ნოველები

შეცდომა. თავი 28. „სამფურცელა ყვავილი“

შეცდომა. თავი 28. „სამფურცელა ყვავილი“
ბალიშს ჩახუტებული, თვალების გახელას ვერ ბედავდა ნიცა, სიზმარი რომ არ გაეგდო. ასე რეალურად არასდროს არაფერი უგრძვნია. კარის ხმაზე მაშინვე შეკრთა და შემდეგ, ნაცნობი სილუეტიც რომ გამოჩნდა, გამოძრავებასაც კი ერიდებოდა, სიფხიზლე რომ არ შეჰპარვოდა.
– აი, სად დაგენძრა, დადიანი! – თვალები ჭყიტა ამის გაგონებისას. შეუძლებელია, მისი სიზმრის თორნიკე ასე ვერ ილაპარაკებდა. ნუთუ, მართლა ჩამოვიდა?!
აღელვებულმა გახედა, თვალები რამდენჯერმე სწრაფად დაახამხამა, შემდეგ კი, მუხლებზე წამომდგარი ისე შემოეხვია, გააზრებაც არ აცადა. ისე ჩაებღაუჭა ქურთუკზე, თითქოს კიდევ სადმე აპირებდა წასვლას.
ვერ იჯერებდა, მთელი და უვნებელი რომ ედგა წინ. ლამის უკვე გამოიგლოვა და ახლა ყველაფერი ისე ირეალურად ეჩვენებოდა, მხოლოდ ნაცნობი სურნელი აიძულებდა დაჯერებას.
– ნუ ტირი... – რამდენიმე წამში, ჩახლეჩილი ხმა და ჩაცინებაც რომ მოესმა, უკვე აღარაფერი აინტერესებდა ამქვეყნად.
– აღარასდროს გაბედო ჩემი დატოვება... – თვალებში ჩახედა და ძლივს ამოთქვა აკანკალებული ხმით, შემდეგ კი, ყოველგვარი საღი აზრის უკან მოტოვებით, ორივე ხელი კისერზე შემოხვია და სანამ გადაიფიქრებდა, მანამდე აკოცა.
წელზე შემოხვეული ძლიერი მკლავებისა და გახშირებული სუნთქვის მეტს ვეღარაფერს გრძნობდა. საერთოდ დაკარგა აზროვნების უნარი და ერთადერთი, რის გამოც გული არ მისდიოდა, თორნიკეს ტუჩები იყო. როგორც უდაბნოგამოვლილი წყალს, ვერაფრით შორდებოდა და იმის ინიციატივაც კი საკუთარ თავზე აიღო, ბიჭის ქურთუკს მხრებიდან იატაკზე რომ გადაენაცვლებინა.
– მოიცა... – ძლივს ამოთქვა დადიანმა. აქამდე არასდროს მდგარა ასეთი რთული გადაწყვეტილების წინაშე. მთელი არსებით უნდოდა დაწყებულის ბოლომდე მიყვანა, თუმცა, სადღაც ღრმად მიგდებული საღი აზრი მაინც იმას გაიძახოდა, დროზე მოშორებულიყო.
– არ გინდა, ნიცა...
– მინდა! – გოგონა კი არ უსმენდა. საერთოდ არ აინტერესებდა, რა იქნებოდა შემდეგ. იმ წამს ამაზე მეტად არაფერი უნდოდა და იმასაც ხვდებოდა, რატომ ეუბნებოდა ბიჭი უარს.
– შეიძლება ინანო... – თვითონვე გაუჭირდა ამის თქმა, მაგრამ საჭირო იყო. თვალებში უყურებდა და ცდილობდა, იქ მაინც ეპოვა რამე, რის გამოც შეჩერებას შეძლებდა, თუმცა, რასაც ხედავდა, ეს კიდევ უფრო აღუძრავდა სურვილს და საბოლოოდ, თვალებდახუჭულმა სისინით რომ გამოუშვა ჰაერი, იმ მომენტში უკვე ყველაფერი გადაწყვეტილი ჰქონდა...
მოწყურებულივით დააცხრა ტუჩებზე და სანამ საპასუხო კოცნას მიიღებდა, ფრთხილად გადააწვინა საწოლზე. რა თქმა უნდა, ამას პირველად არ აკეთებდა, თუმცა ასე კი ნამდვილად პირველად გრძნობდა თავს. წამითაც არ უნდოდა მოშორება. ფილტვების ჟანგბადით შევსების საჭიროება რომ არა, სამუდამოდ ასე დარჩებოდა და ნიცას თითების მის თმასთან თამაში საერთოდ აგიჟებდა. მაინც აჯობა! წამებში ჩამოუნგრია ამდენი ხნის ნაშენები ნებისყოფა და ზედ გადაუარა. უფლებაც კი არ მისცა, სხვა არჩევანი გაეკეთებინა და ისე დაიმონა, თითქოს მთელი ცხოვრება მას ეკუთვნოდა...
– რას ელოდი, ჩემს საწოლში, ჩემი მაისურით რომ მხვდებოდი? – ნაწყვეტ-ნაწყვეტ ამოთქვა, სახეს რომ უკოცნიდა და სანამ ნიცა მისი პერანგის ღილებს ეწვალებოდა, დაასწრო და თვითონ დატოვა ტანსაცმლის გარეშე. სულ სხვანაირად გრძნობდა თავს ახლა. ალკოჰოლის ნაცვლადაც, სხვა გრძნობა ურევდა ტვინს და გოგონა ფრთხილ შეხებაშიც კი ახერხებდა დაუოკებელი ვნების ამოკითხვას.
– ზუსტად ამას... – ჩურჩულით უპასუხა, ბოლო ღილსაც რომ გაუმკლავდა და ქსოვილს მხრებიდან რომ აშორებდა, თვითონვე დაუარა ჟრუანტელმა.
არასდროს ყოფილან ასე ახლოს. არც მაშინ, პირველად... ეს სულ სხვა შემთხვევა იყო. მხოლოდ ფიზიკურად კი არა, სულიერადაც გრძნობდა სიახლოვეს და როცა ეგონა, მეტს ვეღარ გაუძლებდა, თორნიკეს სველი ტუჩების საკუთარ გახურებულ კანზე შეხებას მოჰყავდა გონს. თვალები ეხუჭებოდა სიამოვნებისგან, მაგრამ წამითაც არ უნდოდა, შეეწყვიტა ამ სახის ყურება. ამ თვალების, სულ სხვა მზერით რომ უყურებდნენ ახლა და ტუჩს კბენდა, მთელ სხეულს მოდებულ ჭიანჭველებს ბოლომდე რომ არ წაერთმიათ გონება...
დადიანი კი, ჭკუიდან გადაჰყავდა ამ გოგოს ასე ახლოდან შეგრძნებას. მის სურნელს, არც ერთ პარფიუმს რომ არ ეკუთვნოდა და გრძელ თითებს, კისრიდან ნაზად რომ მისრიალებდნენ მხრებზე... ერთადერთი აზრი უტრიალებდა და აღარც კი ცდილობდა გაგდებას. მთელი არსებით გრძნობდა, სხეულის თითოეული წერტილით, ყოველი ნერვული დაბოლოებით და თითოეული უჯრედით. ყოველი შეხება ერთადერთ სიტყვას ამბობდა და უკვე ზუსტად იცოდა, რომ მხოლოდ ის უნდოდა.
მეტი არავინ.
მეტი აღარავინ...
* * *
გულაჩქარებული და სუნთქვაგახშირებული, თვალებმიხუჭული იწვა საყვარელი მამაკაცის მკერდზე და ლამის სიამოვნებისგან კატასავით ეკრუტუნა, თითების ზურგზე შეხებას რომ გრძნობდა. ნაზად დასრიალებდნენ ხერხემლის ზოლზე და აქამდე არასდროს ყოფილა ასეთი ბედნიერად მშვიდი. რიტმულ დარტყმებს უსმენდა ყურმიდებული და იმ მომენტში დარჩენილი ცხოვრების ასე გატარებაზეც თანახმა იყო.
– თავდაყირა დამიყენე ყველაფერი... – მძიმედ ამოთქვა თორნიკემ და დაბნეული თვალებით რომ ახედეს, აღარც უცდია თავის შეკავება, ისე აკოცა. – და ნუ მიყურებ უდანაშაულო სახით! – შემდეგ კი ცალყბა ღიმილით დაუქნია თითი და კიდევ უფრო ახლოს მიიკრა.
– მე ასე უფრო მომწონს... – დაიჩურჩულა და კიდევ ერთი კოცნა რომ მიიღო, ამჯერად მხარზე, მიხვდა, მხოლოდ თვითონ რომ არ ფიქრობდა ასე. – შეიძლება შენ არაფერს ამბობ, მაგრამ მე ყველაფერი ვიცი!
– გამოცდაზე რა საკითხები მომივა? – სრული სერიოზულობით ჰკითხა დადიანმა და ისეთი სახით დაელოდა რეაქციას, ძლივს ახერხებდა, რომ არ გასცინებოდა.
– უკვე ჩააბარე... – თვალი ჩაუკრა და კმაყოფილი ღიმილი რომ შენიშნა, უდანაშაულო სახით ჩამოუსვა თითები ნეკნებზე. უმიზნოდ იმეორებდა მომცრო ზომის ტატუს ორნამენტებს და არც უკვირდებოდა, რას ხაზავდა. ყოველთვის მოსწონდა თორნიკეს ტატუები. მხრებზეც ჰქონდა, მკლავზეც, ეს კი, აქამდე არ ჰქონდა შენიშნული. ჩახლართული ნახატი იყო, თითქოს სამკუთხა ფორმის, მაგრამ სინამდვილეში, სულაც არ ჰქონდა კუთხეები.
– მეღიტინება... – ჩაიფხუკუნა და სწრაფად დაუჭირა ხელი.
– რას ნიშნავს?
– რა, ღიტინი? – წარბები ასწია, ნიცამ კი საპასუხოდ თვალები რომ აატრიალა, კიდევ ერთხელ გაეცინა.
– შენი ნახატი!
– ლილიაა.
– ყვავილი?!
– ერთ დროს, მუშკეტერების და სამეფო კარის ნიშანი იყო. შუა საუკუნეებში, წმინდა მარიამის სიმბოლოდაც ითვლებოდა. – სასწრაფოდ გააპროტესტა. არც ერთი ტატუ არ ჰქონდა გაკეთებული უაზროდ და არც ლილია წარმოადგენდა მისთვის უბრალოდ ყვავილს.
– ლამაზია. მომწონს.
– ჩემი პირველი ტატუა.
– თავქარიანობის დასაწყისის სიმბოლოც ყოფილა... – ჩაეღიმა და წეღანდელი შენიშვნის მიუხედავად, მაინც გააგრძელა კონტურების მოხაზვა. თვითონაც უნდოდა, მაგრამ არასდროს არაფერი მოსწონებია ისე, სამუდამოდ რომ ეტარებინა სხეულით. არ უნდოდა განსაკუთრებული მნიშვნელობის გარეშე გაკეთება და ახლა, როცა ასე მშვიდად იწვა, საჩვენებელი თითით ნახატის ფორმებს იმეორებდა, სახეზე კი თორნიკეს სუნთქვას გრძნობდა, მოულოდნელად, ხერხემალში ცახცახივით დაუარა რაღაც ამოუცნობმა და ისეთი გაბრწყინებული თვალებით წამოჯდა, ბიჭმა გაკვირვებულმა გახედა.
– რა მოხდა?!
– ლილია!
– რა ლილია, ნიცა?
– ბავშვის სახელი მოვიფიქრე! ლილია! – აღფრთოვანებულმა აიფარა ორივე ხელი ლოყაზე, შემდეგ კი, დადიანის მზერისა და სახის ცვლილებას რომ აკვირდებოდა, მიხვდა, აქამდე არაფერი უნახავს ამაზე სასიამოვნო.
– ანუ, გოგოა?! – უფრო დაზუსტება უნდოდა, ვიდრე გაგება, შემდეგ კი, სწრაფად რომ დაუქნიეს თავი, თვითონაც კმაყოფილს ჩაეღიმა და ძლიერად მიიკრა სხეულზე ქალი, რომელიც, უკვე მხოლოდ მისი შვილის დედის სტატუსს აღარ ატარებდა...

* * *
– დიდი ბოდიშის მოხდით მინდა გამოგიცხადო, რომ სულიერი საზრდო კი მივიღე, მაგრამ კუჭი მაინც მშიერი მგელივით გაყმუის... – წამოიწყო თორნიკემ სრულიად შეუფერებელ დროს და გულიანად ახარხარდა ზემოდან მოქცეული გოგონას გაკვირვებული თვალების დანახვისას. – ორი ღამე მხოლოდ გამხმარი პურითა და ძეხვით გადავაგორე... – დაამატა თავის შესაცოდებლად და სრული ეფექტისთვის, წელზეც შემოხვია ხელები, თუმცა უკვე ხვდებოდა, წამოსროლილ სიტყვებს უკან რომ ვეღარ დააბრუნებდა...
– მაკოს რომ ჰკითხო, კაცის გულზე გამავალი გზა კუჭზე არ გადისო! – დაისისინა გეგმებჩაშლილმა და უკმაყოფილო სახით გამოძვრა თბილი ლოგინიდან. არა, შეიძლება გამთენიის ექვსზე და თან ასეთ სიტუაციაში, კაცი საჭმელზე ფიქრობდეს?!
– ჩაგიტარა უკვე მასტერკლასები? – გაეცინა დადიანსაც და კმაყოფილი მზერით გახედა, როგორ იცვამდა ნიცა რამდენიმე ზომით დიდ მაისურს, კაბასავით რომ ჰქონდა სინამდვილეში.
– მხოლოდ მე?! გაგვანათლა ყველა! – ჩაიფხუკუნა და სანამ ოთახიდან გავიდოდა, სასხვათაშორისოდ წაილაპარაკა, ქვემოთ ჩამოსვლამდე ჩემს საძინებელში შეიარე და მის საჩუქარსაც ნახავო.
გადაჭარბებული ნათქვამი არ იქნება, რომ არასდროს ყოფილა ისეთ ბედნიერი, როგორიც ახლა, მიუხედავად იმისა, რომ შუა დეკემბერში, გამთენიისას, როცა გარეთ ჯერ კიდევ ბნელოდა, თვითონ სამზარეულოში ტრიალი და ყველაზე სწრაფად მოსამზადებული საჭმლის გახსენება უწევდა. უცნაური სითბოთი ავსებდა მკერდის არეში ეს სიტუაცია და სოსისებს ისე ჭრიდა კუბებად, თითქოს ხელოვნების ნიმუშის შექმნას აპირებდა. ესეც კი მოსწონდა. საყვარელი კაცის სახლში, მის სამზარეულოში, მისსავე ტანსაცმელში გამოწყობილს, მისთვის საუზმის მომზადება. ტუჩს იკვნეტდა ღიმილის შესაკავებლად და თან იმას იხსენებდა, სულ რაღაც რამდენიმე საათის წინ როგორ ბრაზობდა, დავავიწყდიო. რაში ყოფილა თურმე საქმე... და ამ ყველაფრის შემდეგაც არ მიუღია ის მთავარი სამი სიტყვა... ჰმ, პირდაპირ მეტი მიიღო! არასდროს სჭირდებოდა ურთიერთობაში სიტყვები. ერჩივნა, საქციელით ეგრძნობინებინათ და არც იმაზე გიჟდებოდა დიდად, შეყვარებულები ერთმანეთს ათასგვარი ჯიშის ცხოველებად რომ მოიხსენიებდნენ. გიჟდებოდა კი არა, უფრო პირიქით, ხერხემალში უვლიდა ცახცახი, იმდენად ერეოდა გული. არა, ტოქსიკოზის ბრალი არ ყოფილა, ვერც მანამდე იტანდა. კიდევ კარგი, თორნიკე იმ ტიპის ბიჭი არ არის, ბაჭიათი ან ფისოთი რომ მოიხსენიოს... არა, ნამდვილად არ არის!
საკუთარი თავის დარწმუნებითა და უაზრო ფიქრების გაგდებით იყო დაკავებული, ზურგსუკან ფეხის ხმა რომ მოესმა. ისე ელოდა, როდის მიმართავდა... ლამის გულში ლოცვაც კი დაიწყო, ნაცნობი ხმით წარმოთქმული მხოლოდ საკუთარი სახელის მოსასმენად. არა, ხომ იცოდა, სხვანაირად რომ შეუძლებელი იყო, მაგრამ მაინც კბილებაკაწკაწებული ელოდა!
– ეს რას ნიშნავს? – თუმცა, ვერც „ნიცა“ გაიგონა და ხმაც ისეთი გამკაცრებული ეჩვენა, გაკვირვებული შეტრიალდა. სპორტულ ფორმაში გამოწყობილსა და ფეხშიშველს, ხელში გადახსნილი ლეპტოპი ეჭირა და ისეთი თვალებით უყურებდა, ძლივს გადააგორა ყელში ნერწყვი.
– რა რას ნიშნავს? – ამოიკნავლა და დამნაშავედ შეჭმუხნა ცხვირი, ეკრანზე ნაცნობ ფერებს რომ მოჰკრა თვალი. ჯანდაბა... ონლაინ–ბანკი ჰქონდა გახსნილი...
– თანხა უკან რომ გადმომირიცხე, ის! – დაისისინა გაბრაზებულმა. თვალები უელავდა და ყბებიც კი დასჭიმვოდა. არა, რატომ აღიქვამს ყველაფერს ასე რთულად?!
– მოიცა, ის გაინტერესებს, რას ნიშნავს, რომ უკან გადმოგირიცხე თუ ის...
– ნიცა! – შეაწყვეტინა ნერვებმოშლილმა. – დამცინი?
– ცოტათი... – ცერა და საჩვენებელი თითები ზედმეტად მიაახლოვა, ტუჩები კი ისე დააჭირა ერთმანეთს სიცილის შესაკავებლად, ერთი წვრილი ზოლი გაუხდა.
– საერთოდ არ მეცინება!
– უჟმური ხარ და იმიტომ! – თვალები აატრიალა და ახლა კუბებად დაჭრილ სოსისებში სპაგეტის გაკეთება დაიწყო. ადრე ისწავლა ინტერნეტით და ალბათ, პირველი რაღაც გამოდგა, რაც გემრიელი გამოუვიდა...
– მეორედ ასე აღარ მოიქცე!
– კარგი, აღარც შენ ჩარჩე მეორედ დათოვლილ უღელტეხილზე! – მხრები აიჩეჩა და სისინით შესუნთქული ჰაერის და შემდეგ ამოოხვრის ხმა რომ მოესმა, მიხვდა, ამ ბრძოლაში თვითონ გაიმარჯვა!
– იმედია, გემრიელ რაღაცას აკეთებ, საშინლად მშია. – საბოლოოდ შეცვალა თემა და მოუთმენლობისგან, თითების კაკუნიც დაიწყო სამზარეულოს პრიალაზედაპირიან მაგიდაზე.
– რა უნამუსო ხარ, თორნიკე! რას ვაკეთებ უგემურს? – ხისკოვზშემართული მიუტრიალდა იმედგაცრუებული სახით და შეკავებული სიცილით აცახცახებული მხრები რომ შენიშნა, თავი გადაიქნია. – და საერთოდაც, შენ უნდა მოგერთმია გამზადებული! – შემდეგ კი, თვალი ჩაუკრა და რამდენიმე წამში, სოსისიანი მაკარონით სავსე თეფშიც დაუდგა წინ.
– ნუ უყურებ ამდენ სერიალს, დაგღუპავს! – ხელი ჩაიქნია სიცილით და შემდეგ ნიცამ ისიც კი შენიშნა, როგორ გადააგორა ყელში ნერწყვი...
რამდენიმე წუთს ისეთი სიჩუმე იყო, როგორიც უნდა ყოფილიყო ზამთარში გამთენიისას, რადგან წესითა და რიგით, ეს დრო სამზარეულოში კი არა, საწოლში უნდა გაეტარებინათ. ნიცა თორნიკეს, თორნიკე კი სპაგეტის შეჰყურებდა შეყვარებული სახით და ისეთი იდილია სუფევდა, როგორის ჩაშლაც მხოლოდ მობილურის ზარს შეეძლო.
– მიმი რეკავს! – ტუჩზე იკბინა გოგონამ, დანაპირები რომ გაახსენდა და დადიანის გაკვირვებული მზერისთვის ყურადღებაც არ მიუქცევია, ისე უპასუხა.
სინდისმაც კი შეაწუხა, მხოლოდ საკუთარ თავზე რომ ფიქრობდა და ანერვიულებულ მეგობრებს არაფერი გააგებინა. ხომ იცოდა, რომ ღელავდნენ?! თუმცა, მოლოდინის ობიექტის დაბრუნებისას, აღარავინ ახსოვდა მის მეტი. არც მას შემდეგ... არც ახლა და ალბათ, კიდევ კარგახანს არ გაახსენდებოდა, თვითონვე რომ არ გამოჩენილიყვნენ. მიმის შემდეგ ალექსს გადაურეკა, დემეტრესა და ირაკლისაც ესაუბრა და ყველაფერს მხოლოდ მაშინ მორჩა, თორნიკემ ცარიელი თეფში ნიჟარაში რომ მოათავსა.
– ინტერპოლთან დარეკვა დაგავიწყდა... – წაილაპარაკა, ვითომც არაფერიაო და ზურგიდან ისე აეკრა, განძრევის საშუალება აღარ მისცა.
– სახელმწიფო უშიშროების სამსახური გააგებინებს და შეწყვეტენ ძებნას, არ იდარდო...
– წარმოდგენაც არ მინდა, რამდენი გამოტოვებული ზარი დამხვდება, მობილურს რომ ჩავრთავ. დილამდე ვერ მოვრჩები ნახვას...
– უკვე დილაა, თორნიკე...
– და სანამ მე მობილურთან საქმეების მოგვარებას დავამთავრებ, შენი უნივერსიტეტში წასვლის დროც მოვა... – ისევ თავისას აგრძელებდა და თან უკვე ცხვირის წვერს დაასრიალებდა კისერში, ნიცას ხმა რომ მოესმა.
– გაგიკვირდება, მაგრამ კვირაობით არ ვსწავლობთ...
– ანუ ყველაფერი ჩემ სასარგებლოდ აეწყო... – ჩაეცინა და სანამ გოგონა გააზრებას მოასწრებდა, ერთი მარტივი მოძრაობით შემოსვა სამზარეულოს მაგიდაზე, თვითონ კი, მის ფეხებშორის აღმოჩნდა თვითკმაყოფილი ღიმილით სახედამშვენებული...
* * *
უკვე შუადღე იყო, ძლივს რომ დააღწია ნიცამ თორნიკეს მკლავებს თავი. მართალია, არც თვითონ ეთმობოდა, მაგრამ სხვა გზაც არ ჰქონდა. მხოლოდ კვირა იყო ისეთი დღე, მეგობრებიდან ყველა რომ ისვენებდა და შესაბამისად, ერთად შეკრებაც შეეძლოთ. გუშინდელიდან მოყოლებული, ისედაც სათითაოდ უფეთქებდნენ მობილურს პატარას სქესის გასაგებად, უნამუსობა იქნებოდა, კიდევ დიდხანს რომ შეენახა ახალი ამბავი საიდუმლოდ.
– ბიჭებს სანაძლეო აქვთ დადებული... – გაეცინა თორნიკეს, პერანგის ღილებს რომ იკრავდა. ბავშვის არსებობის გაგებიდან მეორე კვირასვე დანაძლევდნენ. დემეტრე და ირაკლი გამწარებულები ამტკიცებდნენ, გოგო იქნებაო, ალექსი კი იმდენად დარწმუნებული იქნებოდა მათ წაგებაში, იმასაც კი დათანხმდა, გოგო თუ იქნებოდა, თამოს მოენათლა.
– დარწმუნებული ვარ, ბიჭი უნდათ! – თვალები აატრიალა ნიცამ. იცოდა, როგორ გეგმავდნენ ხოლმე კაცები, ჯერ კიდევ მუცლადმყოფი ბავშვის ფეხბურთზე შეყვანას.
– შენ ჩემზეც მასე გეგონა. – თვალი ჩაუკრა და თხოვნის გარეშე შეუკრა კაბის გრძელი ელვა. – ისე, როდემდე უნდა ირბინო ოთახიდან ოთახში? – შემდეგ კი, სასხვათაშორისოდ ჰკითხა და იდაყვებზე დაყრდნობილი გადაწვა საწოლზე.
– მოუხერხებელია? – მაინც არ შეიმჩნია გოგონამ. ჭკუიდან გადაჰყავდა ასეთ დამოკიდებულებას! მხოლოდ დადიანს შეეძლო, ყველაზე მნიშვნელოვანი რამეც კი ზედმეტად მარტივად შეეთავაზებინა და თან, სულაც არ ხედავდა ამაში ტრაგედიას.
– მინდა გითხრა, ძალიან! ან მაკოს ნაჩუქარი წიგნი მაინც დატოვე ჩემთან, წინ და უკან ხომ არ ვირბენთ?! – კბილებს შორის მოიყოლა ენა სიცილის დროს, როგორც სჩვეოდა ხოლმე და თვალებგაფართოვებული მზერის შემდეგ, თავში ბალიშიც მიიღო.
– თავში სხვა არაფერი გიტრიალებს?! –ხელოვნურად გამკიცხავი ხმით ჰკითხა, დოინჯშემორტყმული რომ გადააჯდა უდარდელად გაწოლილს.
– ასეთ პოზაში?! – ცალი წარბი ასწია და ცალყბად ჩაეცინა. – არა! – შემდეგ კი, სრული ეფექტისთვის თვალიც ჩაუკრა და სანამ უშუალოდ მოქმედებაზე გადავიდოდა, მაინც მოასწრო ნიცამ ადგომა.
– ჰოდა, მოგიწევს, დროებით დაასვენო გონება!
–საღამომდე როგორმე გავძლებ! – თავი გადაიქნია ღიმილით.
– ანუ ჩემი ნივთების შენს ოთახში გადმოტანა ხვალისთვის გადაიდო? – ოთახიდან გასვლისას კი, გულუბრყვილოდ დასმული კითხვა რომ მოესმა, თვითკმაყოფილი სახით შებრუნდა და თავიდან ფეხებამდე რომ შეათვალიერა, ისე დაუქნია თავი, თითქოს უკვირდა კიდეც, რა იყო აქ საკითხავი...

* * *
– ნიცა, ნუ სარგებლობ მდგომარეობით, ამომხდა სული! – თვალები აატრიალა ირამ, უკვე ნახევარ საათზე მეტია კაფეში რომ ისხდნენ და დღევანდელი დღის ავტორი მაინც არ აპირებდა საიდუმლოს გამხელას.
– ხუთი წუთიც, მოიტანენ ნამცხვარს და თავადვე გაიგებთ! – თვალი ჩაუკრა და წარბები აათამაშა.
დიდხანს ფიქრობდა, როგორ ეთქვა ისე, არც ინტრიგა რომ არ დაეკარგა და თან, ბანალურადაც არ გამოსვლოდა. გიჟდებოდა სიურპრიზებზე! ისიც უყვარდა, თვითონ რომ იღებდა, მაგრამ როცა სხვას უწყობდა, მაშინ უფრო მოუთმენლად ელოდა რეაქციის ნახვას. ახლაც ასე იყო. თავს ძლივს იკავებდა და რამდენჯერმე იკბინა კიდეც ენაზე. მაღაზიებიც მარტომ მოიარა და თვალებიც კი აუჭრელდა ერთი ციცქნა კაბების თვალიერებისას. ისეთი ლამაზები იყო, თვითონაც რომ დიდი სიამოვნებით ჩაიცვამდა. ვეღარ არჩევდა, რომელი ეყიდა. რომ მიგეშვათ, ალბათ მთელ მაღაზიასაც გამოიტანდა დაუფიქრებლად, თუმცა, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, საკუთარი ფინანსები ამდენის საშუალებას არ აძლევდა და საბოლოოდ, მხოლოდ ბაჭიისკუდიანი კომბინეზონი შეარჩია.
– ის მაინც გვაჩვენე, რა იყიდე! – ვეღარც თამო ითმენდა და ისე სცადა გამოტეხვა, პირდაპირ რომ არ უკითხავს.
– რა ჭკვიანი ხარ, თამრი! – გაეცინა გოგონას. საკმაოდ კარგად იცნობდა იმისთვის, განზრახვას რომ ვერ მიხვედროდა.
– აი, თქვენი შეკვეთა! – და რამდენიმე წამში, მინიატურული ზომის ტორტებით სინდამშვენებული მიმტანიც მიუახლოვდათ. რამდენიმე დღის წინ შეარჩია ნიცამ ეს ადგილი და შეთანხმებულიც იყო მორთულობაზე. სანამ არ გასინჯავდნენ, ვერაფერს გაიგებდნენ. გარედან თუ ჩვეულებრივი დესერტივით გამოიყურებოდა, შიგნით ჰქონდა ვარდისფერი კრემი.
– დიეტას მარღვევინებთ?! –აღშფოთდა ანი. ისედაც საკმაოდ გამხდარი იყო, მაგრამ არავის უჯერებდა და ძალით იტანჯავდა თავს.
– არ არსებობს! – წამოიძახა თეკომ, რომელმაც სხვების ჭორაობით დრო იხელთა და პირველმა თვითონ ჩამოაჭრა ტორტს ისეთი ნაჭერი, კრემი რომ დაენახა. – რა მაგარია, ნიცა! – სახეზე ხელებაფარებული აკივლდა და სწრაფად გადაეხვია.
– თორნიკესაც გოგო უნდოდა! – სახე გაუბრწყინდა ენის. ისედაც უხაროდა, ნიცასთან ასეთი ურთიერთობა რომ ჩამოუყალიბდა, ახლა კი, სიხარული გაუორმაგდა.
– მართლა?!
– კი, არ უთქვამს? სახელიც შერჩეული აქვს... – აი, ამის გაგონებისას კი საშინლად დაიბნა ნიცა. რა გამოდის, ისე შეურჩია მომავალ შვილს სახელი, მამამისის აზრი არც კი გაითვალისწინა? ისეთი უხერხულობა იგრძნო... როგორ ცუდად გამოუვიდა... იქნებ სულაც სხვა რამის დარქმევა უნდოდა თორნიკეს, ასე პირდაპირ რომ ახარა, ლილიაო? საშინლად ეგოისტურად გამოუვიდა...
– რა სახელი, ენი? – ძლივს ამოილუღლუღა და ლამის სუნთქვაც კი შეეკრა პასუხის მოლოდინში.
– ლილია... – თვითონაც დაბნეულმა უპასუხა, გაკვირვება რომ შეატყო.
– რა გატირებს? – გაოგნებულმა გახედა ირამ.
– ნიცა, რა გჭირს?! – გვერდით მჯდარმა ანიმაც შეარხია ფრთხილად, მაგრამ ისეთი ემოციური მომენტი ჰქონდა, ხმის ამოღებაც ვერ მოახერხა.
ხომ არსებობს წუთები, რაღაც განსაკუთრებული, სწორედ მაშინ რომ პოულობ ყველაფერს, რასაც ამდენ ხანს ეძებდი. მაშინ გრძნობ ყველა ემოციას და თუნდაც, გარშემო ყველაფერი განადგურებულა, მაინც ბედნიერი ხარ, რადგან წამის დაჭერა შეძელი. ზუსტად ასე იგრძნო თავი ნიცამაც. მხოლოდ სახელის გამო არა. რა თქმა უნდა, სახელიც მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ იმ მომენტში იმან უფრო აუჩუყა გული, თორნიკეს უთქმელ ფიქრებს რომ მიუხვდა.
– მეც ლილია მომწონს... – დაიჩურჩულა და ტუჩები რომ დაბრიცა, პირველს თამოს აღმოხდა, არაა ეს ნორმალურიო, დანარჩენებმაც გაკვირვებული სახით გადახედეს ჯერ ერთმანეთს, შემდეგ ნიცას, ბოლოს კი, ისევ ანიმ ასწია ჭიქა და სხვებს დაასწრო:
– ჩვენს პატარა ყვავილს გაუმარჯოს!

გაგრძელება იქნება  
ავტორი ნათია ჯაგოდნიშვილი


FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 7 /
ნატალი
დაიდოს ყოველდღეეეეეეეეეე ♥
17:19 / 15-12-2016
გამოხმაურება / 0 /
ნათიკო
დაიდოს ყოველდღეეეე ააუცილებლად
17:16 / 15-12-2016
გამოხმაურება / 0 /
ყველა კომენტარი
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93