ნოველები

შეცდომა. თავი 3. „საიდუმლო გეგმა“

შეცდომა. თავი 3. „საიდუმლო გეგმა“
- თამო... - დაიწყო შემპარავად.- ხვალ ვაპირებ ექიმთან მისვლას.
- ჰო, უნდა მიხვიდე, აბა, მარტო ტესტით რას გაიგებ. გამოგყვები, რა დროს გავიდეთ?
- არა, ვერ მიხვდი... მე სხვა რამე ვიგულისხმე...
- რას ვერ მივხვდი? ექოსკოპიაზე...- და უცბად გაუწყდა წინადადება. ხმაც ვეღარ ამოიღო. რა ეთქვა? აუცილებლად დაიტოვეო? კარგად იცოდა, რა მდგომარეობაშიც იყო.
- სხვა გზა მართლა არ მაქვს... - გააგრძელა ისევ ნიცამ. - ჩემი სტიპენდია არაფერზე მეყოფა, ბინის ქირა, ექიმთან კონსულტაციები... რომ გავიბერები, აკადემიურის აღებაც მომიწევს
და საერთოდ ნულზე დავრჩები. - ცდილობდა, მიზეზები მოეძებნა და საკუთარი თავი მაინც დაერწმუნებინა ამაში, მაგრამ აღრიალებულ სინდისს მაინც ვერაფერს უხერხებდა. ის კი, მეგობარი რომ არაფერს ეუბნებოდა, უფრო აჭერდა წიხლს.
- ასე ცხელ გულზე რომ არ გადაწყვიტო და ცოტაც დაფიქრდე? - ამოიოხრა ბოლოს.
- და რა შეიცვლება? მერე აღარ ვიგრძნობ, რა საშინელი ადამიანი ვარ?
- საშინელი არა, უბრალოდ, სულელი ხარ. მაგრამ, ნიცა...
- ვიცი, ჩემი შეცდომის გამო უდანაშაულო არსებას არ უნდა ვაგებინო პასუხი...
- და არ უნდა მოკლა! - მტკივნეულ ადგილას მოარტყა, რომ როგორმე აზრზე მოეყვანა. ხვდებოდა, როგორ ცუდ დღეში იყო, მაგრამ მაინც ვერანაირად ვერ ამართლებდა აბორტს.
- უნდა გავთიშო, მოვედი სახლში და მერე მოგწერ, კარგი? - დიდხნიანი პაუზის შემდეგ ამოთქვა ყიფიანმა და სანამ კარს გააღებდა, დაუკითხავად წამოსული ცრემლები შეიმშრალა...

* * *
ფიქრები არ ასვენებდნენ დადიანს. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს გაორება დაემართა. ერთი ნაწილი დაჟინებით უმტკიცებდა, რომ ნაბიჭვრულად იქცეოდა, მეორე კი უდარდელად ახსენებდა, მერამდენე გოგო იყო ნიცა, რომელმაც გამოუცხადა, ორსულად ვარო. ჩვეულებრივი, ბანალური ტექნიკა იყო კაცის შესანარჩუნებლად, ეს ნამდვილად არ ესწავლებოდა, მაგრამ თავს მაინც უცნაურად გრძნობდა. ალბათ, უფრო იმიტომ, რომ ამჯერად თვითონ არ დაუცვია თავი. არა, მართლა რამ გამოაშტერა? საერთოდ რას მიადგა ამ გოგოს, ხომ ხედავდა, როგორ მოსწონდა? და თვითონაც შესაძლებლობა გამოიყენა. პრინციპში, რატომაც არა, ხომ არაფერს დაჰპირებია? მიყვარხარ კი არა, ისიც არ უთქვამს, მომწონხარ და შენთან მინდა ყოფნაო, ნიცა კი მაინც გაჰყვა. რატომ ეგო პასუხი იმაზე, რაშიც თავს დამნაშავედ არ თვლიდა?
Image result for christopher mason
მხოლოდ ის უკარგავდა მოსვენებას, ბავშვი რომ მართლა მისი ყოფილიყო და მოგვიანებით აღმოეჩინა, რომ მისი უარის გამო მოკლეს. დაუბადებლად წაართვეს სიცოცხლის უფლება. ვეღარ ფიქრობდა, რა ექნა. ან საერთოდაც, რატომ აეკვიატა ეს ამბავი ასე ძალიან? იქნებ დემეტრე მართალს ამბობდა და სულაც არ იყო ნიცა ისეთი ანგელოზი, როგორიც ჩანდა? მერე რა, რომ თორნიკე იყო მისთვის პირველი კაცი. ხომ შეიძლებოდა, როცა აღარაფერი უშლიდა ხელს, სხვებთანაც დაწოლილიყო?
ნერვებმოშლილმა დაავლო მობილურს ხელი და საათისთვის არც დაუხედავს, ისე მოძებნა კონტაქტებში ალექსი. როგორმე უნდა გაერკვია, თამოს ხომ მაინც ეცოდინებოდა სიმართლე?
- მითხარი, რომ კვდები, თორემ მე მოგკლავ! - ნამძინარევი ხმით შეუღრინა მეგობარმა.
- ბიჭო, თამოს ვერ ჰკითხავ?
- რას?
- ნიცაზე, რა...
- აუ, შენ მართლა შიგ გაქვს... - ამოიგმინა, როცა ყველაფერს მიხვდა.- აი, ახლავე, ღამის სამზე დავურეკავ და ვკითხავ, შენი დაქალი კიდევ ვინმესთან ხომ არ იწვა და თორნიკეს სტენის სხვის ბავშვს-მეთქი.
- შე ჩემა, მართლა ჩემი რომ იყოს და მოიშოროს, რა ვქნა მერე?
- მაგაზე მანამდე გეფიქრა, სანამ გააკეთებდი! - ჩაიბურტყუნა კიდევ ერთხელ და შემდეგ წყვეტილი ზუმერის ხმაც გაისმა, თორნიკეს წინ, დაბალფეხებიან მაგიდაზე დადებული საფერფლე კი გამეტებით შეასკდა უახლოეს კედელს...

* * *
აკანკალებული და ატირებული გამოვარდა სამსართულიანი, თეთრი შენობიდან. ისე ერეოდა გული, ისე საძაგლად გრძნობდა თავს, ძლივს ახერხებდა, ხმამაღლა რომ არ ეღრიალა. როგორ გაიფიქრა საერთოდ? როგორ დაუშვა ეს ყველაფერი? რანაირი ადამიანია, ამაზე რომ წავიდა? უგულო, უემოციო, უგრძნობი არსება!
ნაბიჯის გადადგმაც კი ვერ მოახერხა, ისე ეხუთებოდა სული. ახლა მხოლოდ ის უნდოდა, როგორმე ამ შენობას რომ მოშორებოდა, მაგრამ წასვლასაც ვერ ახერხებდა. არასდროს ყოფილა ასეთი უმწეო, მაშინაც კი, საინფორმაციო გამოშვებაში საშინელი ავარიის შესახებ რომ მოისმინა და მამამისის მანქანის სერია და ნომრები ამოიცნო. თექვსმეტი წლის იყო მხოლოდ, მაგრამ მაინც მოახერხა, სხვების თანდასწრებით რომ არ ეტირა. და ახლა? შუა ქუჩაში, საავადმყოფოს კიბეზე ჩამომჯდარიყო და ხმამაღლა ქვითინებდა. ვერაფრით იკავებდა თავს, ტუჩებიც კი დაიჭამა, მაგრამ მაინც არაფერი გამოუვიდა.

სძულდა საკუთარი თავი და ის დღე, თორნიკე რომ ამოიჩემა. ყველაფერი გულს ურევდა, რაც მას უკავშირდებოდა და ახლა, წინ რომ ჰყოლოდა, ალბათ პირში მიახლიდა ათასგვარ სისაძაგლეს, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა, ერთადერთი დამნაშავე ისევ თვითონ იყო. დადიანს ხომ არაფერი დაუძალებია? თვითონვე გაჰყვა კუნტრუშით, როგორც კი შანსი მიეცა. ასე როგორ დაკარგა თავი? როგორ იყო ასეთი უთავმოყვარეო?

- გოგონა, ცუდად ხართ? - მხარზე შეეხო შეშფოთებული უცნობი, წამოზრდილი მუცლით და ამის დანახვისას კიდევ უფრო უმატა ტირილს. თავი გაიქნია მხოლოდ, არაფერი მიჭირსო და ისე გაეცალა იქაურობას, უკანაც აღარ მიუხედავს.

ამიერიდან, ხმის გაცემასაც აღარ აპირებდა. ისე გააგრძელებდა ცხოვრებას, თითქოს საერთოდ არ არსებობდა და არც არასდროს უარსებია. მოახერხებდა და თავიდან ამოიგდებდა. ყველაფერს გააკეთებდა მის დასავიწყებლად. არ სჭირდებოდა ისეთი ადამიანი, ვინც ამ მდგომარეობამდე მიიყვანა, არ სჭირდებოდა კაცი, რომელმაც საკუთარ შვილზე უარი თქვა და ნიცასაც აიძულა ამის გაკეთება. წარმოდგენაც არ ჰქონდა, როგორ მოახერხებდა, მაგრამ იცოდა, რომ ყველაფერს გააკეთებდა და საკუთარ თავს ამ ჭაობიდან აუცილებლად ამოათრევდა. ნებისმიერ ფასად...

* * *
ჯერ კიდევ ეძინა, კარზე საშინელი ბრახუნი რომ ატყდა. ისე გაუჭირდა გამოფხიზლება, ძლივს მოახერხა თავის აწევა. რა ჯანდაბა უნდა მომხდარიყო, ასე რომ გამწარდა ვიღაც? მეზობელს წყალს ვერ ჩაუშვებდა, კერძო სახლში ცხოვრობდა, ბიჭები კი ასეთ დროს არ დაადგებოდნენ, მით უმეტეს, რომ ისიც იცოდნენ, სად ინახავდა თორნიკე სათადარიგო გასაღებს.
საცვლისამარა ჩავიდა პირველ სართულზე, ჯერ კიდევ ნახევრად მძინარე, მაგრამ კარი გამოაღო თუ არა, მაშინვე გამოფხიზლდა. ზღურბლს მიღმა თამო ისეთი სახით იდგა, პირველი, რაც გაიფიქრა, ის იყო, რომ ალექსს მოუვიდა რაღაც.
- დამშვიდდი, ალექსი კარგადაა! - თითქოს ფიქრებს მიუხვდაო, შეუღრინა გაბრაზებულმა, შემდეგ კი დაუკითხავად შეაბიჯა შიგნით. - ჩაიცვი და ჩამოდი, სალაპარაკო გვაქვს!
- რა ხდება?
- ასე აპირებ დგომას? - მზერა ააყოლა ქვემოდან ზემოთ და წარბებიც აწკიპა, დადიანმა კი თვალები აატრიალა, თუმცა მაინც ავიდა ჩასაცმელად.
უკვე ხვდებოდა, რა თემაც ელოდა განსახილველად და თუმცა კი თავს იტყუებდა, მაინც საშინლად აინტერესებდა სიმართლის მოსმენა. ვერ აპატიებდა საკუთარ თავს, გამოუსწორებელი შეცდომა რომ დაეშვა. იცოდა, არც ნიცა აპატიებდა, მაგრამ ეს დიდად არ ადარდებდა. ეჭვების დადასტურების შემთხვევაში, დამნაშავე მხოლოდ იმ ბავშვის წინაშე იქნებოდა, რომელსაც დაბადების შანსი არ მისცა. უცნაური შეგრძნება უჩნდებოდა ამის გააზრებისას.

ამჟავებული სახით დაბრუნდა მისაღებში. ძილს რომ უფრთხობდნენ, ხომ ისედაც ვერ იტანდა, დღევანდელი შემთხვევა კი საერთოდ გამორჩეული იყო.
- დაგისხა ყავა? - სამზარეულოდან გასძახა მეგობრის შეყვარებულს და ფინჯანი აპარატს შეუშვირა.

- ყავა დამისხა კი არა, შენ ნორმალური ხარ?
- აუ, თამო, გეხვეწები, შენც არ დამიწყო ახლა, რა...
- თორნიკე, რანაირად იქცევი? პატარა ბავშვი ხარ?
- პატარა რომ არ ვარ და რაღაც-რაღაცებიც ვიცი, იმიტომაც ვიქცევი ასე.
- წარმოგიდგენია მაინც, რა დღეშია ნიცა, შენ რომ მოგადგა და ასეთი რაღაც გთხოვა?
- მე რა შუაში ვარ? - გაიკვირვა, თითქოს ამაზე თვითონაც არ ეფიქრა და დროის გასაწელად ყავა მოსვა, გოგონა კი ისეთი სახით უყურებდა, აშკარად ეტყობოდა, როგორ უნდოდა მისი, როგორც თვითონ იტყოდა, ჩაბეტონება.

- მარტო დაორსულდა, ხო? თავისით!
- გოგო, აი, დააყენე თავი ჩემს ადგილას, აბა. ერთადერთხელ ვიწექი გოგოსთან და ერთი თვის შემდეგ მოდის, გამარჯობა, შენგან ორსულად ვარო, დაიჯერებდი?
- თავის დროზე უნდა გეზრუნა იმაზე, ახლა სინდისს რომ არ შეეწუხებინე!
- არც მაწუხებს.
- გეტყობა, როგორც არ გაწუხებს!
- გელაპარაკა ალექსი?
- შენი აზრით? - ცალი წარბი აუწია. - მართლა ცუდ დღეშია ნიცა...
- არ მიყვარს, ცოლად როგორ მოვიყვანო?
- ვინ გეუბნება, ცოლად მოიყვანეო? დაეხმარე! შენი შვილი მაინც არ გადარდებს?
- აუ, როგორ იცით ამ გოგოებმა ყველაფრის გატრაგიკულება, რა... - ამოიოხრა და ნერვებმოშლილი გადაწვა სავარძლის საზურგეზე. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს საკუთარი სინდისი თამოში განსხეულდა და ის ესაუბრებოდა.
- მშობლები არ ჰყავს, მამიდამისთან ცხოვრობს, რომელიც, ეჭვიც არ შეგეპაროს, რომ სახლიდან მაშინვე გამოუშვებს, როგორც კი ამას გაიგებს. რამდენ რამეზე გაანაწილოს სტიპენდია?
- რანაირად გამოუშვებს სახლიდან, თავისი ძმისშვილი არაა?
- რანაირად აკეთებინებ აბორტს, შენი შვილი არაა? - სახეში დარტყმასავით გამოუვიდა ეს შეკითხვა, თუმცა თამო მაინც არ აპირებდა გაჩერებას. - მესმის, რომ არ გიყვარს, მაგრამ სინდისი მოგასვენებს? იცი, რომ დღეს მიდის მოსაშორებლად? შეიძლება უკვე იყო კიდეც! ნიცას რომ ცხოვრება დაუნგრიე, ეგ თუ არ გადარდებს, ბავშვს რაღას ერჩი? თქვენი უპასუხისმგებლობის...
- გეყოფა! - შეაწყვეტინა გაცოფებულმა. - მე მკითხა ვინმემ, რომ ორსულდებოდა?
- ახლა გავგიჟდები! - შეწუხებული სახით გადაიქნია გოგონამ თავი.
- სხვისი...
- თორნიკე! - ახლა თამომ შეაწყვეტინა. - იცოდე, არც კი გაბედო მაგის თქმა. ვიცი, რომ არ ხარ ცუდი ადამიანი. ვერც იქნები, ალექსის მეგობარი ხარ. დაფიქრდი, რა!
- იყო უკვე ექიმთან? - ისეთი ხმით იკითხა, თითქოს უკვე მიიღო გადაწყვეტილებაო.
- არ ვიცი, დამირეკავდა...
- შენ დაურეკე. მიდი, მიდი და სპიკერზე ჩართე!
აღარაფერი უპასუხია თამოს, მხოლოდ გამკიცხავი მზერით გადაიქნია თავი, მაგრამ მაინც მოძებნა მეგობრის ნომერი და ხმამაღალი რეჟიმიც გაააქტიურა...


* * *
არავისთან ლაპარაკი არ უნდოდა. თამოსაც მხოლოდ ის უთხრა, უკვე ვიყავი, მაგრამ ახლა საუბარი არ შემიძლია და მერე დაგირეკავო. მართლა არ შეეძლო, თან ირმას გამო და თან იმიტომ, რომ უბრალოდ სიტყვებს ვერ უყრიდა თავს. სახლში მივიდა თუ არა, მაშინვე ოთახში შეიკეტა. არაფრის თავი არ ჰქონდა, ახლა მხოლოდ ერთადერთზე ფიქრობდა, პრეზენტაციაზე, რომელზეც მისი სტიპენდია იყო დამოკიდებული. საერთოდ ვეღარ მოახერხა ბოლო დროს თემის გადაკითხვა, არადა, ერთ კვირაში უკვე დაცვა ჰქონდა. ჭკუიდანაც გადავიდოდა, სტიპენდია რომ დაეკარგა. ისედაც ეუხერხულებოდა, ცხრამეტი წლის გოგო მამიდის კისერზე რომ ცხოვრობდა. ირმა კი კარგ სამსახურში მუშაობდა და არ უჭირდა, არც ქმარი ჰყავდა, არც შვილი, მაგრამ რა ვალდებული იყო, ნიცა შეენახა?
Image result for emily didonato bed
კიდევ ერთხელ აუწკრიალდა მობილური, მაგრამ ამჯერად უცხო ნომერი იყო და უნდა ვაღიაროთ, გულიც შეუქანდა წამიერად. ის რომ ყოფილიყო? რა ეთქვა? საერთოდ როგორ დალაპარაკებოდა? ერთიანად ააკანკალა და აემღვრა მზერა, მაგრამ საბოლოოდ, მაინც გარისკა სენსორისთვის თითის გადასმა.
- ნიცა, მე ვარ! - და აი, აქ საბოლოოდ შეირყა. თავად თორნიკე დადიანი ურეკავდა. ჰმ, რა მოელანდა ნეტავ?
- რა გინდა? - მიუგდო უხეშად, ისე წაუჭირა გაბრაზებამ ყელში ხელი.
- უნდა გელაპარაკო.
- მეგონა, ჩვენ უკვე ყველაფერი გავარკვიეთ, არა?
- ბავშვი...
- შეგიძლია ამ თემაზე აღარ ინერვიულო.
- მოიშორე?
- თორნიკე, ამ თემაზე ნუ ინერვიულებ-მეთქი! - ხმასაც კი აუწია განერვიულებულმა და ისე ძლიერად დააწვა მობილურის ეკრანს გასათიშად, სენსორმა გათეთრებაც კი დაიწყო, თუმცა საერთოდ არ ადარდებდა. აღარაფერი ადარდებდა.
როგორ გაბედა დარეკვა? იმ ყველაფრის შემდეგ როგორ გაბედა? როგორ დაიმცირა ნიცამ თავი მის წინაშე, თვითონ კი... არა, მის ადგილას ალბათ ყველა ასე მოიქცეოდა, მაგრამ მაინც ვერ აიტანა ყიფიანმა, სათაყვანებელი კაცის რეალურ სახეს რომ შეასკდა. როგორ შეიძლება ოცდასამი წლის ბიჭი ასეთი უპასუხისმგებლო იყოს?
- ნიცა, შეიწვა კარტოფილი, გამოდი! - მოესმა ირმას ხმა და ისე ამოიღმუვლა გაბრაზებულმა, თვითონაც ვერ მიხვდა, ახლა მაინც რაღამ გააღიზიანა, თუმცა მაინც ხმაურით დახურა წიგნი და ოთახის კარიც გაიჯახუნა სამზარეულოში გასვლისას...

* * *
- შენ კიდევ დიდხანს უნდა იგლოვო? - ამოასხა დემეტრეს, სახედაღვრემილი მეგობრის ყურება.
- არ ვგლოვობ.
- არა, ჩვენ ვიხრჩობით სასმელში! - აჰყვა ირაკლიც, ალექსმა კი საერთოდ უსიტყვოდ მოიყუდა ლუდის ბოთლი.
- აუ, ნუ გამიტრაკეთ, რა! - ამოიღრინა დადიანმა და კიდევ ერთი ჭიქა გამოსცალა.
- არა, რა იცი, რომ მოიშორა?
- შენ დებილი ხარ, ხო? არ მოგიყევით?
- თამო არაფერს ამბობს? - ახლა ალექსს მიუბრუნდა დემე, ბექაურმა კი თავი გაიქნია საპასუხოდ.
- ნიცამ, აღარ ინერვიულო ამ თემაზეო... - ადუდღუნდა თორნიკე.
- იქნებ მამას მიაგნო?
- ირაკლი, ახლა გაგინებ!
- შენ გირჩევნია, ნერვები დაიწყნარო! არა, მთელი კვირის განმავლობაში ერთხელ მაინც როგორ ვერ შეხვდი?
- შევხვდი.
- მერე?
- მერე არაფერი, არ მელაპარაკება, გამირბის, თავს მარიდებს, სულ თავის ჯგუფელებთან ერთად მოძრაობს.
- მუცელზე ვერაფერს ატყობ? - მაინც ვერ ეშვებოდა ხუმრობას ირაკლი, მაგრამ დემეტრემაც რომ დაუბრიალა თვალები, ხელები ასწია, მოვრჩიო.
- აზრზე ხართ, რა ნაბიჭვარი ვარ?
- ახლა რაღა აზრი აქვს ამ ყველაფერს? - სილა გააწნეს ალექსის სიტყვებმა და სისინით შეისუნთქა ჰაერი, არაფერი რომ არ ეთქვა. მართალი იყო და ან კი რა უნდა ეპასუხა?
- იქნებ უბრალოდ არ უნდა, რომ იცოდე?
- რა, შე ჩემა, გიჟია? აქამდე მეუბნებოდა, უშენოდ ვერ გავაჩენო და ახლა აღარ უნდა? მოიშორებდა.
- ისე, თამოსთვის ხომ არაფერი უთქვამს? მერე დაგირეკავო და...
- მანამდე რა მოვყევი, არ მისმენდი, დემე? ვიყავი უკვეო...
- ხომ შეიძლება, გადაეფიქრებინა?
- ქალია მაინც, თავის შვილს როგორ მოკლავდა? - დასერიოზულდა ირაკლიც, ალექსმა კი ისეთი თვალებით ახედა, თითქოს უკვირდა მისგან ამის მოსმენა.
- ეს კაცი არ არის?
- ბექაური, რა გინდა? - აფეთქდა თორნიკე. - ვიცი, რომ ნაბიჭვრულად მოვიქეცი, რაღას მიმატებ?
- და შენ თვითონ რას აკეთებ? - აჰყვა ალექსიც. - ჩაწექი სასმელში! გაანძრიე ტრაკი და გაარკვიე ყველაფერი!
- ბიჭო, მეტი რაღა გავარკვიო, მანქანაში ჩავტენო და ექიმთან წავიყვანო?
- თუნდაც! რამე ქენი, ასე იდიოტივით ჯდომას მაინც აჯობებს! გოგოს „დასაკერად“ ხო ყველაფერს აკეთებ?
- ატრაკებ!
- მე კი არა, შენ ატრაკებ!
- ისე, შე ჩემა, მართლა რანაირად იქცევი? - ჩაერია დემეტრეც. - რას ჰქვია, არ გელაპარაკება, შენ როდის მერე ჩერდები ერთ უარზე?
- ბიჭო, რა ვიფიქრე, იცით? - დამაინტრიგებელი ტონით წამოიწყო ლომიძემ. - ხვალ სასტიპენდიო პრეზენტაციები არაა მეორე კურსზე? - შემდეგ კი დემეს მიუბრუნდა.
- მერე?
- რა მერე, ნიცაც იქნება. შემოდი შენც! - მიმართა თორნიკეს.
- ნიცა რად მინდა, ბავშვი თუ მოიშორა?
- აუ, შენ მეტი აღარ დალიო, რა! რა რად გინდა, თავს მარიდებსო, არ თქვი? იქ, ლექტორებთან ხო არ გაგიმართავს სცენებს, დაელაპარაკები მაინც!
- ვითომ?
- ვითომ კი არა, მართლა. აბა, რომელი რომეო შენ ხარ, აივნის ქვეშ ელოდო. - შემდეგ კი, თვალი ჩაუკრა და მაგიდიდან ლუდის ბოთლი ააცალა...

გაგრძელება იქნება
ავტორი ნათია ჯაგოდნიშვილი
იხილეთ ასევე: შეცდომა. თავი 2. „სასიკვდილო განაჩენი“


FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93