ნოველები

შეცდომა. თავი 27. „დაბრუნება“

შეცდომა. თავი 27. „დაბრუნება“
უკვე აღარ იცოდა ნიცამ, გაწბილებას, იმედგაცრუებას, წყენას თუ ტკივილს გრძნობდა, ათი დეკემბერიც რომ დაღამდა და თორნიკე მაინც არ გამოჩნდა. წესით, დილით უკვე სახლში უნდა ყოფილიყო. ხვალ ექოსკოპიაზე მიდიოდა, შეჰპირდა! ყბებდაჭიმული იჯდა სამზარეულოში და პრიალაზედაპირიან მაგიდაზე მობილურს ისე აკაკუნებდა, ღმერთმა უწყის, როგორ შერჩა მთელი. ყოველ წამს საათს ამოწმებდა და ხმას კიდევ უფრო უწევდა, ვაიდა, დარეკოს და ვერ გავიგონოო. არა, როგორ შეიძლება ასეთი უპასუხისმგებლობა? არც კი გააგებინა! საერთოდ ფეხებზე დაიკიდა! ეთქვა მაინც, თუ არ ბრუნდებოდა, არც ინერვიულებდა. უნამუსო!
საშინლად იყო გულნატკენი. რაც არ უნდა იყოს და როგორი ურთიერთობაც არ უნდა ჰქონდეთ, ბავშვის გამო მაინც უნდა ჩამოსულიყო. ნიცა თუ არა, ის მაინც არ აინტერესებს, გოგო ეყოლება თუ ბიჭი? გაბრაზებულმა დაახეთქა მობილური და ის იყო, ოთახიდან გასვლას აპირებდა, მოულოდნელად რომ აზანზარდა. ოჰ, იკადრა! უპასუხა, თუმცა ხმა არ ამოუღია. უსიტყვოდ ელოდა ახსნა-განმარტებას.
– ნიცა... – დადიანი კი დაეჭვდა, უსმენდნენ თუ არა საერთოდ.
– მესმის.
–დღეს ვერ მოვდივარ.
– არ გადამრიო! მე კიდევ მეგონა, უკვე გვერდით მეჯექი.
– საქმე გამოგვიჩნდა და...
– თორნიკე, არ მაინტერესებს! – შეაწყვეტინა მოულოდნელად და ისე გაუთიშა, პასუხს არც დალოდებია. აღარ უნდოდა ტყუილების მოსმენა. დაიღალა, მართლა ძალიან მობეზრდა. არაფერს მსგავსს არ წარმოადგენდა, ეჭვიანი ცოლის როლი რომ მოერგო და წესით, იმისთვისაც მადლობა ჰქონდა სათქმელი, საერთოდ რომ დაურეკა და გააგებინა.
მიზეზიც აღარ აინტერესებდა. რა უნდა ყოფილიყო ისეთი, ხვალინდელ დღეს რომ არჩია? რა გახდა საკუთარ შვილზე მნიშვნელოვანი? სანამ მის ხმას გაიგებდა, გულის სიღრმეში იმისიც კი ეშინოდა, რამე ცუდი ხომ არ მოხდაო, მაგრამ როგორც კი დაელაპარაკა, ნერვიულობა სიბრაზით შეეცვალა, რომელსაც ვერანაირი გარემოებით ვერ გააქრობდა...
მაინც ვერ დაიძინა ღამით კარგად. სულ რაღაც რამდენიმე საათში ბავშვის სქესი უნდა გაეგო და ამაზე ფიქრის ნაცვლად, ისევ სხვა რამ უტრიალებდა გონებაში. თითქოს, ვერც კი იაზრებდა, ასე მალე რომ დადგა ეს დღე. უკვე თორმეტი კვირა გავიდა ახალი ცხოვრების დაწყებიდან და მართლაც, ყველაფერი თავდაყირა დადგა. აღარ ჰქონდა ურთიერთობა ქალთან, რომელიც ერთადერთი ნათესავი იყო მშობლების გარდაცვალების შემდეგ. ეს ყველაფერი კი კაცის გამო, რომელთანაც ასევე მალე მოუწევდა ურთიერთობის გაწყვეტა. რანაირი ბედი აქვს ამისთანა, ყველაფერი უკუღმა რომ წაუვიდა? რამდენიმე თვის წინ ვინმეს რომ მოეყოლა, არც კი დაუჯერებდა, თუმცა ყველაზე ცუდი ამ მდგომარეობაში მაინც ის იყო, რომ იცოდა, ახლა რომ ყოფილიყო თვრამეტი სექტემბრის საღამო, მაინც იმავეს გაიმეორებდა...

* * *
მთელი ღამე მანქანაში გაატარა. მობილურიც დაუჯდა და გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ უკვე სულს ღაფავდა. რა თქმა უნდა, დატენვა კი შეეძლო, მაგრამ ისედაც უხეიროდ გაჭედილს, აკუმულატორის ენერგია ამაზე დასახარჯად არ ემეტებოდა. უნდა აღიაროს, იდიოტივით მოიქცა. თოვა არა და არ გაჩერდა, თვითონ კი უღელტეხილზე აღმოჩნდა გაჭედილი. სასტუმროშიც ვერ მიბრუნდებოდა, წინ წასვლა კი ფიზიკურად არ შეეძლო. რატომ დასცინის ბედი ასე მწარედ?
განგებ არ უთხრა ნიცას. არ უნდოდა, ენერვიულებინა. ყველა პატარა დეტალიც კი ზედმეტად მიჰქონდა გულთან ახლოს და ეს რომ გაეგო, არც კი გაუკვირდებოდა დადიანს, სამაშველო რაზმი რომ დასდგომოდა თავს. ერთი მხრივ, ასეც აჯობებდა. როგორმე უნდა გაექრო ნიცასთვის გრძნობები და თუ ამისათვის ნაბიჭვარივით მოქცევა დასჭირდებოდა, მოიქცეოდა კიდეც ასე. თვითონაც იმიტომ უფრო უჭირდა ბრძოლა, მისკენ მიმართულ მზერაში, ყველაფრის მიუხედავად, მხოლოდ სიყვარულს რომ ხედავდა. არ შეეძლო. უარს ვერ ამბობდა ამაზე და ზუსტად ამიტომაც აღმოჩნდა ახლა გაჭედილი, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით.
საბოლოოდ დაიწრიპინა მობილურმა, ოთხ პროცენტზე რომ ჩამოვიდა და სანამ გაითიშებოდა, მაინც მოასწრო დარეკვა.
– მშვიდობა გაქვს? – პირველივე ზარის შემდეგ მოესმა მეგობრის გაოგნებული ხმა. არც გაკვირვებია, უკვე თენდებოდა...
– ალექს, ჯვრის უღელტეხილზე ვარ გაჭედილი.
– ამოვალ!
– სად ამოხვალ! – გაეცინა სიტუაციის წარმოდგენისას. – მისმინე, მობილური მიჯდება, ხვალ, უფრო სწორად, უკვე დღეს საღამომდე ვერ ჩამოვაღწევ, ნიცა კიდევ ექიმთანაა დაბარებული. ჩემი ინტერნეტბანკის მონაცემებს დაგიმესიჯებ და თანხა გადაურიცხე რა, აქედან ვერ ვახერხებ.
– ბიჭო, მაგის გამო აჯენ მობილურს? მივხედავ ყველაფერს მე თვითონ!
– არა, მოიცადე, არ იცის, აქ რომ ვარ. სასტუმროში ვრჩები–მეთქი, ვუთხარი და არ წამოგცდეს, იცოდე!
– დადიანი, რას ხლართავ?
– არაფერს, უბრალოდ, არ უთხრა. წავედი, ითიშება. – შემდეგ კი თვითონ დაასწრო მობილურს და სანამ ხელიდან გამოეცლებოდა, ალექსს წინასწარ აკრეფილი მონაცემები გადაუგზავნა...

* * *
დილითვე წავიდა ნიცა ექიმთან. დაბარებულზე არც ერთი წამით ადრე და არც გვიან... ზუსტად იცოდა, აზრი არ ჰქონდა ლოდინს. უბრალოდ, არ მოვიდოდა. საქმე არჩია და იმიტომ... როგორი მტკივნეულიც არ უნდა ყოფილიყო, რეალობას ვერსად გაექცეოდა.
ისე ღელავდა... თითქოს, იცოდა კიდეც, რასაც ეტყოდნენ, მაგრამ მაინც ნერვიულობდა. პირიც კი გაუშრა და ექოსკოპიის კაბინეტში შესვლისას ძლივს გადადგა ნაბიჯები.
თორნიკე? არც კი დაურეკავს! საერთოდ არ გამოჩენილა, არც სოციალური ქსელში... ნუთუ, ასე ძალიან სულერთი იყო მისთვის? არ უნდოდა დაჯერება. ჰორიზონტალურ მდგომარეობაში მწოლიარეც, ბავშვის გულისცემის მოსმენის პარალელურად, იმაზე ფიქრობდა, რა იქნებოდა ახლა, თავთან რომ დასდგომოდა და მისი თითები თავის ხელებში მოექცია, შემდეგ ცრემლები მოეწმინდა და ნიცას, გათხაპნილი მზერის მიუხედავად, მაინც შეენიშნა მის სახეზე ღიმილი...
წარმოდგენების მიუხედავად, მაინც მარტო იყო. მარტომ გაიგო ყველაფერი და არც გაჰკვირვებია, როცა მოისმინა. გულის სიღრმეში, ელოდა კიდეც, მაგრამ ის კი არ იცოდა, ვისთვის უნდა გაეზიარებინა ახლა სიხარული. უნამუსობა იქნებოდა, ბავშვის მამაზე ადრე სხვებს გაეგოთ. რაც არ უნდა მომხდარიყო, თორნიკეს სტატუსს მაინც ვერ წაართმევდა და სამშობიაროდან გამოსვლისას ტუჩებს იჭამდა, რომ არ დაერეკა.

ის ხომ კარგად მოახერხა, ფული რომ გადმოერიცხა?! ისე გაბრაზდა ნიცა... საშინლად დამცირებულად იგრძნო თავი. კი, წინა ვიზიტების დროსაც თორნიკე იხდიდა, მაგრამ პირადად. ასე არასდროს მოქცეულა. თითქოს, ამით აგრძნობინა, რის გამო ცხოვრობდნენ სინამდვილეში ერთად. ასეც იყო, ამ ფაქტს ვერსად წაუვიდოდა, მაგრამ როგორღაც, თვითონაც შეეძლო დღევანდელის დაფარვა და სწორედ ამიტომ ერთი თეთრიც არ მოუკლია გადმორიცხული თანხისთვის. უფრო მეტიც, ნახა თუ არა, მაშინვე უკან დაუბრუნა და მესიჯის მიწერასაც აპირებდა მეტი ეფექტურობისთვის, უკვე აკრეფილი ტექსტი რომ წაშალა.
ბოლომდე მაინც ვერ გაბედა „კარის მიჯახუნება“. ისედაც ბეწვის ხიდზე გადიოდა, როგორმე ურთიერთობა რომ დაელაგებინათ და ახლა საკუთარი ხელით ვერ მოიჭრიდა გზას. იცოდა, ცხელ გულზე ჩადენილი საქციელები ძვირად რომ უჯდებოდა ხოლმე და ამჯერად, ღრმად სუნთქვა და დაძინება არჩია...
* * *
Image result for emily didonato sad
ასეთი გაღიზიანებული ბოლოს როდის იყო, არც ახსოვდა. ძლივს თოკავდა ნერვებს. თითქოს ის არ ჰყოფნიდა, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დღეს საჭირო ადგილას რომ ვერ იქნებოდა, ისიც დაემატა, გზა რომ ვერაფრით გაწმინდეს. საათობით მუშაობდნენ და მხოლოდ თითო მეტრით თუ წაიწევდნენ წინ. თვითონაც საკმაოდ დიდი ხანია, ამხელა თოვლი არ ენახა. არადა, არ ჰქონდა ცუდი ბედი. უფრო პირიქითაც კი შეიძლებოდა თქმა და ალბათ, ყველა უბედურებაც ერთიანად ამიტომ დაატყდა თავს.
ისე აინტერესებდა ექოსკოპიის პასუხი... წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, რას ეტყოდნენ. ფიქრის დროსაც ვერ აყალიბებდა აზრს, გოგო უნდოდა თუ ბიჭი. ნამდვილად არ ჰგავდა იმ კაცებს, მხოლოდ გვარის გამგრძელებლად რომ მიაჩნიათ შვილი და სწორედ ამიტომაც ვერ გადაეწყვიტა. ნაწილობრივ, ეშინოდა კიდეც იმის, ნიცას მუცელში მოკალათებული პატარა გოგო რომ აღმოჩენილიყო. რა უნდა გაეკეთებინა, ერთ დღესაც ისეთ ტიპს რომ გადაჰყროდა, როგორიც თვითონ იყო? ერთიანად მოეკითხებოდა ყველა ცოდვისთვის და იმის წარმოდგენაც კი არ უნდოდა, როგორ მოიქცეოდა, თუნდაც იმის მსგავს სიტუაციაში რომ აღმოჩენილიყო ოდესმე, როგორშიც დედამისი...
– ჩემი ძმა, სიგარეტი ხომ არ გექნება? – ფიქრი შეაწყვეტინა გვერდით გაჩერებული მანქანის მძღოლმა. უსიტყვოდ გაუწოდა კოლოფი. ესეც უთავდებოდა უკვე და მოთმინებაც ისე ელეოდა, ლამის იყო, გადასულიყო და თვითონაც მიხმარებოდა გზის გაწმენდაში.
– მალე მორჩებიან, თუ იცი?
– დაღამებამდეო. – მხრები აიჩეჩა კაცმა. – არაყი მაქვს, ცოტა ძეხვი და პურიც. გინდა?
– არა, მადლობა. – გაეცინა. როგორ სწრაფად მეგობრდებიან ადამიანები გამოუვალ მდგომარეობაში. – მეჩქარება და ველოდები, ცოტათი მაინც რომ გაწმინდონ, ვერ დავლევ.
– მოდი, მოდი, სანამ ესენი გაწმენდენ, ჩვენ უკვე გამოვფხიზლდებით! – ხელი ჩაიქნია კაცმა და უკანა სავარძლიდან სანოვაგის გადმოლაგება რომ დაიწყო, დადიანსაც აღარ გაუწევია წინააღმდეგობა...
ბევრი არც დაულევიათ. ნახევარლიტრიანი ბოთლი ბოლომდე არც იყო სავსე და ფაქტობრივად, მხოლოდ ორი ჭიქა გამოუვიდათ, რომელიც დასათრობად კი არა, გასათბობად ძლივს ეყოთ. როგორც იქნა, თოვაც შეწყდა და შედარებით სწრაფად მიდიოდნენ წინ. არა, განა შეიძლება ასე ცუდად მიეწყოს ყველაფერი ერთმანეთს?
– სამართალი რომ არსებობდეს, სამშობიაროში უნდა ვიყო ახლა მე წესით! – ამოიოხრა კაცმა.
– რატომ?
– ჩემი ცოლი მშობიარობს...
– და აბა აქ...
ვეღარაფერი უთხრა თორნიკემ. ისე დააჭყიტა თვალები, ხმაც ვეღარ ამოიღო. რანაირად დატოვა, თუ ბოლო თვეში იყო?
– ეგ სანამ გააჩენს, კი ჩავალ მანამდე და მერე იქ გავაგრძელებ! – გაეცინა და საათს დახედა. – ხუთი იყო, რომ დამირეკა, ჯერ ოთხი საათია გასული, ადრეა!
– ოთხი საათია მშობიარობს? – კიდევ უფრო დაიბნა. ამდენ ხანს რანაირად? და საერთოდაც, რა ბედის ირონიაა სრულიად უცნობთან ამ თემაზე საუბარი?
– პირველს ორი დღე ველოდებოდით! – სიცილით ჩაიქნია ხელი და ის იყო, ძეხვი უნდა ჩაეკბიჩა, ნიჩბიანებმა რომ გამოსძახეს.
– შეგიძლიათ დაიძრათ, სანამ კიდევ ჩაკეტილა, ოღონდ მინიმალური სიჩქარით!

* * *
მთელი დღე ძლივს იკავებდა ნიცა თავს, რომ არ დაერეკა. ხან რაზე სცადა ყურადღების გადატანა, ხანაც რაზე. არაფერი გამოუვიდა. გოგოებმაც სათითაოდ დაურეკეს, ექოსკოპიის პასუხი აინტერესებდათ, თუმცა იმ ადამიანს მაინც არ გახსენებია, ვისაც ყველაზე მეტად ეხებოდა ეს თემა.
– ამოთქვი, სანამ გამოვედი და მე თვითონ ვნახე! – ნერვები მოეშალა თამოს, მესამე ცდაზეც უარი რომ მიიღო.
– ვერა...
– ნიცა, მე რა დავაშავე, ის თუ ვირია?! – ახლა უკვე წუწუნით სცადა დაყოლიება, სადღაც შორიდან, ალექსის ხმაც რომ მოისმა, თავი დაანებეთ ბიჭს, თავისი გასჭირვებიაო.
– მაგას გადაეცი, მოეშვას თავისი ძმაკაცის დაცვას. – თავი ვერაფრით შეიკავა, რომ არ ეთქვა. ღმერთმა უწყის, ახლა რით ერთობოდა და კიდევ მას იცავდნენ?
– თემას ნუ მიცვლი შენ!
– მოითმინე როგორმე ერთი დღეც...
– არ ვეტყვი თორნიკეს, რომ მითხარი. თუ გინდა, ისე შევიცხადებ, ვერაფერს მიხვდება.
– თამო, არა! – გაეცინა, ასეთი მონდომებული რომ იყო. თვითონაც ძლივს ითმენდა, რომ არ გაემხილა და კიდევ დამატება აღარ სჭირდებოდა.
– უნამუსო ხარ! – მოუჭრა გაბრაზებულმა და ისე გაუთიშა, თითქოს მაქსიმუმ ნახევარ საათში, ისევ არ დაურეკავდა...
გულდამძიმებული გავიდა მისაღებში. საქმეც რომ არაფერი ჰქონდა?! არადა, როგორ უნდოდა, სქესის გაგების შემდეგ საყიდლებზე წასულიყვნენ. გიჟდებოდა ბავშვის ტანსაცმელზე. თვითონაც საყიდელი ჰქონდა და თან პატარასაც შეურჩევდა რამეს. ბოლოს და ბოლოს, სამი თვის ისე გახდა, არაფერი ჰქონდა ნაყიდი!
– შენ არ იდარდო, დე, მალე ავარჩევთ ლამაზ...
და სიტყვა შუაში გაუწყდა, კიდევ ერთხელ რომ აუმღერდა მობილური, ოღონდ ამჯერად სულ სხვისი დამსახურებით. გაუკვირდა კიდეც, ეკრანზე მიმის სახელს რომ მოჰკრა თვალი.
– ნიცა, ბოდიში, ასე გვიან რომ გაწუხებ, მაგრამ თორნიკეს ვერ ვუკავშირდებით მთელი დღეა! – ისეთი აღელვებული ხმით დაიწყო, მისალმება და მოკითხვა არც გახსენებია. მოიცა, რას ნიშნავს „ვერ ვუკავშირდებით“? ერთ სასტუმროში იყვნენ და რანაირად ვერ პოულობდნენ? ან იქნებ მიმი სულაც არ წასულა?
– შენ არ წასულხარ?
– სად? ჩვენ გუდაურში ვართ, ის გუშინ წამოვიდა.
– სად წამოვიდა? – და ისე წამოხტა ფეხზე, ვერც გააცნობიერა. როგორ თუ წამოვიდა?!
– არ ჩამოსულა?
– მიმი, ძალიან გთხოვ, წესიერად გამაგებინე.
– გუშინ წამოვიდა თბილისში, მაგრამ ჩაიკეტა უღელტეხილი. შენ რა, ტელევიზორს არ უყურებ?
– მე მითხრა, საქმე გამოგვიჩნდა და ვრჩებითო...
– ალბათ, შენი ნერვიულობა არ უნდოდა. ანუ ჯერ კიდევ არ ჩამოსულა? – ამოიოხრა განერვიულებულმა.
ძლივს მოახერხა ნიცამ პასუხის გაცემა. აკანკალებული ჩაიკეცა. რად უნდა გუდაურიდან თბილისში ჩასვლას ორი დღე? ღმერთო, ნუთუ რამე მოუვიდა. მომენტალურად გადმოსცვივდა ცრემლები და პირზე აიფარა ორივე ხელი, ხმამაღლა რომ არ ატირებულიყო. კონტაქტებშიც გაჭირვებით მოძებნა და საბოლოოდ შეეკვრა სუნთქვა, მობილური გათიშული რომ დახვდა. არა, აშკარად რაღაც მოხდა. როგორ მოატყუა?! რა უფლებით? იქნებ საერთოდაც ავარიაში მოყვა? უღელტეხილის ჩაკეტვა, კარგად იცოდა, რასაც ნიშნავდა და ვერაფერს გამორიცხავდა.
აქამდე არასდროს უგრძვნია თავი ასე. მკერდის მიდამოში არანორმალური ძალით აწვებოდა რაღაც და სუნთქვასაც ძლივს ახერხებდა პირგაღებული. ჯერ ხომ არაფერი ჰქონდა გარკვეული, მაგრამ მაინც ყველაზე საშინელებას უგრძნობდა გული. და მართალი რომ აღმოჩენილიყო? მერე როგორ ეცხოვრა?!
დაპროგრამებულივით, რამდენიმეწამიანი შუალედით ცდილობდა დარეკვას და ავტომოპასუხის ხმის გაგონებისას კიდევ უფრო ეშლებოდა ნერვები. მობილური მაინც რაღატომ აქვს გათიშული? თუ დაუჯდა, ხომ შეეძლო, მანქანაში დაეტენა?! ან ვინმეს მაინც როგორ არ გააგებინა?! შეშლილი, არანორმალური!
წამიერად ამოუტივტივდა გონებაში ალექსის სიტყვები. იქნებ იცოდა და იმიტომაც იცავდა? არა, აშკარად იცოდა! როგორც წესი, ყოველთვის ნიცას მხარეს იყო და ახლა უმიზეზოდ არაფერს იტყოდა. მაგრამ, თუ იცოდა, სახლში რაღას აკეთებდა?! აღელვებულმა გადაურეკა თამოს და სანამ ხმის ამოღებას მოასწრებდა, მაშინვე ის უთხრა, ალექსს მიაწოდე ტელეფონიო.
– გეხვეწები, მითხარი, რომ დღეს დაგირეკა...
– ნიცა...
– ისედაც ყველაფერი ვიცი უკვე, უბრალოდ მაინტერესებს, კარგადაა?
– დილიდან ვეღარ ვუკავშირდები... –ამოიოხრა ბიჭმა. – გუშინ „ჯვარზე“ იყო ჩარჩენილი, ბოლოს რომ ველაპარაკე. შენ საიდან გაიგე?
– რა მნიშვნელობა აქვს, ალექს? – ხმასაც კი აუწია ისტერიკის პირას მყოფმა. ასე მშვიდად როგორ იყო? იქნებ რამე მოუვიდა? რატომ არავინ ეძებდა? – მიმიმ დამირეკა, გუშინ წამოვიდა და ვეღარ ვუკავშირდებითო. პოლიციაში უნდა წავიდე.
– რას ამბობ, ნიცა! – გაეცინა ბიჭს. აშკარა იყო, მის დამშვიდებას რომ ცდილობდა და ყველაფერს არ აზუსტებდა, თუმცა ეს სიცილი გულწრფელს უფრო ჰგავდა.
– ჩვეულებრივი თოვლია, თორნიკე კი ისეთი მანქანითაა, ზვავიც რომ ჩამოწვეს, მაინც არაფერს დააკლებს. ნუ ნერვიულობ.
– რომ მოსრიალებულიყო? ან კარგი, თვითონ თუ არა, სხვა რომ დაჯახებოდა?!
– არსად წასვლა არაა საჭირო, დამშვიდდი, არ შეიძლება შენთვის ნერვიულობა.
– ჰო, მაგრამ, სამწუხაროდ, ამაზე არავინ ზრუნავს! – კბილებს შორის გამოსცრა და ისე გაუთიშა, აღარც დამშვიდობებია.
* * *
შუაღამე იყო, თბილისში რომ შევიდა. თავს ისე გრძნობდა, თითქოს ირმების ჯოგმა გადაურბინა. დაღლილობა და დაძაბულობა ერთიანად მიაწვა და ქალაქში დაბრუნებულმა, ლამის მიწას დაუწყო კოცნა. აქამდე თუ სრულიად მობილიზებული იყო და კუს სიჩქარით მართავდა მანქანას, ახლა უკვე ნერვები აღარ უვარგოდა. არც არასდროს უმგზავრია ასე საშინელად და ყველაფერმა ერთდროულად იმოქმედა. თვალებს ძლივსღა ახელდა, თუმცა კიდევ უფრო სწრაფად მართავდა. ერთი სული ჰქონდა, სახლში მისულიყო. მთელი კვირის განმავლობაში არ გასჭირვებია ისე შორს ყოფნა, როგორც ამ ორ დღეში. ყველა გრძნობა ერთმანეთში აერია და დალაგების ნაცვლად, კიდევ უფრო აირია. ისიც აღარ იცოდა, როგორ მოქცეულიყო, ან როგორ გადაელახა საკუთარი თავი. მხოლოდ ის უტრიალებდა გონებაში, რას გააკეთებდა სახლში მისვლისთანავე და საკუთარი სურვილები თვითონვე აშინებდა. აღარ შეიძლებოდა ასე გაგრძელება...
ენერგეტიკული სასმელიც იყიდა, ცოტა რომ გამოფხიზლებულიყო და პირზე წყალიც შეისხა ერთ-ერთი ბენზინგასამართი სადგურის საპირფარეშოში. ნამდვილად არ აპირებდა ნიცასთვის იმის მოყოლას, რაც გამოიარა. შეიძლება ოდესმე ეთქვა, მაგრამ ახლა არა. ისიც ეყოფოდა, აქამდე რაც ანერვიულა. ღმერთო, რა საზიზღად ჟღერს! ვერ იტანდა სენტიმენტალურ და მგრძნობიარე თორნიკეს...
თავი სწრაფად გაიქნია უაზრო ფიქრების გასაგდებად და, ცოტა არ იყოს, გაუკვირდა კიდეც, ეზოში შესულს არავინ რომ არ გამოეგება. სახლიც სრულიად ჩაბნელებული იყო და მიუხედავად იმისა, რომ ნიცას საძინებლის ფანჯრები წინა ეზოზე არ გადიოდა, გულის სიღრმეში მაინც ეგონა, მანქანის ხმის გაგონებისას, უკვე კართან რომ დახვდებოდა. ნუთუ უკვე ეძინა?!

დაბნეულმა შეაბიჯა. გასაღებიც განგებ ხმამაღლა ჩააჩხრიალა დაბალყელიან ლარნაკში. მაინც არავინ გამოჩენილა. არა, ასე ადრე როგორ დაიძინა?! მაგრამ თორმეტს უკვე კარგა ხნის გადაცილებული იყო, სახლში მარტო დარჩენილს კი, განა სხვა რა უნდა ეკეთებინა? თორნიკე ნამდვილად არ იმსახურებდა დალოდებას, იმის გათვალისწინებით, როგორც მოიქცა. უფრო სწორად, როგორც ნიცას ეგონა, რომ მოიქცა. ჰმ, საინტერესოა... რაღაც მხრივ, მაინც გულდაწყვეტილი ავიდა მეორე სართულზე და გოგონას საძინებლის კარის შეღებისას, იქაურობა ცარიელი რომ დახვდა, უკვე აღელდა. რა ჯანდაბა ხდება? სწრაფი ნაბიჯებით გაემართა საკუთარი ოთახისკენ, მობილური დასატენად რომ შეერთებინა და დაერეკა მაინც, თუმცა, ადგილზევე გაიყინა შიგნით შესვლისას.
სრული სიბნელის მიუხედავად, მაინც მოახერხა არეულ ლოგინში მწოლიარეს დანახვა. ურეაქციობით მიხვდა, რომ ეძინა და ისე ფრთხილად მიუახლოვდა, ლამის სუნთქვაც კი შეიკრა. არა, აქ პირველად ნამდვილად არ ხედავდა, მაგრამ ამჯერად, თორნიკეს მხარეს იწვა და... მისსავე მაისურში გამოწყობილი... თვალებდახუჭულმა გადახარა თავი უკან და ღრმად ამოისუნთქა, თვითკონტროლის შესანარჩუნებლად. მხოლოდ ყბები კი არა, ყველა კუნთი ერთიანად დაეჭიმა და ღმერთმა უწყის, რის ფასად დაუჯდა, რომ არ შეხებოდა...
არასდროს არაფერი ნდომებია ასე, როგორც ის ერთი შეხება. როცა დაინახა, კიდევ უფრო მძაფრად იგრძნო ყველაფერი, მაგრამ გამხდარ სხეულზე მორგებულმა საკუთარმა მაისურმა ბოლომდე აურია გონება. როგორ არ უნდა ეღიარებინა? მასთან თუ არა, საკუთარ თავს მაინც როგორ არ უნდა გამოსტყდომოდა სიმართლეში?! არ უნდოდა, გაურბოდა, ათას იდიოტობას ხლართავდა, რეალობა კი, ყოველი შესაძლებლობისას, ბოროტული ხარხარის თანხლებით, თავისივე ხმით უმეორებდა:
– აი, სად დაგენძრა, დადიანი!

გაგრძელება იქნება  
ავტორი ნათია ჯაგოდნიშვილი

FaceBook ბეჭდვა
ტეგები:
კომენტარები / 6 /
28 სადაა
22:24 / 25-12-2018
გამოხმაურება / 0 /
28 თავი არაოო????
14:45 / 19-12-2018
გამოხმაურება / 0 /
ყველა კომენტარი
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი