ნოველები

შეცდომა. თავი 25. „ექსტრემალური გასეირნება“

შეცდომა. თავი 25. „ექსტრემალური გასეირნება“
– შეგიძლია, საკუთარ რესტორანზე იფიქრო...
სრული სერიოზულობით წარმოთქვა ნიცამ, თორნიკეს მომზადებული ქათამი რომ გასინჯა, თუმცა მალევე დაამატა.
– ოღონდ, შენ თუ არ იქნები მზარეული.
და ისეთი ხითხითი აუტყდა, გაბრაზებული სახის დანახვამაც ვერ გააჩერა.
– აი, უმადურობა მესმის!
ჩაიდუდღუნა დადიანმა და ისე ჩაალაგა ჭურჭელი ნიჟარაში, თვითონვე გაუკვირდა, ნამსხვრევები ხელში რომ არ შერჩა.
– აწი ელოდე, კიდევ მოგიმზადებ რამეს!
– კარგი, რა!
სიცილს ვერ წყვეტდა გოგონა. რამდენჯერაც ტუჩების მოკუმვა სცადა, მაინც ვერ შეიკავა თავი და თორნიკეც ძლივს
ახერხებდა სერიოზულობის შენარჩუნებას.
– სხვათა შორის, კაცები უფრო კარგი მზარეულები ვართ!
– მაგრამ ყველას აქვს პირადი კრახი...
– ნიცა, მართლა მშიერს დაგტოვებ!
– კარგი, ჰო, ვხუმრობ!
თვალები აატრიალა და ისე მიეტუზა გვერდით, რთული გამოსაცნობი არ იყო, რატომ შეიცვალა პოზიცია.
– სოსომ რა მითხრა შოკოლადზე, გახსოვს?
შემდეგ კი წამწამები სწრაფად დააფახულა და ბიჭმაც ვეღარ გაუძლო მეტს. ტუჩიც კი მოიკვნიტა სიცილის შესაკავებლად, თუმცა არ გამოუვიდა.
–მერე, მე რა შუაში ვარ?
– თავში ხარ!
– გულშიც!
თვალი ჩაუკრა თვითკმაყოფილი სახით და ისე სწრაფად გაეცალა, პასუხს აღარ დალოდებია.
– გეხვეწები, რა...
რეპლიკაც კი არ შეიმჩნია, ისე მიჰყვა უკან. თითქმის სამი თვე სრულდებოდა, რაც შოკოლადი არ ეჭამა.
– ახლა შენ იმის ილუზიას იქმნი, რომ მარკეტში წავალ?
ახედა უკვე დივანზე მოკალათებულმა და მაგიდაზე ფეხებშემოწყობილმა, შემდეგ კი ტელევიზორი აახმაურა.
ისე გაბრაზდა ნიცა... თუმცა, წყენა უფრო იგრძნო, ვიდრე ბრაზი... რა გახდა ერთი შოკოლადი? სადმე გაექცეოდა ის უინტერესო გადაცემა, ცალი თვალით რომ უყურებდა? თუ ზედმეტად ბევრს სთხოვდა? ისედაც ამდენი ხნით ტოვებდა და ისიც კი არ იკადრა, ორსული გოგოსთვის სურვილი რომ შეესრულებინა. ალბათ, რამე განსაკუთრებული რომ მონდომებოდა, არც კი მოუსმენდა. ჰმ, მთელი ბავშვობა მხოლოდ იმის გამო ელოდა დაფეხმძიმებას, ქმარი წინ და უკან რომ ერბენინებინა, ახლა კი, რა გამოვიდა?

ნერვებმოშლილი გაბრუნდა სამზარეულოში. ისედაც საკმაოდ დიდხანს ედგა თავთან დოინჯშემორტყმული და ნამუსი რომ ჰქონოდა, აქამდეც შეაწუხებდა. შოკოლადზე მეტად, იმაზე დასწყდა გული, არაფრად რომ არ ჩააგდეს. რა, ასე ეწყინა ის ხუმრობა ქათამზე? ხომ მიხვდა, სერიოზულად რომ არ ეუბნებოდა?! თუმცა, ხანდახან პატარა მიზეზიც კი ჰყოფნიდა და ასეთ მომენტებში, იმის გარჩევაც გაგიჭირდებოდათ, რომელი უფრო ჭირვეულობდა.

– რომ ვუყვარდე, წავიდოდა...
ჩაიდუდღუნა ისე, თვითონაც ძლივს გაიგო და შემდეგ მთელი ძალით გადაატრიალა ონკანის გასახსნელი. დროულად სჭირდებოდა რამეზე ყურადღების გადატანა, სანამ ისევ უაზროდ იტირებდა. თუმცა არა, ამ შემთხვევაში სულაც არ იქნებოდა უაზრო. უყურადღებობა რა, განა პატარა მიზეზი იყო?!

ისე ახმაურებდა ჭურჭელს, თითქოს განგებ იქცეოდა ჭირვეული, პატარა ბავშვივით, მხოლოდ თვითონ რომ არ ყოფილიყო გაბრაზებული და სხვაც შეეწუხებინა. ხომ იცოდა, რომ ტელევიზორს უყურებდა და შესაძლოა ხელი შეეშალა, მაგრამ პირიქით, მისაღებიდან ხმა რომ არ ესმოდა, უფრო ეშლებოდა ნერვები. როგორ არ ეცადა ყურადღების მიქცევას, მაინც არაფერი გამოუვიდა. დარეცხილი ჭურჭელიც კი ხელმეორედ ჩაანარცხა ნიჟარაში, თუმცა ამაოდ. მხოლოდ იმას მიაღწია, საქმე რომ გაიორმაგა, თუმცა ეს დიდად არც ადარდებდა, ისე სიამოვნებდა ჟელეს სუნი.
ლამის მთელი საათი გაატარა სამზარეულოში და ბოლოს, იქ დარჩენის ვერანაირი მიზეზი რომ ვეღარ იპოვა, კვლავ დოინჯშემორტყმული გავიდა ტელევიზორისა და დადიანის დუეტის დასარღვევად, მაგრამ ბიჭი ვერსად შენიშნა. რომელიღაც სპორტული არხის კომენტატორი ეულად დაეტოვებინა, თვითონ კი წასულიყო. გასაღებებიც კი შეამოწმა და ადგილზე რომ არ დახვდა ისე გაუხარდა, ლამის შეიკუნტრუშა. ჰმ, მაინც გაიტანა თავისი!

ისე უცბად შეეცვალა ხასიათი, ბედნიერი წამოკოტრიალდა დივანზე და უაზროდ დაიწყო გადამრთველის წვალები. თვალებიც კი ეტკინა, ისე სწრაფად ცვლიდა არხებს, თუმცა დრო ვერაფრით გაჰყავდა, მოთმინება კი ელეოდა. ის მაინც სცოდნოდა, როდის წავიდა. ან... იქნებ სულაც არ წასულა მარკეტში და საქმე გამოუჩნდა? არა, გააფრთხილებდა. იმას მაინც ეტყოდა, რომ გადიოდა, აბა, სხვანაირად როგორ?! ნუთუ, ამხელა უყურადღებობას გამოიჩენდა?! ისევ ანერვიულდა. ნახევარ წუთში ერთხელ საათს დაჰყურებდა და ყოველ ჯერზე ხმამაღლა ქშინავდა, ისრები ასე ნელა რომ მოძრაობდნენ. მთელი პირველი სართული შემოიარა და ეს რომ არ ეყო, უკანა ეზოშიც გავიდა, იქნებ აქ ზის და მე მგონია, რომ წავიდაო. თქვენც არ მომიკვდეთ, ვერსად მიაგნო კვალს. მობილურსაც გამწარებული ათამაშებდა ხელში და ყოველ ვიბრაციაზე გული უფართხალებდა, სანამ მიხვდებოდა, სხვადასხვა აპლიკაციის შეტყობინება რომ იყო.
Image result for emily didonato chocolate
– გამოცდის შედეგებს რომ ველოდებოდი, მაშინ არ ვყოფილვარ ასეთი მოუთმენელი!
ამოიოხრა და ახლა მეორე სართულის დასაპყრობად გაემართა.
პრინციპში, იმხელა სახლი იყო, საერთოდ არ მოკვდებოდა მოწყენილობით. ექსკურსიის ჩატარებაც კი შეეძლო, უკვე გამოკვლეული რომ არ ჰქონოდა ყველაფერი. ბოლოს არჩევანი ისევ აივანზე შეაჩერა. ისე იყო დაპროექტებული, მეორე სართულის ყველა ოთახს ჰქონდა გამავალი კარი და სწორ კუთხეს თუ შეარჩევდა, ცენტრალური გზის დანახვაც არ გაუჭირდებოდა. ისე ელოდებოდა მანქანის გამოჩენას... თან ცდილობდა, არ შეემჩნია, საკუთარ თავსაც კი უმალავდა, მაგრამ ვერანაირად ხსნიდა იმას, რატომ დადიოდა უკვე კარგად დაბნელებულზე წინ და უკან მოუსვენრად.
– მეტი სასეირნო ადგილი ვერ იპოვე?
ლამის გული გაუსკდა, ნაცნობი ხმა რომ მოესმა ზურგიდან. რანაირად მოახერხა?! აი, ბედის ირონიაც ამას ჰქვია, მაინცდამაინც მაშინ შემოუხვია, ნიცა რომ სხვა მხარეს იყურებოდა?!
– ჰაერი არ მყოფნის და გარეთ გამოვედი.
წარბიც არ შეუხრია, ისე მოატყუა.
– შენ სად იყავი?
– მე მელოდებოდი?
ჩაეცინა და იდაყვებით დაეყრდნო ბეტონის მოაჯირს. უკვე საკმარისად კარგად იცნობდა საიმისოდ, რომ მიმხვდარიყო, როდის ატყუებდა, ეს შემთხვევა კი, საერთოდ არ ჰგავდა რეალობას.
– შენ რომ დაგლოდებოდი, პირველ სართულზე ვიქნებოდი და არა აივანზე. ვერ ვსუნთქავდი და გამოვედი.
– ახლა გაგიარა?
–არა!
– კარგი, წამოდი.
ისე მოუჭრა, აშკარა იყო, რაღაც ჰქონდა ჩაფიქრებული.
– სად?
– ხომ თქვი, ჰაერი არ მყოფნისო, ჰოდა წამომყევი.
თვალი ჩაუკრა და შემდეგ აღარც დალოდებია, ისე უბიძგა კარისკენ. თუ თამაში უნდოდა, მიიღებდა კიდეც, ოღონდ, რა თქმა უნდა, თორნიკეს წესებით!

* * *
– სერიოზულად?!
თვალები ლამის კეფაზე გადაუვიდა ნიცას, ავტოფარეხში ბაიკის წინ რომ აღმოჩნდა.
– შენ არ თქვი, ჰაერი არ მყოფნისო?!
აი, დადიანმა კი, ისეთი სახე მიიღო, თითქოს საერთოდ ვერ ხვდებოდა, რა იყო აქ გასაკვირი.
– მერე, რომელი ჟანგბადის ბალონი ეს ნახე?
– დამიჯერე, ნიცა, უკეთესია!
კიდევ ერთხელ ჩაუკრა თვალი და მოულოდნელად ჩამოაცვა ჩაფხუტი.
ისე სწრაფად მოხდა ყველაფერი, გააზრებაც ვერ მოასწრო, რომ უკვე ბაიკზე იჯდა და თანაც, წინ. ვერ უარყოფდა, არაერთხელ უოცნებია დადიანთან ერთად მისი „ჰარლით“ მგზავრობაზე, მაგრამ ახლა ოცნების ასრულებით გამოწვეულ სიხარულს კი არა, შიშს უფრო გრძნობდა. აი, სადამდე შეიძლება მიგვიყვანოს ტყუილებმა. თითებიც კი გაეყინა მღელვარებისგან. რა ჯანდაბის გამო დასვა წინ? რამე ისე რომ ვერ გააკეთოს? ველოსიპედითაც კი წლებია აღარ უსეირნია და ახლა პირდაპირ „დიდ ავიაციაში“ მოუხდა შებიჯება.
– ნუ მიყურებ მასე.
გაეცინა თორნიკეს, ბაიკი, ზედ შემომჯდარ ნიცასთან ერთად, გარეთ რომ გააგორა და ეზოდან გავიდნენ. თვითონ ჯერ არ ჩქარობდა დაჯდომას, გართობის წუთებს იხანგრძლივებდა, მაგრამ როცა შენიშნა, რომ მასზე მიშტერებულ ცისფერ თვალებში შიში თანდათან იზრდებოდა, თვითონაც ჩამოიცვა ჩაფხუტი.
– უკან მე დავჯდები, რა...
– გასასეირნებლად კი არ მიმყავხარ, ჟანგბადით უნდა ავავსოთ შენი ფილტვები!
გაუცინა და რამდენიმე წამში ზურგზე აეკრო.
მხოლოდ გულში კი არა, მთელ სხეულში გრძნობდა პულსაციას, ძრავა რომ აღმუვლდა. თვითონ რომ არ მოუწევდა მართვა, იმას კი მაშინვე მიხვდა, საკუთარ აკანკალებულ თითებზე თორნიკეს ხელები რომ იგრძნო, თუმცა მაინც ვერ მშვიდდებოდა. არც ცდილობდა დამალვას, ღრმად სუნთქავდა და გულში ლოცულობდა, სახიფათო არაფერი მომხდარიყო. ენდობოდა, როგორ არა, მაგრამ მაინც ვერაფერს გამორიცხავდა. სხვას რომ ვერ დაემორჩილებინა საჭე? იმაზეც გული უსკდებოდა, დადიანი ბაიკით რომ მოძრაობდა და ახლა თვითონაც... არა, აშკარად ხასიათის არასასურველი თვისებები გაუაქტიურა ორსულობამ.
– აბა, მზად ხარ?
აღრიალებული ძრავის ხმის გადასაფარად, ყურში ჩაჰყვირა ბიჭმა და თვითონაც ყვირილით მოუხდა პასუხის გაცემა.
– არა!
შემდეგ კი, მართალია, ფრთები არ გაუშლია, მაგრამ გაფრინდნენ.
ისე სწრაფად მოსწყდა „ჰარლი“ ადგილს, თვალის დახამხამებაც ვერ მოასწრო, სპიდომეტრის ისარი კი დაუზარებლად მიიწევდა წინ. სუნთქვაშეკრულს, ერთიანად მიაწყდა ჰაერის დიდი ნაკადი და ნაპირზე ამომხტარი თევზივით გააღო პირი. დიდი ხანია, ამხელა ადრენალინი არ უგრძვნია... დიდი ხანია კი არა, თითქმის არასდროს, იმ ნერვიულობას თუ არ ჩავთვლით, ორსულობის ტესტს რომ იკეთებდა. თუმცა, ახლა მაინც სულ სხვა გრძნობა ჰქონდა. თითქმის ცარიელ გზატკეცილზე მიქროდნენ და სისწრაფისგან, ასფალტზე დაფენილი, გამხმარი ყვითელი ფოთლები ისე ცვიოდნენ გარშემო, კარგი ფოტოგრაფი არაფრის დიდებით არ გაუშვებდა ამ კადრს ხელიდან.

– ხელების გაშლა მინდა...
დაიყვირა, სანამ გაიაზრებდა. ვერაფრით აღუდგა წინ სურვილს. მართლა უნდოდა. არ იცოდა, კიდევ თუ გამოსცდიდა ასეთ შეგრძნებას და აპირებდა, ახლავე მიეღო ყველაფერი.
– მიდი, - გაეცინა დადიანს. მიჩვეული იყო ასეთებს, ოღონდ პირიქით ხდებოდა ხოლმე. უკან მჯდარი გოგონები ხელებს კიდევ უფრო მჭიდროდ უჭერდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ სულაც არ ეშინოდათ. არც უკვირდა, საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი არასდროს შეჰპარვია. იცოდა, როგორც მოქმედებდა მდედრობით სქესზე, თუმცა რატომღაც, ახლა ამის გამოყენება არ მოუნდა. ამიტომაც დაისვა წინ. არ უნდოდა, ერთი რიგითი გასეირნება გამოსულიყო და სხვა არაფერი...

მოულოდნელად დაამუხრუჭა, ფიქრებმა ზედმეტად შორს რომ წაიყვანა. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს საკუთარმა თავმაც კი უღალატა და სასწრაფოდ გააგდო ყველა უაზრო იდეა გონებიდან. არა, ისეთ სიღმეში არ უნდა შესულიყო, ფსკერზე ფეხი რომ ვეღარ დაედგა. ჩაიძირებოდა, საკუთარ სურვილებში ჩაიძირებოდა და სხვაზე გახდებოდა დამოკიდებული. მოუთმენლად დაელოდებოდა მაშველ რგოლს და ყველაფერს დაკარგავდა, მასზე მუდმივად რომ ყოფილიყო ჩამოკიდებული. ერთადერთი იქნებოდა, რაც მის გადარჩენას შეძლებდა, ეს კი არ აწყობდა. ვერ იტანდა, სხვაზე რომ ხდებოდა დამოკიდებული და იმ გრძნობასაც, ადრეული ასაკიდანვე აბუჩად რომ იგდებდა, ახლა სწორედ ამიტომ გაურბოდა აღელვებული...
– ახლა ნამდვილად ვსუნთქავ!
აჟიტირებულმა მოიხადა ნიცამ ჩაფხუტი და პირველი თვითონ გადახტა ბაიკიდან. ისეთ ემოციებში იყო, ბოლომდე გამოხატვაც კი უჭირდა.
– ანუ მუშაობს.
ჩაეცინა და თვითონაც უკან მიჰყვა. სახლთან ახლოს, ტყის ბილიკზე იყვნენ. „ჰარლით“ სეირნობა როცა უნდოდა, ყოველთვის აქ მოდიოდა. ძალიან იშვიათად იყო მოძრაობა და შესაბამისად, არ უჭირდა მაქსიმალური სიჩქარის განვითარება.
– და თან როგორ! წამიერად გამომაფხიზლა და გამყინა!
აღმოხდა გულწრფელად. თითები უკანკალებდა კიდეც, თუმცა იმას კი ვერ ხვდებოდა, სიჩქარის გამო შესცივდა თუ მართლა თხლად ეცვა.
– აი, გამომართვი და უკან დავბრუნდეთ.
სწრაფადვე გაიძრო ქურთუკი, თუმცა იმისგან კი თავი შეიკავა, თვითონვე რომ შემოეცვა. ერთი დღეც უნდა მოეთმინა როგორმე, შემდეგ კი, მთელი კვირით რომ მოშორდებოდა, აუცილებლად მიხვდებოდა, რას გრძნობდა სინამდვილეში.
– თავი ფილმში მგონია.
გაეცინა გოგონას. თორნიკესგან განსხვავებით, სულაც არ უნდოდა ამ საღამოს დასრულება და ზედმეტადაც კი ცდილობდა წუთების გახანგრძლივებას. ხშირად არ ჰქონდა ასეთი მომენტები და არაფრის დიდებით არ გაუშვებდა ხელიდან. ბაიკზე ჩამოჯდა, დადიანის ტყავის ქურთუკში გახვეული და ანიშნა, რომ არსად ეჩქარებოდა.
– გიხდება...
ჩაეღიმა ბიჭს, ისე, რომ ბოლოს გაგონილი რეპლიკა არც შეუმჩნევია. რა უნდა ეპასუხა, როცა ფინალი თვითონაც არ იცოდა?!
– შენი „ჰარლი“ თუ შენი ქურთუკი?
– ჩემი ბავშვი მუცელში.
კიდევ უფრო მიუახლოვდა და მოტოციკლს ისე დაეყრდნო, სახიფათოდ საშიში მანძილიღა რომ აშორებდათ ერთმანეთს. რაც არ უნდა გაეკეთებინა, იყო მომენტები, როცა უბრალოდ ვერ ახერხებდა სურვილების გაკონტროლებას და ნებდებოდა. ახლაც ვერ შეძლო...

მოურიდებლად გადაუწია ჩამოყრილი თმა და კოცნის მოლოდინში გატრუნული ნიცა საერთოდ დაიბნა, მისი ტუჩები ყურთან რომ იგრძნო.
– იცი, რა ხდება ფილმში ასეთ დროს?
ჰკითხა დაბალი, შეცვლილი ტონით და პასუხად, სულ ოდნავ რომ დაუქნიეს თავი, მეტს აღარც დალოდებია. ყურთანვე აკოცა და გახშირებული სუნთქვა ყველაზე სასურველი რეაქცია იყო, რომლის მიღებაც შეეძლო.
აი, ნიცა კი, ძლივს იკავებდა თავს, თვითონვე რომ არ დაესწრო. პირველი შემთხვევა ხომ აღარ იყო, მაგრამ მაინც ჭკუიდან გადაჰყავდა. კანზე სუსტად ჩხვლეტდა დაბალზე მოზრდილი წვერი, თუმცა ბონუსად მაშინვე კოცნას იღებდა და ყბებს ძლიერად აჭერდა ერთმანეთს, საკუთარ თავზე კონტროლი რომ შეენარჩუნებინა. უკვე ტუჩის კუთხესთან გრძნობდა დადიანის შეხებას, მეტს რომ ვეღარ გაუძლო და გარისკა. სწრაფადვე შემოხვია ორივე ხელი კისერზე და ისე აკოცა, როგორის მიღებასაც თვითონ ელოდა ამდენ ხანს.
ყოველთვის, როცა ზედმეტად ახლო კონტაქტი ჰქონდათ, ერთი მაინც იყო მთვრალი, ეს შემთხვევა კი ისეთ გამონაკლისს წარმოადგენდა, თორნიკეს რისიც ეშინოდა. არ აწყობდა, თუმცა სურვილს ვერაფერს უხერხებდა და მოშორების ნაცვლად, კიდევ უფრო იკრავდა სხეულზე. ტუჩებს რომ შორდებოდა, ყელზე ინაცვლებდა, თხელი თითების შეხებას კისერზე კი, საერთოდ გადაჰყავდა ჭკუიდან. ვერც ხვდებოდა, როგორ უნდა გაჩერებულიყო, თუმცა სხვა გზა არ ჰქონდა. სხვანაირად არ შეიძლებოდა.
– ასე იქცევი და დამნაშავე მაინც მე გამოვდივარ...
ჩაიდუდღუნა და შუბლით ჩამოეყრდნო მხარზე.
– როგორ ასე?
ძლივს ამოთქვა ნიცამაც. ახლა ნამდვილად არ ჰქონდა ლაპარაკის თავი.
– მაცდუნებლად!
მოუჭრა მოკლედ, შემდეგ კი, თითქოს სხვა ტალღაზე გადართესო, მხოლოდ ერთი ამოიოხრა და მალევე ჩამოიცვა ჩაფხუტი. აქ მეტხანს გაჩერება უკვე აღარ შეეძლო...

* * *
უკვე სახლში აპირებდნენ შესვლას, ნიცამ რომ აიჩემა, ფილმის ყურება მინდა და ბატიბუტი აღარ გვაქვსო. განგებ წელავდა დროს, უფრო ცოტახანს რომ ყოფილიყო თორნიკეს გარეშე. ქურთუკის დაბრუნებასაც ეცადა, წინ რომ აღარ მოუწია დაჯდომა და გათბა, მაგრამ უარი მიიღო და აღარც გაძალიანებულა, სიამოვნებდა კიდეც ეს სურნელი და მზრუნველობა.
– უკვე გამზადებული ვიყიდოთ, რა...
აწუწუნდა დადიანი, მესამე მაღაზიიდანაც ხელცარიელებს რომ მოუწიათ გამოსვლა. უკვე საკმაოდ გვიანი იყო და არც ჰქონდა იმედი, სადმე სიმინდის მარცვლებს თუ იშოვიდნენ.
– რა ვიცი, როგორ ამზადებენ, ვერ გავრისკავ!
თვალები აატრიალა და რამდენიმე მეტრში დიდ სუპერმარკეტზე ანიშნა.
– აქ, წესით, უნდა ჰქონდეთ ხილ-ბოსტნეული!
მორჩილად მიჰყვებოდა თორნიკე და ისე მიაგორებდა რკინის კალათს, ეჭვიც არ შეჰპარვია, მხოლოდ ბატიბუტის საყიდლად შესულები, ნახევრამდე მაინც რომ გაავსებდნენ. ბედსაც კი შეეგუა და თავისთვის ენერგეტიკული სასმლის აღებას აპირებდა, თაროსთან მისულმა ძალიან ნაცნობი სახე როცა შენიშნა.
ჯერ ცალი წარბი ასწია, შემდეგ მეორეც მიაყოლა და დაელოდა, როდის შეამჩნევდა მოდურ ნაცრისფრად თმაშეღებილი ქალი. ტუჩებსაც ძლივს უყრიდა თავს, რომ არ გასცინებოდა, თუმცა მზერა რომ დააფიქსირა, მაინც ჩაიფხუკუნა.
– ჩემო საყვარელო!
წამოიძახა ქალმა და ის იყო, უნდა გადახვეოდა, ნიცა რომ შენიშნა და უკან გაიწია. არც კი მორიდებია, ისე შეათვალიერა შემფასებლური მზერით და ამით ისე გაერთო, მხოლოდ თორნიკეს სიტყვებმა მოიყვანეს გონს.
– მაყვალა ბებო!
ჩაეცინა და თვითონ ჩაეხუტა პირველი, რამდენიმე წამში კი, ჯერ შორს რომ გასწიეს და შემდეგ ნაჭრის ჩანთა მოხვდა მხარში, კიდევ უფრო აუტყდა სიცილი.
– მე შენ რა გაგაფრთხილე!
თვალებიდან ცეცხლებს აფრქვევდა ქალი.
- მაყვალა კი არა, მაკო! რამდენჯერ უნდა გაგიმეორო?!
– მაპატიე, მაპატიე!
დანებების ნიშნად ასწია ორივე ხელი და შემდეგ დაბნეულ ნიცას გახედა.
– მოდი, ბებო უნდა გაგაცნო!
– აი, ისევ!
თვალები აატრიალა ლამის სამოცდაათს მიკაკუნებულმა, თუმცა ახალგაზრდულად ჩაცმულმა და სილამაზეშენარჩუნებულმა.
– მა–კო!
– კარგი, მაკო!
თვალი ჩაუკრა თორნიკემ.
– გაიცანი, ეს ნიცაა, მოასწრებდა დედიკო თქმას...
– აი, თურმე ვინ ყოფილა!
და ქალსაც მაშინვე შეეცვალა გამომეტყველება. მზერა უფრო თბილი გაუხდა, თვალები კი აუციმციმდა. სწრაფად გადაეხვია და შემდეგ მუცელზეც მიეფერა.
– ასე უნდა ვიცნობდე, შე უნამუსო?!
ბოლოს კი, კვლავ შვილიშვილს დაუბრუნდა.
– მაპატიე, დამნაშავე ვარ!
გაუცინა და კალათი უნდა გამოერთმია, მზერით რომ გაბურღეს.
– შენ მე მართლა მოხუცი ხომ არ გგონივარ?! მოკიდე ახლა ამ გოგოს ხელი და წამოდით ჩემთან, აღვნიშნოთ.
– არა, ბე... ამმ, მაკო, დღეს ვერა. დაღლილია ნიცაც, უნდა დაისვენოს.
– თქვენ გვესტუმრეთ. თორნიკემ არაჩვეულებრივი ქათამი მოამზადა!
– არა, მაგას ვერ დავიჯერებ!
გაეცინა და ისეთი სახით გახედა შვილიშვილს, აშკარა იყო, რაღაცის თქმა რომ უნდოდა და გადაიფიქრა.
– თუმცა სტუმრობით, აუცილებლად მოვალ!
– ძალიან კარგი, ღვინოს შევარჩევ და წავიდეთ. ბაბუსაც დავურეკავ, ხო შერიგდით უკვე?
ტექნიკურად შეაპარა თორნიკემ და მაშინვე ინანა.
საოცარი ბებია-ბაბუა ჰყავდა. ასაკის მიუხედავად, არც ეჭვიანობას აკლებდნენ ერთმანეთს და არც კამათს. ახლაც, ლამის ერთი კვირაა, ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ. მაკო ტაროს კარტზე მკითხაობდა ხოლმე და ერთხელაც, შესაძლო ღალატის შესახებ რომ გაიგო, არც უკითხავს თაზოსთვის, ისე ჩაულაგა ბარგი. ისეთი მთხოვნელები მყავდნენ, მე კი შენ გამოგყევი და ასე მიხდი სამაგიეროსო?! ვერაფრით შეარიგეს და ახლა თორნიკე ენისთან ერთად აწყობდა გეგმებს, რაიმე გზა რომ მოენახათ.
თითქმის ნახევარი საათი გაჩერდნენ სუპერმარკეტში. თაროებს შორის სეირნობდნენ და ჭორაობდნენ. მაკომ ნიცაც კი დაპატიჟა, ეს რომ გუდაურში წავა, შენ შემომიარე და ყავა დავლიოთო. ისე შინაურულად ესაუბრებოდა, ვერც კი იფიქრებდით, ცოტა ხნის წინ თუ გაიცნო. დამშვიდობებისასაც, კიდევ ერთხელ ჩამოართვა სიტყვა და მხოლოდ შემდეგ მიუჯდა იისფერი „ფოლკსვაგენ ხოჭოს“ საჭეს.
– რა მაგარი ქალია!
გოგონამ კი ვერაფრით დამალა აღფრთოვანება და მარტონი დარჩნენ თუ არა, მაშინვე გაოგნებული სახით გადახედა დადიანს...

* * *
ისე მოვიდა დადიანის წასვლის დრო, ვერც შენიშნა ნიცამ. ზედმეტად სწრაფად გავიდა დარჩენილი დღე და დილით, სპორტულჩანთამოკიდებულმა რომ შეაკითხა ოთახში, ახალგაღვიძებულზე ძლივს აღიქვა სიტუაცია. არც იყო წესიერად გამოფხიზლებული, ფრთხილად იარეო, ის ჩაიბურტყუნა მხოლოდ და ისევ ჩაეძინა, შუბლზე ნაცნობი ტუჩების შეხება რომ იგრძნო.
გამოღვიძებულს, შეტყობინებაც დახვდა, უკვე ჩავედიო და მხოლოდ მაშინ გააცნობიერა, მთელი კვირით რომ მოუწევდა ამხელა სახლში მარტო დარჩენა. თორნიკესთან აღარც უკამათია ამ თემაზე, მაგრამ გულის სიღრმეში მაინც ეწყინა. კარგად იცოდა, ზედმეტად რომ ჭირვეულობდა, თუმცა თავს მაინც ვერაფერს უხერხებდა. მთელი დღე მოღუშულმა იარა. არც უნივერსიტეტში წასულა, უფრო მეტიც, პიჟამაც კი არ გაუხდია, ისე დაფრატუნობდა ოთახიდან ოთახში. წარმოდგენა არ ჰქონდა, რა ეკეთებინა. ხან ფილმი ჩართო, ხან წიგნის წაკითხვა დააპირა, მაინც ვერაფერს უდებდა გულს. ჭამაც კი არ გახსენებია და უკვე კარგად დაღამებული იყო, მაშინ რომ გამოაღო მაცივარი.
ლამის იკივლა, „ქინდერის“ კვერცხებით სავსე ცელოფანი რომ დაინახა. ღმერთო, არც კი ახსოვდა! არადა, სწორედ ამით დაიწყო ორი დღის წინ ყველაფერი. ჰმ, ანუ მაინც უყიდა! ისე გაუხარდა... თან ამდენი... ალბათ, წინასწარ განსაზღვრა დღეების რაოდენობა და თადარიგი დაიჭირა. ისე აღფრთოვანდა საკუთარი იდეით, გადათვალა კიდეც, თუმცა ცხრის ნაცვლად, თორმეტი ცალი დახვდა და საერთოდ დაიბნა. თუ ყოველგვარი ქვეტექსტის გარეშე უყიდა, რატომ მაინცდამაინც თორმეტი?! მოუსვენრად დაიწყო სამზარეულოს მაგიდაზე თითების კაკუნი და ბოლოს, თვითონვე რომ შეწუხდა, ერთი ამოიოხრა და კონტაქტებში თორნიკე მოძებნა...
– ასე მალე მოგენატრე?
მალევე მოესმა მართლაც მონატრებული ხმა, თუმცა არც კლუბის ხმაურის გარჩევა გასჭირვებია. ოჰ, უკვე ერთობა?!
– რატომ არ მითხარი, კვერცხები რომ მიყიდე?!
– არ გიკითხავს.
– დამავიწყდა! შენ კი, უნდა გეთქვა.
– რომ გდომებოდა, გაგახსენდებოდა.
გაეცინა და თან პარალელურად, ვიღაცას გასძახა, დამაცადე ცოტა ხანსო.
- მოიცა, ახლა შენ მე მართლა კვერცხების გამო მირეკავ?!
– აბა, გეგონა მომენატრე?!
თვითონაც ჩაეცინა. მთელი დღე წარბი არ გაუხსნია და ახლა რამდენიმე წამში გამხიარულდა.
– მაგრამ კიდევ მაინტერესებს რაღაც.
– ისევ კვერცხებზე?
– რა თქმა უნდა!
ვეღარაფრით იკავებდა სიცილს.
– რატომ თორმეტი?
– მოიცა, მაგას მართლა ვერ მიხვდი? სერიოზულად?
– უკვე ნერვებს მიშლი!
– რამდენი კვირის ხარ, ნიცა?
– თერთმეტის...
– მერე? მეთორმეტე კვირაში მანდ არ ვიქნები, ჰოდა, წინასწარ ავანაზღაურე...
– ისეთი ხმა ჰქონდა, შეეძლო დაეფიცა, როგორ ჩაეცინებოდა ცალყბად, ქვედა ტუჩს კი კბილებს შორის მოიქცევდა.
– სათამაშოები შეინახე და კოლექცია შევუგროვოთ.
– თორნიკე...
– გისმენ.
– მალე ჩამოდი, რა...
ძლივს ჩაილაპარაკა აცრემლებულმა, შემდეგ კი, სასწრაფოდ გაუთიშა, ხმამაღლა რომ არ ატირებულიყო...

გაგრძელება იქნება  
ავტორი ნათია ჯაგოდნიშვილი

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 3 /
nata
ჰმ, მთელი ბავშვობა მხოლოდ იმის გამო ელოდა დაფეხმძიმებას, ქმარი წინ და უკან რომ ერბენინებინა, ახლა კი, რა გამოვიდა?
02:59 / 09-12-2016
გამოხმაურება / 0 /
NGNL
გული ამიჩუყდა...
14:50 / 07-12-2016
გამოხმაურება / 0 /
ყველა კომენტარი
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი