ნოველები

შეცდომა. თავი 2. სასიკვდილო განაჩენი

შეცდომა. თავი 2. სასიკვდილო განაჩენი
- საქმე მაქვს... - როგორც იქნა, ხმა ამოიღო გოგონამაც, თორნიკემ კი მზერით ანიშნა, დაჯექიო და თვითონ ისევ სკამის საზურგეზე გადაწვა. ღმერთო, როგორ სძულდა ასეთი საუბრები.
მოგენატრე? - ჩაეცინა ბოლოს.
- რა? - თვალები ჭყიტა ნიცამ.
- რა ვიცი, ვერ მეშვები და...
- სულ არ მსიამოვნებს ახლა აქ ჯდომა! უბრალოდ...
- კარგი, არ გადამრიო, მართლა? - დასცინა და როგორც სჩვეოდა, ქვედა ტუჩი მოიქცია კბილებს შორის, ნიცა კი ძლივს იკავებდა თავს, ხმამაღლა რომ არ აღრიალებულიყო.
- დარწმუნებული
ვარ, არ დაგაინტერესებს, მაგრამ თავს ვალდებულად ვთვლი, რომ გითხრა...

- რა იყო, თხოვდები?
- თორნიკე! იმან, რაც ჩვენ შორის მოხდა, უკვალოდ არ ჩაიარა...
- ეგ თავისთავად, ძნელია ჩემი დავიწყება... - ცალყბად ჩაიღიმა და თვითკმაყოფილი სახით ჩაუკრა თვალი.
- ორსულად ვარ! - როგორც იქნა, ამოთქვა და დაელოდა, როდის გაუფართოვდებოდა თორნიკეს თვალები, ყავა გადასცდებოდა, ხველა აუტყდებოდა ან სულაც, გაოგნებული ჰკითხავდა, ეს რა თქვიო, მაგრამ მსგავსიც კი არაფერი მომხდარა. ბიჭს წარბიც კი არ შეუხრია.

- მერე?
- რა მერე? - ახლა ნიცას ჰქონდა ყველა ის რეაქცია, რასაც მისგან მოელოდა.
- ჩემგან რა გინდა? კარგი გემოვნება მაქვს და ბავშვის სახელის შერჩევაში დაგეხმარო თუ მე რატომ მეუბნები?
- შენგან ვარ ორსულად და იმიტომ! - თვალები აენთო გაბრაზებულს, როდესაც მიხვდა, რომ დასცინოდა. - როგორ ბედავს?..
- რა იცი?
- რას ჰქვია, რა ვიცი? შენ რა, დამცინი?
- არა, რატომ, არ შეიძლება ვიკითხო? ნუ, ჩემს შესაძლებლობებში ეჭვი კი არ მეპარება, მაგრამ რა დარწმუნებული ვარ, რომ ჩემია?

- როგორ ხარ ასეთი ნაძირალა?
- ნაძირალა კი არა, წინდახედული ვარ. მაგრამ მაინც არ მესმის, რა გინდა ჩემგან?
- თორნიკე, ამ ბავშვის მამა შენ ხარ! გინდა თუ არა, ეს ასეა. და მე მარტო, მის გაჩენას ვერ შევძლებ.
- მარტო რატომ, ბებიაქალი დაგეხმარება...
- გეყოფა! - აფეთქდა საბოლოოდ. - არ მაქვს საქმე სახუმაროდ და არც შენ, სხვათა შორის.
- ნიცა, კიდევ გეკითხები, რა გინდა ჩემგან?
- მე მამიდასთან ვცხოვრობ, ის კი ამას ვერ გაიგებს სწორად. გეფიცები, სიკვდილი მერჩივნა შენთან მოსვლას, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს.
- მოიცა, მოიცა, ჩემთან აპირებ გადმოსვლას? - აი, ახლა კი ჭყიტა თვალები. ჰმ, როგორც იქნა!
- სხვანაირად ვერ გავაჩენ.
- მაგაზე მაშინ რატომ არ იფიქრე, ფეხებს რომ მიშლიდი? - ჰკითხა გაბრაზებულმა და ნიცამაც, მეტად ვეღარ შეიკავა თავი, მაშინვე დაებრიცა ტუჩები სატირლად. - კარგი ახლა, არ გინდა ცრემლები!
- ნამდვილი არაკაცი ხარ!

- მდაჰ, შენ რა სწრაფად იცვლი გემოვნებას?! ერთი თვის წინ რომ სხვანაირად ფიქრობდი?
- თორნიკე, მე მარტო მართლა ვერ შევძლებ ბავშვის გაჩენას. თუ არ დამეხმარები, მაშინ...
- მაშინ? - ჰკითხა ცალწარბაწეულმა, თუმცა ისევ იმავე პოზაში იჯდა, საზურგეზე გადაწოლილი და იდაყვით მეორე სკამს დაყრდნობილი.
- მოვიშორებ...


* * *
საერთოდ არაფერზე ფიქრობდა, საყვარელი მამაკაცის მხარზე ჩამოკიდებულმა რომ შეაბიჯა სასტუმროს მისაღებში. გრძნობდა მხოლოდ თავბრუსხვევას და ძლიერ ხელს საკუთარ წელზე. ისე ახლოს იყო ოცნების ასრულებასთან და ისე სწრაფად უცემდა გული. უნდოდა ხმამაღლა ეცინა ბედნიერებისგან. არა, ხომ ამბობდა, დღევანდელი დღე ისე არ ჩაივლისო?

სიცილით შევიდნენ ლიფტში. ბიჭს საერთოდ არ ეტყობოდა ალკოჰოლის ზემოქმედება, საჭესთანაც კი თვითონ დაჯდა და ტაქსიზე უარი თქვა; აი ნიცა კი, გადაჭარბებული ნამდვილად არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ ძლივს ადგამდა ფეხებს. პლუს მაღალი, წვრილქუსლიანი ფეხსაცმელი და რომ არა თორნიკე, იატაკსაც ჩაეხუტებოდა, დერეფანში რომ გავიდნენ.

- გამოტყდი, ჩემ გამო იკეცები, თუ მართლა ორჭიქიანი ხარ? - ახარხარდა, დაცემას რომ გადაარჩინა, გოგონამ კი მწარედ უჩქმიტა მხარზე.
- ნუ გაქვს საკუთარ თავზე ამხელა წარმოდგენა!
- ასეთი გოგო მივარდება მკლავებში და არც მქონდეს? - თვალი ჩაუკრა და ღიმილით დაიხარა მისი ტუჩებისკენ.

წამითაც არ ჰქონია წინააღმდეგობის სურვილი. არც მაშინ, პირველად კლუბში რომ აკოცა, ახლა კი, მით უმეტეს. ისედაც საშინლად გაბრუებული იყო და გული კიდევ უფრო აუჩქარდა, გახურებული ტუჩები რომ შეეხო. თვალებიც მიეხუჭა სიამოვნებისგან და მხოლოდ მაშინ გამოფხიზლდა, ზურგით რაღაც მყარსა და ცივს რომ მიეყრდნო. ნომერში ისე ამოჰყო თავი, თორნიკეს არ მოწყვეტია, ჭკუიდან გადაჰყავდა მის ხელებს, მის სურნელს, მისი ცხელი სუნთქვის შეგრძნებას საკუთარ, ისედაც გახურებულ კანზე.

- აქამდე რატომ ვერ გამჩნევდი? - დაბალი, ვნებისგან ჩახლეჩილი ხმით დაიჩურჩულა ბიჭმა და კოცნით დაუყვა კისერზე, ნიცა კი, განძრევასაც ვერ ახერხებდა, ისე უჩვეულოდ კარგად გრძნობდა თავს. უნდოდა, ეს ყველაფერი უსასრულოდ გაგრძელებულიყო.
Image result
- მთავარია, რომ ძალიან არ დაგაგვიანდა... - ძლივს ამოთქვა და ტუჩზე იკბინა, გრძელმა თითებმა კაბა მხრიდან რომ გადაუწიეს, შემდეგ კი სველი კოცნა იგრძნო წამის წინ ქსოვილით დაფარულ ადგილზე.
- როგორი ტკბილი ხარ... - უჩურჩულა კიდევ ერთხელ და სწრაფადვე იპოვა კაბის ელვა, შემდეგ კი, საცვლებისამარა დარჩენილი, ხელში აყვანილი მიიყვანა საწოლამდე.
ჭკუიდან გადაჰყავდა აბრეშუმივით ნაზ, სრიალა კანს. ისეთი კარგი იყო, ისეთი უცხო... ვერაფრით შორდებოდა. მართლა რატომ ვერ ამჩნევდა აქამდე? ასეთი შანსის ხელიდან გაშვება იქნებოდა? სწრაფადვე გადაიძრო მაისური და ზემოდან მოექცა აცახცახებულ გოგონას. არ უნდოდა ეჩქარა, პირიქით, ზედმეტადაც წელავდა სიამოვნების წუთებს.
- რა ლამაზი ხარ, ნიცა... - ჩაეღიმა კმაყოფილს, სანამ ბიუსტჰალტერის შესაკრევს იპოვიდა და კიდევ ერთხელ შეახო ტუჩები კისერში.

- თორნიკე... მე... ეს... - სიტყვების ერთმანეთზე გადაბმაც კი უჭირდა, ისე ეხვეოდა თავბრუ. თვალებიც დახუჭა, მაგრამ შეგრძნება კიდევ უფრო რომ გაძლიერდა, ისევ გახელდა და იმ ბიჭით ტკბობა არჩია, ამდენი ხანი ასე შორიდან რომ უყვარდა. ვერ იჯერებდა. როგორ მოახერხა? ისეთი სიმპათიური იყო... არარეალურად.
- ნუ გეშინია, არ ინანებ... - წარმოთქვა ვნებიანად, მუცელზე აკოცა და ჯიბეები მოიქექა რაღაცის მოსაძებნად, შემდეგ კი, ერთი ჩაიბურტყუნა, ჯანდაბაო და უკმაყოფილო სახით ახედა აღელვებულს.
- რა მოხდა?
- პრეზერვატივი მანქანაში დამრჩენია, აბებს ხომ სვამ? - ჰკითხა იმედიანად. სიკვდილი ერჩივნა ახლა ყველაფრის შეწყვეტას და ქვემოთ ჩასვლას, ნიცამ კი, მიუხედავად იმისა, რომ ვერც კი გაიაზრა, რას ეკითხებოდა, მაინც გულუბრყვილოდ დაუქნია თავი...
- ძალიან, ძალიან კარგი გოგო ხარ, პატარავ... - კიდევ ერთხელ ჩაეღიმა კმაყოფილს და სუნთქვააჩქარებული, სწრაფად შეეხო ათრთოლებულ ტუჩებზე...

* * *
სულაც არ უგრძვნია თავში უროს ჩარტყმა, მოპირდაპირე მხარეს მჯდარი, აცრემლებული გოგონას სიტყვების გაგონებისას. იმდენად უემოციოდ უყურებდა, თითქოს რაღაც სისულელეს განიხილავდნენ და არა ბავშვს, რომელიც შესაძლოა, მისი ყოფილიყო.
- მოიცა, ერთი წუთით... - და თავში თითქოს ნათურა აენთო, წარწერით „გატყუებენ“, როდესაც ყველაფერი გაახსენდა. არა, აქამდე როგორ ვერ იფიქრა ამაზე? - ხომ მითხარი, აბებს ვიღებო?
- რა აბებს? - დაიბნა ნიცა.
- ორსულობისგან დასაცავს... აჰა, ესე იგი, ან მაშინ მომატყუე, ან ახლა არ იცი, ბავშვის მამა ვინაა და ცდილობ, მე შემტენო, არა? - ჩაეცინა საკუთარი აღმოჩენით აღფრთოვანებულს. ჰმ, ვერაფერს იტყვით, ნამდვილად კარგ დროს გაახსენდა!
- მე... არაფერს ვიღებდი... - ყბებს ერთმანეთზე აჭერდა, ხმამაღლა რომ არ ეტირა. ასე დამცირებულად არასდროს უგრძვნია თავი. - ვერც მივხვდი, რას მეკითხებოდი...
- გოგო, ასეთი იდიოტი გგონივარ? გეგონა, გამომიჭერდი და ცხოვრებას აიწყობდი, ხო? - თორნიკე კი სიცილს არ წყვეტდა. - არა, პატარავ, მე ამ სისულელით ვერ მომატყუებ.
- ანუ...
- ანუ ეგ ბავშვი ჩემი არ არის! - წარმოთქვა გადაჭრით. - და შეგიძლია ის უქნა, რაც მოგინდება. ახლა წავედი, მაგვიანდება, შენ კიდევ, გირჩევ, სიას გადახედო, იქნებ რომელიმე მამიკოს მაინც დააჯერო შენი ზღაპრები!
თვალი ჩაუკრა, შემდეგ კი სიცილით გაიქნია თავი და წამითაც არ შეუწუხებია სინდისს, კაფეტერიიდან რომ გადიოდა, ზურგს უკან კი აცრემლებულ ყიფიანს ტოვებდა...
აღარც ნიცა დარჩენილა დიდხანს. სწრაფადვე შეიმშრალა ცრემლები და ეცადა, როგორმე საკუთარი თავი ხელში აეყვანა. ნამდვილად არ უნდოდა უაზრო ჭორების აგორება, თუმცა კი, როგორც ჩანს, ეს ისედაც გარდაუვალი იყო...
Image result for emily didonato gif

რა უნდა ექნა ახლა? ან თვითონ, ან ბავშვისთვის რა უნდა გაეკეთებინა? მართლა ვერ გააჩენს მარტო. ისედაც მამიდასთან ცხოვრობს მშობლების დაღუპვის შემდეგ და ახლა რომ უთხრას, ორსულად ვარ და ბავშვის მამას ეს არ აინტერესებსო, ზუსტად იცის, საკუთარ ჩემოდნებზე დამჯდარს, ქუჩაში მოუწევს ღამის გათენება. ძალიან მკაცრი ქალია ირმა. არაფრით დაუშვებს, მეზობლებს საჭორაო რომ მისცეს და ამის გამო იმაზეც კი წავა, ერთადერთი ძმისშვილი რომ საბოლოოდ დაკარგოს. იცის ეს ნიცამ და სწორედ ამიტომაც გადააბიჯა თავმოყვარეობას, თორნიკესთან მისვლით. თუმცა რა მიიღო?
დამცირება და დაცინვა! არა, იმას ნამდვილად არ ელოდა, გახარებული რომ გადაეხვეოდა და ეტყოდა, ჩემზე ბედნიერი კაცი ამქვეყნად არ არსებობსო, მაგრამ... ეს მართლა მეტისმეტი იყო.

აკანკალებული გავიდა დერეფანში. გრძნობდა, როგორ აწვებოდა ყელში ყველაფერი და ერთადერთი, რასაც ნატრობდა, ის იყო, შინ მშვიდობით რომ მიეღწია. არ შეეძლო ახლა გადაწყვეტილების მიღება. ცხელ გულზე რომ გაქცეულიყო აბორტის გასაკეთებლად და შემდეგ ენანა? არა, უდანაშაულო არსებას ასე მარტივად ვერ მოუსპობდა სიცოცხლეს.
- გოგონა, ცუდად ხართ? - ხელზე დაცვისფორმიანი ბიჭის შეხებამ გამოაფხიზლა და პასუხის გასაცემად რომ ახედა, იგრძნო, როგორ ერთიანად დატრიალდა გარშემო ყველაფერი და შემდეგ მუხლებში ძალა წაერთვა.

* * *
- დადიანი, სად ხარ? - დემეტრემ სახის წინ ხელი აუქნია, ვერაფრით რომ ვერ მიიქცია მეგობრის ყურადღება. უკვე მესამედ უმეორებდა კითხვას, თუმცა, ამაოდ.
ბიჭები თორნიკეს სახლში იყვნენ შეკრებილები, როგორც ყოველთვის. ფეხბურთისთვის უნდა ეყურებინათ, დაწყებამდე კი პიცა გამოიძახეს, მაგრამ მასპინძელი ისე გამოიყურებოდა, თითქოს საერთოდ არ იყო იქ.
- აღარ იტყვი, რა მოხდა? - მიუბრუნდა ირაკლიც, ალექსი კი ისე ჩუმად იჯდა, თითქოს ყველაფერი იცოდაო, არადა, მხოლოდ ეჭვები ჰქონდა.
- ბიჭო, დღეს რომ გოგო მოვიდა... - დაიწყო ჩაფიქრებულმა.
- საფრანგეთსა და იტალიას შორის. - ჩაიფხუკუნა დემემ.
- ჰო, ეგ...
- რაო, შეგიყვარდა?
- ჰო და ახლა უნდა გთხოვოთ, წამომყევით, სერენადა ვუმღეროთ-მეთქი! - თვალები აატრიალა.
- ამოღერღე!
- ორსულად ვარო... - წარმოთქვა ყოველგვარი შესავლის გარეშე და ნიკაპზე მოისვა ხელი. თვითონაც ვერ გაეგო რატომ, მაგრამ მთელი დღე ნიცას სიტყვებზე ფიქრობდა. მართლა მისი რომ იყოს, მერე? კი, გაბრაზებულია, ნიცაც საშინლად მოიქცა, თავიდანვე რომ არ უთხრა ყველაფერი, მაგრამ... ბავშვმა რა დააშავა?
- აუჰ, რომელი მისი დაქალი შენ ხარ, რომ გაგიმხილა? - გაეცინა ირაკლის. ხანდახან საერთოდ ვერ ხვდებოდა, რაში იყო საქმე.
- შენ მართლა დებილი ხარ? - მიუბრუნდა დემეტრე. - და შენ პირველად იყავი ქალთან? - შემდეგ კი თორნიკეზე გადაერთო.

- ბიჭო, აბებს ვსვამო და...
- შე ჩემა, დებილი ხარ? ასე როგორ დაუჯერე?
- რა ვიცი...
- ცოლად მომიყვანეო? - კიდევ ჩაიფხუკუნა ირაკლიმ.
- ნუ, რაღაც მასეთი... მარტო ვერ გავაჩენ და თუ არ დამეხმარები, მოვიშორებო.
- მოიშოროს მერე, რა იცი, შენ გარდა რამდენთან იყო?
- თქვენ მართლა შიგ ხომ არ გაქვთ? - იფეთქა საბოლოოდ ალექსმა. - რას ნიშნავს, რამდენთან იყო, საერთოდ ვერ ატყობთ, რომ მასეთი ტიპის გოგო არაა?
- არც გაატრაკო, მართლა? - ხელი აიქნია დემემ. - მასეთი ანგელოზის სახეებით დადიან ზუსტად და ის ერევათ, რომელ დღეს ვისთან იწვნენ. აბა, ნორმალური გოგო პირველივე ღამეს ფეხებს გადაუშლიდა? არ უჭირს ესე იგი მასეთები და იმიტომ.

- არაა-მეთქი ბოზი! - ხმას აუწია გაბრაზებულმა. - და ცუდ დღეში რომ არ იყოს, არც მოადგებოდა ამას!
- აუ, თან რას ვფიქრობ, იცით? - მუხლებს დაყრდნო თორნიკე. - პირველი მე ვიყავი...

- შე ჩემა, შენ მართლა გამოშტერდი? - ფეხზე წამოხტა ირაკლი. - სიტყვაზე როგორ ენდე? გოგო თუ პირველად შენთან იყო, აბები რა ჯანდაბად უნდოდა?
- მაშინ რა ვიცოდი!
- ანუ რა გამოდის, შენია? - ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა გააჟღერა დემემ და თორნიკემაც ერთი ამოიოხრა, ეგღა მაკლდა საფიქრელადო და თავი სავარძლის საზურგეზე გადააგდო...
- ბიჭო, ისე, პირველივე ჯერზე რა მოინდომე ასეთი? - საბოლოოდ კი ისევ ირაკლი აროხროხდა და თვალების ატრიალებასთან ერთად, თორნიკემ შუა თითის აწევითაც დაასაჩუქრა...

* * *
მთელი დღე ვერ მოახერხა ფეხზე ადგომა. ან ისე ეხვეოდა თავბრუ, რომ მაშინვე იკეცებოდა ან სულ ეძინებოდა. საჭმელიც კი ვერ ჭამა. საბედნიეროდ, ირმას სახლში ყოფნის დროს ტუალეტში არ ურბენია, თორემ ნამდვილად გაუჭირდებოდა ყველაფრის ახსნა. თამომაც რამდენჯერმე დაურეკა, გამოვალო, მაგრამ ახლა მარტო ყოფნის მეტი არაფერი უნდოდა. ფიქრობდა, ფიქრობდა და მაინც ვერ მიდიოდა საბოლოო გადაწყვეტილებამდე. აუტანელ ტკივილს გრძნობდა მუცლის არეში, როდესაც წარმოიდგენდა, რომ ბავშვი უნდა მოეშორებინა, მაგრამ სხვა გზაც რომ არ ჩანდა? თვითონაც მამიდასთან ცხოვრობდა, მის ხარჯზე. მხოლოდ სტიპენდიის ფულით რა გაეკეთებინა, ბინა ექირავებინა თუ ბავშვის მოსავლელად ეყოფოდა? ის ზუსტად იცოდა, ირმა წამითაც რომ არ გააჩერებდა სახლში ამ ამბის გაგების შემდეგ. ღმერთო, რატომ იყო ასეთი სულელი?
- ქალბატონო, არ მოგბეზრდა ამდენი წოლა? - დაუკაკუნებლად შეუღო ოთახის კარი ირმამ და სინათლეც აანთო. - რომელი საათია, იცი მაინც? ათი!
- ხომ გითხარი, ცუდად ვარ.

- და წოლით გამოკეთდები? გამოდი, ჩაი მაინც დალიე. - შემოუძახა ომახიანად და საბანიც გადააძრო, კედლისკენ გადაბრუნებული გოგოს ყურადღება რომ მიექცია.
- ირმა, არ მინდა არაფერი, მართლა. ხომ იცი, მე ძილში გამოვდივარ!
- ძილში გამოდიხარ მთვრალი! ახლა კიდევ გაციებული ხარ, როგორც მე ვიცი. - გაეცინა და საწოლზე ჩამოუჯდა. - რა გჭირს თვალებზე, იტირე?
- არა, მეწვის... სიცხეც მაქვს, ალბათ.
- ნიცა, მოხდა რამე?
- არაფერი, მართლა. უბრალოდ, დავიძინებ, კარგი? - შეხედა საწყალი თვალებით, მაგრამ არც ამან გაჭრა.
სულ ჯიჯღინით წამოაყენა ქალმა, ასე უარესად გახდები, ადექი, გაიარე ცოტა, გამოფხიზლდები მაინცო და საბოლოოდ იმდენიც მოახერხა, აფთიაქში გაუშვა წამლების საყიდლად. უყვარდა ნიცა, როგორ არ უყვარდა, ბოლოს და ბოლოს საკუთარი ძმისგან მხოლოდ ისღა დარჩა, მაგრამ ამ სიყვარულსაც თავისებურად გამოხატავდა. არ შეეძლო მოფერება, ტკბილი სიტყვებით მიალერსება. სულ იმას უმეორებდა, ძლიერი ქალი უნდა იყო და ვერავინ მოახერხოს, საკუთარ თავზე დამოკიდებული გაგხადოსო, ახლა კი, ეს ამბავი რომ გაეგო, ალბათ ჭკუიდანაც გადავიდოდა.

ნიცა კი, ისეთი გამოფიტული იყო, არც სუფთა ჰაერზე გასეირნებამ უშველა. მხოლოდ იმას ფიქრობდა, როგორ მოქცეულიყო. ბევრი დროც არ ჰქონდა, რაც უფრო მეტხანს დაიტოვებდა ბავშვს, მით უფრო გაუჭირდებოდა მოშორება. ვერ გადაიტანდა. რატომ შეუყვარდა ასეთი ნაძირალა? ისეთი ბიჭები დასდევდნენ კუდში, მან კი მაინცდამაინც ის ამოიჩემა, ვისაც საერთოდ არ აინტერესებდა. არა, ნიცა, ნამდვილი სულელი ხარ!
ფიქრებიდან მობილურის ზარმა გამოიყვანა, ისევ თამო იყო. ნეტავ რა ეშველებოდა მის გარეშე?

- რას შვრები, კიდევ ტირი? - დაიწყო პირდაპირ და ჩაეცინა კიდეც მის სიტყვებზე.
- არა, ირმამ აფთიაქში გამომაგზავნა, წამლები იყიდეო.
- რა წამლები, რა გჭირს?
- გავცივდი-მეთქი, ვუთხარი და...
- იმას ხომ არ დაურეკავს?
- კი, როგორ არა, თაიგულით და შოკოლადებით მომადგა, შოკი მქონდა, პირველად რომ მითხარი და მაგიტომ ვერ გამოვხატე სიხარული, დღესვე გადმოდი ჩემთან და ხვალ დავქორწინდეთო!

- დეგენერატი! რომ გააჩენ, მერე მოგიცუცქდება, მაგრამ თვალითაც არ ანახო ბავშვი! - მიაყარა გაბრაზებულმა და ნიცამ კიდევ ერთხელ იგრძნო ტკივილი, ამჯერად გულის არეში.
- თამო... - დაიწყო შემპარავად.- ხვალ ვაპირებ ექიმთან მისვლას.
- ჰო, უნდა მიხვიდე, აბა, მარტო ტესტით რას გაიგებ. გამოგყვები, რა დროს გავიდეთ?
- არა, ვერ მიხვდი... მე სხვა რამე ვიგულისხმე...

წაიკითხეთ პირველი თავი

გაგრძელება იქნება  
ავტორი ნათია ჯაგოდნიშვილი

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 2 /
ნინო
სამშაბათია და გაგრძელება ვერ ვნახე,თუ რაღაცას ვერ ვხვდები?
10:30 / 04-10-2016
გამოხმაურება / 0 /
ლიკა
ყველაზე მაგარი!!!!!
16:39 / 30-09-2016
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
e87a93