ყოველთვის, როდესაც მგონია, რომ გამოუვალ მდგომარეობაში აღმოვჩნდი, თავში ყველაფერი ამერია და წარმოდგენაც კი არ მაქვს, როგორ მოვიქცე, ჩემს საყვარელ გამონათქვამს ვიხსენებ: "ქაოსი არის წესრიგი, რომელიც უნდა გაშიფრო".
ჩემს თავში ახლა სრული ქაოსია. ძალიან კარგად ვხვდები, რომ ტვინის ყველაზე ბნელ კუნჭულში უხილავი ოთახი შევქმენი, სადაც საკუთარი მოგონებები გამოვამწყვდიე. უხილავ ოთახს უხილავი კარები დავუყენე და გასაღები, რომელიც ამ კარს გააღებს, მე თვითონ დავმალე... თუ გასაღებს არ ვიპოვი, ოთახი დაიკარგება. მასთან ერთად კი ჩემი წარსულის მნიშვნელოვანი ნაწილიც...
ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ლოგიკური აზროვნება მიჭირს, ის დამამშვიდებლებია, რომლებსაც კლინიკაში მასმევენ. საოცარ სიმშვიდეს ვგრძნობ. არაფერი მაღელვებს. მინდა გარკვეული მოვლენები ერთმანეთს გადავაბა და ამბის ქრონოლოგია წარმოვიდგინო, მაგრამ ჩემს თავში თითქოს ბურუსია და მეც თითქოს კომპიუტერივით, ძილის რეჟიმში ვიმყოფები...
ეზო აუჩქარებლად გადავჭერი და ლაშასკენ გავემართე. ჩემ შესახვედრად თვითონაც წამოვიდა.
- გამარჯობა...
მივესალმე და დავაკვირდი. მშვიდი სახე ჰქონდა.
- როგორ ხარ, ანიკა?
მშვიდი ტონით მკითხა.
- სიმართლე გითხრა, არ ვიცი...
- რამე ხომ არ გაგახსენდა?
- რადგან ამას მეკითხები, გამოდის, რომ იცი ჩემი პრობლემის შესახებ...
- კი, ვიცი... ძალიან გამიხარდა, რომ მიცანი...
- რომ გიცანი?
- ხომ მიცანი? ისე წამოხვედი ჩემკენ, მეგონა, მიცანი...
- ლაშა გქვია?..
გაუბედავად ვკითხე.
- ესე იგი, გახსოვს! იცი, მართალია, საკმაოდ შეცვლილი ხარ მას მერე, რაც ბოლოს გნახე, მაგრამ დაგინახე თუ არა, მაშინვე გიცანი...
- ბოლოს როდის მნახე?
- რამდენიმე წლის წინ... მაშინ პატარა გოგო იყავი. პრინციპში, მეც პატარა ბიჭი ვიყავი. ალბათ, ამიტომაც დამამახსოვრდი.
- გაიცინა ლაშამ.
- მაგრამ შენ ეს არ გახსოვს...
- არა, არ მახსოვს... შენ მახსოვხარ! ძალიან მკაფიოდ... ოღონდ სხვა გარემოებაში...
- მართლა? საინტერესოა...
- რას აკეთებდი აქ, როდესაც პატარა ბიჭი იყავი?
- მაშინ სამედიცინო კოლეჯში ვსწავლობდი. ლექციების მერე მამაჩემთან მოვდიოდი ხოლმე...
- მამაშენთან?
- ჰო, მიშა მამაჩემია!
- მიშა ექიმი მამაშენია?.. აბა, დაცვაში არ მუშაობ?
- არა, რა დაცვაში... უმცროსი ექიმი ვარ, ჯერჯერობით. აქ რომ მოგიყვანეს, მე ვიყავი მორიგე. მე მიგიღე... არ გახსოვს?..
- არა... სამწუხაროდ, არაფერი მახსოვს...
- ნუ გეშინია, აუცილებლად გაგახსენდება... ისე, არ ვიცოდი, თუ მეც გარკვეული როლი მომანიჭე შენს სამყაროში...
- არც მე ვიცოდი... ამ წუთას გავიგე...
ლაშამ გამიღიმა.
- შენ რას მირჩევ, როგორც ექიმი?
- წამოდი, დავსხდეთ სკამზე...
მე და ლაშა ბაღის სკამზე დავსხედით. პაციენტი გოგო, რომელიც სახეზე მეცნობოდა, ჩვენ წინ იდგა და ცეკვავდა... უცებ თვალწინ დემონის და უბიწო გოგოს ცეკვა წარმომიდგა და მივხვდი, რატომაც მეცნობოდა... იმ მოცეკვავეს ზუსტად მისნაირი სახე ჰქონდა...
- მე გირჩევ, რომ დღიური აწარმოო. ყოველ საღამოს დაწერე, რა გააკეთე იმ დღეს. ჩაიწერე ყველაფერი, რაც გაგახსენდება... ეს ძალიან დაგეხმარება! კიდევ, თუ არის რამე კონკრეტული ადგილები, რომლებსაც უკავშირდება შენი მოგონებები, აუცილებლად წადი და მოინახულე! არ შეგეშინდეს, თუ ადგილი, რომელიც მკაფიოდ გახსოვს - სხვანაირი აღმოჩნდება. ჩათვალე, რომ საკუთარი გონება გეთამაშება. ასევე ადამიანებთანაც... თუ ვინმე გახსოვს, ვინც შენი ცხოვრების ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებში იღებდა მონაწილეობას, შეხვდი და გაესაუბრე. ჰკითხე, ბოლოს როდის და სად გნახა. რა გააკეთეთ, რაზე ილაპარაკეთ... სთხოვე, ყველაფერი დეტალურად მოგიყვეს!
- კარგი რჩევებია, მადლობა... გავითვალისწინებ! ისე, რა საინტერესოა, რომ ჩემს წარმოსახვაშიც მსგავსი როლი მოგანიჭე...
- რას ვაკეთებდი?
- მიცავდი...
- იცი, რატომ ვარ დარწმუნებული, რომ ყველაფერი კარგად იქნება?
- რატომ?
- იმიტომ, რომ შენ სხვა პაციენტებისგან განსხვავებით, არ ფიქრობ, რომ დიდი შეთქმულების მსხვერპლი ხარ და ყველა შენს წინააღმდეგაა შეკრული. შენ გადასარევად აცნობიერებ ყველაფერს!
გამიღიმა ლაშამ. მასთან საუბარი მსიამოვნებდა. ეზოში ცოტა ხანს კიდევ დავრჩი. მერე ვახშმის დრო მოვიდა და სასადილოში ავედი.
ლაშამ თავისი მორიგეობის დასრულების მერეც მომინახულა და ტელეფონის ნომერი დამიტოვა. მითხრა, ნებისმიერ დროს დამერეკა, თუ მისი დახმარება დამჭირდებოდა.
მეორე დღეს, როგორც იქნა, სახლში გამიშვეს. დედამ წამიყვანა ტაქსით. როდესაც ჩემს ოთახში შევედი, ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს არც არაფერი მომხდარა... ლეპტოპი ჩავრთე. უცებ კარი გაიღო და თეო შემოვიდა.
- რას შვრები?..
მკითხა და ჩემს საწოლზე ჩამოჯდა.
- რა ვიდეო იპოვე ჩემს ლეპტოპში, ბეღურა? შეგიძლია მაჩვენო?
- დედამ წაშალა! იმ კაცის ვიდეო იყო... სადღაც რესტორანში გადაღებული...
- გასაგებია... შენ როგორ ხარ?
თეომ მხრები აიჩეჩა. მივხვდი, ჩემს ამბავს ძალიან განიცდიდა.
- დედა ერთ კვირაში შვებულებას აიღებს და დასასვენებლად წავალთ...
- სამივე?
- ჰო...
- კარგი...
- ანიკა, მე კიდევ რაღაც ვნახე შენს ლეპტოპში და დედას აღარ ვუთხარი...
- რა ნახე?
- ინტერნეტის ნახვების ისტორია... ვიცი, რომ არ უნდა მენახა, მაგრამ ცუდად რომ იყავი, ვიფიქრე, იქნებ რამე ისეთი მეპოვა, რაც დაგეხმარებოდა...
- არა უშავს, ბეღურა. მითხარი, რა ნახე?
- იმ ბიჭის პროფილს ნახულობდი ხშირად... რამე ხომ არ ჩაიფიქრე?
- ვინ ბიჭის?
- იმ საშინელი კაცის შვილის... მგონი, ბექა ჰქვია!
გულმა ბაგა-ბუგი დამიწყო.
- ბექა წულაია?
- ჰო...
- სად ვნახულობდი?..
- "ფეისბუქზე"...
- მაჩვენებ?
თეომ ლეპტოპი გამომართვა და ბექას პროფილი მოძებნა. მეგობრებში არ მყავდა დამატებული, მაგრამ როგორც ჩანს, ხშირად ვათვალიერებდი. ბექა წულაია ზუსტად ისე გამოიყურებოდა, როგორც ჩემს მეხსიერებაში...
მის ფოტოებში გადავედი და თვალში ბოლოს ატვირთული სურათები მომხვდა, სადაც ბექა თავის ძმაკაცებთან ერთად გოლფ-კლუბში ერთობა... ყველაზე უცნაური კი ის იყო, რომ კლუბის ინტერიერი ძალიან მეცნო.
დარწმუნებული ვიყავი, რომ საკუთარი თვალით მქონდა ნანახი იქაურობა. არადა, კარგად მახსოვს, იმ საღამოს შიგნით რომ არ შევედი...
ბექას ფოტოებში ლურჯი "პორშეც" ფიგურირებდა. როგორც აღმოჩნდა, მისთვის არაფერი მქონდა მიწერილი...
- შეგიძლია ის საყურეები მომიტანო, რომელიც ბოლოს მეკეთა?
ვკითხე თეოს. მან თავი დამიქნია და ოთახიდან გავიდა. მეც დრო ვიხელთე და ტუმბოს უჯრა გამოვაღე. მაშინვე დავინახე ძველი "ნოკია"... მობილური ამოვიღე და ჩავრთე. ელემენტი ბოლო ხაზზე იყო ჩამოსული. ზარების ისტორია შევამოწმე, მაგრამ არც შემომავალი ზარები იყო დაფიქსირებული და არც გამავალი. კონტაქტების სიაც ცარიელი იყო... ტელეფონში ვერაფერი ვიპოვე... მერე "სკაიპი" ჩავრთე და აფროდიტეს პროფილით ვცადე შესვლა.
დარწმუნებული ვიყავი, რომ დაიწერებოდა - ასეთი "ექაუნთი" არ არსებობსო, მაგრამ შევცდი. პირველივე ცდაზე შევედი...
კონტაქტების სიაში მხოლოდ ერთი ადამიანი მყავდა, - კუპიდონი... ამ მომენტში არ იყო შემოსული... საშინლად ავღელდი... ფაქტია, ვიღაც კუპიდონთან ნამდვილად მქონდა რაღაც კონტაქტი...
თეო ოთახში დაბრუნდა და საწოლზე საყურეები დამიდო. ისეთი იყო, როგორიც მახსოვდა, მრგვალი, დიდი გიშრის თვალით...
- გშია?
მკითხა თეომ.
- რამეს შევჭამდი...
- დედა ამზადებს და ვისადილებთ მალე...
- მიდი, მიეხმარე! მე ცოტას დავისვენებ...
- კარგი...
თეო გავიდა თუ არა, კუპიდონს "სმაილი" გავუგზავნე. მიმოწერის ისტორია ცარიელი იყო, რადგან პარამეტრებში დაყენებული მქონდა, რომ ისტორია არ შეენახა... "სკაიპი" ჩავკეცე, ლეპტოპი ტუმბოზე დავდე და საყურეები ხელში ავიღე. ჩემს მაგიდასთან მივედი, უჯრიდან ქლიბი ამოვიღე და გიშრის თვალი ამოვაგდე. არავითარი მიკრო ჩიპი არ იყო არც ერთში... საყურეები მაგიდის უჯრაში ჩავყარე და უცებ ჩემს ზურგჩანთას მოვკარი თვალი.
საწოლზე გადმოვყარე ყველაფერი, რაც ჩანთაში მეწყო. საფულეში 45 ლარი, ხურდები და ბანკომატის ქვითარი ვიპოვე. დაახლოებით ერთი თვის წინ, ჩემი ანგარიშიდან 600 ლარი მქონდა გამოტანილი. საინტერესოა, რაში დავხარჯე...
ჩანთაში ასევე ჩემი მობილური, კოსმეტიკის ჩანთა და საქმიანი დღიური იდო, რომელშიც ბოლო ერთი თვეა არაფერი ჩამიწერია. ჩემი მოტოციკლის და სახლის გასაღებიც ვნახე. ხელში მზის სათვალის ბუდეც მომხვდა. შიგნით რაღაც იდო... გავხსენი და სუნთქვა შემეკრა, რადგან უცნაური ფორმის გასაღები დავინახე. თუ არ ვცდები, ტაბიძის ათ ნომერში მდებარე სახლის, შსს-ს კორპორატიული ბინის გასაღები უნდა ყოფილიყო...
თავიდან ფეხებამდე ჟრუანტელმა დამიარა. ერთი სული მქონდა, როდის შევამოწმებდი, მაგრამ მე ხომ შინაპატიმრობა მქონდა მისჯილი? მარტოს არავინ გამიშვებდა გარეთ... ვერც ვერავის გავიყოლებდი თან, ეს ძალიან სარისკო იყო...
მე, დედამ და თეომ ვისადილეთ. მთელი დღე სახლში იყვნენ, გვერდიდან არც ერთი არ მომშორებია. ძილის წინ კიდევ შევამოწმე "სკაიპი", მაგრამ კუპიდონი არ შემოსულა. ბოლოს, ვეღარ მოვითმინე და დედას წიგნზე გაკეთებული წარწერა ვაჩვენე.
- მაია, არ იცი, ვის შეიძლება ეს დაეწერა? ან, საერთოდ, საიდან მაქვს ეს წიგნი?
დედამ წიგნი გამომართვა და ნაწერს დახედა.
- წიგნი შენ არ მოიტანე?.. დაახლოებით ორი თვის წინ... ჩემთვის არ გითქვამს, ვინ გაჩუქა, მაგრამ ლ. კ. შეიძლება ის ბიჭი იყოს, კარნავალზე რომ გაიცანი...
- კარნავალზე? რა მოგიყევი, გაიხსენე რა!
- შენ არ გიყვარს მოყოლა, ანიკა! მარტო ის თქვი, რომ კარნავალზე ვიღაც გაიცანი... მერე მასთან შესახვედრად წახვედი. გახსოვს, კაბა რომ ვიყიდეთ ერთად?
სისხლში ადრენალინი მომაწვა.
- ხომ არ მითქვამს, რომ ლევან კალანდაძე იყო ის ბიჭი?
- კი... ასე თქვი... მგონი, ეს წიგნიც იმ დღეს მოიტანე, როცა მას შეხვდი... მგონი ასე იყო...
- კიდევ რა გახსოვს?
- მე მგონი, ეგ ბიჭი მოგწონდა!
მითხრა თეომ.
- რატომ ფიქრობ ასე?
- რა ვიცი, განსაკუთრებულად გამოიპრანჭე, როცა უნდა შეხვედროდი... მერე, რომ მოხვედი, თვალები გიბრწყინავდა!
- კიდე? კიდე რა გახსოვს?..
- იმ ბიჭის ვინაობა და მობილურის ნომერი საკარნავალო ფორმების მაღაზიაში გაიგე. გახსოვს, ნიღაბი რომ ვიპოვე შენს კოსტიუმში?
- ესე იგი, ეგ ნამდვილად მოხდა...
თეომ თავი დამიქნია.
- ანიკა, ერთბაშად ნუ ეცდები ყველაფრის გახსენებას, დედა! თანდათანობით ყველაფერი კალაპოტში ჩადგება!
როგორც იქნა, დაღამდა. ჩემს საწოლში ვიწექი, მაგრამ ძილი არ მეკარებოდა, მიუხედავად იმისა, რომ წამალი მქონდა დალეული. კუპიდონი ისევ არ შემოსულა "სკაიპში". ბექას პროფილი რამდენჯერმე გავხსენი, მაგრამ მიწერა ვერ გავბედე. დილით დედა სამსახურში წავიდა. თეო სკოლაში. მე მარტო დავრჩი. მართალია, დედამ მკაცრად გამაფრთხილა, სახლიდან არ გავსულიყავი, მაგრამ ამ პირობის შესრულება ვერ შევძელი. თერთმეტის ნახევარზე სახლიდან გავედი, ტაქსი გავაჩერე და ტაბიძის ათ ნომერში წავედი. ხელში გასაღები მეჭირა.
შენობა ზუსტად ისეთი იყო, როგორიც მახსოვდა. გამოდის, რომ აქ ნამდვილად ნამყოფი ვიყავი. კიბეები გულის კანკალით ავიარე და ნაცნობ კართან გავჩერდი. გასაღები ხელში მეჭირა. როგორც იქნა, გავბედე და საკეტში შევუყარე. გასაღები ნახევრამდე შევიდა და გაიჭედა. დიდხანს ვაწვალე, მაგრამ აშკარად არ იყო ამ კარის...
მოულოდნელად კარი შიგნიდან გაიღო და ხალათში გამოწყობილი გვანცა დავინახე... ირაკლის გვანცა... რომ დამინახა, თავიდან გაშტერდა, მერე შეშინებულმა მკითხა:
- ირაკლის რამე დაემართა?
მეც არანაკლებ დავიბენი.
- არა... ირაკლის არაფერი...
- აბა, რა მოხდა? მოდი, შემოდი...
გვანცამ კარი გამოაღო. მეც შევედი... არ ვიცი, ამაზე უცნაური შეგრძნება თუ კიდევ არსებობს... ეს ბინა შიგნიდან საერთოდ არ ჰგავდა იმას, რაც ჩემს მეხსიერებაში იყო... გვანცას ბინა შიგნიდან ზუსტად ისეთი იყო, როგორიც ირაკლისთან ერთად ვნახე. უბრალოდ, როგორც აღმოჩნდა, გვანცა ტაბიძის 10 ნომერში ცხოვრობს...
- ყავას დალევ?
მკითხა დაბნეულმა.
- ყავა არ მესმევა... ჩაის დავლევ, თუ გაქვს...
გვანცას სამზარეულოში გავყევი. არ ვიცოდი, როგორ ამეხსნა მისთვის ჩემი უცნაური საქციელი. გვანცაც დაბნეული და გაკვირვებული იყო, ჩემი მოულოდნელი სტუმრობით.
- შერიგება უნდა?
მკითხა უცებ.
- ვის?
- ირაკლის...
- არ ვიცოდი, თუ იჩხუბეთ...
- არ უთქვამს?
- სიმართლე გითხრა, არ მახსოვს... ძალიან ბევრი რაღაც არ მახსოვს...
- რას ამბობ... მეხსიერება დაკარგე?
- ნაწილობრივ! რაღაცები სხვანაირად მახსოვს, რაღაცები საერთოდ არა...
- ტვინის შერყევა გქონდა?
- არა, როგორც ექიმმა თქვა, სტრესი გადავიტანე...
- ჩემთან რატომ მოხვედი?
- ეს ბინა გამახსენდა... შენი სახლია, როგორც მივხვდი...
- ჰო...
- და მე ნამყოფი ვარ...
- კი... ირაკლისთან ერთად იყავი...
- არ მინდოდა შენი შეწუხება, გვანცა... მახსოვდა, რომ ამ ბინაში სხვა ცხოვრობდა...
- არა, რა შეწუხებაა! უბრალოდ, რომ დაგინახე, ვიფიქრე, ირაკლის რაღაც საშინელება დაემართა...
- არა, ირაკლი კარგად არის...
ვუთხარი და გასაღებს ხელი მოვუჭირე. გული მიგრძნობდა, რომ რაღაც მნიშვნელოვანს აღებდა... შესაძლოა, სწორედ ესაა იმ დაკარგული ოთახის გასაღები, სადაც პასუხები ინახება... პასუხები ჩემს ყველა კითხვაზე...
- შეიძლება რამდენიმე კითხვა დაგისვა? რაღაცების გახსენებას ვცდილობ...
- კი, როგორ არა! მკითხე, რაც გინდა...
- შენ "მირაჟში" მუშაობ?
- ჰო... "მირაჟის" რესტორანში.
- ლევან გიორგაძე გინახავს ოდესმე?
- კი. ერთხელ ვნახე...
- როგორია? როგორ გამოიყურება?
ვკითხე და ვეცადე, აღელვება დამეფარა.
- რა ვიცი... საშუალო სიმაღლის კაცია. დაახლოებით 40-45 წლის...
- ცისფერი თვალები აქვს?
- ცისფერი?.. არა... პირიქით, მუქი ყავისფერი. შავგვრემანია. გამხდარი...
- გასაგებია... და კლუბ "პორტალზე" გსმენია რამე?
- პირველად მესმის...
- მე შენ კლუბში არასოდეს მინახიხარ?
- "ბუდუარში" რომ შევხვდით, იმას გულისხმობ?
- "ბუდუარში"?
- ჰო... მე რომ გთხოვე, ირაკლისთვის არ გეთქვა...
- სად არის ეგ "ბუდუარი", შეგიძლია მითხრა?
გაგრძელება იქნება