ნოველები

შეცდომა. თავი 5. „ახალმოსახლეობა“

შეცდომა. თავი 5. „ახალმოსახლეობა“
კინაღამ გული გაუსკდა, ნიცამ რომ დაურეკა, თუ შეიძლება, შენთან მოვალო. არა, გაკვირვებით არ გაკვირვებია, მაგრამ ცოტა არ იყოს, შეეშინდა კიდეც, ისეთი ტონი ჰქონდა. ისიც კი გაიფიქრა, ბავშვთან დაკავშირებით ხომ არ გადაიფიქრაო, მაგრამ მალევე მოიშორა ეს აზრი. კარგად იცნობდა მეგობარს და ისიც იცოდა, თუ რამეს გადაწყვეტდა, აუცილებლად მიიყვანდა ბოლომდე.

დაფეთებული წამოხტა, კარზე გაბმული ზარის ხმა რომ გაისმა. არც გაუხედავს, ისევე გააღო და თვალებიც ჭყიტა ჩემოდნიანი ნიცას დანახვისას. აი, ამას ნამდვილად არ ელოდა!

- გამოგიშვა? - ჰკითხა
ყოველგვარი შესავლის გარეშე და ჩემოდანი თვითონვე შეიტანა შიგნით.
- წამოვედი. - ამოთქვა ტუჩებაკანკალებულმა. - თამო, გეფიცები, ჭკუიდან გადამიყვანს!
- ძალიან გეჩხუბა? რა ფერი გადევს, დაჯექი, ხომ იცი, არ შეიძლება შენთვის ნერვიულობა! - მიაყარა თვითონაც აღელვებულმა.
- მოიშორეო, ან ვუჩივლოთ იმ ბიჭს და ალიმენტი ვახდევინოთო!
- აუჰ! მერე?
- არ ვიცი, ვინაა-მეთქი... - ჩაიბურტყუნა და ძლივს ჩამოჯდა. ისე უცემდა გული, სერიოზულად ეშინოდა, ბავშვს არაფერი მოსვლოდა.
- შენ გიჟი ხარ! - გაეცინა და სამზარეულოში გავიდა, წყალი რომ მოეტანა.
- დღეს თორნიკე მელაპარაკა...
- რა უნდოდა?
- ეგონა, რომ მოვიშორე... - ჩაეღიმა რაღაცნაირად კმაყოფილს. - რას აპირებო.
- შემოგთავაზა თავისთან გადასვლა?
- არ გადავალ! - წარმოთქვა გადაჭრით. - ყველაფერს გავაკეთებ, მაგრამ მასთან არ გადავალ. ცოტა ფული მაქვს დარჩენილი, რამეს ვიქირავებ და იქნებ მუშაობაც დავიწყო.
- დღეში ცხრაჯერ გული მიგდის, რა მუშაობაზე მელაპარაკები? - თვალები აატრიალა. - და ნუ გასვანდი ახლა, მარტო შენი ხომ არაა ეგ ბავშვი.
- თამო, ისეთები მითხრა, ეგ როგორ დავივიწყო?
- ახლა შენს სიამაყეზე კი არა, ბავშვზე უნდა იფიქრო. არ იცი, რამდენი სჭირდება? ჯერ ექიმთან ვიზიტები...
- დაზღვევა...
- სტუდენტური დაზღვევა არ ანაზღაურებს! - შეაწყვეტინა.
- მაინც ვერ გადავალ! ახლა უბრალოდ არ ვიცოდი, სად წავსულიყავი...
- გოგო! - წამოენთო. - ეგ მეორედ აღარ თქვა.
- არა, მართლა ძალიან უხერხულად ვგრძნობ თავს. ყველაფერზე შენთან მოვრბივარ...
- ნეტავ, შენი მეგობარი ხომ არ ვარ და იმიტომ? - გაეცინა და გვერდით მიუჯდა, მაგრამ მალევე შეეცვალა სახე.- ნიცა, რა გჭირს?
- არა... არაფერი... - ძლივს ამოთქვა და კიდევ ერთხელ დაეუფლა ნაცნობი შეგრძნება - თითქოს საშინელი სიჩქარით მბრუნავ ატრაქციონზე იჯდა, რომელიც არაფრის დიდებით არ აპირებდა გაჩერებას. გული ყელში მიებჯინა, გამოსახულებაც გაშავდა და საბოლოოდ, გულის წასვლამდე იგრძნო, როგორ გააწნა თამომ სილა, თუმცა, ვერც ამან მოახერხა მისი გამოფხიზლება...
Image result for emily didonato tumblr gif

* * *
აღარაფერზე ნერვიულობდა, რადგან გაიგო, რომ ბავშვს არაფერი სჭირდა. კი შეეცოდა ყიფიანი, მაგრამ მან თავისი სათქმელი უთხრა, ძალით ხომ არ წაათრევდა სახლში? შესაძლოა, სულაც აჭარბებენ და არც იყოს მამიდამისი ისეთი ურჩხული, როგორც დახატეს. რომელი ნორმალური ქალი გამოაგდებს საკუთარ ძმისშვილს სახლიდან? მით უმეტეს, ორსულს... თან, ნიცას რომ იმედი არ ჰქონოდა, სტიპენდიის დაკარგვის მიუხედავად, მაინც უარს ხომ არ ეტყოდა? თვითონაც დაეხმარება, რა თქმა უნდა, ბოლოს და ბოლოს, მისი შვილი უზის მუცელში. ექიმთანაც წაიყვანს და ინახულებს კიდეც ხანდახან, მაგრამ სულაც არ თვლის თავს ვალდებულად, თავისთან აცხოვროს.

- ვიკა, ტუჩები დაიმორჩილე! - ჩაეცინა ქერათმიანი მოდელის მიმიკის დანახვისას. ნერვებს უშლიდა არაპროფესიონალებთან მუშაობა, მაგრამ ყველაფერს გმირულად უძლებდა.
- ასე უფრო დიდი მიჩანს! - გააპროტესტა გოგონამ.
- ნაოჭებს გაგიჩენს... მიდი, გასწორდი, ორი ფოტოც და დავამთავრებთ დღეს!
- აუ, თორნიკე, შევისვენოთ რა, მშია!

- გაგიკვირდება და მეც. ამიტომ კი არ უნდა დავისვენოთ, მალე უნდა მოვრჩეთ!
- შენ, ჩემგან განსხვავებით, ნორმალურად ჭამა მაინც შეგიძლია! - წუწუნს არ წყვეტდა ვიკა.
- იმიტომ, რომ მე მხოლოდ ფოტოგრაფი ვარ, შენ კი - მოდელი. ახლა კი, ძალიან გთხოვ, გასწორდი და მივიყვანოთ ბოლომდე ეს საქმე!
ის იყო, ფოტოაპარატი მოიმარჯვა, რომ მობილური აწკრიალდა და კინაღამ გაცოფებულმა ამოიგმინა, სანამ მიხვდებოდა, ვისი რეკავდა.
- ხომ გთხოვე, გადაღების დროს გამორთე-მეთქი?

- ჩემი ვაშლი არ არის! - თვალები აატრიალა ქერათმიანმა და გამარჯვებულის ტონით წარმოთქვა, თორნიკე კი თავის ქნევით წავიდა მაგიდისკენ მობილურის გასათიშად, მაგრამ ეკრანზე დაწერილმა სახელმა მაშინვე გადააფიქრებინა და აღელვებულმა გადაუსვა სენსორს თითი:
- თამო?!


* * *
გონს რომ მოვიდა, ცხვირში მაშინვე წამლის სუნი ეცა და როცა გაიაზრა, სად შეიძლებოდა ყოფილიყო, თვალების გახელისაც კი შეეშინდა. მარჯვენა ხელის ვენაში ნემსის არსებობას გრძნობდა და მიხვდა, რომ გადასხმის აპარატზე იყო მიერთებული, მარცხენა კი მუცელზე ედო, თუმცა, საშინელი სიმძიმე აწვებოდა და ისე დაბუჟებოდა, გამოძრავება არც კი უცდია. გული აუჩქარდა პანიკისგან. რა მოუვიდა? როგორ აღმოჩნდა აქ? ახსოვს, თამოსთან გული რომ წაუვიდა, მაგრამ საავადმყოფო... ღმერთო, ოღონდ ბავშვს არაფერი სჭირდეს...

ყელში ცრემლები რომ მიაწვა, ვეღარაფრით შეძლო თავის შეკავება და გადმოუშვა კიდეც, შემდეგ კი თვალები გაახილა და როდესაც ამღვრეული მზერით მიმოიხედა, წამწამები სწრაფად დააფახუნა. თორნიკეს მის მუცელზე, უფრო სწორად, მის მუცელზე დადებულ ხელზე ედო თავი და ეძინა. თორნიკე დადიანს! ლოყაზეც კი იკბინა შიგნიდან, რომ გამოფხიზლებულიყო, მაგრამ ჰალუცინაცია მაინც ვერსად გააქრო. ნუთუ, ჯერ კიდევ სძინავს?
- ამმ... - ამოიზმუვლა, როგორმე რომ მიექცია ყურადღება, მაგრამ ბიჭს აშკარად ღრმად ეძინა. - თორნიკე... - კიდევ ერთხელ ამოთქვა და მარცხენა ხელის გათავისუფლება რომ სცადა, როგორც იქნა, მიზანსაც მიაღწია - დადიანი შეიშმუშნა.

მაშინვე არ გამოფხიზლებულა და არც შეშინებულს წამოუყვია თავი, როდესაც დააფიქსირა, რომ ნიცა გონს მოვიდა. უფრო პირიქით. ჯერ ცალი თვალი გაახილა, შემდეგ აშკარად უკმაყოფილომ მიაყოლა მეორეც და თავი არც აუწევია, ისე ჩაიდუდღუნა:
- შენ ნორმალური ხარ?
- ბავშვი... - ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვის დასმა დააპირა ნიცამ, მაგრამ ხმა ვერაფრით დაიმორჩილა და ისევ ატირდა.
- კარგადაა, დამშვიდდი. მაგრამ გამაგებინე, როგორ ხარ ასეთი უპასუხისმგებლო? - როგორც იქნა, იკადრა წამოჯდომა. -მერამდენედ წაგივიდა დღეს გული?
- აქ... შენ... საიდან?

- თამომ დამირეკა, სასწრაფოთი რომ გადმოგიყვანეს. ისეთი დასუსტებული გქონდა ორგანიზმი, მაშინვე სისტემა დაგიყენეს. საერთოდ არ ჭამ საჭმელს?
- ვჭამ, როგორ არა... - ჩაიდუდღუნა დატუქსული ბავშვივით. - მაგრამ არ მშივდება.
- ეგ არაა მნიშვნელოვანი. შენ არ გშია, არგელოდის შია!
- ვის? - თვალებდაჭყეტილი თავი წამოყო, როდესაც თორნიკემ მზერით მუცელზე ანიშნა. - რა დაუძახე?
- არგელოდი. - ჩაეცინა. - რა იყო, აბა, ელოდი?
- არ გაბედო! - წაისისინა ნერვებმოშლილმა. - ბავშვს ეგ არ დაუძახო!

- რას ერჩი, მშვენიერი სახელია... - კიდევ ერთხელ ჩაიფხუკუნა, მაგრამ მალევე დასერიოზულდა. - რაც შეეხება შენს ჩემოდანს...
- მაგაზე მე თვითონ ვიზრუნებ. - შეაწყვეტინა კატეგორიული ტონით, მაგრამ არც დადიანი აპირებდა მარტივად დანებებას.
- უკვე ვიზრუნე და სიმართლე გითხრა, არ მაღელვებს, რას ფიქრობ ამაზე. შენი სიჯიუტით სად ამოჰყავი თავი, ხედავ უკვე და არ დავუშვებ, ასევე გააგრძელო.
- არ მჭირდება ვიღაცასთან სამადლოდ ცხოვრება!

- შენ, არ მაინტერესებს, რა გჭირდება, მაგრამ ბავშვს სჭირდება. ამიტომ ძალიან გთხოვ, არ გინდა უაზრო პანიკები და თავის დაფასება!
- და შენ ფიქრობ, ასეთი ტონით თუ დამელაპარაკები, შენთან წამოვალ?
- ნიცა, ვერ გაიგე, რა გითხარი? აქ საუბარი ჩემსა და შენს ურთიერთობაზე არაა. მაგრამ აქ - ხელი მუცელზე დაუკაკუნა - ჩემი შვილი ზის, რომელსაც ნორმალური გარემო სჭირდება გასაზრდელად.

- გაგიკვირდება და, ის ჩემი შვილიცაა! - წამოენთო გაბრაზებული, თუმცა, მარჯვენა ხელში ტკივილი იგრძნო ზედმეტი მოძრაობის გამო და ისევ მიწვა.
- ჰოდა, ნუღა ვიკამათებთ. გადასხმა რომ დამთავრდება, გამოიცვლი და ჩემს სახლში წავალთ, ეს თემა აღარ განიხილება! -წარმოთქვა გადაჭრით, შემდეგ კი წამოდგა, ექიმს ვეტყვი, რომ გონს მოხვედიო და პალატიდან გავიდა, ნიცა კი დატოვა არეული გონებით და კიდევ უფრო აჩქარებული გულით, რომლის დამშვიდებასაც ვერაფრით ახერხებდა და თან, ზუსტად იცოდა, ეს ყველაფერი მხოლოდ დასაწყისი იყო იმ დიდი ამბისა, რომელიც, წარმოდგენაც არ ჰქონდა, როგორ დასრულდებოდა...



* * *
გული უკანკალებდა, ექიმი რომ შემოვიდა. თორნიკემ კი უთხრა, ბავშვს არაფერი სჭირსო, არც თვითონ გრძნობდა თავს ცუდად, მაგრამ მაინც ეშინოდა. არც გამოკვლევებზე ყოფილა, იქნებ რაღაც ვერ არის რიგზე? აუცილებლად უნდა წავიდეს გინეკოლოგთან, როგორც კი აქედან გაწერენ.
- თქვენს მდგომარეობაში ეს ჩვეულებრივია, მაგრამ ორგანიზმი ძალიან გქონდათ დასუსტებული. თქვენმა ექიმმა არ დაგინიშნათ ვიტამინები ან სხვა რაიმე პრეპარატი? - ჩაფიქრებულმა ჰკითხა თეთრხალათიანმა, თორნიკე კი, კარის ჩარჩოზე მხრით მიყრდნობილი უსმენდა მათ საუბარს.
- ამმ... მე ჯერ არ ვყოფილვარ... - ამოილუღლუღა საბოლოოდ.

- ძალიან ცუდი, აუცილებლად მიდით. ორსულობის პირველი ტრიმესტრი ყველაზე საფრთხილოა. ამიტომ ასეთი უყურადღებობა არ შეიძლება. მე გაგწერთ, მაგრამ კონსულტაცია მაინც აუცილებლად გაიარეთ, შესაძლოა, წოლითი რეჟიმი გახდეს საჭირო.
- თქვენ არ შეგიძლიათ მისი გასინჯვა? - საუბარში ჩაერთო დადიანიც.
- ის გინეკოლოგმა უნდა გასინჯოს, მე მხოლოდ რჩევების მოცემა შემიძლია.
- დღეს პირველად არ წასვლია გული.

- გასაგებია, ამიტომ გეუბნებით, რომ ექიმს მიმართოთ. შესაძლოა, არც არაფერი იყოს საგანგაშო, მაგრამ მაინც. ახლა ექთანი შემოვა, სისტემას მოგხსნით და შეგიძლიათ წაბრძანდეთ, - მიუბრუნდა ისევ ნიცას. - დღეს დაისვენეთ, ნუ ადგებით.
მხოლოდ თავი დაუქნია აღელვებულმა. რატომ სთხოვს ასე დაჟინებით ექიმთან წასვლას? არა, გასაგებია, რომ ეს აუცილებელია, მაგრამ იქნებ ბავშვს რამე სჭირს და უმალავენ? კიდევ ერთხელ აუწყლიანდა თვალები და ის იყო, თორნიკე გასვლას აპირებდა, საცოდავად რომ ამოიკნავლა.
- ერთი წუთით, არ გახვიდე!

- რა ხდება? - ცოტა არ იყოს, გაკვირვებული მოუტრიალდა და ამასობაში, მომღიმარი ექთანიც შემოვიდა. საშინლად ეშინოდა ნიცას ნემსების. რომ დაენახა, როგორ უღებდნენ, გამორიცხული არ იქნებოდა, კიდევ წასვლოდა გული. აუცილებლად სჭირდებოდა ყურადღების სხვა რამეზე გადატანა.
- რამე სხვაც ხომ არ გითხრა ექიმმა და მიმალავთ?
- მდაჰმ, საიდან ამხელა ფანტაზია? შენი აზრით, დაგიმალავდი?
- აბა, ასე დაჟინებით რატომ მთხოვს, რომ...
- ეგ აქამდეც უნდა გაგეკეთებინა, სხვაგან გაქცევის ნაცვლად და იმიტომ! - უპასუხა გაღიზიანებულმა და სახე დაემანჭა, როდესაც დააფიქსირა, როგორ გამოუღო ექთანმა ნემსი ვენიდან.
- მორჩა, უკვე თავისუფალი ხართ! - გაუღიმა ახალგაზრდა გოგომ და შემდეგ თორნიკეს მიუბრუნდა: - თქვენ მე წამომყევით, თუ შეიძლება, გაწერის საბუთებია გასაფორმებელი...



* * *
- ხვალვე წავალთ ექიმთან. - გადაჭრით გამოაცხადა თორნიკემ, როგორც კი საჭეს მიუჯდა, ნიცამ კი, გაკვირვებულმა გახედა. -გყავს შენი გინეკოლოგი?
- ამმ... ისა...
- გყავს თუ არა?
- არა.
- ჰოდა, მაშინ დაურეკე შენს დაქალებს და მოძებნე ვინმე კარგი.
- მასეთი ტონით ნუ მელაპარაკები, ძალიან გთხოვ!
- ნიცა, მინდა, რომ ჩემი შვილი კარგად იყოს, რა არის ამაში გასაკვირი?
- თავს ისე ვგრძნობ, როგორც შესანახი კონტეინერი!
- ინკუბატორი! - თვალი ჩაუკრა, მაგრამ მალევე დასერიოზულდა. - არა, ისე, აქამდე რას უცდიდი?
- აქამდე შენც კარგად იცი, რა მდგომარეობაც იყო.
- ახლა ეგეც მე არ დამაბრალო, ძალიან გთხოვ! - თვალები აატრიალა, ისე, რომ არც გაუხედავს, შემდეგ კი, კოლოფიდან კბილებით ამოაძვრინა სიგარეტის ერთი ღერი.
- სხვას არაფერს გაბრალებ! - გაბრაზდა ნიცა. - ისეთს, რაც არ გაგიკეთებია. და ნუ ეწევი!
- ბატონო? - უნებურად გაეცინა და წარბებაწეულმა გახედა.
- შენს შვილს სუნი არ სიამოვნებს! - გაუღიმა, ვითომც არაფერიაო, შემდეგ კი, გამარჯვებულის სახით გაატრიალა თავი ფანჯრისკენ და სიცილი ძლივს შეიკავა, როდესაც დააფიქსირა, როგორ ამოიოხრა დადიანმა, თუმცა სიგარეტი მაინც მოისროლა...
მთელი გზა ხმა აღარ ამოუღია. თამო იკითხა მხოლოდ, გაუკვირდა, საავადმყოფოში რომ არ იყო, მაგრამ თორნიკემ „ახარა“, ის და ალექსი სახლში გავუშვი და ჩემოდანი გავატანეო. უზრუნია ბიჭს! ეს არ იყო, თავს რომ იგიჟებდა, ჩემი არ იქნება და რაც გინდა, ის უქენიო? ღირსი იქნებოდა, მართლა მოეშორებინა ნიცას ბავშვი.
- შენი მშობლები არაფერს იტყვიან, ასე უცერემონიოდ რომ მიაყენებ ვიღაც გოგოს სახლში? - იკითხა ბოლოს, რომ ვერ მოითმინა. მართლა ძალიან აწუხებდა ეს საკითხი.
- მარტო ვცხოვრობ.
- მაინც გაიგებენ...
- მერე?
- არაფერს იტყვიან?
- ნიცა, შენ რა გაწუხებს? ნუ ღელავ, შენ არავინ არაფერს არ გეტყვის. არც მეზობლები იჭორავებენ. ბავშვს გააჩენ და როცა შეძლებ, წახვალ. - აუხსნა მარტივად, შემდეგ კი მანქანა უზარმაზარი სახლის ეზოში რომ შეასრიალა, ყიფიანს ისე გაუკვირდა, გაბრაზებაც კი დაავიწყდა.
- აქ ცხოვრობ მარტო?
- ახლა უკვე შენთან ერთად. - უპასუხა გულგრილად და პირველი თვითონ გადავიდა მანქანიდან...

Image result for emily didonato instagram

* * *
თამო და ალექსი სახლში დახვდნენ. გოგონას ისეთი სახე ჰქონდა ნიცას დანახვისას, თითქოს მძიმე ტვირთი მოეხსნა გულიდან. აშკარად შეეტყო, როგორ დამშვიდებულმა ამოისუნთქა.
- როგორ ხარ? რა გითხრეს?
- უკეთ, უბრალოდ, საშინლად დავიღალე.
- აუ, რისი სუნი დგას? - ცხვირი სასაცილოდ აათამაშა თორნიკემ და პირდაპირ სამზარეულოსკენ გაემართა, რამდენიმე წამში კი, კმაყოფილი ხმით დაიძახა. - თამო, ოფიციალურად გაცხადებ რძლად!
- ეგ ნიცას შევუწვი! - გაეცინა, დადიანის რეაქციაზე.
- მეც მაგრად მშია, სხვათა შორის! - ძმაკაცს აუბა მხარი ალექსმაც.

- და შენს მეგობარს ჭამა კი არა, დასვენება სჭირდება... - ისევ მისაღებში დაბრუნდა თორნიკე. - ექიმმა თქვა, იწვეს დღეს და ხვალ წავიდეს გამოკვლევებზეო.
- ამის მეგობარს თუ ეტყვი, სად უნდა წამოწვეს, მეტად აღარ შეგაწუხებს! - თვალები დააწვრილა გაბრაზებულმა ნიცამ და ისე გახედა, რომ შეძლებოდა, ადგილზევე მიახრჩობდა, თამომ კი ჩაიფხუკუნა მის საქციელზე.
- წავალ, მე მაგიდას გავშლი და თქვენ დალაგდით. ალექს, მომეხმარე, რა! - ცერა და საჩვენებელი თითებით გამოიწია ყელი და შემდეგ შეყვარებულთან ერთად გაუჩინარდა სამზარეულოში...
- წინასწარ გაფრთხილებ, შენს საძინებელში... - კატეგორიული ტონით წამოიწყო ნიცამ, თუმცა დადიანის სიცილმა ერთიანად ჩამოშალა მისი თავდაჯერებულობა.
- რატომ გგონია, რომ ამხელა სახლში მაინცდამაინც ჩემს ოთახში დაგაძინებ?
- არც ვაპირებ, ერთხელაც მეყო! - წაისისინა და უკან მიჰყვა კიბეზე მიმავალ ბიჭს.
- ჰო, არა? და შანსი რომ გქონდეს, აღარ გაამეორებდი?
- დამცინი?
- არა, რატომ? - ისე გულწრფელად გაიკვირვა, ეჭვსაც ვერ შეიტანდით, შემდეგ კი, მარცხნივ პირველივე კარი შეაღო და პირველი თვითონ შევიდა შიგნით. - უახლოესი ცხრა თვე ეს იქნება შენი საძინებელი.
- რვა.
- რა?
- რვა თვე.
- მით უკეთესი! - ვალში არ დარჩა. საშინლად აღიზიანებდა, კიდევ აქეთ რომ იყო გაბრაზებული. - ჩემოდანი გარდერობშია, სააბაზანო აქვე გაქვს, ჩემი ოთახი დერეფნის ბოლოსაა. მე გავალ, შენც მოწესრიგდი და თუ გინდა, ჩამოდი, ვივახშმოთ.
- არ მშია.
- არგელოდის შია. - გაიმეორა დილანდელი, შემდეგ კი ისე სწრაფად გავიდა ოთახიდან, გოგონას ხმის ამოღებაც აღარ დააცადა...

გაგრძელება იქნება  
ავტორი ნათია ჯაგოდნიშვილი
იხილეთ ასევე: შეცდომა. თავი 4. „გაქცევა“




FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
e87a93