ნოველები

შეცდომა. თავი 7. „ვახშამი ორისთვის“

შეცდომა. თავი 7. „ვახშამი ორისთვის“
-აი ყველაზე მეტად, შენზე ვერ ვიფიქრებდი მაგას!-ჯერ კიდევ მოსმენილით გაოცებული იყო ირა. კი ატყობდა ამ ბოლოს დროს ნიცა რომ ძალიან შეიცვალა, ბევრი საიდუმლოებაც გაუჩნდა და საერთოდაც, ძალიან იშვიათად ხედავდა, მაგრამ ასეთი ამბები თუ ტრიალებდა მის თავს, რას წარმოიდგენდა?! ცოტა ხნის წინაც, რომ დაურეკა და უცნობი მისამართი ჩააწერინა, აქ მოდიო, ვერც მაშინ იეჭვა ვერაფერი.
-და როდემდე აპირებდი ჩვენთვის დამალვას? - არ ჩამორჩა ანიც. გოგონამ ყველანი ერთად შეკრიბა და საბოლოოდ, მათაც „ახარა“ ახალი ამბავი. კი იცოდა, განსხვავებული
რეაქციები რომ მოჰყვებოდა, მაგრამ ასეთსაც არ ელოდა.
-რადგან ის სულელური გადაწყვეტილება შეცვალე და ბავშვი დაიტოვე, აღარაფერს გეუბნები. - ხმა ამოიღო თეკომაც. თვითონაც დედა იყო და მაინც, ასე თუ ისე, სხვებთან შედარებით რბილად შეხვდა ახალ ამბავს.

-თქვენ გგონიათ, მე მინდოდა? -ამოიოხრა და თამოს ისეთი სახით გადახედა, აშკარად ანიშნებდა, დამეხმარეო.
-დაგაძალა, ხო? -არ ჩერდებოდა ირა.-კარგი, რა. არა, აი მაინც ვერ ვხვდები, შენ, რომელიც სტიპენდიას და სწავლას იყავი გადაყოლილი, ვიღაც თვითმაყოფილმა იდიოტმა ასე ძალიან როგორ გადაგრია?!

-მასეთი ცუდი ბიჭიც არ არის. - ხმა ამოიღო თამომაც.-ნუ კი, თავიდან მეც ვლანძღავდი, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ დავადანაშაულებ.
-და რას აპირებ, ნიცა? სანამ გააჩენ, აქ იქნები, მაგრამ მერე? ბავშვზე როგორ იმოქმედებს თქვენი ურთიერთობა?! შენ არ გინდა სიყვარული?
-ანი, გეხვეწები, ახლა მეტის დამატება მართლა არ მჭირდება.

-არ გიმატებ. უბრალოდ რეალობას გაჩვენებ, რომელიც გელოდება. რა უნდა ქნა? მშვიდად უყურო, როგორ გაიჩენს შენი შვილის მამა შეყვარებულს? და შენ ამ დროს სახლში იჯდე და სტაფილოს წვენი სვა? არ გეუბნები, რომ ბავშვი უნდა მოიშორო, ის მართლა არაფერ შუაშია, მაგრამ თავის დროზე რატომ არ დაფიქრდი?
-თეორიულად, მეც ვიცი, რომ დამნაშავე ვარ...

-დამნაშავე კი არა, სულელი ხარ!
-და იქნებ, სულაც არ წავიდეს ყველაფერი ისე, როგორც ჩვენ გვგონია?-ისევ ჩაერთო თეკო.-ბავშვი კაცს ძალიან ცვლის!-შემდეგ კი, სასაცილოდ აათამაშა წარბები და ნიცამაც ვერ შეიკავა თავი, რომ არ ჩაეფხუკუნა.
-დღეს უკვე მუცელზე დამადო ხელი... - წაილაპარაკა სასხვათაშორისოდ და მართლაც, წამებში შეიცვალა ყველაფერი. აქამდე თუ მთელი სამეგობრო მომხდარს დიდ შეცდომად აღიქვამდა, ახლა უკვე იმის დაგეგმვაც დაიწყეს, რას ჩაიცვამდნენ ქორწილში.

-რა დარწმუნებული ხარ, შეყვარებული რომ არ ჰყავს?-მაგრამ საბოლოოდ, მაინც იკითხა ირამ ის, რომელი კითხვისაც ნიცას ყველაზე მეტად ეშინოდა. არც კი უნდოდა ამაზე ფიქრი. არა, განა იმიტომ, რომ თორნიკეს სხვის გვერდით წარმოდგენა არ უნდოდა. უბრალოდ, თავს კიდევ უფრო დამნაშავედ იგრძნობდა, როცა გაიაზრებდა, რომ სხვას ცხოვრება დაუნგრია.

-არ ჰყავს.-დამაჯერებლად გაისმა თამოს ხმაც.-და იმას ნამდვილად არ ვამტკიცებ, რომ ნიცას მიმართს რამეს გრძნობს, მაგრამ ძალიან ნერვიულობდა, სანამ სიმართლე არ გაარკვია.

-საავადმყოფოშიც რომ გავახილე თვალები, ჩემს მუცელზე ედო თავი და ისე ეძინა...
-ნიცა, გეყოფა!-თვალები აატრიალა ანიმ.-ნუ იქმნი ილუზიებს. ხომ ხედავ, სადამდე მიგიყვანა ამ ყველაფერმა? უბრალოდ დამშვიდდი და დაელოდე, რას მოიმოქმედებს... ხომ იცი, ყველაზე მეტად ის მინდა, ბედნიერი რომ იყო, მაგრამ მგონია, ასე გული უფრო გეტკინება...
Image result for didonato girls

კიდევ დიდხანს ისაუბრეს. უფრო მეტად ბავშვზე, ვიდრე მისი მშობლების ურთიერთობაზე. თეკო ნიცას ამშვიდებდა, თავისი გამოცდილებიდან გამომდინარე, რჩევებსაც უზიარებდა, დანარჩენები კი უკვე ონლაინ მაღაზიების გვერდზე დაძვრებოდნენ და ტანსაცმელს არჩევდნენ. მიუხედავად ყველაფრისა, სიტუაციისა და იმ გარემოებისა, რომლის შედეგადაც ეს პატარა ჩნდებოდა, მაინც მოუთმენლად ელოდნენ და ეს ერთადერთი იყო, რაც ყიფიანს ახარებდა. გულის სიღრმეში, ანის პოზიციას იზიარებდა და ძალიანაც ეშინოდა, ამ ასაკში და თან ასე მოულოდნელად რომ ხდებოდა დედა. კი, მთელი ცხრა თვე ჰქონდა წინ საფიქრალად და მომხდარის გადასახარშად, მაგრამ...

როგორ შეეთავსებინა უნივერსიტეტი და ბავშვი ერთანეთისთვის? ან როგორ ევლო ლექციებზე წამოზრდილი მუცლით და მშვიდად ჩაეყლაპა ყველაფერი, რასაც მასზე იტყოდნენ? ის, რომ სწავლას თავს არ დაანებებდა, ზუსტად იცოდა. პრინციპში, რომც სდომოდა, მაინც არ გამოუვიდოდა. მერე რა უნდა ექნა? სამუდამოდ თორნიკესთან ხომ არ დარჩებოდა. ბავშვისთვის კი, რომლის არსებობაზეც პასუხისმგებლობა ეკისრებოდა, უზრუნველი მომავალი უნდა შეექმნა. მხოლოდ გაჩენა ხომ არ არის, უნდა ეზრუნა კიდეც, ამ ყველაფერს კი, ფული სჭირდებოდა.

თითქმის არ ჩართულა გოგონების საუბარში. მხოლოდ უღიმოდა და თავს უქნევდა ფიქრებით კი სულ სხვაგან იყო და შეამჩნიეს კიდეც ეს. სწორედ ამიტომ, აღარც დარჩენილან დიდხანს. მართალია, მეგობრების მხარდაჭერა ყველაზე მნიშვნელოვანია, მაგრამ ზოგჯერ, არსებობს ისეთი მომენტებიც, როცა ერთადერთი სასურველი რამ, საკუთარ თავთან მარტო დარჩენაა.

-შენ იწექი, გასასვლელს მივაგნებთ!-თვალი ჩაუკრა თამომ, როდესაც ემშვიდობებოდნენ, თუმცა გოგონამ მაინც ვეღარ მოისვენა.
-მთელი დღეა საწოლის ფორმა მივიღე.
-ორი კვირა როგორმე უნდა გაუძლო.
-გაგაცილებთ და ქვემოთ წამოვწვები, დივანზე. ის მაინც არ ბრძანდება სახლში.

-ჩემს ეჭვებს, მის ადგილსამყოფელთან დაკავშირებით, არ გაგიზიარებ, ისედაც კარგად დაგამუშავე დღეს.-გაეცინა ანის და მეგობარი გულში ჩაიკრა.
-და სხვათაშორის...-წასვლამდე წამოიწყო ირამ, მეტისმეტად დამაინტრიგებელი ხმით.-ორ კვირაში შუალედურები გეწყება...-და სწორედ ეს იყო ის ფრაზა, რომლითაც ნიცას თავში აგური ჩაარტყა. ამაზე აქამდე როგორ არ იფიქრა? რა გამოდის, სემინარების გაცდენის ქულაც უნდა დაკარგოს და ამავდროულად, შუალედურებზეც ჩაფლავდეს? მგონი ეს ბავშვი დასცინის. რაღა ახლა მოუნდა წოლითი რეჟიმი? მჯდარიყო თავისთვის მუცელში მშვიდად, არ შეეძლო?

-დე, არ გრცხვენია?!-დაიწყო წუწუნი, გოგონები რომ გააცილა და პიჟამაში გამოწყობილი გაფრატუნდა სამზარეულოში.-რა ვქნათ ახლა ჩვენ? იმედია, ჭკვიანად მოიქცევი და კოტრიალის რეჟიმის გაგრძელება არ დაგვჭირდება...-ამოიოხრა და მუცელზე მოისვა ხელი. კი იცოდა, რომ ბავშვს კი არა, დაახლოებით, ყურძნის კურკის ტოლ ნაყოფს ესაუბრებოდა, მაგრამ დარწმუნებული იყო, მაინც ესმოდა. ბოლოს და ბოლოს, მისი გულის ქვეშ იჯდა და რატომ ვერ უნდა გაეგონა?

ცხვირაბზუებულმა დაიარა კარადები, მაგრამ საჭმელად გამოსადეგარს ვერაფერს მიაგნო. ეს ბიჭი ნეტავ სულ მშიერი დადის? მაცივარი, იცოცხლე, კი ჰქონდა სავსე ლუდის ბოთლებით. საინტერესოა, დილით რომ სთავაზობდა, ვჭამოთო, რას გულისხმობდა? თვითონ რა ედარდება, დადის ალბათ ბარებში და ერთობა, ნიცამ იკითხოს, თორემ... გულდაწყვეტილმა ამოიოხრა. არა, დიდი კულინარობით კი ვერ დაიკვეხნიდა, მაგრამ გამოუვალ მდგომარეობაში თავის გატანა ნამდვილად ეხერხებოდა.

ახლაც, ყველა იდეა მოიშველია, რითაც კი შეეძლო რაიმე გემრიელი მოემზადებინა, მხოლოდ სამი ცალი კვერცხის, ნახევარი პურისა და შებოლილი ძეხვის დახმარებით, მაგრამ ნამდვილად არ გამოირჩეოდა ასეთი კრეატიულობით, უფრო ზუსტად კი, სასწაულმოქმედი უნარით.
ისეთი სახით თქვეფდა კვერცხებს, თითქოს სისხლის სამართლის დანაშაულს ჩადიოდა. ჯერ დაბრუნდეს თორნიკე... მერე ნახავს, როგორი მარაგი უნდა ჰქონდეს სახლში. არა, კარტოფილი მაინც რა არის, ის რომ ეყიდა?! უპასუხისმგებლო! დღესვე ჩამოუწერს სიას. თვითონ არ შეუძლია გასვლა, თორემ არც დასჭირდებოდა, ახლა კი, კეთილი ინებოს და მიხედოს. მარტო ნიცასი კი არ არის ეს ბავშვი.

Image result for girl, kitchen, tumblr
ისე ბუზღუნებდა, საკუთარ თავზევე ეცინებოდა. როდის გახდა ასე ძალიან საჭმელზე დამოკიდებული? თავი გადაიქნია დანაბებით და ის იყო ზეთაშიშხინებულ ტაფაზე ათქვეფილი კვერცხი უნდა დაესხა, რაღაც რომ მიაწვა ყელში. ოღონდ ეს არა... მოშორებით გასწია ჯამი და ეცადა, რამდენიმე წამით სუნთქვა შეეკრა, მაგრამ აშკარად გრძნობდა, როგორ ამოუტრიალდა კუჭი. რა უბედურებაა ასეთი ხშირი ტოქსიკოზი? ის არ ეყოფა, ყოველ დილით რომ იტანს?! წყალიც კი დალია, როგორმე ყელი რომ ჩაეწმინდა, მაგრამ საბოლოოდ, კვერცხიანი ჯამი ნიჟარაში, თვითონ კი, პირველი სართულის საპირფარეშოში აღმოჩნდა გადაყუდებული. ბოროტი ბავშვი! როგორ შეიძლება ასე? ერთადერთი საკვებიც დაკარგა, დადიანი კი, დიდი ალბათობით, შუაღამისას დაბრუნდებოდა სახლში.
სიბრაზისგან ტუჩებაკანკალებული გავიდა სამზარეულოში.

ისეთი სასოწარკვეთილი იყო, თითქოს ფინალურ გამოცდაზე ის ერთადერთი საკითხი მიუვიდა, რომელიც ყველაზე ცუდად იცოდა. რატომ ემართება ყველაფერი ცუდი მას? რატომ არის ასეთი უბედო? ძლივს იკავებდა ცრემლებს. ისიც არ იცოდა, რა ატირებდა, მაგრამ მაინც არ უნდოდა ორი წლის ბავშვივით აზლუქუნებულიყო. ადგება და დაურეკავს თორნიკეს. ჯანდაბას თავმოყვარეობა, უკვე ისედაც დიდიხანია ნაგვის ურნაში მოისროლა, ახლა კი, მართლა ძალიან, მუცლის აწრიალებამდე ძალიან შია.

* * *
ჯერ ისევ სტუდიაში იყო, მობილური რომ ნაცნობმა მელოდიამ აუმღერა. სპეციალურად დააყენა ნიცას ნომერზე „Daddy, daddy cool”. იდენტიფიცირებასაც ადვილად ახდენდა და თან ყოველთვის ამხიარულებდა. თუმცა ახლა, სანამ უპასუხებდა, საათს დახედა და უნდა ვაღიაროთ, ნერვებიც შეუტოკდა. რატომ ურეკავდა ღამის თორმეტ საათზე?

-კარგად ხარ?-არაფრის თქმა არ დააცადა, მაშინვე კითხა, როგორც კი სენსორს თითი გადაუსვა.
-არა! მალე მოხვალ?-ისეთი გაბრაზებული ხმა ჰქონდა გოგონას, მაშინვე მოეშვა გულზე. მართლა ცუდად რომ ყოფილიყო, ასეთი ტონით არ ესაუბრებოდა.
-ჯერ სტუდიაში ვარ. რა მოხდა?
-ჰოდა წამოდი!

-ნიცა, რა მოხდა?-თვალები აატრიალა, თითქოს დაინახავდა. საშინლად ვერ იტანდა, ასეთი ტონით რომ ესაუბრებოდნენ, მაგრამ ამაზე მეტად ის სძულდა, როცა ეს ყველაფერი დაუმსახურებლად ხდებოდა.
-მშია!-ამოიკრუსუნა საცოდავად და თორნიკემ ტუჩი მოიკვნიტა, სიცილი რომ არ აეტეხა.
-მე უნდა დამკლა? თუ ასე სასწრაფოდ რატომ მიბარებ?
-შენ მწარე ხორცი გექნება. -ვალში არ დარჩა ნიცაც.


-ოუჰ, რაღაც არ მახსოვს მაგ საკითხთან დაკავშირებით ვინმეს უკმაყოფილება გამოეთქვას...
-თორნიკე, მართლა ძალიან მშია და ერთადერთი, რაც სახლში მოიპოვებოდა, კვერცხი იყო.
-ერთი რატომ, სამი იყო.-გაეცინა, მაგრამ მაინც აიღო მაგიდიდან ფოტოაპარატი და გასაღებების აცმა.
-ჰოდა ვერც ერთი ვჭამე და ვერც სამი.

-რატომ, წიწილები გამოიჩეკნენ? ჩვენთან ხომ ახალი სიცოცხლე ძალიან, ძალიან სწრაფად ჩნდება? -საბოლოოდ ახარხარდა საკუთარ ხუმრობაზე და სიცილი არც მაშინ შეუწყვეტია, ნიცას ხმის ნაცვლად, წყვეტილი ზუმერი რომ მოესმა. საოცრად ართობდა ეს გოგო.
სიმართლე რომ ითქვას, მართლა არ უფიქრია კარადებისა და მაცივრის გადავსებაზე. თვითონ ეს პრობლემა არ აწუხებდა და რატომღაც, ვეღარ გაითვალისწინა, სახლში რომ ორსული ელოდა. ეუცნაურა კიდეც ეს ყველაფერი, თუმცა თავი გაიქნია, მალევე რომ გაეგდო უაზრო ფიქრები და ზურგჩანთამოკიდებულმა დატოვა სტუდია, მიუხედავად იმისა, საქმე ჯერ კიდევ რომ არ ჰქონდა დასრულებული...

* * *
ცოტაც და კედლებზე გავიდოდა ალბათ, საკეტში გასაღების გადატრიალების ხმა რომ გაიგონა. ასე ბოლოს მხოლოდ თოვლის ბაბუს მოსვლას ელოდა. თვითონაც უკვირდა, რამ გადარია ასე ძალიან. დიეტაზეც ყოფილა და პირველ კურსზე, სახლიდან დილის შვიდ საათზე გასულსა და საღამოს ცხრაზე დაბრუნებულსაც გაუძლია მშიერს, ახლა კი, მუცელი უკვე სასწაულ ხმებს გამოსცემდა, ისე ითხოვდა საჭმელს. ფაქტია, ტყუილად არც დაურეკავდა თორნიკეს.
-ჯერ საჭმელი შემოგაწოდო, რომ დაწყნარდე და არ დამკლა, თუ შემოვიდე მეც?-დაუძახა, სანამ კარს შემოაღებდა და ნიცამ, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ვერ შეიკავა სიცილი.

-შემოდი, ოღონდ საჭმელი წინ გამოსწიე. - უპასუხა და თვალებაციმციმებული მიეტუზა კართან.
თავი ძლივს შეიკავა, სიამოვნებისგან რომ არ დაეკრუტუნა, როცა პიცის სუნი მიუვიდა. ისედაც ხომ გიჟდებოდა, ახლა კი, უკვე ნერწყვები მოადგა. ტუჩზე იკბინა და მსუბუქად შემოკრა ტაში, შემდეგ კი, ყუთი ისე გააცუნცულა სამზარეულოში, თორნიკესთვის ზედაც აღარ შეუხედავს. მხოლოდ თვალის კუთხით დააფიქსირა, ხელში კიდევ რომ ეჭირა რამდენიმე ცელოფანი, მაგრამ ახლა უმთავრესი პიცა იყო და სიამოვნებისგან თვალები მიეხუჭა, პირველი ნაჭერი რომ გაიქანა პირში. მხოლოდ მაშინ გამოფხიზლდა, საკმაოდ ნაცნობი ჩხიკინის ხმა რომ მოესმა და თვალები ისე დააჭყიტა, აშკარად არ უნდოდა იმის დანახვა, რასაც ფიქრობდა. თუმცა, მაინც არსად გამქრალა აპარატმომარჯვებული დადიანის გამოსახულება, რომელმაც უცერემონიოდ გადაუღო ფოტო.
-რას აკეთებ?

-სურათი გადაგიღე!-მხრები აიჩეჩა, ფოტოაპარატი მაგიდაზე დადო და თვითონაც ამოიღო პიცა.
-ეგ დავინახე.
-კი არ დაინახე, გაიგონე. თვალები გქონდა დახუჭული.
-რას მელაპარაკები, მართლა?! რატომ გადამიღე?
-პოლიციაში უნდა გავაგზავნო, სახლში შემომეჭრა და მძევლად ამიყვანა-მეთქი.
-და ხარკს მახდევინებს საკვებითო, ხო?
-აჰამ...-თავი დაუქნია პირგამოტენილმა, მაგრამ რამდენიმე წამში, დასერიოზულებულმა განაგრძო.-აქამდე კი არ მიფიქრია, მაგრამ... როგორც ფოტოგრაფისთვის, საინტერესო პროექტი იქნება შენი ორსულობის გადაღება.

-როგორც ფოტოგრაფისთვის?-ცალი წარბი ასწია გოგონამ. ნუთუ, მართლა იწყებენ ახალ ეტაპზე გადასვლას? ან იქნებ, თორნიკე სრულიად გულწრფელია?
-ჰო, როგორც ფოტოგრაფისთვის. არაფერი პირადული!-თვალი ჩაუკრა, შემდეგ კი, მზერა შეეცვალა.-და საერთოდაც, ფეხზე რატომ ხარ?
-ახლა ავდექი.
-ჰოდა, მიდი, ისევ დაწექი. იქ მოგიტან საჭმელს...-წარმოთქვა, ცოტა არ იყოს, მბრძანებლური ტონით, ნიცას კი, დიდი მცდელობის მიუხედავად, მაინც შეეპარა ღიმილი, მხრები აიჩეჩა, კიბატონოო და თეძოების ქნევით გავიდა სამზარეულოდან, შემდეგ კი, როდესაც იგრძნო, როგორ უწვავდა ზურგს „ვიღაცის“ მზერა, პრეტენზიულად მიაძახა.
-წვენიც დამისხი და იმედია, მხოლოდ პიცა არ მოგიტანია, ჯერ კიდევ მშია...



* * *
რამდენიმე დღე ისე გავიდა, ვერც გაიგო ნიცამ. მართალია მასსა და თორნიკეს შორის იმდაგვარი კი არა, თითქმის არანაირი დიალოგი აღარ წარმართულა, მაგრამ ახლა ამაზე მეტად ბავშვის მდგომარეობა ადარდებდა. უნდოდა ყოველ დღე ექოსკოპიაზე ერბინა, მისი ჯანმრთელობის შესამოწმებლად. ხვდებოდა, უკვე ისტერიკაში რომ გადასდიოდა, მაგრამ მაინც ვერ მშვიდდებოდა. აი, მას შემდეგ, რაც გაინძრეოდა, ასე აღარ ინერვიულებდა, პაწია ფეხებისა და ხელების მირტყმით გააგებინებდა, რომ არაფერი უჭირდა, მაგრამ ახლა რა ექნა? სრულიად უკომუნიკაციოდ მყოფს. მით უმეტეს, რომ ამ ბოლო დროს საოცარი ამბები ესმოდა. უნდა ვაღიაროთ, სოციალური ქსელი ისედაც ძალიან უყვარდა, რამდენიმე დღის წინ კი „ფეისბუქზე“ დედების ჯგუფში გაწევრიანდა და ისეთ ისტორიებს კითხულობდა, პანიკა ეწყებოდა. თუმცა, მაინც ვერაფრით ეშვებოდა და ალბათ, მალე ფსიქოზი დაეწყებოდა, თამოს რომ არ „მიესწრო“.

ისეთ პოსტებს უგზავნიდა, სერიოზულად შეაშფოთა მეგობარი და ამ უკანასკნელმაც, არც მეტი, არც ნაკლები, სერიალის ყურება „აიძულა“. დიდიხანია სთხოვდა ნიცას, გოგონას კი ხან ეზარებოდა, ხან დრო არ ჰქონდა. დიდად არც კვდებოდა ნახვის სურვილით, თუმცა თამომ ამჯერად სხვა გზა აღარ დაუტოვა და მხოლოდ პირველი სერიის შესაფასებლად ჩართული ლეპტოპი, მეექვსეს დასრულების შემდეგაც ვერ გათიშა. ერთადერთი, რაც აიძულებდა დროებით მაინც მოშორებოდა ეკრანს, შიმშილის გრძნობა იყო და ახლაც, სულაც არ გაკვირვებია, გამთენიის ოთხ საათზე რომ აუწრიალდა მუცელი.

Image result for girl, morning, tumblr
-სულ თქვენი ბრალია!-ცხვირაბზუებულმა გახედა მონიტორს.-მოუნდა ბიჭს რომანტიული ვახშამი სახურავზე! შეუწვა გოგოს ქათამი!-ნევროზიანი ბებოსავით ჯიჯღინებდა და ყურსასმენებს იხსნიდა, რომ სამზარეულოში ჩასულიყო. არა, ქათამი რომ მონდომებოდა, არც გაუკვირდებოდა, მთავარი პერსონაჟი გოგო ისე გემრიელად წვავდა, მაგრამ ამჯერად მისი წინაპარი, უფრო ზუსტად კი, კვერცხი მოუნდა. ყველაზე მეტად ეს აწამებდა. საჭმელზე გახდა დამოკიდებული, თანაც ისეთ საჭმელზე, რომლის სუნიც ცუდად ხდიდა. ისე ეშინოდა მომატების... იცოდა, რომ ვერ გადაურჩებოდა, მაგრამ ასეთი ტემპით თუ გააგრძელებდა, სამშობიაროში ალბათ ასი კილოგრამი შეგორდებოდა. დილით ვერაფერს ჭამდა, ღამით კი... მთელი კამეჩი რომ დაგეკლათ, არც იმაზე იტყოდა უარს.


-ღმერთო, რა იქნება, უსუნო კვერცხები რომ არსებობდეს?-ჩაიდუდღუნა საწყლად, როდესაც პირველივეს თეფშზე დახლისას, სუნი ცხვირში ეცა.-სადაა სამართალი?!-თუმცა, მაინც ვეღარ შეიკავა თავი და რამდენიმე წამში, ჩვეულ პოზაში, საპირფარეშოში გადაყუდებული აღმოჩნდა.
თორნიკე კი, უკვე კარგად იყო გართული სიზმრებით, ბრახუნმა რომ გააღვიძა. ვერ ვიტყვით, რომ ფხიზელი ძილი ჰქონდა, მაგრამ მოულოდნელი მტვრევის ხმისგან ისე სწრაფად წამოჯდა საწოლში, გულიც კი აუჩქარდა უეცარი გამოღვიძებით. რა ჯანდაბა ხდება? ნახევრად თვალებმოხუჭულმა დახედა მობილურს, საათის შესამოწმებლად და კიდევ უფრო დაიბნა, თუმცა, არც იმდენად, რომ ქვემოთ ჩასვლა ვერ მოეფიქრებინა.


არც უფიქრია ნიცას ოთახში შეხედვაზე, მიზანმიმართულად დაიძრა პირველი სართულისკენ და როდესაც მის სახლში დროებით ჩასახლებული არსება სააბაზანოდან გამომავალი დაინახა, თანაც, არც თუ ისე სახარბიელო სახით, კიდევ ერთხელ იგრძნო გულის გაბრაგუნება.
-რა მოგივიდა? სახლში ვინმეა?
-სახლში ვინმეა?-ახლა ნიცამ დააჭყიტა თვალები და წამში ისეთი შეშინებული მზერა გაუხდა, ინანა კიდეც დადიანმა, საერთოდ რომ ჰკითხა.
-მტვრევის ხმა იყო.
-აა, ეგ... კვერცხის შეწვა მინდოდა, და...
-მოიცა, მასეთი სქელი ნაჭუჭი ჰქონდა, მაგის გატეხვის ხმამ რომ გამაღვიძა?
Image result for girl, kitchen, tumblr

-კვერცხთან ერთად, თეფშიც გავტეხე...-ჩაეცინა და ეცადა, როგორმე მზერა მისი მოშიშვლებული პრესიდან სხვა რამეზე გადაეტანა, მაგრამ ვერაფრით მოახერხა.-საშინელი სუნი აქვს და ვერ ვწვავ...
-დაჯექი, ნუ დადიხარ ბევრს, შეგიწვავ მე...-სიცილით გადაიქნია ბიჭმა თავი და ის იყო მაცივარი უნდა გამოეღო, ნიცამ რომ შეაჩერა.
-ჯერ ადი და ჩაიცვი!-ისეთი სერიოზული იყო, დადიანი წამიერად დაფიქრდა კიდეც, რამეს ხომ არ ვაშავებო.
-რა იყო, თვალს ვერ მწყვეტ?-თუმცა მალევე გაიაზრა სიტუაცია და თვითკმაყოფილმა ჩაიფხუკუნა.
-როგორი მიხვედრილი ხარ!-თვალები აატრიალა გოგონამ.-გაცივდები და მერე მე გადმომდებ! ამიტომ ჩაიცვი.
-ცოტახანიც გაუძელი ჩემს გამოქანდაკებულ სხეულს, შეგიწვავ და ავალ, მეძინება ისედაც...-თვალი ჩაუკრა და ის იყო ათქვეფილი კვერცხი ტაფაზე უნდა დაესხა, ისევ რომ შეაჩერა ყიფიანის ხმამ.
-გეხვეწები, პურის ნატეხებიც ჩაყარე, რა...
-ტაფაში?
-არა, კვერცხში. აი, პატარა ჩიტებივით და მერე ათქვიფე...-პატარა ბავშვივით გამოუწია ორი თითით ყელი და ისეთი საყვარელი იყო ამ დროს, თორნიკემ ძლივს შეიკავა თავი, რამე რომ არ ეთქვა. იჯდა ამხელა გოგო პიჟამაში გამოწყობილი შუაღამისას, ელოდებოდა როდის შეუწვავდნენ კვერცხს და პლუს ამას, ითხოვდა, „ჩიტებივით“ შეეწვათ. და ამან უნდა გააჩინოს ბავშვი?


-ჩაისაც ხომ არ დალევ, პატარავ?-ჩაეცინა თორნიკეს, როდესაც აწ უკვე შემწვარი კვერცხი თეფშზე გადაიღო და ნიცას ეს ხუმრობით ნათქვამი „პატარავ“ ისე სასიამოვნოდ მოხვდა ყურში, ჟრუანტელმაც კი დაუარა, რაც, რა თქმა უნდა, ბიჭს არ გამოჰპარვია.-გცივა? მოიცვი რამე, არ გაცივდე.
-არ მინდა, უცბად შევჭამ. მადლობა...-დანაშაულზე წასწრებულივით გაუღიმა, დადიანმა კი თვალები აატრიალა, უთქმელად ავიდა მეორე სართულზე და ის იყო ნიცას ნერვები უნდა მოშლოდა, დაბრუნებული რომ დაინახა.


-შენს ნივთებში ქექვას ვერ დავიწყებდი, ჩაიცვი...-პრეტენზიული ტონით გაუწოდა საკუთარი სვიტრი და თვითონაც მაგიდასთან ჩამოუჯდა.-გემრიელია?
-ძალიან!-დახშული ხმით ამოთქვა, სვიტრში გაჭედილმა და ამოძვრომისას მაინც მოასწრო დაენახა, როგორ ააცალა ერთი „ჩიტი“ თორნიკემ.-რა წესია?
-ვინ შეგიწვა?-ცალი წარბი აუწია და ახლა განგებ აიღო მეორე, რეაქციას რომ დაკვირვებოდა.
-შენ შვილს პარავ, თორემ მე რა...-„უკბინა“ გოგონამ, სინამდვილეში კი უკვე სუნთქვა ეკვროდა, იმდენად დიდხანს იყო ასეთი მზრუნველი და თან ნახევრად შიშველი დადიანის გარემოცვაში.


-არამგონია, ჩემი გოგო წინააღმდეგი იყოს.-ჩაეცინა ცალყბად და მალევე დაამატა.-ბავშვი ვიგულისხმე...
-აბა არგელოდიო? და საერთოდაც, საიდან ასკვნი, რომ გოგოა?
-ნამდვილ კაცებს პირველი გოგო გამოსდით!-ისევ თვითკმაყოფილად გაღიმებულმა ჩაუკრა თვალი, შემდეგ კი, ფიქრებით გონებაარეული და გულაჩქარებული დატოვა მარტო, ჩიტებივით შემწვარ კვერცხთან ერთად...

გაგრძელება იქნება  
ავტორი ნათია ჯაგოდნიშვილი
იხილეთ ასევე: შეცდომა. თავი 6. „პირველი კონტაქტი“




FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 4 /
ნინო
მომწონს და ველოდები გაგრძელებას
16:19 / 22-10-2016
გამოხმაურება / 0 /
ლიკა
დედაა,ნათია, ნამეტანი თავი კი მოგაბეზრე თავი ამ ჩემი ზლიქი-ზლიქინით, მაგრამ ასე უნდა, მაგარი რო ხარ! რაც შეეხება გვარების რახარუხს, იმისთანა კაი გვარები გაქ გამოყენებული ღმერთმანი, ყველა ნაცვალსახელის და კაცის თუ ქალის სახელის მაგივრად ეგენი რომ გეწეროს, სულ არ შემაწუხებს დავტოლოგია! სანამ ანის კომენტარს არ წავიკიტხავდი, რატომღაც არ გამჩენია მსგავსი "პრეტენზია". რაც არის, ის არის ყველაზე მაგარი და ამაზე უკეთესები მე ვერ წარმომიდგენია თორე შენ რო შეგიძლია ის კი ვიცი :დ დამიჯერეთ,ხალხო, ისეთები გელით წინ, აი ისეთებიიიი! არ გამოტოვოთ არცერთი სიტყვა ნუ დაკარგავთ ამ სიამოვნებას!!! ნათია,შენ კი ამოგიყვანე ბაყაყები ყურებში თუ თვალებში ამ ერთიდაიგივეს ძახილით მარა, რა ვქნა, არ მიყვარს ეს სიმართლის დამალვა:დდ «ნადირი ხარ, ნადირი!» კაი გაგებით ეს რა თქმა უნდა. ოქრო ხარ, ბაჯაღლო და კიდე რა ვიცი, ნიცა, დადიანი, არგელოდი და შეცდომა საკმარისია დღის ბედნიერებისათვის! :დდდდდდ ტოჩკა.
22:49 / 17-10-2016
გამოხმაურება / 0 /
ყველა კომენტარი
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93