ნოველები

შეცდომა. თავი 26. „გაუთვალისწინებელი შემთხვევა“

შეცდომა. თავი 26. „გაუთვალისწინებელი შემთხვევა“
რამდენიმე დღე ისე გავიდა, ნიცას არაფრით გამოუსწორდა ხასიათი. თვითონვე აწუხებდა ის მოწყენილობა, ამდენ ხანს რომ ვერ დააღწია თავი. აქამდე როგორ ძლებდა? ლამის მთელი წელიწადი ისე გაატარა, ურთიერთობა კი არა, თორნიკემ მისი არსებობის შესახებაც არ იცოდა არაფერი, ახლა კი? ისეთი შეგრძნება აქვს, თითქოს რაღაც აკლია. რაღაც ამოგლიჯეს შიგნიდან და ჟანგბადით ფილტვების ბოლომდე შევსებასაც კი ვეღარ ახერხებს. ნახევარი დარჩა, მიუხედავად იმისა, რომ რეალურად, ორგანიზმში ორი გული უცემს...

ზომბივით დადიოდა უნივერსიტეტში. ჭამაც მხოლოდ მაშინ ახსენდებოდა, შიმშილისგან გულისრევის შეგრძნება რომ
აწუხებდა და სხვა გზა არ ჰქონდა. ვეღარაფერს აკეთებდა. ყველაზე მეტად კი ის სტკენდა გულს, თორნიკესგან უყურადღებობას რომ გრძნობდა. ლამის დაიზეპირა მისი გვერდი სოციალურ ქსელში. ნახევარ საათში ერთხელ ამოწმებდა და სიახლე რომ ხვდებოდა, კიდევ უფრო ეზრდებოდა ყელში გაჩხერილი ბურთი. ისე ერთობოდა, არაფერს იკლებდა, ნიცა კი, საერთოდ არ ახსოვდა. დღეში ერთ შეტყობინებას თუ გაუგზავნიდა საცოდავად და მოკითხვისთანავე ასრულებდა საუბარს. განა, რა შეიცვალა? როგორ გახდა ასეთი უინტერესო? თუმცა, რაც არ უნდა მტკივნეული იყოს სიმართლე, მისთვის მიმზიდველი და საინტერესო პიროვნება არც არასდროს ყოფილა. გარკვეული გარემოება რომ არა, ახლაც ისევ შორიდან უყურებდა, კაფეტერიის კუთხესთან მდგარ მაგიდასთან მოკალათებული და ყოველ ახალ გოგოსთან გადაღებული ფოტოს შემდეგ ცრემლებს დაღვრიდა.

ვერ გაერკვია, გაუმართლა თუ უფრო პირიქით. ფაქტობრივად, ძალით ჩაუსახლდა, ცხოვრება დაუნგრია, გეგმები ჩაუშალა და კიდევ აქეთ ჰქონდა პრეტენზია, ყურადღებას რატომ არ მაქცევსო. პასუხი კი, სინამდვილეში ისეთი მარტივი იყო, ყველგან და ყველაფერში თვალში ეჩხირებოდა. გაურბოდა, აზელილ ფიქრებს კიდევ უფრო ურევდა, თუმცა, რაც არ უნდა ღრმად ჩაეძირა, ბოლოს მაინც, კიდევ უფრო გაზრდილი ტივტივდებოდა და ეკლებივით ესობოდა სხეულში ფრაზა „არ უყვარხარ“.

მართალიც იყო. არ უყვარდა. არც ის კოცნები ნიშნავდა არაფერს. კაცი იყო და იმ შანსს იყენებდა, რაც ეძლეოდა. ნიცას იმ ღამითაც ეგონა, რომ თითოეული შეხება მართალი იყო, სინამდვილეში კი, ორსულობის ტესტზე ორი წითელი ხაზი და არეული ცხოვრება მიიღო. ვერავის აიძულებდა, ყვარებოდა. არ ჰქონდა ამის უფლება. არც მოწყალება სჭირდებოდა, მიუხედავად იმისა, თავმოყვარეობა დიდი ხნის წინ რომ მოისროლა ნაგვის ურნაში. თუმცა, როგორც არ უნდა დაერწმუნებინა საკუთარი თავი, ყოველთვის არსებობდა წამი, როცა მასზე უკეთ არავინ იცოდა, ყველაფერს გასცემდა, თორნიკესგან იმის მეასედი სიყვარული მაინც რომ ეგრძნო, როგორი გრძნობითაც თვითონ უყვარდა...

* * *
საკუთარ თავსაც გაურბოდა დადიანი. სპეციალურად არ თქვა ამ პროექტზე უარი, როგორმე რომ მოშორებოდა ცოტა ხნით, ახლა კი ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს ძალით წამოათრიეს. ვერაფრით ახერხებდა კონცენტრაციას. უნდოდა, ყოველ წუთას დაერეკა და ეკითხა, როგორ იყო. არა, უყურადღებობით არც აქამდე გამოირჩეოდა, მაგრამ პირველი კითხვა, რომელიც თავში უტივტივდებოდა ხოლმე, ჯერ ბავშვს ეხებოდა და შემდეგ ნიცას. რაც თანმიმდევრობა შეიცვალა, მას შემდეგ შეეშინდა თვითონაც. იმ სიტყვის გაფიქრებისასაც კი აჟრჟოლებდა, რაც შეიძლებოდა ამ გრძნობისთვის დაერქმია.
ისე მუშაობდა, ასეთი მონდომებული ალბათ მხოლოდ მაშინ იყო, სტაჟირებას რომ გადიოდა და უფროსებისთვის თავის მოწონებას ცდილობდა. საუკეთესო კადრიც რომ დაეჭირა, მაინც ხელახლა იღებდა და მართალია, უჭირდა, მობილურს მაინც გამორთულს ატარებდა. სოციალურ ქსელშიც ბიჭებს თუ შეეხმიანებოდა, აკრეფილ ტექსტს ისევ შლიდა და თითებს იმტვრევდა, ზედმეტი რომ არაფერი მიეწერა. არ უნდოდა, იმის თავიდან ამოგდებას კი, რაც დაასუსტებდა, რთულად, მაგრამ მაინც შეძლებდა.

ყოველ ღამით კლუბში იყო, თუმცა იმას, რისი გაკეთებაც მართლა უნდოდა, უბრალოდ, ვერ ახერხებდა. არ შეეძლო. სხვას რომ მოეყოლა, მწარედ და ძალიან ბინძურად დასცინებდა, ახლა კი, თვითონ იყო საშინელ დღეში. მიუჯდებოდა ხოლმე ვინმე გრძელფეხებას, დაიწყებდა ჩვეულ რეპერტუარს, შემდეგ კი, სადღაც შუაში უკვე ხვდებოდა, ის გოგო კი არა, საკუთარი თავი რომ აღიზიანებდა. როდის აქეთ გახდა ასეთი პატიოსანი? კაცები ცოლებს ღალატობენ, ბოლოს და ბოლოს, ამას რა მოუვიდა?! ჯანდაბა, თორნიკე, მწარედ გაები, პირდაპირ ყურებში ჩაგავლეს!
საკუთარ თავზე ნერვებმოშლილი, მოუთმენლად ელოდა, წყვეტილ ზუმერს როდის ჩაანაცვლებდა მონატრებული ხმა, თუმცა, რატომღაც გოგონა არაფრის დიდებით არ პასუხობდა. სამი ცდის შემდეგ, უკვე გათიშვას რომ აპირებდა, მხოლოდ მაშინ გაიგონა ნაცნობი „ბატონო“ და მიხვდა, წარმოდგენაც არ ჰქონდა, რისთვის ურეკავდა. რა ეთქვა? ნახევარი საათის წინ არ მოიკითხა?

– როგორ ხართ? – განგებ დაამატა „თ“ და ყბებდაჭიმულმა ძლივს გადააგორა ყელში ნერწყვი.
– მშვენივრად. – მოუჭრა მოკლედ. აშკარად ეტყობოდა, ნაწყენი იყო და ეს კიდევ უფრო აღიზიანებდა. იცოდა, დამნაშავე რომ იყო და თავსაც ძლივს უძალიანდებოდა, მაგრამ მაინც არაფრის დიდებით არ იცვლიდა პოზიციას.
– თავად?
– როგორც ყოველთვის. რას აკეთებ, რატომ არ მპასუხობდი?
– არ მეცალა, სახლს ვაწყობ.
– აწყობ? რისთვის? რამე გამოვტოვე? – თავში მაშინვე ეცადა აღედგინა, ვინმეს დაბადების დღე ხომ არ ახლოვდებოდა, თუმცა ვერაფერი გაიხსენა.
– საშენო არაფერი. – ჩაეცინა კმაყოფილს.
– პატარა წვეულება გვექნება გოგოებს. მხოლოდ შენ კი არ ერთობი!
– ოჰო, მონდომება მესმის!
გაეცინა თვითონაც, სიტუაციის კომიკურობა რომ გაიაზრა. ორივე იმას ცდილობდა, თავი ძალიან ბედნიერი და უდარდელი გამოეჩინა და რაც ყველაზე სასაცილო იყო, ამას ერთმანეთის ჯიბრით აკეთებდნენ და არა საკუთარი სურვილით.
– სხვათა შორის, ენი და მაკოც დავპატიჟე!
– იმედია, დალევას არ აპირებ.
– შენგან განსხვავებით, მე რაღაც-რაღაცებში შეზღუდული ვარ. – დაისისინა და თორნიკემ მაშინვე წარმოიდგინა, როგორი სახე ექნებოდა ამ მომენტში.
– უნდა გავთიშო, ხელს მიშლი! – რამდენიმე წამში კი, ისევ მარტო რომ დარჩა, სიბრაზისგან თვალები აატრიალა და ისევ კლუბში დაბრუნდა, კიდევ ერთი კოვზის ნაცარში ჩასაგდებად.


* * *
წარმოდგენაც არ ჰქონდა ნიცას, საიდან მოაფიქრდა წვეულება. მსგავსიც კი არაფერი გაევლო თავში, უაზროდ რომ წამოაყრანტალა. თითქოს, უნდოდა ეჩვენებინა, უშენოდაც კარგად ვგრძნობ თავსო. სინამდვილეში კი, მობილური რომ ამღერდა, მხოლოდ ღმერთმა უწყის რის ფასად დაუჯდა, ამდენ ხანს რომ არ ეპასუხა. უკვე აღარ შეიძლებოდა ასე. თვითონვე გაუჭირდებოდა, როცა ყველაფერი დასრულდებოდა, ის კი, წერტილის დასმა გარდაუვალი რომ იყო, არც აეჭვებდა.
საბოლოოდ, მართლა მოეწონა წვეულების იდეა. მართალია, სხვა გზა აღარ ჰქონდა, მაგრამ რატომაც არა?! იმდენი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც ბოლოს ყველანი ერთად შეიკრიბნენ. ენისა და მაკოსაც გააცნობს მეგობრებს. იქნებ როგორმე გული გადააყოლოს და ერთი დღე მაინც გადააგოროს, დარჩენილი სამიდან.
დაუფიქრებლად გადაუსვა სენსორს თითი და ფავორიტებში დამატებული კონტაქტებიდან პირველივესთან დარეკა.
– გაცოცხლდი?! – თამომაც, ყოველგვარი შესავლის გარეშე რომ ჰკითხა, თვითონვე გაეცინა. არც ერთი სხვა სიტყვა ასე არ მოუხდებოდა მის ახლანდელ მდგომარეობას.
– წვეულება უნდა მოვაწყო!
– კაცი ჩამოგდის?
– თუ უნდა, სულ იქ დარჩეს. – წაიბუზღუნა, მობილური ხმამაღალ რეჟიმზე გადაიყვანა და თვითონ, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, მთლიანად შეძვრა გარდერობში.
– აბა, ადრე იყავი ექოსკოპიაზე, შე უნამუსო?
– არა, მაგას ოთხ დღეში გავიგებთ.
– მოიცა, ანუ მართლა გაცოცხლდი?!
– რა იყო, გეწყინა? – გაეცინა და ნაქსოვი სვიტრი რომ ჩამოიცვა, ლამის ამოიღმუვლა. ესეც დაუმოკლდა!
– არა, რას ამბობ, პირიქით, ხარჯებს ავცდი! – ჭეშმარიტად თხის რქისათვის დამახასიათებელი პასუხი გასცა და როცა დარწმუნდა, სრულიად უმიზეზოდ რომ აწყობდნენ წვეულებას, ლამის შამპანური გახსნა, მეგობრის დაბრუნების აღსანიშნავად.
დაახლოებით ასეთივე რეაქცია ჰქონდათ დანარჩენებსაც. ყველა სხვადასხვა მიზეზს ეკითხებოდა, ბოლოს კი, ისე უხაროდათ, რაღაც მომენტში გულიც კი დასწყდა ნიცას, სხვა რაღაცების ძებნაში, საკუთარი თავი რომ დაკარგა. მართლა აღარ ჰგავდა იმ გოგოს, როგორიც, თუნდაც, შარშან იყო. ისიც კი აღარ ახსოვდა, ჯგუფელებთან ერთად კლუბში ბოლოს როდის იყო. ჰმ, პრინციპში, „Welcome Party”-ს ღამეს. ამას რა დაავიწყებდა...
საყიდლებზეც მარტო წავიდა და საღამოსთვისაც ყველაფერი დამოუკიდებლად მოამზადა. ცოტა კი უჭირდა იმის აღქმა, როგორ უნდა ეყურებინა ფხიზელი თვალით ნასვამი, უფრო ზუსტად კი, მთვრალი დაქალებისთვის, მაგრამ ამასაც აიტანდა. არც ისე ბევრი რჩებოდა, ლაქტაციის პერიოდს თუ არ გაითვალისწინებდა. თუმცა, ჯერ ისიც არ იცოდა, ბავშვი ბუნებრივ კვებაზე ეყოლებოდა თუ არა... ჰმ, აი, ისევ, სრულიად შეუფერებელი თემიდან მაინც საწყის წერტილამდე მივიდა!

უკვე დიდი ხანია, ასე ემართებოდა და არც უკვირდა. ასეა თუ ისე, ცხოვრება მაინც რადიკალურად შეეცვალა და როგორი ცუდი ფაქტორებიც არ უნდა ჰქონოდა თანდართული, მუცელში მყოფი არსება მაინც უსაზღვროდ აბედნიერებდა, მიუხედავად იმისა, საკუთარ ტანსაცმელში რომ ვეღარ ეტეოდა. მაინც გაურბოდა მაღაზიების დავლას. ბოლომდე ებღაუჭებოდა ვიწრო ჯინსებსა და წელში გამოყვანილ კაბებს. ნამდვილად არ ჰქონდა დიდი მუცელი, მაგრამ იმისთვის კი საკმარისი იყო, გაჭირვებით ჩატეულ შარვალზე პირველივე ლუკმის ჩადებისას რომ ასწყვეტოდა ღილი.
კარზე ნაცნობი სტილით კაკუნის ხმა რომ გაიგონა, მაშინვე მიხვდა, ვინც იქნებოდა. ერთგვარი კოდი ჰქონდათ მას და თეკოს, რომელსაც წლებიც ვერ ცვლიდა და ახლაც მისაღებიდანვე გასძახა, ღიაა, შემოდიო. ურთიერთობაში, ნდობის შემდეგ, ყველაზე მეტად უშუალობას აფასებდა. ვერ იქნებოდა იმ ადამიანთან ახლოს, ვის გვერდითაც თავს დაძაბულად იგრძნობდა. უბრალოდ არ შეეძლო. მეგობრებთან კი უკვე იმდენი წელი და საერთო მოგონება აკავშირებდა, შეეძლო ისე მოქცეულიყო, როგორც იმ ოჯახის წევრებთან, რომელიც დიდი ხანია, აღარ ჰყავდა.

– ოჰ, მომესწრო გოგო! ტრიალებს ოჯახში! – გაეცინა თეკოს, მაგიდის გაწყობის პროცესში რომ წაადგა და სანამ გადაკოცნიდა, ჯერ მუცელზე მოეფერა.
– შენ გინდა მაეჭვიანო?! – ნიცას კი ეს მცირედი ნიუანსიც არ გამოჰპარვია და ისე დაქაჩა თვალები, ცოტა არ იყოს, ეტკინა კიდეც.
– არა, სამაგიეროს გიხდი, შენც ასეთი იყავი ჩემი ორსულობის დროს! – თვალი ჩაუკრა, შემდეგ კი თვითონაც სამზარეულოში გაჰყვა დასახმარებლად.
დანარჩენებიც მალევე მივიდნენ. ყველანი შეკრიბა, ქეთოს გარდა. ისე სწყდებოდა გული, მის ჩასვლამდე დარჩენილ დღეებს უკვე კალენდარზე ითვლიდა. დაურეკა კიდეც, მაგიდას რომ მივუსხდებით, „სკაიპში“ შემოდი და ვიდეოთვალით ჩაგვერთეო. რა თქმა უნდა, მაშინვე თანხმობა მიიღო და მეგობარი იმასაც კი დაჰპირდა, რეალურობისთვის, მეც მოვიდგამ სასმლის ბოთლსა და ჭიქასო.
აი, ნიცა კი, როგორ მხიარულადაც არ უნდა დაეჭირა თავი, გულის სიღრმეში მაინც საშინლად ნერვიულობდა, მაკოს მოსვლასთან დაკავშირებით. რაც არ უნდა იყოს და როგორ ახალგაზრდულადაც არ უნდა გამოიყურებოდეს, იმ ფაქტს ვერსად წაუვიდოდა, თორნიკეს ბებია რომ გახლდათ. მეტი კონკრეტიკისათვის, იმ კაცის, რომელსაც შვილს ყოველგვარი სტატუსის გარეშე უჩენდა...
– მეც მოვედი!
მალევე მოესმა მისაღებიდან ენის ხმაც. ეს გოგო კი, მცირე დროის მიუხედავად, მართლა ძალიან შეუყვარდა. – ბებო თავის „ხოჭოს“ დააყენებს და შემოვა. – თვალი ჩაუკრა „სარძლოს“, თამო გადაკოცნა, დანარჩენებს კი, დასაწყისისთვის, მხოლოდ მიესალმა.
– თუ მართლა ისეთია, როგორადაც აგვიღწერე, თავისუფლად შეგვეძლება ჩვენებურ თემებზე საუბარი, ნუ ღელავ.–შეუმჩნევლად გადაულაპარაკა ანიმ და გამამხნევებლად ჩამოუსვა მხარზე ხელი.
რამდენიმე წამში კი, იატაკზე ქუსლების კაკუნი რომ გაისმა, გოგონა მაინც ისე წამოდგა ფეხზე, როგორც პირველკლასელი დირექტორის დანახვისას. თავი ძლივს შეიკავა პირის დაღებისგან, ისეთ ფორმაში გამოეცხადა. შერცხვა კიდეც, ასე ელეგანტურად ჩაცმულის ფონზე, თვითონ უბრალო კაბაში რომ უნდა ყოფილიყო. ღმერთო, ნამდვილად იმ ტიპის ქალს წარმოადგენდა, კაცებს თავიანთ ჭკუაზე მხოლოდ თითების ტკაცუნით რომ ატრიალებენ. იდაყვში მოხრილი მარჯვენა ხელის თითები სწრაფად აათამაშა მისალმების ნიშნად, ნიცას კი გადაეხვია და მადლობაც გადაუხადა დაპატიჟებისათვის.
– უჩემოდ დაიწყეთ დალევა, გოგოებო? – წარბები აათამაშა, როცა ყველა გაიცნო და ცარიელი კოქტეილის ჭიქებსაც მოჰკრა თვალი.
– ამმ... მეგონა, თქვენ... – საშინლად დაიბნა გოგონა. ისე შერცხვა. არა, როგორ ვერ გაითვალისწინა, მაკოც რომ დალევდა?!
– ვიხუმრე, საყვარელო! – თვალი ჩაუკრა. – დღეს მანქანით ვარ და თან აუცილებლად უნდა დავბრუნდე სახლში, ალკოჰოლი სხვა დროს იყოს. მის გარეშეც მშვენივრად გავერთობი თქვენთან ჭორაობით...
და მართლაც, სულ მალე ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ არ გეყურებინათ, ვერც მიხვდებოდით, სრულიად სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები თუ იყვნენ. ისეთი თავისუფალი აზროვნება ჰქონდა, წამითაც არ უგრძნობინებია სხვებისთვის თავი უხერხულად. საკუთარი შვილიშვილიც კი არ დაინდო, როცა გაიგო, ამდენი ხნით იყო წასული.
– ყველა კაცი ერთნაირია, ჩემო კარგებო! – ამოიოხრა და თავის გაქნევით მიეყრდნო სავარძლის საზურგეს. – სანამ ფეხები შეტყუპებული გაქვს, კანიდან ძვრებიან, შემდეგ კი... ჰმ, გაიძვერები! – თვალებიც კი დააწვრილა ამის თქმისას და ენი მაშინვე მიხვდა, წინ კიდევ ხანგრძლივი საუბარი რომ ელოდათ. – აი, ჩემი თაზო... ორმოცდაათი წელია ცოლ–ქმარი ვართ და ცოტა ხნის წინ მაინც ისე გამაბრაზა, ახლა ყოველ დილით ხან თაიგულებს მახვედრებს მანქანის საქარე მინაზე და ხან შოკოლადებს მიგზავნის საღამოობით.
– ბებო, კიდევ რამდენ ხანს უნდა აწვალო?! – გაეცინა გოგონას. უკვე მართლა ერთობოდა სიტუაციით.
– რამდენიმე დღეც. უკვე მიხვდა, ჩემს იქით გზა რომ არ აქვს, ახლა დაკარგულის დაფასების ფაზასაც გაივლის და შემდეგ შევურიგდები. – ჩაეცინა და კოქტეილის ჩხირით მოსვა წვენი. – და თქვენც დაიმახსოვრეთ, კაცს არასდროს აგრძნობინოთ, რომ მის გარეშე თავს ცუდად გრძნობთ!
– ასე გაწვალებაც არ შეიძლება... – გაეცინა ირას. მართალია, ჩუმად უსმენდა, მაგრამ, ცოტა არ იყოს, მაინც უკვირდა. თინეიჯერობისას ასეთ თავქარიანობას კიდევ არა უშავდა, მაგრამ ამ ასაკში?!
– შემდეგში, თუ კიდევ განმეორდა, უარესს მიიღებს! არასდროს უნდა ამოწუროთ საკუთარი თავი. ოჯახი და ურთიერთობა მხოლოდ წვნიანების ხარშვა, ბავშვების მოვლა და საღამოს იმის მომიზეზება არ არის, რომ დაიღალეთ და თავი გტკივათ! კაცი ისე უნდა დაიჭირო, სხვაგან წასვლის სურვილი არც კი გაუჩნდეს!
– თუ უყვარხარ, არსადაც არ წავა! – ამოიოხრა ნიცამ, თეკომ და ანიმ კი ერთდროულად გააპროტესტეს, მასე მარტივადაც არ არისო.
– და თუ მაინც წავა, უკან არც უნდა დაბრუნდეს! – მაკოს აჰყვა თამო. ისე მოეწონა ეს ქალი, აღფრთოვანებას ვერ მალავდა.
– ერთი შეცდომის გამო ოჯახის დანგრევა უფრო ცუდია, ჩემი აზრით...
– ირა, კარგი, რა!
– რა, აბა, ამდენი წლის ოჯახი ასე ერთი ხელის მოსმით უნდა დაინგრეს?
– არა, საყვარელო, ზუსტად მაგიტომ ვამბობ, ქმარი მხოლოდ ბავშვების მამად და ოჯახის წევრად კი არა, პირველ რიგში, კაცად უნდა აღიქვა. როცა საწოლში ყველაფერი იდეალურადაა, სხვის კაბაში არ შეძვრება! – თვალი ჩაუკრა, შემდეგ კი, თვალები გაუფართოვდა და სწრაფად წამოდგა, რაღაც დამავიწყდაო.
რამდენიმე წამში დაბრუნდა უკან, სასაჩუქრე ჩანთით. საშუალო ზომის იყო, წითელი, შავი ატლასის ბაფთით. უსიტყვოდ ჩაუდო ნიცას კალთაში და საკუთარ ადგილს რომ დაუბრუნდა, სანამ შეკითხვას დაუსვამდნენ, თვითონვე წამოიწყო.
– ის, რასაც ახლა მე შენ გჩუქნი, დედაჩემს აჩუქა დედამისმა, როცა გათხოვდა. დედამ მე გადმომაბარა, ჩემი გოგოები კი, საერთოდაც გამეპარნენ და მივხვდი, ამის გარეშეც რომ მშვენივრად გაართმევდნენ თავს ყველაფერს. რელიქვია არა, წიგნია, მაგრამ, ნიცა, საყვარელო, დამიჯერე, ეს ყველა ქალს უნდა ჰქონდეს! – დამაინტრიგებელი სახით დაამთავრა გამოსვლა, გოგონამ კი, გაკვირვებულმა რომ ამოიღო წიგნი ჩანთიდან, ჯერ ერთიანად გაწითლდა, შემდეგ კი, უხერხული სიცილი აუვარდა.
ძველ, ფურცლებგაყვითლებულ და, როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, საბჭოთა კავშირის დროს გამოცემულ წიგნზე, გამოყვანილი ასოებით ეწერა: „თანამედროვე სექსის ტექნიკა“.
ყველას სხვადასხვანაირი რეაქცია ჰქონდა. ენი ახარხარდა, ანიმ ჩაიფხუკუნა, თვითონ ხომ საერთოდაც „გრეის ორმოცდაათი ელფერი“ აჩუქა ნიცას მეთვრამეტე დაბადების დღეზე. თამოს ჯერ თვალები გაუფართოვდა, შემდეგ, აჭარხლებული მეგობრის დანახვისას, სიცილი აუტყდა, თეკომ პირზე აიფარა ხელები და მხოლოდ მხრების კანკალით თუ მიხვდებოდით, რომ იცინოდა, ირას კი, იმ წუთას მოსმული წვენი გადასცდა და ხველა აუტყდა.
– არ მაინტერესებს, რომ ჩამოვალ, უნდა მათხოვო! – საბოლოოდ, „ლეპტოპში გამომწყვდეულმა“ ქეთომ განმუხტა სიტუაცია. ყველას სახეს სათითაოდ აკვირდებოდა და კიდევ უფრო სწყდებოდა გული, იმ მომენტში იქ რომ არ იყო.
– ჯერ ნიცას მაინც არ დასჭირდება! – გაეცინა ირას.
– კიდევ ერთი შეცდომა. – თავი გადაიქნია მაკომ. – თუ ექიმი საგანგაშოს არაფერს ხედავს, ჩვენც არ უნდა დავინახოთ. ორსულობა ავადმყოფობა კი არ არის!
– ჰო, მაგრამ... – როგორც იქნა, დასაჩუქრებულმა გოგომაც ამოიღო ხმა.
– რა? სოსომ რამე გითხრა?
– პირველ ტრიმესტრში არ შეიძლებაო...
– ჰოდა, ანუ მეორეში შეიძლება! – თვალი ჩაუკრა და ისე აიჩეჩა მხრები, თითქოს უკვირდა, რა იყო გაუგებარი. – გოგოებო, გზა კაცის გულამდე, მის კუჭზე სულაც არ გადის და ვერც ბავშვით შეინარჩუნებთ. მათ ქალები სჭირდებათ და არა მოუწესრიგებელი, მუდამ ხალათში გამოწყობილი და დაღლილი დიასახლისები! – წამოიძახა საარჩევნო დევიზივით, შემდეგ კი, ჯანდაბას, ერთი ჭიქა არაფერს მიზამსო და თვითონაც დაისხა ტეკილა.
– ბებო...
– სამყაროს ქალები ვმართავთ, ძვირფასებო! – ენის ყურადღება არ მიაქცია, საკუთარ თავში დარწმუნებული ხმით წარმოთქვა და ჭიქების ერთმანეთზე მიჭახუნების ხმა რომ გაისმა, იმ მომენტში ნიცამ ზუსტად იცოდა, როგორიც არ უნდა გამოჩენილიყო გარეგნულად, სინამდვილეში მაკოდ წოდებული მაყვალა ძლიერი და მიზანდასახული ქალი გახლდათ...

* * *
უკვე ჩაბარგებული და გასამგზავრებლად გამზადებული იყო თორნიკეს ჯგუფი, თოვა რომ დაიწყო. მთელი ღამე ისედაც თოვდა, მაგრამ ახლა ისეთი ბარდნა დაიწყო, მანქანით მგზავრობა კი არა, ორას მეტრში რა ხდებოდა, იმის დანახვა გაგიჭირდებოდათ. სასტუმროს ადმინისტრაციამაც გააფრთხილა, გადაღებას დაელოდეთ, თუნდაც მხოლოდ რამდენიმე საათით და თუ გადაუდებელი საქმე გაქვს, მერე წადითო. გუდაურში თოვლით ვერავის გააკვირვებდით და სწორედ ამიტომაც მიიღეს იქაურების გაფრთხილება სერიოზულად.
სათხილამურო სეზონი, როგორც წესი, თხუთმეტამდე არ იხსნებოდა ხოლმე. ზოგჯერ მაშინაც ხელოვნური თოვლი ჰქონდათ და რაღა ახლა განრისხდა ამინდის ღმერთი, თორნიკე ყოველგვარი მიზეზის მიუხედავად რომ უნდა დაბრუნებულიყო თბილისში?! მეორე დღისით სქესის გასაგებად მიდიოდა ნიცა და ამას არაფრის დიდებით არ გამოაკლდებოდა. საკუთარ თავსაც კი აჯერებდა, მხოლოდ ბავშვის გამო რომ ჩქარობდა, თუმცა, ცოტა არ იყოს, უჭირდა...
– არ მაინტერესებს, უნდა წავიდე!  წამოდგა ბოლოს მოთმინებაგამოლეული, რამდენიმე საათი უაზროდ რომ გაატარეს მისაღებში.
– შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ უღელტეხილი ჩაიკეტება... – შემპარავი ხმით წამოიწყო სასტუმროს მეპატრონემ. – გზის გაწმენდას კი, როგორც მინიმუმ, ერთი ღამე მაინც დასჭირდება. ახლა რომც გახვიდეთ, ხვალ საღამომდე მაინც ვერ ჩახვალთ.
– კარგი რა, თორნიკე, ერთი დღეს რას წყვეტს? – თვალები აატრიალა მიმიმ. დაველოდოთ და ხვალ გავემგზავროთ მშვიდად.
– ჩემთვის წყვეტს. – წარმოთქვა გადაჭრით და როცა მიხვდა, რომ არავინ მიჰყვებოდა, მხრები აიჩეჩა, თუმცა გადაწყვეტილება არ შეუცვლია.
ვერ დააღალატებდა. ასეთ დროს არ შეეძლო. ისედაც იკამათეს ამის გამო და ყველაზე მეტად იმას ვერ იტანდა, როცა ვინმეს საშუალებას აძლევდა, ეთქვათ „ხომ გეუბნებოდი“. სძულდა ეს ფრაზა, ვერ იტანდა და ბავშვობიდან მოყოლებული, ყოველთვის ცდილობდა, თავიდან აეცილებინა. ახლაც დარწმუნებული იყო, მთავარ მიზეზს რომ ეს წარმოადგენდა და როცა თითქმის ერთსაათიანი მგზავრობის შემდეგ, ისედაც ორმოცით მიმავალს, კიდევ მოუწია სიჩქარის დაგდება, მაშინ მიხვდა, სერიოზულ შარში გაეხვა. ყველაფრისთვის შეეძლო წინააღმდეგობა გაეწია, მთავარი იყო, მიზანი დაესახა და კბილებით გაიტანდა, რომ დასჭირვებოდა, თუმცა, არსებობდა სიტუაციები, როცა არაფერიც არ იყო მასზე დამოკიდებული და სამწუხაროდ, როგორც არ უნდა გაძალიანებოდა ბედს, ეს შემთხვევაც ერთ-ერთ მათგანს წარმოადგენდა...
თითქმის შეუძლებელი იყო მგზავრობა, ისე თოვდა. თხუთმეტი წუთის გზას ერთი საათი მოანდომა. უბრალო მანქანა რომ ჰყოლოდა, შეიძლებოდა ამისთვის მაინც დაებრალებინა, მაგრამ „მერსედესის“ ჯიპზე რა ნამუსით შეეწმინდა ხელები?!
– „ჯვარი“ ჩაიკეტა, ძმაო, არ გაგატარებენ ჯერ... – მოსაწევად ჩამოწეული ფანჯრიდან საპირისპირო მიმართულებით მიმავალი მანქანის მძღოლის ხმა რომ მოესმა, ისეთი გრძნობა ჰქონდა, თითქოს ის ხავსიც გამოაცალეს, ამდენ ხანს რომ ებღაუჭებოდა.
რა ჯანდაბა გაეკეთებინა ახლა?!

გაგრძელება იქნება  
ავტორი ნათია ჯაგოდნიშვილი
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 2 /
nino
Kargia magram es tvalebi dakacha da tvalebi aatriala kovel abzacshi ratom aris gamokenebuli ver vxvdebi. Eg cota ar ikos gamagizianebelia
20:26 / 11-12-2016
გამოხმაურება / 0 /
ნიცა
ძალიან კარგიაააა.ყოჩაG ავტორს.ველოდები ორშაბათს ძალიან
14:16 / 10-12-2016
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
e87a93