ნოველები

შეცდომა. თავი 15. წერილი უცნობისგან

შეცდომა. თავი 15. წერილი უცნობისგან
თითქმის ყველანი შეკრებილები იყვნენ, ნიცა და თორნიკე რომ მივიდნენ. ისე გადაეხვია თამოს, თითქოს ბოლოს საუკუნის წინ ნახა. მართლა გულით უხაროდა მისი და ალექსის ამბავი და იმდენ ხანს ელოდა, ახლა ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს შვილს ათხოვებდა.
– რა ლამაზია!
აღმოხდა მეგობრის არათითზე მოთავსებული ბეჭდის ყველა მხრიდან დათვალიერების შემდეგ.
– გემოვნებას არ უჩივის!
– მაგაში აქამდე ეჭვი გეპარებოდა?!
ცალი წარბი აუწია თამომ და ისე ჩაეცინა, აშკარა იყო, რაც იგულისხმა.
– წამო, გელოდებიან გოგოები.
და მართლაც, რამდენიმე წამში
მათი მაგიდის გარშემო ისეთი ამბავი ატყდა... ყველანი თამოსგან იცნობდნენ ერთმანეთს და ახლო მეგობრებიც არ ეთქმოდათ, მაგრამ ერთად ყოფნისას ისეთ დროს ატარებდნენ, იფიქრებდით, ბავშვობიდან ერთად მოდიანო. ძალიან უყვარდა ნიცას მათთან ყოფნა და ახლაც საერთოდ აღარ ახსოვდა თორნიკე, ისე ჩაუხტა შუაში.
– ასე უნდა დაკარგვა? რამდენი ხანია, აღარ შევკრებილვართ?!
თვალები აატრიალა ინამ.
– მას შემდეგ, რაც აღარავისთვის გიტკენია გული!
თვალი ჩაუკრა სოფომ და ყველას ერთხმად რომ გაეცინა, ბიჭებმა ისე გაცვალეს მზერები, სიტყვის თქმაც აღარ იყო საჭირო. ყოველთვის არსებობდა სამეგობროში ისეთი ხუმრობა, რასაც სხვა ვერ გაიგებდა. სწორედ ამ კატეგორიას მიეკუთვნებოდა ეს უკანასკნელიც. ადრე ერთი ბარი ამოიჩემეს და ყოველთვის, როცა რომელიმეს შეყვარებულთან პრობლემა ჰქონდა, სულ იქ მიდიოდნენ, მაგრამ თუ დიდხნიანი ჩავარდნა ჰქონდათ, განზრახ „ტკენდნენ გულს“.
– შენ როდის მერე გახდი მწარე?!
– მაღლივის ჰაერი სასწაულებს ახდენს.
გაეცინა თამოს, ინა კი, ის იყო, ნიცას მიუბრუნდა თორნიკეზე ამბების გამოსაკითხად, რომ შეამჩნია, მისი დაინტერესების ობიექტმა როგორ გახედა ჯერ არყის ჭიქას, შემდეგ მიმტანს, საბოლოოდ კი, უცერემონიოდ გადაიხარა ნიცას მხარეს, ჭიქა ააცალა და ფორმიან გოგონას წარბის შეუხრელად დაავალა მის ნაცვლად ნატურალური წვენის მოტანა.
– შანსი არ არის!
მაშინვე გააპროტესტა ანამ.
– შენ რა, არ სვამ?!
– დღეს ვერა.
– აბა, მარტო მე ხომ არ უნდა ვიყო ფხიზელი.
ჩაიბურტყუნა დემეტრემ და ბიჭები ისე აფხუკუნდნენ, ჩადუნელმა ყველას მტრული მზერა მოავლო.
– თქვენ კიდევ, სადაც ამდენი, ცოტაც მოგეცადათ!
– ნუ ხარ სასმლის მონა!
დასცინა ალექსმა.
– სასმლის კი არა, შრატის მონაა.
ახარხარდა ირაკლი.
– ამხელა ბიჭს რომ ძაღლი გიკბენს, უარესის ღირსი ხარ.
– ეს გააჩუმეთ ახლა ვინმემ!
– მე მგონი, არ უშველა აცრამ...
– ლომიძე, ახლა მართლა გავცოფდები!
– ყეფასაც დაიწყებს...
ჩაიფხუკუნა თორნიკემ, მაგრამ მალევე გადაატანინა ყურადღება გოგონების ერთხმად წამოკივლებამ. ყველანი ისე დაესივნენ ნიცას, სანამ გაიაზრებდა, რა მოხდა, ცოტათი აღელდა კიდეც.
– ასე უნდა გაგვეგო?!
ყველაზე აჟიტირებული მაინც ინა ჩანდა.
– საპატიო მიზეზი გქონია სიფხიზლისთვის...
გაეცინა სოფოსაც.
– ჩვენ კიდევ, აღსანიშნავად.
წარბები აათამაშა ანამ.
– მოდი, ჯერ რასაც აღვნიშნავთ, იმას მივხედოთ!
თუმცა, ისევ თვითონ განმუხტა სიტუაცია და ჭიქა ისე შემართა, თითქოს ლექსად აპირებდა სადღეგრძელოს თქმას.
- თამრიკო, მოდი იმ შენი სერიალის ბიჭს გაუმარჯოს, საშველი რომ დაგაყენათ თქვენ და ჩვენ კიდევ, აი, ამის მიზეზი მოგვცა!
მზერა მოატარა იქაურობას, შემდეგ კი, ისეთი სერიოზული სახით გადაკრა, არც კი შეუმჩნევია დანარჩენების ხარხარი.
მართლაც, ისე გაერთნენ, საერთოდ დაკარგეს დროის შეგრძნება. სვამდნენ, იცინოდნენ, კარაოკეშიც კი იმღერეს, თუ შეიძლება ამას სიმღერა ეწოდოს. ირაკლიმ ისიც კი დაიჟინა, ყველაზე კარგი ხმა მე მაქვს და როცა დავიწყებ, „სკაიპით“ ჩემს გოგოს დაურეკეთო. თავიდან ყველამ ხუმრობად ჩათვალა, მაგრამ აღარაფრით რომ არ მოისვენა, სხვა გზა არ დარჩათ და ასე ვირტუალურად მიუძღვნეს სერენადა ტასოს.
– გეყოფა სწავლა–განათლება, ჩამოაღწიე ჩვენამდე!
ისე გადასძახა დემეტრემ, თითქოს თბილისიდან ლონდონში კი არა, გვერდით ორღობეში საუბრობდა.
– ჯერ სამი დღე გავიდეს და შემდეგ დავფიქრდები...
უსერიოზულესი ხმით უპასუხა და ყველა რომ ახარხარდა ჩადუნელის გარდა, მხოლოდ მაშინღა მიხვდა, ანასტასიაც ძაღლის ნაკბენზე რომ დასცინოდა.
მაინც კარგად გაერთო, უალკოჰოლობის მიუხედავად. გოგოების მოხიბვლის ახალი გზაც აღმოაჩინა და იმდენი იცეკვა, შიგადაშიგ თუ დაბრუნდებოდა ხოლმე მაგიდასთან. თუმცა, იქ დანარჩენებიც აღარ ჩერდებოდნენ. დიჯეი რომ გამოჩნდა, აღარავის სურდა სკამის ფორმის შენარჩუნება.
– ვგიჟდები ამ სიმღერაზე!
წამოიძახა ნიცამ და გოგონებთან ერთად ისე სწრაფად ჩაიკარგა ფერად განათებებში, თორნიკემ თვალის შევლებაც კი ვერ მოასწრო. პირველად ხედავდა ასეთ თავისუფალს, ბედნიერს და მხიარულს. ისეთი სხვანაირი იყო... არც კი იცნობდა ასეთს. კი, მეგობრების წრეშიც ჰყავდა ნანახი, მაგრამ ახლა მაინც გამორჩეულად ეუცნაურებოდა ასეთი ყიფიანი.
დიდხანს არ უფიქრია, ისე მიუახლოვდა. საერთოდაც, ძალიან უჭირდა ფიქრი, იმდენად აერია თავში ყველაფერი. ამდენი ლამაზი და მოკლეკაბიანი გოგო ეხვია გარს, ის კი მაინც იმასთან მიიწევდა, ვისაც ისედაც უყვარდა. ასე როგორ იმოქმედა ალკოჰოლმა?!
– დამდებთ პატივს?
გაეცინა, წინ რომ აესვეტა და განათების მიუხედავად, მაინც შენიშნა მისი გაფართოებული თვალები.
– რამდენიმე წამში დღევანდელი საღამოს მთავარი გმირებისთვის მუსიკა შეიცვლება და იქნებ ჩვენც გვეცეკვა?!
პატარა ბავშვივით გამოუვიდა, დედას რომ ნაყინის ფულს სთხოვს, თუმცა ამ შემთხვევაში „დედა“ ისეთ კარგ ხასიათზე იყო, საერთოდ არ დასჭირვებია ხვეწნა.
წელზე მოხვია ცალი ხელი და სხეულზე მიიკრა, თვალებში კი ისე დაჟინებით უყურებდა, აშკარად ელოდა, როდის აარიდებდა მზერას პირველი. ნიცასთან მიმართებაში, ერთი რამ ყოველთვის დანამდვილებით იცოდა, ისე შეეძლო მასზე გავლენის მოხდენა, როგორც არავის სხვას. ახლაც წამებში ააფორიაქა და ამით ისეთი კმაყოფილი იყო, არც კი ცდილობდა ამის დაფარვას.
– ორ გოგოს ერთდროულად ვეცეკვები...
ჩაეღიმა ბოლოს, მუცელზე რომ დახედა. წარმოდგენაც არ ჰქონდა, რატომ, მაგრამ მაინც, სულ ოდნავ გამობზეკილად ეჩვენებოდა და ამასაც იმხელა მნიშვნელობას ანიჭებდა, ალბათ ჭკუიდან გადავიდოდა, ნიცა რომ დამრგვალდებოდა.
– საიდან ასეთი დასკვნები?!
– უბრალოდ, ვიცი...
მხრები აიჩეჩა და ისე დაატრიალა, ხელი არ შეუშვია. აქამდე არც კი უფიქრია ბავშვის სქესზე, მაგრამ იმ მომენტში ისეთი დარწმუნებული იყო, რომ გოგო გაჩნდებოდა, თითქოს უკვე ზუსტად იცოდა.
– მეც გოგო მგონია.
გამოუტყდა ნიცა.
– და ვაკონას ვეღარ დავარქმევთ.
შემდეგ კი, ნიშნისმოგებით აუწია ცალი წარბი.
– შენ წარმოდგენაც არ გაქვს, რამდენი არაჩვეულებრივი სახელი გვაქვს მეგრელებს. 

თუმცა, არც დადიანი დარჩენია ვალში და სიცილი აუტყდა, როცა მიხვდა, ეს „რაუნდიც“ რომ მოუგო...
Image result for car  emily didonato
* * *
– ჩემმა მტერმა გიყუროთ თქვენ ფხიზელი თვალით!
ბებერი ქალივით ბუზღუნებდა დემეტრე, კლუბიდან რომ გამოდიოდნენ. მას და ნიცას უწევდათ მთვრალების სახლებში დარიგება და ისე გაუჭირდათ გამოყვანა, რამდენჯერმე შებრუნდნენ კიდეც.
– შენ და ნიცას თითქმის ერთდროულად შეგეხებათ ამინისტია!
თვალი ჩაუკრა თორნიკემ და ისე ჩამოეკიდა ისედაც გათიშულ გოგონას, არც კი მორიდებია.
– სამაგიეროდ, ჩვენი ღვიძლი უკეთეს დღეშია.
გაუცინა ნიცამაც, შემდეგ კი, როცა როგორც იქნა, ყველანი გამოვიდნენ, ცოტა არ იყოს, გაუკვირდა, უპრობლემოდ რომ დაისაკუთრა დადიანის მანქანის გასაღები.
– გოგოებს და ირაკლის მე დავაბინავებ, თქვენ წყვილს დაგითმობთ!
ამოიოხრა ჩადუნელმა.
– აი, ექვსი თვის შემდეგ კი ისე დავთვრები, ისე დავთვრები, ყველა სათითაოდ რომ მაცილებდეთ სახლში!
– შენ რა გაგიძლებს...
თავი გადაიქნია ირაკლიმ, შემდეგ კი, ყველას საჰაერო კოცნა გაუგზავნა და ისე ჩაენარცხა მანქანის უკანა სავარძელზე, დიდი ალბათობით, თავი უკვე სახლში ეგონა.
– ნიცა, თუ დაღლილი ხარ, მივიყვან ამათ და დანარჩენები მერე დავარიგოთ.
ისე გადაულაპარაკა დემეტრემ, სხვებს რომ არ გაეგოთ, თუმცა გოგონამ ღიმილით გაიქნია თავი, არ არის პრობლემაო. ძალიან სიამოვნებდა თორნიკეს მეგობრებისგან ასეთი ყურადღება, მაგრამ ახლა მართლა არ იყო საჭირო ზედმეტად თავის დაფასება. ისედაც არ მოსწონდა, ორსულები ისე რომ იქცეოდნენ, თითქოს ავად იყვნენ და ნამდვილად არ აპირებდა თვითონაც მათ რიგებში ჩაწერას.
- შენ მაინც დაგვირეკე ხოლმე, წარმოდგენა არ მაქვს, ვის ვანდობ მანქანას.
- ახლა მოგინდა ცოფიანი ძმაკაცი?!
დასცინა დემეტრემ და ისე დემონსტრაციულად მიუჯდა საჭეს, თითქოს სამაგიეროს უხდიდა მთელი საღამოს ხუმრობებისთვის. - ნიცა, თუ რამე, დამირეკე.
- შემდეგ კი გოგონას თვალი ჩაუკრა და რამდენიმე წამში მხედველობის არიდანაც გაუჩინარდა...
ტყუილი იქნება, თუ ვიტყვით, რომ ნიცა არ ღელავდა, მაგრამ ეს მხოლოდ თორნიკეს სიახლოვით იყო გამოწვეული და არა საკუთარ თავში დაურწმუნებლობით. უბრალოდ, მის გარემოცვაში ისე იბნეოდა, ეს საჭესთან მყოფს ნამდვილად არ აწყობდა...
- მაინც ჩვენი დამსახურებაა თქვენი ამბავი!
საოცრად ამაყი ხმით გადაულაპარაკა ბიჭმა უკანა სავარძელზე მოკალათებულ წყვილს.
- როგორ უკარგავს იმ კაცს ამაგს...
ჩაიფხუკუნა ნიცამ, თუმცა ალექსის მზერა რომ შენიშნა, მეტად აღარ გაუგრძელებია მაზოლზე ფეხის დაჭერა.
- მაინც ვერ ვხვდები, როგორ დააჯერეთ! - გაეცინა თამოსაც.
- ისე ეძებდა საბაბს შენთვის ხელის სათხოვნელად, ის უფრო დაიჯერა, რომ თქვენი ბიჭი პუტინის კაცი იყო, ვიდრე მისი გასტროლით ჩამოსვლა.
- რა თქვი?!
თუმცა ბოლო სიტყვის მოსმენისას ერთდროულად წამოიყვირეს გოგონებმა და მაშინვე ინანა, რომ იმაზე მეტი წამოაყრანტალა, ვიდრე საჭირო იყო.
- ისევ დაიწყეს...
აღმოხდა ალექსს და მართალიც გამოდგა. თამოს სახლამდე იმას განიხილავდნენ, როგორ მოესწროთ სპექტაკლის ბილეთების დაჯავშნა და ლამის თითოეული წარმოდგენის ჩამოტანის ალბათობაც კი გამოთვალეს, დადიანი კი, ყოველ მოსახვევში პირჯვარს იწერდა და ხმამაღლა სწირავდა ღმერთს მადლობას კიდევ ერთი გადარჩენისთვის.
საბოლოოდ, ისე დაიშალნენ, ამდენი ლაპარაკით თითქმის გამოფხიზლდნენ კიდეც. სასხვათაშორისოდ, თორნიკემ ისიც კი შესთავაზა, ადგილს გაგიცვლიო, როცა მანქანაში მარტონი დარჩნენ, თუმცა კატეგორიული უარი რომ მიიღო, აღარ შეწინააღმდეგებია. ნამდვილად არ ეხალისებოდა ჯარიმების ხდა.
- გეხვეწები, ხვალ დილის რვისთვის მაღვიძარა დამიყენე, თორემ დამავიწყდება, რა...
მოულოდნელად, ისეთი უშუალო ტონით სთხოვა ნიცამ, წარბებიც კი ააწევინა. ჰმ, აშკარად მოსწონდა ახალ ეტაპზე გადასვლა.
- ოუჰ, შეტყობინება გაქვს. ვის გაახსენდი ამ დროს?
- ალბათ, რომელიმე მიკრო-საფინანსო მთავაზობს სესხს იდეალური პირობებით, - ჩაიფხუკუნა ნიცამ, თუმცა ბიჭმა ხმა რომ აღარ გასცა, გაკვირვებულმა გახედა.
- შენ რა, კითხულობ?!
- ლექსომ მოგწერა.
თუმცა ისე მოკლედ მოუჭრა, ვეღარაფერი გაიგო.
- ვინ?!
- თბილისი პატარაა, ჩემო ნიცაო. შენ უკეთ გეცოდინება, ვინც იქნება.
უპასუხა ცივად და მობილურიც გულგრილად გაუწოდა.
- მაღვიძარა დაყენებულია.
- გმადლობ...
ჩაიდუდღუნა ყიფიანმაც და ალბათ, მთელი გზის ასე გატარება მოუწევდა, რომ არა ის, რამაც წამებში გამოაფხიზლა...
მართლაც, სულ რამდენიმე წამში მოხდა ყველაფერი. ჯერ მანქანის საბურავების ღრჭიალი მოესმა შორიდან, შემდეგ უკანა ხედვის სარკეში შენიშნა, როგორი არანორმალური სიჩქარით უახლოვდებოდათ შავი "BMW", ბოლოს კი, ერთადერთი, რაც მოასწრო, საჭის დამორჩილება იყო, როცა არსაიდან გამომხტარი მანქანა კარზე გაეხახუნა, მძღოლმა კი, სიგნალებითა და უშვერი სიტყვების ძახილით ჩაუქროლა.
- გააჩერე და გადმოდი მანქანიდან.
წამში მოესმა თორნიკეს გაყინული ხმა. ისეთი შეშინებული იყო, შენელებული კადრის ეფექტით აღიქვამდა ყველაფერს.
- ნიცა!
მაგრამ საკუთარი სახელის კიდევ ერთხელ გაგონებამ ასე თუ ისე გამოაფხიზლა და როდესაც მანქანა გზიდან გადაიყვანა, იქიდან გადმოსული ვერც კი წარმოიდგენდა, სიტუაცია ასე თუ შეტრიალდებოდა.
ისეთი სახე ჰქონდა დადიანს, ცოტათი შეეშინდა კიდეც. ყბებს ერთმანეთზე ძლიერად აჭერდა და აშკარად ეტყობოდა, როგორ უჭირდა კონტროლის შენარჩუნება. ღმერთო, ნუთუ ამ პატარა ნაკაწრის გამო გამწარდა ასე ძალიან?!
- რას აკეთებ?!
წამოიყვირა ნიცამ, როცა ბიჭი საჭეს მიუჯდა და ძრავის ხმის გაგონებისას, არც კი დაფიქრებულა, ისევე გამოხსნა მეორე კარი თვითონ.
- ჯერ არ ჩაჯდე!
შეუღრინა თორნიკემ, მაგრამ აღარაფერს ჰქონდა აზრი და როდესაც ამას მიხვდა, მეტი დრო აღარ დაუკარგავს, სიჩქარეების გადამრთველს ჩააფრინდა და ნიცამ მხოლოდ მაშინ გაიაზრა სიტუაცია, როდესაც შეამჩნია, რომ მონსტრივით აღრიალებულმა მანქანამ რამდენიმე წამში სულ სხვა, უფრო ზუსტად კი, იმ მიმართულებით გადაუხვია, საითაც გაუჩინარდა შავი "BMW"...
* * *
Image result for car  man tumblr
საჭეს ისეთი ჩაფრენილი მართავდა დადიანი მანქანას, იფიქრებდით, რბოლაზე იყო, თუმცა ვიზუალურად წითლის დანახვაზე გადარეულ ხარს უფრო ჰგავდა. მკლავებზე ვენები ემჩნეოდა, დაბერილი ნესტოებით კი, ქშენით ისუნთქავდა ჰაერს და ისე გამოიყურებოდა, თითქოს გარშემო ვეღარაფერს ამჩნევდა. მათ შორის, ვერც სპიდომეტრის ისარს, რომელიც ძალიან სწრაფად მიიწევდა ზემოთ.
– თორნიკე, გაგიჟდი?
ისე ღელავდა ნიცა, ხმის დამორჩილებაც კი გაუჭირდა. იმაზე ვერც კი ფიქრობდა, რა შეიძლება მომხდარიყო, ჯერ მხოლოდ ის აშინებდა, ასეთი მთვრალი, ასე რომ ატარებდა.
– შეანელე!
– ნუ გეშინია.
მოუჭრა მოკლედ, ისე, რომ ზედაც არ შეუხედავს, შემდეგ კი, კიდევ უფრო უმატა სიჩქარეს და საბოლოოდ, გოგონა ვერც კი მიხვდა როგორ, მაგრამ საოცრად ვიწრო და ჩაბნელებულ ქუჩაზე, რაღაცნაირად მოახერხა შავი “BMW”-ს წინ აღმოჩენილიყო და გზაც ჩაეკეტა.
– არ გადახვიდე!
აღმოხდა დაპანიკებულს, როგორც კი სიტუაციის სიმძაფრე გაიაზრა.
– მე კი არა, შენ არ გადმოადგა ფეხი გარეთ. რაც არ უნდა მოხდეს.
უპასუხა ისეთი ხმით, სისხლიც კი გაუყინა ძარღვებში და რამდენიმე წამში სრულიად მარტო აღმოჩნდა მანქანაში.
საერთოდ არაფერზე ფიქრობდა დადიანი, გარეთ რომ გადავიდა. ისე აწვებოდა სისხლი ტვინში, ახლა იცოდა, რომ ერთადერთი, რაც დაამშვიდებდა, მუშტები იყო. არა, ნამდვილად არ გახლდათ ისეთი ტიპის, ნებისმიერ მიზეზს რომ იყენებენ ხოლმე საჩხუბრად. უფრო მეტიც, ყოველთვის ცდილობდა, ცივილიზებულად მოეგვარებინა ყველაფერი, მაგრამ არსებობდა ზღვარი, რომლის გადაბიჯებასაც არავის აპატიებდა და სწორედ ასე მოხდა ახლაც. თუმცა, გაკაწრული მანქანა ამ შემთხვევაში არც მიზეზი იყო და მით უმეტეს, არც საბაბი.
– გადმოდი გარეთ!
დაუღრიალა, როგორც კი მიუახლოვდა და რეაქციაც არ ჰქონია, ერთის ნაცვლად, ორი ახმახი რომ აესვეტა წინ.
– რამე პრობლემა გაქვს?
თუმცა, მაშინვე გამოეყო ერთი. როგორც ჩანს, სწორედ ის იყო მძღოლი.
– მე მაქვს პრობლემა?! თქვენ შიგ ხომ არ გაქვთ?
საერთოდ გამოვიდა წყობიდან. მაქსიმალურად ცდილობდა სიმშვიდის შენარჩუნებას, მაგრამ ვერაფრით ახერხებდა.
აი ნიცა კი, ისე ეცა კარის საკეტს, როცა დაინახა, როგორ მოხვდა თორნიკეს ყბაში, იმაზეც კი არ უფიქრია, რა მოხდებოდა, გარეთ რომ გადასულიყო. კინაღამ გული გაუსკდა. ერთიანად ააკანკალა, ისე შეეშინდა და ფიქრის სისწრაფით აღმოჩნდა გარეთ.
– ჩაჯექი მანქანაში!
და არც ღრიალს შეუჩერებია, ისე მიეჭრა. ვერ დაუშვებდა, რამე რომ მოსვლოდა, ის კი ზუსტად იცოდა, რომ არ ჩარეულიყო, შემდეგ უკვე გვიანი იქნებოდა. გადარჩენის ინსტინქტით მოქმედებდა და სწორედ ამიტომაც არც კი გახსენებია ვინმესთან დარეკვა.
– საჭის დამორჩილება რომ ვერ მოესწრო, სად მიდიოდი მერე?
მაგრამ დადიანი ისევ თავის სტიქიაში იყო და მუშტის მოქნევაც მოასწრო, გამწარებულმა.
– იდიოტური გართობის გამო კლავდი, შე ნაბიჭვარო?
– თორნიკე, გეხვეწები...
ამოისლუკუნა, როცა გააცნობიერა, რომ ვერაფრით ახერხებდა გაჩერებას.
– სიტყვებს დაუფიქრდი, ბიჭო!
და უღრიალა მეორემაც, შემდეგ კი ისე მოიქნია ხელი, ვერც მიხვდა ნიცა, როდის მოასწრო შუაში ჩახტომა, მაგრამ მხარი რომ აეწვა საშინლად და ტკივილისგან ჩაიკეცა, მაშინაც კი იმაზე ფიქრობდა, რომ როგორმე დადიანი აქედან წაეყვანა.
– აი ეს არ უნდა გექნა...
თუმცა, ამის მეტის გაგონება ვეღარ მოახერხა და ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რაც ბოლო რამდენიმე წუთის განმავლობაში მიიღო, იყო ის, რომ თვალები დაეხუჭა. გულში ლოცულობდა, ცივ ასფალტზე ჩაკეცილი, რომ მშვიდობით გაეღწიათ. ადგომის კი, საკუთარი თავის არა, მაგრამ ბავშვის გამო საშინლად ეშინოდა. მხოლოდ ღმერთმა უწყოდა, კიდევ როდის მოხვდებოდა უმისამართო მუშტი და მით უმეტეს, სად.
– ილოცეთ, რომ აღარსად გადამეყაროთ!
ღრიალისგან ჩახლეჩილი ხმა მოესმა შორიდან, შემდეგ კი, აკანკალებულს ძლიერი მკლავები რომ შემოეხვივნენ და ფრთხილად წამოაყენეს, ნაგროვები ემოციისგან ერთიანად წასკდა ცრემლები.
წამითაც არ უფიქრია, როგორ აღიქვამდა ბიჭი ამას. საერთოდ არაფერი აინტერესებდა იმ მომენტში, ისე შემოხვია ხელები კისერზე. შეშინებული მიეკრო და მისი სხეულისგან წამოსული სიმხურვალეც კი ვერ ათბობდა ნერვიულობისგან გაყინულს. არც ის ადარდებდა, თორნიკე რომ გახევებული იდგა და სავარაუდოდ, მხოლოდ მოვალეობის მოხდის მიზნით შემოხვია ცალი ხელი წელზე. საერთოდ არაფერი უგრძვნია მისგან, თვითონ კი, იმ წამებში მთელი გული მისცა.
– ჩემთან ერთად ასე აღარასდროს მოიქცე...
ძლივს ამოთქვა, ცრემლებისგან ხმაშეცვლილმა და ყველაფრის მიუხედავად, დადიანს მისი ტუჩების კისერზე უნებლიე შეხებისაგან ისე გააჟრჟოლა, ვერც ერთი სიტყვა რომ ვერ გამოიწვევდა ამხელა ემოციას, რაც ამან შეძლო.
თუმცა, მაინც არ შეეძლო რამის თქმა, რადგან სწორედ მისი მიზეზით მოხდა ყველაფერი. მისი მიზეზით დაშავდა და ინერვიულა ამდენი. არასდროს უნახავს ნიცა ასეთი შეშინებული. ისეთი თვალები ჰქონდა... მაშინაც კი არ შეუხედავს ასე, ექიმის კაბინეტიდან რომ გამოვიდნენ აღელვებულები. სულ სხვა რაღაც ამოიკითხა ახლა, მაგრამ ვერაფრით უძებნიდა სახელს და ეს კიდევ ერთი მიზეზი იყო საკუთარი თავის დასადანაშაულებლად.
– წავიდეთ აქედან.
უპასუხა მოჩვენებითი სიმშვიდით და ისე მიიყვანა მანქანამდე, წამითაც არ მოუშორებია გვერდიდან. ყბები ეჭიმებოდა, მისი სხეულის ცახცახს რომ გრძნობდა და აცნობიერებდა, როგორ იმოქმედებდა ბავშვზე ეს ყველაფერი. არა, როგორ ანერვიულა ამდენი?!
– გეხვეწები, საჭესთან არ დაჯდე.
ძლივს ამოთქვა ნიცამ.
– მთვრალი ხარ, თორნიკე. რაღაც მოგვივა.
– ნუ გეშინია.
თუმცა პასუხად მხოლოდ მსუბუქი ჩაცინება მიიღო, რამდენიმე წუთში კი, მანქანა ადგილიდან რომ დაიძრა, დაუკითხავად მიეხუჭა თვალები და დიდი ძალისხმევის მიუხედავად, მაინც ვერ მოახერხა სიფხიზლის შენარჩუნება...

გაგრძელება იქნება  
ავტორი ნათია ჯაგოდნიშვილი
იხილეთ ასევე: შეცდომა. თავი 14. საჩუქარი



FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 2 /
LIKA
ძალიან მომწონს დრეში 3 თავის დადებაზეც არ ვიტყოდი უარს:):):)
16:29 / 05-12-2018
გამოხმაურება / 0 /
ნგნ
ვაიმეე, ვინერვიულე!
14:10 / 14-11-2016
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
e87a93