ნოველები

შეცდომა. თავი 19. „ექსკლუზივი“

შეცდომა. თავი 19. „ექსკლუზივი“
აზრიც არ ჰქონდა პასუხს, მაინც არ შეიცვლიდა გადაწყვეტილებას. პირიქით, უფრო დარწმუნდებოდა მის სისწორეში და ისე გაჯიუტდებოდა, შესაძლოა, ზედმეტიც მოსვლოდა. სხვა შემთხვევა რომ ყოფილიყო, სულაც არ დააინტერესებდა რომელიღაც, საკმაოდ პოპულარული, თუმცა მისთვის აქამდე უცნობი ბრენდისთვის პოზირება კამერის წინ, მაგრამ ახლა იმან გაამწარა, არჩევანის თავისუფლება რომ წაართვეს. თან, არც ზედმეტი ფული აწყენდა და რატომ ეთქვა უარი, როცა ორი კურდღლის ერთად დაჭერის შესაძლებლობა ეძლეოდა?! დანაზოგსაც შეავსებდა და დადიანის მოთმინების ფიალასაც.
ეს უკანასკნელი კი, მართლაც წარმატებით გამოუვიდა. წამიერმა ჟრუანტელმაც კი
დაუარა, სტუდიიდან გამოსვლისას მობილური რომ შეამოწმა და გამოტოვებულ ზარებთან ერთად, შეტყობინებაც დახვდა, მობილური აიღე, დროზეო. ქეთომ საერთოდაც წარბები აათამაშა და კმაყოფილმა გაუსვა ხელისგულები ერთმანეთს. გიჟდებოდა ასეთ სიტუაციებზე და სასიყვარული საქმეების ექსპერტის სტატუსიც არ იქნებოდა მისთვის ზედმეტი, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ჯერ კიდევ მარტო იყო. თავადვე ვერ ხსნიდა საიდან, მაგრამ უზუსტეს რჩევებს იძლეოდა და ახლაც, ზუსტად ერთ საათში მიიღეს სასურველი შედეგი.
– ხუთი წუთიც მოიცადე და შემდეგ კითხვის ნიშანი გაუგზავნე... – თვალი ჩაუკრა და მათი საყვარელი კაფესკენ უნდა გადაეხვიათ, ნიცას მობილური ისევ რომ ამღერდა.
– გავუთიშო?
– არა, ათამდე დავითვალოთ და ისეთ ხმით უპასუხე, თითქოს წარმოდგენაც არ გაქვს, რა მოხდა. – გაეცინა და აზარტში შესული, ფედერალური ბიუროს აგენტივით აეკრო მეგობრის ყურზე მიდებულ ტელეფონს, საუბარი რომ მოესმინა.
– სად ხარ? – აი, თორნიკეს კი ისეთი ხმა ჰქონდა, ნიცამ გაჭირვებით გადააგორა ნერწყვი, ქეთომ კი ტუჩზე იკბინა, რომ არ გასცინებოდა და ლამის ტაშიც შემოჰკრა გამარჯვების საზეიმოდ.
– ბათუმში, შენ? – გაეცინა გოგონას.
– ნიცა, დროზე მითხარი, რომელ ქუჩაზე ხარ! – მაგრამ დადიანის ტონი ოდნავადაც არ შერბილებულა. უფრო მეტიც, აშკარად ეტყობოდა, როგორი გააფთრებულიც იყო და ორივენი მიხვდნენ, წინააღმდეგობის გაწევას აზრი რომ აღარ ჰქონდა.
– ხიმშიაშვილზე... – ამოიკნავლა ნიცამ და წყვეტილი ზუმერის გაგონებისას ისე ამოისუნთქა, თითქოს უკვე ხვდებოდა, რომ წინ კარგი არაფერი ელოდა...

* * *
– ეს გოგო დამცინის! – ამოიგმინა დადიანმა, კვალსაც რომ ვერსად მიაგნო და ისეთი სახით გადახედა დემეტრეს, ეს უკანასკნელი თავის დაკვრით რომ არ დათანხმებოდა, მთელ ჯავრს მასზე იყრიდა.
– და რომ გეკითხა, რომელ ხიმშიაშვილზე იყო, რამე დაგაკლდებოდა?
– კი, მობილურის ანგარიში. – მოუჭრა გაღიზიანებულმა, შემდეგ კი მობილური შეაჩეჩა ხელში. – დარეკე და მეპატრონე იკითხე.
– სად დავრეკო, რა გინდა?!
– ქეთის წიგნების მაღაზიაა, დარეკე და თუ იქ არის, ნიცაც იქ იქნება.
– რად გინდა ეს ჯეიმს ბონდობა? პირდაპირ დავურეკავ.
– არც კი გაიფიქრო. ეგღა მაკლია ახლა, ის იფიქროს, გამწარებული დამეძებსო.
– ნეტავ, ცალი თვალით მაინც შეგახედა საკუთარი თავისთვის... – ამოიოხრა დემემ, თუმცა წინააღმდეგობა აღარ გაუწევია.
„ჯეიმს ბონდი“ მართალი გამოდგა. წარმოდგენაც არ ჰქონდა, საიდან მოაფიქრდა წიგნების მაღაზიაში დარეკვა, მაგრამ ეს ერთადერთი იყო, რაც ქეთის შესახებ იცოდა. ისეთი გამწარებული იყო... ვერც კი დაიჯერა, მიმიმ რომ დაურეკა და მადლობა გადაუხადა ნიცას დათანხმებისთვის. ან რა ჯანდაბის გამო აეწყო ყველაფერი ისე, მაინცდამაინც იმ ფოტოგრაფთან ერთად რომ აღმოჩნდნენ ბათუმში? ბედი დასცინოდა ასე მწარედ თუ წინასწარ დაუგეგმეს ყველაფერი? ეცინებოდა კიდეც უკვე. საკუთარ თავს ჯიუტი ბავშვივით უმტკიცებდა, რომ საერთოდ არ აინტერესებდა ნიცა ყიფიანი, სინამდვილეში კი, დაგეშილი ძაღლივით დარბოდა მის მოსაძებნად.
– შენ კარგად თუ ხარ, საერთოდ?! –გაცოფებული მიეჭრა, როდესაც გარედანვე შეათვალიერა და შენიშნა, რომ მაღაზია ცარიელი იყო, გოგონები კი პუფებში ისხდნენ.
– კი, წელის ტკივილმაც გამიარა, რატომ მეკითხები? – გაუცინა ნიცამ. ისეთი გულწრფელი იყო იმ მომენტში, ლამის გაბრაზებაც გადაავიწყა, თუმცა დადიანს არასდროს ავიწყდებოდა ასე მარტივად და არც მორიდებია, ისე წაავლო მკლავში ხელი და პატარა ბავშვივით გააცუნცულა გარეთ.
– რას აკეთებ, ნიცა?
– ხელი გამიშვი.
– ეს ნორმალურია? – აღშფოთდა შიგნით დარჩენილი ქეთო და უკვე გასვლას აპირებდა, დემეტრე რომ გადაუდგა წინ და თავი გაიქნია, არ გინდაო.
– მითხარი, რა ჯანდაბას აკეთებ და რატომ იქცევი ასე? – თორნიკე კი, მკლავზე შემოჭერილი თითების ოდნავ შემსუბუქებასაც არ ფიქრობდა.
– რა გინდა? რატომ ერევი?! – აენთო ნიცაც. აქამდე თუ დამნაშავესავით იდგა, ახლა გაბრაზებამ იფეთქა და აწი მხოლოდ ღმერთმა უწყოდა, როგორ დასრულდებოდა ეს ამბავი.
– რას ნიშნავს, რატომ ვერევი, შენ რა, დამცინი?
– შენი საქმე არ არის, მე სად, როდის და როგორ ფოტოსესიაში მივიღებ მონაწილეობას, გასაგებია?! – ისეთი თვალებით ახედა, დარწმუნებული იყო, რომ გაბურღავდა, თუმცა მისი სიმტკიცე მხოლოდ რამდენიმე წამს გაგრძელდა. ვერაფერი გააწყო დადიანის დაჟინებულ მზერასთან და სუნთქვაც კი შეეკრა, საბოლოოდ ისე ახლოს მიუტანა სახე.
– შენ ჩემი ექსკლუზივი ხარ, ნიცა. გასაგებია? – გაუმეორა, მისგან რადიკალურად განსხვავებული, საკუთარ თავში დარწმუნებული, ოდნავ სიამაყეშერეული ხმით, შემდეგ კი, ჟრუანტელის სახით რომ შეამჩნია საკუთარი სიტყვების ზემოქმედება, ფრთხილად შეუშვა მკლავზე შემოჭდობილი თითები და შიგნით ისე შებრუნდა, პასუხს აღარც დალოდებია...

* * *
რამდენიმე წამი გაშეშებული იდგა ნიცა და ვერც კი ხვდებოდა, შიგნით რომ უნდა შესულიყო. ისეთი გრძნობა ჰქონდა, თითქოს მუცელში რაღაც დაუტრიალდა, აირია, დიდ გროვად იქცა და გულისკენ დაიძრა, რომელიც ეგონა, რომ ჯერ საერთოდ გაუჩერდა, შემდეგ კი გაასმაგებული ძალით დაიწყო ფეთქვა. ნერწყვიც კი გაჭირვებით გადაყლაპა მოწოლილი ემოციებისგან, მკლავი კი, რომელზეც რამდენიმე წამის წინ დადიანის თითები უჭერდა, ჯერაც გაბუჟებული ჰქონდა. წარმოდგენაც არ ჰქონდა, რას გრძნობდა სინამდვილეში. ისიც აღარ იცოდა უკვე, ეს ყველაფერი სიყვარული იყო თუ სხვა რამ, მაგრამ ფაქტია, ეს ბიჭი არანორმალურად ზემოქმედებდა მასზე და გაწითლებამდე გაბრაზებულსაც კი ისე მოექცეოდა, აქეთ აგრძნობინებდა თავს დამნაშავედ. სწორედ ამას გადაჰყავდა ჭკუიდან. არ შეეძლო წინააღმდეგობის გაწევა. ისიც კი არ შეეძლო, საკუთარი გრძნობები რომ დაეფარა და ასე აშკარად არ ეგრძნობინებინა, რამხელა გავლენა ჰქონდა დადიანს მასზე.
– არ გაბედო მასთან ასე მოქცევა! – ქეთო კი მაშინვე დაეტაკა თორნიკეს, როგორც კი შიგნით ფეხი შედგა.
– შენი საქმე არ არის. – მკვახედ მიუგდო ბიჭმა და ის იყო, კოლოფიდან ამოღებული სიგარეტის ღერისთვის უნდა მოეკიდებინა, გოგონამ უცერემონიოდ რომ ააცალა და ხელისგულში მოქცეული მოკუჭა.
– ჩემი მეგობარი ჩემი საქმეა და არ გეგონოს, რომ ისე მოექცევი, როგორც მოგინდება.
– მომისმინე, გოგონა, – უკვე ფეხზე წამოდგა გაღიზიანებული და სავარაუდოდ, კიდევ ერთი კამათი უკვე გარდაუვალი იყო, ნიცამ გარედანვე რომ შენიშნა სიტუაცია და აჩქარებით შევიდა მაღაზიაში.
– მშია!
– ახლა არ მოვედით? – დაბნეულმა დააფახულა თვალები ქეთომ, დადიანმა კი ისე ჩატეხა ტუჩის კუთხე, აშკარა იყო, უპრობლემოდ მიუხვდა გეგმას.
– მეც მშია. – მაგრამ დემეტრე, როგორც ახლად შეძენილი მეგობარი, მაშინვე აჰყვა.
– გამარჯობა... – თუმცა, ყველას ყურადღება მაშინვე კარში უხერხულად გაჩხერილმა შავთმიანმა გოგომ მიიქცია. – უკაცრავად, ახლავე... – აღელვებულს ჩანთის მოხსნაც კი დაავიწყდა და ისე მივიდა ბიჭებთან. – რით დაგეხმაროთ, რას ეძებთ?
– დამშვიდდი, ჩვენთან არიან ესენი. – დამამშვიდებლად გაუღიმა ქეთომ, შემდეგ კი, პირველი თვითონ გაემართა გასასვლელისკენ. – აბა, გადაიფიქრეთ?!

* * *
– რამე სხვანაირი მშია... – დაიწუწუნა ნიცამ, რამდენიმე კაფეს რომ ჩაუარა გულგრილად. – მეც არ ვიცი, როგორი...
– ღმერთო, გაძლება მომეცი! – აღმოხდა თორნიკეს და არავინ რომ არ აუბა მხარი, მხოლოდ შემდეგ შეამჩნია, როგორი გართული იყო დემეტრე ქეთოს ყურებით.
– ნაყინი არ გეყოფა? – ეს უკანასკნელი კი ჭირვეულ მეგობართან აწარმოებდა მოლაპარაკებას.
– ნაყინი დესერტად, მაგრამ ახლა გვშია!
– ტკბილი გშია თუ მწარე? – დადიანიც ჩაერთო ზოგადსაკაცობრიო თემაში.
– გემრიელი...
– აუ, მოდი კარტოფილი შეუწვი, რა! – გადახედა მობეზრებული სახით ქეთოს.
– ეჰ, შაურმას კი შეჭამდა კაცი... – მაგრამ ამ დროს დემეტრემ ისე ამოიოხრა, მაშინვე გადაჭრა ყველა პრობლემა. თორნიკემ წარბები აათამაშა, ქეთოს სახე გაუნათდა, ნიცამ კი მაშინვე ხელები აღმართა, წინააღმდეგობის ნიშნად.
– გამორიცხულია! არც კი გამისინჯავს არასდროს.
– სერიოზულად?!
– მეც კი ვერ გავასინჯე. – თავი დაუქნია პოტენციურ სასიძოს გოგონამ.
– ჰოდა, მე გამოვასწორებ. ხომ იცი, ნიცა, პირველი ჭირს, თორემ... – თვალი ჩაუკრა, შემდეგ კი ისე გაეცინა, ძნელი იყო, წამის წინ ნათქვამი „ბოროტი“ ხუმრობის მიუხედავად, მაინც არ გაღიმებოდა.
– არ შეიძლება ყველაფერში პირველი იყო... – და არც ნიცა დარჩენია ვალში. მართალია, ისე უჩურჩულა, მხოლოდ მას რომ გაეგო, მაგრამ ბიჭი ისე ახარხარდა, ამით უფრო მიიქცია ყურადღება.
იმდენი იარეს, ქეთოც კი დაიღალა, მიუხედავად იმისა, რომ თვითონაც ბოდიალის ქალღმერთი გახლდათ. შეეძლო მთელი ბათუმი ისე შემოევლო, ტრანსპორტი არც კი გამოეყენებინა. მერე უკვირდა, ვჭამ და რატომ ვხდებიო, ის კი საერთოდ აღარ ახსოვდა, ყოველ დღე, მინიმუმ, თხუთმეტ კილომეტრს მაინც რომ გადიოდა ხოლმე.
– ვიპოვე! – პატარა ბავშვივით გაუხარდა თორნიკეს, სასურველ საშაურმეს რომ მიაგნო. – პირველისთვის, ესეც კარგია და თბილისში რომ ჩავალთ, მერე გლდანში წაგიყვან... – ბოლომდე შევიდა როლში და იმას არც დაკვირვებია, სამომავლო გეგმები რომ დააწყო მაშინ, როცა წესით, ნიცასთან ურთიერთობა ცივი ომის რეჟიმზე უნდა გადაეყვანა.
– დარწმუნებული არ ვარ, რომ მინდა... – დაიწუწუნა კიდევ ერთხელ, მაგრამ სამივემ ერთდროულად რომ დაუბრიალა თვალები, ერთიღა ამოიოხრა და უსიტყვოდ დაიკავა ადგილი კუთხის მაგიდასთან...
დიდხანს არც თორნიკე დაყოვნებულა. ისეთი შეუკვეთა, გოგონა მხოლოდ პირველად გასინჯვით რომ არ დაკმაყოფილებულიყო და რამდენიმე წუთში შეკვეთა წინ რომ დაუდეს, ყველანი ნიცას მიაჩერდნენ.
– ძალიან მწარეა? – წარბები შეჭმუხნა, სანამ გასინჯავდა. ისე ღელავდა, წარმოდგენაც არ ჰქონდა, რა ანერვიულებდა. – ძალიან დიდია!
– არ შეიძლება ყველაფერზე წუწუნი! – თვალები აატრიალა დადიანმა და საკუთარი ხელით მიუტანა პირთან. – აბა, მიდი! –შემდეგ კი, ისე დაკვირვებით უყურებდა... ნიცაზე მეტად მას უნდოდა, რომ მოსწონებოდა. ისე ელოდა რეაქციას. გოგონა მიხვდა, როგორი საშინელიც არ უნდა ყოფილიყო, მაინც ვერ ეტყოდა. იმედს ვერ გაუცრუებდა. და თავადაც, მისი მზერით მოტივირებულმა გადაუშვა პირველი ლუკმა ყელში.
– გემრიელია! – რამდენიმე წამში კი, თვალებანთებულმა რომ წამოიძახა, ყველამ ისე ამოისუნთქა, თითქოს სამკვდრო–სასიცოცხლო ამბავი გადაწყდა.
მართლა მოეწონა ნიცას და ეს მხოლოდ მათ გასახარებლად არ უთქვამს. ზოგადად, ყოველთვის პესიმისტური განწყობით სინჯავდა ახალ კერძს, ახლა კი იგრძნო, რამდენი რამ იყო დამოკიდებული მის რეაქციაზე და გულის სიღრმეში, გაუხარდა კიდეც, სულ სხვანაირად დაწყებული დღე ასე რომ გაგრძელდა. სადილობამ, აშკარად, დანარჩენებსაც გამოუკეთა ხასიათი. აღარც თორნიკე და ქეთო ექცეოდნენ ერთმანეთს საუკუნო მტრებივით და დემეტრეც ისე გაუშინაურდა მწვანეთვალებას, საღამოს სანაპიროზე გასვლაზეც კი შეთანხმდნენ.
– სასმელს შენ ვერ დალევ და ნოემბერში წყალში არ ჩახვალ და რა გინდა ზღვაზე? – აფხუკუნდა დადიანი, ძმაკაცს გეგმებს რომ მიუხვდა.
– რატომ ვერ დალევს? – გაუკვირდა ქეთოს.
– თავს დაესხნენ. დაკბინეს... – ტრაგიზმით აღსავსე გაუხდა ხმა თორნიკეს. ღმერთო, უკვე პროფესიონალი მატყუარა ხდებოდა!
– მეზობლის ჩიხუახუამ... – ბოლოს კი, მაინც ნიცას გაეცინა და ყველა რომ ახარხარდა, ჩადუნელის გარდა, ქეთომ პირზე ხელის აფარებით შეიკავა თავი.
– ჰოდა, ლუდს თუ ვერ დალევს, ნაყინს შევჭამთ ლუდის ჭიქებით!
– გაკოტრებას აპირებთ? – ჩაეცინა თორნიკეს. წარმოდგენაც არ ჰქონდა, ქეთომ რა იგულისხმა, აი, მისი მეგობარი კი, საკმაოდ კარგად იცნობდა საიმისოდ, მიხვედრა რომ გასჭირვებოდა.
– არ გინდა! ცოდოა!
– კარგი, რა, ნიცა! შენ თუ შაურმა მოგეწონა, დემესაც მოეწონება.
– მოიცა, რამეს უპირებ ჩემს ძმაკაცს?!
– აჰამ, უნდა ჩავახრჩო. – თვალი ჩაუკრა და ისევ საკუთარი ინტერესის ობიექტს მიუბრუნდა. – სოიოს ნაყინი გასინჯული გაქვს?
– ოღონდ ეს არა... – აღმოხდა დადიანს, დემეტრეს კი ისეთი სახე გაუხდა, თითქოს იმ ერთ წამში მიხვდა, რომ მთელი ცხოვრების თანამგზავრი იპოვა.
– ჩემი ფავორიტია!
– არ არსებობს! – გაუხარდა ქეთოსაც. – ხუმრობ, ხო?
– ეს ნაყინი ან უნდა გძულდეს, ან...
– ყველაზე მეტად გიყვარდეს! – შეაწყვეტინა გოგონამ, სიცილშეკავებულმა ნიცამ კი, გვერდით რომ გაიხედა, შენიშნა, როგორი თანაგრძნობით უყურებდა თორნიკე.
– ჩვენ გავედით! – ზედმეტად ხმამაღლა გადაუჩურჩულა და არანაირი წინააღმდეგობა რომ აღარ შეხვედრია, დემეტრეს თვალი ჩაუკრა, შემდეგ კი ანგარიში გაასწორა და იქაურობა ყოყმანის გარეშე დატოვეს...

* * *
– მოეწონა შენი მეგობარი... – სხვა რომ ვეღარაფერი მოიფიქრა, ისევ ამით წამოიწყო საუბარი თორნიკემ, ნიცამ კი ისეთი სახით გადახედა, აშკარად მიუხვდა მცდელობას.
– ორივეს სოიოს ნაყინი უყვარს და გამიკვირდებოდა კიდეც, რომ არ მოსწონებოდათ ერთმანეთი.
– რატომ ანიჭებთ გოგოები ამხელა მნიშნველობას ასეთ დეტალებს... – თვალები აატრიალა სიცილით.
– საერთო ინტერესები სულაც არ არის მცირე დეტალი!
– მაგრამ არც იმისთვის არის საკმარისი, ადამიანი მეორე ნახევრად რომ მიიჩნიო.
– თორნიკე, ნუ ართულებ, ძალიან გთხოვ!
– და შენ ჩხუბის მიზეზს ნუ ეძებ!
– მიზეზი ისედაც მაქვს. – მხოლოდ ახლა გაახსენდა ნიცას. – რა უფლებით გადამიწყვიტე ის, რაც შენ არ გეხებოდა?
– ბატონო?! მე არ მეხებოდა?
– დიახაც, სულ არ იყო შენი საქმე.
– წეღან რა გითხარი, დაგავიწყდა? – დასერიოზულდა დადიანიც. საშინელი მესაკუთრე იყო და ღიზიანდებოდა, ამის სხვებისთვის ახსნა რომ უწევდა. ახლა კი, თავისი აზრით, უკვე განხილულ თემას უბრუნდებოდნენ და თვალები ლამის შუბლზე აუვიდა.
– მახსოვს, მაგრამ მე არ ვარ შენი ექსკლუზივი.
– არ გვინდა იმაზე კამათი, რაც ისედაც ცხადია. – მაქსიმალურად იკავებდა თავს, მაგრამ თანდათან უფრო და უფრო უჭირდა.
– იცი, რა არის შენი პრობლემა? – მაგრამ მაინც აფეთქდა ნიცა და ისე მიუბრუნდა, ნაბიჯის გადადგმის საშუალებაც აღარ მისცა. – საკუთარ თავზე ზედმეტად დიდი წარმოდგენა გაქვს!
– მიზეზიც მაქვს, რომ მქონდეს. – ცალყბად ჩაეცინა და უტიფრად შეათვალიერა თავიდან ფეხებამდე . – რა, არა?
– ერთი მაინც მითხარი!
– ნუ მაცინებ, ნიცა. შენ თვითონვე მაძლევ ყველა მიზეზს.
– გეყოფა... – უნდოდა მტკიცედ გამოსვლოდა, მაგრამ დაფარული მღელვარებისგან ისე შეეცვალა ხმა, დადიანის ღიმილი კიდევ უფრო თვითკმაყოფილი გახადა.
– თუნდაც ახლა... – გააგრძელა საოცრად მშვიდი, დაბალი ხმით და ორი თითით ისე ააწევინა ნიკაპი, პირდაპირ თვალებში რომ ჩაეხედა. – ისე გეშინია, რამე ზედმეტი არ წამოგცდეს, ან გააკეთო... ჩემს თითოეულ შეხებაზეც კი ჟრუანტელი გივლის. – კიდევ უფრო მიუახლოვა სახე და გოგონას საბოლოოდ რომ მიეხუჭა თვალები და პულსაციამ პიკს მიაღწია გარდაუვალის მოლოდინში, მოულოდნელად ხელი შეუშვა. ისეთი სახით მოშორდა, აშკარა გამარჯვება რომ ეწერა. თვითონვე ტკბებოდა საკუთარი საქციელით და ღიმილსაც ვერ ფარავდა, ასე რომ შეეძლო ზემოქმედება.
ნიცა კი ისე გაწბილდა... ყველაფერს ელოდა, ამის გარდა. ფსიქოლოგიურადაც კი მოემზადა და წამიერადაც არ გაუწევდა წინააღმდეგობას. თვითონაც უნდოდა... სული დაელია მოლოდინში და ამ დროს... კიდევ ერთხელ დაარწმუნა დადიანმა, როგორი უგრძნობი და გულქვა იყო! ნიკაპიც კი აუკანკალდა სიმწრით და ტუჩზე იკბინა, იქვე რომ არ ატირებულიყო, თუმცა საბედნიეროდ, უხერხულობისგან მობილურის ზარმა იხსნა და ისე სწრაფად უპასუხა, არც კი დაუხედავს, ვინ რეკავდა.
– ლექსო?! – მაგრამ მაშინვე შეეცვალა ხმა, როგორც კი მოსაუბრე მიესალმა და მიუხედავად იმისა, რომ მათი შეხვედრის შესახებ არაფერი იცოდა, არც იმის შემჩნევა გასჭირვებია, როგორ გადაურბინა სახეზე გაცოფებამ თორნიკეს, რომელიც რამდენიმე წამის წინ თავმომწონედ უღიმოდა...
– დავბრუნდეთ, ქეთოსთან დაგტოვებ, საქმეები მაქვს. – მოუჭრა ისე, აზრი არც უკითხავს და პირველი თვითონ გაემართა.
– არ შემიძლია საუბარი... – და არანაკლებ გაღიზიანებული ხმა ჰქონდა ნიცასაც. – არა–მეთქი! ლექსო, ჯერ ერთი, არ ვარ თბილისში და თან...
– მე არ გისმენ. – ისევ ჩაერთო თორნიკე, მაგრამ უკვე გვიანი იყო, რადგან გოგონამ მანამდევე გაიგონა წყვეტილი ზუმერი. უკვე იმასაც ფიქრობდა, დადიანისთვის რომ ეთქვა. მაგრამ რა? ეს კი, არ იცოდა. ფაქტობრივად, ერთმანეთთან ბავშვის მეტი არაფერი აკავშირებდათ და ვერ სთხოვდა, აბეზარი თაყვანისმცემელი მომაშორეო.
– შენ რამე გჭირს? – ლექსოზე გაბრაზებული, ახლა მასზე გადაერთო. – წეღან განგებ წამომიყვანე, მარტო დავტოვოთო და ახლა უკან მიგყავარ?
– არ იცოდი, აქ გასართობად რომ არ ჩამოვსულვარ?
– არ გადამრიო, მართლა? და მე რომ შენ არ წამოგყოლივარ?
– აბა, მანქანაში ვისთან იჯექი?
– დემეტრესთან! – თვალები დააკვესა. – შეგიძლია მიბრძანდე, არ იდარდო, არ დავიკარგები! – შემდეგ კი, დემონსტრაციულად შეტრიალდა და ისე გაემართა ნურიგელის ტბისკენ, ყურადღებაც არ მიუქცევია, როგორ გაჰყვა ბიჭი.
– სად მიდიხარ?
– ვსეირნობ!
– ნიცა, უკვე ნერვებს მიშლი! – შეუღრინა და მოურიდებლად წაავლო მკლავში ხელი. – აქეთ მიბრაზდები? რა გჭირს, ვეღარ გავიგე!
– ჯერ ერთი, ხმას დაუწიე, ხალხია!
– ფეხებზე მკიდია! ისე იქცევი, აქეთ გამოგყავარ დამნაშავე!
– აბა, მე ვარ?
– ხარ!
– თორნიკე, თავი დამანებე! საშინლად დავიღალე და შენი თავი არ მაქვს.
– და „ნურიგელზე“ დასასვენებლად წამოხვედი?
– თუ დამაცდი, დავისვენებ კიდეც. – ცალი წარბი აუწია და ის იყო, ბალახზე აპირებდა ჩამოჯდომას, მკლავზე შემოჭდობილმა ხელმა, ამჯერად წელზე რომ გადაინაცვლა და ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, დადიანმა გვერდით „გადმოდგა“.
– ნოემბერია, შენ ორსულად ხარ და ამ ნესტსა და სიცივეში აპირებ ძირს დაჯდომას?! – კბილებს შორის გამოსცრა აღშფოთებულმა.
– არ თქვა, რომ ჩემზე ღელავ. – გაეცინა, წამიერი ბედნიერების გადასაფარად.
– შენ, მგონი, წინასწარ მიტარებ პრაქტიკას, როგორ უნდა გავზარდო ბავშვი! – თვალები აატრიალა, შემდეგ კი, ისე, რომ არც უკითხავს, მოპირდაპირე მხარეს მოწყობილი ღია კინოთეატრისკენ წაიყვანა. – თუ დასვენება გინდა, პუფში ჩაჯექი.
– თან მულტფილმს უჩვენებენ!
– აი, ვამბობდი?! – ჩაეცინა და თვითონაც გვერდით მიუჯდა გოგოს, რომელზეც, მიუხედავად ყველაფრისა, დიდხანს გაბრაზებას მაინც ვეღარ ახერხებდა, ამ აღმოჩენამ კი, ბოლო რამდენიმე დღეა, მოსვენება დაუკარგა...

გაგრძელება იქნება პარასკევს
ავტორი ნათია ჯაგოდნიშვილი


FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 6 /
ელენე
ნიცას პერსონაჟი ძაან მეგოიმება და რაღაც დაამძიმეთ ერთი და იგივეა სულ
14:45 / 12-12-2018
გამოხმაურება / 0 /
@@@@@@
ძალიან კარგია თუმცა უფრო კარგი იქნებოდა ცოტა მოზრდილი ტექსტი რომ დადოთ
16:38 / 24-11-2016
გამოხმაურება / 0 /
ყველა კომენტარი
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
e87a93