ნოველები

შეცდომა. თავი 29 „ემოციური აფეთქება“

შეცდომა. თავი 29 „ემოციური აფეთქება“
– რაო, ალექს, გაგედო?! – ახარხარდა დემე, თორნიკემ ახალი ამბავი რომ გაუმხილა.
– არ ამბობდა ადამიანი, გოგო იქნებაო? შენ ასწავლი თავის გაკეთებულს?! – აფხუკუნდა ირაკლიც, დადიანი კი გაჭირვებით იკავებდა სიცილს.
– რა ვქნა, ძმაო, ნამდვილ კაცებს პირველი გოგო გამოგვდის! – თუმცა ბოლოს თვითონაც გასკდა.
– მეორე იქნება ბიჭი! – ალექსი კი მაინც არ აღიარებდა დამარცხებას.
– ან მესამე... – ეცინებოდა თორნიკეს.
– რაო?
– ბიჭებს კი სულაც არ გამოჰპარვიათ, ასე მარტივად რომ აჰყვა. – გვეღირსა?
– რა, ჩემი შვილები?
– გოგონა, ერთი წუთით... – მიმტანს გასძახა დემემ. – შამპანური მოგვიტანეთ, თუ შეიძლება! – შემდეგ კი, ისეთი სერიოზული ხმით განაგრძო, გოგო ვერაფრით მიხვდა, რატომ აუტყდათ დანარჩენებს სიცილი.
– მოიცა, სერიოზულად?! – წარბები აათამაშა ირაკლიმ და თავი რომ დაუქნიეს, მეორე ბოთლიც დაამატეთო, ისე წამოიძახა, ეჭვსაც ვერ შეიტანდით, აღნიშვნას რომ აპირებდნენ.
– ჰოდა, ქორწილი ალექსს გადაახდევინე! – თვალი ჩაუკრა დემეტრემ. – წაგებულს ხო უნდა ჩაბარება!
– ამას თავისი ქორწილიც გადასახდელი აქვს.
– აი, ესმის ადამიანს, თქვენ კი არ გგავთ! – ის იყო, შვებით უნდა ამოესუნთქა ბიჭს, დადიანის ხმა რომ მოესმა.
– ლილიას დაბადების შემდეგ აღსანიშნავ სუფრას გადავახდევინებ!
– დაითანხმე ნიცა?
– რაზე?
– რა რაზე, სახელზე! – თვალები აატრიალა ბექაურმა. ბიჭებმაც იცოდნენ თორნიკეს ტატუს ისტორია და არც იმაში ეპარებოდათ ეჭვი, გოგოს გაჩენის შემთხვევაში, სხვა სახელზე რომ არც იფიქრებდა.
– მე არ მითქვამს... – ჩაეღიმა კმაყოფილს. – თვითონ მოიფიქრა.
– მგონი, ეგ გოგო მართლა ზემოდან გამოგიგზავნეს! – სრული სერიოზულობით წარმოთქვა დემემ, შემდეგ კი, ჩაციებული შამპანურის ბოთლს ხმაურით წააგდებინა თავი...

* * *
– თქვენ აქ ჩემ გარეშე აპირებდით აღნიშვნას?! – სრულიად მოულოდნელად, ნიცას ზურგსუკან ნაცნობი ხმა რომ მოესმა, ლამის სკამიდან გადავარდა.
– მოგკლავ! რატომ არ მითხარი, თუ ჩამოდიოდი? – შემდეგ კი, ქეთოს დანახვისას ისე აკივლდა, გვერდით მაგიდებთან მსხდომების ყურადღებაც კი მიიქცია.
– შენ რატომ არ მითხარი, გოგოს რომ მანათლინებ?! – ენა გამოუყო და სანამ მეგობარს გადაკოცნიდა, ისე ჩაიმუხლა, თავი პირდაპირ გამობზეკილი მუცლის გასწვრივ რომ ჰქონოდა. – სასიამოვნოა შენი გაცნობა, ქალბატონო!
– გიჟი ხარ! – გაეცინა და ლამის გაჭყლიტა, ისე მოეხვია. – სანამ პირადად არ გნახავდი, არ მინდოდა გამხელა.
– შენ ვინ გეკითხება! – თვალი ჩაუკრა და სკამი მიიჩოჩა. – მე აქ ჩემი პირადი აგენტები მყავს!
– გამოტყდი, ვინ გითხრა?
– რად მინდა, გოგო, ვინმეს თქმა? ვერ ვხედავ, ყველაფერი ვარდისფერში რომ გაქვს? – გაეცინა და ისე დაულია ხილის წვენი, ნებართვა არც უკითხავს. სწორედ ამიტომ გიჟდებოდა ამ გოგოზე!
ლამის წასასვლელად ემზადებოდნენ, ქეთო რომ მივიდა და შედეგად, საათზე მეტხანს კიდევ დარჩნენ. ყველას იცნობდა, ენის გარდა და მასაც ისე სწრაფად დაუახლოვდა, სულ არ იგრძნობოდა უცხოობა. როგორც მოგვიანებით გამოტეხეს, თორნიკეს გაუმხელია, სადაც იკრიბებოდნენ გოგონები და ისე ჩუმად დაადგა თავს, მის მეტმა არც არავინ იცოდა, რას აპირებდა. მოგვიანებით აპირებდა თბილისში გადმობარგებას, მაგრამ ყველაფერი ისე წავიდა, გეგმებიც დააჩქარა და ამაზე უკეთეს სიურპრიზს, ალბათ, ვერც გაუკეთებდა ნიცას.
უკვე შებინდებული იყო, რომ დაიშალნენ. ენიც მანქანით იყო და თეკოც და გოგონების მიყვანა საკუთარ თავზე აიღეს. ნიცას ქეთოს თავისთან დატოვება უნდოდა, მაგრამ თავი გაიგიჟა, ძლივს თქვენ ურთიერთობა აგეწყოთ, შუაში ხომ არ ჩაგიწვებითო და დიდი ხვეწნის მიუხედავად, მაინც ვერ დაითანხმა. თან, როგორც მოგვიანებით გაირკვა, დემეტრეც უნდა ენახა და ამის გაგონებისას, წინააღმდეგობაც აღარავის გაუწევია. ისე უციმციმებდა თვალები, ან შეყვარებული იყო, ან რაღაც ჰქონდა ჩაფიქრებული და რადგან მეგობრის ხასიათი კარგად იცოდა, ეჭვიც არ შეჰპარვია, ასე მარტივად რომ არ გაუჩნდებოდა გრძნობები.
– იცოდე, ძალიან არ აწვალო, ცოდოა! – გადაუჩურჩულა ნიცამ, სანამ დაემშვიდობებოდა და თვალიც ჩაუკრა იმის მისანიშნებლად, გეგმებს რომ მიუხვდა.
საოცრად ბედნიერად გრძნობდა თავს. დიდი ხანია ასეთი საღამო აღარ ჰქონია. მეგობრებთან ერთად კი იკრიბებოდა, მაგრამ სრულყოფილი ბედნიერებისთვის მაინც აკლდა რაღაც. სწორედ ის, რაც ახლა შეივსო. რა უნდა ნდომებოდა მეტი?! მხოლოდ ერთი რაღაც, ზედმეტად ფორმალური, თუმცა, თითზე ბეჭდის გარეშეც ახერხებდა ის ადამიანი მისთვის გულის აჩქარებას და ალბათ, არც იყო საჭირო მოვლენების ზედმეტად დაჩქარება. ყველაფერი ხომ უკუღმა დაიწყეს, პირდაპირ ბავშვით, ჰოდა, ადრე თუ გვიან, ამის დროც დადგებოდა...

* * *
პაბიდან უკვე გამოსულები იყვნენ ბიჭები და მანქანებში ნაწილდებოდნენ, დემეტრეს მობილური უცხო ნომერმა რომ აამღერა. დაბნეულმა გადახედა ბიჭებს, ხომ არ გეცნობათო და ყველამ რომ უარყო, მხოლოდ შემდეგ უპასუხა.
– დემე, ქეთო ვარ! – მალევე მოესმა აღელვებული ხმა, ოღონდ... ჩურჩულით.
– ქეთო? რა ხდება? – კიდევ უფრო აირია. უცხო ნომერმა იმდენად არ გააკვირვა, როგორც გოგონას ხმამ. აშკარა იყო, რაღაც ხდებოდა.
– მარტო ხარ? დიდხანს საუბარი არ შემიძლია...
– რა ხდება? – ჩაერთო დადიანიც.
– მითხარი რა ხდება!
– რუსთავის გზაზე ვარ, ქალაქიდან გავყავარ...
– რა? სად გაყავხარ? მარტო არ ხარ?
– არა. მუსიკა აქვთ ჩართული და არ ესმით, რომ ვლაპარაკობ... – და მართლაც გაიგონა შორიდან რუსული სიმღერების საამური ჟღერადობა. – ძველი „ჟიგულია“, მწვანე...
– ამოღერღე, ჩადუნელი! – მოთმინება გამოელია თორნიკეს.
– თუ ბიჭებთან ხარ, არაფერი შეიმჩნიო, არ მინდა, ნიცამ გაიგოს, ინერვიულებს. მხოლოდ შენ მყავხარ მის გარდა აქ...
– ქეთო, ნუ გეშინია, შეეცადე დაინახო სად ხართ, გარშემო არაფერია?
– ძველი შენობებია, ქარხნები... მანქანაში რომ მტენიდნენ, მაშინ მოვასწარი მობილურის ამოცლა ერთ-ერთისთვის.
– ნომერი საერთოდ არ გახსოვს? გამოვდივარ, არ ინერვიულო!
– არა, მოიცა! თავიდან, მეგონა, ცოლად უნდა მოვეყვანე... – ცრემლები შეერია ხმაში.–მაგრამ არაო... – შემდეგ კი, საერთოდაც აქვითინდა და რამდენიმე წამში, მობილური რომ გაითიშა, ლამის ჭკუიდან გადავიდა დემეტრე.
უცხო რომ ყოფილიყო ასეთ მდგომარეობაში, იმასაც კი დაეხმარებოდა, ახლა კი, საერთოდ გაგიჟდა. წარმოდგენა არ ჰქონდა, როგორ, მაგრამ ის ზუსტად იცოდა, აუცილებლად რომ უშველიდა. გოგომ საკუთარი სიცოცხლით გარისკა და გამტაცებლებით სავსე მანქანიდან დაურეკა, თვითონ როგორ მჯდარიყო უმოქმედოდ?!
– დემე, რა ხდება? – აღელდა ალექსიც.
– ნიცას ქეთო იყო...
– ეგ გავიგეთ. მერე? – ამჯერად, ირაკლისაც გამოელია მოთმინების ფიალა და სანამ პასუხის გაცემას მოასწრებდა, ისევ იმავე ნომრიდან შევიდა ზარი.
– ქეთო?!
– კი, მე ვარ... – დაიწყო ჩურჩულის გარეშე. – გამიგეს, რომ ვლაპარაკობდი და ახლა უკვე თვითონ მარეკინებენ...
– დამალაპარაკე! – სიბრაზისგან ძარღვები დაეჭიმა და სადაც იყო, მობილურიც შემოეფშვნებოდა ხელში.
– გამოსასყიდს ითხოვენ, დემე... მხოლოდ შენ შეგიძლია მოტანა... – აღმოხდა სასოწარკვეთილს, დაგუდული ხმით.
– რა უნდათ?! ნუ ტირი, გესმის? აუცილებლად მოვალ და მოვიტან, ნუ ტირი!
– სოიოს ნაყინი... – შემდეგ კი, როცა რამდენიმე წამი აუტანელი დუმილი ჩამოწვა, საბოლოოდ გოგონას ხარხარმა გამოაფხიზლა. ისე იცინოდა, შეეძლო წარმოედგინა კიდეც, როგორ ხრიდა თავს უკან და როგორ უცახცახებდა მხრები.
– შენ რა, დამცინი? – ძლივს ამოთქვა შოკირებულმა. ვერაფრით იჯერებდა, ასე კარგად რომ ითამაშა. გაოგნებული უყურებდა ხან ალექსს, ხან ირაკლის, ხანაც სიცილისგან ჩაბჟირებამდე მისულ თორნიკეს და ვერ ხვდებოდა, თვითონაც გასცინებოდა თუ გამწარებულს ყველაზე ერთიანად ეყარა ჯავრი.
– კი... – ჩაიფხუკუნა გოგონამ. – მაგრამ, თბილისში ნამდვილად ჩამოვედი და თუ გინდა, შეგვიძლია სოიოსი ვერა, მაგრამ ვანილის ნაყინი მაინც ვჭამოთ!
– მოგკლავთ. შენც და დადიანსაც!

* * *
ქუჩებს უკვე ლამპიონები ანათებდა, ნიცა სახლში რომ დაბრუნდა. ისეთი ნაყოფიერი დღე გამოუვიდა, დაღლილობასაც კი ვერ გრძნობდა და აჟიტირებაც კიდევ უფრო გაუმძაფრდა სახლიდან გამომავალი სინათლის დანახვისას. კარის საკეტშიც ისე ამაყად მოარგო გასაღები... ამდენი დრო გავიდა, მაგრამ პირველად ჰქონდა ის გრძნობა, რომ საკუთარ სახლში ბრუნდებოდა...
შესვლისთანავე მოესმა მისაღებიდან გამომავალი ტელევიზორის ხმა. რაღაც ისეთი ტიპის სერიალს უყურებდა თორნიკე, სიცილს რომ მონტაჟის დროს, ხელოვნურად ადებენ და რეალურად, ისედაც კარგ ხასიათზე მყოფსაც კი ვერ გაგაღიმებს. სახეც შესაბამისი ჰქონდა და ეტყობოდა, უსაქმურობისგან რომ სულს ღაფავდა.
– დეპრესია დაგეწყო? – ჩაეცინა, თავზე რომ წამოადგა და შემდეგ ფეხებმოკეცილი მიუჯდა გვერდით. აი, რა ენატრებოდა მთელი დღე! საყვარელი ადამიანის სურნელი და თბილი ხელი წელზე.
– ლამის შოკოლადებიც შეგიჭამე... – ამოიოხრა და ტელევიზორი ისეთი სახით გამორთო, თითქოს აქამდე ვინმე აიძულებდა ყურებას.
– მაგას ვერ გაპატიებდი!
– კი, როგორ არა! – დაეჯღანა და თვალებმინაბულმა რომ გადადო თავი დივნის საზურგეზე, ნიცამ ნერწყვიც კი გადაყლაპა ყელზე მფეთქავი არტერიის დანახვისას.
არც უცდია თავის შეკავება. ისე მიეწება ტუჩებით, თითქოს მთელი ცხოვრება ამ მომენტს ელოდა. ათრთოლებული ბაგეებით გრძნობდა კანზე დავლილ ჟრუანტელს და არც არაფერი უნდოდა მეტი.
– ვგიჟდები პირდაპირ, აქამდე რატომ იკავებდი თავს?! – ჩაეცინა დადიანს და ისე დახედა, სიტყვები არც იყო საჭირო. ერთი მზერით ეუბნებოდა ყველაფერს და უსიტყვოდ აიძულებდა გაწითლებას.
– შენ გეჯიბრებოდი! – თვალი ჩაუკრა ნიცამ და სრულიად მოულოდნელად, წამოდგა. ყველაფერს იფიქრებდა ბიჭი ამის გარდა, მაგრამ ახლა ისე გრძნობდა თავს, თითქოს მდუღარე გადაავლეს.
– უნამუსო ხარ, ნიცა! – იმედგაცრუებულმა გადაიქნია თავი და თვითონაც რომ მიჰყვა, კიდევ ერთხელ „გააწნეს სილა“.
– უნდა გამოვიცვალო და წყალი გადავივლო, დაღლილი ვარ... – ძლივს იკავებდა სიცილს, დადიანის მზერა წამში რომ დაემსგავსა ქუჩაში დატოვებული ლეკვის თვალებს. საოცრად ერთობოდა და მოსწონდა ძალაუფლების შეგრძნება. სწორედ ეს იყო ამ სიტყვების ერთადერთი მიზეზიც, თორემ რა მიზეზი უნდა ჰქონოდა, თორნიკეზე უარი რომ ეთქვა?!
– ოთახში ვიქნები, საწყლად, ჩემთვის, მარტო... – ამოიოხრა ბიჭმა და კიბეს აუყვა. – ბებიის ნაჩუქარ წიგნს წავიკითხავ...
– ნელა და დაკვირვებით წაიკითხე, არაფერი გამოგრჩეს! – დასცინა ნიცამ და საკუთარ ოთახში ისე შევიდა, თითქოს გული და გონება მისთვის არ გაეყოლებინოს. არ შეიძლებოდა ასე ერთბაშად ყველაფერზე გადაბიჯება და თან, მართლა სჭირდებოდა მოწესრიგება.
ისე სწრაფად შევარდა სააბაზანოში, მხოლოდ პირსახოცი შეიყოლა და... სწორედ აქ დაუშვა შეცდომა. არა, როგორ ვერ იფიქრა?! წამითაც არ გაუვლია გონებაში, თავისდა საუბედუროდ. გაღიმებული რომ მიადგა კარადას, სახეზე შეეყინა ემოცია. სრულიად ცარიელი დახვდა! დიახ, არც ერთი კაბა, საერთოდ არანაირი ტანსაცმელი, საცვლებიც კი აღარ იყო შიგნით! ერთადერთი, ფოტოსესიის შემდეგ ნაჩუქარი, ზედმეტად სექსუალური თეთრეულის ყუთი იდო თავმომწონედ და მაშინვე მიხვდა ყველაფერს. ჰმ, ყოჩაღ, დადიანი! აი, მინიშნებაც ამას ჰქვია!
ისე გადაიქნია თავი, სიფრიფანა ქსოვილის ყუთიდან ამოღებისას, თითქოს უკმაყოფილო ყოფილიყო. სინამდვილეში, უფრო პირიქითაც კი ეთქმოდა, მაგრამ ბრაზდებოდა, რომ დაასწრეს. ახლა აღარ ექნება ისეთი მოულოდნელობის ეფექტი, როგორც მაშინ, ზედმეტი ჩარევის გარეშე რომ მიჰყოლოდა გეგმებს. თუმცა, დიდხანს მაინც აღარ უყოყმანია. მხოლოდ ერთი ამოიოხრა და რამდენიმე წამში, მისსავე საჩუქარში გამოწყობილმა რომ შეუღო დადიანს საძინებლის კარი, საკუთარ თავში დარწმუნებული და თვითკმაყოფილი ხმით წარმოთქვა:
– გამოწვევა მიღებულია!
* * *
შუაღამე გადასული იყო, ჩუმმა სლუკუნმა რომ აიძულა ჯერ მარჯვენა, შემდეგ კი მარცხენა თვალის გახელა და, მხოლოდ მოგვიანებით, გამოფხიზლება... ჩაბნელებულ ოთახში, სქელი ფარდების მიღმა ჩუმად შემოპარული მთვარის შუქის ფონზე, ძლივს გაარჩია გვერდით მწოლი, ემბრიონის პოზაში მოკუნტული გოგონას მხრების ცახცახი და დამძიმებულად წყვეტილი სუნთქვა...
- ნიცა?! რა გჭირს? - ძილისგან ჩახლეჩილი, არეული ხმით ძლივს იკითხა და ცალ იდაყვზე დაყრდნობილი წამოიწია, რომ დაენახა.
- არაფერი... - ჩაიდუდღუნა, თუმცა უფრო ატირდა და საბოლოოდ, ისევ გულაღმა დაწოლა ამჯობინა. ტუჩებს საწყლად აჭერდა ერთმანეთს რომ გაჩერებულიყო, მაგრამ გული ამოუჯდა და ვეღარაფერს უხერხებდა თავს.
- რა დაგემართა, მოხდა რამე? ცუდად ხარ? - და დადიანსაც სერიოზულად შეეშინდა.
- მეშინია... - ამოიკნავლა და ცრემლების ახალი ტალღა რომ გადმოუშვა, უკვე ეტყობოდა, აღარ აპირებდა ჩუმად ყოფნას.-მეშინია, რომ ვერ გავძლებ. რომ ყველაფერი სულ ასე არ იქნება, მაგრამ მე მაინც მეყვარები... მე... - ხმა უწყდებოდა ტირილისგან, თორნიკე კი ისეთი გაღიმებული მიაშტერდა, წამიერად შეიძლება ისიც გეფიქრათ, სადისტიაო.
- რა თქვი?
- მიყვარხარ. მაგრამ ეს არ არის სწორი. არც კი გიცნობდი, ისე შემიყვარდი. მიყვარდა, როგორ იხსნიდი ჩაფხუტს, ბაიკის ეზოში გაჩერებისას, როგორ უკიდებდი კბილებში მოქცეული სიგარეტის ღერს, როგორ გეჭიმებოდა ყელი, კაფეტერიაში წყლის პირდაპირ ბოთლიდან დალევისას. ასე არ შეიძლება! - სახეზე აიფარა ორივე ხელი და სლუკუნი ქვითინში გადაეზარდა, მხრებზე ძლიერი მკლავების მოხვევა რომ იგრძნო, ზურგსუკან ლეიბი კი, თბილმა მკერდმა შეცვალა.
- რატომ არ არის სწორი?
- იმიტომ, რომ მეტკინება. ასე ვერ გაგრძელდება და დავიტანჯები. საკუთარ თავს თვითონვე გამოვუტანე განაჩენი და ვიცი, რომ დავისჯები.
- ნიცა, რას ამბობ?
- სიმართლეს, თორნიკე, მხოლოდ სიმართლეს. ზუსტად ვიცი, რომ ასე იქნება. ამიტომაც მეშინოდა შეყვარების. ვიცოდი, ნაკლის დანახვის მიუხედავად, როგორც არ უნდა დავტანჯულიყავი, მაინც ბოლომდე მეყვარებოდა...
- შენ ახლა იტანჯები?!
- ახლა არა... - სუნთქვაც კი უჭირდა, მლაშე სითხით გულდამძიმებულს. - მაგრამ დავიტანჯები. იცი, ადრე, წლების წინ, ერთი რომანი წავიკითხე. საშინელი პერსონაჟი ჰყავდა, პირველ თავში შემძულდა, მაგრამ გამოიცანი, რა მოხდა შემდეგ? შემიყვარდა! პატარა დეტალებით, საუბრის მანერით, ფრაზებით, პიროვნებით, როგორიც იყო სინამდვილეში... ისე შემიყვარდა, ვერც გავიგე და მისი აუტანელი ქცევების მიუხედავად, მაინც ვამართლებდი. არარეალურს რეალურად გავუგე და სიძულვილი ტკივილმა ჩაანაცვლა. მხოლოდ მიყვარდა და მტკიოდა. ამის მეშინოდა შენთანაც, მაგრამ მაინც ვერ გადავურჩი. ესეც ჩემი სისუსტეა, არ უნდა გიყვებოდე ასე ყველაფერს!
- გეყოფა! - ნერვები ეშლებოდა უკვე. ისეთ რაღაცებს ამბობდა, თითქოს მკვლელი და უკანასკნელი ნაძირალა ყოფილიყო თორნიკე.
- არა, დამაცადე! - პატარა ბავშვივით, მუჭებით ამოიწმინდა თვალები. - იცი, რა არის პრობლემა? ვგრძნობ, რომ რაც არ უნდა მოხდეს, მაინც ვერ ვიტყვი უარს შენზე. და ეს მომკლავს. არ ხარ უნაკლო, ისე საშინლად მაღიზიანებ ზოგჯერ! სულ არ ხარ ისეთი, გოგონები რომ ოცნებობენ, ახლოსაც კი არ ხარ იდეალური მამაკაცის სტანდარტებთან, მაგრამ ჩემთვის მაინც არაიდეალურად იდეალური ხარ. ვიცი, როგორც არ უნდა შეგეშალოს, როგორ ძალიანაც არ უნდა მატკინო, მაინც მეყვარები... - ისე ამოისლუკუნა, ძლივსღა ამოთქვა ბოლო სიტყვა. - რატომ გამიკეთე ეს?
- მე არაფერი გამიკეთებია, ნიცა...
- მართალია... არც კი გიცდია, თავი შეგეყვარებინა!
- გინდა, რომ ვიკამათოთ თუ რატომ იქცევი ასე, ვერ ვხვდები...
- არ უნდა დაგვეწყო ეს ყველაფერი... ლილიას არ ვგულისხმობ! - სასწრაფოდ გააპროტესტა, სანამ არასწორ ფიქრებს გაუჩენდა. - უნდა შემძლებოდა, ისეთი ძლიერი ვყოფილიყავი, ახლა აქ კი არა, ძველ ოთახში მძინებოდა... - ტირილიდან ჩურჩულზე გადავიდა და ისე აკოცა გასაჩუმებლად ტუჩებთან მიტანილ თითებზე, ვეღარაფერს გახდა დადიანი. - არ შეიძლება... არ უნდა გიყვარდეს ის, რაც განადგურებს... მე კი, ეს გრძნობა ბოლოს მომიღებს, დამაჩოქებს და საკუთარ თავს დამაკარგვინებს.
- ნიცა...
- ასეა და არ ღირს შეწინააღმდეგება! შეიძლება ახლა სხვანაირად ფიქრობ, გგონია, რომ გიყვარვარ, მაგრამ არა. შენ მხოლოდ ჩემი სხეული მოგწონს, ისიც დროებით.
- უკვე ბოდავ...
- პირველად, წვეულებაზე, იმიტომ კი არ იყავი ჩემთან, მე რომ გინდოდი, ჩემი სხეული გინდოდა. მხოლოდ სექსი გინდოდა, მე კი, ისიც ვერ შევძელი, უარი მეთქვა.
- ახლა მოიცა!
- შენ კი არა, სინამდვილეში საკუთარ თავს ვერ ვუთხარი უარი. ხვდები, რატომ ვამბობ, რომ ეს გრძნობა მანადგურებს?! ყველაფერი ისე მალე დამთავრდება, როგორც დაიწყო. ვერ შეიყვარებ გოგოს, რომელიც პირველსავე ღამეს, მთვრალი, კისერზე ჩამოკიდებული ამოგყვა სასტუმროს ნომერში... ღმერთო, როგორ მრცხვენია! - ფიზიკურ ტკივილს გრძნობდა, როცა ამას ამბობდა და მოშორების ნაცვლად, პირიქით, სახეს მის მკერდში რგავდა.
- ვერ ვხვდები, ამდენი უაზრობა როგორ გეტევა მაგ თავში! - ამოიოხრა დამძიმებულმა. ყოველი სიტყვა შეგნებულად ესმოდა, მიუხედავად იმისა, გაგება რომ არ სურდა და იმასაც ხვდებოდა, რას ნიშნავდა ნიცასთვის ამ ყველაფრის აღიარება.
- ვერც კი მეწინააღმდეგები, იმდენად მართალი ვარ...
- არც კი გეწინააღმდეგები, იმდენად სისულელეა, რასაც ამბობ!
- უბრალოდ, გინდა, რომ ტირილი შევწყვიტო და დავმშვიდდე. მეც მინდა, მართლა, მაგრამ თავისით მეტირება... ხომ შეიძლება, ისე შემყვარებოდი, შემდეგ რომ გადამეყვარებინე?
- რა იცი, თუ ძალიან ვეცდები, იქნებ მოვახერხო?!
- ვერა... სულ რომ იმ პერსონაჟის ყველაზე საშინელ მხარეს დაემსგავსო, ვისზეც მოგიყევი, მაინც მეყვარები. არ მენდომება, მაგრამ ვიგრძნობ. მეტკინება, ვიტირებ, მაგრამ მაინც ყოველთვის იმაზე ვინერვიულებ, როგორ ხარ შენ.
- ნიცა, არ გინდა, რა... რატომ იღლი გულს?
- და შენც გღლი... - ჩაეღიმა მწარედ, გაბრძოლების მიუხედავად კი, ზურგზე შემოხვეულმა მკლავებმა მაინც არ გაუშვეს და მეტი ეფექტისთვის, ცხელი ტუჩების შეხებაც იგრძნო საფეთქელთან.
- სხეულს რაც შეეხება, სულაც აღარ გამოიყურები ისე, როგორც პირველად!
- უარესი წინ გელის. უფრო გავსუქდები, ფეხები დამისივდება, თასმებსაც კი ვეღარ შევიკრავ ჩემით. შემდეგ გაწელილ კანზე "სტრიები" გამიჩნდება...
- შემდეგ, ნაოჭებიც...
- მეეჭვება, შენ ეგ ნახო.
- რატომ, უფრო ადრე მოვკვდები?! - გაიკვირვა გულწრფელად. გრძნობდა, როგორ უმშვიდდებოდა პულსაცია ცრემლებად დაღვრილს და თავის რეპერტუარს აგრძელებდა.
- დიდხანს ვერ გამიძლებ, თორნიკე... ადამიანები ვართ ორივე, მეც შემეშლება რაღაც, შენც გულს მატკენ. ეს ყველასთან ხდება, მაგრამ მე ვერ შევძლებ...
- ხვდები, სიზმრების ღმერთი რომ მიგათრევს?
- იცი, როგორ მინდა, ისე მიყვარდე, როგორც ყველას?!
- მაგაში მართალი ხარ, ყველას ვუყვარვარ!
- მინდა, ისეთი გაბრაზება შემეძლოს შენზე, ერთად გადაღებული ფოტოები, რომლებიც არ გვაქვს, დავხიო. შევძლო და წავიდე ისე, უკან რომ აღარასდროს დავბრუნდე. დაგივიწყო და დაქალებთან გავარჩიო, როგორი უშნოა შენი ახალი შეყვარებული. მინდა, შენ გარეშე ცხოვრება შემეძლოს... - ძლივსღა აბამდა სიტყვებს ერთმანეთს. საშინლად დაიღალა ემოციურად. თვალები უკვე მიხუჭული ჰქონდა და გაიშვიათებული სუნთქვის მიხედვით თუ ვიმსჯელებდით, მალე ჩაეძინებოდა კიდეც, მაგრამ მაინც არ წყვეტდა. აშკარა იყო, ისტერიკის შეტევა რომ ჰქონდა, თუმცა არც ერთი წინადადება არ უთქვამს გაუაზრებლად. სხვა სიტუაციაში უბრალოდ ვერ შეძლებდა გულის ასე გადაშლას და ყველაფრის ამოღებას, ახლა კი, ორსულობის გამო გამძაფრებულმა ემოციურმა ფონმა თავისი საქმე გააკეთა და აღარაფერი დარჩა ისეთი, რასაც შეინახავდა.
ძლივს ჩაეძინა. თორნიკე კი დიდხანს მიშტერებოდა ჭერზე ერთ წერტილს. ან, როგორ შეიძლება დაძინება მოეხერხებინა ასეთი აღიარების შემდეგ? დამნაშავედაც კი გრძნობდა თავს რაღაც მხრივ, მიუხედავად იმისა, თითიც კი რომ არ გაუნძრევია ნიცას გრძნობის გასაჩენად. მართლა არაფერი გაუკეთებია. ვერც იმას იფიქრებდა, ერთი ღამის გართობას თუ ასეთი შედეგი მოჰყვებოდა. მაშინ მართლაც ერთი ღამის გასართობი იყო და არაფერი მეტი, მაგრამ ახლა?! უკვე აღარ იცოდა. აქამდე ეგონა, იმ ჭაობში შეტოპა, საიდანაც ვეღარ ამოვიდოდა, ახლა კი, მოსმენილმა ისე იმოქმედა, თვითონაც ვეღარ ხვდებოდა, რას გრძნობდა სინამდვილეში. იქნებ ნიცა მართალია?! იქნებ მხოლოდ ვნებაა ის, რასაც სხვა რამეში ურევს? და თუ ასეა, ზუსტად იცის, მალევე რომ გაქრება, მაგნიტური მიზიდულობაც სადღაც აორთქლდება და შეიძლება ტვირთად დააწვეს ოჯახი, რომლის შექმნაც გზის დასაწყისში არც კი ნდომებია...

გაგრძელება იქნება  
ავტორი ნათია ჯაგოდნიშვილი



FaceBook ბეჭდვა
ტეგები:
კომენტარები / 2 /
Ta-tia
ოღონდ ყველაფერს სულელურად ნუ გააფუჭებ ავტორო, ეს ერთი თხოვნა მაქვს, თან ასე მალე, ძლივს რომ ეღირსათ ერთმანეთი :)
23:08 / 16-12-2016
გამოხმაურება / 0 /
ნათია
მშვენიერიაა დაოდოოოს ყოველდღეეე
12:33 / 16-12-2016
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93