ნოველები

შეცდომა. თავი 13. მოულოდნელი შეხვედრა

შეცდომა. თავი 13.  მოულოდნელი შეხვედრა
– დადიანი აღარ ხუმრობს! – გაეცინა თამოს, მთელი ისტორია დეტალებში რომ მოისმინა. – მე კიდევ, ამ ყავამ მომკლა!
– აუ, როგორ მშურს შენი... – წვიმაში გაგდებული კნუტის თვალებით გახედა ნიცამ და საცოდავად მოწრუპა თავისი ხილის წვენი. ჩემს შვილს როგორ შეიძლება კოფეინმა რამე უქნას!
– გოგო, მე მიქნა და ვაკონას რაღას უზამს!
– ვის?
– არგელოდის არ ეძახის მამამისი? – გაეცინა თამოს. ზუსტად იცოდა, ნიცას ასეთი რეაქცია რომ ექნებოდა და ვერაფრით თქვა უარი ამ სახის ხილვაზე.
–ჰოდა, მეგრულად ვაკონაა.
– მეგობრების სიიდან
გშლი! – ლამის ყურებიდან ბოლი გაუშვა ნიცამ, შემდეგ კი, უკვე ნერვებს მიშლის აქაურობაო, გაბრაზებულმა ჩაიბურტყუნა და უცერემონიოდ ჩაცალა მთელი სინი ნაგვის ურნაში.
–აქ აღარ მინდა, „მაკდონალდსში“ გადავიდეთ, იქაური ფრი სჯობს.
– არგელოდის აღარ სჯობს? უფრო უცხოა!
– შენ და თორნიკემ ერთად იმოძრავეთ.
– ნუ, თუ გოგო იქნება, კიდევ შევურჩევთ რამე საინტერესოს.
– თამრიკო!
დაისისინა ნერვებმოშლილმა. ასე მხოლოდ მაშინ მიმართავდა, როცა მართლა ძალიან ბრაზდებოდა და გოგონამაც სიცილით ასწია ხელები, მოვრჩიო.
– როდის უნდა გაიგო სქესი?

მალევე შეცვალა თემა, გარეთ რომ გავიდნენ და სეირნობით აუყვნენ ქუჩას. წვიმა ახალი გადაღებული იყო და ისეთი კარგი ჰაერი იყო, ნიცასთვის რომ გეკითხათ, სახლამდეც ფეხით წავიდოდა.
– თორმეტ კვირაზეო, მაგრამ მე მაინც გოგო მგონია.
– მერე იტყვის, დაბადებულიც კი არ ვიყავი, ისე მოვხვდი ერთ-ერთი პოპულარული მოდური ჟურნალის გარეკანზეო! თან წარმოიდგინე, ბიჭი თუ იქნება, უფრო კარგად გამოვა. ვაკონა დადიანის პირველი ნაბიჯები მოდის ინდუსტრიაში!

მთელი ენთუზიაზმი ჩააქსოვა ამ სიტყვებში და მაქსიმალურად ეცადა, არ გასცინებოდა, თუმცა მაინც არ გამოუვიდა.
– შენ არ მოგანათლინებ ბავშვს!
– შენ თუ გგონია, მამამისის ტვინი უფრო სასწაულს ვერ მოიფიქრებს, ძალიან ცდები!
– თამო, დედას გაფიცებ, მე რომ სამშობიაროში ვიქნები, თორნიკემ თუ რაღაც კატასტროფის სახელით ადღეგრძელა, არ გაბედო და დაბადების მოწმობაში იგივე არ ჩააწერინო!
სასოწარკვეთილმა გახედა ყიფიანმა და გოგონას მისი შეშინებული თვალების დანახვაზე კიდევ უფრო აუტყდა სიცილი.
– გპირდები, არც არგელოდის დავარქმევინებ და არც ლენსტამბერს!
– ღმერთო, რატომ ხართ ორივე მეგრელები!
აღმოხდა ნიცას და ამასობაში, შუქნიშანსაც მიუახლოვდნენ. ისე ეშინოდა ამ გზაზე სხვანაირად გადასვლის... ზოგჯერ მართლა ყოფილა შემთხვევა, უცერემონიოდ გადაუჭრია, მაგრამ აქ ვერ ბედავდა. ისე გიჟებივით დააქროლებდნენ მანქანებს, ნამდვილად არ სურდა, სიცოცხლე ბორბლებქვეშ დაესრულებინა.
– ხედავ, როგორ საამაყო გარემოცვაში ტრიალებ?!

თვალი ჩაუკრა თამომ, მაგრამ გოგონას მისი სიტყვები არც გაუგია. წითელზე გაჩერებულ „პრადოში“ ისეთი ადამიანი დაინახა, თანაც საჭესთან, ტვინიც რომ აეტკიებინა ფიქრით, მაინც ვერასდროს მივიდოდა ამ აზრამდე. ნუთუ სძინავს და ესიზმრება? ან ასე როგორ დაიღალა, რომ მოჩვენებები დაეწყო?! გამორიცხულია, ის ვერ იქნება!
– ახლა მშობიარობა დამეწყება...
აღმოხდა თვალებდაჭყეტილს, მანქანამ მოძრაობა რომ დაიწყო და მისი საქარე მინისთვის თვალიც არ მოუშორებია, ისე გაჰკრა მეგობარს მხარი.
– გახედე, საჭესთან ვინ ზის!
– რა იყო, თორნიკე ოლიგარქი გამოდგა და მანქანებს იცვლის?
გაეცინა თამოს, მაგრამ წამებში მასაც გაეყინა სახე. კი მაგრამ, როგორ?!
– ხომ არ მომეჩვენა?
– ნიცა, ახლა წავიქცევი...
– რა უნდა ჩვენი სერიალის ბიჭს საქართველოში, თან თბილისში, უფრო ზუსტად, პეკინზე და კიდევ უფრო ზუსტად, მანქანის საჭესთან?!
ვერაფრით ახერხებდა, შოკისგან დაღებული პირის დახურვას. მართლა ისეთი მოულოდნელობა იყო, ფიქრის უნარიც კი დააკარგვინა. ზუსტად იცოდა, რომ არ მიუმსგავსებია. თამოს სახეზევე წაიკითხა ყველაფერი. თუმცა მაინც ვერაფრით უძებნიდა ნანახს ახსნას. საიდან? როგორ? რატომ?
– მიწიდან ამოვთხრი ინფორმაციას, მაგრამ მაინც გავიგებ, რა ხდება!

გადაჭრით წარმოთქვა თამომ და პირველმა თვითონ მოიფიქრა, ქვეითთათვის ანთებულ მწვანეზე, გზაზე რომ უნდა გადასულიყვნენ.
– მერე შენ ამოგთხრის ალექსი მიწიდან. – დასცინა ნიცამ. – ოღონდ ჯერ ჩაგმარხავს.
– კარგი, რა!
– იეჭვიანებს.
– იეჭვიანოს, მერე. იცი, როგორი საყვარელია?!

ჩაიფხუკუნა, ეჭვიანობისგან ძარღვებდაბერილი ალექსის წარმოდგენაზე.
– თან თუ მაგან მსახიობზე სერიოზულად იეჭვიანა, კარგად ყოფილა საქმე.
– აუ, საიდან გავიგოთ?! რა მამიდა დავკარგე?! აფსუს!

გაეცინა ნიცას, თუმცა თამომ მაინც იგრძნო მის მხიარულებაში სიყალბე.
– ჩვენ თვითონ მოვძებნით, სულ არ გვჭირდება ირმა!

თვალი ჩაუკრა და „მაკდონალდსში“ პირველი შეატარა.
– მანქანის ნომერი ხომ დაიმახსოვრე?
– მეკითხები კიდეც?! – გაეცინა „შეურაცხყოფილს“ და რიგს რომ გახედა, სერიოზულად შეწუხდა.
– მიდი, ადი და ამოგიტან. – მიუხვდა მეგობარიც. – მაგრამ გახსოვდეს, სულ ორსულად ვერ იქნები!
თუმცა ბოლოს, მაინც „უკბინა“ და ნიცასაც, მაშინვე წაეშალა გამარჯვებულის ღიმილი სახიდან.
კიბეს რომ აუყვა, ჯერ კიდევ იმაზე ფიქრობდა, როგორ გაეგო სიმართლე. ნუ, ის კი ზუსტად იცოდა, ასეთი ცნობილი ადამიანის ჩამოსვლა პრესას რომ არ გამოეპარებოდა, მაგრამ ის უფრო აწუხებდა, თვითონ და თამოს რომ გამორჩათ. ასაკისა და მდგომარეობის მიუხედავად, მაინც პროფესიონალი ფანგოგოები იყვნენ და ისეთი ინფორმაციაც კი იცოდნენ, რაც საჯაროდ მოგვიანებით მჟღავნდებოდა. ჰმ, აშკარად შეუსუსტდათ საინფორმაციო წყაროები!

ჩაფიქრებული ავიდა მეორე სართულზე, თავისუფალი მაგიდის მოსაძებნად და... კიდევ ერთხელ მიიღო შოკი. ღმერთო, დღეს რომელ ფეხზე ადგა?! ადგილზევე გაიყინა ნანახისგან. არა, მსახიობი ნამდვილად არ დახვედრია და არც სხვა რომელიმე ცნობილი, მაგრამ... რატომ არის ეს ბიჭი ასეთი ნაძირალა?! ერთიანად ააკანკალა, მინის კედელთან მდგარ მაგიდასთან, გოგონასთან ერთად მოკალათებულმა თორნიკემ გულიანად რომ გაიცინა.

ისეთი თავისუფალი და ბედნიერი ჩანდა. და ის გოგოც ისეთი აციმციმებული თვალებით შეჰყურებდა. ნაბიჯის გადადგმაც ვერ მოახერხა, რომ მიახლოებოდა. ან კი რა უნდა ეთქვა? რა უფლება ჰქონდა?! არანაირი! და ეს ამწარებდა ზუსტად. არანაირი უფლება არ ჰქონდა იმ კაცზე, რომლის შვილსაც მუცლით ატარებდა.

მალევე აემღვრა გამოსახულება და გულიდან ამოსული, სლუკუნისმაგვარი ხმა რომ ამოუშვა, სულ ცოტაღა უკლდა გონების დაკარგვამდე, თუმცა მაშინვე იგრძნო, როგორ წაუჭირეს მკლავში ხელი და რამდენიმე წამში აღელვებულმა ხმამაც მიაღწია მის გონებამდე.

– ნიცა! შემომხედე! რა მოგივიდა?!

* * *
ერთიანად კანკალებდა, ხმის ამოღებასაც კი ვერ ახერხებდა. ისე უჭირდა სუნთქვა, ეგონა, ჩაიკეცებოდა. მხოლოდ საკუთარ მკლავზე მჭიდროდ შემოხვეულ ხელს გრძნობდა და ცდილობდა, როგორმე კონტროლი დაებრუნებინა. ვერაფრით ახერხებდა. უნდოდა, მართლა ძალიან უნდოდა, მაგრამ არ გამოსდიოდა.

– ნიცა! – შედარებით ხმამაღლა მოუვიდა დაძახება და ისე შეანჯღრია, გოგონამ სწრაფად დაახამხამა თვალები. პატარა ბავშვივით, უხმოდ სლუკუნებდა და ტუჩებს მაგრად აჭერდა ერთმანეთს, ხმამაღლა რომ არ აღრიალებულიყო.

ნიკაპაკანკალებულმა, მომუშტული ხელებით ამოიწმინდა ცრემლები და როდესაც მხედველობის არე გაეწმინდა, მაშინვე დაინახა, რამხელა „საფრთხეც“ უახლოვდებოდა.
– წავიდეთ, გეხვეწები... – ძლივს მოახერხა თქმა, მაგრამ ნაბიჯის გადადგმაც ვერ მოასწრო, თორნიკეს ხმა რომ მოესმა.
– რა გჭირს? – მიეჭრა, ცოტა არ იყოს, აღელვებული, თამომ კი ისეთი სახით გახედა, აშკარა იყო, უკვე იცოდა, რამ გამოიწვია ნიცას ასეთი უეცარი რეაქცია.
– არაფერი! შენ აქ რა გინდა, არ გეჩქარებოდა?
– მე და ენი გამოვედით ბურგერებზე. – მხრები აიჩეჩა, ვითომც არაფერიაო, შემდეგ კი ისე უცერემონიოდ მოკიდა ნიცას ორივე ხელი ლოყებზე და თავი ააწევინა, თითქოს სხვები არც ყოფილიყვნენ გარშემო. – რა გჭირს? – ჰკითხა საოცრად მშვიდი, თუმცა მომთხოვნი ხმით.
– თამო?!
Image result
სანამ ნიცა პასუხის გაცემას მოასწრებდა, ის გოგოც მიუახლოვდათ, ვისთანაც ასე მხიარულად ატარებდა დროს ვაჟბატონი.
– როგორ ხარ? რამდენი ხანია, არ მინახიხარ!
შემდეგ კი ისე თბილად გადაეხვია, ყიფიანი საერთოდ დაიბნა. რა ხდება საერთოდ?!
– გახდი აბიტურიენტი და საერთოდ დაგვეკარგე! – გაეცინა თამოსაც. – როგორ მოახერხე მასწავლებლებისგან გამოპარვა?
– შავი მაგიით!
წარბები აათამაშა სასაცილოდ და შემდეგ ისევ თორნიკეს მიუბრუნდა.
– არ უნდა გამაცნო?!
ხალხმრავლობაში დაკარგული ბავშვივით აცეცებდა თვალებს ნიცა. საერთოდ ვერ გაეგო, რა მოხდა. ის კი აშკარა იყო, ეს გოგო უცნობი რომ არ გახლდათ, მაგრამ... იქნებ ძველი შეყვარებულია? მაგრამ ასაკით ასეთ პატარას ხვდებოდა? და თან ისე სერიოზულად ჰქონდათ საქმე, ძმაკაცის შეყვარებულსაც რომ გააცნო? ვერაფერი გაეგო.
– ამაზე მერე ვილაპარაკებთ.

ისე მოუჭრა ნიცას, წამითაც არ მოუშორებია თვალი, შემდეგ კი ხელები შეუშვა და გოგოებს მიუბრუნდა.
– გაიცანი, ჩემი დეიდაშვილი, ელენიკო!
ცალი წარბი აუწია ბოროტულად მომზირალს და ჩაიფხუკუნა კიდეც, თამომ რომ თვალები აატრიალა.
– ენი!
ხელი გაუწოდა ნიცას. ჰმ, ანუ უფროსი დეიდაშვილი სახელზე აწვალებს? მეტი კრეატიულობა გმართებს, დადიანი!
– ნიცა.
გაუღიმა თვითონაც. ისე მოეშვა წამიერად და ისე გაუხარდა „ჩემი დეიდაშვილის" მოსმენა, მზად იყო, გოგონას ჩახუტებოდა და მადლობაც კი გადაეხადა, თუმცა თვითონაც არ იცოდა, რისთვის. ღმერთო, რა ეშველება, როცა თორნიკეს მართლა გამოუჩნდება შეყვარებული?
– არგელოდის დედა.
გაეცინა თორნიკეს და დანარჩენებიც აჰყვნენ.
– მე ახალი სახელიც მოვუფიქრე! - ჩაიფხუკუნა თამომაც, მეგობრის თვალების ბრიალის მიუხედავად.
– აუ, მეც!
ხელები ეშმაკურად გაუსვა ერთმანეთს ენიმ.
– ვაკონა!
– არ არსებობს!
პირი დააღო ყიფიანმა.
– შანსი არ არის!
– რას ერჩი?
სრული სერიოზულობით იკითხა თორნიკემ. ესენი რა, ერთმანეთს შეუთანხმდნენ? რა წესია?! გაბრაზებულმა გადახედა ჯერ თამოს, შემდეგ დადიანს, ბოლოს კი, ერთი ამოიგმინა და უსიტყვოდ გაემართა იმ მაგიდისკენ, რომლის დანახვაც კი არ უნდოდა სულ რამდენიმე წუთის წინ...
Image result for cafe emily didonato

* * *
– ვგიჟდები ამათ ნაყინზე!
ისეთი აღფრთოვანებული ხმით ამოთქვა ნიცამ, მეორე ჭიქაც რომ დააცარიელა, ვიღაც იფიქრებდა, საერთოდ პირველად გასინჯაო. თორნიკე კი ისე უყურებდა, მაქსიმალურად ცდილობდა, არ გასცინებოდა, თუმცა ტუჩის კუთხეებში მაინც ეპარებოდა ღიმილი.

– ბიზნესლედი რომ გავხდები, ამათ აქციებს ვიყიდი!
განაცხადა ენიმ ისეთი სერიოზული ხმით, ეჭვსაც რომ ვერ შეიტანდით.
– ნეტავ რამდენ წელს აპირებ ცხოვრებას.
გაეცინა თორნიკეს. ჰმ, დაგესვლის გარეშე საუბარი საერთოდ არ შეუძლია?!
– შენზე მეტხანს!
თვალი ჩაუკრა გოგონამ, მაგრამ მობილურს რომ დახედა, მაშინვე მოეღუშა სახე.
–გასრულდა ჩემი ტკბობის წამები, ვითა სიზმარი ღამისა.
– მასწავლებლები?
გაეცინა თამოსაც. ახლაც აჟრიალებდა იმ გრაფიკის გახსენებაზე, აბიტურიენტობისას რომ ჰქონდა.
– თან მათემატიკა! ხომ ხედავთ, ბუნებაც კი დამტირის!
ამოიოხრა საწყლად და სკამზე გადაკიდებული ჩანთა კალთაში ჩაიდო.
– უნდა გავცურო.
– გააცდინე! - თვალი ჩაუკრა დადიანმა.
– რას ასწავლი ბავშვს!
თუმცა ნიცამ ისე გახედა, აშკარად ძალიან გადაიჭრა როლში.
– ჩემი ბავშვი ხომ არ არის.
– იმედია, ვაკონა შენ არ დაგემსგავსება.
ვალში არ დარჩა ენიც და ის იყო, წასასვლელად მოემზადა, თამომ რომ შეაჩერა.
– თუ ძალიან არ გაგვიანდება, ხუთ წუთში ალექსიც მოვა და გაგიყვანთ. სად უნდა იარო ამ წვიმაში.
– არ გაყვე! ამათთან ერთად მანქანაში ჩაჯდომა ცოდვაა, ამდენი წელია ასე დაიარებიან, იქნებ დაადგეთ საშველი.
ფორმაში იყო თორნიკე. ვერც თამოს მზერა აჩუმებდა, ვერც ენის თვალების ბრიალი. ნეტავ, არ ბეზრდებოდა მაინც?

– შენ თუ ასე დარდობ, დღეს რაღაა და ხვალვე გავშლით ორასკაციან სუფრას!
თვალი ჩაუკრა თამომ და მობილური რომ აციმციმდა, თვითონაც აიღო ჩანთა.
– აი, სიძემაც მომაკითხა.
– უკვე მიდიხართ?
პატარა ბავშვივით გაეტირა ნიცა. ამ დროის განმავლობაში დაზღვეული იყო ზედმეტი კითხვებისგან, მაგრამ ახლა ზუსტად იცოდა, რომ ვერ გამოძვრებოდა. როგორ უნდა აეხსნა წეღანდელი? არა, ნამდვილად არ აწყობდა თორნიკესთან მარტო დარჩენა.
– მოგწერ საღამოს. გასარკვევი გვაქვს ამბები!
თვალი ჩაუკრა თამომ, შემდეგ კი ორივენი დაემშვიდობნენ და ისე დაეშვნენ კიბეზე, ნიცამ გააზრებაც ვერ მოასწრო, რომ მაინც ვერ გადარჩა.

– არ წავიდეთ?
და თვითონვე დაასწრო, სანამ თორნიკე წამოიწყებდა საუბარს. ბიჭი კი, რა თქმა უნდა, მიუხვდა და ისე ჩაეცინა, აშკარა იყო, დანებებას არ აპირებდა.

– ამიხსნი, რა მოხდა წეღან?
– არაფერი.
– ნიცა.
– არაფერი!
თვალი თვალში გაუყარა და ისე წარმოთქვა, მაგრამ ვერ გაუძლო ამ მზერის სიძლიერეს. ეგონა, შეძლებდა, ბოლომდე გაიტანდა თავისას, მაგრამ რამდენიმე წამის შემდეგ ნერვებმოშლილმა გაიხედა გარეთ. წვიმა უფრო და უფრო უმატებდა.

– ჩემი გოგო გეგონა.
და ეს სულაც არ ყოფილა კითხვა.
– რა მნიშვნელობა აქვს?
– აქვს, ნიცა. ასე აპირებ?
– ძალიან გთხოვ, არ გვინდა ამაზე.
ზუსტად იცოდა, ერთიანად წითელი იყო უკვე. რა, ახლა თორნიკეს ყველა პოტენციური გოგო უნდა განიხილონ?
– მე მართლა მაინტერესებს. რომ გენახა, რა სახე გქონდა... სერიოზულად შემეშინდა, ვიფიქრე, რაღაც მოხდა. და ამ დროს, თურმე...
– დამშვიდდი. გპირდები, მეორედ ეს შენ აღარ შეგეხება.
– ცოტაც და იტირებ.
ჩაეღიმა ისე, თვალი არ მოუშორებია, ნიცა კი, ჯიუტად, დანამულ მინას მიშტერებოდა, თითქოს იმაზე საინტერესო საყურებელი არაფერი გააჩნდა. არ შეეძლო. ვერ გაუსწორებდა თვალს და ვერ ეტყოდა, როგორ ეჭვიანობდა ყველაზე, ვისაც კი მასთან შეხება ჰქონდა.
– მე... არ მინდა, ბავშვი არეულად გაიზარდოს...
ძლივს ამოთქვა ბოლოს.
– რა?
– ანუ, ხან ჩემთან, ხან შენთან და შენს მომავალ ცოლთან... ცოდოა.
– ნიცა, რამდენი წლით წინ წახვედი?
გაეცინა მის გულუბრყვილობაზე. ეს ანერვიულობდა? აქამდე რატომ არ უთხრა?
– ადრე თუ გვიან, მაინც მოხდება. არ ვიცი, შენთვის ეს როგორ ჩანს, მაგრამ...
– გეყოფა!
თვალები აატრიალა გაღიზიანებულმა. რატომ უნდა დაეგეგმათ წინასწარ ის, რაც, როგორც მინიმუმ, ხუთი წელი მაინც არ მოხდებოდა.
– და გაისუფთავე თავი სულელური ფიქრებისგან, ძალიან გთხოვ!
– ხვალ ისედაც აღარ დამრჩება ამაზე საფიქრელად დრო...
ჩაეცინა ნიცას.
– ვარსკვლავი ვხდები.
– კაშკაშა!
აჰყვა დადიანიც.
– ძალიან კარგი ფოტოები გამოვიდა.
– მე ყველა ფოტო კარგი მაქვს.
– ასეთები არ გექნება.
თვალი ჩაუკრა საკუთარ თავში დარწმუნებულმა და წვიმა კიდევ უფრო რომ გაძლიერდა, უკმაყოფილომ ამოიოხრა.
– წავიდეთ, კარგი?
შეაპარა ნიცამ. ადგილზე ვეღარ ისვენებდა. ზედმეტად დიდი დრო გაატარა თორნიკესთან მარტომ.
– წინასწარ გაფრთხილებ, არ მიყენია მანქანა ახლოს...
– წვიმაა, არ დაგვადნობს.
ჩაეცინა ნიცას, მაგრამ ისე შეხტა ცის კიდევ ერთ დაგრუხუნებაზე, თორნიკემ ჯერ ცალი წარბი აუწია, შემდეგ კი, სიცილით გადაიქნია თავი...

* * *
– ღმერთო, ყველაფრიანად სველი ვარ!
აღმოხდა სახლში შესვლისთანავე ნიცას და ვერც მიხვდა, რატომ ახარხარდა ბიჭი. ისეთი გალუმპული იყო, სადმე დიდხანს თუ დგებოდა, გუბეს აყენებდა. არადა, თითქმის არ უვლიათ ფეხით.
– გიხდება!
გაეცინა კიდევ ერთხელ და სისველისგან ტანზე ერთიანად შემოტმასნილ პერანგზე ანიშნა, ნიცამ კი თვალები აატრიალა მის საქციელზე.
– დღევანდელი დოზა ვერ შეასრულე?
– ვერა, ფოტოსესიის დროს დამატებითი მივიღე შესასრულებლად.
– გეფიცები, თორნიკე, ხვალ ყდაზე ოდნავი დეტალიც რომ იყოს ცუდად, მთელ ტირაჟს შენ გაყიდინებ.
– საძინებელშიც ხომ არ გავიკრა ფოტოები და ძილის წინ ვუყურო?
ცალწარბაწეულმა ისეთი მზერით მოისვა ქვედა ტუჩზე ცერი, სხვა სიტყვის თქმაც კი აღარ იყო საჭირო. ღმერთო, როგორ ახერხებს ამ ყველაფერს?
– დეგენერატი ხარ!
დაისისინა გოგონამ, შემდეგ კი, ისე დემონსტრაიციულად აუყვა კიბეს, დარწმუნებული იყო, დღეს მეტჯერ შეხვედრა აღარ მოუწევდათ.
ეჭვიც არ მეპარება, ჩემამდეც გსმენიათ, რომ წინასწარ დაწყობილი გეგმები არასდროს სრულდება. სისულელეა, წინასწარ დაგეგმო მომავალი, როცა ისიც კი არ იცი, ხუთი წუთის შემდეგ რა მოხდება. არც ნიცამ იცოდა, ზუსტად ხუთ წუთში, დაუკაკუნებლად და სრულიად უცერემონიოდ თუ შეუგლეჯდნენ საძინებლის კარს და სწორედ ამიტომაც ჩაკეტვის გარეშე დაიწყო გამოცვლა.
– ყველანაირ ზღვარს გადადიხარ!
აღმოხდა აღშფოთებულს ბიჭის დანახვისას. კიდევ კარგი, მაისურის ჩაცმა მაინც მოასწრო.
– მანქანის ნომერი მითხარი!
თუმცა, სრულიად მოულოდნელად, ისეთი რაღაც მოისმინა საპასუხოდ, თავი ძლივს შეიკავა, პირი რომ არ დაეღო. რა მანქანის ნომერი? ოღონდ ის არა, რასაც ფიქრობს!
– ბატონო?
– იცი, რასაც ვგულისხმობ.
აშკარად არ ჰქონდა ხუმრობის ტონი. ჯანდაბა, რა მოხდა ასეთი?
– ჯერ წინასწარმეტყველური ნიჭი არ აღმომიჩენია საკუთარ თავში და იქნებ განმანათლო და მითხრა, რა გინდა?
– იმ მანქანის ნომერი, რომლის საჭესთანაც დაინახეთ დღეს თქვენი სათაყვანებელი სერიალის მსახიობი!

გაგრძელება იქნება  
ავტორი ნათია ჯაგოდნიშვილი
იხილეტ ასევე: შეცდომა. თავი 12. შეხების ენა

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 19 /
ნატალი
ჯარიმა გეკუთვნით 2 თავს დადებთ დღეს :-D
20:27 / 11-11-2016
გამოხმაურება / 0 /
ნინო
რატომ აგარ დებთ გაგრძელებას
20:03 / 11-11-2016
გამოხმაურება / 0 /
ყველა კომენტარი
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
e87a93