ნოველები

შეცდომა. თავი 14. საჩუქარი

შეცდომა. თავი 14. საჩუქარი
– შენ წყალი ტვინშიც ჩაგივიდა? – თვალები აატრიალა გაოგნებულმა ნიცამ. რა ჯანდაბად უნდოდა მანქანის ნომერი?
– მე არა, ალექსს.
– არ არსებობს!
წამოიძახა და ისეთი სიცილი აუტყდა, ლამის ჩაბჟირდა. ვერ იჯერებდა, ეს ამბავი ასე სერიოზულად რომ მიიღო. ღმერთო, ზოგჯერ როგორ პრიმიტიულად აზროვნებენ ეს კაცები.
– ნიცა, გელოდები.
აი თორნიკე კი, მთელი ძალისხმევით ცდილობდა სერიოზულობის შენარჩუნებას, თუმცა გოგონა ისე გულიანად იცინოდა, ძალიან უჭირდა. პრინციპში, თვითონაც აბსურდულად მიაჩნდა ძმაკაცის თხოვნა, მაგრამ ალექსმა ისეთი ხმით დაურეკა, უარს ვერ
ეტყოდა.
– გეხვეწები, არ მითხრა, რომ ეჭვიანობს.
ამოთქვა ნაწყვეტ–ნაწყვეტ, სიცილისგან დაღლილმა. ერთი სული ჰქონდა, თამოს როდის დაურეკავდა, ყველაფრის გასარკვევად.
– კედლებზე გადის!
დაუდასტურა დადიანმაც.
– ახლა დამირეკა, თამომ პირველი ის მითხრა, ვერ წარმოიდგენ დღეს ვინ ვნახეო. ხო ხვდები, ამას რა რეაქციაც ექნებოდა.
– ღმერთო, რა სულელია! და რა, უნდა გაარკვიოს სადაა, მიუვარდეს და საქმე გაურჩიოს?
– აი ახლა ისაა სულელი თუ შენ!
დასცინა თორნიკემ.
– ის უნდა გავურკვიო, ვის სახელზეა გაფორმებული მანქანა, ანუ, უფრო ზუსტად რომ აგიხსნა, ვისთანაა ჩამოსული.
– შენ რომელი ჯეიმს ბონდი მყავხარ?
– ნიცა, უკვე ვბრაზდები!
– გადი გარეთ, წვიმს და გაგრილდები.
მხრები აიჩეჩა, ვითომც არაფერიაო და შემოსაცმელის ასაღებად რომ ადგა, ბიჭმა ისე სწრაფად შეატრიალა თავისკენ, ლამის თავბრუ დაეხვა. საჭიროზე ზედმეტად ახლოსაც კი აღმოჩნდნენ ერთმანეთთან და წამიერად, ნიცას სულ დაავიწყდა, რა თემაზე საუბრობდნენ.
– გისმენ.
მშვიდი და აუღელვებელი ტონით წარმოთქვა დადიანმა და კმაყოფილს ჩაეღიმა, როცა შეატყო, გოგონა რომ ლამის მკლავებში ჩაადნა. არც კი ეხებოდა და ასე ძალიან მოქმედებდა... ჰმ, ვერაფერს იტყვით, იდეალურ ფორმაშია.
– ჯერ მითხარი რას აპირებ.
– ქვეყნიდან უნდა გავადეპორტო. რას უნდა ვაპირებდე?
ჩაეცინა და მის კანზე ხორკლები რომ შენიშნა, მზერითი კონტაქტის გაწყვეტის გარეშე მოახურა გვერდით მიგდებული შემოსაცმელი.
– უბრალოდ მაინტერესებს. შემდეგ, შეიძლება ალექსს ცოტათი დავცინოთ კიდეც.
ბოლოს კი, შეთქმულივით ჩაუკრა თვალი და გოგონა არასდროს ყოფილა ისეთი გაორებული, როგორც იმ მომენტში. ძლივს აჭერდა ენას კბილს, რომ არ წამოსცდენოდა.
– გეხვეწები, რამე მოვატყუოთ!
თუმცა, იმდენად დიდი იყო ცდუნება, მაინც ვერ გაუძლო და პატარა ბავშვივით, ცერა და საჩვენებელი თითებით რომ გამოიწია ყელი, თორნიკემ თავი ძლივს შეიკავა, მათი საუბარი სულ სხვა რამეში რომ არ გადაზრდილიყო.
– გამარჯობა შენი! აბა მე რას ვაპირებ?
თუმცა, კონტროლშესუსტებულმა, მხოლოდ ამის თქმაღა მოახერხა და როდესაც ყიფიანს შეთანხმების ნიშნად ხელი ჩამოართვა, ზუსტად იცოდა, იმ მომენტში ეს გადაწყვეტილება, მხოლოდ ალექსის რეაქციებით გასართობად სულაც არ მიუღია...





* * *
– იცოდე, რომ გაგეცინოს, მოგკლავ!
სრული სერიოზულობით გააფრთხილა თორნიკემ, ალექსის ნომერი რომ აკრიბა და შემდეგ ხმოვან რეჟიმზე გადაიყვანა, ნიცა კი, პირზე ხელაფარებული იჯდა და ზედმეტად სუნთქვასაც ერიდებოდა.
– გამირკვიე?
ყველანაირი შესავლის გარეშე, ზომაზე მეტად აღელვებული ხმით იკითხა ალექსმა.
– კი...
ამოიოხრა დადიანმა.
– მაგრამ, არ მოგეწონება...
– ღმერთო, საიდან ამ ბიჭს ამდენი ნიჭი?
– დროზე თქვი, შე ჩემა, დამელია სული!
– მთავრობის მანქანაა...
– ჰა?
– ზემოდან ჩამოიყვანეს...
თვითონაც ძლივს იკავებდა თავს, ხმამაღლა რომ არ ახარხარებულიყო. რას არ მისცემდა ახლა, ცალი თვალით მაინც რომ დაენახა ბექაურის სახე.
– მიდი, რა!
– მართლა გეუბნები.
– რა ჩემ ფეხებად უნდა მთავრობას ეგ კაცი?
– ეჭვი რომ არ მიიტანონ. რაღაც დიდს ამზადებენ.
– დადიანი, დამცინი?
– რამე მეტყობა?!
იუკადრისი და სასწრაფოდ ააფარა ნიცას პირზე ხელი, როცა შეატყო, რომ რამდენიმე წამში „გასკდებოდა“.
– და მაგიტომ დადის ქალაქში ასე თავისუფლად, ეჭვი რომ არ აიღონ?
საბოლოოდ დაიბნა ბიჭი.
– სხვა ვარიანტი არაა. აბა სპექტაკლისთვის ხო არ ჩამოიყვანდნენ...
– კარგი, რა! შანსი არაა...
– მოკლედ, რამე უნდა მოიფიქრო, ალექს. დრო აღარ იცდის.
– რა? რა შუაშია?
– ჩვენთანაც დასჭირდებათ აგენტები, გოგოები კი, ყველაზე მარტივად დასათანხმებლები არიან... შენ და თამომ მოვლენები უნდა დააჩქაროთ.
– შე ჩემა, შენ დაბოლილი ხარ თუ ამ ყველაფერს სერიოზულად ამბობ?
– დამიჯერე, ეს ახლა ყველაზე კარგი გამოსავალია.
– ბიჭო, პარასკევს ვაპირებდი ისედაც, მაგრამ...
– არავითარი მაგრამ!
სასწრაფოდ შეეცვალა ხმის ტონი.
– დღესვე! დღეს საღამოსვე უთხარი, დასაკარგი დრო არაა.
– რომ იფიქროს, ამის გამო ვაკეთებ?
– ალექს, ახლა უკვე ატრაკებ.
– არა, რა, მართალი ხარ!
– ეჭვიც არ შეგეპაროს.
– ძმა ხარ, თორნიკე. ახლავე დავურეკავ.
– ოღონდ იცოდე, ეს ამბავი ჩვენგან არ უნდა გავიდეს...
საბოლოოდ, ისევ შეთქმულის ინტონაციით დაასრულა, შემდეგ კი, გათიშვისთანავე ისეთი ხმით ახარხარდა, ნიცასაც კი აჯობა, რომელიც სულს ძლივს ითქვამდა, ამდენი ხნის ნათმენი სიცილით...



* * *
ვერც კი იჯერებდნენ, ყველაფერი ასე სწრაფად რომ მოხდა. ამდენი წელი ერთმანეთს ხვდებოდნენ, ყველაფერი კი, მხოლოდ ერთ დღეში გადაწყდა და მოგვარდა. კივილი დაიწყო ნიცამ, თამომ რომ დაურეკა და ახალი ამბავი ახარა. არ უნდოდა მობილურით შეტყობინება, მაგრამ დილამდე ვერაფრით მოითმენდა, პირადად რომ ენახა. ვერ ვიტყვით, რომ მოულოდნელი იყო. უფრო პირიქით, მთელი სამეგობრო ძალიან დიდხანს ელოდა ამ დღეს და ახლა ისე, რომ არც ერთისთვის არაფერი უკითხავთ, დიდი ზარ–ზეიმით გადაწყვიტეს ნიშნობის აღნიშვნა. ნიცა ყველაზე მეტად იმაზე ღელავდა, რომ ვერ გადაეწყვიტა, ერჩივნა თამოს მეჯვარე ყოფილიყო, თუ ბავშვი მოენათვლინებინა. ისეთი არეული იყო, თითქოს ამის მეტი პრობლემა არ გააჩნდა. ჰმ, ნეტავ მართლა ასე ყოფილიყო.
თუმცა, ასე თუ ისე, თითქოს დალაგდა ურთიერთობა. თორნიკესთან კამათი ყოველდღიურობაში გადაეზარდა და აღარც აქცევდა ყურადღებას, გამოცდებიდან კი, მხოლოდ ერთიღა ჰქონდა დარჩენილი და ზედმეტად უიღბლო უნდა ყოფილიყო, რომ ვერ ჩაებარებინა ამდენი წვალების შემდეგ. აღარც ტონუსი აწუხებდა და რატომღაც, უკვე იმის იმედიც ჰქონდა, რომ შემდეგ ვიზიტზე, არგელოდის სქესსაც გაიგებდა, თუმცა კი, ჯერ მხოლოდ რვა კვირის იყო.
დილიდანაც, ისე ენერგიულად დაიარა მაღაზიები სასურველი კაბის ასარჩევად, არაფერს შეუწუხებია, მათ შორის, არც სინდისს. სახარჯო ფულიდან ცოტა კიდევ ჰქონდა მორჩენილი, თან, ფოტოსესიის ჰონორარიც ასაღები ჰქონდა, ამიტომ, ცხოვრებაში ერთხელ მაინც იმსახურებდა საკუთარი თავისთვის უფლება მიეცა და ფასზე დაუხედავად შეეძინა ნივთი. მაგრამ, ბოლომდე გულწრფელები რომ ვიყოთ, არჩევის წინ მაინც გაითვალისწინა, როგორი დონის მაღაზიაში უნდა შესულიყო, შეძენა რომ შესძლებოდა. ბევრი არც უწვალია, არც წონას შეუწუხებია, რადგან ტოქსიკოზის წყალობით, მომატების ნაცვლად, კიდევ უფრო გახდა. მხოლოდ ოდნავ ამჩნევდა მუცელს, ისიც იმიტომ, რომ იცოდა, უცხო თვალი კი, საერთოდ ვერაფერს მიხვდებოდა. ზედმეტადაც კი მოეწონა საკუთარი თავი, სარკის წინ რომ დატრიალდა. ტანზე მომდგარი, მაღალწელიანი, შავი ტყავის ქვედაბოლო ზუსტად ისეთი სიგრძის იყო, მისი გრძელი ფეხები კიდევ უფრო იდეალურად რომ გამოეჩინა, მხრებმოშიშვლებული, თუმცა კი გრძელმკლავიანი ღვინისფერი ზედა კი ისე უხდებოდა, ძლივს შეელია მათ გახდას, მაღაზიიდან გამოსვლისას. ადგილზე ცქმუტავდა, სანამ სახლში მივიდოდა და კიდევ ერთხელ მოიზომებდა, ფეხსაცმელსა და მაკიაჟთან ერთად. თითქმის ორი თვე ხდებოდა, რაც მეგობრებთან ერთად გასართობად, ფეხიც კი აღარსად გაუდგამს და დღევანდელ საღამოს, ლამის თამოზე მეტადაც კი ელოდებოდა. იცოდა, წვეთსაც რომ ვერ დალევდა, თუმცა ეს სულ არ ადარდებდა, ალკოჰოლის გარეშეც ახერხებდა გართობას. მხოლოდ თორნიკეს ფაქტორი აფერხებდა. არ იცოდა, რამდენად შეძლებდა თავისუფლად ყოფნას მის გარემოცვაში და აიტანდა თუ არა ყველა კაბიანთან მოჟღურტულე დადიანის დანახვას.
შუადღე გადასული იყო, სახლში რომ შევიდა. რატომღაც, დარწმუნებულიც კი იყო, თორნიკე რომ არ დახვდებოდა და „Pretty woman”–ის მელოდიის ღიღინით აიარა კიბე. ისეთ კარგ ხასიათზე იყო, ერთიანად ასხივებდა პოზიტივს. ქუსლიან ფეხსაცმელსაც კი არ დაუღლია. თუმცა, ღიმილი ნამდვილად შეეყინა სახეზე, საძინებლის კარი რომ შეაღო. ჯერ დაიბნა, თვალები რამდენჯერმე, სწრაფად დააფახუნა, შემდეგ ქვედა ტუჩი მოიქცია კბილებს შორის და სანამ გადაწყეტდა, ბედნიერს დაეკრუტუნა, თუ არა, ლოგინზე დადებულ ვარდისფერ ყუთს მიუახლოვდა. არანაირი წარწერა, არანაირი მინიშნება. საერთოდ არაფერი ჰქონდა ხელჩასაჭიდი, გამომგზავნის ვინაობაც კი. თუმცა, ეს რთულად გასარკვევი ნამდვილად არ იყო. მაგრამ, როდიდან გახდა ეს ბიჭი ასეთი რომანტიკული?! ჯერ ყვავილები, ახლა ეს... ნუ, მართალია ყვავილებს თავისი დანიშნულება ჰქონდა, მაგრამ ეს? სახლშიც გამოცდის პასუხებიან საჩუქარს ხომ არ გამოუგზავნიდა?!
სუნთქვაშეკრულმა ახადა თავსახური და სიხარულისგან აციმციმებულ თვალებში ჯერ გაოგნება ჩაუდგა, შემდეგ ბრაზი, მოგვიანებით კი, როდესაც დაუნახავად მიხვდა, როგორ ეყრდნობოდა თვითმაყოფილი ღიმილით სახედამშვენებული დადიანი კარის ჩარჩოს, თავი ძლივს შეიკავა, კორექტულობა რომ შეენარჩუნებინა.
– ეს რა არის?!
ამოიგმინა ისე, თითქოს ბომბი დახვდა, სინამდვილეში კი, ცერა და საჩვენებელი თითებით სულ ოდნავ ჰქონდა ყუთიდან ამოწეული მეწამული აბრეშუმის მინიატურული ზომის ნაჭერი.
– არ იცი?
ცალყბად ჩაეცინა თორნიკეს, ისე, რომ არც კი შერხეულა.
– მე ძალიან კარგად ვიცი, მაგრამ...
– აბა, ჩემს ცოდნას ამოწმებ? დამიჯერე, არც მე მეშლება.
– რა უნდა ამას ჩემს საძინებელში?
– ნიცა, მე ჯერ–ჯერობით აბრეშუმის თეთრეულში გამოწყობილს არ მძინავს, მაგრამ თუ ასე დაჟინებით ითხოვ, შემიძლია ვცადო...
– გაგეხსნა იუმორი?!
– როდის მქონდა ჩაკეტილი?
გაეცინა და ისე უდარდელად ჩამოუჯდა საწოლზე, თითქოს ცივი ომი არ ჰქონოდათ გამართული დიალოგით.
– გაიზომე ერთი, დატრიალდი, დამენახე.
– ახლავე, ამ წუთას!
თვალები აატრიალა ნიცამ და ქსოვილი ისევ ყუთში ჩააბრუნა.
– ახლა მითხარი, რატომ გადაწყვიტე, რომ შენგან ასეთ საჩუქარს მივიღებდი?!
– დედას გეფიცები, ზოგჯერ მგონია, რომ ბავშვი „ბლუთუსით“ გავაკეთეთ.
– თორნიკე!
ისე აღმოხდა, ბიჭმა ვეღარაფრით შეიკავა სიცილი.
– კარგი, კარგი!
ხელები ასწია, დაზავების ნიშნად.
– მაგრამ შენ რატომ გადაწყვიტე, რომ ასეთ საჩუქარს გაგიკეთებდი?
– აბა, სანტა ჩამოძვრა ბუხრიდან და წინასწარ დამიტოვა საშობაო საჩუქარი, კარგი გოგო იყავიო?
– ვინ გითხრა, რომ კარგი გოგო იყავი?!
– წყობიდან გამოგყავარ!
– არასდროს შემპარვია ჩემს შესაძლებლობებში ეჭვი.
წარბები აწკიპა და თავქვეშ ხელებამოდებული გადაწვა საწოლზე.
– ჰე ახლა, გელოდები.
– რას მელოდები, ნორმალური თუ ხარ საერთოდ?
– კი, რა ვიცი, არაფერს ვუჩივი.
– თორნიკე, ძალიან დავიღალე, შენი თავი არ მაქვს. ასე რომ, ძალიან გთხოვ, მომეცი საშუალება, რომ საღამომდე დავისვენო.
– არაფერი გეტყობოდა დაღლის...
– შენ დამღალე!
ამოიგმინა, ყუთს თავსახური დააფარა და მუცელზე დაადო.
– აბარგდი და გადი.
– როგორი უმადური ხარ!–ცხვირი აიბზუა ბიჭმა.
რომელი ბრენდის რეკლამისთვისაც გადაგიღე, იმათ გამოგიგზავნეს საჩუქრად, ძალიან მოეწონათ ფოტოები. საერთოდ რატომ დაუშვი, რომ შეიძლებოდა მე მეყიდა?
– ვაიმე, ფოტოები!
ისე შეიცხადა, აშკარა იყო, ახლაღა გაახსენდა, დღეს რომ ჟურნალი გამოდიოდა. კი მაგრამ, იმდენი იარა, ჯიხურებში მაინც როგორ ვერ შენიშნა?!
– არ თქვა, რომ არ გინახავს.
ხელოვნურად შეურაცხყოფილი სახით წამოჯდა დადიანი. ისე ართობდა ეს სიტუაცია, სულაც არ ეჩქარებოდა აქედან გასვლა.
– საერთოდ გადამავიწყდა. მაჩვენე, რა.
– იყიდე და ნახავ.
– თორნიკე!
– ბატონო.
– კარგი, რა. მაჩვენე.
– შენ რა გგონია, საახლობლო–სანათესაოს რომ ასე დავურიგოთ ჟურნალები, მთელს ტირაჟს როგორ გავყიდით?
– რატომ ხარ ასეთი უნამუსო? მე არ მეკუთვნის?
– შენ რაც გეკუთვნოდა, აქ დევს.
ყუთზე დააკაკუნა თითი.
– სხვათა შორის, შენი ჰონორარიც და ჟურნალიც, მაგრამ ისე აილეწე მთავარი საჩუქრის დანახვისას...
ჩაიქირქილა ბოროტულად და ტუჩზე იკბინა, ხმამაღლა რომ არ ახარხარებულიყო, როცა ნიცა პატარა ბავშვივით დასწვდა „საჩუქარს“.
დიდხანს ათვალიერა პრიალაყდიანი ჟურნალი და ვერაფრით დაიჯერა, რომ იქ გამოსახული სექსუალური, მიმზიდველი და ლამაზი ქალი თვითონ იყო. ზუსტად ის სურათი აურჩევია თორნიკეს გარეკნისთვის, საკუთარი ქურთუკი რომ შემოაცვა შიშველ სხეულზე. ისეთი მზერა ჰქონდა ნიცას... ოდნავ დამფრთხალი, მაგრამ თან თვალები გაბრაზებისგან უელავდა და კიდევ უფრო უკაშკაშებდა. დაჟინებით უყურებდა, თითები კი ისე ჰქონდა ჩაბღაუჭებული ტყავის ქურთუკის ბოლოებზე, თითქოს ვინმე წართმევას უპირებდა. ნახევრად შიშველი იყო გამოსახული, მაგრამ საერთოდ არაფერი ჩანდა ვულგარულად. საოცარია, როგორ ახერხებს ეს ბიჭი ასე პროფესიონალურად გადაღებას.
აჟიტირებულმა დაათვალიერა ნიცამ საკუთარი დამშვენებული სხვა გვერდებიც. ქვედა ტუჩი კბილებს შორის ჰქონდა მოქცეული, მოკეცილ ფეხებზე იჯდა და პატარა ბავშვივით უციმციმებდა თვალები. ისეთი ლამაზი იყო იმ მომენტში და ისეთი სხვანაირი. ვერაფრით აშორებდა თორნიკე თვალს. უტიფრად აკვირდებოდა თავიდან ბოლომდე და ისე ათვალიერებდა, თითქოს უკვე მისი საკუთრება ყოფილიყო.
– მოგეწონა?
ბოლოს ვეღარაფრით შეიკავა თავი და ძალიან გაუჭირდა თვითკონტროლის შენარჩუნება, ნიცამ გაბრწყინებულმა რომ დაუქნია თავი.
– ძალიან კარგებია, ყველა.
–შ ენ კიდევ, გეშინოდა.
ჩაეცინა ცერად.
– ნუ მესმის, რომ პირველი ყველაფერი საშიშია, მაგრამ...
– ისევ დაიწყე!
– არც დამიმთავრებია.
– ჰოდა, ახლა მოგიწევს. ორ საათში უკვე კლუბში უნდა ვიყოთ, მე კი მოსამზადებელი ვარ.
– მოიცა, მოიცა, ამდენი ხანი გჭირდება მოსამზადებლად?
ისე სწრაფად დაახამხამა წამწამები, აშკარად სერიოზულად გაოგნდა. აბა, რა ეგონა, კაბას გადაიცვამდა და გავარდებოდა?!
აღარაფერი უპასუხია გოგონას. მხოლოდ ცალი წარბი აუწია და კარისკენ ანიშნა, დადიანმა კი, ერთიღა ამოიოხრა თავის ქნევით და ისე დატოვა საძინებელი, შეწინააღმდეგებაზე აღარც უფიქრია. ერჩივნა დრო მიეცა მოსამზადებლად, ვიდრე შემდეგ დალოდებოდა ნახევარი საუკუნე. ყველაზე მეტად, სწორედ ლოდინს ვერ იტანდა, ნიცა კი, ამ მხრივ პრობლემატური ნამდვილად არ გახლდათ. პირნათლად შეასრულა მიცემული სიტყვა და ზუსტად საათნახევრის შემდეგ, ისე გამოწყობილმა გააბიჯა ოთახიდან, ერთი სული ჰქონდა, როდის შეამჩნევდნენ თორნიკეს თვალები. დიდად არ გადატვირთულა მაკიაჟით, მხოლოდ ჩრდილები და ტუჩსაცხი გამოიყენა, ყელზე კი, სალტესავით მომდგარი, ნაჭრის ყელსაბამი გაიკეთა. ერთადერთი, რასაც იცოდა, რომ ბოლომდე ვერ გაუძლებდა, მაღალქუსლიანი, ღია ფეხსაცმელი იყო, კოჭთან შეკრული წვრილი ქამრით. ისე მოსწონდა, ყოველთვის უნდოდა მისი ჩაცმა, თუმცა საკუთარი თავის იმედი არ ჰქონდა, ახლა კი, ნამდვილად მიეცა შესაძლებლობა.
– ნიცა, მზად...
შუაში გაუწყდა დადიანის სიტყვა, შავ, ნაჭრის შარვალსა და ნახევრად ჩახსნილ პერანგში გამოწყობილმა, კიბეზე რომ ჩაირბინა. იმდენად გაოცდა, ტუჩებიც კი აატრიალა კმაყოფილმა. თითქოს, ვერც კი წარმოედგინა, გოგონას ასეთი ტრანსფორმაცია.
– გიხდება.
– მადლობა. შეკრული უკეთესი იქნება.
– ყიფიანმა კი, ისე უპრობლემოდ მიიღო კომპლიმენტი, არც კი აგრძნობინა, როგორ აუჩქარდა გული.
– რა?
– შენი პერანგი.
მხრები აიჩეჩა და ისე უცერემონიოდ შეუკრა ღილები, საერთოდ არ შეუმჩნევია, როგორ დაჟინებით აკვირდებოდა ბიჭი, რომელსაც ვერაფრით გაეგო, რა ჯანდაბას გრძნობდა იმ მომენტში, როცა კანზე სულ ოდნავ, მაგრამ მაინც შესამჩნევად ეხებოდა ეს გრძელი და ნაზი თითები...

გაგრძელება იქნება  
ავტორი ნათია ჯაგოდნიშვილი



FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
e87a93