ნოველები

შეცდომა. თავი 21. „სახიფათო მგზავრობა“

შეცდომა. თავი 21. „სახიფათო მგზავრობა“
თავს ისე ცუდად გრძნობდა, ამდენხნიანი ტირილის მიუხედავად, ყელში გაჩხერილი ბურთი კი არ უპატარავდებოდა, კიდევ უფრო უდიდდებოდა. საკუთარი თავიც კი ებრალებოდა და ეს უფრო უჩუყებდა გულს. გაბრაზების ფაზიდან ტკივილზე გადავიდა, ამას კი ყველაზე მეტად ვერ იტანდა. ისევ გაცოფება ერჩივნა. იჩხუბებდა, იყვირებდა, მაგრამ გულთან ახლოს არ მიიტანდა, ბრაზი გააკონტროლებდა და არა გრძნობები. ახლა კი, როცა ადუღებული ტვინი დააწყნარა, გულის ჯერი დადგა.

ემბრიონის პოზაში იყო მოკუნტული და ბალიშს ისე ეხუტებოდა, ქეთოს ამაღამ სისველეში მოუწევდა დაძინება. ეს კიდევ უფრო აღელვებდა.
მეგობრის სანახავად ჩამოვიდა და სინამდვილეში რა გამოუვიდა? გადაბმულად, ერთი დღეც არ გაუტარებია მასთან. ღმერთო, ნეტავ მალე გადაბარგდებოდეს თბილისში...
იმდენად იყო ფიქრებში გართული, კარის გაღების ხმა არც კი გაუგია. თითქოს, საკუთარ თავს ეჯიბრებოდა, სადამდე შეძლებდა გაძლებას, მაგრამ რეკორდისკენ მიმავალ გზაზე, უცბად მიწაზე დაანარცხეს და ამ სიტყვებმაც ლამის გადატანითი მნიშვნელობიდან პირდაპირში გადაინაცვლეს, როცა საძინებელში მძიმე ნაბიჯების ხმა გაისმა.
წარმოდგენა არ ჰქონდა, მხოლოდ თვითონ აკვირდებოდა ასეთ პატარა დეტალებს, თუ სხვებიც ამჩნევდნენ, მაგრამ ადამიანებს ფეხის ხმაზეც კი სცნობდა. ადრე, წლების წინ, მამამისის მანქანის ძრავის ხმაც არ აერეოდა სხვაში, სულ რომ გადატვირთულ მოძრაობაში ყოფილიყვნენ. ყველას თავის პერსონალურ მანერას არგებდა და არასდროს ცდებოდა. აი, ახლა კი, მოუნდა, რომ ყურს მოეტყუებინა და დადიანის ნაცვლად, სულ სხვა ვინმე აღმოჩენილიყო. გადაბრუნებაც კი ვერ გაბედა. ისე იყო მოკუნტული, ლამის სუნთქვაც შეიკრა, რომ ჰგონებოდა, თითქოს ეძინა, მაგრამ, რა თქმა უნდა, არ გამოუვიდა და კიდევ უფრო ახლოს მიიწია კიდესთან, მეორე მხრიდან საწოლი რომ ჩაიზნიქა.
– რა გატირებს? – ამ ტემბრმა კი საერთოდ გაანადგურა. წამითაც ვერ დაინახა ქედმაღლობა. არც სარკაზმი, ან ირონია ჩანდა სადმე. ისე უნდოდა... რაიმე ხელჩასაჭიდს ეძებდა, კიდევ უფრო რომ არ აზლუქუნებულიყო ამ მზრუნველობაზე, საბოლოოდ კი, ტუჩზე კბენით ჩაიხშო სლუკუნი.
– არაფერი...
– ბრმა არ ვარ, ამ დროს კი ხახვს არ დაჭრიდი, მაგას რომ დააბრალო. მითხარი, რა გატირებს? – კიდევ უფრო ახლოს მიუჩოჩდა და მხარზეც რომ შეეხო გადმოსაბრუნებლად, ნიცამ ისე სწრაფად მოიშორა, ბოლოს ამის თქმაღა მოახერხა:
– ზურგი მტკივა. დავიღალე და დამეჭიმა ხერხემალი. – ჩაიბურტყუნა და ხელისგულებით ამოიწმინდა თვალები, როგორმე რომ დაწყნარებულიყო. წარმოდგენაც არ ჰქონდა, წინ რა ელოდა.
– კარგი, წამოჯექი.
– რა?
– წამოჯექი, მასაჟს გაგიკეთებ და გაგივლის.
– არ მინდა! – წამოყვირებასავით გამოუვიდა, იმდენად საგანგაშოდ მოეჩვენა ეს წინადადება. ახლა ნამდვილად ვერ გაუძლებდა დადიანის შეხებას.
– ნუ გეშინია, აცრა გავიკეთე. – დაუნახავადვე მიხვდა, როგორ ჩაეცინა ამის თქმისას. – მიდი, წამოჯექი. მუცელზე ვერ დაწვები და ასე გაგიკეთებ.
საბოლოოდ კი, მაინც დაიყოლია. ხვდებოდა, ეს სულელური წამოწყება კარგს რომ არაფერს მოუტანდა, მაგრამ წინააღმდეგობას ვეღარ გაუწევდა. ერჩივნა, რეალურად გაესაღებინა ზურგის ტკივილი, ვიდრე ნამდვილ მიზეზზე ესაუბრა. ლოტოსის პოზაში დაჯდა, წელში მოხრილი და მართალია, ამ დროის განმავლობაში ერთხელაც არ გაუხედავს ბიჭისკენ, მაინც იგრძნო, როგორ მიუჯდა უკან.

პერანგი იდაყვებამდე აიკეცა, შემდეგ კი ისე ფრთხილად შეეხო გოგონას წელს, თითქოს შეიძლებოდა, რამე ეტკინა. ცერებით წერტილოვან მასაჟს უკეთებდა, დანარჩენ თითებს კი ისე დაასრიალებდა, უეჭველად იცოდა, როგორ უკრავდა სუნთქვას. თითქოს, საკუთარი თავდაჯერებულობაც სადღაც დაკარგა და როდესაც სვიტრის შიგნით შეუძვრა, წამიერად ისიც იგრძნო, როგორ გაუჭირდა ხელების დამორჩილება.

გაუაზრებლად აუყვა ზემოთ, ხერხემლის ხაზზე და ნიცას კანზე გაჩენილი ხორკლების ასე აშკარად შეგრძნებისგან თვითონაც დაუმძიმდა სუნთქვა. წარმოდგენა არ ჰქონდა, რას აკეთებდა, ან რატომ, მხოლოდ ის იცოდა, რომ მოშორება არ უნდოდა.

აი, ნიცას კი ისე აუჩქარდა გული, შეეშინდა კიდეც. იცოდა, ასეთი ახლო კონტაქტისას ემოციების კონტროლი რომ გაუჭირდებოდა, მაგრამ ამასაც ვერ წარმოიდგენდა. ძლივსღა სუნთქავდა და უკვე აღარც ცდილობდა დაემალა, დადიანის შეხებისას გაწყვეტილი მძივის ბურთულებივით რომ დაურბინა მთელ სხეულზე ჟრუანტელმა. თვალებიც კი მიეხუჭა, ცხელი სუნთქვა რომ იგრძნო კისერში და თორნიკემაც ვეღარ მოითმინა მეტი. მანამ შეახო ტუჩები ყელზე, სანამ გაიაზრებდა, რის გაკეთებასაც აპირებდა. ვერც კი ხვდებოდა, რა მოქმედებდა ისე ძალიან, კონტროლის შენარჩუნება რომ უჭირდა, თუმცა ფაქტია, გრძნობდა, როგორ კარგავდა საკუთარ თავს.

– ეს მასაჟი არ არის, თორნიკე... – ძლივს ამოთქვა და გული ლამის გაუჩერდა, ცალი ხელი შიშველ მუცელზე რომ შემოეხვია, მარჯვენა ღვედივით გადაეჭირა მხრებზე, თვითონ კი მყარ მკერდზე აღმოჩნდა ზურგით აკრული.
– არც შენ ტიროდი წელის ტკივილის გამო... – უპასუხა ოდნავ ჩახლეჩილი, დაბალი ხმით და კიდევ ერთხელ შეახო ტუჩები, ამჯერად ყურის უკან. ხელის დამორჩილებაც ვერ მოასწრო, ისე აუსრიალა თითები ჯერ ყელზე, შემდეგ კი, ყბის ძვალზე რომ გადაინაცვლა და ცერი სულის შემხუთველად ნელა, ფრთხილად გადაატარა ქვედა ტუჩზე, იგრძნო, როგორ ჩააფრინდა გოგონა მკლავში.
– ასე ნუ მექცევი... – ისე ამოთქვა, ტუჩებზე ჯერ კიდევ გრძნობდა თორნიკეს თითებს. არ შეეძლო, ამის უფლება მიეცა. არ უნდოდა დაეჯერებინა, რომ ეს რეალურად ხდებოდა. იცოდა, წამის მეასედში შეიძლებოდა სიტუაციის შემოტრიალება და ახლა უარის თქმაზე მეტად მტკივნეული იქნებოდა გამოფხიზლება.

კარის გაღების ხმამ ისე შეაკრთო ორივე, ნიცამ შვებით ამოისუნთქა, დადიანმა კი გულში ერთი გემრიელად შეიკურთხა და მხოლოდ შემდეგ მოშორდა გოგონას. ნერვებმოშლილი წამოდგა და ნებართვა არც უთხოვია, ისე ამოაძვრინა ჯიბიდან სიგარეტი. არც კი იცოდა, აწყობდა თუ არა ამ სიტუაციის გაფუჭება. ნაწილობრივ, შეიძლება გადარჩა კიდეც სისულელის ჩადენისგან, მაგრამ ისე გაუჭირდა უარის თქმა, ყბებიც კი დაეჭიმა სიბრაზისგან. ფეხებგადაჯვარედინებული მიეყუდა ფანჯრის რაფას და წამითაც არ მოუშორებია მზერა აწყლიანებული, ცისფერი თვალებისთვის, კიდევ უფრო მკვეთრი რომ ჩანდა ცრემლებისგან. ისეთი ლამაზი მოეჩვენა იმ მომენტში. ვერც კი ხვდებოდა, რატომ არ აქცევდა ყურადღებას აქამდე.

– ჩვიდმეტში ენის დაბადების დღეა, ხვალ მოგვიწევს თბილისში დაბრუნება. – საბოლოოდ კი, იმ მომენტისათვის სრულიად შეუფერებელი თემა წამოიწყო, როცა მიხვდა, დიდხანს სიჩუმე როგორი სარისკო იყო.
– მორიელია? – თამაშში აჰყვა ნიცაც.
– კი. მეც. – ცალყბად ჩაეცინა, ჩაბნელებულ ოთახში კი, მის ტუჩებს შორის მოქცეული ცეცხლისფრად მოელვარე წერტილი, წამიერად უფრო გამკვეთრდა.
– გაგიკვირდება და, ვიცი.
–ოჰო, საიდან?!
– წარმოდგენაც არ გაქვს, როგორი მარტივია ინფორმაციის მოპოვება მაშინ, როცა ადამიანი გაინტერესებს... – გაეცინა წარსულის გახსენებისას. ფედერალური ბიუროს აგენტსაც შეშურდებოდა, ისეთი მონდომებული იყო. უძრავის ქონების სააგენტოთი დაწყებული, მოვალეთა რეესტრით დამთავრებული, ყველაფერი გადაამოწმა და ისიც კი გაარკვია, რომელ ავტომობილზე რა ჯარიმა ჰქონდა მიღებული.

– ახლა არ მითხრა, რომ ზოდიაქოს ნიშნების შეთავსებაც გამოიკვლიე... – ჩაილაპარაკა სრულიად უაზროდ, თუმცა პასუხად დუმილი რომ მიიღო, თვალები დააჭყიტა. – მოიცა, სერიოზულად?!
– აქ ხართ? –პასუხისგან კი კარზე კაკუნმა და ქეთოს თავის შემოყოფამ იხსნა ნიცა. ნამდვილად არ იყო ამ საუბრის გასაგრძელებლად მზად.
– გადარჩი, საკეტი არ გამიფუჭებია. – თვალი ჩაუკრა დადიანმა, შემდეგ კი, ჩამწვარი ღერი ფანჯრიდან მოისროლა, ნიცას უთხრა, დილით ადრე მოგვიწევს გასვლა, ზუსტ დროს დაგიმესიჯებო და ისე გავიდა, თითქოს იმ მომენტში ყველაზე მეტად იქ დარჩენის სურვილი არ ჰქონდა...
* * *
მთელი ღამე ლაპარაკში გაატარეს ნიცამ და ქეთომ. ორივეს იმდენი ჰქონდა მოსაყოლი, აქამდე დაგროვილიც და ერთ დღეში მომხდარიც... დიდი ხანია, ასეთი დატვირთული და ემოციური უიქენდი არ ჰქონიათ.
– აშკარად მოეწონე! – წარბები აათამაშა და ისე გახედა მეგობარს, მისგანაც საპასუხო რეაქციას ელოდა.
– კარგი ბიჭია...
– თან სოიოს ნაყინი უყვარს. – თვალი ჩაუკრა.
– ო, ეგ უკვე დიდი უპირატესობაა! – ჩაიფხუკუნა ქეთომაც, მაგრამ მალევე გადავიდა იმ თემაზე, ნიცა ასე ძალიან რომ გაურბოდა. – შენ ის მითხარი, ვაჟბატონს რა უნდოდა?
– ნეტავ ვიცოდე, ქეთო, ნეტავ ვიცოდე! – ამოიოხრა და გულაღმა გადაწვა. მართლა გაურკვევლობაში იყო. ვერაფერს იტყოდა დაზუსტებით, ერთ წამს თუ თბილად ექცეოდა თორნიკე, მეორე წამს, შესაძლოა, საერთოდ არც კი შეემჩნია მისი არსებობა.
– თავს ვერ დავდებ, რომ უყვარხარ, მაგრამ იმის თქმა კი ნამდვილად შემიძლია, გრძნობები რომ გააჩნია შენ მიმართ.
– ვითომ?
– მართლა. უნდა გენახა, რამდენ ხანს ცდილობდა ჩემ გამოტეხვას.
– ლამის მაკოცა...
ჩურჩულით გამოტყდა ბოლოს, მის გვერდით მწოლი კი, რაკეტასავით რომ წამოიჭრა, მიხვდა, ამაღამ ძილი აღარ ეწერა.
– დეტალებში მოყევი ყველაფერი! – ქეთოსაც მაშინვე დაინტრიგებული გაუხდა ტონი და მოსასმენად ისე მოემზადა, მხოლოდ პოპკორნით სავსე თასის მოდგმაღა დააკლდა.
აღარც ნიცას გაუწევია წინააღმდეგობა. მაქსიმალური სიზუსტით მოუყვა და მიუხედავად სიბნელისა, მაინც ვერ მალავდა ლოყების სიწითლეს. საუბრის დროს უფრო აანალიზებდა მომხდარს და გული ისე სწრაფად უცემდა, შიგადაშიგ ლაპარაკიც კი უჭირდა. რატომ მოიქცა ასე? ისეთი სხვანაირი იყო... საერთოდ არ ჰგავდა იმ მომენტში ისეთ ბიჭს, როგორადაც აქამდე აჩვენებდა თავს. ან... იქნებ ის რამდენიმე წუთი იყო თამაში?! არ იცოდა. ვერაფრით უძებნიდა ახსნას, ფიქრი კი უფრო ურევდა გონებას.

გამთენიისას ჩაეძინათ საუბარში. ცდილობდნენ, არაფერი გამორჩენოდათ. მართალია, ახალი წლის შემდეგ ქეთო ისედაც უბრუნდებოდა დედაქალაქს, გამოცდები ჰქონდა ჩასაბარებელი, მაგრამ მეგობართან დასაშორებლად ერთი თვეც ებევრებოდა. რაც წიგნების მაღაზია გახსნა, სულ აირივნენ, უნივერსიტეტშიც მხოლოდ გამოცდების დროს მიდიოდა, ახლა კი, თბილისშიც ხსნიდა და ბათუმის ფილიალს გულდამშვიდებული უტოვებდა მომსახურე პერსონალს. ნიცასაც, მეტი რა უნდოდა. მით უმეტეს, ახლა, როცა გამოჩნდა ბიჭი, რომელსაც რეალური შანსი გაუჩნდა. ერთი შეხედვით კი ვერაფერს დაასკვნიდა, მაგრამ მეორე დღეს, თბილისის გზას რომ გასდგომოდნენ და დემეტრემ მილიონი კითხვა ერთად დაუსვა, თავისთვის, კმაყოფილს ჩაეღიმა...
გზაში კი გადაურჩა დაკითხვას, დადიანთან ერთად ახალ მანქანაში იჯდა, მაგრამ წარმოდგენაც არ ჰქონდა, წინ რა ელოდა. მხოლოდ რამდენიმე ათეული კილომეტრი ჰქონდათ გავლილი, სპიდომეტრის გვერდით, ყველა ნათურა რომ ერთდროულად აინთო, შემდეგ ციმციმი დაიწყო, ბოლოს კი, სრული ეფექტისთვის, საქარე მინის საწმენდებიც ამუშავდა.

– რა სჭირს? – დაბნეულმა გადახედა თორნიკეს, რომელმაც მხოლოდ მხრები აიჩეჩა გაკვირვებულმა. მანქანა გზიდან რომ გადაიყვანა შესამოწმებლად, სწორედ მაშინ დაუშვა შეცდომა...
– რა მოუვიდა? – მალევე მიუახლოვდათ დემეტრეც.
– წყალი აადუღა... – დაისისინა ბიჭმა. აი, რატომ ვერ იტანდა ახალი მანქანით ამხელა გზაზე სიარულს. საჭესაც კი არ უჯდებოდა ხოლმე, თუ კარგად არ იცოდა, რისი მართვა მოუწევდა. ავტომატური მართვის კოლოფისადმი კი უნდობლობით რომ გამოირჩეოდა, ეს უკვე ყველამ იცოდა.
ბევრი ეწვალეს გონზე მოსაყვანად, თუმცა ამაოდ. ერთ პრობლემას რომ მოაგვარებდნენ, მეორე იჩენდა თავს და ასე დაუსრულებლად. მაშინაც კი, როცა ეგონათ, რომ დარჩენილი გზის გავლას მშვიდად მოახერხებდნენ, მანქანა, უბრალოდ, აღარ დაიქოქა. აი, ასე, სახელდახელოდ დამუხტულმა აკუმულატორმა მხოლოდ ერთ საათს გაძლო და შემდეგ კაპიტულაცია გამოაცხადა.
– ახლა ხვდებით, რატომ მძულს ავტომატიკა?! – ამოიგმინა ნერვებმოშლილმა, დილის რვაზე გასულები, შუადღის თორმეტზე, ჯერ ისევ ურეკში რომ იყვნენ. – ბუქსირებაც კი არ შეიძლება!
– სხვა გზა არ გვაქვს, როგორმე უნდა ჩავიყვანოთ...
– რომ მომისრიალდეს, მანქანას ვერ გავაჩერებ, დემე. ტვინი მოუკვდა, სატერფულებიც კი არ იჭერს!
– როგორმე ცოტა გავიჭირვოთ და როგორ იქნება, გზაზე ერთი სახელოსნო მაინც არ შეგვხვდეს. მიდი, შენ დაჯექი ჩემი მანქანის საჭესთან და ამას მე წამოვიყვან.
– გამორიცხულია! – მოუჭრა მკაცრად. საკუთარი მიზეზით სხვა საფრთხეში ვერ ჩააგდებდა, მით უმეტეს, ბავშვობის მეგობარს. – ნიცა შენ წამოიყვანე, ამას მე მივუჯდები.
– არა! – თუმცა, მაშინვე გააპროტესტა გოგონამ. – მეც შენთან ერთად მოვდივარ.
– ნიცა, შენთან კამათის ნერვები არ მაქვს, დემე წამოგიყვანს! – თვალები აატრიალა დადიანმა, რამაც, რა თქმა უნდა, შედეგი არ გამოიღო. თვითონ თუ ჯიუტი იყო, ნაკლები არც ის ქალბატონი გახლდათ, უცერემონიოდ რომ გამოაღო მანქანის კარი და ჩაჯდომისას, ღვედის გადაჭერაც არ დავიწყებია.
როგორ ვერ ხვდებოდა, საფრთხეში რომ იყვნენ, მაგრამ ნერვიულობას, ისევ ასე ყოფნა ერჩივნა. როგორ უნდა დაეტოვებინა თორნიკე მანქანაში, რომელიც იმ მომენტისათვის მხოლოდ უმართავ მეტალს წარმოადგენდა?!
– იცი, როგორი ჯიუტი ხარ?! – ამოიგმინა ბიჭმა, საჭეს რომ მიუჯდა, ნიცამ კი, უბრალოდ, ღიმილით დაუქნია თავი...
ისეთი სიჩქარით მიდიოდნენ, კარგად ნავარჯიშებ კუს საერთოდ არ გაუჭირდებოდა გადასწრება. არც საბუქსირე თოკი ჰქონდათ სანდო და ვერც იმ მანქანის საჭეს ინდობდა დადიანი, რომლის მართვაც შეუძლებელი იყო. ყველაზე მაქსიმუმ, ნახევარ საათს გადიოდნენ, შემდეგ კი, კვლავ უშედეგოდ ცდილობდნენ დემეტრეს ავტომობილის აკუმულატორზე მიერთებით დამუხტვას. ვერც მკვდარს აცოცხლებდნენ და ერთადერთი მუშა ტექნიკაც გამოჰყავდათ მწყობრიდან.
– არ დაიღალე? უკან გადადი, დაიძინე ცოტა... – შეწუხებული სახით გახედა ნიცას, რომ მოსაღამოვდა, მაგრამ ჯერ ისევ რომელიღაც სოფლის გზაზე იყვნენ გაჩერებულები.
– არ მეძინება. გინდა, მე დავჯდე საჭესთან? შენ დაიღლებოდი.
– ხუმრობ, ხო? – ჩაეცინა და ისე უარყო ბრალდება, თითქოს სახეზე არ ეწერა ყველაფერი. – ამის საჭესთან შენ როგორ დაგსვამ.
– რატომ, ხომ დარწმუნდი, რომ კარგად ვატარებ?
– ეგ რა შუაშია! – თვალები აატრიალა, მაგრამ მზერა მაშინვე გაეყინა, რაღაცას საეჭვოდ რომ წამოსდო ძირი.
– რა მოხდა? – და არც ნიცას დარჩენია უყურადღებოდ ეს შეტორტმანება. – რამეს დავარტყით?
– ამით რამეს როგორ დავარტყამდით, მიგორავს მანქანა! – ჩაეცინა, თუმცა ფანჯრიდან გადახედვისას, მაშინვე შეეცვალა სახე. – ნიცა, ახლავე გადადი მანქანიდან!
– რა? რატომ? – საერთოდ დაიბნა გოგონა. რა მოხდა ამისთანა?
– იმიტომ, რომ ეს დედანატირები, მართლა მიგორავს! ორმოში! –ამოიგმინა და თვითონვე შეუხსნა ღვედი. – გადადი!
– და აქ დაგტოვო? გამორიცხულია! შენც გადმოდი.
– რომ გადმოვიდე, ჩავარდება. მოვა დემე და ამოვათრევთ, მანამდე გადადი. – ისეთი ხმით წარმოთქვა, აღარაფერი უკლდა მის ტონს ბრძანებამდე და მიუხედავად ამისა, სხვა დროს თუ ძარღვებში სისხლს გაუყინავდა, ახლა ოდნავადაც არ უმოქმედია. ერთი რამ ნიცამ ზუსტად იცოდა, მანქანას მარტო არაფრის დიდებით არ დატოვებდა, რადაც არ უნდა დასჯდომოდა ეს.
– შენც აქ გადმოდი, იქნებ სიმძიმემ გადმოსძალოს?! – იკითხა ბოლოს გულუბრყვილოდ, კიდევ ერთხელ რომ შეტორტმანდნენ დემეტრეს მანქანის გაჩერების გამო, თუმცა პასუხად ისეთი ხმით უღრიალეს, შეშინებული აეკრა კარს.
– გადადი–მეთქი მანქანიდან! ახლავე! – თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა თორნიკე. ამხელა რისკის ქვეშ ვერ დააყენებდა, ამ გოგოს კი არაფრით ესმოდა ეს! ღმერთო, ზოგჯერ როგორ აღიზიანებდა ეს თავგანწირვა.
– რანაირად გაიჩხირეთ? – შუბლში შემოირტყა ხელი ჩადუნელმა, რომელიც იმ წამს მიუახლოვდა. – მოიცა, ქვემოდან შევხედავ! – შემდეგ კი, პასუხს არც დალოდებია, ისე ჩახტა არცთუ ისე პატარა ორმოში. მხოლოდ მაშინ დააფიქსირა სიღრმე, ხელების აწევისას გაჭირვებით რომ მისწვდა საბურავს, თორნიკემ კი უკვე ხმამაღლა დაიღრინა. დიდი სიამოვნებით ჩატოვებდა ამ მანქანას აქ დაუნანებლად და უკანმოუხედავად წავიდოდა, გარკვეული მიზნისთვის რომ არ ყოფილიყო საჭირო. ასე სწრაფად, ასეთსავე მოდელს ვერ ჩამოაყვანინებდა, სხვისი ნახმარის ყიდვა კი, დეიდაშვილის სრულწლოვანების აღსანიშნავად, ნამდვილად არ უნდოდა.
ძლივს ამოათრიეს ორმოდან, რომელიც ღმერთმა უწყოდა, რომელმა ჭკვიანმა გაჭრა ცენტრალურ გზასთან ასე ახლოს, ან რა ჯანდაბის გამო არ დადგა მანიშნებელი აბრა. თუმცა, ამას უკვე ნაკლებად ჰქონდა მნიშვნელობა. მთავარია, რომ გადარჩნენ და როგორ სასაცილოდაც არ უნდა ჟღერდეს, ესეც მხოლოდ იმის წყალობით, საბურავის უკან ჩამოფარებული რეზინი ხრეშს რომ წამოედო და გაიჭედა. ალბათ, გაეცინებოდა კიდეც, მოგვიანებით ამას რომ გაიხსენებდა, თუმცა იმ მომენტში ისე გაცოფდა, პირველივე, რაც მანქანიდან გადასვლისას გააკეთა, ევაკუატორის გამოსაძახებლად დარეკვა იყო. ფაქტობრივად, დანებდა...

დემესაც კი ჩაეღიმა მის საქციელზე. ზუსტად იცოდა, თავსაც კი დადებდა, მარტონი რომ ყოფილიყვნენ, თორნიკე კბილებით გასწევდა საბუქსირე თოკს, მაგრამ იმდენად ჯიბრიანი იყო, დასახმარებლად არავის დაურეკავდა. ვერ იტანდა, როცა რაღაც არ გამოსდიოდა და მანამ არ ეშვებოდა, სანამ სასურველ შედეგს არ მიაღწევდა. თუმცა ახლა ყველაფერი სხვაგვარად იყო, ამ ცვლილების მიზეზს კი ის გოგო წარმოადგენდა, რომელიც იმის მიუხედავად, რომ საშინელმა წვიმამ დაუშვა, მაინც არ ჯდებოდა მანქანაში და ბიჭებს ისე დასდგომოდა თავს, თითქოს ძრავაში ჩამძვრალებს რამით დაეხმარებოდა.
– ჭკუიდან ნუ გადაგყავარ! – შეუღრინა ბოლოს დადიანმა, მკლავში წაავლო ხელი და ისე ჩატენა, ხმის ამოღებაც არ აცადა. – როცა გეტყვი, დაქოქე!
– რანაირად დაქოქავს, გათიშულია აკუმულატორი. – გადაუჩურჩულა დემემ, უკან რომ დაბრუნდა, ბიჭს კი, საპასუხოდ მხოლოდ ჩაეცინა და თავი დაუქნია, ვიციო..


* * *
უკვე თენდებოდა, თბილისში რომ ჩააღწიეს. ევაკუატორზე ამხედრებულ მონსტრს დემე გაჰყვა, თორნიკე და ნიცა კი მანქანით წავიდნენ, გალუმპულები. შუა ნოემბერში გამათბობელი ჰქონდათ ჩართული და მხოლოდ მოგვიანებით გაახსენდა ორივეს, ჩანთებში გამოსაცვლელი ტანსაცმელიც რომ ჰქონდათ ჩალაგებული.
– შენნაირი ჯიუტი არსება მეორე არ დადის დედამიწაზე! – შეუღრინა დადიანმა, საბოლოოდ კომფორტულად რომ მოეწყვნენ.
– ყვავმა ყვავს უთხრაო, ისეა შენი ამბავი. – ნიცას კი საპასუხოდ მხოლოდ ჩაეცინა. ყოველთვის ოცნებობდა ისეთ თავგადასავალზე, მხოლოდ ფილმებში რომ ჰქონდა ნანახი, მაგრამ იმას კი ნამდვილად ვერ წარმოიდგენდა, ოცნება ასე მალე და თან, ასეთი სახით თუ აუხდებოდა. ისეთ კარგ ხასიათზე დადგა, თვითონაც არ იცოდა, რამ გაამხიარულა, გადარჩენით გამოწვეულმა ბედნიერებამ თუ იმან, გუშინ მომხდარს თორნიკე რომ საერთოდ არ იმჩნევდა.
საშინლად ღელავდა, მანქანაში მარტო რომ უწევდათ დარჩენა. კარგად იცოდა მისი ბილწი ხუმრობების ამბავი და ნამდვილად არ ჰქონდა გეგმაში აწითლებულს მგზავრობა. თუმცა, საბედნიეროდ, ისე მარტივად გამოძვრა ამ სიტუაციიდან, რაღაც მომენტში გულიც კი დასწყდა, მხოლოდ მე მივანიჭე მომხდარს ამხელა მნიშვნელობაო. გზადაგზა ისე აპარებდა თვალს ბიჭისკენ, თითქოს სახეზე შეძლებდა რამის ამოკითხვას. ჰმ, რა თქმა უნდა, არაფერი გამოუვიდა. წარბიც კი არ უტოკდებოდა, ისე მიასრიალებდა მანქანას ავტობანზე და მხოლოდ მაშინ გახედა გვერდით მოკალათებულს, მობილური რომ აუმღერდა, მაგრამ აღარა და აღარ უპასუხა.
– ან გაუთიშე, ან მე ვუპასუხებ.
– ხმას გამოვურთავ. – ჩაიბურტყუნა ნიცამ. თვალები ლამის შუბლზე აუვიდა, აციმციმებულ ეკრანზე ლექსოს სახელი რომ დაინახა. მხოლოდ იმის გამო ჩაიწერა კონტაქტებში, რომ სცოდნოდა, ვისი ზარისთვის არ უნდა მიექცია ყურადღება, ახლა კი, როცა ასე ახლოს იჯდა დადიანთან და ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო მისგან რამის დამალვა, საშინლად უხერხულად იგრძნო თავი. აღარ უნდოდა, ოდესმე კიდევ მიბრუნებოდნენ ამ თემის განხილვას.
– მომეცი. – მოუჭრა გაღიზიანებულმა და ნებართვა აღარც უთხოვია, ისე გადაუსვა სენსორს თითი. – გისმენ! – შემდეგ კი, ისეთი ხმით დასჭექა, გოგონა საწყლად მოიბუზა. –არა, არ დაგელაპარაკება და შენი საქმე არ არის, რატომ. იმედია, სახლში საათი გაქვს, ჰოდა, კარგად შეხედე და სხვა დროს, როცა უძილობა შეგაწუხებს, სხვანაირად გაერთე.
– თორნიკე, დაანებე თავი... – ჩაიბურტყუნა წარბებშეჭმუხნილმა. უკვე თბილისში იყვნენ და მისი ფეთქებადი ხასიათის კარგად შესწავლიდან გამომდინარე, სულაც არ გაუკვირდებოდა, სახლისკენ მიმავლებს, უცბად სხვა გზაზე რომ გადაეხვიათ. ეს კი, რა თქმა უნდა, საშინლად არ აწყობდა!
– მაჭავარიანი, აბა, კარგად მომისმინე! ახლა მე მობილურს გავთიშავ, შენ კი ამ ნომერზე აღარასდროს აღარ დარეკავ. ის ნომერი უკვე გაქვს, რომელზეც შეგიძლია პრეტენზიების ქონის შემთხვევაში დამეკონტაქტო, მაგრამ გაფრთხილებ და კარგად დაიმახსოვრე, რადგან შემდეგში სიტყვიერად აღარ გაგიმეორებ: გოგო, სახელად ნიცა ყიფიანი, შენთვის აღარ არსებობს! –წარმოთქვა სიკვდილივით ცივი ხმით, შემდეგ კი, მობილური გათიშა და ნიცას ისე ჩაუდო კალთაში, საქარე მინისთვის მზერაც არ მოუშორებია...

გაგრძელება იქნება ოთხშაბათს
ავტორი ნათია ჯაგოდნიშვილი


FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 3 /
ქეთი
ოფიციალურად შეყვარებული ვარ და სულმოუთქმელად ველოდები თითოეულ თავს ❤️
22:42 / 12-12-2018
გამოხმაურება / 0 /
...
ძალიან მომწონს, მაგრამ დაწერილი გაქვს უკვე ეს თავები და რომ გაზარდო არ შეიძლება??
11:12 / 29-11-2016
გამოხმაურება / 0 /
ყველა კომენტარი
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93