავისი ალტერნატიული ვერსიის სიკვდილის გამოძიებას იწყებს, რომელიც მისგან განსხვავებით, ძალიან წარმატებული აღმოჩნდა.

პარალელურ სამყაროში კარანტინია. ადამიანები ვირუსს ებრძვიან. მერი თავს ძალიან უცნაურად გრძნობს, რადგან თითქოს საკუთარ სიკვდილს იძიებს... კვალი მას ერთ-ერთი დანგრეული შენობის თავშესაფარში მიიყვანს, რომელიც ალტერნატიული მერის ბოიფრენდს ეკუთვნის... ეს მისი მკვლელობის ადგილია.

გამომძიებელი ლეო შეძლებს პორტალის გააქტიურებას და მერის საძებნელად ისიც ალტერნატიულ რეალობაში გადაინაცვლებს...

ჩემს ცხოვრებაში მომხდარი მოვლენები ხშირად თამაშების სცენარის წერაში მეხმარება. ამჯერად, გამომძიებელი ლეო - ლევან კალანდაძის პროტოტიპია, გიორგაძე კი - ალტერნატიული მერის ბოიფრენდი. ბექა წულაია მერის მკვლელის როლში წარმოვიდგინე...

"პორტალში" თავს ისე ვგრძნობდი, როგორც ალბათ მერი - ალტერნატიულ რეალობაში მოხვედრისას. ასე მგონია, მეც ერთგვარ თამაშს ვთამაშობ და ეს ყველაფერი სინამდვილეში ჩემი ფანტაზიის ნაყოფია...

ბიჭები დაბნეული სახეებით იდგნენ და აქეთ-იქით იყურებოდნენ. მერე ბართან მივიდნენ, რომ სასმელი შეეკვეთათ. ბარმენმა, სავარაუდოდ, საფირმო კოქტეილი შესთავაზა უფასოდ, როგორც მაშინ მე და ფილიპეს. ფილის გახსენებაზე გული შემეკუმშა. იმ ღამეს რამდენი ინერვიულა და ისიც არ იცის, რომ გოგოს, რომელსაც ხვდება - უბრალოდ, მისი გაკონტროლება დაავალეს...

- შენ წახვალ, ესენი სავარაუდოდ მოვლენ... მერე რა იქნება?

ვკითხე ლევანს და წვენი მოვსვი. აბსენტმა დამათრო და ჩემ გარშემო ყველაფერი ტრიალებდა.

- მაგაზე ბევრი ვიფიქრე... გახსოვს, ქოხში რომ მითხარი შენი იდეის შესახებ? კლიენტი მიჰყვება გოგოს ოთახში და იქ სხვა ქალი რომ დახვდება?

- როგორ არა... მერე?

- შენ თუ მოახერხებ, როგორმე ბექას ცალკე დაელაპარაკო და ქვემოთ ჩამოიყვანო, წითელ პორტალში... აუხსენი, რომ წითელ პორტალში მხოლოდ "ვიაიპი" წევრებს შეუძლიათ შესვლა. იქ რა ხდება, ნუ ეტყვი, დააინტრიგე. უთხარი, რომ არალეგალურად ჩაგყავს. ანუ შენ შეგიძლია ეს გააკეთო... აყურებინე შოუს, მერე დარბაზში დატოვე და უთხარი, ათ წუთში მესამე ოთახში შევიდეს... დანარჩენს მე მივხედავ!

- შენ მიხედავ?

- უფრო სწორად, ჩემი გოგოები...

- მაინც არ მესმის... ეს ყველაფერი რას გვაძლევს ჩვენ?

- კომპრომატებს!

- სექსის გადაღებას აპირებ?

ლევანმა აღარაფერი მიპასუხა. უბრალოდ, გამიღიმა და ფეხზე წამოდგა.

- აბა, შენ იცი, მე აქ ვარ! თვალს არ მოგაცილებ არც ერთი წუთით...

ლევანმა ხელზე მაკოცა და წითელ პორტალში გაუჩინარდა. ალკოჰოლის ზემოქმედების გამო ნელა ვაზროვნებდი. მიუხედავად ამისა, გონებაში რაღაც დეტალები ამომიტივტივდა და ერთმანეთს ფაზლივით შეუერთდა. გამახსენდა ლევანის ადრინდელი ლაპარაკი, მთავრობის წარმომადგენლებთან დაკავშირებით. ძალიან დარწმუნებული იყო იმაში, რომ მის კლუბს ვერანაირი საფრთხე ვერ დაემუქრებოდა და ვერც თვითონ... იქნებ იმიტომ, რომ მთავრობის წევრებზეც აქვს კომპრომატები? იქნებ ამიტომ აქვს ამდენი ფული?.. იქნებ ამიტომ ატარებს შსს ფარულ გამოძიებას?

ტყეში მოსმენილი სატელეფონო საუბარიც გამახსენდა: "- ვიცი, რომ სარისკოა, მაგრამ მაქვს-მეთქი გარანტია! არ მეშინია! ფენიქსი რისთვის მყავს? დაგავიწყდა? ფენიქსია ჩემი გარანტია!.. ვინ იპოვის? არავინ არ იცის, სად არის... მე თუ არ ვიტყვი, კაციშვილი ვერ მიაგნებს... როგორც არ უნდა დაგვემუქრონ, ვერაფერს იზამენ, სანამ ფენიქსი არსებობს!"

ფენიქსი აშკარად ვიღაცის ზედმეტსახელია. ვიღაც მის გარანტიას იცავს... გარანტია სავსებით შესაძლებელია, კომპრომატები იყოს... ნეტა კროული ხომ არ არის ფენიქსი და კომპრომატებს ნახატის უკან, სეიფში ინახავს?.. ან იქნებ თვითონ ამ სახელშია რაიმე მინიშნება?.. ფენიქსი მითოლოგიური ფრინველია, რომელიც საკუთარ თავს თვითონვე იწვავს, როდესაც სიკვდილი უახლოვდება. შემდეგ კი ფერფლიდან ხელახლა აღსდგება. ის მუდმივი განახლების სიმბოლოცაა. ძალიან უცნაურია ეს ყველაფერი... ვინ იცის, იქნებ ძალიან ცუდი საქმე გავაკეთე, როდესაც კალანდაძეს კროულის ნახატის ამბავი შევატყობინე...

- ეი! შენ არა ხარ ის ბაიკერშა?

ფიქრებში ისე ვიყავი გართული, რომ ვერც მივხვდი, როგორ მომიახლოვდა ბადრიჯანას ერთ-ერთი ძმაკაცი.

- არა, გეჩვენება!

- იასნა შენ ხარ! თმის ფერით გიცანი...

- მერე?

- რა მერე? შენ არ დაგვპატიჟე აქ?

მაგიდასთან დანარჩენებიც მოვიდნენ. მე ოთხივე სათითაოდ შევათვალიერე და თითქოს ახლა მივხვდი, ვინც იყვნენ...

- აა, გამახსენდა...

- ეს რა "ზავიდენიაა"?

- "ზავიდენია" - დაწესებულებაა ქართულად... დახურული კლუბია! მიხვდებოდით ალბათ თქვენითაც...

- ტელეფონები დაგვატოვებინეს... რა იყო, პრეზიდენტი "ტუსოვკობს" თუ რა მაფიაა?

თქვა ბექამ და ოთხივემ სიცილი დაიწყო.

- გამორიცხული არაფერია!

- კაი და, შენ რატო დაგვპატიჟე აქ? შენი ჩაცმულობით თუ ვიმსჯელებ, აქ არ უნდა მუშაობდე. არც კლიენტს გავხარ, რადგან გოგოები სტრიპტიზ-ბარებში მარტო არ დადიან... შენია ეს კლუბი?

ბექას სიტყვებმა დამაფიქრა. გიორგაძე ძალიან ჭკვიანია. იქნებ იმიტომაც გამომიგზავნა ასეთი ძვირფასი კაბა, რომ ბექას ეს ეფიქრა?

- შეიძლება...

- ეს უკვე საინტერესოა!

თქვა წულაიამ და ჩემ მოპირდაპირედ დაჯდა. დანარჩენებმაც მიბაძეს.

- შეიძლება დავსხდეთ შენთან?

- უკვე ზიხართ!

- შენ ყოველთვის ასეთი ხარ?

- გააჩნია, "ასეთში" რას გულისხმობ...

- "ძერსკი"...

- მე მაგას პირდაპირობას ვეძახი... და კი, ყოველთვის ყველაფერს პირდაპირ ვამბობ!

- მართლა ევა გქვია?

- კი.

- მე ბექა! - საბა, თოკო და გეგა, ჩემი ბავშვობის მეგობრები... დალევ რამეს?

- უკვე დავლიე!

- ამ კლუბზე მოგვიყევი, რა პონტია?

- თქვენ რაც მოგეცით, ეგ ერთჯერადი ბარათებია.

- მრავალჯერადიც არსებობს?

ქლატჩი გავხსენი და ჩემი ბარათი ამოვიღე.

- ასეთი მხოლოდ კლუბის წევრებს აქვთ... ისინი ბევრი პრივილეგიებით სარგებლობენ...

- მაგალითად?

- კლუბის დახურულ ფლიგელში შეუძლიათ შესვლა...

- და იქ რა ხდება?

- ის, რაც არსად, არასოდეს გექნება ნანახი...

- ანუ?

- მაგას ვერ გეტყვი. საიდუმლოა! ოფიციალურად ეს ადგილი არ არსებობს! აქედან რომ გახვალთ, "პორტალის" არსებობა უნდა დაივიწყოთ!

- ნახე, როგორ გვაინტრიგებს ეს? მე წავედი, სტრიპტიზს უნდა ვუყურო!

თქვა უცებ საბამ და ფეხზე წამოდგა. გეგა და თოკოც გაჰყვნენ. მე კი საშუალება მომეცა, ბექასთან პირისპირ მელაპარაკა. მისკენ გადავიხარე და ვუჩურჩულე:

- ბართან წითელი გასასვლელი რომ არის, მანდედანაა ჩასასვლელი საიდუმლო ფლიგელში... ყოველთვის დგას დაცვა... თუ გინდა, მე შემიძლია ჩაგიყვანო...

- რო ჩაგვავლონ, შარი არაა მერე?

- არ ჩაგვავლებენ, ნუ გეშინია!

- შენზე მომიყევი...

- არ მიყვარს საკუთარ თავზე ლაპარაკი.

- რატომ? დასამალი გაქვს რამე?

- არა, უბრალოდ საკუთარი ისტორია რომ ვიცი, არ არის ჩემთვის საინტერესო. მირჩევნია სხვამ ილაპარაკოს და მე ვუსმენდე... შენ რით ხარ დაკავებული?

- ლონდონში ვსწავლობ...

- ოჰო... როგორც ჩანს, მდიდარი მამიკო გყავს...

- ბიზნესმენია. იცი, როდის დაიწყო ბიზნესი? აი, საშინელი დრო რომ იყო, 90-იანებში... ძალიან მიზანდასახულია. რაღაცას რომ იტყვის, უნდა გააკეთოს... მე არ ვგავარ მაგაში, სამწუხაროდ...

ხელი მაგიდის ქვეშ ჩავწიე და მუშტად შევკარი. თავში სადისტურმა აზრებმა გამიელვა და ვეცადე, კონცენტრაცია სხვა რაღაცაზე გადამეტანა. ბექას სავარაუდოდ არ ეცოდინება სიმართლე მამამისის შესახებ...

- რა გვარი ხარ?

- ანდრიაძე...

- მაინც მგონია, რომ ეს კლუბი შენი უნდა იყოს... აბა, რატომ გქონდა ამდენი ერთჯერადი ბარათი? თან, ამბობ, რომ დახურული კლუბია და ქუჩაში შემხვედრ უცნობებს პატიჟებ...

- ჩათვალე, რომ ეს შენი მანქანის დამსახურებაა! ეს კლუბი მხოლოდ VIP კლიენტებზეა გათვლილი. აბა, რა მოიფიქრე? წამოხვალ საიდუმლო ფლიგელში?

- ისე ჟღერს, რომ... წამოვალ! ოღონდ ორი წამი დამელოდე, ბიჭებს ვეტყვი რაღაცას...

ბექამ დამტოვა და თავის მეგობრებთან მივიდა. მე ფეხზე წამოვდექი, კაბა გავისწორე და ნელი ნაბიჯით წავედი წითელი პორტალისკენ. ისე ძალიან აღარ მეხვეოდა თავბრუ. ბექა გზაში დამეწია. ორივენი წითელ კორიდორში შევედით. კიბესთან დაცვის თანამშრომელი იდგა. რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ მე დავასწარი.

- ჩემთან არის!

ამ სიტყვებზე გვერდზე გაიწია და ჩვენც კიბეზე დავეშვით.

- რა უცნაური ადგილია! რა იყო აქ ადრე?

- თავშესაფარი...

- ეს კარები ისეა ჩამწკრივებული, საკნები მეგონა.

უცებ ნახევრად შიშველმა გოგომ და თავგადაპარსულმა მამაკაცმა გვერდით ჩაგვიარეს და ერთ-ერთ ოთახში შევიდნენ.

- მოიცა, ბორდელში მომიყვანე?

მკითხა ბექამ და გაოცებისგან პირი დააღო.

- ეს არის ადგილი, სადაც ნებისმიერი ფანტაზია და ოცნება ხდება...

შოუ უკვე დაწყებული იყო. დარბაზში ბნელოდა. ბექა თავისუფალ მაგიდასთან მივიყვანე, ფარდა გადავწიე და შიგნით შევედი. სცენაზე ამაზონკები ცეკვავდნენ. ძალიან ეროტიკული ბრძოლის სცენა იყო...

- ამაზონკებზე ამბობენ, რომ ლესბოსელები იყვნენ...

- კაცები არ ჰყავდათ და რა ექნათ, აბა?

ბექას გაეცინა.

- დავლიოთ?

- რატომაც არა! მიმტანი თვითონ მოვა ცოტა ხანში...

- შენ სად გნახო?

- ჩემი ნახვა გინდა?

- ჰო აბა! ამ ერთი შეხვედრით ხომ არ შემოვიფარგლებით?

- არ ვიცი... ჩემი ნახვა ადვილი არ არის... განსაკუთრებით, დღისით.

- რატო, ვამპირი ხარ?

გაეცინა ბექას.

- შეიძლება ასეც ითქვას...

მიმტანი მოგვიახლოვდა.

- რას დალევ?

- დაიკირი იყოს... აბსენტი მაქვს დალეული და ჯერ კიდევ მიტრიალებს ყველაფერი თვალებში...

- დაიკირი და ტეკილა მოგვიტანეთ!

მიმტანმა დაგვტოვა. ცოტა ხანი შოუს ყურებაში გავერთეთ. ამაზონკები გველიანმა ქალმა ჩაანაცვლა. ტანზე უზარმაზარი ჭრელი გველი ჰქონდა შემოხვეული და ისე ცეკვავდა.

- მეჯავრება გველები!

მითხრა ბექამ და ჩემკენ ახლოს მოიწია.

- ჩვენ გაცნობას გაუმარჯოს!

- კაი...

- მინდა გითხრა, რომ შენნაირი გოგო პირველად ვნახე.

- რას გულისხმობ?

- ყველაზე მისტიკური და იდუმალი ხარ... და ეს მე ძალიან მომწონს! ასე მგონია, რაღაცას მალავ...

- ყველა მალავს რაღაცას...

- შენ სხვანაირად. თითქოს მეთამაშები...

ბექა ხელით ჯერ თმაზე შემეხო, შემდეგ ლოყაზე. ბოლოს თითი ტუჩებზე ჩამომისვა.

- მერე, არ გიყვარს თამაში?

- ვგიჟდები...

- ვითამაშოთ?

- სიამოვნებით...

მიუხედავად იმისა, რომ ბნელოდა, მაინც დავინახე, როგორ მოაწვა ვნება და წამოწითლდა.

- მე გავალ... 10-15 წუთში ადექი და საკნები რომ გეგონა, იმ მხარეს წამოდი. მესამე კარში შეხვალ... აწერია კიდეც, ნომერი...

- ერთად რატომ არ უნდა წავიდეთ?

- იმიტომ, რომ მე სიურპრიზი უნდა დაგახვედრო...

- ოჰო... მოკლედ, ინტრიგის დედოფალი ხარ!

ბექა მაგიდასთან დავტოვე და დერეფანში გამოვედი. კორიდორში დაცვამ შემაჩერა და მითხრა, სულ ბოლო, შავ კარში შევსულიყავი... იქ ლევანის კაბინეტი აღმოჩნდა. თვითონ მაგიდასთან იჯდა და მონიტორს უყურებდა. რომ შევედი, ადგა და ჩემთან მოვიდა.

- ყველაფერი კარგადაა?

- კი... მესამე ოთახში შევა...

- მოდი, ერთად ვნახოთ, რას იზამს...

ლევანმა ხელი მომკიდა და მონიტორთან მიმიყვანა.

- დაჯექი!

მითხრა და სავარძელი შემოატრიალა. მე დავჯექი და მონიტორს შევხედე. თვითონ ჩემს ზურგს უკან დადგა და ხელებით სავარძლის საზურგეს დაეყრდნო. ეკრანზე მთავარი დარბაზი ჩანდა.

- რომელია ჩვენი მაგიდა?

ლევანმა თითით მაჩვენა.

- ისევ ზის?

- ჯერ კი... რაზე გელაპარაკა?

- ისეთი არაფერი უთქვამს. ლონდონში ვსწავლობო... მამაჩემი ძალიან მიზანდასახულიაო...

- ეტყობა, როგორი მიზანდასახულიცაა...

ფარდა გამოძრავდა და ბექა გამოჩნდა. მაგიდებს შორის გაიარა და კადრიდან გავიდა. ლევანმა ღილაკს დააჭირა თითი და ამჯერად დერეფანი გამოჩნდა. ბექა დერეფანში იდგა და იხსენებდა, რომელი მიმართულებით წასულიყო. უცბად თვალები ამიჭრელდა და ერთიანად მოვწყდი.

- ლევან... მგონი, ზედმეტი მომივიდა სასმელი...

ძლივს ამოვთქვი და სავარძელზე გადავწექი.

- ცუდად ხარ?

მკითხა შეშფოთებული სახით და ხელი შუბლზე დამადო.

- არა, თვალები მეხუჭება...

- ნუ გეშინია! მოიცა...

სავარძელი შემოატრიალა და ხელში ამიყვანა. მე თვალები თავისით დამეხუჭა. ასე მეგონა, ატრაქციონზე ვიჯექი და ვტრიალებდი... ვიგრძენი, როგორ დამაწვინა დივანზე.

- ახლავე მაგარ ყავას მოვატანინებ! გამოგიყვანს.

მისი ხმა ძალიან ტკბილად ჩამესმა.

- უბრალოდ, მეძინება...

ამოვილუღლუღე. ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს ჩემი სხეული ბუმბულის წონა გახდა და ჰაერში დაიწყო ლივლივი. ძილ-ბურანში ვიყავი... ხან ბექას სახეს ვხედავდი ბუნდოვნად, ხან ლევანისას... მერე ამაზონკები გამოჩნდნენ... ბურუსში იყვნენ და უცნაურ მოძრაობებს აკეთებდნენ... მე მგონი, ცეკვავდნენ...

გაგრძელება იქნება