ნოველები

შეცდომა. თავი 8. „დაუპატიჟებელი სტუმარი“.

შეცდომა. თავი 8. „დაუპატიჟებელი სტუმარი“.
მთელი ღამე არ მოუხუჭავს ნიცას თვალი. არა, თორნიკეს გამო, ნამდვილად არა, სერიალს ვერ მოშორდა უბრალოდ. ხომ გინახავთ ფილმებში, დეპრესიის დროს დივანზე რომ მოკალათდებიან, პლედში გახვეულები, გარშემო კი ქაღალდის ხელსახოცების მთელი გროვა აქვთ დახვავებული? ზუსტად მასე გამოიყურებოდა, ოღონდ საწოლში იყო ჩაფუთნული. ისედაც არ უჩიოდა ემოციურობას, ახლა კი, როდესაც ყველა გრძნობა გაუმძაფრდა, არასატირელ მომენტებზეც კი ზლუქუნებდა. ბოლოს, ისე დაეღალა გული, შუა სერიის დროს რომ ეხუჭებოდა თვალები, მხოლოდ მაშინ დანებდა და სანამ ჩაეძინებოდა, დასტოპება მოასწრო. ბოლოს ასე რომელ სერიალზე
გადაირია, არც ახსოვდა. ყოველთვის იდო მასში ფანგოგოს შტრიხები, მაგრამ ამ ასაკშიც? ამ მდგომარეობაშიც? ეს ნამდვილად არ ეგონა... სიზმარშიც კი ვერ მოიშორა პერსონაჟები თავიდან.

ხან თვითონ იყო ყველა, ხანაც თავის ჭკუაზე ატრიალებდა და ისეთ სცენარებს უგონებდა, სიზმარშივე ხვდებოდა, რომ ეძინა. ისეთი აჩქარებული ჰქონდა პულსაცია, თვალებდახუჭულს, კიდევ დიდხანს არ დაეძინა. ჩიტების ჭიკჭკის ხმაც კი ისმოდა უკვე, ძლივს რომ ჩასთვლიმა. ვერ იტყოდით, ორსულობა შეიფერაო. პრინციპში, ისე ცუდად იყო, რომც შეეფერებინა, მაინც ვერ დაადანაშაულებდით. სწორედ ამიტომ არ ჰქონია თორნიკესაც რეაქცია, შუადღის ორ საათზე რომ გავიდა სახლიდან და ნიცას ოთახში შეხედვისას, გოგონა ჯერ კიდევ მძინარე აღმოაჩინა. მხოლოდ იქვე დადებული ლეპტოპის დანახვაზე გაეცინა და ისევ ჩუმად გამობრუნდა, რომ არ გაეღვიძებინა.

Image result for girl bedroom laptop tumblr
ზედმეტად უცნაურად გრძნობდა თავს, სახლიდან გასვლის წინ, ყოველთვის რომ ამოწმებდა მის ოთახს, მიუხედავად იმისა, რომ გოგონა ამას ვერასდროს ამჩნევდა. დიდიხანია მარტო ცხოვრებას იყო შეჩვეული, ახლა კი, ერთიანად თავდაყირა დაუდგა ყველაფერი. სახლში რომ აგვიანებდა, მაშინაც კი, რაღაცნაირად აწუხებდა სინდისი და ვერაფრით გაეგო, რატომ. არა, ნიცას მიმართ ნამდვილად არ გასჩენია გრძნობა, ეს ზუსტად იცოდა. მხოლოდ ისე უყურებდა, როგორც მისი შვილის დედას, სხვა, პრინციპში, ვერც ვერაფერი მოასწრო. არც კი იცნობდა გოგოს, მოულოდნელად რომ გამოუცხადა ახალი ამბავი. ისიც კი ეგონა, რომ საშინელი იქნებოდა მათი თანაცხოვრება, მაგრამ, საბედნიეროდ შეცდა. ერთადერთი შეზღუდვა, რაც გაუჩნდა, სახლში გოგოების ვერმიყვანა იყო, თუმცა ამასაც იტანდა. როგორმე გაუძლებდა რამდენიმე თვე, შემდეგ კი, იქნებ მამიდამისსაც შერიგებოდა ნიცა?

-თორნიკე, სად ხარ?-თვალების წინ ხელი აუქნია მიმიმ. უკვე მესამედ უმეორებდა ერთსა და იმავეს, დადიანი კი სულაც არ უსმენდა.
-მაპატიე, ვერ გავიგე...-გაეცინა და დამნაშავედ ახედა, გოგონამ კიღიმილით გადაიქნია თავი.
-შეყვარებული ხომ არ ხარ?

-მე, მიმი? შეყვარებული? დამცინი?-სერიოზულად ახარხარდა. მასთან ერთად უკვე რამდენიმე წელია მუშაობდა და გოგოსავით კი არა, ძმაკაცივით უყურებდა.
-იცინე შენ და რომ დაბერდები და დაკარგავ თვალების პაჭუნის ძალას, მერე არ მომაკითხო, შენს ბავშვებს მოვეფერებიო...
-ნწ, მაგაზე ვიზრუნებ ჩემითაც...-ჩაიფხუკუნა და ისე გადაშალა მომდევნო ნომრის ნიმუში, აშკარად ანიშნა, რომ აჯობებდა საქმეზე გადასულიყვნენ...




* * *
უკვე შებინდებული იყო, სახლი რამდენიმე წამში რომ ახმაურდა და თან იმდენად, ნიცამ ყურსასმენებშიც კი გაიგო. მთელი დღეა არ გასულა ოთახიდან და არც ჰქონდა ამის სურვილი დიდად, მით უმეტეს, რომ უკვე ფინალურ სერიებზე იყო გადასული, თუმცა აშკარად ჩანდა, თორნიკე მარტო არ დაბრუნებულა და უხერხული იქნებოდა საძინებელში გამოკეტვა. მაგრამ... იქნებ, სულაც არ უნდა, სხვებმაც იცოდნენ, რაც მათ შორის ხდება? უფრო სწორად, მოხდა... ახლა, სამწუხაროდ, არაფერიც აღარ ხდება.
-დიდება, შენს გაღვიძებას!-დაკაკუნების შემდეგ, ოთახში თავი შეყო დადიანმა და მაშინვე გაუფანტა უაზრო ფიქრები.-გამოიძინე?
-სხვა რა საქმე მაქვს?-გაეცინა და მხრები აიჩეჩა.

-შუალედურებისთვის მომზადება!-თუმცა, მაშინვე ჩაუმწარა ხასიათი თორნიკემ და შემდეგ, მისი სახის დანახვისას ისე გაეცინა, აშკარად დაეტყო, როგორ ამხიარულებდა ნიცას ნერვებზე თამაში.-ბიჭები მოვიდნენ, არ ჩამოხვალ?
-ჩამოვიდე? ანუ, ვგულისხმობ, პრობლემა არ იქნება? არ ვიცოდი შენ...
-ნიცა, სერიოზულად?-შეაწყვეტინა, როგორც კი გააცნობიერა, რის თქმას აპირებდა და აქამდე თუ მხოლოდ თავი ჰქონდა შეყოფილი ოთახში, ახლა მთლიანად შევიდა და უფრო მეტიც, საწოლზეც ჩამოუჯდა.-საიდან მოგაქვს ასეთი სულელური ფიქრები?
-რატომ სულელური? არ ვიცოდი ვინ იყვნენ, არც ის ვიცოდი, ბავშვზე იცოდნენ თუ არა და საერთოდაც, მოგეწონებოდა თუ არა, გაეგოთ, რომ შენს სახლში ვიღაც სხვა ცხოვრობს.
-ჩემი შვილის დედა.
-რა?
-ვიღაც სხვა კი არა, ჩემი შვილის დედა. მისმინე, მე და შენ რომ მის მეტი არაფერი გვაკავშირებს, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ უნდა იმალებოდე, ან უნდა გრცხვენოდეს რამის. და არც მე ვაპირებ არგელოდის დამალვას. ამიტომ, თუ აქ უფრო კომფორტულად ხარ, შეგიძლია იწვე და გააგრძელო შენი სერიალის ყურება, მაგრამ წამითაც არ შეიკავო ქვემოთ ჩამოსვლისგან თავი, თუ ეს გინდა. კარგი?-ისე დამაჯერებლად და გაწონასწორებულად ესაუბრებოდა, ნიცა სერიოზულად შოკირებული იყო მისი სიტყვებით.
-ჩადი, გამოვიცვლი და ჩამოვალ...-გაუღიმა და პიჟამაზე ანიშნა, ღიმილიანი თორნიკეს ოთახიდან გასვლისას კი, ბალიშში თავჩარგულმა ისე ამოიკრუსუნა, უკვე გადაწყვეტილი იყო, ამ ბიჭის დავიწყებას ვერასდროს მოახერხებდა...





* * *
მისაღების დაბალფეხებიან მაგიდასთან შემომსხდარი ბიჭები ლუდსა და გამხმარ თევზს მიირთმევდნენ, კიბეზე ელასტიკსა და თორნიკეს მიცემულ სვიტრში გამოწყობილი ნიცა ლეპტოპით ხელში რომ ჩამოფრატუნდა. სიმართლე ითქვას, არც კი დაფიქრებულა ისე გადაიცვა და მხოლოდ მაშინ მოიკვნიტა ტუჩი, დანარჩენების მზერა რომ დააფიქსირა.
-გამარჯობა...-გაიღიმა დირექტორის კაბინეტში ატუზული პირველკლასელივით.
-აუ, ძაან ვხმაურობთ ხო? შეგაწუხეთ?-წარბები შეჭმუხნა ირაკლიმ, რაზეც ნიცას გაეცინა, დადიანმა კი თვალები აატრიალა, ამას არაფერი ეშველებაო.
-ცუდად კი არ არის, ორსულადაა!

-რა ვიცი, შე ჩემა, წევსო და...ახლა თორნიკეს მიუბრუნდა, მაგრამ რამდენიმე წამში ისევ გოგონაზე გადაიტანა მზერა და პირზეც აიფარა ხელები.-ვაიმე, მაპატიე, რა! შეჩვეული ვარ...-შეწუხდა გულწრფელად და კიდევ უფრო შეკრა წარბები, დანარჩენებმა სიცილი რომ ატეხეს.
-არაფერს შეჭამთ? მოვამზადებ რამეს...-წაილაპარაკა დაბნეულმა და შებოლილი თევზის დანახვისას გაჭირვებით გადააგორა ნერწყვი კისერში. ვერასდროს ვერ იტანდა, ახლა კი, ისე მოუნდა... ღმერთო, რა ემართება?
-პიცა გამოვიძახეთ და მოვა მალე, დაჯექი შენ.

-ნიცა, გეხვეწები არ მითხრა, რომ ეს მოგინდა...-მისი მზერა დაიჭირა ალექსმა.
-ამმ, არა...-„გაიკვირვა“ და ისეთი სახით მიუჯდა გვერდით, აფიქრებინებდა, ეს როგორ მაკადრეო.-მართლა არაფერი გინდათ?
-ჩვენ აქ სტუმრები კი არ ვართ!-გაეცინა დემესაც.-თუ მოგვინდება, დატრიალდება ჩვენი ბიჭი, აიკრავს წინსაფარს და მოგვემსახურება...-თვალი ჩაუკრა თორნიკეს, მისგან კი პასუხად შუა თითი რომ მიიღო, უფრო ახარხარდა.

-ნიცა, მართლა არ გინდა თევზი?-ახლა ირაკლიმ გააჟღერა იგივე კითხვა. ნუთუ ასე შესამჩნევად მიშტერებია?
-არ შეიძლება...-ამოიოხრა ბოლოს და საწყალი სახით მიეყუდა საზურგეს.
-დაურეკე მაიას და კითხე.-დასერიოზულდა თორნიკეც.

-რა ვკითხო, შებოლილი თევზი მინდა და ვჭამო თუ არა-მეთქი?
-უბრალო თევზი კი არ არის, სანაპიროსია!-„იუკადრისა“ დემეტრემ, ალექსმა კი, სრულიად შემთხვევით მოჰკრა ნიცას ლეპტოპის ეკრანზე დასტოპებულ კადრს თვალი და ისე ამოიოხრა, ყველას ყურადღება მასზე გადავიდა.
-რა მოხდა?
-შენც ამას უყურებ?
-რას ამას?-დაინტრიგდა ირაკლი.
-ბიჭო, რაღაც რუსული სერიალია, შევწუხდი უკვე!
-სხვათა შორის, თამომ დამაწყებინე ყურება!-გაეცინა ნიცას.

-გამაკვირვე!-აჰყვა ალექსიც.-არა, მაინც რამ გადაგრიათ მაგ ბიჭზე? ან რა სახელი აქვს, ან რანაირია...
-უკაცრავად?!-წამოენთო ყიფიანი.
-ახლა გასვანდება...-ჩაიფხუკუნა თორნიკემ და დემეს გაჰკრა მხარი, მოემზადეო, თუმცა ნიცას არც გაუგია მისი რეპლიკა, ისე გააგრძელა.
-როგორც მაგ ბიჭს უყვარს ეს გოგო, მაგის ნახევრითაც რომ ვუყვარდე ვინმეს, ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ იარსებებდა დედამიწაზე. და მარტო მე ან თამო კი არა, ყველა გოგო ასეა!
-შემთხვევით მეც მაგიტო ხო არ შევუყვარდი, დედა რომ მყავს რუსი?
-ახლა მიხვდი, ხო?-დასცინა ირაკლიმ.
-სერიოზულად გადამრია. რაც მაგის ყურება დაიწყო, რუსულად მელაპარება!-ისეთი აღშფოთებული საუბრობდა, აშკარა იყო, მეტისმეტად შეაწუხა ამ თემამ.-რა ვქნა, სახელი გადავირქვა, კაცო?

-ნწ, თითო ისეთი ბიჭი გვაჩუქე ყველას!-გაეცინა ყიფიანს და ის იყო თორნიკემ პირი გააღო რაღაცის სათქმელად, რომ მშველელად, კარზე ზარი მოევლინა და გასავრცელებლად არასაჭირო ინფორმაცია, ისევ თავისთან დაიტოვა.
ისეთი შემართებით გაემართა გასაღებად, ბოლომდე დარწმუნებული იყო, რომ პიცა იქნებოდა, თუმცა კარის გაღებისას სრულიად უცხო, მაგრამ თითქოს საიდანღაც ნაცნობი ქალი რომ დაინახა, ღიმილი მაშინვე შეაშრა.

-დადიანი?-ცალწარბაწეულმა იკითხა ქალმა.
-კი?-კითხვასავით გამოუვიდა თვითონაც.
-ანუ შენთან ვარ. არ შემომიშვებთ, ახალგაზრდავ?
-უკაცრავად, მაგრამ ვინ ბრძანდებით?-აშკარად არ ჰქონდა სტუმართმოყვარე ტონი და ზურგსუკან ნაბიჯების ხმა რომ მოესმა, არც დასჭირვებია მიხედვა, ისევე მიხვდა, ვინც იქნებოდა.

-მამიდა?-და მაშინვე გაიგონა ნიცას აკანკალებული ხმა.
-ხომ გაიგე, ვინც ვარ!-ცინიკურად გაუღიმა ქალმა თორნიკეს.-ახლა შეიძლება შემოვიდე?
-მობრძანდით!-არც თორნიკეს დაუკლია ღიმილი. გაგიჭირდებოდათ კიდეც გარჩევა, გულწრფელი იყო, თუ მეტისმეტად კარგად თამაშობდა.-მოსალოცად მოხვედით?
-შენ მერე დაგელაპარაკები!-წარმოთქვა მუქარის ტონით, თუმცა ნიცა ისე აანერვიულა მისმა დანახვამ, მუხლებში სისუსტესთან ერთად ისიც იგრძნო, როგორ შორიდან ესმოდა ირმას ხმა.
-თორნიკე...-მხოლოდ ამის ამოხავლებაღა მოასწრო, სანამ ჩვეულ მდგომარეობაში გადავიდოდა, თუმცა წამშივე გამოაფხიზლა ბიჭის ხელების შეხებამ. დადიანმა ისე სწრაფად აიტაცა, გააზრებაც არ დააცადა. მუხლებს უკან ამოსდო ხელები და პატარა ბავშვივით მიიკრა მკერდზე, შემდეგ კი, ისე, რომ ქალისთვის არც გაუხედავს, აშკარად გაბრაზებული ტონით გამოსცრა კბილებს შორის.
-წამომყევით, საძინებელში აგიყვანთ. და სხვათა შორის, ნიცასთვის ნერვიულობა არ შეიძლება...



* * *
სუნთქვაშეკრული ელოდა ნიცა, როდის დაიწყებდა საუბარს მამიდამისი. თორნიკემ რომ კარი გაიხურა, ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს გაწირა, უღალატა. თვითონვე აკვირვებდა საკუთარი თავი, მაგრამ კარგად რომ იცნობდა ირმას, სწორედ ამიტომაც ღელავდა ასე ძალიან. ზუსტად იცოდა, დიდად არ გაწელავდა, მაგრამ ერთს ეტყოდა და ისეთს, ცხოვრების ხალისს დააკარგვინებდა.
–ესე იგი, გაიხსენე ვინც იყო ბავშვის მამა, არა?–შენიშნა სარკასტულად, ოთახის თვალიერებას რომ მორჩა.
–მამიდა, გთხოვ, არ გინდა, რა.
–მაინც აპირებ გაჩენას?
–რა თქმა უნდა!
–და გიფიქრია, რას დაემსგავსება შენი ცხოვრება? ნიცა, სულ გაგიჟდი?!
–ირმა, მაპატიე, მაგრამ უცოდველ არსებას სიცოცხლეს ვერ მოვუსპობ!

–ნიცა, ძალიან გთხოვ, დაფიქრდი. რა უნდა ქნა? კარგი, ერთი წელი აკადემიურს აიღებ, მერე? ძიძას ფული უნდა, ბინაც უნდა იქირაო, იმასაც ფული უნდა. როდისღა უნდა ისწავლო? ან საერთოდ რა უნდა გააკეთო ცხოვრებაში? იმის ილუზიაც კი არ შეიქმნა, რომ მე დაგეხმარები!
–ეგ უკვე მითხარი...–მაქსიმალურად შეიკავა თავი, თვალები რომ არ აეტრიალებინა. მერამდენედ ისმენდა ამ ყველაფერს? თვითონაც ხომ იცოდა.
–რაღაც მინდა შემოგთავაზო...–თუმცა, ირმამ ტონი შეცვალა და ისე წამოიწყო, აშკარა იყო, უარესს ეტყოდა.–და ძალიან გთხოვ, სანამ არ დავამთავრებ, ნურაფერს იტყვი.
–მამიდა, ბავშვს ვერ მოვკლავ.
–ვიცი, მაგრამ სხვა გზაც არსებობს. იცი, რამდენ წყვილს უნდა შვილი, მაგრამ არ უჩნდებათ? წლებია ელიან, მაგრამ... გააჩინე, დროებით აქ იცხოვრე, სანამ მუცელი გექნება, შემდეგ კი გავაშვილოთ. ოჯახიც მოგიძებნე უკვე, ყველაფერზე ველაპარაკე.
–ირმა, გაჩერდი!–წამოიყვირა, მოსმენილით შეძრწუნებულმა. ისე წამიერად აასხა გაბრაზებამ ტვინში, მაშინვე მთელი სხეული აუკანკალდა. ეს როგორ უთხრა? ეს როგორ გაბედა!
–არც მოკვლა მოგიწევს და თან ისე მოიშორებ, აღარ შეგაწუხებს!–თუმცა ქალი მაინც თავის რეპერტუარში იყო და ნიცამაც ვეღარ შეიკავა თავი. მაშინვე წამოდგა, საძინებლის კარი გააღო და ეცადა ისე ეთქვა, ხმის კანკალი არ შეემჩნია:
–ძალიან გთხოვ, გადი აქედან.
–არა, რაზე ფიქრობ?! რა გინდა, ოცი წლის ასაკში საწოვარებით და ბავშვის პამპერსებით ირბინო?
–წადი აქედან!
–შენ გგონია ის ბიჭი, ახლა რომ მეგობრებთან ერთად სვამს, რამეში მოგეხმარება? ისე მარტივად მიგაგდებს, როგორც დაგაორსულა. და ღირსიც იქნები!
–ირმა!
–გეფიცები, ნიცა, ერთ თეთრს არ გაღირსებ. სულ არ მაინტერესებს, რა ენდომებოდათ შენს მშობლებს, ჩემგან ვერაფერს მიიღებ. აქვე მოკვდები ჩემთვის, თუ უარს მეტყვი. მე მეზობლებს და სანათესაოს იმას ვერ ვათქმევინებ, ძმისშვილი გაუბოზდაო!–დაუყვირა ქალმაც და ეს მართლა ბოლო წვეთი გამოდგა ნიცასთვის. ვერც კი მიხვდა საიდან მოიტანა იმის ძალა, რომ არ წაქცეულიყო, მაგრამ მაინც მოახერხა თავის ხელში აყვანა.

–ახლავე წადი!–უღრიალა გამწარებულმა და კიბეზე ამორბენის ხმაც მოესმა შორიდან.–აღარასდროს გაბედო აქ მოსვლა, გაიგე? აღარასდროს!
–აქ რა ხდება?–და საბოლოოდ, დადიანიც შეუერთდა მათ კამპანიას. ისეთი სახე ჰქონდა, მზად იყო ადგილზევე გაეგლიჯა ნებისმიერი.
–მე შენ გაგაფრთხილე, ნიცა!–გამყინავი ხმით წარმოთქვა ირმამ.–და ისიც იცი, ტყუილად რომ არაფერს ვამბობ.
–ჩემთან მოკარებაც კი აღარ გაბედო ამ სიტყვების შემდეგ...–ძლივს ამოთქვა, ყვირილით ხმაწართმეულმა და კარის სახელურზე ხელმოკიდებული, ადგილზევე ჩაიკეცა, ქალი რომ ოთახიდან გავიდა. ისიც არ იცოდა, აქამდე როგორ გაძლო, მაგრამ ახლა თითქოს ერთიანად მოწყდა. იმის გააზრებისასაც კი პანიკა ეწყებოდა, რომ ის ბავშვი უნდა გაეშვილებინა, რომელსაც ცხრა თვე მუცლით ატარებდა.


დადიანი კი, იდგა გახევებული და ვერ გაეგო რა უნდა გაეკეთებინა. თითქოს ძარღვებში სისხლი გაეყინა, ნიცას ყვირილი რომ გაიგო და შემდეგ, ასეთ მდგომარებაში აღმოაჩინა. ბიჭები მაშინვე წავიდნენ, როცა შეატყვეს, სიტუაცია ზედმეტად პირადული რომ ხდებოდა, თუმცა თვითონ მაინც არ ჩათვალა საჭიროდ ზემოთ ასვლა. ვერ იჯერებდა, მამიდამისს როგორ უნდა გაეწირა ასე. როგორ უნდა მიეყვანა ორსული გოგო ასეთ მდგომარეობამდე. ახლა კი, იმასაც ვერ ხვდებოდა, რა უნდა ეთქვა ნიცასთვის, ცოტათი მაინც რომ ენუგეშებინა. სწორედ თვითონ არ იყო მისი ყველა პრობლემის გამომწვევი მიზეზი?


–წყალი ხომ არ გინდა?–სრულიად უაზროდ წამოიწყო ბოლოს საუბარი და ჩაიმუხლა, რომ წამოეყენებინა.
–ძალიან ჩამოვიდა ხმა?–ჩურჩულით ჰკითხა, ერთიანად გაწითლებულმა. იმედია, ბიჭებს ეს ყველაფერი არ გაუგიათ.
–წავიდნენ უკვე ისინი...–და თითქოს, თორნიკეც მიუხვდა.–ბალიში ხომ არ გაგისწორო?–ჰკითხა დამნაშავესავით და გოგონამ რომ თავი გაიქნია, უხერხულად აიტუზა საწოლთან. ასე არასდროს გასჭირვებია საუბარი.


–მაპატიე, წარმოდგენაც არ მაქვს, საიდან გაიგო მისამართი.
–შენ ხო არ გაგიჟდი, რას მებოდიშები! რა უნდოდა? გინდა თამოს დავურეკო? ან მაიას... ცუდად ხომ არ ხარ?
–არა, არა, უბრალოდ მართლა ვეღარ შევიკავე თავი.–ამოიოხრა და აცრემლებულმა შემოიხვია მუცელზე ორივე ხელი. აღარც ის ადარდებდა, თორნიკეს წინ რომ ტიროდა პატარა ბავშვივით და საერთოდ ვეღარაფერზე ფიქრობდა. ირმასგანაც კი არ ელოდა ასეთ რამეს, მიუხედავად იმისა, რომ კარგად იცნობდა მის ხასიათს.


სულს უხუთავდა ოთახში შექმნილი დუმილიც. გაურკვეველი, უაზრო სიტუაცია. ერჩივნა მარტო დარჩენილიყო და გულიანად, ხმამაღლა ეტირა, მაგრამ ხმას ვერ იღებდა. თვალებდახუჭულს მიედო თავი ბალიშზე და ჩუმად სდიოდა ცრემლები, დადიანის იქ ყოფნით დამძიმებული ჰაერი კი ერთიანად შემოხვეოდა და თავის ნაჭუჭში იქცევდა. ვერ ხედავდა, მაგრამ აშკარად გრძნობდა, გვერდით რომ ედგა, თუმცა ამაზე მეტად, ახლა სირცხვილს გრძნობდა და ალბათ ყველაფერი ერჩივნა იმას, რაც წეღან მოხდა. ასე დამცირებულად თავი მაშინაც კი არ უგრძვნია, რომ გამოუცხადა, შენთან უნდა ვიცხოვრო, სხვა გზა არ მაქვსო. არა, ეს როგორ გაუკეთა? კიდევ უჭირდა დაჯერება.


სუნთქვა კიდევ უფრო შეეკრა, საწოლი რომ ჩაიწია და თორნიკეს სურნელი ახლოს იგრძნო. სულ ოდნავ, თითქმის შეუმჩნევლად ტრიალებდა ოთახში ალკოჰოლის სუნი, მაგრამ რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ახლა ეს საერთოდ არ აღიზიანებდა...

გაგრძელება იქნება ორშაბათს
ავტორი ნათია ჯაგოდნიშვილი

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 3 /
სალომე
ან ხშირად დადეთ
19:06 / 23-10-2016
გამოხმაურება / 0 /
სალომე
ძალიან პატარ-პატარა თავებს დებთ,იქნებ გაითვალისწინოთ
19:04 / 23-10-2016
გამოხმაურება / 0 /
ყველა კომენტარი
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93