ნოველები

შეცდომა. თავი 23. „თამაში დიდებისთვის“

შეცდომა. თავი 23. „თამაში დიდებისთვის“
უფრო და უფრო უახლოვდებოდა ნიცა ისეთ თორნიკეს, როგორსაც ეჭვი ჰქონდა, მხოლოდ ახლობელი ადამიანები იცნობდნენ. სულ სხვანაირი იყო ნიღბების გარეშე. იმაზე ბევრად უკეთესი, ვიდრე შეუყვარდა. სიმართლე უნდა ითქვას, სინამდვილეში სწორედ ახლა შეუყვარდა, რადგან მაშინ მხოლოდ უაზრო აკვიატება იყო და მეტი არაფერი. მიუწვდომელი ახირება, რომელიც რადიკალურად განსხვავდებოდა რეალური სურათისგან.
- საერთოდ არ გეტყობათ, უფროსები თუ ხართ! - გაეცინა სტუმრებიდან ერთ-ერთს, მაგიდასთან რომ დაბრუნდნენ და ნიცამ თვალები დააჭყიტა. მაქსიმუმ ორი წლით იყო მათზე დიდი! ნუ, დადიანისთვის ბიძიას დაძახებაც კი
შეეძლოთ, მაგრამ თვითონ ჯერ ისევ თინეიჯერობის ბოლო წელში გახლდათ.
- ვინ არის უფროსი! - აიჭრა ბიჭიც. - თქვენზე მეტს ვსვამ და უფრო ფხიზლად გამოვიყურები!
- შენს ჭაღარას მაინც ვცეთ პატივი, ხო? - აფხუკუნდა ენიც.
- ბავშვები ნახე რა დღეში არიან, რა! - გაოგნებულმა გადახედა ნიცას.
მაგრამ შენც არ ხარ ამათზე დიდი...
- ცხრამეტის ვარ!
წარბი აუწია ნიშნისმოგებით.
- ეჰ, აღარც მახსოვს ცხრამეტის როდის ვიყავი...
და ბოლოს, დადიანიც დანებდა. ისე დასცინეს ასაკზე, თითქოს ოცდაოთხის კი არა, სამოცდაოთხის ყოფილიყო. ენი სერიოზულად ხარხარებდა, ჭაღარა გიპოვეო და ბოლოს, ისიც კი შესთავაზეს, თუ გინდა, უხერხულად რომ არ იგრძნო თავი, შენი დროის თამაში ვითამაშოთო.
-„მე არასდროს“!
გადაჭრით წარმოთქვა ბიჭმა.
- ეგ ახლაა პოპულარული!
გააპროტესტა ნიცამ. ნამდვილად არ აწყობდა ასეთი რისკი.
- მაგრამ მაშინ გაპოპულარულდა, მე რომ ვიყავი თქვენი ტოლი.
თვალი ჩაუკრა და როცა არც დანარჩენებს ჰქონდათ საწინააღმდეგო რამე, სასმისები შეივსეს.
- მე ვერ ვითამაშებ...
- რატომ?
- მგონი დაგავიწყდა, რომ ვერ ვსვამ. უკვე მეხსიერების პრობლემებმაც შემოგიტია?
დასცინა, კიდევ ერთხელ, მაგრამ საერთო შეთანხმებით გამონაკლისის დაშვების გადაწყვეტილებამდე რომ მივიდნენ, მაშინვე გაუქრა სიცილის სურვილი.

მართალია, უბრალო თამაში იყო და არც არავინ ამოწმებდა სიცრუის დეტექტორზე პასუხების რეალურობას, მაგრამ თვითონვე არ შეეძლო ტყუილის თქმა. სახეზევე ეხატა ყველაფერი და უარეს დღეში ვარდებოდა, ვიდრე შესაძლოა სიმართლის თქმის შემთხვევაში აღმოჩენილიყო. ახლა კი, როცა ნასვამი თინეიჯერების ჯგუფთან და რაც მთავარია, მათზე უარეს და უფრო მთვრალ დადიანთან ერთად უწევდა თამაში, ხვდებოდა, რომ ყველაფრისთვის მზად უნდა ყოფილიყო...

- მე არასდროს დამიდია მასწავლებლისთვის სკამზე ჭიკარტი...
წამოიწყო ერთ-ერთმა სრულიად უწყინარი ფრაზით და ის იყო, ნიცას შვებით უნდა ამოესუნთქა, გადავრჩიო, რომ ჯერ ის შენიშნა, როგორ აატრიალეს ბავშვებმა თვალები, მეცხრე კლასში ხომ აღარ ვართო და შემდეგ, როგორ შეთანხმებულებივით გამოცალეს ჭიქები.
- მე არასდროს მომიპარავს სიმინდი...
აჰყვა მეორე „პატიოსანიც“ და სადღაც სამი ან ოთხი ასეთი უწყინარი ფრაზის შემდეგ თორნიკემ თავი გადაიქნია და ისე ამოიოხრა.
- ასე არაფერი გამოვა. ახლა შეიძლება შემდეგმა ის თქვას, მე არასდროს გავპარულვარ გაკვეთილებიდანო და გულიც გამისკდება! თქვენ თვითონვე არ გინდოდათ თამაში „დიდებისთვის“?
- მორჩა, ჩაირთო...
ჩაიფხუკუნა ენიმ, თუმცა მის კლასელ ბიჭს იდეა მოეწონა.
- სახეცვლილი ვერსია ვითამაშოთ. კითხვებით.
- აი, ესმის ადამიანს, რასაც ვამბობ!
გაუხარდა დადიანს. მიყოლებით დავსვათ შეკითხვები, ოღონდ არა ისეთი, მასწავლებლის ჟურნალში ნიშანი გადაგისწორებიათ თუ არაო და თუ გაკეთებული გექნებათ, დალევთ. შევთანხმდით?
Image result
უცბადვე ჩამოაყალიბა წესები და ნიცას კიდევ ერთხელ გაეჭედა ნერწყვი ყელში. აქამდე, ასე თუ ისე, მარტივად გამოძვრა, მაგრამ როგორც ჩანს, თამაში სწორედ ახლა იწყებოდა...
- მე დავიწყებ!
ხელები ერთმანეთს ეშმაკურად გაუსვა თორნიკეს თანამოაზრემ და პირველი კითხვის ჯერიც დადგა.
- გაგიყალბებიათ თუ არა ოდესმე ასაკი, ღამის კლუბში შესასვლელად?

წარბები აათამაშა და თვითონვე მოსვა სასმელი, რამდენიმეწამიანი ფიქრის შემდეგ კი, ორი ბიჭი, ერთი გოგო და, რა თქმა უნდა, ნიცას გვერდით მოკალათებული ქერა და მწვანეთვალება ყმაწვილიც შეუერთდა. ჰმ, საერთოდ არ გაკვირვებია, ოდნავადაც კი...
- მოგიწევიათ თუ არა სიგარეტი სკოლის საპირფარეშოში?
განაგრძო მეორემ. ისე მარტივად წავიდა თამაში, რამდენიმე ჭიქის გამოცლის შემდეგ აღარავის ერიდებოდა ჩადენილის აღიარება. უფრო მეტიც, ერთმანეთს დასცინოდნენ, სასმელი ჯერ კიდევ რომ ჰქონდათ. უხერხულობაც მოიხსნა და რამდენჯერმე ისეთი კითხვაც გაჟღერდა, სულ აღარ ახსოვდათ, დადიანი ენის მეგობარი კი არა, უფროსი დეიდაშვილი რომ იყო.

- გითამაშიათ თუ არა პოკერი გახდაზე?
ცალყბად ჩაეცინა ერთ-ერთ ბიჭს და ელენეს ის იყო, უნდა დაელია, დეიდაშვილის მზერა რომ დააფიქსირა.
- ნუ ღელავ, მე მოვიგე!
თვალი ჩაუკრა და თვითკმაყოფილმა მოსვა...
ისე გაერთნენ, აღარც ცეკვა გახსენებიათ და სასმლის დამატებაც მოუწიათ. ნიცაც კი აღარ გრძნობდა თავს დაძაბულად. მხოლოდ ის აწუხებდა, თორნიკე საკმარისზე მეტადაც რომ დათვრა და ისე ჰქონდა მისთვის ხელი გადახვეული, საერთოდ არ ადარდებდა ეს ფაქტი.

- გადაგიღიათ თუ არა ფოტოები ნახევრად ან მთლიანად შიშველს?
და სწორედ ამ დროს გაისმა ისეთი შეკითხვაც, დადიანს სიცილი რომ აუტყდა.

- შენი დროც დადგა!
თვალი ჩაუკრა გვერდით მჯდომს და თვითონვე მიაწოდა ჭიქა, თუმცა ბავშვების მზერა რომ დააფიქსირა, მაშინვე განმარტა.
- ფოტომოდელია!
- ეგ არ ითვლება!

მაინც არ ნებდებოდა ნიცა. სუფთად იგებდა მთელი თამაშის განმავლობაში და ისეთ აზარტში შევიდა, აღარ უნდოდა გაფუჭება. იმდენი ეცადა, მაგრამ მაინც ვერ გაიტანა თავისი. დაბღვერილი შეჰყურებდა ბიჭს, თავისივე ხელით რომ მიუტანა „კოკა-კოლა“ ტუჩებთან, თუმცა წინააღმდეგობა აღარ გაუწევია.

კარგა ხანია, ასე მხიარულად არ გაუტარებია დრო. რამდენიმე საათი ისე გავიდა, ვერც კი შენიშნეს. თამაში რომ მობეზრდათ, უფრო ზუსტად კი, ბოროტული კითხვები ამოწურეს, ისევ საცეკვაოდ წავიდნენ. წეღანდელი ბუშტებიდან გაუხეთქავები ამოარჩიეს და ახლა იმაში შეჯიბრი გადაწყვიტეს, რომელი წყვილი გაძლებდა უფრო დიდხანს ისე, თან რომ ეცეკვათ და თან შუბლებსშორის მოთავსებული ბუშტი არ დავარდნოდათ. ერთი სიტყვით, მართლაც დაუვიწყარი მეთვრამეტე იუბილე ჰქონდა ენის.

თუმცა, ჩვიდმეტი ნოემბერი დაუვიწყარი მხოლოდ წვეულების გამო არ გამხდარა. უკვე შუაღამის პირველს იყო გადაცილებული, ნიცას მობილური რომ ამღერდა, რომელიც, კაცმა არ იცის რატომ, მაგრამ თორნიკეს ჰქონდა. გოგონაც გვერდით ეჯდა და ორივენი ისეთ კარგ ხასიათზე იყვნენ, დადიანი სიცილით აწვალებდა და თითქმის მიცემულს უკან ართმევდა.

- თორნიკე, დავიღალე!
გაეცინა, კიდევ ერთხელ რომ მოატყუეს და წართმევის დროს, სრულიად შემთხვევით გადაესვათ სენსორზე თითი, რამდენიმე წამში კი ის ხმა გაიგონეს, რომელმაც ორივეს გაუქრო სიცილის სურვილი.

- ახლა გავალ და...
დაისისინა ბიჭმა და სანამ ნიცა დაჭერას მოასწრებდა, მანამდე წამოიჭრა.
- კარგი, გეხვეწები, რა!
მაინც მოახერხა წინ გადადგომა.
- დაანებე თავი, თვითონაც არ იცის, რა უნდა.
- სამაგიეროდ, მე ვიცი და ვასწავლი, რომ იმის მოთხოვნა, რაც სხვას ეკუთვნის, არ შეიძლება!
- თორნიკე, გეყოფა! შეეშვი, რა...
ისეთი თვალებით ახედა, საუკეთესო ქალი მსახიობის სტატუსითაც არ გაუჭირდებოდა ჯილდოს მოპოვება, თუმცა დადიანის დამორჩილება მაინც ვერ შეძლო.

- არ ინერვიულო, ხუთ წუთში შემოვალ.
მხოლოდ ეს უთხრა, შუბლზე მოწყვეტით აკოცა და გარეთ იმ იმედით გავიდა, რომ არავინ გაჰყვებოდა.
რა თქმა უნდა, შეცდა. თანაც, ორმაგად. მხოლოდ ნიცა კი არა, ენიც გაჰყვა, როცა დაინახა, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო. კარგად იცნობდა საკუთარ დეიდაშვილს და იცოდა, რამე სერიოზული რომ არ მომხდარიყო, მის დაბადების დღეზე ასე არ მოიქცეოდა.
- ოჯახობით მოსულან!
გაეცინა ლექსოს, ამდენი რომ დაინახა.
- არადა, მე მხოლოდ შენ გთხოვე გამოსვლა, ლამაზო. რა იყო, დაცვასავით დაგყვება უკან?
შემდეგ კი, ის იყო, დადიანზე უნდა ენიშნებინა, რომ ფიზიკურად ვეღარ მოასწრო, რადგან ინერციით წასული მუშტის გამო თავის მარჯვნივ გადახრა მოუწია.
- იქნებ, ტვინი რომ გაგიმოძრავდება, მერე მაინც აღიდგინო ფიქრის ფუნქცია!
კბილებში გამოსცრა თორნიკემ, რომელსაც წამებშივე ჩამოეკიდა მკლავზე ის, ვის გამოც დაიწყო ყველაფერი.
- გეხვეწები, წამომყევი!
- არადა, არც მე მაქვს ნაკლები ქონება, ნიცა!
გაეცინა, გამსკდარი ტუჩის მიუხედავად და კიდევ მიიღო, ოღონდ ამჯერად სილა და თან უშუალოდ იმისგან, ვისაც მიმართავდა.
- აღარ გაბედო ჩემს ცხოვრებაში გამოჩენა, ლექსო! აღარასოდეს!
- ღმერთო, ცაცია მაინც ყოფილიყავით რომელიმე, როგორი უწესობაა!
მაინც არ წყვეტდა სიცილს. ეტყობოდა კიდეც, როგორი მთვრალი იყო და სწორედ ამის გამო უფრო გაჩერდა დადიანი. რაც არ უნდა ყოფილიყო, მაინც არ იჩხუბებდა, თუ დაინახავდა, რომ მოწინააღმდეგეს თანაბარი პირობები არ ჰქონდა.

- მე ვარ ცაცია!
მაგრამ მოულოდნელად, ენიც დაინახა და სანამ რამის გაკეთებას მოასწრებდა, დარტყმის ხმაც გაიგონა...
* * *
დიდხანს აღარც გაჩერებულან კლუბში. როგორც ელენემ მოგვიანებით უწოდა, კუნთების გავარჯიშების შემდეგ მალევე დაიშალნენ, თუმცა, ყველაზე ბოლოს, რა თქმა უნდა, მთავარმა ტრიომ დატოვა იქაურობა. იუბილარმა კი თავი გაიგიჟა, პირდაპირ სახლში წადით და მეც ტაქსი წამიყვანსო, მაგრამ თორნიკე რის თორნიკე იქნებოდა, ეს რომ დაეშვა. შენზე პასუხისმგებლობა ავიღე და ისეთი უნდა ჩაგაბარო პატრონს, როგორიც წამოგიყვანეო. პატრონისთვის ჩაბარებაზე კი, შემდეგ ისიც გაახსენდა, ერთ-ერთი მეზობელი რომ არიგებდა, რად გინდა, შვილო, ეროვნული გამოცდებისთვის ამდენს რომ ემზადები, მაინც უნდა გათხოვდე და პატრონი მოგხედავსო და ისეთი სიცილი აუტყდა, მთელი გზა აღარ გაჩერებულა. ბაღში რომ თაყვანისმცემლები ჰყავდა, ისიც კი გაახსენა.

- რომ გაიპარები, პირველად მე დამირეკავ, ხო გაიგე?!
- კი, როგორ არა, იმასაც გეტყვი, არ იდარდო, კარგი ბიჭია და ვრჩები-მეთქი.
- იცოდე, ჯერ მე უნდა გამაცნო! მე ხომ გაგაცანი ნიცა...
და ისე დაუფიქრებლად წამოაყრანტალა, ვერც მიხვდა, რატომ შეეცვალათ გოგოებს სახეები.
- მოკლედ, მოვედით უკვე და აბა, თქვენ იცით.
საბედნიეროდ, ისევ ენიმ მოახერხა სიტუაციის განეიტრალება.
- ჭკვიანად იყავით და ბავშვი არ გამიბრაზოთ!
შემდეგ კი, მხოლოდ ნიცასა და თორნიკეს კი არა, ტაქსის მძღოლსაც გულითადად დაემშვიდობა და არეული ნაბიჯებით გაუჩინარდა სადარბაზოში...

დიდი მანძილი არც ჰქონდათ სახლამდე დარჩენილი, მაგრამ ისე მხიარულად იმგზავრეს, საერთოდ ვერ გაიგეს, როგორ მივიდნენ. ძალიან სასაცილო იყო მთვრალი თორნიკე. მძღოლს საუბარი გაუბა და ისიც კი ახარა, მალე მამა უნდა გავხდე და ბავშვს ვაკონას ვარქმევთო. მოგვიანებით, ისიც გამოჩხრიკა, საჭესთან მჯდომიც რომ მეგრელი იყო და ერთმანეთისათვის ისეთი სახელების გაცვლა დაიწყეს, ნიცა ლამის მიმავალი მანქანიდან გადავიდა. თან ბრაზდებოდა, თან ეცინებოდა, მაგრამ უფრო მეტად ნერვები ეშლებოდა, ბავშვს ასე რომ დასცინოდნენ და ისე იფარებდა მუცელზე ხელებს, თითქოს ამით იცავდა სისულელეების მოსმენისგან.

- მამიკო, ხედავ რამდენი ადამიანი არჩევს შენს სახელს?
სახლში რომ მივიდნენ, საძინებელში შესვლამდე მუცელთან დაიხარა დადიანი და ისეთი გაღიმებული სახით ჰკითხა, იფიქრებდით, იმედიც კი გაუცრუვდა, პასუხი რომ ვერ მოისმინაო.
- თორნიკე, ძალიან მთვრალი ხარ!
გაეცინა გოგონას.
- ვარ!
აჰყვა თვითონაც და ახლა ტუჩებით მიეწება მუცელს.
- მალე გამოძვერი, რა!
შემდეგ კი, თვალი ჩაუკრა და წელში რომ გაიმართა, მხოლოდ მაშინ შეამჩნია, როგორი აჭარხლებული და გულაჩქარებული იდგა ნიცა.

- ჰოდა, როცა მთვრალი ხარ, უნდა დაწვე და დაიძინო...
გაუღიმა, მღელვარების გადასაფარად, ბიჭს კი ღიმილით გაეწელა ტუჩები, ყველაფერს რომ მიუხვდა.
- ჯერ რაღაც დამრჩა გასაკეთებელი...
და ისეთი ტონით წარმოთქვა, აშკარა იყო, ამჯერად ვეღარ გადაურჩებოდა ის, გულაკანკალებული რომ აჰკრობოდა კედელს და, სიმართლე ითქვას, არც უნდოდა გადარჩენა. თვალებიც კი მიეხუჭა და როცა ამდენი ხნის შემდეგ ისევ იგრძნო დადიანის ტუჩების გემო, თვითონაც მაშინვე აჰყვა. ბიჭი კი ისე ნაზად და ამავდროულად, ვნებით კოცნიდა, საბოლოოდ უკრავდა სუნთქვას. სულ ოდნავ ჩხვლეტდა წვერი, მაგრამ ესეც კი სასიამოვნოდ ეჩვენებოდა და ლამის ჩაიკეცა, თორნიკემ აუჩქარებლად რომ დაუკოცნა ჯერ ზედა და შემდეგ ქვედა ბაგე. ვერ იჯერებდა, ეს მართლა თუ ხდებოდა და ისიც კი არ აინტერესებდა, რომ შესაძლოა ყველაფრის მიზეზი ალკოჰოლი ყოფილიყო, როგორც მაშინ... რადიკალურად განსხვავებულს გრძნობდა ახლა თვითონაც და რატომღაც, ეგონა, რომ არა მხოლოდ თვითონ. ორივე მკლავი ძლიერად ჰქონდა შემოხვეული წელზე და მხოლოდ ეს იყო იმის გარანტი, მუხლებში ძალაგამოცლილი ძირს რომ არ ვარდებოდა, თუმცა ღრუბლებიდან კი მაშინვე დაეშვა, როგორც კი კოცნა დამთავრდა.

ღიმილის დაფარვასაც არ ცდილობდა დადიანი, ისე უყურებდა და კმაყოფილს მოექცია ქვედა ტუჩი კბილებს შორის. წელზე შემოხვეული მარჯვენა კი მოაშორა და ისიც მხოლოდ იმიტომ, თითებით ნიკაპი რომ აეწევინებინა. მაინც ვერ გაუსწორა თვალები ნიცამ. ისეთი არეული იყო იმ მომენტში, საუბრის კი არა, ფიქრის თავიც არ ჰქონდა და ბიჭიც მიუხვდა ამას. სიმართლე ითქვას, სათქმელი არც თვითონ ჰქონდა რამე, რადგან ვერც გაიაზრა, ისე დაიმონა სურვილმა. მთელი ძალით დაუარა ძარღვებში და ასე ახლოს მყოფმა, ვეღარაფრით შეძლო წინააღმდეგობის გაწევა. მხოლოდ სულ ოდნავ, მოწყვეტით შეეხო ცხვირის წვერზე, შემდეგ კი, საოცრად თბილი, თუმცა მაინც ეშმაკური ხმითა და დაბალი ტონით წარმოთქვა:
- ძილი ნებისა, ნიცა.
* * *
კვირაზე მეტი ისე გავიდა მომხდარიდან, აღარც ერთს არ შეუმჩნევია არაფერი. მართალია, იმ აშკარა ფაქტს, რომ ურთიერთობა დაუთბათ, ვერსად წაუვიდოდნენ, თუმცა განმეორების მცდელობაც კი აღარ ყოფილა და ორივე ზედმიწევნით იცავდა იმ ზღვარს, რომელიც, თვითონაც არ იცოდნენ, როდის შემოიღეს. გიორგობაც მეგობრებთან ერთად აღნიშნეს და იქეიფეს კიდეც, მაგრამ დადიანი, დამჯერი ბავშვივით, უსიტყვოდ შევიდა საძინებელში და ცოტა არ იყოს, ნიცას გულიც კი დასწყდა. არც მეორე დღისით შეუმჩნევია რამე, მხოლოდ ის იყო, სამსახურში წასვლის წინ რომ დახედავდა ხოლმე და ხან ლოყაზე უჩქმეტდა, ხანაც ცხვირზე ჩამოჰკრავდა თითს. პატარა ბავშვივით ექცეოდა და ერთხელ ჰელიუმიანი ბუშტებიც კი მიუტანა, გზაზე შემხვდა და მაშინვე შენ გამახსენდიო.

თვითონაც, რა თქმა უნდა, სიამოვნებით იფერებდა ამ ყურადღებას, მაგრამ მაინც ვერ ისვენებდა. ტანჯავდა ეჭვი, რომ დღითიდღე ემატებოდა თორნიკეს თვალში ინკუბატორის სტატუსი. ხანდახან ისიც კი ნერვებს უშლიდა, მუცელზე რომ მოუსვამდა ხელს და ბავშვს რამეს ეტყოდა. ისეთი ეჭვიანობა დაეწყო, ვერც ხვდებოდა, რისი ბრალი იყო ყველაფერი. ხანდახან იმასაც ფიქრობდა, რომ აჯობებდა, საერთოდ არაფერი მომხდარიყო ენის დაბადების დღის საღამოს. უფრო მარტივად შეეგუებოდა ახლანდელ მდგომარეობას. თითქმის აღარც ფიქრობდა შანსის არსებობაზე, როცა მოულოდნელად გაუღვიძეს იმედი და შემდეგ, ფაქტობრივად, ლეთარგიულ ძილში ჩააგდეს.

ტვინი სტკივდებოდა ფიქრით. დაიღალა ყოველ ღამე ერთსა და იმავეზე ნერვიულობით. ისიც კი უხაროდა, უნივერსიტეტში სამეცადინო რომ მოემატა. იმედი ჰქონდა, სხვა რამეზე რომ გადავერთვები, იმდენი დრო აღარ დამრჩებაო, მაგრამ ვერაფრით იშორებდა ვერც გონებიდან და მით უმეტეს, ვერც გულიდან. საღამოობით, ძილი ნებისას რომ უსურვებდა და საძინებელში ადიოდა ხოლმე, სანამ კარს არ მიიხურავდა, მანამდე ჰქონდა იმედი, შემაჩერებსო. ისე ელოდა... თორნიკე კი არ მიდიოდა.

არც ის ღამე იყო სხვებისგან განსხვავებული. ერთი ღამეღა რჩებოდა ზამთრის დადგომამდე და ამასაც ვერ გრძნობდა. საერთოდ არ აინტერესებდა აღარაფერი. თავი იმ ფილმის პერსონაჟი ეგონა, სეზონების ცვლილებას რომ ვერ გრძნობს, გაშეშებული ზის, ცხოვრება კი ისეთივე ან ოდნავ უფრო აჩქარებული ტემპით გრძელდება. გულაღმა იწვა ჩაბნელებულ საძინებელში, სანამ ისევ ახერხებდა ასეთ პოზაში მოსვენებას და უკვე შესამჩნევად წამოზრდილ მუცელზე ისვამდა ხელს, მოულოდნელად სახეზე სითბო რომ იგრძნო. ტიროდა და არც გაკვირვებია, მხოლოდ ერთი ამოიოხრა და დაღლილმა მოისვა ცხვირის წვერზე ხელი, მაგრამ რამდენიმე წამში ისეთი შეშინებული წამოჯდა, თვალები ლამის ბუდიდან გადმოსცვივდა. თითებზე შერჩენილი სითხე სულაც არ გამოდგა ცრემლი და უფრო მეტიც, სიბნელის მიუხედავად, აშკარად შეამჩნია, როგორ გაიკვალეს წითელმა წვეთებმა გზა ხელისგულისაკენ...

* * *
- როგორ ვნერვიულობ, დედი, ასე უპატრონოდ რომ მყავხარ მიტოვებული...
ღმერთმა უწყის, მერამდენედ ამოიოხრა ლალიმ და როგორ ეცადა თორნიკე, თვალების ტრიალი რომ შეეკავებინა. საათზე მეტია უკვე „სკაიპში“ საუბრობდნენ და დედამისი ისე დასტიროდა, თითქოს რამე უჭირდა.
- დედა, გეყოფა, რა! რა გაქვს სანერვიულო, პატარა ხო აღარ ვარ.
- გამხდარი მეჩვენები, თოკო...
დამწუხრებულმა გადაიქნია თავი და დადიანს ლამის თვალები შუბლზე აუვიდა იმ სახელის გაგონებისას, ათი წლის მერე რომ აუკრძალა ყველას.
- გაგითიშავ, იცოდე!
„დაემუქრა“ სიცილით, მაგრამ იმასაც ხვდებოდა, ეს თემა რომ ერჩივნა იმას, რაც, ადრე თუ გვიან, მაინც უნდა გაემხილა.
- გამითიშავ კი არა, შენ ის მითხარი, შვილო, ენის დაბადების დღეზე...
წამოიწყო ქალმა, მაგრამ მოულოდნელად კარზე რამდენჯერმე რომ დააბრახუნეს, თორნიკემ ისეთი სახით გახედა, მხოლოდ იმის თქმა მოასწრო, ერთი წუთით დამელოდეო და აღელვებული წამოდგა საწოლიდან.

ძლივს მოასწრო ნიცამ დაკაკუნება. ისე წასკდა ცხვირიდან სისხლი, წამებში გაუწითლდა სახის ნახევარი. საშინლად შეეშინდა... ცხვირიდან სისხლი როგორ არ წამოსვლია, ბავშვობაშიც იცოდა ხოლმე დიდხანს მზეში გაჩერებისას, მაგრამ ამდენი? არასდროს. გაჭირვებით გალასლასდა დერეფანში, თითქოს თვითონ არ ჰქონდა სააბაზანო და რამდენჯერმე დააბრახუნა გაშლილი ხელისგულით კარზე. ხელის შენაცვლებასაც ვერ ასწრებდა და უკვე აღარაფერი უკლდა პანიკას, თორნიკე რომ დაინახა. ხომ იცოდა, არც ექიმი რომ არ იყო და ვერც ვერაფერს უშველიდა ასე, მაგრამ მაშინვე იმედი მიეცა.

- ჯანდაბა, რა გჭირს?
თვალები გაუფართოვდა ბიჭს და ისე სწრაფად შეარბენინა სააბაზანოში, არც ის გახსენებია, დედა რომ ელოდებოდა და არც ის, ვიდეოთვალი ჯერ კიდევ ჩართული რომ იყო. - დამშვიდდი, ნუ გეშინია...
მაშინვე ცივი წყალი მოუშვა და თავისივე ხელით მობანა სახე. ერთი პლუსი ჰქონდა, ექსტრემალურ სიტუაციებში არასდროს იბნეოდა, ახლა კი, თვითონვე ამხნევებდა საკუთარ თავს, ყურადღება რომ მოეკრიბა.
- ბამბა მოიტანე...
დაგუდული ხმით ამოთქვა გოგონამ და ორივე ხელით ჩამოეყრდნო ნიჟარას. სისხლზე, სხვისიც რომ ყოფილიყო, მაშინაც ცუდად ხდებოდა და ახლაც ისე დაეხვა თავბრუ, ძლივს იკავებდა თავს, იქვე რომ არ ჩაკეცილიყო. წესით, როგორც ამბობენ, სუნი არ უნდა ჰქონოდა იმ ბლანტ და თბილ სითხეს, სახეზე რომ ჩამოსდიოდა, მაგრამ მაინც გრძნობდა რაღაც მომჟავოს და ეს კიდევ უფრო უძლიერებდა ღებინების შეგრძნებას.
- დავრეკო სასწრაფოში? ძალიან ბევრი მოგდის!
- ჯერ ბამბა მოიტანე!
ლამის შეუღრინა და როცა მიხვდა, ნერვებს რომ აჰყვა, შედარებით მშვიდად დაამატა.
- გთხოვ, მალე, სუნს ვეღარ ვუძლებ.
აი, მაშინ კი დაფაცურდა თორნიკე. ისიც კი დაავიწყდა, ბამბა სად ჰქონდა შენახული და რამდენიმე წამში, გახსნილი ლეპტოპიდან რომ გაიგონა ანერვიულებული ხმა, მხოლოდ მაშინ მოეგო გონს.
- გამაგებინებ, რა ხდება მანდ?!
შეშინებული უყურებდა ქალი, თუმცა სახეზევე ეწერა, ზედმეტად ბევრის დანახვა რომ მოახერხა.
- დე, არ მცალია ახლა, ცხვირიდან აქვს საშინელი სისხლდენა, მერე დაგირეკავ, რა...
მიაყარა სწრაფად და ლეპტოპითვე გავიდა დერეფნის ბოლოს მდებარე სასტუმრო სააბაზანოში, სადაც სამედიცინო ყუთი ჰქონდა შენახული.
- მარილი გახსენი წყალში და იმის ტამპონები გაუკეთე, წნევაც გაუზომე, არ დაუვარდეს. დამირეკე, როგორც კი მოახერხებ, სალაპარაკო გვაქვს!
მოუჭრა მოკლედ და თვითონვე გაუთიშა. ექიმი იყო და არც გაჰკვირვებია დადიანს, ასე სწრაფად რომ მისცა რჩევა, მაგრამ ბოლო სიტყვები მაინც ცუდად მოხვდა ყურში...
ძლივსღა სუნთქავდა ნიცა, ბიჭი ჭიქით ხელში რომ შეუვარდა სააბაზანოში და მდგომარეობის მიუხედავად, მაინც მოახერხა თვალების გაფართოება. რა ჯანდაბად უნდოდა ყავა, ეს ნორმალური თუა საერთოდ?
- ნუ იჭერ ხელს, მიმიშვი, - ისე სწრაფად მოუჭრა, კითხვის დასმაც არ აცადა, შემდეგ კი, ჭიქაში ბამბა ჩაალბო და რომ მიუახლოვდა, ცოტა არ იყოს, დაბნეული მზერა მიიღო პასუხად.
- მარილწყალია, ნუ გეშინია.
ჩაეცინა და ფრთხილად მოუწმინდა სისხლი ჯერ წყლით, შემდეგ კი, ის იყო, ტამპონის გაკეთებასაც მორჩა, რომ იგრძნო, როგორ ეცლებოდა ხელიდან გოგონა.

გაგრძელება იქნება  
ავტორი ნათია ჯაგოდნიშვილი

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 2 /
მაკა
გამარჯობს ავტორო,ძალიან მომეწონა ს რომანი და ძალიან გთხოვთ იქნებ ყოველ დღე დაამატოთ?ძნელია რამოდენიმე დღის ლოდინი როცა ინტერესი გაქვს,ძალიან გთხოვთ ამ ინტერესს ლოდინით ნუ დაგვიკარგავ
11:36 / 03-12-2016
გამოხმაურება / 0 /
მაკო
ძალიან საინტერესო რომანია და რატო გვაწვალებ ავტორო?დადეთ რა ყოველ დღე რა იქნება?ძალიან ძნელია როცა ინტერესი გაქვს დღეების ლოდინი
21:29 / 02-12-2016
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი