ნოველები

შეცდომა. თავი 12. შეხების ენა

შეცდომა. თავი 12. შეხების ენა
ადგილზე მიყინულივით იდგა ნიცა. ისეთი უჩვეულო და მოულოდნელი გამოდგა ეს ყველაფერი. რას იფიქრებდა? დაჯერებაც კი უჭირდა, მაგრამ ლოყის შიგნითა მხრიდან კბენა ზომაზე მეტად მტკივნეული რომ გამოდგა, საბოლოოდ მიხვდა - არ ეძინა. თუმცა, მაინც ვერ მოდიოდა გონს. საინტერესოა, რა ჯანდაბა ეტაკა დადიანს?
დამცინი? – ბოლოს მაქსიმალურად სერიოზულად წარმოთქვა და წამითაც არ მოუშორებია მზერა მისი თვალებიდან, ბიჭმა კი ისეთი სახით ამოიოხრა, აშკარად შეეტყო გულწრფელობა. დაღლილი ჩამოჯდა საწოლზე, იდაყვებით მუხლებს დაეყრდნო და ისე ახედა, წამებში აიძულა საღი
აზრის დაკარგვა.
– შენი აზრით, ახლა დაცინვის თავი მაქვს?
– აბა, რა ჟურნალის ყდისთვის გადაღება, რომელი მოდელი მე მნახე?! – თვალები აატრიალა ნიცამაც და ეცადა, არ შეემჩნია, როგორი აღელვებული იყო. – და საერთოდაც, გადი, თუ შეიძლება, მეძინება.
– კარგი, რა! რატომ მახვეწნინებ?
– თორნიკე, რა გინდა?
– მინდა, რომ ჟურნალის ყდისთვის გადაგიღო! მერამდენედ გაგიმეორო?
– და რატომ მე? ან საიდან გაგახსენდა ახლა ეს ყველაფერი? – მაინც არ ეშვებოდა. იქამდე არ მოისვენებდა, სანამ არ აღიარებინებდა, რომ მოეწონა. აბა, დაესიზმრა მაინცადამაინც მისი გადაღება?
– გოგო, გამექცა-მეთქი მოდელი, არ მისმენ შენ?! – თუმცა, სრულიად სხვა პასუხი რომ მიიღო, თითქოს მდუღარე გადაესხა. არა, მაინც რა თავხედია?!
– ჰოდა, დადექი და მოძებნე, ჩემი პრობლემა არაა ეგ.
– გეთანხმები, მაგრამ მაინც ვერ ვხვდები, რატომ ამბობ უარს?
– აბა, რაში მაწყობს ყდაზე გამოჭენება? თან საცვლებში გამოწყობილს?
– ნიცა, გეხვეწები, ქართველი „ქალიშვილი მოდელივით“ ნუ მსჯელობ. – ბოლოს მაინც ჩაეცინა თორნიკეს. რას იფიქრებდა, ამდენ ხანს თუ მოუწევდა ხვეწნა?
– არ მინდა და მორჩა.
– ნუ გაჯიუტდი!
– რა შუაშია? უბრალოდ, არ მინდა. – თვალები კიდევ ერთხელ აატრიალა და უცერემონიოდ შეძვრა საბნის ქვეშ, თუმცა, რა თქმა უნდა, დადიანისთვის არც ეს ყოფილა წინააღმდეგობა.
– ძალიან სერიოზული ფოტოსესიაა და შესაბამისად, ძალიან კარგად იხდიან. გაწყენს ზედმეტი სახარჯო ფული?
– და ამით ცდილობ ჩემ დათანხმებას?
– არა, უბრალოდ დადებით მხარეებს გაჩვენებ. შენ თუ ის გაღელვებს, რა ფორმატისაცაა ეს ფოტოსესია, მაგაზე ნუ ღელავ. გამნათებელსაც კი გავუშვებ სტუდიიდან და მარტო გადაგიღებ. – ისე სერიოზულად ალაპარაკდა ბიჭი, ნიცას უკვე მართლა უჭირდა წინააღმდეგობის გაწევა. ისე უხსნიდა და თან ისეთი თვალებით უყურებდა, მზად იყო, ნებისმიერ რამეზე დათანხმებოდა.
– ეგ ფოტოები მხოლოდ სტუდიაში არ რჩება.
– და რა? გგონია რამე ისეთს გადავიღებ, ქუჩაში გასვლის რომ შეგრცხვეს? – გამოსცრა გაბრაზებულმა. – ამ ყველაფერს იმიტომ არ გთავაზობ, რომ სხვა გზა აღარ მაქვს. იმიტომ გთავაზობ, რომ მინდა, შენ კი, ეს შეგიძლია!
– კარგი რა...
– იდეალურ ფორმაში ხარ! – არც დაფიქრებულა, ისე წამოიძახა.– ნებისმიერი სააგენტო აგიყვანს.
– ჰო, ახლა მოდაშია ორსული მოდელები! – წარბებ და ცერათითაწეულმა დაუქნია თავი. – არ გახვალ? მეძინება.
– არა. მითხარი, რის გამო ამბობ უარს?
– არ მინდა ხალხს ჩემი დანახვისას ის ახსენდებოდეს, რა ფერის ბიუსტჰალტერი მეცვა!
– ეგ შეიძლება საერთოდ არ დაგვჭირდეს... – ისე ჩაეღიმა, აშკარად მაქსიმალურად ცდილობდა თავის შეკავებას, თუმცა არ გამოუვიდა. ღმერთო, ისეთი სხვანაირი იყო იმ მომენტში! სულსაც გაყიდდა ნიცა ამ ღიმილისთვის.
– მით უმეტეს...
– ირმას გამო იკავებ თავს? – ბოლოს მაინც მიუხვდა და ბალიშებზე მიყუდებული გოგონასკენ გადაიხარა.– სერიოზულად?
– არ მინდა სიტუაციის კიდევ უფრო გამწვავება. – ამოიოხრა დანებების ნიშნად. საიდან ხვდება ყველაფერს?
– ნიცა, მაგ ქალმა შენც გაგწირა და ესეც. – წამითაც არ გაუწყვეტია მზერითი კონტაქტი, ისე მიადო მუცელზე ხელი. ჯანდაბა! თითქოს განგებ იქცეოდა ასე. წარბსაც არ იხრიდა, ისე ურევდა გონებას და თავდაყირა უყენებდა ყველაფერს. – და ახლა აპირებ, მის გამო რამეზე თქვა უარი?
– უბრალოდ... მეტის ატანა აღარ შემიძლია... – ამოიოხრა გატეხილმა და თავის ჩახრას აპირებდა, ბიჭის თითები რომ იგრძნო ნიკაპზე. არაფრით მისცა უფლება, სხვაგან გაეხედა. ღმერთო, როგორი უცნაური იყო ეს ყველაფერი და როგორ არ უნდოდა ნიცას, ისევ თავით გადაშვებულიყო იმაში, რამაც ასე ძალიან ატკინა.
– დაივიწყე ყველაფერი, რაც ხელს გიშლის წარმატების მიღწევაში. ამ ყველაფერს იმიტომ არ გეუბნები, რომ მე დამეხმარო. მართლა.
– ვიცი. – დაიჩურჩულა და ტუჩი მოიკვნიტა. მხოლოდ შეკითხვის დასმაღა აკლდა, რომ დათანხმებოდა. ამ მომენტში ისე სძულდა თორნიკე, მხოლოდ იმის გამო, რომ ასე ძლიერ უყვარდა...
Image result for emily didonato

– კარგად გამოიძინე, ხვალ რთული დღე გვექნება! – და ბიჭს აღარც უკითხავს, ისევე მიიღო გადაწყვეტილება. თვალიც ჩაუკრა, კმაყოფილი სახით და რატომღაც, მაინც გაუჭირდა გასასვლელად ადგომა. ისე კომფორტულად მოკალათებულიყო, საერთოდ არ ჰქონდა საკუთარ საძინებელში გადანაცვლების სურვილი. უფრო მეტიც... დიდი სიამოვნებით დარჩებოდა აქ, თუმცა იცოდა, რომ არასწორი იყო. როგორ სასაცილოდაც არ უნდა ჟღერდეს, არ შეეძლო.

ბოლოს მაინც აჯობა საკუთარ თავს, მუხლებზე ხელის დარტყმით წამოდგა, კიდევ ერთხელ უსურვა ძილი ნებისა და ის იყო, ნიცამ იფიქრა, დღეს საბოლოოდ დავამთავრეთო, რომ ნახევარი წამის გასული, ისევ უკან შებრუნდა. სასაცილოდ ჰქონდა თავი გაჩხერილი კედელსა და კარს შორის, ალკოჰოლისგან თვალები უციმციმებდა და ისე იღიმოდა, აშკარა იყო, რაღაც თავისებურს, ბინძურსა და მწარეს ეტყოდა, შემდეგ კი, წარბისშეუხრელად დატოვებდა.

– ვეღარაფერი მოიფიქრე? – გაეცინა ნიცას, ყოყმანი რომ შეატყო. როგორც წესი, ფანტაზიას არ უჩიოდა, მაგრამ ალბათ, სასმელი მაინც თავისას შვრება.
– ვერა. – ჩაიფხუკუნა დადიანმაც და ბოლოს მაინც თავის ქნევით დატოვა ოთახი, გოგონა კი ყურებამდე გაღიმებული, ლოყებზე ხელებაფარებული მოკალათებულიყო საწოლში და მაქსიმალური ძალისხმევის მიუხედავად, მაინც ვერაფრით იმშვიდებდა აჩქარებულ პულსაციას...

* * *
ნამდვილი ვარსკვლავური დილა გაუთენდა ნიცას. ისეთი უცხო იყო მისთვის ეს ყველაფერი. დაძაბული გრაფიკი, მუდმივად გადარბენაზე ყოფნა, ამდენი ხალხის გარემოცვაში ტრიალი და ყველას ყურადღება... არა, ყურადღებას ნამდვილად არ უჩიოდა, მაგრამ დადიანთან ერთად სტუდიაში რომ შეაბიჯა, ფეხები მაინც უკან რჩებოდა. ჰმ, მაინც რატომ დათანხმდა? როდიდან იზიდავდა ჟურნალების პრიალა ყდებზე ნახევრად ჩაცმული გოგონების ხილვა? და ახლა თვითონაც უნდა გამხდარიყო ასეთი? ღმერთო...
– როგორც იქნა! – მოულოდნელად, წინ აესვეტათ მაღალქუსლიან ფეხსაცმელზე შემხტარი, მოკლე, აპრეხილთმიანი და სათვალიანი გოგო. – ლამის იყო, ჩემი სელფი გამეშვა დასაბეჭდად.
– ასე შეგძულდა ეს სამსახური? – დასცინა თორნიკემ და გოგონა ისეთი სახით დაეჯღანა, ნიცამაც ძლივს შეიკავა სიცილი.
– გადავქექე სააგენტოები, ნორმალური და თავისუფალი დღეს არავინ ჰყავთ!
– მიმი, ნუ ხარ პანიკაში! მე თვითონ მოვიყვანე! – თვალი ჩაუკრა, შემდეგ კი თავით ნიცაზე ანიშნა, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში, პატარა ბავშვივით ატუზულიყო.
– ოჰო, გამარჯობა! – თვალებანთებულმა შესძახა მიმიდ წოდებულმა. – სახელი, გვარი, სააგენტო.
– ნიცა ყიფიანი. მე, ამმ...
– ნუ ეცი! – საბედნიეროდ, დროულად გაეცინა დადიანს. – არანაირი სააგენტო, ჩვენი ექსკლუზივია.
– მდაჰმ, გემოვნება გვქონია... – ტუჩები აატრიალა მიმიმ და ისე შეათვალიერა, ნიცა ლამის უკან გაბრუნდა. საშინლად სძულდა დასაკვირვებელ ობიექტად ყოფნა, განსაკუთრებით კი, უცხო გარემოში.
– გოგოები საგრიმიოროში არიან? – თუმცა თემა გადაუტანა ბიჭმა. – ძალიან ცოტა დრო და ძალიან ბევრი საქმე გვაქვს.
– სად შეგვიძლია ამდენი პროფესიონალიზმი! – თვალები აატრიალა მოკლეთმიანმა და უცერემონიოდ ჩაავლო ნიცას ხელი. –წამოდი, ჩვენ მოგხედავთ, სანამ ამას გაუგიჟებიხარ! – შემდეგ კი, ისე წააცუნცულა, ხმის ამოღებაც არ დააცადა...

ისე სწრაფად მოხდა ყველაფერი... რამდენიმე ადამიანი ერთდროულად „დაესია“. ერთი მაკიაჟს უკეთებდა, მეორე ვარცხნილობას, მესამე მანიკიურს. ლამის ნამდვილ მოდელად წარმოიდგინა საკუთარი თავი, თუმცა არგელოდი არაფრით ავიწყებდა საკუთარ არსებობას და გულში ლოცულობდა, პარფიუმერიის სუნზე არაფერი მოსვლოდა. ღმერთო, ვერც კი გააცნობიერა, ისე მოიხსენია საწყალი პატარა იმ საშინელი სახელით! ჯანდაბა, ყველაფერი იმ არანორმალურის ბრალია!

– ვერ მორჩით? – დაუკაკუნებლად შეაღო საგრიმიოროს კარი ზემოხსენებულმა არანორმალურმა.
– დადიანი, რა დღეში გაქვს ნერვები? მოვასწრებთ! – გაუცინა მიმიმ და ყავა მოწრუპა.
– გაგაგიჟეს? – თუმცა ბიჭი რეპლიკის სრული უგულებელყოფით მიუბრუნდა ნიცას. – მეტი მუქი ფერები არ გქონდათ? – შემდეგ კი, ასევე სწრაფად გადაერთო ვიზაჟისტებზე.
– მუქი ფერი უფრო სექსუალურს ხდის.
– ისედაც არის, – მოუჭრა მოკლედ და სანამ ნიცას, გაგონილით შოკირებულს, ხველა აუტყდებოდა, მალევე გადაასწორა, – ფოტოსესია. ისედაც სექსუალური ფოტოსესიაა... – მხრები აიჩეჩა, ვითომც არაფერიაო და პირიქით, თვითონ მოატარა გაკვირვებული მზერა გოგოებს.
– გამნათებელს დაუძახე და ხუთ წუთში გამოვუშვებთ, – გაუღიმა რუსულაქცენტიანმა ფუმფულა ქალმა და ნიცას მიუბრუნდა. – მაინც არ გაგვიმხილა, საიდან მოხვდა ჩვენთან.
– თქვენს ძილზე ზრუნავს და იმიტომ.
– ბატონო? – ვერ მიუხვდა ლილი.
– რაც უფრო ცოტა იცი, მით უფრო უკეთ გძინავს! – გაეცინა დადიანს, შემდეგ კი, მოთმინებაგამოლეულმა ამოიოხრა, სამ წუთში შიგნით მყავდესო და ისევე სწრაფად გაქრა, როგორც შემოვიდა...


* * *
ისე ღელავდა ნიცა, თითქოს ფოტოსესია კი არა, „Victoria’s Secret“-ის შოუს გახსნა ჰქონდა. მით უმეტეს, ისეთ თეთრეულში იყო გამოწყობილი... არასდროს მიეკუთვნებოდა კომპლექსიანი გოგონების კატეგორიას, მაგრამ ახლა მაინც საშინლად უხერხულად გრძნობდა თავს. არა, რაზე ფიქრობდა, რომ დათანხმდა? სულელი გოგო!

– შემოდი, ყველა გავუშვი! – ჩაეცინა თორნიკეს, კარის ზღურბლთან სასაცილოდ „გაჭედილი“ რომ დააფიქსირა. ერთიანად გაეყინა ხელები ნერვიულობისგან. ამაშიც უკუღმართი როგორ არის?! თუმცა, დიდად აღარ გაუწელავს, ერთი ღრმად ამოისუნთქა და შიგნით შეაბიჯა. ბიჭი ფოტოაპარატს ჩასჩერებოდა და არც შეუხედავს. ჰმ, საქმიანი! როგორ შეუძლია, ერთდროულად იყოს ასეთი კარგი და თან გამაღიზიანებელი? თითქოს, სპეციალურად იქცევა ასე.

დაბნეულმა მოატარა ნიცამ თვალები სტუდიას. ყველაფერი ისე მინიმალისტურად იყო მოწყობილი. კედელზე გაჭიმული მწვანე ნაჭერი, მაღალფეხიანი, უზურგო სკამი, ყველა მხრიდან მისკენ მიმართული განათებები... არა, ნამდვილად არ იყო ამისთვის შექმნილი. და არც მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი აღაფრთოვანებდა, თუმცა, მაქმანებიან თეთრეულსა და ატლასის ხალათში გამოწყობილს, ამაზე ღელვის დროც კი არ რჩებოდა.

– რას ელოდები? – როგორც იქნა, ბიჭმაც ახედა და ხალათზე ანიშნა, თუმცა ნიცა ისეთი გაშეშებული იდგა, ვერაფერს მიხვდა. ყოველ წამს რწმუნდებოდა, როგორი შეცდომა დაუშვა აქ მოსვლით, ახლა კი, შანსი რომ მისცემოდა, მართლა უკანმოუხედავად გაიქცეოდა. – ნიცა, კარგი, რა! – თვალები აატრიალა მის დაბნეულობაზე.
– არ შემიძლია... – თუმცა გოგონამ ისე საწყლად ამოიოხრა, გაბრაზების ნაცვლად, ისევ ჩაეღიმა. თავის ქნევით მიუახლოვდა და სულ რამდენიმე სანტიმეტრის დაშორებით გაჩერდა.
ისე ახლოს იყო... ხელშესახებად ახლოს. მისი სუნთქვის ხმაც კი ესმოდა ყიფიანს და საერთოდ კარგავდა ფიქრის უნარს. ადამიანზე ასე ზემოქმედება უნდა ისჯებოდეს! კანონით! ჰიპნოზივით მოქმედებს მასზე და სულ ერთი ღიმილით შეუძლია, ყველაფერი გააკეთებინოს.

– სულ რამდენიმე ფოტო... – წარმოთქვა მშვიდი, დაბალი ხმით და ნიცამ გაუცნობიერებლად ტუჩზეც კი იკბინა. ღმერთო, ოღონდ ახლა გადარჩეს... – კარგი? – ჰკითხა ისე, პასუხი უკვე იცოდა და აღარც გაუჭიანურებია, თვითონვე წაიღო ხელები ხალათის ქამრისკენ და ნაზი ქსოვილი მხრებზე რომ გადაუსრიალა, წამიერად გაჩერდა. ისეთი თვალებით დახედა, ვერაფრით მიხვდა ყიფიანი, რისი თქმა უნდოდა ან რას ფიქრობდა საერთოდ. ვერაფრის ამოკითხვა ვერ მოახერხა და ამან კიდევ უფრო დააბნია, ისედაც ჟრუანტელდავლილი. თორნიკემ კი... მართლა პირველად იგრძნო თავი ასე, თანაც, სამსახურში.

– ჯანდაბა, – ჩაეცინა თავისსავე საქციელზე. – დეჟა ვუ მაქვს... – კიდევ უფრო ჩაიფხუკუნა და თავის ქნევით მიაგდო ხალათი სკამზე.
ასე არასდროს გასჭირვებია მუშაობა. ვერაფრით ახდენდა კონცენტრირებას. ხან სად გაურბოდა თვალი, ხან სად. არა, იდეალურსხეულიანი გოგონები ნამდვილად არ აკლდა, არც მათი ყურადღება და არც ასეთი სტილის ფოტოსესიები, მაგრამ ვერაფრით გაეგო, რა ჯანდაბა ემართებოდა ახლა. კბილებს ძლიერად აჭერდა ერთმანეთს, როგორმე ყურადღება რომ მოეკრიბა და ღრმა ამოოხვრის თანხლებით აჩხიკინებდა ფოტოაპარატს. კარგი, გუშინ მთვრალი იყო და ეპატიება, დღეს რაღა სჭირს?! არა, თორნიკე, თავს უნდა მიხედო, სასწრაფოდ!
– თმა გადაიწიე და კამერას გამოხედე... – წარმოთქვა ზედმეტად ოფიციალური ხმით, მაგრამ სანამ ნიცა მის დავალებას შეასრულებდა, უცბად წამოყო თავი. – არა, მოიცა, ძალიან მაგარი რაღაც მოვიფიქრე! – შემდეგ კი საკიდიდან საკუთარი ტყავის ქურთუკი ჩამოხსნა და უცერემონიოდ გაუწოდა. – ეს ჩაიცვი და ზემოთ გაიხადე.
– რა? – აი, აქ კი ჭყიტა თვალები ნიცამ. აქამდე თუ უხმოდ იტანდა ზედმეტად პროფესიონალურ მოთხოვნებს, ამის შესრულებას ნამდვილად არ აპირებდა. არა და მორჩა!
– მიდი, ძალიან მაგარი ფოტო გამოვა. მალე.
– თორნიკე, არა!
– კი, როგორ არა!
– გაგიჟდი? არ გავიხდი. არ ვაპირებ, კამერების წინ შიშველმა ვიპოზიორო. თავიდანვე გითხარი ეს.
– ღმერთო, როგორ მღლით ამ უაზრო მენტალიტეტით! – სახეზე ორივე ხელი აიფარა ბიჭმა და ისე ამოიოხრა, შემდეგ კი, პასუხს არც დალოდებია, ისე შემოაცვია ნიცას ქურთუკი და თვითონვე შეძვრა მის შიგნით, ბიუსტჰალტერის გასახსნელად.
– არ გაბედო, – კბილებს შორის გამოსცრა ნიცამ, სუნთქვაშეკრულმა. ხერხემალში იგრძნო ჟრუანტელის დავლა და ისეთი თვალებით ახედა, უსიტყვოდ ემუქრებოდა. პრინციპში, ხმის ამოღება არც შეეძლო, ისეთ მდგომარეობაში იყო. მაშინვე დაუარეს სხეულში ჭიანჭველებმა, როგორც კი ბიჭის თითების შეხება იგრძნო. ძლივსღა სუნთქავდა აღელვებული და მზერას არაფრის დიდებით არ აშორებდა.

თუმცა, მასზე ნაკლები ჯიუტი არც თორნიკე გამოდგა და არც თვითონ გაუწყვეტია თვალებით კონტაქტი, ისე შეუხსნა ბიუსტჰალტერი. წარბიც კი არ შეხრია და უფრო მეტიც, არც უცდია კმაყოფილი, ცალყბა ჩაცინების დამალვა. ზემოდან დაჰყურებდა და პირდაპირ ასხივებდა თვითმაყოფილებას. ტუჩზეც კი იკბინა, თავის საწადელს რომ მიაღწია და შემდეგ ქურთუკი ისე გაუსწორა, ყველაფერი ხელოვნების დონეზე აყვანილი სიზუსტით რომ გამოჩენილიყო.
– ნუ მიბრიალებ თვალებს, – ჩაეცინა ბოლოს. – და დაწყნარდი, ეკლები გაყრის...

– ახლა ვხვდები, რატომაც გაგექცა მოდელი, – გაბუტული ბავშვივით ამოიბურტყუნა ნიცამ. ღმერთო, ისეთი მონდომებით ცდილობდა ყურადღების სხვა რამეზე გადატანას, მაგრამ უბრალოდ ფიქრიც კი აღარ შეეძლო, თორნიკეს თითები მკერდის ხაზზე რომ იგრძნო.
– კიდევ კარგი, გამექცა, – თუმცა, ამ პასუხმა საბოლოოდ აიძულა ენის გადაყლაპვა და მოულოდნელობისგან შეხტა კიდეც, ასე დაჟინებით მომზირალს, აპარატის ხმა რომ მოესმა. – ესეც, რიგგარეშე ფოტო, – თვალი ჩაუკრა ბიჭმა, შემდეგ კი, ისევ თავის ადგილს დაუბრუნდა და ისე გააგრძელე საქმიანობა, თითქოს რამდენიმე წამის წინ, ფოტოაპარატის უგზოუკვლოდ მოსროლაზე არ ფიქრობდა...


* * *
– ძალიან მაგარი ფოტოები გამოვიდა! – აღფრთოვანებას ვერ მალავდა მიმი. დაახლოებით ერთი საათის წინ მორჩნენ ფოტოსესიას, მაგრამ თორნიკე მაინც არ უშვებდა სახლში. უნდა დავამუშაოო, თუმცა შემდეგაც არ აჩვენა, ყველაფერს რომ მორჩა.
– მეც მაინტერესებს, – საწყლად აწუწუნდა ნიცა, გოგონებს კი მის საქციელზე გაეცინათ.
– გამოვა ხვალ ჟურნალი და ნახავ, აბა, მკითხველს ხომ არ დავკარგავთ! – თვალი ჩაუკრა მოკლეთმიანმა.

– ნეტა ამასავით ვინ იცავს კიდევ ჟურნალს... – გაეცინა თორნიკეს. – მე მოვრჩი, შეგვიძლია წავიდეთ.
– ნიცა, კიდევ შემოგვიარე ხოლმე, კარგი კადრი ხარ. – გაუღიმა ერთ-ერთმა ვიზაჟისტმა, გოგონამ კი უბრალოდ მორიდებულად აიჩეჩა მხრები, ვნახოთო.
უნდა აღიაროს, მართლა მოეწონა კამერასთან მუშაობა, მიუხედავად რამდენიმე ინციდენტისა. მართლა პროფესიონალი იყო თორნიკე და ერთადერთი, რაც საშინლად აღიზიანებდა, იმაზე ფიქრი იყო, რომ სხვა მოდელებთანაც ასე იქცეოდა. ღმერთო, ისეთი საშინელი გრძნობა იყო ეს ეჭვიანობა... პირდაპირ ტვინში ურტყამდა და თავსაც კი ატკიებდა გაბრაზებულს.

– ყავა დავლიოთ? – თუმცა, სრულიად მოულოდნელად გაისმა დადიანის ხმა მანქანაში და ისე დააჭყიტა თვალები, თითქოს სულ სხვა რამე შეეთავაზებინოს. ოჰო, ეს უკვე წინ გადადგმული ნაბიჯია!
– არ შეიძლება ჩემთვის.
– მაშინ ჩაი.
– კოფეინი საერთოდ ამიკრძალა მაიკომ, სხვათა შორის.
– ნუ, ხილის წვენიც არ იქნება ცუდი. – გაეცინა თორნიკეს და ნერვებმოშლილმა ამოიოხრა, საცობში რომ გაიჭედნენ. – აი, ამიტომ ვერ ვიტან ასეთ დროს პეკინზე მანქანით სიარულს.
– ვინმემ დაგაძალა? – თვითნაც ვერ ხვდებოდა, რატომ ესაუბრებოდა ასეთი ტონით, მაგრამ ისე მოსწონდა მისი მხრიდან დაინტერესების დანახვა, საშინლად უნდოდა, ისე ეწვალებინა, როგორც თვითონ იტანჯა.
– შენ ისე იღრინები, აშკარად მოგშივდა. მივაჩერებ აქვე სადმე და შევიდეთ „ვენდიში“ ან „მაკდონალდსში“.
– მაპატიე, მაგრამ კომპანიონობას ვერ გაგიწევ. თამოს ვხვდები.
– ოუჰ, რა ოფიციალური განცხადებაა!
– უკვე შევთანხმდით. – მხრები აიჩეჩა უდანაშაულოდ. – შუქნიშანთან გამიჩერე და გადავალ.
– ლარიც დაამატე და ბოლომდე მიგიყვან! – თვალი ჩაუკრა და გოგონამ ძლივს შეიკავა სიცილი. არა, არ აპირებდა ეჩვენებინა, რომ წეღანდელმა გაბრაზებამ ასე უცბად გადაუარა.
– აი, იქ დგას უკვე. – თავით ანიშნა გაჩერებასთან მდგარ გოგონაზე. – ცხოვრებაში პირველად ხდება, ეს რომ მელოდება და არა პირიქით! – თუმცა ბოლოს მაინც გაეცინა და თორნიკემ მანქანა რომ გაუჩერა, მაინც გაბრაზდა, ასე მარტივად რომ დანებდა.
– დამირეკე და გამოგივლით.
– გადმოუშვებ? – თვალების ბრიალით შეყო მინაჩაწეულ ფანჯარაში თავი თამომ. – გამარჯობა!
– რაო, ცუდია ლოდინი? – დასცინა თორნიკემ, შემდეგ კი, კიდევ ერთხელ უთხრა, შემეხმიანეთო და ნიცა რომ მანქანიდან გადავიდა, თვითონაც მალე გაქრა მხედველობის სივრციდან.
– როგორც იქნა! სად იყავი ამდენ ხანს?!
– ისეთები უნდა მოგიყვე, ჭკუიდან გადახვალ! – პატარა ბავშვივით შემოჰკრა ტაში ნიცამ და წარბებიც აათამაშა, მეგობარმა კი, მის საქციელზე სიცილით გადაიქნია თავი. – ოღონდ, ჯერ მშია!

ავტორი ნათია ჯაგოდნიშვილი
გაგრძელება იქნება  
იხილეთ ასევე: შეცდომა. თავი 11. "ლტოლვა"

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 3 /
მე
ცოტა მეტი დადეთ ხოლმე რა:)
12:21 / 02-12-2018
გამოხმაურება / 0 /
ნინო
ცოტა მეტი დადეთ რა :)
16:24 / 01-12-2018
გამოხმაურება / 0 /
ყველა კომენტარი
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
e87a93