ნოველები

შეცდომა. თავი 6. „პირველი კონტაქტი“

შეცდომა. თავი 6. „პირველი კონტაქტი“
მთელი ღამე ვერ მოხუჭა ნიცამ თვალი. თამო და ალექსი კი გვიან წავიდნენ, მაგრამ მაინც პატარა ბავშვივით გაეტირა. კოშმარი იყო თორნიკესთან ერთად მარტო დარჩენა. როგორ უნდა გაეძლო მთელი ეს პერიოდი მისი ირონიისთვის? როგორ მოეთმინა ყველაფერი? და ყველაზე მეტად მაინც ის აცოფებდა, მართალი რომ იყო! მის ადგილას სხვა ამდენს არც გაუკეთებდა.

არა, ვერაფერს იტყვით, სახლიც შესანიშნავი იყო და ოთახიც. ყველაფერი გემოვნებით და ლამაზად მოწყობილი. ნიცას საძინებელს კი ეტყობოდა, სტუმრებისთვის რომ იყო განკუთვნილი, მაგრამ არაფერი დაეწუნებოდა. ისე მოეწონა,
მთელი რვა თვის მხოლოდ ამ ოთახში გატარება რომ მოუწიოს, სულაც არ იქნება წინააღმდეგი. ერთადერთი პრობლემა ისაა, უკაბელო ინტერნეტზე ვაჟბატონს პაროლი რომ უდევს. ცოცხალი თავით არ ჰკითხავს თვითონ, არადა, ისეც როგორ გაძლოს? ბოლოს და ბოლოს, სწავლისთვის ხომ მაინც დასჭირდება.

ფიქრებიდან კარზე კაკუნმა გამოარკვია. დიდი ხანია ეღვიძა, მაგრამ ადგომა ეზარებოდა. ცხრასაათიანი ლექციაც სინდისის ქენჯნის გარეშე გააცდინა და არც ექიმთან წავიდოდა, ასე ძალიან რომ არ აინტერესებდეს ბავშვის მდგომარეობა.
- გღვიძავს? - თავი შემოყო თორნიკემ. ჯინსის შარვალი ეცვა, კუბოკრული პერანგი კი უბრალოდ ჰქონდა შემოცმული და უნამუსოდ ახარბებდა იდეალურ პრესს.
- კი, მოხდა რამე? - არც კი წამომჯდარა, ისევე უპასუხა და მაქსიმალურად ეცადა, თვალი არ გაქცეოდა.
- გაემზადე და წავიდეთ ექიმთან, თორემ სამზე სამსახურში უნდა ვიყო.
- სამსახურში?- აი, ახლა კი ჭყიტა თვალები. ეს როდის გამოეპარა?
- ჰო, რა იყო?
- არა, არაფერი... ისე, სამზე რომელი სამსახური იწყება?
- ჩემი. - მოუჭრა მოკლედ და ისე გავიდა ოთახიდან, მეტი აღარაფერი წამოსცდენია.

არადა, როგორ აინტერესებდა ნიცას? ნუ, თამოს კი ჰკითხავს და გაიგებს, მაგრამ ახლა შემოუტია ცნობისმოყვარეობამ. ნეტავ, სად მუშაობს? ან ასე გვიან რატომ იწყებს... ჰმ, საინტერესოა. იქნებ რამე უკანონოს აკეთებს? აბა, საიდან ამხელა სახლი? თანაც, მარტო ცხოვრობს. მანქანაც ხომ ჰყავს, ბაიკიც, ამ ყველაფერს კი დიდი ფული სჭირდება... არა, აშკარად რაღაცაშია საქმე.

სწრაფად გაიქნია თავი უაზრო ფიქრების გასაგდებად და საკუთარ თავზევე გაეცინა. როგორი გაბრაზებული იყო, რამხელა შეურაცხყოფა მიაყენა ერთი კვირის წინ, ახლა კი, სულელი გოგოსავით, იდგა გარდერობის წინ და არჩევდა, რა ჩაეცვა. თითქოს პაემანზე მიდიოდა ოცნების მამაკაცთან. არა, კი ეგონა ადრე, რომ მართლა მიაგნო უცხენო პრინცს, მაგრამ თურმე, საშინლად ცდებოდა. გვირგვინის ნაცვლად, ბავშვი შერჩა.
გაღიმებულმა მოისვა მუცელზე ხელი. რამდენიც არ უნდა ეფიქრა, მაინც ვერაფრით წარმოიდგენდა, რომ ოცი წლის ასაკში დედა გახდებოდა.

ყოველთვის იმას ამბობდა, სანამ სწავლას არ დავამთავრებ და კარიერას არ ავიწყობ, არაფერს ვაპირებო, მამიდამისსაც დასცინოდა, გათხოვებაზე რომ ეჩიჩინებოდა, ახლა კი... მართალია, არ გათხოვილა, მაგრამ დაორსულდა. თანაც ადამიანისგან, რომელსაც წამითაც კი არ უფიქრია სხვანაირ ურთიერთობაზე. ჰმ, ბედიც ასეთი უნდა.
- ნიცა, დაღამდა! - კიდევ ერთხელ მიუკაკუნა მოთმინებაგამოლეულმა თორნიკემ და როდესაც დაინახა, რომ ჩაცმული იყო, თვალები აატრიალა. - რაღას იპრანჭები? წამოდი!
- თუ ასე გეჩქარება, წადი, არაა საჭირო, რომ წამომყვე.

- შენ არც მოგყვები, მე ის მაინტერესებს, ჩემი შვილი როგორ გრძნობს თავს.
- მაპატიე, დამავიწყდა, რომ ინკუბატორი ვარ! - გაუღიმა ირონიულად, ჩანთას ხელი დაავლო და გაბრაზებული პირველი თვითონ გავარდა ოთახიდან.

Image result for girl in bed morning tumblr


* * *
ისე მოუსვენრად იჯდა მისაღებში, ვეღარ ითმენდა, როდის მოვიდოდა მისი რიგი. ფეხებს ათამაშებდა და შურით აყოლებდა იმ გოგონებს თვალს, ექიმის კაბინეტიდან რომ გამოდიოდნენ. საშინლად ეშინოდა. ზოგადად, ექიმები დიდად გულზე არ ეხატებოდა, როგორც ყველას, თუმცა ახლა მაინც განსაკუთრებულად ნერვიულობდა. თორნიკე კი, უდარდელად მოკალათებულიყო მის გვერდით და მშვიდად ათვალიერებდა „ფეისბუქს“.
-ნიცა, ტვინში მიკაკუნებს შენი ფეხსაცმელების ხმა. - ამოიოხრა ბოლოს, გოგონამ შეუმჩნევლად რომ უმატა ფეხების ბაკუნის ტემპს.
-ნევროპათოლოგს გაესინჯე.

- ეგ არც შენ გაწყენდა! - უპასუხა ისე, რომ არც შეუხედავს, თუმცა მაშინვე ასწია თავი, როგორც კი თეთრხალათიანმა გოგონამ ნიცას გვარი წარმოთქვა.
- შეგიძლიათ შებრძანდეთ, ექიმი გელოდებათ! - გაუღიმა და ისევ კარს მიღმა გაუჩინარდა, ყიფიანმა კი ისეთი სახით გადახედა ბიჭს, თითქოს ელოდებოდა, რომ შეჰყვებოდა.
- წამოგყვე?
- როგორც გინდა... - საწყლად აიჩეჩა მხრები, თორნიკემ კი ოხვრით გადაიქნია თავი, თუმცა მაინც წამოდგა. სიმართლე ითქვას, თვითონაც არანაკლებ აინტერესებდა, რას იტყოდა ექიმი.
კაბინეტში შუახნის, მოკლეთმიანი, ფუმფულა ქალი დახვდათ. ღიმილზევე ეტყობოდა, როგორი თბილიც იყო და ნიცას თითქოს მაშინვე მოეხსნა ნერვიულობა, თუმცა, სულ ტყუილად. წარმოდგენაც არ ჰქონდა, წინ რამდენი პროცედურა ელოდა.
- აბა, ლამაზო გოგო, რა გვაწუხებს? - გაუღიმა ექიმმა, რომელსაც, როგორც მაგიდაზე დადებული დაფიდანაც ჩანდა, მაია ერქვა.
- ორსულობის ტესტი გავიკეთე და ყველა დადებითი იყო...

- მომილოცავს! - კიდევ უფრო გაუფართოვდა ღიმილი. - ანუ, კონსულტაციაზე ვართ. რაო, მამიკო, აღარსად ვუშვებთ მარტოს? - შემდეგ კი თორნიკეს მიუბრუნდა, მაგრამ საპასუხო რეაქცია რომ ვერ მიიღო, ისევ ნიცაზე გადაერთო. - ესე იგი, ახლა გაგიშვებ შენ ექოსკოპიაზე და შემდეგ პასუხებით შემოხვალ ჩემთან. სისხლის საერთო ანალიზი გაკეთებული გაქვს?
- გუშინ გაუკეთეს საავადმყოფოში, გული წაუვიდა. - ხმა ამოიღო დადიანმაც.

- ხომ არ წამოგიღიათ ფურცელი?
- არა, მაგრამ ყველაფერი ნორმაში ჰქონდა.
- ძალიან კარგი, მეტად აღარ დაგჩხვლიტავ მაშინ, აი, მიმართვა გამომართვი და სამას შვიდში შედი ნინოსთან. - შემდეგ კი მართკუთხა ფორმის, გაურკვეველწარწერიანი ბარათი გაუწოდა და ანიშნა, რომ შეეძლოთ წასულიყვნენ...
- რა საყვარელი ქალია! - გაეღიმა ნიცას, როგორც კი კაბინეტიდან გამოვიდნენ.
- საიდან დაასკვენი?
- თბილია. და შენ თუ ასე უჟმურად უნდა იყო, წადი საერთოდ.
- რას მელაპარაკები, გაწუხებ? - გაეცინა. - შეგახსენო, რატომ წამოგყევი?
- ექოსკოპიაზეც უნდა შემომყვე?
- აბა, შენი და მაიას საუბარი კი არ მაინტერესებდა! - თვალები აატრიალა, რა არის გაუგებარიო და პირველმა თვითონ შეაღო მორიგი ექიმის კაბინეტის კარი...


ცოტა არ იყოს, თავს უცნაურად გრძნობდა. აბა, როგორია, რამდენიმე წამში საკუთარი შვილის გულისცემა უნდა მოესმინა, რომელიც მის შიგნით ცოცხლობდა. პასუხებზე მეტად მონიტორზე ამ პატარა არსების დანახვა უფრო აინტერესებდა და ღელვა კიდევ უფრო ემატებოდა, თორნიკეც რომ შეჰყვა შიგნით. ერთი შეხედვით, სასაცილოც კია, მის წინაშე უხერხულად რომ გრძნობს თავს, ბოლოს და ბოლოს, მისგანაა ორსულად, მაგრამ მაინც საშინლად დაძაბულია. ერჩივნა, სულ მარტო წამოსულიყო, ვიდრე ასე, ზედამხედველივით დასდგომოდა თავს დადიანი.
მოულოდნელობისგან შეკრთა, მუცელზე სიცივე რომ იგრძნო, შემდეგ კი, ექოსკოპიის აპარატმა დაუწყო ღიტინი. არც გუგუნის ხმა გაუგია და მონიტორიც ისე იდგა, ვერაფერს ხედავდა. რატომ არ ისმის გულისცემა?

- მერამდენე ორსულობაა? - საქმიანი ხმით ჰკითხა თეთრხალათიანმა და რაღაცების ჩანიშვნა დაიწყო.
- პირველი. - უპასუხა ხმადაგუდულმა და შეშინებული თვალებით გადახედა თორნიკეს, თუმცა ისიც არანაკლებ დაბნეული ჩანდა.
- ყველაფერი რიგზეა? - იკითხა ბოლოს დადიანმა, მეტი რომ ვეღარ მოითმინა.
- ცოტათი ტონუსი არ მომწონს...
- გულისცემის ხმა რატომ არ ისმის? - ამოიკნავლა ნიცამაც და შეშინებულს აუწყლიანდა თვალები. იქნებ... არა, შეუძლებელია.
-არ ჩამირთავს და იმიტომ... - გაეღიმა ქალს მის გულუბრყვილობაზე. - ნუ ღელავთ, ნაყოფს არაფერი სჭირს. ხუთი კვირის ორსული ხართ, დეტალურად დაგიწერთ ყველაფერს და შემდეგ თქვენი გინეკოლოგი აგიხსნით, როგორ უნდა მოიქცეთ.

- არ შეიძლება, რომ დავინახოთ?
- კი ბატონო. - შეუტრიალა მონიტორი და თითქმის შეუმჩნეველი წერტილისკენ ანიშნა. - ახლა კი, გულისცემასაც ჩაგირთავთ...
და შემდეგ მთელი ოთახი ისეთი აჩქარებული ბაგაბუგით აივსო, ნიცას სუნთქვაც კი შეეკრა ემოციისგან. იმ მომენტში ზუსტად იცოდა, ამაზე ბედნიერად თავი არასდროს უგრძვნია. ერთიანად ჟრუანტელმა დაუარა, როცა გაიაზრა, რომ ახლა მხოლოდ თეორიულად კი აღარ იცოდა ბავშვის არსებობის შესახებ, ან კი არ გრძნობდა, ხედავდა კიდეც. და ვერც თავი ვეღარ შეიკავა ცრემლებისგან. სწრაფადვე აემღვრა მზერა და თორნიკეს რომ გახედა გულაჩქარებულმა, ისიც ისეთი სახით უყურებდა მონიტორს, წამიერად გაიფიქრა, რომ ამიერიდან მათ შორის რაღაც ახალი დაიწყებოდა.
- აი, ეს გამომართვით... - ქაღალდის ხელსახოცი გაუწოდა ექიმმა, მუცელი რომ გაეწმინდა. - ესეც პასუხების ფურცელი და ჩემგან თავისუფალი ხართ, შეგიძლიათ მაიასთან შეხვიდეთ. - შემდეგ კი გაუღიმა და როდესაც „წყვილმა“ კაბინეტი დატოვა, ისევ თავის საქმეს დაუბრუნდა...
- რა პაწაწინა იყო... - ჩაეღიმა თორნიკეს, სანამ მაიასთან შევიდოდნენ. არც უნდოდა დიდად ემოციის გამომჟღავნება, მაგრამ მეტად ვეღარ შეიკავა თავი.
- და როგორ სწრაფად უცემდა გული! - აჰყვა ნიცაც. ისეთი ბედნიერი იყო, სულ არ ადარდებდა, რა მდგომარეობაში იმყოფებოდა.
- ტონუსი რა არის? - თუმცა, სრულიად მოულოდნელად ჰკითხა დადიანმა და თითქოს ამ კითხვით სილა გააწნა. არც კი ახსოვდა, ნინომ რომ თქვა, არ მომწონსო...
- როგორც ვიცი, დაჭიმულობაა და საშიშია... - შეწუხებული სახით ამოიოხრა და დაკაკუნების შემდეგ წეღანდელივით აღელვებულმა შეაღო მაიას კარი.
ხვდებოდა, ერთი დღისთვის ზომაზე მეტი ნერვიულობა რომ მოუვიდა, მაგრამ მაინც ვერ მშვიდდებოდა. პატარა ბავშვივით ცქმუტავდა, სანამ ექიმი ფურცლებს ჩაჰყურებდა. მთავარი კი უკვე გადაიარა, როცა გულისცემა მოისმინა, მაგრამ არანაკლები წინ ჰქონდა. თორნიკესაც კი ატყობდა, მოუსვენრად რომ იჯდა და რამდენჯერმე ტუჩზეც იკბინა, სიჩუმის შესანარჩუნებლად.
- აღარაფერს იტყვით? - საბოლოოდ, ისევ დადიანს უმტყუნა მოთმინებამ, დაახლოებით ათი წუთი რომ გავიდა სიჩუმეში, თუმცა მაიამ ისეთი თვალებით ახედა, წამშივე გააჩუმა.
Image result for emily didonato
- ნიცა, საყვარელო, წელის ტკივილი ხომ არ გაწუხებს?
- არა... უნდა მაწუხებდეს?
- ტონუსი გაქვს ძალიან მომატებული. მძიმეებს ხომ არ სწევდი? ან ფიზიკურად ხომ არ იტვირთებოდი?
- არა, არაფერი მსგავსი. მხოლოდ თავბრუსხვევები მქონდა და რამდენჯერმე გული წამივიდა.
- ეგ ბუნებრივია, ორსულობის სიმპტომებია.
- და ეგ რაღაც საშიშია? - ჩაერთო თორნიკეც.
- თუ არ მივხედავთ, საშიშია, განსაკუთრებით, პირველ ტრიმესტრში.
- წამლები უნდა დავლიო?
- არა, ჯერჯერობით, ორკვირიანი წოლითი რეჟიმი დავნიშნოთ და თუ არ გამოსწორდება, შემდეგ უკვე სხვანაირად ჩავერევით...
- და თუ არ გამოსწორდება, რა მოუვა? - ვერ ისვენებდა დადიანი.
- ზედმეტად მომატებულმა ტონუსმა, შესაძლოა, ნაყოფის მოშორება გამოიწვიოს...



* * *
ძლივს მოახერხა ცრემლების შეკავება. ძალიან ერიდებოდა უცხო ადამიანის წინაშე ტირილის. არც თორნიკესთან აცრემლების პერსპექტივა ეხატებოდა დიდად გულზე, მაგრამ ამას აღარ დარდობდა, მთავარი იყო, მანამდე გაეძლო, სანამ კაბინეტიდან გავიდოდნენ. ექიმს მეტი აღარაფერი უთქვამს, მხოლოდ ზოგადი რჩევებით შემოიფარგლა, ნერვიულობის, ალკოჰოლის, სიგარეტისა და კოფეინის აკრძალვასთან დაკავშირებით, ორი კვირის შემდეგ შევხვდებითო, გაუღიმა და დაემშვიდობა.

ისეთი სახით გამოვიდა ნიცა კაბინეტიდან, ვინმე იფიქრებდა, რომ რაღაც საშინელება უთხრეს. და იყო კიდეც მისთვის საშინელება ის, რაც მოისმინა. ბავშვს რომ მართლა რამე მოსვლოდა, მერე? როგორღა უნდა ეცოცხლა? ეს პატარა რომ გამქრალიყო, ახლა შიგნით რომელიც ეჯდა, ალბათ, ჭკუიდანაც გადავიდოდა. ვერ გადაიტანდა, ეს ზუსტად იცოდა, მაგრამ წარმოდგენა არ ჰქონდა, შემდეგ რას მოიმოქმედებდა.
- ნიცა, რა გჭირს? - ფიქრებიდან ჯერ თორნიკეს ხმამ გამოიყვანა, შემდეგ კი ხელზე შეხებამ. ისეთი სახით უყურებდა, თვითონვე შეეშინდა.
- რა მჭირს?
- გადათეთრდი. რამე მოგივიდა? შევბრუნდეთ, გინდა?
- არა, არა, არაფერია. - გაუღიმა ნაძალადევად და პირველი თვითონ მოკალათდა მანქანაში...
ყელში გრძნობდა გულისცემას და მთელი გზა მუცელზე ელაგა ხელები. არც კი უნდოდა იმის წარმოდგენა, რომ შეიძლებოდა რაღაც ცუდი მომხდარიყო. რატომ ემართება ყველაფერი მას? ხომ შეიძლება, ბავშვი მაინც გაჩნდეს პრობლემების გარეშე? მაგრამ არა, ყველაფერი უნდა გაურთულდეს, როგორც ყოველთვის! იგრძნო, როგორ გაეჩხირა მძიმე ბურთი, შემდეგ კი, ტუჩზე იკბინა, ხმამაღლა რომ არ აღრიალებულიყო, თუმცა არ გამოუვიდა და მაინც გადმოუშვა ცრემლები.
საქარე მინას იყო მიშტერებული დადიანი და საჭეზე ძლიერად შემოეხვია თითები, სრუტუნის ხმა რომ გაიგონა. თავიდან არც მიაქცია ყურადღება, იფიქრა, მომეჩვენაო, შემდეგ კი, ისევ რომ განმეორდა, მაქსიმალურად შეუმჩნევლად გააპარა თვალი მარჯვნივ და როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, ძალიან შიგნით, რაღაცამ მტკივნეულად გაკაწრა. მაშინვე მიხვდა ნიცას ცრემლების მიზეზს, მაგრამ ის ვერ მოიფიქრა, რა უნდა ეთქვა. როგორ დაემშვიდებინა? თვითონაც ცუდად გრძნობდა თავს ექიმის სიტყვების გამო. ცდილობდა, არ შეემჩნია, არც კი ეფიქრა ამაზე, მაგრამ თითქოს სული ეხუთებოდა, როდესაც იაზრებდა, რომ ბავშვის სიცოცხლე რისკის ქვეშ იყო. მართლა რომ მოშლოდა მუცელი, მერე? ამაშიც თვითონ იქნებოდა დამნაშავე. რამდენი ანერვიულა...
- ნიცა, კარგი, რა... - ამოიოხრა ბოლოს, ზედმეტად რომ შეაწუხა სინდისმა, გოგონა კი, მისი ხმის გაგონებისას, უფრო ატირდა. ყოველთვის ასე მოსდიოდა, როცა ამშვიდებდნენ, გული უჩუყდებოდა და ტირილს უმატებდა, ახლა კი, თითქოს საპნის ბუშტი იყო და ერთიანად გასკდა.
- მოვკვდები, რამე რომ მოუვიდეს... - ამოისლუკუნა ნაწყვეტ-ნაწყვეტ და გული ამოუჯდა, თორნიკემ მანქანა გზიდან რომ გადაიყვანა. საერთოდ არ ჰქონდა ახლა მასთან საუბრის თავი, მაგრამ, როგორც ჩანს, ვერ ასცდებოდა.
- არაფერი არ მოუვა, გესმის? - გაისმა დადიანის საოცრად დარწმუნებული ხმა, შემდეგ კი ნიკაპზე მოჰკიდა ხელი და თავი ისე შეატრიალებინა, პირდაპირ თვალებში რომ ეყურებინა.
ყველაფერი ერთად იკითხებოდა მის მზერაში. თავდაჯერებულობა, იმედი, რწმენა, რომელიც საკუთარი სიტყვების მიმართ ჰქონდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, სულ ოდნავ მაინც ჩანდა შიში და ეს საკმარისი იყო ნიცასთვის, კიდევ უფრო ხმამაღლა რომ ატირებულიყო.
- ძალიან მეშინია... - ამოიჩურჩულა და არც უფიქრია, ისე ჩამოადო მხარზე თავი. ისე ძალიან სჭირდებოდა ახლა ვინმეს მხარდაჭერა, არც ადარდებდა, რას იფიქრებდა თორნიკე. ბოლოს და ბოლოს, იმ ბავშვის მამა იყო, რომელსაც მუცლით ატარებდა. რა ჰქონდა დასამალი? სულაც არ იყო საჭირო ემოციების გაკონტროლება და ცრემლების ჩუმად ყლაპვა.
დადიანი კი, იჯდა გახევებული და არ იცოდა, როგორ მოქცეულიყო. ხელიც კი ვერ მოხვია, იმდენად მოულოდნელად მოხდა ყველაფერი. რა ჯანდაბა ემართება? როგორ შეიძლება ამხელა კედელი ჰქონდეს აღმართული იმ გოგოსთან, რომელიც დააორსულა? სასაცილოდაც კი ჟღერს. ისე იქცევიან, ვინმემ შორიდან რომ შეხედოს, არც დაიჯერებს, თუ ოდესმე მათ შორის რამე ყოფილა.
- შენ ხომ გრძნობ, რომ შენთანაა? - წამოიწყო ბოლოს, როცა მიხვდა, ნიცა რომ გაჩერებას არ აპირებდა.
- კი...
- ჰოდა, ნუ ტირი. არაფერი არ მოუვა, იმდენი ინერვიულე, გასაკვირიც იქნებოდა, ყველაფერი რიგზე რომ გქონოდა.
- რომ თქვა, შეიძლება ნაყოფი მოგშორდესო?
- მერე ის ხომ არ უთქვამს, აუცილებლადო. დამშვიდდი და ნუღა ტირი, თორემ გრძნობს, ხომ იცი? - გაუღიმა და ცერებით შეუმშრალა ცრემლები.
ისეთი თვალებით უყურებდა ნიცა, ყველაფერს დაუჯერებდა, რაც არ უნდა ეთქვა. თითქოს მისი სიტყვები სჭირდებოდა მხოლოდ გონზე მოსასვლელად. უპირობოდ ირწმუნებდა ყველაფერს, ყველაზე დიდ ტყუილსაც კი, მთავარი იყო, ეთქვა. მის მზერაში იგრძნო ეს დადიანმა და ისეთი უცნაური შეგრძნება გაუჩნდა, ძალიან გაუჭირდა ხელების მოშორება მისი სახიდან.
- შეიძლება? - იკითხა გაუაზრებლად და მზერით მუცელზე ანიშნა. საშინლად მოუნდა, შეხებოდა. იცოდა, რომ ჯერ მაინც ვერაფერს იგრძნობდა, მაგრამ თითქოს სისხლმაც კი უფრო სწრაფად დაიწყო მოძრაობა ძარღვებში, ისე მიაწვა სურვილი. აქამდე რატომ არ უფიქრია ამაზე?
აცრემლებულმა დაუქნია ნიცამ თავი და სუნთქვა შეეკრა, როდესაც თორნიკეს ხელი მუცელზე იგრძნო. წამებში დაავიწყდა რამდენიმე დღის წინ საკუთარი თავისთვის დადებული პირობა მისი დავიწყების შესახებ. ღმერთო, იმდენჯერ ჰქონდა წარმოდგენილი ეს მომენტი და იმდენ სხვადასხვა სიტუაციაში, ვერც კი იჯერებდა, ახლა რომ რეალურად ხდებოდა. ბრაზდებოდა, ასე მარტივად რომ დაივიწყა ყველაფერი, მაგრამ უბრალოდ შეუძლებელი იყო სხვა რამეზე ეფიქრა, როდესაც დადიანის თბილი ხელი ასე ფრთხილად ეფერებოდა მუცელზე.
- ჯერ არ გაინძრევა, ხო? - ჩაეცინა ბოლოს და ნიცასაც გაეღიმა მის შეკითხვაზე.
- იცი რამხელაა?
- რამხელა?
- ხუთი მილიმეტრი! - რაც მართალია, მართალია, ვერც თვითონ იჯერებდა, მაგრამ ექოსკოპიის ფურცელში ყველაფერი დეტალურად ეწერა.
- კარგი, რა! მასეთი პატარა?
- აბა, რა გგონია, მეტი დიდი რომ იყოს, პლუს, მთელი ცხრა თვე იზარდოს, ბოლოს სად უნდა ჩამეტიოს? - იკითხა სრული სერიოზულობით, თორნიკეს კი სიცილი აუტყდა მის შეკითხვაზე.
- ისე, რას ფიქრობ, გოგოა თუ ბიჭი?
- სიმართლე გითხრა, წარმოდგენა არ მაქვს, - აღარ დაუმალა და ჩაიფხუკუნა.
- დედები გრძნობენო...
- ჰო, მაგრამ ჯერ ძალიან პატარაა. შენ... - წამიერად გაჩუმდა. არც იცოდა, ეკითხა თუ არა. როდის ჩამოუყალიბდა თორნიკესთან ასეთი უშუალო ურთიერთობა? ღირდა საერთოდ? მისთვის ხომ მხოლოდ ინკუბატორი იყო. - შენ ბიჭი გინდა? - მაგრამ მაინც გაბედა და ცოტა არ იყოს, გაურკვეველი მზერაც დაიმსახურა საპასუხოდ.
- არგელოდის რომ ვეძახი, იმიტომ? თუ საიდან დაასკვენი?
- რა ვიცი... - მხრები აიჩეჩა დაბნეულმა. ისე უხერხულად იგრძნო თავი. ნეტავ საერთოდ არ ეკითხა.
- ნუ, სიმართლე გითხრა, მე ჯერ მამობას საერთოდ არ ვაპირებდი... მაგრამ რადგან ასე გამოვიდა, რა მნიშვნელობა აქვს?
- გასაგებია. - მოუჭრა მოკლედ, პირველი წინადადებით გაღიზიანებულმა. იმას კი არ უარყოფდა, ამ ბოლო დროს ყველაფერი რომ ნერვებს უშლიდა და შეიძლებოდა ისეთ რამესაც გაებრაზებინა, რასაც აქამდე ყურადღებასაც არ მიაქცევდა, მაგრამ მაინც არასასიამოვნო მოსასმენი იყო ის, რომ დადიანს მომავლის გეგმები შეუცვალა.

ბიჭსაც აღარაფერი უთქვამს. მხოლოდ ამოიოხრა, როცა მიხვდა, რაც მოხდა, მაგრამ მაინც არ აპირებდა არც ბოდიშის მოხდას, არც ტყავიდან გაძვრომას ნიცას შესარიგებლად. რა უთხრა ტყუილი? თვითონაც ხომ იცოდა, ყველაფერი შემთხვევით რომ მოხდა. უფრო მეტიც, ლოგიკური თვალსაზრისით, სწორედ თორნიკე გამოდიოდა „მსხვერპლი“, რომლის სურვილიც არ გაითვალისწინეს და მოატყუეს. მაგრამ ამას ახლა უკვე აღარანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა. ერთადერთი, რაც ახლა აინტერესებდა, ბავშვი და მისი ჯანმრთელობა იყო. თავს დამნაშავედ გრძნობდა, ყველაფერი ასე რომ მოხდა. იქნებ თავის დროზე ამდენი რომ არ ენერვიულებინა, ახლა ყველაფერი სხვანაირად ყოფილიყო.
სახლამდე ისე მივიდნენ, აღარც ერთს არ ამოუღია ხმა. საკუთარ თავზე ეშლებოდა ნიცას ნერვები, ასე რომ გაუტია. არა, რა ეგონა? რადგან მუცელზე ხელი დაადო და ცრემლები შეუმშრალა, ყველაფერი შეიცვალა? შეუყვარდა? ჰმ, კი, როგორ არა! თვითონ იყოს სულელი, თორნიკესი რა ბრალია.
- არ გშია? - კიბეზე ადიოდა უკვე, დადიანის ხმა რომ მისწვდა.
- ჯერ არა, თუ მომშივდება, ჩამოვალ.
- დილითაც არაფერი გიჭამია. ხომ იცი...
- თორნიკე, ბავშვი თავის მისაღებ საკვებს ისედაც იღებს, - გააწყვეტინა უხეშად. - და მე რაც შემეხება, არ მშია. - შემდეგ კი, აღარც დალოდებია, ისე აუყვა კიბეს და მეტი ეფექტისთვის, საძინებლის კარიც საკმაოდ ხმაურიანად მიიხურა.

გაგრძელება იქნება  
ავტორი ნათია ჯაგოდნიშვილი
იხილეთ ასევე: შეცდომა. თავი 5. „ახალმოსახლეობა“

FaceBook ბეჭდვა
ტეგები:
კომენტარები / 2 /
მარიამი
როგორ ველოდბი
22:12 / 15-10-2016
გამოხმაურება / 0 /
ფერია
ძაან მაგარია ერტი სული მაკ ხოლმე მომდევნო ტავი როდის დაიდება
00:05 / 15-10-2016
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93