ლაბირინთი - ჩიხი თავი 24 - Marao

ლაბირინთი - ჩიხი თავი 24

2023-02-06 09:28:05+04:00

მერი და გამომძიებელი ლეო ერთმანეთს პარალელურ სამყაროში ხვდებიან და გადაწყვეტენ, საქმე ერთად გამოიძიონ. კვალი მათ საიდუმლო ლაბორატორიაში მიიყვანს, სადაც ალტერნატიული მერი მუშაობდა.

შენობას, რომლის სარდაფშიც ღამის კლუბი მდებარეობს, რამდენიმე მიწისქვეშა გასასვლელი აქვს. ერთ-ერთი გასასვლელი კი სწორედ ამ ლაბორატორიას უერთდება. მეორე მერის მკვლელი დოქტორი ვები აღმოჩნდება, რომელსაც მერის მიერ შექმნილი ანტივირუსის რეცეპტის მითვისება სურდა.

ლეო ცდილობს მერი სახლში დააბრუნოს, მაგრამ მას ეს არ უნდა. მის ალტერნატიულ "მეს" გაცილებით საინტერესო ცხოვრება ჰქონდა. მდიდრულ სახლში ცხოვრობდა და ბევრი მეგობარი ჰყავდა, მერისგან განსხვავებით. მკვლელობის ამბავი არავის გაუგია, ამიტომ მერის აქვს შანსი, მისი ადგილი დაიკავოს.

ლეო უკან ბრუნდება და პორტალს დახურავს. მერი უარს ამბობს თავის ძველ ცხოვრებაზე და სხვა რეალობაში დარჩება. დოქტორი ვები "გაცოცხლებული" მერის დანახვისას ჭკუიდან შეიშლება და ფსიქიატრიულ კლინიკაში მოათავსებენ.

ვიზუალური რომანის დასასრული.

***

თაბახის ფურცლებზე დაწერილი თამაშის სცენარი იმ უჯრაში ვიპოვე, საიდანაც ექთანმა წიგნი ამოიღო. საოცარია. რატომ არ მახსოვს, როდის დავწერე? კალიგრაფია აშკარად ჩემია და თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მე ყოველთვის ლეპტოპში ვწერ ხოლმე, გამოდის, რომ დასასრული აქ დამიწერია...

ამ ფაქტმა დამაფიქრა. ნეტა ჩემს ცხოვრებაში განვითარებულ მოვლენებს ავსახავ სცენარში თუ პირიქით? რასაც ვწერ, მგონია, რომ რეალობაშიც ხდება?.. ყველაზე დიდი საშინელება, რაც შეიძლება დაემართოს ადამიანს, საკუთარი ფსიქიკის სიჯანსაღეში ეჭვის შეტანაა. ეს იგივეა, ვიღაცამ მტკიცება დაგიწყოს, რომ შენ სინამდვილეში სხვა ხარ...

მე ცუდად მახსოვს ის ფსიქოლოგიური პრობლემები, რომლებიც მამის მკვლელობის მერე დამეწყო. ეს ერთადერთი ბუნდოვანი მონაკვეთია ჩემს ცხოვრებაში. მე ასევე არ მახსოვს იმ ფსიქოლოგის სახე, ვისთანაც დავყავდი დედას. - საინტერესოა, რამდენი რამ შეუძლია თურმე ადამიანის გონებას... ტვინმა შესანიშნავად იცის, რა აყენებს ყველაზე დიდ ზიანს ადამიანს და იმ უჯრედების მოშორებას იწყებს, რომელიც უარყოფით მოგონებებს ინახავს. - ეს თავდაცვის ერთგვარი მექანიზმია!

როგორც ჩანს, ჩემმა გონებამ იმ უსიამოვნო პერიოდის დავიწყება გადაწყვიტა და ეს შესანიშნავად მოახერხა. ერთადერთი, რაც მახსოვს, ისაა, რომ ის ფსიქოლოგი ძალიან ახალგაზრდა იყო... თუმცა, დარწმუნებული აღარაფერში ვარ...

როგორც გავიგე, მნახველებს პალატაში არ უშვებდნენ. შეხვედრებისთვის ცალკე ოთახი იყო გამოყოფილი. მე კი მოუთმენლად ველოდი ბიჭებს. სარკის წინ კარგა ხანს ვიდექი. თავიდან დახუჭული თვალებით... ვერ ვბედავდი გახელას, საკუთარ ანარეკლს გავურბოდი. ალბათ მეშინოდა... მეშინოდა იმის, რაც შეიძლებოდა დამენახა...

ოთხი საათი ხდებოდა, როდესაც პალატაში ექთანმა შემოიხედა და მითხრა, რომ მნახველები მომივიდნენ. როდესაც ვიზიტორების ოთახში მივდიოდი, გული საშინლად მიცემდა. იმედი მქონდა, ირაკლისა და ფილის დახმარებით დავაღწევდი თავს იმ ლაბირინთს, რომელშიც ასე უცნაურად გავიხლართე.

- როგორ ხარ, ფისო?

ირაკლიმ დანახვისთანავე გამიღიმა და ჩამეხუტა. მის გამომეტყველებაში სიბრალული და თანაგრძნობა ამოვიკითხე, თუმცა, მაქსიმალურად ცდილობდა, ეს ემოციები შეენიღბა.

- ბარში რომ ვისხდეთ და ლუდს ვსვამდეთ, გეტყოდი, შესანიშნავად ვარ-მეთქი.

ვუთხარი და მეც გავუღიმე.

- ეგ დროც მოვა!

- როგორ ხარ?

მკითხა ფილმა და გადამკოცნა. უხერხულობისგან სახეზე ოდნავ წამოწითლდა. ჩემთვის თვალის გასწორებას ვერ ბედავდა.

- სცენარის წერა დავასრულე!

ვუთხარი და იქვე, დივანზე დავჯექი. ბიჭებიც დასხდნენ.

- როდის?

- აი, ეგ არ მახსოვს! დაწერილი ვიპოვე...

- არ მეგონა, ლეპტოპი თუ გქონდა თან.

- ლეპტოპი არა, ფურცლები ვიპოვე უჯრაში...

- მიხარია, კარგ ხასიათზე რომ გხედავ, ფისო!

თქვა ირაკლიმ და ლოყაზე ნაზად მიჩქმიტა.

- მინდა მალე გამოვიდე აქედან!

- როდის მე გეუბნებოდი, აიღე შვებულება და წადი სადმე, დაისვენე-მეთქი? რამდენი წელია არ დაგისვენია? ასეთ დატვირთვას ნორმალური ადამიანი ვერ გაუძლებს!

- მერე, მე ხომ არანორმალური ვარ?

ჩემს ნათქვამზე ყველას გაგვეცინა.

- არანორმალურებსაც სჭირდებათ დასვენება!

- ჰოდა, ახლა ავინაზღაურებ ამდენი წლის "დაუსვენლობას", მაგრამ მანამდე რაღაცების გარკვევა მინდა... თითქოს ბურუსში ვარ... - ფილ, შეგიძლია მომიყვე, რა მოხდა იმ ღამეს?

- როგორც უკვე გითხარი, გეძებდნენ... შენი და მოვიდა ჩვენთან, სამსახურში... მისგან გავიგეთ, რომ ღამე სახლში არ მისულხარ და მობილურზეც არ პასუხობდი. იმ მომენტში ის ადგილი არ გამხსენებია. გვიან გამახსენდა, ღამე იყო. მანქანით წავედი და გიპოვე... უგონოდ იყავი...

- იმ შენობაზე რა იცი?

ვკითხე ფილს და მთელი ყურადღებით დავაკვირდი მის მიმიკებს. ვცდილობდი, ტყუილში გამომეჭირა.

- აბრეშუმის თუ რაღაცის ფაბრიკა ყოფილა ძველად. გახსოვს, დაახლოებით ერთი თვის წინ რომ წამიყვანე? მითხარი, რაღაც კლუბიაო... არ ვიცი, საიდან მოიტანე...

- მერე?

- ჩემი მანქანით წავედით, მაგრამ არანაირი კლუბი იქ არ ყოფილა...

- არ ყოფილა?

ჩავეკითხე და პირდაპირ თვალებში შევხედე.

- არ გახსოვს?.. ჩემი მობილურით ვანათებდით, ისეთი სიბნელე იყო... მხოლოდ გამოშიგნული შენობა დაგვხვდა...

- მერე რა მოხდა?

- არაფერი. წამოვედით და გზად რაღაც სხვა ბარში შევედით. დავლიეთ... მერე სახლში მიგიყვანე... სულ არაფერი გახსოვს?

ფილს სახეზე მწუხარება დაეტყო. მე თავი გადავაქნიე.

- სიტყვა "პორტალი" არაფერს გეუბნება?

- როგორ არა! ასე არ დაარქვი იმ კლუბს, თამაშში?

- ჰო, ალბათ... ირაკლი, ახლა შენი ჯერია!

- მკითხე, რაც გინდა!

- ლევან გიორგაძეზე რა შეგიძლია მითხრა?

ახლა ირაკლის მივაშტერდი. სახეზე გაკვირვება გამოეხატა.

- მეორედ მეკითხები მაგ ტიპზე...

- პირველად როდის გკითხე?

- არ გახსოვს? - კარნავალზე...

- და შენ მითხარი, რომ...

- რომ იდუმალებით მოცული პიროვნებაა. არავინ იცის, როგორ გამოიყურება... "მოჩვენებას" ეძახიან და... კიდე რაღაცები მგონი...

- მე უბრალოდ რაღაც დეტალების დაზუსტებას ვცდილობ! მეხსიერება მინდა აღვიდგინო...

- ჰო, მესმის, ფისო! გვკითხე, რაც გინდა!

- ფილ, ვინმეს ხვდები?

- გახსოვს?

გაუხარდა ფილს.

- ბუნდოვნად...

- რა გახსოვს, აბა?

- იმ გოგოს ლიზი ჰქვია?

- ჰო... ლიზი ჰქვია! გახსოვს, როგორ გაიცანი?

- კი, მაგრამ მირჩევნია, შენ მითხრა... შენი ვერსია მაინტერესებს...

- სამსახურიდან საჭმელად რომ გავედით კაფეში, იქ მოვიდა და ერთად ვისადილეთ...

- მე სხვანაირად მახსოვდა, მაგრამ მიხარია, რომ კარნავალზე მაინც ნამდვილად ვყოფილვარ.

უცბად რაღაც გამახსენდა და ირაკლის მივუბრუნდი.

- იმ კარნავალზე არავინ გამიცვნია, თუ გახსოვს? ვინმესთან ერთად ხომ არ დამინახე?

ირაკლი რამდენიმე წამით დაფიქრდა.

- კი, რაღაც ასეთი მართლა იყო... მგონი, ვიღაც გაიცანი... თუ არ ვცდები, მეკობრის კოსტიუმი ეცვა!

- ჰო! ნამდვილად ეცვა მეკობრის ფორმა!

სიხარულისგან თვალები ამიწყლიანდა.

- ფისო, ყველაფერი კარგად იქნება! გადაიწვი უბრალოდ... ხო იცი, რა მურტალი რამეა ეს დეპრესია? ათას პრობლემას იწვევს... შენ ძლიერი ხარ და ყველა სირთულეს დაძლევ! ამაზე იფიქრე, კარგი?

- ვეცდები... მაგრამ ადვილი არ იქნება! ასე მგონია, სხვა რეალობაში გავიღვიძე...

- როგორც მერი...

- ზუსტად! როგორც მერი...

- ჰოდა, დროა, ცოტა ხნით შეეშვა ამ ვირტუალურ სამყაროს და რეალურზე იფიქრო!

- ეგ რეალობაც რომ პირობითი ცნებაა... ერთ დღესაც შეიძლება გაიღვიძო და აღმოაჩინო, რომ ყველაფერი, რაც მანამდე რეალური გეგონა, შენი ფანტაზიის ნაყოფი ყოფილა... თითქოს საკუთარ თავში დავიკარგე... ერთადერთი გამოსავალი ისაა, რომ მე თვითონ გავარკვიო, რა მოხდა სინამდვილეში და რა იყო ჩემი ფანტაზიის ნაყოფი...

- დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება! ყველაფერში თავად გაერკვევი.

მითხრა ფილმა.

- სცენარის დასასრულს წაიკითხავ?

ვკითხე მას და ხალათის ჯიბიდან ოთხად გაკეცილი ფურცლები ამოვიღე.

- რასაკვირველია! წავიღებ და დავასკანერებ კიდეც...

- ფილ...

- ბატონო...

- შეგიძლია გაიხსენო, იმ ღამეს, როდესაც იმ შენობაში მიპოვე, რა მეცვა?

- მაგას რა დამავიწყებს! - კაბა გეცვა... მგონი პირველად გნახე კაბაში და დამამახსოვრდა...

- როგორი კაბა იყო?

- ლამაზი... ფერიას ჰგავდი. მძინარე ფერიას...

- და... საყურეები მეკეთა?

- საყურეები?.. აუ, ეგ ნამდვილად არ მახსოვს! რატომ მეკითხები?

- აქ რომ გამეღვიძა, საავადმყოფოს ტანსაცმელი მეცვა. სამკაულები არ მეკეთა. არც ჩემი ნათლობის ჯვარი... როგორც ჩანს, ყველაფერი მომხსნეს...

- ჰო, აქ არ შეიძლება ეგეთი რაღაცები... საყურე ბასრია და ეტყობა მაგიტომ.

- ფისო, ჩვენი წასვლის დროა! არ გვიშვებდნენ და მერე იმ პირობით შემოგვიშვეს, რომ დიდხანს არ გავჩერდებოდით... დაბლა დედაშენი იცდის... რომ ჩავალთ, ის ამოვა!

- ძალიან გამიხარდა, რომ მოხვედით!

- რაც არ უნდა დაგჭირდეს, დარეკე, გესმის? ...და მალე მოდი აზრზე, თორე მოვიწყინეთ უშენოდ! მთელი დღე მტრისას ჩემმა მტერმა უყუროს.

ირაკლიმ ამჯერადაც მოახერხა ჩემი ხასიათზე მოყვანა.

- ჰო, მართლა! რა უნდა მეკითხა... კროულის კაბინეტში ბოსხის ნახატი კიდია, თუ გახსოვთ? სამგანყოფილებიანი?..

- კი! არის ასეთი... ეგ რაღაში გაგახსენდა?

- არა, ისე... ირაკლი...

- ჰო, ფისო...

ირაკლისთან ახლოს მივედი, ფეხის წვერებზე ავიწიე და ყურში ჩავჩურჩულე.

- მე და შენ სასტუმროს ნომერში ღამე არ გაგვითევია?

- მაგას სერიოზულად მეკითხები?

ირაკლის ლამის ყბა ჩამოუვარდა გაოცებისგან.

- არა, მაგრამ შენ თუ გინდა გავათიოთ, რა პრობლემაა?!

- ყოველთვის მაიმუნობის ხასიათზე როგორ ხარ, ვგიჟდები...

- აბა, ამ ცხოვრებას სერიოზულად ჩემმა მტერმა უყურა!

ირაკლიმ თავზე მაკოცა და ოთახიდან გავიდა. ზუსტად ხუთ წუთში დედაჩემი ამოვიდა. რომ დამინახა, ჩამეხუტა და დიდხანს აღარ გამიშვა.

- გინდა პალატაში წავიდეთ?

- მნახველებს არ უშვებენო და...

- ეგ მე არ მეხება!

მე და დედა ჩემს პალატაში დავბრუნდით და საწოლზე დავსხედით.

- აბა, მითხარი, დღეს როგორ ხარ?

- უკეთესად! სახლში როდის წამიყვან?

- შეიძლება ხვალაც გამოგიშვას მიშა ექიმმა. ოღონდ იმ პირობით, რომ მარტო არ გახვალ სახლიდან...

- თანახმა ვარ შიდა პატიმრობაზე! აქაურობა მთრგუნავს...

- ვიცი, დედიკო!

- თეო როგორ არის?

- განიცდის...

- დე, ეს წიგნი შენ ხომ არ მომიტანე?

დედას ლექსების კრებული ვაჩვენე.

- კი, მე მოგიტანე! საწოლთან გედო ხოლმე სულ და ვიფიქრე, აქაც წაიკითხავდი...

- ეს გადასაკრავი ამ წიგნის არ უნდა იყოს...

დედამ წიგნი გამომართვა და ბოსხის ილუსტრაცია გაშალა.

- ჰო... არ ვიცი, ანიკა! ასე გედო ტუმბოზე. ავიღე და წამოგიღე. არც გადამიშლია...

- დე, აქ რომ მომიყვანეს, რა მეცვა?

- ის კაბა გეცვა, ჩვენ ერთად რომ ვიყიდეთ მაშინ...

- ანუ სახლში საჩუქარი არ მომსვლია? "არმანის" კაბა არავის გამოუგზავნია?

დედამ ისეთი სახით შემომხედა, რომ მივხვდი, ჩემთვისვე უკეთესი იქნებოდა, თუ მსგავს კითხვებს საერთოდ აღარ დავუსვამდი.

- სამკაულები მეკეთა?

- კი, სამკაულები გეკეთა!

- სად არის?

- სახლში... რატომ მეკითხები?

- მეც მახსოვდა, რომ მეკეთა და ხომ არ დაიკარგა-მეთქი...

- ისევ რეალისტურად გახსოვს ყველაფერი, რასაც ჰყვებოდი?

მხრები ავიჩეჩე.

- მე რომ წავალ, მიშა ექიმი გნახავს და დაგელაპარაკება. ჰოდა, გადაწყვეტს, ხვალ გამოგიშვას თუ არა სახლში.

- კარგი, დედა!

დედაჩემი დაახლოებით ნახევარი საათი დარჩა. როდესაც წავიდა, საწოლზე წამოვწექი და თვალები დავხუჭე. გონებაში ცეკვა დემონთან წარმომიდგა. შეუძლებელია ასე იდეალურად წარმომედგინა ყველაფერი... დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი მოგონებების რაღაც ნაწილი მაინც რეალობა იყო...

- შეიძლება?

პალატაში ექიმი შემოვიდა.

- მობრძანდით!

საწოლზე წამოვჯექი.

- ცუდია, საუბარი რომ შეგვაწყვეტინეს...

- არა უშავს, ახლა გავაგრძელოთ!

ექიმი სკამზე ჩამოჯდა.

- რას კითხულობ?

- არაფერს... ლექსებია...

- გიყვარს პოეზია?

- არა. პოეზია არასოდეს მყვარებია! მარტო პროზა...

- აბა, რატომ კითხულობ? ალბათ, ეგ წიგნი შენთვის ძვირფას ადამიანს გახსენებს...

ექიმის ნათქვამმა დამაფიქრა. წიგნი ხელში ავიღე და გადავფურცლე. მეორე თუ მესამე ფურცელზე მელნის კალმით ვიღაცას წარწერა გაეკეთებინა:

"სახსოვრად აფროდიტეს - კეთილი სურვილებით! ლ.კ."

უცებ ხელები ისე ამიკანკალდა, ლამის წიგნი ხელიდან გამივარდა. ამ ინიციალების დანახვამ ჩემზე ძალიან იმოქმედა. "ლ. კ." სავარაუდოდ ლევან კალანდაძეა... თუ ასეა, ასეთი პიროვნება მართლა არსებობს...

- ანიკა...

- არაფერი, წარწერა ვნახე... როგორც ჩანს, მართლა ვიღაცის საჩუქარია...

- მოდი, იმ მოვლენებს დავუბრუნდეთ! მინდა პატარა ექსპერიმენტი ჩავატაროთ... თუ წინააღმდეგი არ ხარ...

- რა ექსპერიმენტი?

- მინდა დაწვე, მოდუნდე, თვალები დახუჭო და რომელიმე კონკრეტული ადგილი წარმოიდგინო, სადაც ფიქრობ, რომ იყავი ამ რამდენიმე დღის წინ...

უხმოდ დავემორჩილე. ზურგზე დავწექი, თვალები დავხუჭე და კლუბის პირველი დღე გავიხსენე.

- ანიკა, ახლა ეცადე, რომ კონკრეტული ადამიანები გაიხსენო, ვინც შენთან ერთად იყვნენ იქ... ეცადე მათ სახეებს დააკვირდე! მე მაინტერესებს, რამდენად მკაფიოდ გახსოვს ისინი...

პირველად ბარმენის სახე წარმომიდგა თვალწინ. უფრო სწორად, მისი ვარცხნილობა და პირსინგი წარბზე. სახის ნაკვთებს თითქოს ბურუსი ფარავდა... ვეცადე, მაგრამ ვერაფრით გავიხსენე ვერც მისი თვალის ფერი, ვერც ცხვირის ფორმა... შემდეგ "პორტალის" დაცვა წარმოვიდგინე. ზორბა მამაკაცი გადაპარსული თავით. სახეზე არც ის მახსოვდა... არც მოცეკვავე გოგოების სახეები დამამახსოვრდა.

ყველანი თითქოს ერთ თარგზე იყვნენ გამოჭრილნი... როგორც აღმოჩნდა, მკაფიოდ მხოლოდ სამი ადამიანი მახსოვს: ლევან გიორგაძე, ლევან კალანდაძე და დაცვის თანამშრომელი, იგივე ჯაშუში - ლაშა...

ამ ფაქტმა თავზარი დამცა და ძალიან შემეშინდა. მე ხომ ზედმიწევნით კარგი მეხსიერება მაქვს? საკმარისია ადამიანი ერთხელ ვნახო, რომ რამდენიმე წლის შემდეგ თავისუფლად ვიცნობ.

- მეხსიერების დაკარგვა რის ბრალი შეიძლება იყოს?

ვკითხე ექიმს თვალდახუჭულმა.

- მეხსიერების ნაწილობრივი, მოკლევადიანი დაკარგვა არის ადამიანის მოგონებების დროებითი გაქრობა. ასეთი სახის დარღვევა საკმაოდ იშვიათია, მაგრამ დიდი ალბათობაა იმისა, რომ მთლიანად აღდგეს... ამის გამომწვევ მექანიზმს ჯერ კიდევ სწავლობენ. ტვინი ადამიანის ყველაზე არაპროგნოზირებადი ორგანოა. შენს შემთხვევაში, მიზეზი ვფიქრობ, რომ მწვავე ემოციური სტრესია, რომელსაც ბოლო პერიოდში განიცდიდი, მაგრამ ცდილობდი, შენშივე ჩაგემარხა. ეს კი რეალური გრძნობებისა და ემოციების არგამოვლენაა. შენ ატარებდი ნიღაბს, თითქოს ყველაფერი იდეალურად იყო... ამას დაერთო ძილის ნაკლებობა და შედეგად მივიღეთ ის, რაც მივიღეთ.

- ამას ეშველება?

- აუცილებლად!

- ე.ი. შიზოფრენია არ მჭირს?

- შესაძლოა, რეაქტიული ფსიქოზი იყოს... ის ვითარდება ძლიერი ფსიქიკური ტრავმის ზემოქმედების შედეგად, მაგალითად, ახლობლის დაკარგვის. ჰალუცინაციებს იწვევს და ადამიანი კარგავს რეალობასთან კონტაქტს, აღენიშნება ირაციონალური იდეები და დამახინჯებული აღქმა. ნუ გეშინია, ანიკა. შენი მდგომარეობა რეაბილიტაციას ექვემდებარება. საშიში არაფერია!

ექიმის სიტყვებმა შვება მომგვარა.

- აბა, გაიხსენე სახეები?

- ყველასი ვერა. თითქოს გონება მაქვს დაბინდებული...

- მაინტერესებს, შენ თვითონ თუ უშვებ იმ ვერსიას, რომ ყველაფერი, რაც აქამდე რეალური გეგონა, შესაძლოა წარმოსახვა იყოს?

- აქამდე არ ვუშვებდი, მაგრამ ახლა ვუშვებ... ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები ძალიან ჰგავდა თამაშის სცენარს... რეალურად ვიცი, რომ ასეთი რაღაცები სინამდვილეში არ ხდება! მაგრამ, ექიმო... რაღაცები ძალიან მკაფიოდ მახსოვს... მაგალითად, მთავარი პერსონაჟები. შესაძლებელია, რომ რაღაც ნაწილი რეალურად მომხდარიყო?

- რა თქმა უნდა! მე იმისთვის ვარ, რომ ყველაფრის დალაგებაში დაგეხმარო! მთავარია, შენ წამომყვე...

- ყველაფერს გავაკეთებ, რასაც მეტყვით!

- კარგი, ანიკა. მაშინ ხვალ სახლში გაგწერ და თერაპიაზე ივლი. რას იტყვი?

- მშვენიერია!

- სახლში წამლების მიღებას გააგრძელებ. ეცადე, თავიდან მარტო არსად წახვიდე. დანარჩენს მერე შევხედავთ... ახლა შეგიძლია ეზოში გაისეირნო.

- დიდი მადლობა!

საოცარი სიმშვიდე დამეუფლა. დერეფანში გამოვედი. პაციენტები კლინიკის შიდა ეზოში ჩადიოდნენ. მეც გავყევი. ეზო გალავნით იყო დაცული. ლამაზი ბაღის გვერდით პატარა კორტები იყო. უცებ ახალგაზრდა ბიჭი დავინახე. დაცვის თანამშრომელი უნდა ყოფილიყო. გალავანთან იდგა. რომ დამინახა, გამიღიმა. მაშინვე ვიცანი - ლაშა.

გაგრძელება იქნება