ნოველები

შეცდომა. თავი 22. „შეხვედრა ოჯახთან“

შეცდომა. თავი 22. „შეხვედრა ოჯახთან“
ორი მძიმე და ემოციური დღის შემდეგ ისეთ დაღილს ჩაეძინა ნიცას, სიზმარიც კი არ უნახავს. ან, შესაძლოა, ნახა კიდეც, მაგრამ ვერ დაიმახსოვრა... უკვე ხუთი სრულდებოდა, ძლივს რომ გაახილა თვალები და ალბათ, იმ ღამესაც გადააბამდა ძილს, კარზე კაკუნს რომ არ მიექცია მისი ყურადღება.
- გაიღვიძე? - გაუღიმა თორნიკემ და ისე შეაბიჯა, არც უთხოვია ნებართვა.
- თუ მე გაგაღვიძე?
- ფაქტობრივად, ერთდროულად... - ჩაეცინა, თუმცა იმდენად არ უნდოდა თბილი ლოგინიდან გამოძვრომა, არც კი წამომჯდარა, ბალიშს ჩახუტებული შეჰყურებდა მის საწოლზე
ჩამომჯდარ ბიჭს.
- მიდი, მიდი, გამოფხიზლდი და გაემზადე, უნდა გავიდეთ უკვე.
- სად უნდა გავიდეთ? - აი, ახლა კი დააჭყიტა თვალები.
- ენის დაბადების დღეა, ხომ გითხარი...
- ეგ მახსოვს, მაგრამ... მეც მოვდივარ?
- აბა, სახლში რჩები? - გაეცინა მის დაბნეულობაზე და ისე ბუნებრივად ჩამოჰკრა თითი ცხვირის წვერზე, წამითაც არ შექმნილა უხერხულობა.
- მალე, თორემ დავაგვიანებთ.
- საჩუქარი რომ გზაში გაგვიფუჭდა?
- გავაკეთებინე უკვე. ისეთი სისულელე სჭირდა, რომ არ მეზარებოდეს, ჩავბრუნდებოდი ბათუმში და დავაფარებდი იმ ხელოსანს თავზე...
- თორნიკე! - შეაწყვეტინა აღშფოთებულმა.
- თავის სახელოსნოს... - დადიანს კი მის საქციელზე ცალყბად ჩაეცინა და აგრძნობინა, აღშფოთების მიზეზს რომ მიუხვდა. - მოკლედ, შენ რომ იცი, ისე სწრაფად გაემზადე, ქვემოთ დაგელოდები.
შემდეგ კი, თვალი ჩაუკრა და ისევე სწრაფად გავიდა ოთახიდან, როგორც გამოჩნდა...


* * *
როგორც ყოველთვის, ახლაც მარტივად გამოუვიდა ნიცასთვის თავგზის აბნევა. რა უნდა ჩაეცვა, როცა ისიც კი არ იცოდა, სად მიდიოდნენ?! სახლში თუ სადმე სხვაგან. მაგრამ დიდი იმედი ჰქონდა, რომ პირველი ვარიანტი არც კი განიხილებოდა. კანკალი ეწყებოდა იმის წარმოდგენისას, რომ თორნიკეს ნათესავების გაცნობა მოუწევდა. არა, საწინააღმდეგო არაფერი ჰქონდა. სხვა სიტუაციაში ბედნიერიც იქნებოდა, მაგრამ არა ახლა. არა მაშინ, როცა სრულიად უსტატუსოდ ატარებდა მუცლით მის ბავშვს. ან დადიანს როგორ უნდა წარედგინა? გაიცანით, ეს ის გოგოა, შემთხვევით რომ დავაორსულეო? ღმერთო, როგორი დამამცირებელია...
ძლივს შეარჩია ჩასაცმელი. არ უნდოდა, მუცელი დამჩნეოდა, თავისი გარდერობიდან კი, თან ფართო და თან ცივი ამინდისთვის შესაფერისი ბევრი არ მოეპოვებოდა. ბოლოს ისევ ნაცრისფერი, საყელოზე და ბოლოში მაქმანებმიკერილი, მუხლს ქვემოთ სიგრძის კაბა შეარჩია, მკერდთან კი ქამრით შეიკრა და ისე გამოიყურებოდა, ვინც მანამდე არ იცნობდა, ეჭვს იმაშიც კი ვერ შეიტანდა, გასუქებულაო. ხვეული კულულები კეფაზე დაიმაგრა სარჭებით, ფეხზე კი საშუალოქუსლიანი, კოჭთან შესაკრავი ფეხსაცმელი მოირგო და საბოლოოდ, სარკის წინ დატრიალებულმა, კმაყოფილი სახით გაუღმა საკუთარ თავს.
ყველაზე მეტად იმით ამაყობდა, სწრაფად რომ შეეძლო მომზადება. ისიც ესიამოვნა, თორნიკესაც რომ არ დარჩენია ეს ფაქტი უყურადღებოდ და ახლაც, მხოლოდ ნახევარი საათი იყო გასული, თვითკმაყოფილმა რომ ჩააბიჯა პირველ სართულზე. ჰმ, ნეტავ ოდესმე თუ შეეჩვევა ამ ბიჭის გვერდით ყოფნას?! ახლაც ისეთი სიმპათიური იყო... ერთი შეხედვით, განსაკუთრებული არაფერი ეცვა, ჩვეულებრივი ჯინსი, მაისური და ტყავის ქურთუკი, მაგრამ მაინც ისე უხდებოდა... მაშინვე გადაავიწყდა ნიცას საკუთარი წვალება.
- რეკორდი ვერ გააუმჯობესე, მაგრამ მაინც ყოჩაღ! - გაეცინა დადიანს და როცა დაინახა, რომ ვერ მიუხვდა, მხოლოდ მაშინ იკადრა ახსნა.
ბათუმისთვის ათ წუთში გაემზადე.
- ისეთსავე სიტუაციას თუ შექმნი, ეჭვიც არ შეგეპაროს, რომ გავაუმჯობესებ. - თვალი ჩაუკრა გოგონამ, შემდეგ კი, ისეთი სახით ჰკითხა, აღარ მივდივართო, თითქოს წამის წინ განსაკუთრებული არაფერი ეთქვა...

* * *
- სახლში იხდის? - ლამის სუნთქვა შეეკრა, მანქანა კორპუსის წინ რომ გაჩერდა. ჯანდაბა, როგორ შეიძლება ასეთი უიღბლო იყოს?!
- არა, ამას რომ ჰკითხო, საერთოდ არ იხდის. - ჩაეცინა მზაკვრულად.
- მაგრამ თვითონაც არ იცის, რა ელოდება.
- უფროსი ძმასავით ხარ მისთვის, არა?
გაეღიმა მტკივნეულად და აღარც დაუმალავს ამის მიზეზი.
- მშურს თქვენი ურთიერთობის.
- რატომ?
- ყოველთვის ყველაფერი სხვანაირადაა, როცა ვიღაცის იმედი გაქვს.
- და გგონია, ძმა რომ გყოლოდა, ჩემთან ცხოვრება არ მოგიწევდა?
გაუცინა და შემდეგ ისე სწრაფად გადავიდა მანქანიდან, პასუხს არც დალოდებია.
ყოველთვის შეეძლო, ერთი ფრაზითაც კი აერია გონება. ვერც ამჯერად მიხვდა, რა იგულისხმა, ან კარგად მიეღო ეს ნათქვამი თუ პირიქით, დაცინვად. სადღაც, გულის სიღრმეში, სულ სხვანაირი, რომანტიკული ელფერი შესძინა, მაგრამ ბოლო პერიოდში ისე ფრთხილობდა, პირდაპირ რომ ეთქვა თორნიკეს, შემიყვარდიო, იმასაც არ დაიჯერებდა. ყველანაირ ურთიერთობაში, ყველაზე მეტად ნდობის დაკარგვის ეშინოდა, ახლა კი, ცდილობდა ტვინით ეაზროვნა, შემდეგ გული რომ არ სტკენოდა.
- აბა, მზად ხართ მისიის შესასრულებლად? - ფიქრებიდან თორნიკეს ხმამ გამოიყვანა, რომელსაც კარის გაღებაც მოესწრო და ხელის გაწვდენაც.
- რა მისიის? - გაეცინა და ეცადა, თვალები დაემალა, მისი დახმარებით რომ გადავიდა გარეთ.
- სახლიდან უნდა გამოვიტყუოთ. - თვალი ჩაუკრა და სანამ სადარბაზოში შეაბიჯებდნენ, მანქანის გასაღები სახელდახელოდ წამოღებულ, წინასწარ შეფუთულ, გადასახსნელ ყუთში მოათავსა...
გულში ლოცულობდა ნიცა, სანამ სახლში შევიდოდნენ. დროც არ ჰქონდა თავის ხელში ასაყვანად, პირველივე სართულზე ცხოვრობდნენ. არადა, არ უნდოდა, აღელვება შემჩნეოდა. შესაძლოა, არც არავის გასჩენოდა კითხვები, თვითონ კი, ისე ნერვიულობდა, თავს გაყიდდა.
- დამშვიდდი. - თვალები აატრიალა თორნიკემ და გოგონამ ღრმად რომ ამოისუნთქა, მხოლოდ შემდეგ დარეკა ზარი...
ყველაზე მეტად, დადიანის დეიდასთან შეხვედრა აღელვებდა. ისეთი შერცხვენილი იყო... არც გაუკვირდებოდა, კარგად რომ არ მიეღო, თუმცა ისე შეცდა, თვითონვე გაუკვირდა. სწორედ მანანამ გააღო კარი და სახე გაუნათდა სტუმრების დანახვისას. ნიცასაც კი გადაეხვია და ყურში უჩურჩულა, მიხარია შენი დანახვაო.
- ასე უნდა დავიწყება? აღარ გჭირდება დეიდა, ხო? - საჩვენებელი თითი ხუმრობით დაუქნია თორნიკეს, შემდეგ კი, მისაღებში რომ შეუძღვა, ლამის ორივეს ერთდროულად გაეცინა ენის დანახვისას. მაქსიმალურად ცდილობდა დაემალა, მაგრამ მაინც საშინლად შეწუხებული სახით იდგა უკვე საკმაოდ შემთვრალ თამადასთან და ისე უქნევდა თავს, ფხიზელი თვალი ეჭვსაც კი არ შეიტანდა იმაში, რომ არ უსმენდა.
- თორნიკე! - წამოიძახა ისე, თითქოს უდაბნოში ჩარჩენილს, წყალი ეპოვნა, შემდეგ კი გახარებული გაიქცა ახალმოსულებისკენ.
- გილოცავთ გასრულწლოვანებას, ენი! - თვალი ჩაუკრა და თმა მოუჩეჩა დეიდაშვილს.
- მადლობა! არც კი იცით, როგორ გამიხარდა თქვენი მოსვლა! - ახლა ნიცას ჩაეხუტა. ძალიან მოსწონდა ეს გოგო და არც ცდილობდა ამის დამალვას.
- ოხ, დადიანების ვაჟკაციც მოსულა! - და კვლავ გაისმა თამადის ხმა, რომელმაც გაკვირვებულმა გადახედა უცნობს. - და თან, წყვილში!
- თამადას ვახლავარ! - გაუღიმა თვითონაც, შემდეგ კი, ყველაზე მთავარზე გადავიდა.
- გაიცანით, ნიცა.
ყოველგვარი სტატუსებისა და ზედმეტი წარდგენის გარეშე წარმოთქვა და გოგონამ ძლივს შეიკავა თავი, შვებით რომ არ ამოესუნთქა.
სულ რამდენიმე წამში შეიქმნა ტიპური, ქართული სიტუაცია, სტუმრის მისვლისას რომ თავდაყირა დგება ხოლმე ყველაფერი. სკამების ახლოს მიჩოჩება, ჭურჭლის ჩამატება და გაცივებული, ცხლად წოდებული კერძებისთვის პირვანდელი სახის დაბრუნება. რა თქმა უნდა, არავის გაჰკვირვებია, თორნიკე თამადას რომ მიუსვეს გვერდით, მაგრამ ნიცას ასე არ გამართლებია... ვინ გაუშვებდა იმის შანსს ხელიდან, საქვეყნო მექალთანედ წოდებულ კაცთან ერთად მისული გოგო რომ გაეცნოთ? არც კი ცდილობდნენ ინტერესის დამალვას და შუახსნის ქალების გვერდით რომ გამოუძებნეს ადგილი, ისევ ელენემ იყოჩაღა და გვერდით მიუჯდა, ბოლომდე რომ არ გაეწირა.
- აუ, ენი, გეხვეწები, მანქანას გადახედე რა, მგონი ცუდად დავაყენე... -მოულოდნელად გადასძახა დადიანმა დეიდაშვილს და გოგონაც დაბნეული წამოდგა. ვინ-ვინ და მან დააყენა მანქანა ცუდად? ფანტასტიკის სფეროს უფრო ჰგავდა, ვიდრე რეალობას, თუმცა მაინც უსიტყვოდ გაიხედა ფანჯრიდან.
- საერთოდ ვერ ვხედავ შენს მანქანას. უკანა ეზოში ხომ არ დააყენე?
- მოდი, ეს გამომართვი და ამით მოძებნე, აბა... - წარბიც არ შეუხრია, არც კი გაღიმებია, აი, ნიცას კი თვალები უციმციმებდა, ისე ელოდა სიმართლის გაგებით გამოწვეულ რეაქციას.
- თუ ჩაუკეტავ გზას ვინმეს, გავიგებთ, რა პრობლემაა.
- მოდი, მოდი, გამომართვი! - შემდეგ კი, ჯიბიდან მინიატურული ზომის, წითელი კოლოფი რომ ამოიღო, ენი ადგილზევე გაიყინა. ჯერ დედას გადახედა, შემდეგ ნიცას, ბოლოს ისევ თორნიკეს და სუნთქვაშეკვრულმა რომ გადახსნა, არც მორიდებია, ისე აკივლდა „მერსედესის“ გასაღების დანახვისას.
- არ არსებობს! - ადგილზევე დაიწყო ხტუნვა, შემდეგ კი, საყვარელ დეიდაშვილს ჩამოეკიდა კისერზე. - გავგიჟდები!
Image result for surprised girl
- შენ კი არა, მე გავგიჟდები ახლა! - ჩაერთო მანანაც. - ამის ნერვიულობა მაკლდა?
- კარგი, რა, დედა! - გაეცინა და ისე აცქმუტდა, ბიჭს მეტად აღარ გაუწვალებია, ხელგადახვეულმა გაიყვანა გარეთ, კოლოფისგან განსხვავებით, არც ისე მინიატურული საჩუქარი რომ ეჩვენებინა.
მაშინვე ატყდა საუბარი იმაზე, როგორი ყურადღებიანი და კარგი დეიდაშვილი ჰყავდა იუბილარს, როგორ ანებივრებდა მუდმივად და თან, არც იმის ხაზგასმა ავიწყდებოდათ, თორნიკესთვისაც არანაკლები ამაგი რომ ჰქონდა დეიდას გაწეული. როგორც ნიცამ საუბრიდან გაარკვია, ნათესავებთან ერთად, მეზობლებიც ყოფილან სტუმრებს შორის და სწორედ მათ გვერდით აღმოჩნდა თვითონ, თანაც, სრულიად მარტო...
- თქვენ დიდი ხანია ჩვენს ბიჭს იცნობთ? - ღიმილიანი სახით, უტიფრად ჰკითხა ერთ-ერთმა.
- დიახ... - გაუღიმა თვითონაც. რა ეთქვა? იმას ხომ არ მოუყვებოდა, სინამდვილეში როგორც დაიწყო მათი ნაცნობობა?
- ძალიან კარგი ბიჭია, ბედნიერი იქნება მისი ცოლი...
- ნიცა, უნდა დაგვილიოთ! - საუბრიდან დაიხსნა თამადამ, თუმცა, არცთუ ისე კარგი გზით.
- მაპატიეთ, მაგრამ არ ვსვამ...
- ეს როგორ შეიძლება! ბავშვის იუბილეს ვზეიმობთ, ერთი ჭიქით მაინც უნდა დაგვილოცოთ. ერთი წუთით... - შემდეგ კი, ფანჯრიდან რომ გადასძახა, ელენიკო, გელოდებითო, გარეთ მყოფმა ქეიფის მიზეზმა, საწყლად აატრიალა თვალები.
- ერთი ნახევარი საათიც გაძელი და წავიდეთ მერე. - თვალი ჩაუკრა თორნიკემ. - ასე ადვილად ვერ გავიპარებით.
- და თუ საიდუმლო არაა, სად მიგყავარ?
- საიდუმლოა! - გაუცინა და საჩუქრის დათვალიერების შემდეგ, სახლში რომ შებრუნდნენ. დადიანს ლამის სიცილი აუტყდა, ისეთი სახით იჯდა ნიცა. ტუჩებს ისე აცმაცუნებდა, ლამის იყო ეტირა, მაგრამ მიზეზი რომ გაიგო, თვითონაც გაუქრა სიცილის სურვილი.
- აი, დღევანდელი დღის გმირიც მოვიდა. მოდი, ელენიკო, მოდი, სტუმარმა უნდა დაგლოცოს!
- ბატონო შმაგი, მაპატიეთ, მაგრამ მართლა ვერ დავლევ!
- შვილო, ამას ტყუილად კი არ ჰქვია შმაგი და ჰაერზე კი არ დანიშნეს თამადად! - აკისკისდა გვერდით მჯდომი მეზობელი.
- დაანებეთ თავი, არ შეიძლება დალევა ნიცასთვის. - მოთმინება გამოელია ბიჭს. არ იყო დეიდამისი იმ ტიპის ქალი, ასეთი სუფრები რომ მოსწონდა და ახლაც ვერაფრით უძებნიდა ახსნას, როგორ შეიკრიბა ამდენი განსხვავებული ადამიანი ერთად.
- ჰე-ჰე, ცუდი სიმთვრალე გაქვს, გოგო? - აროხროხდა თამადა.
- ორსულადაა! - და სწორედ ამ დროს, კბილებს შორის გამოსცრა თორნიკემ სიტყვა, რომელმაც რამდენიმე წამით მაინც გამოიწვია სახლში სიჩუმე...

* * *
ერთდროულად რამდენიმე რამ მოხდა ერთ წუთში. ნიცას სახე ჩამოერეცხა, შმაგიმ აღმართული ღვინის ჭიქა დაუშვა, ქალებმა ახალ საჭორაო ობიექტს დაინტრიგებული სახით გადახედეს, მანანამ მათ რეაქციებზე ამოიოხრა, თორნიკემ კი, ხმაურიანად გამოსწია სკამი და ისე მიუჯდა საკუთარ ადგილს.
- რამე მოხდა? - იკითხა ისეთი ტონით, ღმერთიც კი გაგიწყრებოდათ, დადებითი პასუხი რომ გაგეცათ.
- ყოჩაღ, ბიჭო! - და ბოლოს, ისევ ბატონი თამადა მოეგო გონს და ფეხზე წამოიჭრა. - მომილოცავს! აი, ნამდვილი საქეიფო მიზეზი! თქვენი ბიჭის ნათლობაშიც მე უნდა ვიყო თამადა, იცოდე შენ!
და შემდეგ ყველაფერი ისე წავიდა, რამდენიმე ჭიქაც და, იმასაც ვერ გაიხსენებდნენ, რის გამო სვამდნენ საერთოდ. მხოლოდ ნიცა იჯდა უხერხულად და ძლივს ახერხებდა, მშვიდად და ზრდილობიანად რომ ეპასუხა ისეთი შეკითხვებისთვის, რომელიც უმეტესად ეთიკის ფარგლებს სცდებოდა. ისიც კი აინტერესებდათ, როგორ შეხვდა მომავალი მამა ახალ ამბავს.
- მანჩო, ენი უნდა წავიყვანო.
როგორც იქნა, თორნიკემაც იხელთა დრო, დეიდამისს რომ დალაპარაკებოდა.
- სად უნდა წაიყვანოთ, დაბნელდა უკვე!
- კარგი, რა, ბავშვი თვრამეტის გახდა და ეს გინდა რომ დაამახსოვრდეს? აღარაა პატარა, მთვრალმა ბიძიებმა რომ უწელონ ლოყები და ორმოცდაათლარიანები ჩაუკუჭონ ხელში, შენ რაც გაგიხარდება, ის იყიდეო.
- ხომ იცი, შვილო, დაუპატიჟებლადაც რომ არ გამოვიდოდა?!
- ვიცი, ვიცი, მაგრამ ენი მიმყავს და თქვენ გააგრძელეთ, მაინც აღარ აინტერესებთ ამათ მიზეზი. - გაეცინა და თავით მისაღებისკენ ანიშნა, საიდანაც მრავალჟამიერის ზედმეტად „საამური“ ჰანგები გამოდიოდა.
და არც გასჭირვებიათ გაპარვა. ისე მშვიდად გავიდნენ, აღარავის მიუქცევია ყურადღება. მხოლოდ მანანა ნერვიულობდა, ძალიან გვიან არ მოიყვანოო, ნიცა კი, ისეთი სახით შეჰყურებდა, აშკარა იყო, კიდევ აწუხებდა ადრე მომხდარი ინციდენტი.
- ახალი მანქანით წავიდეთ! - წარბები აათამაშა ენიმ.
- გამორიცხულია! დედიკო, გინდა გადამიყვანო ჭკუიდან?
- ხო მაქვს მართვის მოწმობა უკვე!
- მერე, გინდა პირველსავე დღეს ჩამოგართვან? არა, შუაღამისას და თან პირდაპირ ასეთ გადატვირთულ გზაზე ვერ გაგიშვებ, თორნიკე კიდევ ნასვამია, ტაქსით წადით.
- ნიცა დაჯდება საჭესთან. - თვალი ჩაუკრა დისშვილმა და გაეცინა. გამორიცხული იყო, დადიანს რამე დაეგემა და ჩანაფიქრი ბოლომდე არ მიეყვანა.
საბოლოოდ, მაინც დაითანხმეს მანანა. ის კი არა, დამშვიდობებისას ნიცას რომ გადაეხვია, ჩუმად უთხრა, იცოდე, შენს იმედზე ვარო. ეს ერთი შვილი ჰყავდა მხოლოდ და ზოგჯერ ზედმეტიც კი მოსდიოდა მზრუნველობა, თუმცა მაინც ვერ გაამტყუნებდით. ხშირად უთქვამს, შენც რომ გახდები დედა, მერე გამიგებო. წასვლის წინაც გაუმეორა და რატომღაც, ელენეს ნაცვლად, სხვებს უფრო მოხვდათ გულზე.
- გეფიცებით, მეგონა, აღარასოდეს დაამთავრებდნენ! - აღმოხდა ენის, როგორც კი მანქანაში ჩასხდნენ და დანარჩენებსაც სიცილი აუტყდათ სახლში დატოვებული სიტუაციის გახსენებაზე. მაგრამ ჯერ არ იცოდნენ, რომ წინ უფრო დიდი ამბები ელოდათ, განსაკუთრებით კი, ნიცასა და თორნიკეს...
* * *
-კარგი, რა, რა აუცილებელია თვალების ახვევა?! - აწუწუნდა იუბილარი, დაახლოებით ათ წუთში დადიანმა შავი ლენტი რომ დაანახა.
- შენ სიტყვა სიურპრიზის მნიშვნელობა იცი?
- მალე მაინც მივალთ?
- ხუთ წუთში. - უკანა ხედვის სარკეში თვალი ჩაუკრა ნიცამ და გოგონამაც, მხოლოდ ერთი ამოიოხრა, თუმცა წინააღმდეგობა აღარ გაუწევია.
თორნიკე წინასწარვე იყო შეთანხმებული ელენეს მეგობრებთან, თუმცა თანამზრახველისთვის მოყოლა ვერ მოასწრო და ნამდვილ ქართულ სუფრას რომ უსხდნენ, მაშინ უგზავნიდა საოცარ შეტყობინებებს. თან ართობდა, თან სიტუაციას უხსნიდა. ნიცაც ძლივს იკავებდა სიცილს, განსაკუთრებით კი მაშინ, მოპირდაპირე მხრიდან ეშმაკურ მზერას რომ დაიჭერდა, რომელიც წამებში იცვლებოდა უმანკო კრავის სახით. არა, ვერ უარყოფდა, რომ გართობით მართლა გაერთო, მაგრამ შვებით მხოლოდ მაშინ ამოისუნთქა, როცა წამოვიდნენ.
- მოვედით! - წამოიძახა აჟიტირებულმა, მანქანა რომ დააპარკინგა და თორნიკეს გადახედა, „მძევალი“ გადმოიყვანეო.
თვითონაც ისე ელოდა, როდის შევიდოდნენ შიგნით... გიჟდებოდა ასეთ სიურპრიზებზე, მიუხედავად იმისა, რომ არასდროს არავის მიულოცავს დაბადების დღე მისთვის ასე. კი, მეგობრები ყოველთვის მიდიოდნენ ხოლმე, მაგრამ არა მოულოდნელად, უცნაურწარწერებიანი ტორტით და უამრავი ბუშტით. სწორედ ასეთი სიტუაცია დახვდათ, კლუბში რომ შევიდნენ. ღმერთმა უწყოდა, როგორ მოახერხეს ყველას დაყოლიება და მუსიკის გამორთვა მაშინ, როცა მათ გარდა სხვებიც იყვნენ, მაგრამ სახვევის მოხსნამდე, ვერაფრით მიხვდა ენი, სად ამოყო თავი. აი, შემდეგ კი... მხოლოდ მისი მეგობრები კი არა, ისეთი ხალხიც მღეროდა დაბადების დღის სიმღერას, ვისაც არც კი იცნობდა.
- საუკეთესო სიურპრიზია! - სახეზე ხელები აიფარა გულაჩუყებულმა, შუშხუნებიან ტორტზე სანთლები რომ ჩააქრო და სურვილიც ჩაიფიქრა.
- დაიმახსოვრე, ბოლოს რომელი სანთელი ჩაქრა? - გადაუჩურჩულა დადიანმა ყურებამდე გაღიმებულ გოგონას, რომელიც არანაკლებ გულაჩუყებული უყურებდა იუბილარის მეგობრებთან ჩახუტების სცენას.
- უნდა დამემახსოვრებინა? - ახედა დაბნეულმა, იქნებ მეხუმრებაო, მაგრამ ღიმილიც რომ ვერ დაინახა, გაუკვირდა.
- ის, რომელიც ბოლოს ჩაქრება, უნდა მოიპარო, ღამით ბალიშის ქვეშ დაიდო და საბედოც დაგესიზმრება. - კვლავ არ შეცვლია ტონი. უფრო მეტიც, წარბიც კი არ შეხრია, ისეთი სერიოზული იყო და მხოლოდ მაშინ ჩაეღიმა, ნიცას რომ აუტყდა სიცილი.
ისე თავისუფლად გრძნობდა თავს, განსაკუთრებით კი, წეღანდელის შემდეგ. არავინ დაინტერესებულა ზედმეტად, არავის უკითხავს, რატომ სვამდა ანანასის წვენს არყის ნაცვლად, ან რატომ გადაიღო პიცის ორი ნაჭერი. თვითონაც მხოლოდ მოგვიანებით იგრძნო, როგორ მოშიებოდა. სახლში დაძაბულობისგან ლუკმა არ გადასვლია ყელში, აქ კი, მართალია, მოერიდა, მაგრამ მუცელმა საბოლოოდ თავისი გაიტანა.
- ამ კაბაში საერთოდ არ გეტყობა მუცელი... - ღიმილიანი სახით გახედა თორნიკემ, ბავშვები საცეკვაოდ რომ გავიდნენ და მხოლოდ თვითონ დარჩნენ ტყავის დივანზე.
- მოიცა! - თვალი ჩაუკრა ნიცამ, შემდეგ კი ნაცრისფერი ქსოვილი ტანზე გადაიჭიმა და მუცელი გამობზიკა. მართალია, არც ისე ძალიან, მაგრამ ოდნავ მაინც ეტყობოდა ამობურცული. - აბა?!
-ეს უკვე სხვა თემაა! - ჩაეცინა თვითონაც. - ძალიან გიხდება...
- რა?
- გაბერილი მუცელი. - ისე წარმოთქვა, წამითაც არ მოუშორებია მზერა მისი თვალებისთვის.
- ჯერ სად ხარ... - ისევ გაუცინა, გულაჩქარებულმა და სიტუაციიდან თავის დაძვრენა ისე სცადა, სინამდვილეში უფრო გაება.
- არ გინდა, ვიცეკვოთ?!

გაგრძელება იქნება პარასკევს
ავტორი ნათია ჯაგოდნიშვილი

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 2 /
Mერი
Aატრიალა თVალები მართლაც ცუდად ხვდება ყურს.ასე ხშIრად იმეორებს ავტორი 50 оттенков серого-ში.მაპატიეთ რუსულად რომ Mოვიხსენე.ზუსტი თAრგმანი არ ვიცი.აშკარად იქაური გავლენაა.
00:21 / 06-12-2016
გამოხმაურება / 0 /
თამუნა
ვიტანჯები ამ პატარა თავებით და ვსიო გადაწყვეტილია აღარ წავიკითხავ, სანამ დასასრულს არ დავინახავ.. მართალია კაცმა არ იცის როდის დაასრულებ ამ თავების ფონზე, მაგრამ წარმატებები.. :*
17:02 / 30-11-2016
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
e87a93