ნოველები

შეცდომა. თავი 24. „უსიამოვნო სიახლე“

შეცდომა. თავი 24. „უსიამოვნო სიახლე“
ისეთი სწრაფი რეაქცია ჰქონდა თორნიკეს, თვითონაც არ ელოდა. წამებში მოასწრო დაჭერა და აბაზანის კიდეზე რომ ჩამოსვა, ახლა საფეთქლებზე მოუსვა სველი ხელი. თუკი პირველადი დახმარების რამე გაეგებოდა, ახლა გამოავლინა ყველაფერი. თვითონაც შეეშინდა და თან ვერაფრით უხერხებდა ახსნას, იმ წამს რატომ ფიქრობდა მხოლოდ ნიცაზე და არა ორივეზე.
- გული გამიხეთქე! - ისეთმა შეუყვირა გონზე მოსულს, თითქოს ნიცას ბრალი ყოფილიყო რამე, მაგრამ არც ეს აცადეს. მხოლოდ ძლივს ამოიოხრა ახლად გამოფხიზლებულმა, გაიწიეო და წამებშივე ჩაეხუტა ბოლო კვირების განმავლობაში დამეგობრებულ უნიტაზს.

- გადი, გეხვეწები... - ამოიკნავლა, როცა იგრძნო, როგორ გადაუწიეს უკან თმა. მუხლებით იდგა ცივ მეტლახზე და ეს ცოტას აფხიზლებდა. მართალია, არა იმდენად, მარტო დარჩენა რომ შეძლებოდა, მაგრამ მაინც არ უნდოდა, ასეთ მდგომარეობაში დაენახა დადიანს. ღმერთო, როგორ რცხვენოდა, თუმცა წამითაც არ მოშორებია თორნიკე. არც ხვეწნამ გაჭრა, არც ჩხუბმა, მშვიდად იტანდა ყველაფერს და ბოლოსაც თვითონვე წამოაყენა.
- პირი დაიბანე და გავიდეთ.
- სად?
- ექიმთან, ნიცა, სად?!
- წნევის ბრალია სისხლდენა, არაფერია საშიში. წაკითხული მაქვს, რომ იცის...
- ნიცა!
- მართლა არაფერია, თუ გინდა, ხვალ წავიდეთ ექიმთან, ახლა არ შემიძლია, თან უკეთ ვარ.
- ხვალ დილითვე წავალთ.  
დანებდა საბოლოოდ და ძირს ჩამომჯდარს თვითონაც გვერდით მიუჯდა.
არც ის აწუხებდა, შუა ნოემბერში ცივ მეტლახზე რომ იჯდა და არც ის, შუაღამეს კარგა ხნის გადაცილებული რომ იყო. კედელზე თავმიდებული შეჰყურებდა თვალებმიხუჭულ ნიცას და არც ჩქარობდა ადგომას. ხედავდა, მუცლის წამოზრდის მიუხედავად, ფიზიკურად როგორი დასუსტებული იყო და ნერვები ეშლებოდა, არაფრით რომ არ შეეძლო დახმარება. დროდადრო, თვითონაც კითხულობდა ხოლმე ორსულობაზე სტატიებს, მაგრამ არსად ეწერა, როგორ შეიძლებოდა ტოქსიკოზის მოხსნა.
- შეგიძლია, წნევა გამიზომო? - ფიქრებიდან ნიცას ჩურჩულმა გამოიყვანა და ისეთი სახით გახედა, თითქოს ახალი მიწების დაპყრობას სთხოვდა.

- არ გვაქვს აპარატი...
ერთადერთ მიზეზს მოეჭიდა, მაგრამ ამანაც არ უშველა.
- მე მაქვს. ვგრძნობ, რომ დამივარდა და თუ ძალიან იქნება, მართლა მოგვიწევს წასვლა... - ძლივსღა საუბრობდა და ადგომაც არ უნდოდა, ისე იყო მოკალათებული. არ უნდოდა, სხვას გაესინჯა და სწორედ ამიტომაც გაურბოდა ექიმთან წასვლას. იცოდა, რომ ეს ისედაც გარდაუვალი იყო, რადგან მაია მხოლოდ კლინიკის გინეკოლოგი იყო, თვითონ კი სამშობიაროს მეანი სჭირდებოდა და რაღაც დროის შემდეგ სხვასთან უნდა გადასულიყო, თუმცა პროცესის ხელოვნურად დაჩქარების სურვილი დღევანდლამდე არ ჰქონია.
საშინლად უხერხულად გრძნობდა თავს, ასე რომ გამოვიდა. ჯერ იყო და საძინებელში შეეჭრა, შემდეგ იძულებული გახადა, მოევლო, ახლა კი, თავის ჭკუაზე არბენინებდა. არ უნდოდა, ისე გამოსვლოდა, თითქოს ავალდებულებდა, მაგრამ სისხლის დანახვისას ისე შეეშინდა, თორნიკე პირველი იყო, ვინც გაახსენდა.
- მოვიტანე, როგორ უნდა ვქნა? - ისევ ძირს ჩამოუჯდა აპარატით ხელში და პატარა ბავშვივით მისჩერებოდა.
- ეს გაიკეთე... - ფონედოსკოპი მიაწოდა, თვითონ კი სარტყელი გადაიჭირა მკლავზე. ცალი ხელით ააწყო ყველაფერი და თან ეღიმებოდა დადიანის სახის დანახვისას. აშკარად ეტყობოდა, როგორ ნერვიულობდა და სადღაც, გულის სიღრმეში, ესიამოვნა კიდეც. - ახლა ეს გამომართვი, სწრაფად მოუჭირე, შემდეგ ნელა მოუშვი და პულსაციას მოუსმინე...

ისე აუხსნა, პირველსავე ცდაზე გამოუვიდა, თუმცა მაინც დაბნეული უყურებდა. იმასაც გრძნობდა, ნიცას მზერა რომ არ შორდებოდა და ძლივს გაიგონა გულისცემა. მართლა დაბალი ჰქონდა წნევა, მაგრამ არა იმდენად, ექიმთან წასვლა რომ დასჭირვებოდათ. სისხლის დაკარგვის ბრალი იყო და ვერაფრით ხვდებოდა, როგორ ჰქონდა ასეთი სუსტი ორგანიზმი. ახლაც ისეთი გაფითრებული იყო, თვალები რომ დახუჭული ჰქონდა, დაძაბულიც კი აკვირდებოდა, ნამდვილად სუნთქავდა თუ არა.

-  ალუბლის ან ბროწეულის წვენს გიყიდი და მოვალ...
უკვე წამომდგომას აპირებდა, ნიცა რომ ჩააფრინდა. ორივე ხელით შემოეხვია ცალ მკლავზე და მხარზეც კი ჩამოადო თავი.
- მარტო არ დამტოვო...

ამოილუღლუღა ხმაარეულმა და რამდენიმე წამში სუნთქვა ისე დაუმძიმდა, არც გასჭირვებია იმის გამოცნობა, რომ ჩაეძინა.
თავი გადაიქნია გაღიმებულმა და ბუმბულივით აიტაცა ამხელა გოგო ხელში. ისეთი დაღლილი იყო, მაშინვე გაითიშა. ისედაც იმდენს უძლებდა ემოციურად. ხვდებოდა თვითონაც, როგორ ვერ ხვდებოდა, მაგრამ მხოლოდ იმის გამო ვერ მოექცეოდა სხვანაირად, თავი რომ კარგად ეგრძნობინებინა. ეს უარესი იქნებოდა და არც აპირებდა დამოკიდებულების შეცვლას, სანამ თვითონვე არ იქნებოდა რაღაც-რაღაცებში დარწმუნებული. ისედაც კარგად დაინახა, იმ კოცნით რაც გამოიწვია. არ ღირდა, საკუთარი სიამოვნების გამო მისთვის იმედი მიეცა და შემდეგ გაეცრუებინა. ასე უფრო დაიტანჯებოდა...
არც უფიქრია საძინებელში გაყვანაზე. თავისსავე საწოლში ჩააწვინა. ამ ღამით მარტოს ვერ დატოვებდა. შესაძლოა, დილით ეკამათათ კიდეც ამის გამო, მაგრამ ერჩივნა, ნიცას ჩხუბისთვის ესმინა, ვიდრე ასე უხასიათოდ მყოფი და დასუსტებული ენახა. საბანს რომ აფარებდა, მხოლოდ მაშინ გაეღიმა. ისეთი სასაცილო პიჟამა ეცვა, ვარდისფერი, თეთრი ცხვრებით. და ამან უნდა გააჩინოს ბავშვი?! ჩაეცინა კიდევ ერთხელ და ისე ფრთხილად შემოუარა ლოგინს, თვითონაც რომ ჩაწოლილიყო, თითქოს ფეხის ხმით შეძლებდა მის გაღვიძებას.
რაც მართალია, მართალია, ნამდვილად დაძაბული საღამო ჰქონდა და ყველაზე მეტად ის ეზარებოდა, მთავარი რომ წინ ჰქონდა. რაღაც მხრივ, აღარც ღირდა ამ საუბრის გადადება. ისე გამოსდიოდა, თითქოს დასამალი ჰქონდა რამე და სასირცხვილო, ასე კი, ნამდვილად არ იყო. კი, შეიძლება მას და ნიცას ერთმანეთი ისე არ უყვარდათ, ოჯახი რომ შეექმნათ, თუმცა იმაში დარწმუნებული იყო, ბავშვს არც ერთის სითბო რომ არ მოაკლდებოდა. აღარ იყო პატარა ბიჭი, პასუხისმგებლობას რომ გაქცეოდა, მით უმეტეს, მაშინ, როცა ამის სურვილი საერთოდ არ ჰქონდა...


* * *
ძალიან გაუგრძელდა დედასთან საუბარი. შელამაზებულად მოუყვა ყველაფერი და არ უთქვამს, რომ თვითონაც არ იცოდნენ, რას აპირებდნენ ბავშვის დაბადების შემდეგ. არც ის გაუმხელია, როგორ ვითარებაში გაიგო სიმართლე. ეს მხოლოდ მისი და ნიცას პირადი საქმე იყო და არავის, მათ შორის, არც მშობლებს არ ჰქონდათ ჩარევის უფლება. თავიდან უკმაყოფილო კი ჩანდა ლალი, ასე არ უნდა ვიგებდეო, მაგრამ ვერც იმას მალავდა, ბებიობა რომ ახარებდა. დეტალებში გამოჰკითხა ყველაფერი, რომელ ექიმთან დადიოდა, რამდენი გრამი იყო ნაყოფი, რომელ კვირაში იყო და კიდევ ათასი პროფესიული წვრილმანი. სამშობიაროც კი ურჩია და ექიმის ნომერიც ჩააწერინა, საუკეთესოა და არაფერს გაუჭირვებსო. პოტენციური სარძლოს გაცნობაც უნდოდა, მაგრამ ისე კატეგორიულად გამოუცხადა თორნიკემ, სძინავს და ვერ გავაღვიძებო, გაეღიმა კიდეც მის საქციელზე.
ლეპტოპმა რამდენჯერმე რომ დაიწრიპინა ბატარიის გამო, მხოლოდ მაშინ მორჩნენ საუბარს. თორნიკესაც ეზარებოდა სატენის ასაღებად ადგომა და თან ამდენი საუბრით ეშინოდა, რომ ნიცას გააღვიძებდა. დედამ გამოუცხადა, დათოს მე ვახარებო და დამშვიდობებისას იმის სიტყვაც ჩამოართვა, რომ აუცილებლად გააცნობდა შვილიშვილის დედას.

დაღლილი ჩაწვა და ხელები თავქვეშ რომ ამოიდო, ისე გახედა გვერდით მწოლ, მშვიდად მფშვინავ გოგონას, დაუკითხავად გაეწელა ტუჩები გასაღიმებლად. პატარა ბავშვივით ამოედო ორივე ხელი ლოყის ქვემოთ, ბაგეები ოდნავ ღია ჰქონდა და ჩაბნელებულ ოთახშიც კი ისეთი ლამაზი იყო... ფრთხილად შეეხო, სახეზე ჩამოშლილი თმის გადასაწევად და საშინლად გაუჭირდა ხელის უკან გამოწევა. ისეთი თბილი იყო... სულ ოდნავ ჩამოუსვა თითის წვერები და თან ღელავდა, არ გაეღვიძებინა. ნიკაპთან იყო უკვე მისული, ნიცამ ტუჩები რომ გაილოკა და შემდეგ მძინარე ისე მიუჩოჩდა, კომფორტულადაც კი მოიკალათა მის მხარზე. ლამის სუნთქვა შეეკრა. თავიდან ეგონა, რომ გააღვიძა, თუმცა შემდეგ მიხვდა, ჯერ კიდევ ძილში რომ იყო და უფრო დაიბნა. ახლა ასე უნდა დაეძინა?! გაურკვევლობაში მყოფმა დახედა და რამდენჯერმე სწრაფად დაახამხამა თვალები. ისეთი უჩვეული მდგომარეობა იყო მისთვის. გოგოსთან ძილი სექსის გარეშე... უჩვეულო კი არა, უფრო წარმოუდგენელი და ახალი. ისეთი დაძაბული იწვა, თითქოს საფრთხე ემუქრებოდა, თუმცა მალევე მოეშვა. ძილმორეულს, სიამოვნებდა ნიცას შამპუნის სუნი და სანამ საბოლოოდ მიეხუჭებოდა თვალები, მაინც მოასწრო და ფრთხილად შემოხვია ხელი სუსტ წელზე...

* * *
თავის ტკივილით გაეღვიძა ნიცას. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს მსხვილფეხა საქონლის ჯოგმა გადაურბინა. თვალების გახელაც კი არ უნდოდა, მაგრამ გამოფხიზლებისას, ცხვირში ნაცნობმა სურნელმა რომ შეუღიტინა, გაკვირვებულმა დააჭყიტა თვალები. ოთახის დანახვამდე იცოდა, სადაც იყო. დადიანის სურნელს მილიონში გამოარჩევდა და ახლაც ამიტომ ჰქონდა ასეთი რეაქცია. კარგად ახსოვდა გუშინდელი და ფანტაზიას ფრთების შესხმის საშუალება არ მისცა, მაგრამ ის ვერაფრით აღდგინა გონებაში, რატომ აღმოჩნდა ამ საწოლში. დაბნეულმა მოატარა თვალები გარშემო საათის ძიებაში, თუმცა ვერსად რომ ვერ შენიშნა, ისევ წამოდგომა გადაწყვიტა. ჰმ, თქვენც არ მომიკვდეთ! ისეთმა თავბრუსხვევამ დაუარა, ნაბიჯიც ვერ გადადგა. ღმერთო, როგორი იმედი ჰქონდა, რომ სამი თვის შემდეგ გაუვლიდა... რამდენიმე დღეში თერთმეტი კვირის ხდებოდა უკვე, ოდესმე ხომ უნდა მოეღოს ბოლო?! ნერვებმოშლილი შებრუნდა საწოლში და საკუთარი თავის დატირებას აპირებდა, კარის გაღების ხმა რომ გაიგონა.

- ოჰ, შუადღე მშვიდობისა!
გაეცინა თორნიკეს, რომელიც სინამდვილეში აბაზანიდან გამოვიდა. კი მაგრამ, რანაირად ვერ გაიგო წყლის ხმა?!
თუმცა, წყლის ხმა კი არა, ისედაც თავბრუდახვეულს, საერთოდ აერია გონება, წელზე პირსახოცშემოხვეული რომ გამოეცხადა და ასე უნამუსოდ შეახარბა პრესი. გაჭირვებით გადაყლაპა ნერწყვი და მაქსიმალურად ეცადა, თვალი მოეშორებინა, თუმცა, ერთადერთი, რაზეც იმ მომენტში ფიქრობდა, იყო ის, რომ არასდროს მონდომებია ასე ერთხელ დაშვებული შეცდომის ხელმეორედ ჩადენა.

-აქ რატომ ვარ? - სწრაფად დააფახულა წამწამები, არასწორი ფიქრების გასაგდებად.
- ოკუპანტი ხარ და იმიტომ. - დადიანმა კი ისე აიჩეჩა მხრები, ვითომც არაფერიაო და მართალია, ნიცას წამიერად გული გაუსკდა, ტანსაცმელს ხელი რომ დაავლო, თუმცა მაშინვე ამოისუნთქა, როგორც კი ისევ აბაზანაში გაუჩინარდა.
კიდევ ეცადა წამოდგომას. ნუთუ, აქ ჩაეძინა?! როგორ გაითიშა ასე. არა, უკვე სახიფათო საზღვარს უახლოვდებოდა, ეს კი იცოდა, რომ კარგს არაფერს არ მოუტანდა და საჭირო იყო, ეფრთხილა. ისე ეშინოდა კიდევ ერთი ტკივილის, ერჩივნა, შორს ყოფილიყო, მაგრამ მშვიდად.
- ახალი ამბავი მაქვს! - გამოსძახა მიხურული კარიდან და ისე გააგრძელა, პასუხს არც დალოდებია. - ჩემებს ბავშვზე ვუთხარი. - შემდეგ კი, თავი რომ გამოყო და ნიცას სახე დაინახა, უფრო აუტყდა სიცილი.
ამ უკანასკნელისგან განსხვავებით კი, გოგონას საერთოდ არ ეცინებოდა. უფრო მეტიც, ლამის სუნთქვა შეეკრა და ხერხემალშიც კი იგრძნო ჟრუანტელი. ჯანდაბა, ღმერთმა უწყის, რას იფიქრებდნენ და როგორ მიიღებდნენ. თუმცა, როდემდეღა უნდა დაემალათ?
- და?
- და დედაჩემმა თავისი ნაცნობი მეან-გინეკოლოგის ნომერი მომცა, რომელთანაც ერთ საათში უნდა ვიყოთ მიღებაზე. თვითონაც ექიმია და ეს საუკეთესოაო.
- რატომ უნდა მივიდე სხვასთან? - ისე იკითხა, თითქოს არ იცოდა.
- იმიტომ, რომ მაია ვერ გამშობიარებს. სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამის ვიზიტები ამოვწურეთ და ახლა კერძო ექიმის დროა. - თვალი ჩაუკრა და ფეხსაცმლის ჩაცმას რომ შეუდგა, მხოლოდ შემდეგ გახედა. - ნუ ხარ მასეთი სახით, გუშინ ისედაც დამპირდი, რომ წამომყვებოდი!

* * *
ვიზიტმა იმაზე უკეთ ჩაიარა, ვიდრე ელოდნენ. მართალია, ექიმი კაცი დახვდათ და თავიდან უხერხულადაც შეიშმუშნა, მაგრამ მის შესახებ ბევრი კარგი ჰქონდა გაგონილი ნაცნობებისგანაც, დედების კლუბიდანაც და რაც მთავარია, ყველაზე მეტად ის ამშვიდებდა, თორნიკეს დედამ რომ გაუწია რეკომენდაცია. პაციენტების შეფასება კიდევ სხვაა, მაგრამ ის გაცილებით მეტს ნიშნავს, როცა ექიმი კოლეგას ენდობა.
- მოხარული ვარ, არჩევანი ჩემზე რომ შეაჩერეთ. - გაუღიმა ბატონმა სოსომ. - ჯერ კი ძალიან ადრეა მშობიარობაზე ფიქრი, მაგრამ უფრო მეტი კონტროლი ორსულობას სჭირდება. პირველია, ხომ?
- დიახ... ანკეტაც მოვიტანე, ექოსკოპიებისა და ანალიზების ქსეროასლებიც მანდაა.
- ვნახავ ყველაფერს. თქვენ მანამდე ის მითხარით, ახლა მერამდენე კვირაა?
- ოთხში გახდება სრული თერთმეტი კვირა, მაგრამ ექოსკოპია მეტს მაჩვენებს.
- იქნებ თქვენ ითვლით ნაკლებს? - გაეცინა კაცს. ისე ყურადღებით ჩაჰყურებდა ქაღალდებს, არც ერთ ანალიზს არ ტოვებდა წაუკითხავს.
- არა, მე ზუსტად ვიცი. - გაუღიმა ნიცამაც. ჰმ, ასეთი დარწმუნებული საკუთარ სიტყვებში არასდროს ყოფილა და თორნიკესაც ჩაეღიმა ამის გაგონებისას.
- გუშინ ცუდად გახდა და წნევა ჰქონდა დაბალი.
- წნევა კი არ მქონდა დაბალი, მაღალი მქონდა, ცხვირიდან სისხლი წამსკდა და შემდეგ დამივარდა.
- ხშირად გემართებათ ასე? და საერთოდ, იკონტროლებთ წნევას?
- ამმ, არა... სისხლდენაც პირველად მქონდა. საშიშია?! - ახლა კი შეეჭმუხნა წარბები. აქამდე თუ გამწარებული ამტკიცებდა, არ არის საშიში და იცისო, ახლა თვითონაც ანერვიულდა. იქნებ, დააგვიანა? ხომ არ ჯობდა, გუშინვე წამოსულიყო?
- სასურველი ნამდვილად არ არის, მაგრამ საშიში უფრო ბოლო კვირებშია. საკეისროს ჩვენება თუ გვექნება, წნევა ხელს შეგვიშლის. თუმცა, სანერვიულოდ ნამდვილად არ ღირს, ჯერ საკმაოდ ადრეა. ახლა მე ანალიზებზე გაგიშვებთ და შემდეგ პასუხებით უფრო თამამად დაგელაპარაკებით. - გაუღიმა დამამშვიდებლად და მიმართვა გამოუწერა. ისეთი სასიამოვნო კაცი ჩანდა... ნიცამდეც ბევრი ჰყავდა რიგში ჩაწერილი და შემდეგაც არანაკლები ელოდა, მაგრამ ყურადღება და დრო არავისთვის დაუკლია.
ანალიზებიც აუღეს, დაჩხვლიტეს თითშიც და ვენაშიც, ექოსკოპიაზეც შეუშვეს, პატარამ კი არაფრით არ გაამხილა ვინაობა. ჯერ ადრეც იყო, წაკითხული ჰქონდა, რომ მეთორმეტე კვირაზე იგებდნენ სქესს, თუმცა იმედი მაინც ჰქონდა. რაღაცნაირად გრძნობდა, რომ გოგო იქნებოდა, თუმცა ის კი ვერ გადაეწყვიტა, უნდოდა თუ არა ეს. ისიც კი არ იცოდა ჯერ, როგორ წავიდოდა მათი ცხოვრება და ვერ ხვდებოდა, გოგოს უფრო გაუჭირდებოდა იმ სტატუსის ტარება, რომელსაც დიდი ალბათობით მიიღებდა, თუ ბიჭს. ცდილობდა, ამაზე საერთოდ არ ეფიქრა, მაგრამ მაინც ვერსად გაურბოდა ამ ფაქტს.
- ყიფიანი, თქვენი რიგია! - გამოსძახა ახალგაზრდა ექთანმა და მარტო აპირებდა შესვლას, დადიანიც რომ წამოდგა.
- აბა, ვნახოთ, როგორი გოგო ხარ... - მოულოდნელად, ძალიან შინაურულად მიმართა და ხელით სკამისკენ ანიშნა კაცმა, თვითონ კი პასუხებს გადაავლო თვალი. ისე სწრაფად კითხულობდა, ამაზეც ეტყობოდა, რამხელა გამოცდილება ჰქონდა.
- საშიშია რამე? - თორნიკე კი საერთოდ არ გამოირჩეოდა მოთმინებით.

- საშიში, ასე კონკრეტულად, არაფერი. ზოგადად, პირველი ტრიმესტრი საერთოდ საფრთხილოა, ნაყოფის მიმაგრება მიმდინარეობს და მუცლის მოშლის საფრთხეც არსებობს. ამ პერიოდში, სქესობრივი ურთიერთობისგანაც უნდა შეიკავოთ თავი, - სათვალის ზემოდან ახედა „წყვილს“ და მხოლოდ შემდეგ გააგრძელა. - თუმცა, ჩვენს შემთხვევაში, მხოლოდ ერთი კვირაღა დაგვრჩა გადასაგორებელი. მოკლედ, ჰემოგლობინი გაქვს დაბალი, მაგრამ წამლის დანიშვნა არ მინდა.
- ლურსმნებიანი ვაშლი რომ ვჭამო? - წამოიძახა ნიცამ, ბიჭს კი თვალები შუბლზე აუვიდა.
- რა უნდა ჭამო?!
- შენ რა ყოჩაღი გოგო ხარ! სამედიცინოზე სწავლობ თუ საიდან ამდენი ინფორმაცია? - გაეცინა სოსოს.
- არა, ინტერნეტში ვკითხულობ. - გამოუტყდა და ეცადა, შოკირებულ თორნიკეზე არ გასცინებოდა.
- ძალიან კარგი, მაგრამ ზედმეტად ბევრსაც ნუ წაიკითხავ, მოდიან ხოლმე ჩემთან დაპანიკებული გოგოები და ყოველგვარი ჩვენების გარეშე მთხოვენ საკეისროს.
- და არ აკეთებთ?
- მე იმას არ ვჭრი, ვისაც თავისითაც შეუძლია გაჩენა. მოკლედ, ჯერ ჩვენს საფიქრალს დავუბრუნდეთ და მშობიარობის ამბებზე ოცდამეთხუთმეტე კვირის შემდეგ ვისაუბროთ.
- ანუ ვაშლი...
- ვაშლიც და ნიგოზიც. ხილის ჩირი, ბროწეულის წვენი...
- შოკოლადი?
- მხოლოდ საბავშვო, „ქინდერის“ კვერცხი. სხვა არა. ჩაიც არ გინდა, უკოფეინო ყავა დღეში ერთი ჭიქა, კი ბატონო, ოღონდ ესეც მეთორმეტე კვირის შემდეგ. და წეღან რაც გითხარით, ისიც დაიმახსოვრეთ... - მრავლისმეტყველად გადახედა თორნიკეს, რომელიც სრულიად უდანაშაულო სახით იჯდა. ამჯერად მაინც არ ჰქონდათ მისი დადანაშაულების საფუძველი და ცოტა არ იყოს, ეწყინა.
- თუ რამე დამჭირდება...
- დამირეკავ ნებისმიერ დროს! - მაშინვე მიუხვდა ექიმი, რისი კითხვაც უნდოდა, შემდეგ კი, პატარა სავიზიტო ბარათიც გაუწოდა. - აბა, შენ იცი, თერთმეტში გელოდები, ანალიზებიც გავამეოროთ და ექოსკოპიაც, იქნებ დაგვენახოს, გოგოა თუ ბიჭი. - გაუღიმა და მალევე დაემშვიდობა.
ისეთი დამშვიდებული გამოვიდა ნიცა სამშობიაროდან, ისიც კი აღარ აღელვებდა, რომ უთხრეს, პირველი ტრიმესტრი ყველაზე საშიშიაო. ერთი კვირაღა რჩებოდა და სჯეროდა, ღმერთი რომ არ გასწირავდა. ლამის იყო, უკვე თითებზე დაეწყო დარჩენილი დღეების დათვლა.
- თერთმეტამდე ვერ გავიგებთ სქესს? - აბუზღუნდა თორნიკე, მანქანაში რომ ჩასხდნენ.
- რა ვიცი, შეეხვეწე, გადმობრუნდი, დაგვენახვე-თქო და იქნებ დაგიჯეროს. - მხრები აიჩეჩა და ეცადა, არ გასცინებოდა, თუმცა არ გამოუვიდა.
- მე ზეგ უნდა წავიდე... - დაიწყო შემპარავად. ისეთი ხმა ჰქონდა, აშკარად რაღაც სერიოზულის სათქმელად ამზადებდა.
- სად უნდა წახვიდე?
- გუდაურში... ერთი კვირით.
- ოჰ, რა გეგმები გვქონია! - გაეცინა, სანამ მიხვდებოდა, რომ თვითონ არაფერ შუაში იყო. - მოიცა, რა თქვი?
- ამ წლის ბოლო ნომრად, ყველაზე სექსუალური თორმეტი ქალის ფოტოებით კალენდარი უნდა გამოვუშვათ და მთელი გადამღები ჯგუფი მივდივართ. დიდი და სერიოზული პროექტია...
- რომელიც მაინცდამაინც გუდაურში უნდა გადაიღოთ. გასაგებია. - ჩაილაპარაკა გაბუტულმა. ვერც კი მოახერხა წყენის დამალვა, მიუხედავად იმისა, რომ ვერ გაიგო, რა ეწყინა. ზეგ თუ მიდიოდა, ათში ისედაც ჩამოვიდოდა და ექოსკოპიაზეც გაჰყვებოდა, მაგრამ ერთი კვირა მარტოს რა უნდა ეკეთებინა?!
- თერთმეტისთვის აქ ვიქნები.
- ვიცი.
- ნიცა, კარგი, რა! ამხელა გზაზე მგზავრობა შენთვის ჯერ არ შეიძლება, უნივერსიტეტშიც ამდენს ვერ გააცდენ...
- ისე ნუ გამოგყავს, თითქოს მხოლოდ ესაა მიზეზი! არ შეიძლება, სხვა ფოტოგრაფი რომ წავიდეს? რამე რომ მოხდეს, სად გეძებო, გუდაურში? - მიაყარა გაბრაზებულმა და მაშინვე მიხვდა, ზედმეტი რომ მოუვიდა. საშინლად ეგოისტობდა და ეს თვითონაც არ მოსწონდა, თუმცა ენაზე კბილის დაჭერასაც ვერ ასწრებდა, ისე უტევდა ხოლმე ემოციები.
აღარაფერი უპასუხია დადიანს. თვითონაც ნერვები მოეშალა, ასეთ ელემენტარულზე რომ ჩხუბობდნენ. სამსახური იყო, საბავშვო ბაღი ხომ არა, თავის ჭკუაზე რომ ევლო! ნამდვილად არ წარმოადგენდა ის პრობლემას, კიდევ ერთი ნომერი რომ აეღო დამატებით, თუმცა ერჩივნა, ახლა გაბრაზებული დაეტოვებინა, ვიდრე იქ მომხდარიყო რამე ცუდი.
- მაპატიე, ზედმეტი მომივიდა... - საკუთარ პრინციპებს ისევ ნიცამ გადააბიჯა, სახლში რომ მივიდნენ.
- გაპატიე.
- გინდა, საჭმელი გავაკეთო?
- ამით ცდილობ გამოსყიდვას? - გაეცინა და ისეთი სახით მიუბრუნდა, ლაპარაკის უნარიც წაართვა.
- არა, უბრალოდ მშია... - ამოილუღლუღა სიახლოვით დაბნეულმა და როცა გაიაზრა, რომ მაგიდასა და თორნიკეს შორის იყო მომწყვდეული, სასწრაფოდ გაეცალა.
- მერე, უბრალო საჭმლით უნდა აღვნიშნოთ ზამთრის პირველი დღე?
- აბა, რა გინდა, საცივის მზადება დავიწყო? - გაეცინა და მაცივარი გამოაღო რაიმე გემრიელის საპოვნელად. - აი, ინდაური არა, მაგრამ ქათამი გვქონია!
- ადი ოთახში, ადი და მე შევწვავ. შენი სერიალის ბიჭი თუ ვერა, იქნებ ქათმების დედოფალი გოგო რომ იყო, ის მაინც გავხდე ერთი დღით! - გაეცინა და სრული სერიოზულობით რომ ჩამოიცვა კისერზე წინსაფარი, ჩხიკინის ხმაც გაიგონა.
- მხოლოდ შენ არ იღებ ფოტოებს მოულოდნელად! - თვალი ჩაუკრა მობილურმომარჯვებულმა ნიცამ, შემდეგ კი, სამზარეულოს მაგიდაზე თვითკმაყოფილი შეხტა გემრიელი სადილის მოლოდინში...

გაგრძელება იქნება  
ავტორი ნათია ჯაგოდნიშვილი


FaceBook ბეჭდვა
ტეგები:
კომენტარები / 2 /
ნათი
იდეალური აზრიაააა
00:28 / 07-12-2016
გამოხმაურება / 0 /
ლიკა
ყოველდღე რომ დაწეროთ არ შეიძლება? :)))))
12:20 / 06-12-2016
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
e87a93