ნოველები

შეცდომა. თავი 4. „გაქცევა“

შეცდომა. თავი 4. „გაქცევა“
ისე ნერვიულობდა, ერთიანად გაუოფლიანდა ხელისგულები. სუნთქვაც კი უჭირდა ნორმალურად. არა, ყოველთვის განიცდიდა ხოლმე, მის ცხოვრებაში რამე მნიშვნელოვანი რომ ხდებოდა, მაგრამ ეგონა, საჯაროდ გამოსვლებს მაინც შეეჩვეოდა ნელ-ნელა.

გულიც გაუსკდება, დღეს რომ ჩაფლავდეს. არ აქვს ამის უფლება. იმდენი იწვალა ამ თემაზე, ნამდვილად გული დასწყდება, სათანადოდ რომ ვერ წარადგინოს.

- ნიცა, რა გჭირს? - შეშინებული სახით შეანჯღრია ჯგუფელმა.
- რა მჭირს?
- ერთიანად გაფითრდი, რა მოგივიდა? - ხელს არ უშვებდა თამთა. - წყალი მოგიტანო?
- არა, არა, არ
მინდა! ვნერვიულობ უბრალოდ...

- კარგი, რა! შენ რა განერვიულებს? ხომ იცი, ყველაფერი ძალიან მაგრად ჩაივლის! - გაუღიმა მეგობარმა, ნიცამ კი, უბრალოდ თავი დაუქნია, იმედიაო და ის იყო, დასაჯდომად გაემართა, რომ კვლავ იგრძნო შეხება.
- მოიცადე, ერთი წუთით! - თვალებით ბურღავდა დადიანი. - სალაპარაკო გვაქვს.
- თამთა, ადგილი დამიკავე, კარგი?
- კარგი... - გაწელილად ჩაილაპარაკა დაინტრიგებულმა გოგონამ, თუმცა მაინც გაეცალა.

- რა გინდა? - სრულიად განსხვავებული ტონით მიუბრუნდა თორნიკეს, შემდეგ კი მზერით ხელზე ანიშნა, გამიშვიო, თუმცა გრძელი თითები ისევ მარწუხებივით შემოხვეოდა.
- რანაირად იქცევი? მთელი კვირაა დაგდევ!
- მერე გეხვეწება ვინმე, მდიეო?
- ნიცა!
- თორნიკე, რა გინდა? - ამოთქვა დაღლილი ტონით და ეცადა, არ შეემჩნია, როგორ აუჩქარდა გული. ოღონდ ახლა გაუძლოს, ოღონდ ახლა არაფერი მოუვიდეს...
- ბავშვი მართლა მოიშორე?
- არაა ეგ შენი საქმე. და გამიშვი ხელი!
- მიპასუხე! - შეუღრინა და ცოტათი შეაჯანჯღარა კიდეც.
- უკვე გიპასუხე, გამიშვი.
- არ გიპასუხია. მაქვს უფლება, ვიცოდე!
- არა, არ გაქვს! - თავი ძლივს შეიკავა, ყვირილი რომ არ დაეწყო. ამდენსაც მხოლოდ იმიტომ უთმენდა, რომ ხალხის წინ არ უნდოდა სცენის მოწყობა. ჰმ, ალბათ ესეც გათვალა, გაიძვერა ბიჭი!
- ის ჩემი...
- ყიფიანი, რა ხდება? - ცოტა არ იყოს, გაკვირვებული სახით მიუახლოვდა კიდევ ერთი ჯგუფელი და ნიცას არასდროს გახარებია ამ ბიჭის დანახვა ისე, როგორც ახლა. - თაყვანისმცემლები გავიწროებენ? - სიცილნარევი ტონით წარმოთქვა და ის იყო, თორნიკეს პირი უნდა გაეღო რაღაცის სათქმელად, ერთ-ერთმა ლექტორმა რომ გამოაცხადა, ადგილები დაიკავეთ, ვიწყებთო.
- იცოდე, არ დაგვიმთავრებია! - კბილებს შორის გამოსცრა დადიანმა, შემდეგ კი, გულგრილად შეუშვა ხელი და აუდიტორიის ბოლოსკენ გაემართა, სადაც უკვე ელოდნენ ბიჭები...

* * *
სიბრაზისგან საფეთქლებში გრძნობდა პულსაციას. როგორ უბედავს ასე ლაპარაკს? საერთოდ რა ჯანდაბა დაემართა? ერთი კვირის წინ თვითონ არ ეხვეწებოდა, შენთან მაცხოვრეო? სულელი გოგო!
- ალექსმა მომწერა, ვერაფერი ვათქმევინე თამოსო... - „ახარა“ ირაკლიმ და გვერდით მიუჯდა.
- მაგ გოგოს რაღა სჭირს? - აჯუჯღუნდა დემე.

- არაფერიც არ სჭირს, ძალიანაც სწორად იქცევა! და საერთოდაც, მე თვითონ გავარკვევ, ახლა მაგას და ალექსს გაუფუჭდეთ კიდევ ჩემ გამო ურთიერთობა?!
- აუ, დადიანი, ნუ გაუშვებ ხოლმე შენებურებს, რა...
- ის ბიჭი ვინ იყო, წეღან რომ დაგადგათ? - თემა შეცვალა ირაკლიმ.
Image result for Hands to Myself
- რა ვიცი, ერთი მაგისიც! - ჩაიბურტყუნა თორნიკემ და ძლივს აიძულა საკუთარი თავი, მოსაწევად რომ არ გასულიყო.
ფეხის მოცვლასაც არ აპირებდა, სანამ ნიცა გამოსვლას არ დაამთავრებდა. რადაც არ უნდა დასჯდომოდა, მაინც გაიგებდა დღეს სიმართლეს. როდემდე ყოფილიყო ეჭვებში? მართალი უთხრა ალექსმა, ყველაფერი სჯობდა უმოქმედოდ ჯდომას.
- მართლა ძალით ხო არ წავიყვანთ ექიმთან? - ამოიოხრა ჩადუნელმა და კიდევ აპირებდა რაღაცის თქმას, წინა მერხიდან თვალებდაწვრილებული გოგონა რომ შემოუბრუნდათ.

- თუ ჩუმად ყოფნა არ შეგიძლიათ, სხვებს მაინც ნუ უშლით ხელს! - გაბრაზებული ბატის ხმით დაისისინა და მაშინვე გაბრუნდა, დემემ და ირაკლიმ კი სიცილით გადახედეს ერთმანეთს.
იმდენად დიდხანს გაგრძელდა პრეზენტაციები, ლამის იყო, თორნიკეს ტუჩები დაეჭამა, ისე უნდოდა სიგარეტი. იმითაც კი აწამებს ეს გოგო, მისი გვარი ყიფიანი რომ არის და არა, მაგალითად, აბულაძე! რა სისულელეა საერთოდ, ანბანის მიხედვით დაჯგუფება?
- გადი თუ გინდა და მოგწერთ, რომ მორჩება... - გადაუჩურჩულა დემეტრემ.

- იყოს, ამხელა დარბაზის ბოლოდან სანამ კარამდე მივალ, შეიძლება დაიწყოს კიდეც... - ჩაიბურტყუნა და მერხზე იდაყვით დაყრდნობილ ხელში ჩარგო თავი.
არასდროს გაჩერებულა ამდენ ხანს ერთ ადგილზე. ლექციები რომ ჰქონდა მიყოლებით, იმასაც კი ვერ იტანდა, ახლა კიდევ, იჯდა და ჭკუის კოლოფების თემებს ისმენდა, ათას იდიოტობაზე. თვითონ არასდროს აწუხებდა სტიპენდიის არქონის პრობლემა და არც ზედმეტად იკლავდა სწავლით თავს. აინტერესებდა ეს პროფესია, რა თქმა უნდა, მაგრამ თავიდან მხოლოდ იმიტომ ჩააბარა, მშობლებმა რომ აიჩემეს, მალე მოგბეზრდება კამერის ჩხიკინი და დარჩები ისეო. მამამისმა ისიც კი უთხრა, სკოლაში მეცხრე კლასის შემდეგ არაფერი გიკეთებია, უნივერსიტეტში როგორ უნდა ჩაირიცხოო. ჰოდა, დაუმტკიცა, რომ შეეძლო. მათემატიკა ყოველთვის ესმოდა და იმდენი ქნა, უფასოზეც მოხვდა, შემდეგ კი, როდესაც ზოგიერთმა საგანმა ზედმეტად დააინტერესა, მიხვდა, რომ ნამდვილად სწორი გადაწყვეტილება მიიღო და მაგისტრატურაზეც გააგრძელა სწავლა, მუშაობის პარალელურად.
- მოგესალმებით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი, ნიცა ყიფიანი! - ფიქრებიდან მაშინვე გამოერკვა, ეს რომ გაიგონა და ღიმილით გაიქნია თავი, როგორ არ დაეზარა ამხელა რაღაცის თქმაო.
- არადა, ლამაზი გოგოა... - სასხვათაშორისოდ წაილაპარაკა ირაკლიმ.

- შტერია! - გამოუტანა დასკვნა და წელში გასწორდა, უფრო კარგად რომ დაენახა.
საკმაოდ კარგად დაიწყო ნიცამ. შიგადაშიგ ხმა კი უკანკალებდა, მაგრამ ცდილობდა, დაძაბულობა არ შეემჩნია. კარგად იცოდა თორნიკემ ეს თემა, მაგრამ მაინც ისეთი დაკვირვებით უსმენდა, თითქოს უნდოდა, შეცდომა დაეჭირა. თუმცა, შეცდომის ნაცვლად, სულ სხვა რაღაც დააფიქსირა...
წუთიც არ იყო პრეზენტაციის დაწყებიდან გასული, ყიფიანმა ფერი რომ დაკარგა და ტრიბუნას ჩაებღაუჭა. ლაპარაკის გაგრძელებაც ვეღარ შეძლო და პირი გააღო, რომ ესუნთქა, დადიანმა კი, მაშინვე დააჭყიტა თვალები. ნუთუ, მხოლოდ ნერვიულობის ბრალია ეს ყველაფერი? ისეთ აზარტში შევიდა, რამდენიმე წამში ნიცა უსულოდ რომ ჩაიკეცა, კინაღამ გახარებულმა მუშტიც დაარტყა მაგიდაზე, თუმცა, საბედნიეროდ, მალევე შეიკავა თავი.

მაშინვე მისცვივდნენ გოგონას წინა რიგში მსხდომნი, თორნიკე კი, კმაყოფილი ღიმილით იჯდა და განძრევასაც არ აპირებდა. საერთოდ არაფერი აღარ ადარდებდა ახლა, უკვე დარწმუნდა, ბავშვი ისევ ამ სულელი გოგოს მუცელში რომ იჯდა. არა, ეგონა, დიდხანს დაუმალავდა? მუცელი რომ წამოეზრდებოდა, მერე რაღას იზამდა? თუ საერთოდ მიატოვებდა სწავლას, მისთვის რომ აერიდებინა თავი?
- არ მიხვალ? - მუჯლუგუნი გაჰკრა დემემ.

- არა, რატომ?
- ბიჭო, დებილი ხარ? - აჰყვა ირაკლიც.
- ეს რომ მე მეტყვის! - ჩაეცინა გამხიარულებულს, ჩადუნელმა კი ისეთი სახით გახედა, თითქოს მის ჭკუათმყოფელობაში ეჭვი ეპარებოდა.
- რას იკრიჭები?
- არ მოუშორებია.
- ჰა?
- ისევ ორსულადაა.
- ხილვა გქონდა?
- შე ჩემა, ვერ დაინახე, გული რომ წაუვიდა?
- ანუ მაგიტომ გაგეხა პირი? - გაეცინა ირაკლის და წინ მჯდომი გოგონა კიდევ ერთხელ რომ შემოტრიალდა გაცეცხლებული, დამნაშავედ შემოირტყა შუბლში ორივე ხელი, ამ ერთხელაც მაპატიეო.
- ყიფშიძე! - გაისმა მიკროფონში შემდეგი გვარი, თორნიკემ კი შენიშნა, აწ უკვე გონს მოსული ნიცა შეწუხებული სახით რომ უხსნიდა რაღაცას ერთ-ერთ ლექტორს, შემდეგ კი, ატირებული გავიდა გარეთ.
- მე მგონი, სტიპენდიას დაემშვიდობა... - წაილაპარა ჩაფიქრებულმა, შემდეგ კი დემეს სთხოვა, გამატარეო და აჩქარებული ნაბიჯებით დატოვა აუდიტორია...

* * *
გული ამოუჯდა ტირილით ნიცას. თავსაც ვეღარ იკავებდა და ისე სლუკუნებდა, როგორც ბაღში პირველად დატოვებული, პატარა ბავშვი. წარმოდგენაც არ ჰქონდა, ახლა რა უნდა გაეკეთებინა. სტიპენდიის გარეშე როგორ ეცხოვრა? ამაზე ააწყო ყველაფერი, ამით დაგეგმა და გადაწყვიტა. ვერც კი იფიქრებდა, რომ ჩაფლავდებოდა, არც ნერვიულობდა დიდად, მაგრამ სწორედ ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში გაფუჭდა ყველაფერი. რატომ არიან ასეთი უგულოები? რატომ არ აძლევენ მეორე შანსს?
იატაკზე იჯდა, მოკეცილ მუხლებზე ხელებშემოხვეული და ზლუქუნებდა, ფეხის ხმა რომ მოესმა. არც აუწევია თავი. აქამდე მოკვდებოდა, მაგრამ სხვის წინაშე არაფრის დიდებით არ იტირებდა, ახლა კი, ესეც სულერთი იყო. თავს ვერ იკავებდა, რამდენიმე წამის წინ ჩამოემსხვრა თავზე ყველაფერი და აღარც ეტირა?
- რა მოგივიდა? - სუნთქვა შეეკრა ნაცნობი ხმის გაგონებისას. ტუჩზე იკბინა, რომ არ ეყვირა, მაგრამ მაინც ერთიანად მოიცვა გაბრაზებამ.
- არ იცი ხო, რაც მომივიდა? - შეუღრინა და ისეთი სახით შეხედა თვალებში, თორნიკეს სინდისმა კიდევ ერთხელ გაიღვიძა.
- ახლა უკვე ვიცი, მაგრამ აქამდე მეგონა, რომ მოიშორე. - მაინც მოახერხა სიმშვიდის შენარჩუნება. ამას ნამდვილად ვერ დავუკარგავთ, თვითკონტროლი ყოველთვის შეეძლო, განსაკუთრებით კი, ასეთ სიტუაციებში.
- იმის გამო, რომ მამამისი არაკაცია, სიცოცხლის უფლებას ვერ წავართმევდი.
- ნიცა, ხომ ხვდები, რომ ტყუილად მადანაშაულებ? - ამოიოხრა და გვერდით მიუჯდა. - ჩემ ადგილას შენც ასე მოიქცეოდი.
- არ მოვიქცეოდი!
- როგორ არა... არავინ არ დაიჯერებდა.
- იცი რა, ვიცი, რომ უკანასკნელი იდიოტივით მოვიქეცი მაშინ, მაგრამ ჩემი შეცდომის გამო...
- ჩვენი. - შეუსწორა მშვიდად.
- რა?
- ჩვენი შეცდომის. რას აპირებ?
- არ ვიცი... - ამოიოხრა გულწრფელად. ჩხუბის თავიც აღარ ჰქონდა, მაგრამ არც აქ გაჩერება შეეძლო და ისე სწრაფად წამოდგა ფეხზე, ფანჯრის რაფას ჩაეჭიდა, რომ არ წაქცეულიყო.
- ახლაც უპასუხისმგებლოდ იქცევი. - შეუღრინა ბიჭმა და თვითონაც მიჰყვა. - ჩემზე გაბრაზებული, მას ნუ უქმნი საფრთხეს! - მზერით მუცელზე ანიშნა და მკლავზე ხელის მოკიდებას აპირებდა, გოგონამ უკან რომ დაიხია.
- შენი საქმე არ არის, მე როგორ მოვიქცევი!
Image result for didonato emily sad
- არის, ყოველ შემთხვევაში, მანამ მაინც, სანამ ჩემი შვილი შენს მუცელშია.
- იქნებ სხვისია? - გაუღიმა ირონიულად, მაგრამ მაშინვე გაჩერდა, როგორც კი დადიანის სახე შენიშნა.
- გეყოფა, ნიცა! ახლა არაა შენი სიჯიუტის დრო. სტიპენდია დაკარგე, სამსახური არ გაქვს, რას აპირებ?
- ეს მაშინ რატომ არ გაინტერესებდა, ყველაფერი რომ გითხარი?
- იმიტომ, რომ მაშინ არ ვიყავი დარწმუნებული, ვისი ბავშვი იყო.

- ჰოდა, ახლაც ნუ იდარდებ! - ხმას აუწია ნერვებმოშლილმა. ისედაც საშინელ დღეში იყო, კიდევ თორნიკესთან საუბრის დამატება უნდოდა?
- სხვათა შორის, ჩემთვის კი არა, შენთვის არ შეიძლება ნერვიულობა! - გამოსცრა კბილებშორის. - და ბავშვს მიხედე! -მუქარასავით გამოუვიდა ბოლო სიტყვები.
- თავი დამანებე, ისედაც კარგად ვიცი, როგორ უნდა მოვიქცე! - მაინც არ დანებდა და უკვე წასვლასაც აპირებდა, კიდევ ერთხელ რომ იგრძნო თავბრუსხვევა.
ვერც კი მოახერხა წინააღმდეგობის გაწევა, დადიანის მკლავები რომ იგრძნო. ისე შეეშინდა, როცა მიხვდა, რომ გული მისდიოდა, თვითონვე დააპირა დაძახება, მაგრამ არ დასჭირდა. რა ჯანდაბა მოსდის? როდემდე უნდა იყოს ასეთ დღეში? მთელი ცხრა თვე იმის უნდა ეშინოდეს, სადმე რომ არ ჩაიკეცოს?
- მადლობა... - ამოილუღლუღა აღელვებულმა და ეცადა გასწორებულიყო, თუმცა ბიჭი მაინც არ უშვებდა ხელს.
- ქუსლიანებს ნუ იცვამ! - უპასუხა ბოლოს, სრულიად განსხვავებული ტონით და თვითონვე გაეცალა პირველი...

* * *
სახლში რომ ბრუნდებოდა, ვერც კი წარმოიდგენდა, რა ელოდა წინ. მანამდევე მონათლა დღევანდელი დღე, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მის ცხოვრებაში, მაგრამ ამდენს ნამდვილად არ ელოდა. ხვდებოდა, რომ ირმასთან ლაპარაკს ნამდვილად ვერ ასცდებოდა, მაგრამ ჯერ არ გეგმავდა. არ იყო მზად. არ იყო მზად სიმართლისთვის, ჩხუბისთვის, იმ სახლიდან წასვლისთვის, სადაც გაიზარდა. თუმცა, მისთვის ეს არავის უკითხავს და კინაღამ გული გაუსკდა, კარი რომ შეაღო და მისაღებში გულზე ხელებდაკრეფილი მამიდა დახვდა. ისეთი სახე ჰქონდა, ჯერ იფიქრა, რომ სამსახურიდან გამოუშვეს, შემდეგ კი იმასაც მიხვდა, ყველაფერი უფრო ცუდად რომ იყო.
- სად იყავი? - წარმოთქვა ისეთი ტონით, თითქოს საკუთარ განყოფილებაში იყო და დაკითხვას ატარებდა.
- უნივერსიტეტში, სად ვიქნებოდი?! - გაუღიმა ნაძალადევად და სამზარეულოში აპირებდა გასვლას, ხმამ რომ შეაჩერა.
- ნიცა, მოდი აქ!
- რამე მოხდა, ირმა?
- ეგ კითხვა მე უნდა დაგისვა, მგონი, არა? - ცალი წარბი აუწია და მზერით ანიშნა, დაჯექიო, თვითონ კი, მაგიდას იდაყვებით დაეყრდნო და წინ გადაიხარა.
- მამიდა, მაშინებ...
- არაფრის თქმას არ აპირებ?
- ამმ... სტიპენდიაზე ჩავფლავდი... - ჩაიბურტყუნა და გონება აამუშავა იმის მისახვედრად, საიდან შეიძლებოდა სიმართლე გამჟღავნებულიყო, შემდეგ კი, ისევ ენაზე კბილის დაჭერა ამჯობინა, ვაიდა, არაფერიც არ იცოდეს და თვითონვე გავიყიდოო.
- ტესტი ვნახე!
- რა?
- ორსულობის ტესტი, ორი წითელი ხაზით! - ხმას აუწია და ფეხზე წამოიჭრა გაცოფებული, ნიცა კი დასასჯელი ბავშვივით აიწურა. საიდან მიაგნო? - ვიფიქრე, ცოდოა, იღლება, ოთახს მივულაგებ-მეთქი, გადმოვალაგე უჯრები და რას ვპოულობ?!
- ირმა...
- არც კი გაბედო და მითხრა, რომ სხვისია! - დაუყვირა წყობიდან გამოსულმა. - ნიცა, რა გააკეთე? ეს როგორ გაბედე?
- მე...
- ნუ მეპასუხები! ხვალვე წავალთ და მოიშორებ!
- არა! - წამოიყვირა შეშინებულმა.
- მოყავხარ ცოლად?
- ირმა, ეს ჩემი საქმეა...
- მისმინე, საყვარელო... - სწრაფად შეიცვალა ტონი. - ვუჩივლოთ! ხომ იცი, ჩემი სამსახურის წყალობით რამდენი ნაცნობი მყავს? ყველაფერს ისე შევატრიალებთ, თუ არ დაიჭერენ, მთელი ცხოვრება ალიმენტის გადახდა მოუწევს!
- მამიდა, რას ამბობ? - ვერც კი იჯერებდა, ეს რომ ესმოდა. იცოდა, მძიმე საუბარი რომ ელოდა, მაგრამ ასეთსაც ვერ წარმოიდგენდა.
- შენ მხოლოდ ის მითხარი, ვინ არის მამა!
- არა.
- ნიცა, გეფიცები, ჩემი ხელით ჩაგილაგებ ჩემოდანს და გაგიშვებ! მიპასუხე, ვინ არის მამა?
- არ ვიცი. - წარმოთქვა გაჯიუტებულმა.
- რა არ იცი?
- არ ვიცი, ვინ არის მამა! - თვითონაც აუწია ხმას და ცრემლები წასკდა. ამას ვერ დაუშვებდა. მიუხედავად ყველაფრისა, ამას ვერ გააკეთებდა.
- დედაშენის ღირსეული შვილი ხარ! - ამოხეთქა საბოლოოდ. - როგორც გაგზარდა, ისეთი ხარ! ჩვენი გვარის შემარცხვენელი. რას აპირებ, მარტომ უნდა გაზარდო? ისიც კი არ იცი, ვინაა მამა, როგორ დაეშვი აქამდე? ხალხს რა ვუთხრა?
- შენ მხოლოდ ეგ გადარდებს, არა? - ახლა თვითონ წამოიჭრა ფეხზე. - გაიგე, არ მაინტერესებს, რას იტყვის ხალხი! ბავშვის მოშორებას არ ვაპირებ, ჩემი შვილია!
- აქ ვერ გააჩენ! - წარმოთქვა გადაჭრით და კაცივით დაარტყა მაგიდაზე მუშტი, ნიცა კი უკანმოუხედავად გავარდა ჯერ კიდევ საკუთარი ოთახისკენ.

- არც ვაპირებ! - დაიყვირა, გარდერობიდან ჩემოდანი გამოათრია და ერთი ხელის მოსმით ჩაყარა ტანსაცმელი შიგნით. მაქსიმალურად ცდილობდა, ფრთხილად ემოქმედა, მაგრამ გაბრაზებამ ტვინში აასხა. როგორ უთხრა ეს ყველაფერი? რით ვერ მოეშვა საკუთარი სამსახურით მანიპულირებას? პოლიციელია, მერე რა?! ეს როგორ უთხრა...
- ნიცა, აქედან თუ წახვალ, უკან ვეღარ დაბრუნდები! - მკაცრად გამოუცხადა ირმამ. თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა, გოგონამ კი ერთი ახედა და ისევ ჩემოდნის ჩალაგება განაგრძო. - თუ მოიშორებ, გაპატიებ და ყველაფერს დავივიწყებთ.
უსიტყვოდ გამოვიდა ნიცა სახლიდან. ისე მიაგორებდა ჩემოდანს, ისე შემართებით მიდიოდა, იფიქრებდით, სამყაროს გადარჩენა აქვს მიზნად დასახულიო, სინამდვილეში კი, ისიც არ იცოდა, რა უნდა გაეკეთებინა. ყველაფერი წამოიღო, უკან მიბრუნება რომ აღარასდროს დასჭირვებოდა. კარგად იცნობდა ირმას, მისი ხასიათიც იცოდა და ეგუებოდა, მაგრამ... ეს ნამდვილად მეტისმეტი იყო.

ავტორი ნათია ჯაგოდნიშვილი
იხილეთ ასევე: შეცდომა. თავი 3. „საიდუმლო გეგმა“



FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 6 /
ტეონა
უმაგრესია გაგრდელევა ხომ იქნება?ველი მოუტმენლად
16:13 / 08-10-2016
გამოხმაურება / 0 /
ავტორი
გაგრძელდება აუცილებლად ❤
19:05 / 07-10-2016
გამოხმაურება / 0 /
ყველა კომენტარი
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
e87a93