ნოველები

შეცდომა. თავი 20. „წითელი პომადა“

შეცდომა. თავი 20. „წითელი პომადა“
თვითონაც ვერ წარმოიდგენდა თორნიკე, პატარა ბავშვებზე გათვლილი მულტფილმი ასე თუ ჩაითრევდა. ისეთი დაინტერესებული უყურებდა, გვერდიდან უცნაური სრუტუნი რომ არ გაეგონა, მონიტორს არც მოაშორებდა თვალს.
– რა გატირებს? კარგად მთავრდება! აი, გადარჩა!
– ვიცი, მაგრამ გული ამიჩუყდა...
ამოისლუკუნა და თვითონაც გაეცინა, თორნიკეს შეკავებული ღიმილი რომ შენიშნა.
– ნუ დამცინი!
– არ დაგცინი. კიდევ უფრო გაეწელა ტუჩები.
– მაგრამ სულ სხვანაირი ხარ ახლა. არ ვიცნობ ასეთ ნიცას.
– როგორ არა, სერიალზეც ხომ ვტიროდი. და საერთოდაც, ამ ბოლო
დროს ყველაფერზე მეტირება.
– საერთოდ ვერ ხვდები, რას ვგულისხმობ.
ჩაეცინა ცერად, შემდეგ კი, არც დალოდებია დასრულებას, ისე წამოდგა და გოგონაც თან წაიყოლა.
– სად მივდივართ?
– წეღან სადაც გინდოდა.
თვალი ჩაუკრა და ტბას რომ მიუახლოვდნენ, დაუფიქრებლად გაიძრო ჯინსის ქურთუკი.
–არა, მოიცა! ბალახის ფერი გადაუვა. – სასწრაფოდ შეაჩერა ნიცამ, განზრახვას რომ მიუხვდა.
– ეგ არაფერი, გამირეცხავ!
–კი, როგორ არა. იმ ქერებმა და შავგვრემნებმა გაგირეცხონ, ნომერში რომ გელოდებიან.
– წითურებიც მყავს. – გაეცინა დადიანს. – შენ არ მირჩიე?!
– ვგიჟდები პირდაპირ, როგორ ითვალისწინებ ჩემს რჩევებს!
აჰყვა თვითონაც, მაგრამ მაინც არ დაანება ქურთუკის ბალახზე დაფენა.
- ისედაც დიდხანს ვისხედით. გავისეირნოთ. გინდა, შენც გაგასინჯო სოიოს ნაყინი?
– არა, გმადლობთ! მასეთი რისკიანიც არ ვარ...
– კარგი, რა! მე ხომ ვჭამე შაურმა!
– შემიდარა შაურმა სოიოს! შენ აჯობებს, ის მითხრა, როგორ ჩაიარა ფოტოსესიამ.
– გადასარევად! მარტო შენ კი არ ხარ პროფესიონალი, – ენა გამოუყო გამხიარულებულმა.
– მითხრა, იმედი მაქვს, კიდევ ვითანამშრომლებთო და ამ საღამოს მე და ქეთო დაგვპატიჟა კლუბში, აღსანიშნავად!
– მერე შენ არ უთხარი, რომ აღარც ითანამშრომლებ და ვერც მიხვალ?
– ვითომ რატომ ვერ მივალ?
– რატომ ხარ ასეთი სულელი, ნიცა?
– ისევ იწყებ?
– არაფერს არ ვიწყებ. უბრალოდ, მაინტერესებს, რატომ ენდობი ადამიანებს ასე მარტივად. ზოგი სხვის შეცდომაზეც სწავლობს და შენ საერთოდ ვერ ისწავლე ჭკუა? – თვითონაც ვერ გააცნობიერა, ისე უაზროდ წამოაყრანტალა, მაგრამ გოგონას მაშინვე გაეყინა სახე და ადგილზევე გაშეშდა. ეს როგორ უთხრა?
– ყველა შენნაირი ნუ გგონია... – ძლივსღა მოახერხა ამის თქმა, შემდეგ კი ისეთი სწრაფი ნაბიჯებით გაემართა, სანამ თორნიკე მომხდარს გააცნობიერებდა, უკვე თვალს იყო მოფარებული...

* * *
– იდიოტი ხარ! – გაბრაზებას ვერ მალავდა დემეტრე, რომელსაც დაგეგმილი რომანტიკული საღამო ისე ჩაუშალეს, რომ დაწყებაც კი ვერ მოასწრო. უკვე სანაპიროზე აპირებდნენ გასვლას, ქეთოს მობილური რომ ამღერდა და სანამ გოგონა გაიქცეოდა, იმის თქმა მაინც მოასწრო, შენს ძმაკაცს გადაეცი, ნაძირალააო.
– სხვანაირად გამომივიდა!
– თავს ნუ იმართლებ! ის გოგო შენთან არაფერშია დამნაშავე.
– შენ რა, დამცინი? როდის აქეთ შეიცვალე წარმოდგენა?
– მას შემდეგ, რაც შენ. და არ თქვა, რომ ვცდები.
– ცდები.
– თორნიკე, მარტო მე კი არა, ირაკლი და ალექსიც ზედმეტად კარგად გიცნობენ იმისთვის, რომ მოგვატყუო. შენ თუ შენს თავს არ უტყდები და სირაქლემას პოზა გირჩევნია, არ ნიშნავს, რომ ჩვენც მიწაში გვაქვს თავები.
– შენ ყველაფერი არ იცი! – ხმას აუწია გაღიზიანებულმა. როგორ ეთქვა ლექსოს სიტყვები? გამეორებაც კი არ შეეძლო, იმდენად გულისამრევი იყო. – წარმოდგენაც არ გაქვს, რა მითხრა იმ ნაბიჭვარმა!
– და სხვათა შორის, ეგეც, არც ერთისთვის რომ არ გითქვამს მისი სიტყვები, ჩემს სიმართლეზე მეტყველებს. სულერთი რომ იყოს შენთვის, ფეხებზე დაიკიდებდი და უპრობლემოდ გვეტყოდი. – ნიშნისმოგებით აუწია ცალი წარბი დემემ. უკვე შეგუებული იყო თორნიკეს სიჯიუტეს, მაგრამ იყო მომენტები, როცა მაინც გამოჰყავდა წყობიდან.
– რაც გინდათ, ის იფიქრეთ, მე ხომ ვიცი, რასაც ვგრძნობ სინამდვილეში. ახლა კი ადექი, კლუბში მივდივართ.
– შენ არაფერი არ იცი, დადიანო, საერთოდ არაფერი! – თავის ქნევით ამოიოხრა, თუმცა უარი აღარ უთქვამს, რადგან არც თვითონ უნდოდა ქეთოსთან კიდევ ერთხელ შეხვედრის შანსის ხელიდან გაშვება...
* * *
– ეჭვიც არ შეგეპაროს, რომ მოვა. – დარწმუნებით წარმოთქვა ქეთომ და დაკვირვებით მოატარა თვალები იქაურობას.
- და შენ არც კი გაბედო, ასეთი დაღვრემილი სახით ჯდომა.
– ასეთი რაღაც რატომ მითხრა?
– იდიოტია და იმიტომ! მისი სიტყვები საერთოდ როგორ მიგაქვს გულთან ახლოს? არც კი უფიქრდება, ისე საუბრობს.
– ჰო, მაგრამ ზოგჯერ ისეთი სხვანაირია. წარმოიდგინე, დღეს ჩემთან ერთად იჯდა და „რაპუნცელს“ უყურებდა!
– ერთი კარგი საქციელით ათას ცუდს ნუ გადაწონი! ახლა კი, შეგიძლია სიცილით, სრულიად შემთხვევით შეტრიალდე უკან, მოვიდნენ!
მხოლოდ ფილმებში ჰქონდა ასეთი სიტუაციები ნანახი ნიცას. ერთ ბიჭის დახმარებით რომ მეორეს აეჭვიანებენ ხოლმე და თან ისე აშკარად, ნებისმიერი სულელი რომ მიხვდება მიზანს. თვითონ კი, კარგად არ გამოსდიოდა. მხოლოდ რამდენჯერმე იცეკვა, ისიც, ფოტოგრაფთან. არ იყო შებოჭილი და არც ხალხთან ურთიერთობის კომპლექსი ჰქონია ოდესმე, მაგრამ ყოველ წამს გრძნობდა დადიანის მზერას. მაშინაც კი, სულ სხვა გოგონები რომ ეკიდნენ კისერზე. და თქვენ წარმოიდგინეთ, როგორ უჭირდა ამ ყველაფერის ატანა უალკოჰოლოდ... მხოლოდ ის უკეთებდა ხასიათს, დემეტრესა და ქეთოს ერთად რომ ხედავდა. კარგად იცნობდა მეგობარს და ისიც იცოდა, ასე მარტივად რომ არ ენდობოდა ადამიანებს, მით უმეტეს, კაცებს. დემესთანაც არ იყო ბოლომდე გახსნილი, მაგრამ ერთი დღის კვალობაზე, ესეც კი ძალიან კარგად მოეჩვენა.
– რატომ ზიხარ? – ფიქრები, ისევ მათ შეაწყვეტინეს. – ხომ გიყვარს ეს მუსიკა, წამო! ვერც დემეტრე სვამს, მაგრამ ნახე როგორ ერთობა! – გაუცინა ქეთომ და თვალი ჩაუკრა, შემდეგ კი, ორივემ ხელი ჩაკიდა და ისე გაიყვანეს ცენტრში, არც უკითხავთ, უნდოდა თუ არა ცეკვა.
დაღლილობასაც არ გრძნობდა ჯერ, ეს რომ მოემიზეზებინა წასასვლელად. თან, ისიც იცოდა, მეგობარი მარტოს რომ არ გაუშვებდა, მეორედ კი, ასეთ მომენტს ვეღარ ჩაუშლიდა. წეღანაც დამნაშავედ იგრძნო თავი, ასე სწრაფად რომ გამოაქცია. საერთოდ, რატომ დაუჯერა ქეთოს? არ ჯობდა, სახლში დარჩენილიყო და პლედში გახვეულს, ცრემლების თანხლებით ეყურებინა რომელიმე ისეთი ბანალური მელოდრამისთვის, რომლის ფინალსაც დასაწყისშივე გამოიცნობდა?! ჰმ, როგორ უცნაურად ჟღერს ეს ყველაფერი ნიცასთვის. იყო დრო, თითქმის არც ერთ წვეულებას არ აკლდებოდა, ახლა კი? არა, არ შეიძლება ასეთი დამოკიდებული იყოს ბიჭზე, რომელსაც საერთოდ არ აინტერესებს!
– მალე მოვალ... – გადაუჩურჩულა მწვანეთვალებას და ძლივს გაიკვლია ხალხში გზა, საპირფარეშოში რომ შესულიყო. ცოტა არ იყოს, სულიც ეხუთებოდა, მაგრამ დერეფანში რომ შეუხვია, მიხვდა, რომ ეს არაფერი ყოფილა იმასთან შედარებით, რაც მაშინ იგრძნო. ისე გადააწყდა თორნიკეს, მანამდე არც კი შეუნიშნავს. ახლა კი, სულ ოდნავ იყო შემთვრალი, ცალ ხელში სიგარეტი ეჭირა, მეორეთი კი სახეზე ჩამოყრილ თმას უკან იწევდა, როცა შემთხვევით შეეჩეხა ნიცას. არც კი უცდია ღიმილის დაფარვა, ეს უკანასკნელი კი, წამითაც არ ყოფილა დამცინავი. პირიქით, ისეთი გულწრფელი იყო, როგორც არასდროს და ვერც კი შეძლო წინააღმდეგობის გაწევა, ბიჭმა გაჭიმული ხელები მხრებზე რომ შემოაწყო და კისერთან შეკრა.
– სიგარეტის სუნი ამივა თმაზე... – ძლივს ამოილუღლუღა, თუმცა დადიანმა ეს პრობლემაც მაშინვე მოუგვარა და პირველივე გამვლელს ისე მიაწოდა, არც შეუხედავს, ვინ იყო.
– აბა? – და წარბიც აუწია თვითკმაყოფილმა. ჯანდაბა, ისეთი მიმზიდველი იყო, ნიცა ძლივსღა ახერხებდა აზროვნებას!
– რა აბა?
– როგორ ერთობი?
– გადასარევად, თუმცა შენ ვერც შეგედრები.
– ნუ იკბინები. – გაეცინა და კიდევ უფრო მიუახლოვდა.
– ნუ გეშინია, შხამიანი არ ვარ.
– ეგ უკვე გავარკვიე...
– გილოცავ!
– ნიცა, არ გინდა. – ნელა გაიქნია თავი, ისე, რომ მზერა წამითაც არ მოუშორებია. – არ გიხდება.
– ჰოდა, გამიშვი.
– რატომ? შენი შეყვარებული გაგვიბრაზდება?
– რა?
– ჯერ კიდევ „ვინ“ კითხვა დაესმის. ეწყინება, რომ გაგიგოს. – ჩაეცინა ცალყბად, თუმცა გამომეტყველება არ შეცვლია.
– მგონი, ძალიან ბევრი დალიე! – დაუფარავი აღშფოთებით გაიქნია თავი და მხრებიდან მისი ხელების მოშორება უშედეგოდ სცადა.
– უკვე ისედაც ყველაფერი ვიცი. აზრი არ აქვს.
– იქნებ მეც გამაგებინო?
– გეყოფა, ნიცა! თვითონ მელაპარაკა ლექსო. – აქ კი, საბოლოოდ გამოელია მოთმინების ფიალა და გოგონას შოკირებული მზერაც სათავისოდ მიიღო. წამითაც არ უფიქრია, რომ პირველად ესმოდა ეს ყველაფერი. – თქვენი გეგმებიც გამიმხილა. მინდა აღვნიშნო, ჭკვიანურია...
– თორნიკე, ან გამაგებინე რა ჯანდაბას ლაპარაკობ, ან გამიშვი!
– ძალიან კარგად იცი, რასაც ვამბობ! მითხრა, რომ ერთად ხართ, რომ გიყვარს და ერთადერთი, რაც ამაში ხელს გიშლით, მე ვარ. მართალია, ბავშვი არ უხსენებია, ალბათ ჯერ ეს არ განგიხილავთ, მაგრამ ჩემთან დაშორებასა და მასთან გადაბარგებაზე კი მელაპარაკა...
– ახლა გული ამერევა... – ძლივს ამოილუღლუღა, მოსმენილისგან გაოგნებულმა. ვერც კი იჯერებდა, ეს თუ რეალურად ხდებოდა. აი, რა იყო ძველი თორნიკეს უეცარი დაბრუნების მიზეზი!
– შემოგყვე?
– ღმერთო, რა იდიოტი ხარ, თორნიკე! როგორ დაიჯერე? როგორ შეგეძლო დაგეჯერებინა?
– არ გინდა!
– მე კი არა, შენ არ გინდა. და გამიშვი ხელი! – ახლა კი, საბოლოოდ იფეთქა.
სულ არ აინტერესებდა გარშემო მყოფი ხალხი. არც ის აინტერესებდა, დანარჩენებს ესმოდათ თუ არა, ან რის აღიარება მოუწევდა საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად. მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, ასე უსამართლოდ რომ დასწამეს ცილი და ბიჭმაც, რომელთანაც უკვე რამდენიმე კვირაა ცხოვრობდა, ეს ყველაფერი უპრობლემოდ დაიჯერა. გამწარებულმა მოიშორა ორივე ხელი და შემდეგ ისეთი ტონით დაიწყო, დადიანი აიძულა, მოესმინა.
– წარმოდგენა არ მაქვს, საიდან მოგაგნო, ან საიდან გაიგო შენ შესახებ. ისიც არ ვიცი, მე რატომ ამეკიდა ასე. ამიკვიატა და ნაბიჯსაც ვეღარსად ვადგამ მის გარეშე. არც ის ვიცი, შენ როგორ შეძელი ამ ყველაფრის დაჯერება. მართალი იყავი წეღან, ტბასთან, საერთოდ არ მიცნობ! შეიძლება შენთვის ეს არაფერს ნიშნავს, მაგრამ ჩემთვის პირველი იყავი, ამაში მხოლოდ იმ ღამეს არ ვგულისხმობ, ისედაც პირველი იყავი! შენს შვილს ვატარებ მუცლით და თავადაც კარგად იცი, რამდენ რამეზე ვთქვი თქვენ გამო უარი. დიახ, მხოლოდ ბავშვის კი არა, თქვენ გამო! და ამ ყველაფრის შემდეგ, ისე იჯერებ ვიღაცის სიტყვებს, რომ გადამოწმებას არც კი ცდილობ! მაინც როგორ ხარ ასეთი ნაძირალა?! –მიაყარა გამწარებულმა და ბოლოსღა ამოისუნთქა. იმდენად გაბრაზებული იყო, ვერც კი ტიროდა. მხოლოდ ყელში გაჩხერილ ბურთს გრძნობდა, რომელიც თორნიკეს თვალების გაფართოებასთან ერთად დიდდებოდა და მაინცდამაინც მაშინ გასკდა, წასასვლელად შებრუნებული, დადიანმა რომ დაიჭირა და თავისკენ ისე შეატრიალა, მხოლოდ რამდენიმე მილიმეტრი აშორებდა მის ტუჩებთან.
გულაჩქარებული, ძლივს სუნთქავდა და კბილებს ძლიერად აჭერდა ერთმანეთს, ხმამაღლა რომ არ ეტირა. არ უნდოდა. არ იმსახურებდა ეს კაცი მის ცრემლებს! არც იმას იმსახურებდა, ასე მორჩილად რომ ჰყოლოდა გაჩერებული და თუმცა ამას აცნობიერებდა, მაინც ვერ ახერხებდა განძრევას. ისე უყურებდა ერთი თავით მაღალს, პირველად ბურღავდა მზერით. თვალსაც კი არ ახამხამებდა და ცდილობდა, როგორმე იქ მაინც ამოეკითხა ის, რაც ამდენის მოსმენის შემდეგაც არ უთხრა თორნიკემ. თუმცა, მაშინვე გაუწყდა მზერითი კონტაქტი, როცა შენიშნა, როგორ დაიძრა ბიჭი მისი ტუჩებისკენ. ისე ანერვიულდა, წამიერად გაიყინა. არა, ახლა ეს არაფრით არ შეიძლებოდა! ვერ იქნებოდა ასეთი სუსტი, უბრალოდ, არ შეეძლო, ასე მარტივად ეპატიებინა!
და იპოვა კიდეც ხელჩასაჭიდი. აღარაფერი აშორებდა გარდაუვალ შეხებასთან, დადიანის კისერზე, პერანგის შიგნით პომადის კვალი რომ შენიშნა და ხელახლა დაუარა გაბრაზების ტალღამ. ორივე ხელით მიაწვა მკერდზე და გამოუვიდა კიდეც, რადგან წინააღმდეგობა უკანასკნელი იყო, რასაც იმ მომენტში თორნიკე მისგან ელოდა.
– აცრის გაკეთება არ დაგავიწყდეს, შეიძლება საშიში იყოს! – გამოსცრა ნიცამ კბილებს შორის და მზერით ანიშნა, რასაც გულისხმობდა.
– რა-ა? – მაინც ვერ მიუხვდა და მხოლოდ ხელი რომ მოისვა, გაწითლებული თითების დანახვისას მოეგო გონს, შემდეგ კი, სისინით გამოუშვა ჰაერი დაბერილი ნესტოებიდან, თუმცა უკვე გვიანი იყო, რადგან გოგონა ხალხს შეერია და მალევე გაუჩინარდა...

* * *
მხოლოდ ღმერთმა უწყოდა, რის ფასად დაუჯდა ნიცას ქეთოს დაყოლიება კლუბში დარჩენაზე. იმდენი ეხვეწა. ძლივს დაარწმუნა, რომ მარტო წასვლა ერჩივნა. თან, მართლა გულწრფელად ეუბნებოდა და არა იმიტომ, რომ მისთვისა და დემეტრესთვის საღამო არ ჩაეშალა. უბრალოდ, ახლა არც საუბარი შეეძლო და ისედაც გულაჩუყებულს, ვინმე რომ ამშვიდებდა, კიდევ უფრო ეტირებოდა ხოლმე. მხოლოდ ის უთხრა, არ იდარდო, კარგად ვარ, უბრალოდ, მარტო ყოფნა მინდაო, შემდეგ კი გასაღები გამოართვა და კლუბიდან გასვლისას, ბათუმში ყოფნის განმავლობაში, პირველად გააჩერა ტაქსი.
ჯერ კიდევ ვერ იჯერებდა მოსმენილს. არ უნდოდა დაეჯერებინა, თორნიკეს ეჭვიც კი რომ არ შეუტანია იმ ტიპის სიტყვებში, ვისაც საერთოდ არ იცნობდა. შეიძლება სხვები მოეტყუებინა, საკუთარ თავთანაც ეცადა, მაგრამ მაინც ვერსად წაუვიდოდა იმ ფაქტს, რომ ძალიან დიდ ყურადღებას აქცევდა დადიანის აზრს. უყვარდა. და ეს ერთი სიტყვა ამბობდა ყველაფერს.
ერჩივნა, ისევ უაზრო ხასიათისთვის დაებრალებინა მისი პირვანდელი სახის დაბრუნება, ვიდრე ასეთი სულელური ტყუილისთვის. იმდენად იყო გულნატკენი, სხვა მიმართულებით ფიქრი არც კი დაუწყია. საერთოდ არ აინტერესებდა ის ფაქტი, რომ შესაძლოა, ყველაფერი ეჭვიანობით ყოფილიყო გამოწვეული...
– მოვედით... – გაკვირვებულმა გახედა ტაქსის მძღოლმა, ლამის დაძვრისთანავე რომ მოუწია მანქანის გაჩერება.
–აი, აიღეთ. მადლობა. – ძლივს უპასუხა მოგუდული ხმით, შემდეგ კი ისე აირბინა სადარბაზოს კიბე, ხურდას არც დალოდებია.
ესეც ერთგვარი დაზღვევა იყო. ვერ გამორიცხავდა თორნიკეს შესაძლო გამოყოლას, ახლა კი, მასთან საუბარი ყველაზე ნაკლებად უნდოდა. უბრალოდ, არ შეეძლო. ხმის ამოღებასაც ვერ მოახერხებდა, ისე ატირდებოდა. ისევ...
ტუჩსაცხის კვალს იმხელა შთაბეჭდილება არც მოუხდენია. უბრალოდ, იმ მომენტში ყველაზე კარგი ხელჩასაჭიდი საბაბი იყო, რითაც ნამდვილ მიზეზს გადაფარავდა. ეს ბიჭი ახლა არ გაუცვნია, ისედაც კარგად იცოდა, როგორი მექალთანე იყო. არც კი შეეძლო, პრეტენზია ჰქონოდა ამ თემასთან დაკავშირებით. ის, რომ ერთად ცხოვრობდნენ, სულაც არ აძლევდა ამის უფლებას. არაფერს დაჰპირებია და ვერც ვერაფერს მოსთხოვდა...
სახლში შესულს, მისაღებიც კი არ გაუნათებია, ისე შევიდა საძინებელში. საშინლად დაღლილს ან კარგი ძილი, ან კარგი ტირილი თუ უშველიდა, თუმცა დაახლოებით კი ხვდებოდა, ამ შემთხვევაში მხოლოდ გამოძინებით გამოძვრომა რომ არ გამოუვიდოდა...
* * *
– თორნიკე, ტყუილად ცდილობ! – გადაჭრით წარმოთქვა ქეთომ. ისეთი გაბრაზებული იყო, ამ ბიჭის დანახვაც კი აღიზიანებდა უკვე. სულ არ აინტერესებდა, რომელი იყო მართალი. ერთადერთ სამართალს მისთვის მეგობრის ცრემლები წარმოადგენდა.
– უნდა დაველაპარაკო, ინერვიულა.
– და ნეტავ, ვისი მიზეზით?! – ისე აზიდა წარბები, არც კი უცდია ირონიის დაფარვა.
– ეგ მხოლოდ ჩვენ გვეხება. უბრალოდ, არ შეიძლება ახლა მისი მარტო დატოვება. უნდა ვნახო.
– დამშვიდდი, სულელი არ არის!
– ეგ არც მიგულისხმია! – ამჯერად დადიანმა აატრიალა თვალები. უკვე მოთმინება ეწურებოდა და ის კიდევ უფრო ამწარებდა, საკუთარი ძმაკაციც რომ არ ეხმარებოდა. ნუთუ, ყველამ ერთად შეკრა პირი?!
– ახლა კიდევ უფრო გაანერვიულებ. დაანებე თავი და ხვალ ილაპარაკეთ. – როგორც იქნა, ჩაერთო დემეტრეც.
– ქეთო, დაიმახსოვრე, მე გაფრთხილებ. სახლის საკეტი თუ გაფუჭებული დაგხვდა, სხვაზე ეჭვს ნუ მიიტან, მე ვიქნები, მაგრამ არ აგინაზღაურებ! – მოუჭრა გაღიზიანებულმა, შემდეგ კი კლუბიდან ისე გავარდა, პასუხს აღარც დალოდებია.
საკუთარ თავზე ეშლებოდა ნერვები, ასე რომ წავიდა ყველაფერი. როგორ შეეძლო, ასეთი იდიოტი ყოფილიყო?! იმას დაუჯერა, ვისაც საერთოდ არ იცნობდა, მაშინ, როცა... პრინციპში, არც ნიცას იცნობდა კარგად. ჰმ, როგორ ირონიულად ჟღერს. არ იცნობდა გოგოს, რომელიც მუცლით მის ბავშვს ატარებდა?! რა სისულელეა! თვითონაც ხვდებოდა, საკუთარი თავის გასამართლებლად, წყალწაღებულის პოზიციაში რომ აღმოჩნდა და ხავსს დაუწყო ძებნა. ღმერთო, ახლა რომ სულ ხუთი წუთით მისცა ლექსოს თავი... მაგრამ, ლექსო რა შუაში იყო, როცა თვითონ უშვებდა ყოველ ნაბიჯზე შეცდომას? ყველასთვის უნდა დაეჯერებინა, ვინც ათას სისულელეს ეტყოდა?! სუნთქვა უხშირდებოდა და კუნთები ეჭიმებოდა ბრაზისგან, როცა იხსენებდა, რომ ნიცაზე ასეთი რაღაც იფიქრა.
შეიძლება ანგელოზი არ იყო და ზოგჯერ დაუფიქრებლადაც იქცეოდა, მაგრამ ნამდვილად არ მიეკუთვნებოდა ისეთი გოგოების კატეგორიას, როგორადაც დაუხატეს. ამდენწლიანი ურთიერთობების წყალობით, სხვა თუ არაფერი, თორნიკემ იმის გარჩევა მაინც ისწავლა, როდის ატყუებდა ქალი და როდის ამბობდა სიმართლეს. ამ გოგოს თვალებში კი, გულისტკენისა და სიყვარულის მეტი, არასდროს არაფერი დაუნახავს. ზოგჯერ ძაბავდა კიდეც ეს გრძნობა. რამდენადაც თვითკმაყოფილებას ჰგვრიდა, იმდენად ბოჭავდა იმის გამო, რომ უწევდა, ყველა სიტყვას დაფიქრებოდა. არა, როგორი გულქვაც არ უნდა ჰგონებოდათ სხვებს, მაინც არ უნდოდა, ვინმესთვის ტკივილი მიეყენებინა, ეს კი გაცილებით რთული იყო მაშინ, როცა იცოდა, რომ მის თითოეულ ნაბიჯს სულ სხვა თვალით აფასებდნენ. დაახლოებით ასევე გრძნობდა თავს მაშინაც, ღამეს სხვასთან რომ ატარებდა და ნიცა ახსენდებოდა. ჯანდაბა, რანაირად შეუყვარდა ამ გოგოს საერთოდ?!
მალევე მივიდა დანიშნულების ადგილას. კარგი ორიენტაციის უნარი ჰქონდა და საერთოდ არ გასჭირვებია იმ კორპუსის მიგნება, რომელიც მხოლოდ გამთენიისას, ისიც ნახევრად უძილარს ჰქონდა ნანახი. ის კი ზუსტად იცოდა, ასეთ მდგომარეობაში ნიცა სხვაგან რომ არ წავიდოდა. საკმაოდ კარგად გაიცნო იმისთვის, ამას რომ ვერ მიმხვდარიყო. აი, სართული კი ნამდვილად არ იცოდა და ის იყო, მობილური ამოიღო დასარეკად, შეტყობინება რომ დახვდა. ჰმ, ბოლომდე მაინც არ გასწირა დემემ. აი, რატომ უნდა გყავდეს ყველგან საკუთარი კაცი!
სწრაფად მიაჭირა ლიფტის ღილაკს თითი, მაგრამ მოთმინება იმდენად გამოლეული ჰქონდა, მაშინვე რომ არ გაიღო, დალოდებაც კი არ მოუნდა და ფეხით აუყვა კიბეს, რომელიც მისთვის მეცხრე სართულზე მთავრდებოდა...

გაგრძელება იქნება ორშაბათს
ავტორი ნათია ჯაგოდნიშვილი


FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 5 /
ელენე
ნიცა ძაან გოიმური პერსონაჟია და ცოტა აზზელიყვანეთ.რაღაც დაამძიმეთ, ყველა მაგას გიწერთ და მგონი უნდა გაითვალისწინოთ მკითხველი
15:13 / 12-12-2018
გამოხმაურება / 0 /
123
აუუ დაადეეთ რაა
10:25 / 28-11-2016
გამოხმაურება / 0 /
ყველა კომენტარი
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
e87a93