ნოველები

შეცდომა. თავი 30. "მუქარა"

შეცდომა. თავი 30. "მუქარა"
სხეულის ტკივილით გაეღვიძა. თავზე უხილავი, გულზე წარმოსახვითი, წელზე კი თორნიკეს ხელები უჭერდა და რომ შესძლებოდა, უკანასკნელს არც არსად გააქრობდა. ნაბახუსევზე მყოფივით გრძნობდა თავს და ისიც კი ემთხვეოდა, გუშინდელი დიალოგის, უფრო ზუსტად კი, სიტყვით გამოსვლის შემდეგ სამარის გათხრის სურვილი რომ აწუხებდა. არასდროს ყოფილა უკონტროლო. ემოციური ნამდვილად იყო, ცრემლების შეკავებაც უჭირდა არასაჭირო დროს და არც ყალბი ღიმილის მორგება ეხერხებოდა დიდად, მაგრამ ეს უკვე აღარაფერს წარმოადგენდა ბოლო ამოფრქვევის შემდეგ. თითქოს ტვინი ცალკე მუშაობდა, ენა კი არაფრის დიდებით ემორჩილებოდა და
ისეთ რაღაცებს ამბობდა, სულის ყველაზე ღრმა კუნჭულში რომ ჰქონდა საიმედოდ გადანახული. ისე რცხვენოდა... თავიც კი არ აუწევია, თორნიკე რომ არ გაეღვიძებინა. როგორ უნდა შეეხედა თვალებში?! სრული ისტერიკა მოუწყო! გააღვიძა, შოუ დაუდგა და ბოლოს ისე ჩაეძინა, ვერც გააცნობიერა. ეს უკვე მართლა უკონტროლობა იყო და არა ემოციურობა...
- ვგრძნობ, რომ გღვიძავს, - ადგილზე გაიყინა, დუდღუნი რომ მოესმა. - მაგრამ არც ხელის და მით უმეტეს, არც შენს გაშვებას არ ვაპირებ.
- მაპატიე...
- აღარც სისულელეების მოსმენას!
- მე...
- არ თქვა, რომ არ გინდოდა. იმ სიაში, რაც მძულს, ტყუილი პირველ ადგილზეა.
- თორნიკე...
- არც ბოდიში მოიხადო. - როგორც იქნა, თვალებიც გაახილა და ისე მიაჩერდა, აგრძნობინა, საჭირო რომ გამხდარიყო, საკუთარი სისხლით აგებდა ყოველ წარმოთქმულ სიტყვაზე პასუხს. - არასოდეს მოიხადო ბოდიში იმის გამო, რასაც გრძნობ.
- არ მინდა, რაღაცებს თავს გახვევდე.
- მე კი არ მინდა, მასეთი ამოფრქვევა კიდევ გქონდეს. არ მინდა, იმდენად შორს ვიყო, ამდენი სათქმელი შენთვის შეინახო და არ გამიმხილო. იმედია, ხვდები, ფიზიკურ სიშორეს რომ არ ვგულისხმობ.
- საშინლად მრცხვენია...
- უკვე მეორედ ვისმენ ამას და ამჯერადაც ნერვები მეშლება. - ამოიოხრა, ორივე ხელი სახეზე წაავლო და აიძულა, შეეხედა. - არ გინდა, ნიცა, ძალიან გთხოვ. მით უმეტეს, ჩემთან.
- ასეთი რაღაც არასდროს დამმართნია, მართლა. არ ვიცი, რა მომივიდა. ვეღარაფრით ვიკავებდი თავს.
- არც იყო საჭირო.
- მაგრამ უმიზეზოდ დაგადანაშაულე...
- ყოველთვის, ყველაფერს აქვს მიზეზი, ეს დაიმახსოვრე. მე არაფერი გამიკეთებია იმისთვის, შენი ნდობა რომ მომეპოვებინა. საერთოდ არაფერი. ბუნებრივია, ფიქრობდე, რომ ერთ დღესაც, ასე უბრალოდ, ავდგები და თავს დაგანებებ. მორჩება ყველაფერი ისე, თითქოს არც არასდროს ყოფილა. არც კი მიცდია შენი გონებიდან ასეთი ფიქრების განდევნა და ახლა იმის უფლებაც არ მაქვს, გისაყვედურო, რომ გეშინია.
- არც ამის საფიქრებლად მოგიცია მიზეზი...
- როგორ არა! რამდენიც გინდა, იმდენი. უბრალოდ, აღარ ვაპირებ ასე გაგრძელებას. არ მინდა თავში ასეთი ფიქრები გიტრიალებდეს და იმის გეშინოდეს, რასაც გრძნობ. მანამ არ გაგიშვებ, სანამ ყველაფრის რეალურობაში არ დაგარწმუნებ.
- მე უნივერსიტეტი მაქვს, შენ სამსახური...
- არ მაინტერესებს. ეს ორი პრიორიტეტთა სიაში არ წერია, ყოველ შემთხვევაში, დღეს.
- არ მინდა, ჩემ გამო საქმე გაგიფუჭდეს...
- და ძალიან გთხოვ... - ამოიოხრა ისე, ეტყობოდა, დიდხანს რომ ჰქონდა ნაფიქრი. - მომეცი უფლება, თავად ავირჩიო, ვინ მიღირს ყველაფრად.

* * *
- პატარა რომ ვიყავი, მინდოდა, ლექს-სენს გავყოლოდი ცოლად. - გაეცინა ნიცას. უკვე მოსაღამოვებული იყო, თვითონ კი, ისევ თორნიკეს მკლავებში გახვეული იწვა და დროის გასვლასაც ვერ გრძნობდა. იმდენ რამეზე ისაუბრეს... ვერასდროს წარმოიდგენდა დადიანი, გოგოსთან საწოლის გაყოფის შემთხვევაში, მხოლოდ საუბრით რომ დაკავდებოდა.
- მე კიდევ მეგონა, კარგი გემოვნება გქონდა! - დასცინა დაუფარავად და ჩქმეტა რომ იგრძნო, კიდევ უფრო ახარხარდა.
- მაინც არ დავიჯერებ, ვინმე ისეთი რომ არასდროს მოგწონებია!
- "მეამბოხე სული" რომ გადიოდა, გახსოვს?! მანდ მომწონდა სონია! - აფხუკუნდა ბავშვობის გახსენებისას. ოსტატურად, ერთდროულად აღიარა სერიალის ყურებაც და ისიც, ასაკით ბევრად უფროსი და არც დიდად ჭკვიანი ქალი რომ იზიდავდა.
- მაშინაც მარტო გარეგნობაზე ფიქრობდი. არა, აი, მთავარია, მომრგვალებული ფორმები დაინახო და მაშინვე ნათურა გენთება თავში, ხო?! - ამჯერად ნიცას დაცინვის ჯერი დადგა.
- რომელი მომრგვალებული ფორმა გაქვს, ძალიან მაინტერესებს! - წარბები აზიდა და ცალყბად ჩაეცინა. - ისე, სხვათა შორის, ამ ბოლო დროს მკერდი გაგეზარდა თუ მეჩვენება?
- რა დეგენერატი ხარ, თორნიკე! - ახარხარდა და მცირემასშტაბიანი ომიც გამართა, საუბრიდან სხვა რამეზე რომ არ გადასულიყვნენ.
- პერსონაჟს რაც შეეხება... - კვლავ "პირველი სიყვარულის" თემას დაუბრუნდა.
- არ მითხრა, რომ ედვარდ კალენი! - თვალები აატრიალა დადიანმა.
- პრეტენზია გაქვს? - წამოიწია თვალებანთებული. ბავშვობის მოგონებებს დღემდე ისე ინახავდა, არავის მისცემდა უფლებას, დაეცინა.
- ვამპირი, რომელიც მზის შუქზე ბრჭყვინავს და ვეგეტარიანელია!
- გაფრთხილებ, აღარ გააგრძელო!
- ნიცა, სერიოზულად?! კარგი, რა!
- იცი, როგორ უყვარდა ბელა?!
- კონკიას პრინცსაც უყვარდა კონკია.
- ეგ არარეალურია! - ჩაიბუზღუნა და მხოლოდ მოგვიანებით გაიაზრა წარმოთქმულის კომიკურობა. - ო, კარგი, დამანებე თავი!
- მე ჰეკლბერი ფინი მიყვარდა...
- ნეტავ რატომ არ მიკვირს. - ჩაეცინა და მიუხედავად იმისა, საერთოდ რომ არ უფიქრია ამ თემაზე, მშიერმა კუჭმა მაინც შეახსენა თავი...
- დროა...
ამოიოხრა თორნიკემაც და ისეთი სახე მიიღო, წარმოსახვითი სიის ჩამოსაწერად მოემზადა.
- ამჯერად, რომელი მთის გადაღმა მოკრეფილი ბალახის ფხალი ეამება თქვენს გულს?
- ლეღვი მინდა...
- ნიცა, ასე მწარედაც ნუ დამსჯი ედვარდსა და ლექს-სენზე ხუმრობების გამო. ისე, მაგარი კონტრასტია, ვერაფერს იტყვი!
- მართლა მინდა...
- შუა დეკემბერში.
- რა ჩემი ბრალია?
- კარგი, ნუ ბრაზდები, - გაეცინა სასოწარკვეთის გადასაფარად. არა, საიდან უნდა მოეტანა ლეღვი?
- ჩირი ალბათ, ხო?
- ჩირს სხვანაირი გემო აქვს, მე ლეღვი მინდა! - პატარა ბავშვივით გაჯიუტდა და ფეხების ბაკუნიღა აკლდა სრული ეფექტის მისაღწევად.
- პირველად მომინდა რაღაც.
- ხო, არა?!
სიცილი აუტყდა, მაგრამ მაინც წამოდგა.
- დარწმუნებული ხარ?
- შენს შვილს მოსთხოვე პასუხი!
ტუჩები აატრიალა და თვითონაც ხალათი მოიცვა, სასურველის მიღებამდე სხვა რამით რომ დაეკმაყოფილებინა შიმშილი.
- ა, ანუ, როცა გაბრაზებს ჩემი შვილია და როცა ეფერები, დედას სიცოცხლე, ხო?
- ეჭვი გეპარებოდა? - ცალი წარბი აუწია სასაცილოდ, თუმცა მაინც ვერ შეძლო სიცილის შეკავება, ხელოვნურად შეწუხებულსახიანი რომ გააცილა სახლიდან.
ისეთი საყვარელი იყო ასეთ სიტუაციებში. ძირითადად ყოველთვის, მაგრამ მაშინ განსაკუთრებით, პრეტენზიების შესასრულებლად რომ დარბოდა. ზოგჯერ ისიც კი უნდებოდა ნიცას, სულ ორსულად ყოფილიყო. მხოლოდ ამის გამოც კი თანახმა იყო. გაღიმებული შევიდა სამზარეულოში. როგორც იქნა, ექიმისგან დღეში ერთი ჭიქა უნალექო ყავის დალევის უფლებაც მიიღო და ბედნიერებისგან დაფრინავდა. ვერც კი ხვდებოდა, როგორ გაძლო აქამდე. ყოველთვის დარწმუნებული იყო, ყავის გარეშე ფიქრის უნარსაც კი დაკარგავდა. ვერც იმას წარმოიდგენდა, წვეულებებსა და დაბადების დღეებზე, მხოლოდ ანანასის წვენით თუ იტყოდა სადღეგრძელოს, თუმცა ლილიამ ყველაფერი შეცვალა და არც ერთი წამით არ იყო უკმაყოფილო ამ ცვლილების გამო.
შოკოლადის გახსნას აპირებდა უკვე, ჭიშკრის გაღების ხმა რომ მოესმა და გაუკვირდა. არც ის იცოდა, უმანქანოდ თუ წავიდა თორნიკე და ვერც იმას წარმოიდგენდა, ასე მალე თუ დაბრუნდებოდა. რამდენიმე წამში კი, ზარიც რომ დარეკეს, საერთოდ დაიბნა. მუცელთან გაბანტული ხალათითვე გავიდა გასაღებად და პატარა ბავშვივით მოუნდა ჭუჭრუტანიდან გახედვა, რომელიც, სამწუხაროდ, არ ჰქონდათ. არა, რისთვის აქვს ამ ბიჭს დაყენებული ჭიშკართან სიგნალიზაცია და სპეციალური ტელეფონი, თუ შესასვლელს ისედაც ყოველთვის ღიას დატოვებს?!
- გამარჯობა! - ხმის ამოღებაც ვერ მოასწრო, ისე მიესალმა შავთავსაფრიანი ქალი, როგორც კი კარი გააღო. საშუალო ასაკის იქნებოდა, მაგრამ ნაადრევად დაბერებული. ძაძებში გამოწყობილი, მხრებში მოხრილი და გამხდარი. უცნაური გრძნობა გაუჩნდა ნიცას. თითქოს აქამდეც შეხვედროდნენ ერთმანეთს. განსაკუთრებით, სტუმრებიდან მეორის, წვერიანი მამაკაცის თვალები ეცნობოდა საიდანღაც, მაგრამ ვერაფრით იხსენებდა, საიდან.
- გამარჯობა? - კითხვასავით გამოუვიდა და არც კი გაწეულა, რომ შეეტარებინა. არ იცნობდა და უცხოები რატომ უნდა შეეშვა შიგნით?!
- უკაცრავად, თქვენ თორნიკესთან ხართ?
- თორნიკე? არა. შენ ხომ ნიცა ხარ? ყიფიანი... - გაიკვირვა ქალმა.
- დიახ...
- მამიდაშენის ნაცნობები ვართ, ირმასი... - შემდეგ კი, ისე გაუღიმა, გოგონას შერცხვა კიდეც, ვინ იცის, შორეული ნათესავები თუ არიან და მე ასე დავხვდიო.
მაშინვე შეიპატიჟა, მისაღებში შეიყვანა და მოუბოდიშა კიდეც ასეთ ფორმაში დახვედრისთვის, ორი წუთით დაგტოვებთ და ახლავე დავბრუნდებიო. ისე დაფაცურდა... სასწრაფოდ ჩაიცვა, ჩაიდანიც დაადგა სამზარეულოში დაბრუნებულმა და ტკბილეულით ხელდამშვენებულიც მივიდა სტუმრებთან.
- ძალიან დიდი ბოდიში, ვერ გიცანით... - შეიშმუშნა უხერხულად. ვერ იტანდა ასეთ სიტუაციებს. პატარა რომ იყო, მაშინაც ხვდებოდნენ ხოლმე ქუჩაში უცნობები, დიდი სიყვარულით რომ მოიკითხავდნენ, რამხელა გაზრდილხარო, ლოყაზე უჩქმეტდნენ, ნიცა კი უყურებდა და უაზროდ უღიმოდა. ასე იყო ახლაც.
- შენ ჩვენ არ გვიცნობ, ირმა გვიცნობს. - ალაპარაკდა კაციც.
- თანაც, ძალიან კარგად!
- უკაცრავად, თქვენი სახელი?
- მერი და ბადრი.
- იცით, მე და მამიდა ერთად აღარ ვცხოვრობთ, ის აქ არ არის.
- ვიცით, ნიცა. - გაეღიმა კაცს. - ამიტომაც მოვედით შენთან. უნდა დაგვეხმარო.
- მე? მე რით შემიძლია თქვენი დახმარება?!
- შვილო, ერთი შვილი მიწაში ჩავაწვინე, მეორე კიდევ ციხეში გაუშვა შენმა მამიდამ. კიდევ კითხულობ, რით უნდა დაგვეხმარო?! - მალევე შეიცვალა საუბრის ტონი მერიმ და აქ კი გააჟრჟოლა. ღმერთო, ისევ?!
- თქვენ...
- ხუთი წლის წინ რომ საქმეს იძიებდა შენი ძვირფასი მამიდა... გატაცების ამბავს. ყველა რომ სუფთად გამოძვრა და მიიმალა, ხელები კიდევ ჩვენს ბიჭზე შეიწმინდეს, იმის მშობლები ვართ ჩვენ.
- ძალიან გთხოვთ, თქვენს საქმეებში მე ნუ გამრევთ. - ფეხზე წამოდგა განერვიულებული. ძალიან კარგად ახსოვდა ის ამბავი. ძმებმა მეორეკლასელი ბავშვი გაიტაცეს გამოსასყიდის მიზნით. მთელი თვე ეძებდა ირმა. სპეცოპერაციაც თვითონ დაგეგმა, მაგრამ დამნაშავეებმა როგორღაც გაიგეს, მოთხოვნილ თანხასთან ერთად პოლიციაც რომ მიდიოდა და ისეთი სროლა ატყდა, ძმებიდან ერთ-ერთი ვეღარც გადაურჩა. ვერც პოლიციელი... ირმაც მძიმედ დაიჭრა და გადარჩენილ გამტაცებელს ოცდახუთი წელი მიუსაჯეს, წინასწარ დაგეგმილი გატაცების, მუქარისა და პოლიციელის მკვლელობისათვის.
- მომისმინე, გოგონა! - ხმას აუწია ბადრიმ. - ოჯახი რომ გაგვიუბედურა მამიდაშენმა და შვილი მოგვიკლა, ეგ არ იკმარა, მაქსიმალური სასჯელიც მიაღებინა ლუკას! სულ არ იყვნენ ჩვენები დამნაშავეები, სხვის შეკვეთას ასრულებდნენ!
- მაპატიეთ, მაგრამ მე დეტალები არ ვიცი, არც მაქვს სურვილი, ვიცოდე. ჩემგან რა გინდათ?!
- ირმამ უნდა მოახერხოს და ბავშვი დაგვიბრუნოს. ვხედავ, ორსულად ხარ... - უცნაური მზერით შეათვალიერა ქალმა. - წარმოგიდგენია, როგორი მტკივნეულია შვილის დაკარგვა?!
- ქალბატონო!
თვალები აენთო გაბრაზებისგან. არა, რატომ შემოუშვა საერთოდ?
- ხუთი წელი უკვე მოიხადა, კარგადაც იქცეოდა, აპელაციაზე კი მაინც უარს გვეუბნებიან, პოლიციელის მკვლელობას ვინ შეარჩენს. მხოლოდ ირმას შეუძლია სიტუაციის გამოსწორება, თქვას, რომ აერია!
- რა აერია?! როგორ მოუკლეს მეწყვილე? - ისე განერვიულდა, ერთიანად აიტანა კანკალმა. ცოტაც და ვეღარ გაუძლებდა. - საერთოდ, საიდან მომაგენით?!
- ნიცა, გამწარებული მშობლისთვის შეუძლებელი არაფერია და იმიტომაც გაფრთხილებთ. - გაუღიმა კაცმა. - რა პრობლემას წარმოადგენს მამიდაშენისთვის ჩვენების შეცვლა? პოლიციელია, უამრავი ნაცნობით, მარტივად გამოძვრება სიტუაციიდან!
- ჩემგან რა გინდათ?
- შენ უნდა დაარწმუნო მამიდაშენი. დედა უნდა გახდე და ღმერთმა არ გამოგაცდევინოს ეს სიმწარე! გაფრთხილებთ, იცოდე!
- ახლავე წადით ჩემი სახლიდან... - ხმაც კი უკანკალებდა უკვე. სავარძლის საზურგეს ეყრდნობოდა და მხოლოდ იმიტომ იკავებდა თავს წაქცევისგან. ისეთი სისუსტე იგრძნო მუხლებში, რაღაც მომენტში თვალებიც კი აუჭრელდა.
- ისიც კარგად ვიცით, ირმა სადაც ცხოვრობს, მაგრამ შენთან დალაპარაკება ვარჩიეთ. ხომ ხვდები, რომ დასაკარგი აღარაფერი გვაქვს?
- პოლიციაში დავრეკავ!
- იქ, სადაც შენი პოვნა არ გაგვჭირვებია, ხომ ხვდები, რომ...
- გიმეორებთ, პოლიციაში დავრეკავ! - აკანკალებული ჩამოჯდა მოაჯირზე, მეტის მოთმენა რომ ვეღარ შეძლო.
- ვიცი, სადაც დადიხარ კონსულტაციებზე, ლექციები კი ჯავახიშვილის მაღლივ კორპუსში გიტარდება. ასე არაა?
- თქვენ იცით, რომ მუქარაც დანაშაულია და კანონით ისჯება?
- და რითი გვაშინებ, გოგონა, ციხით?! - იფეთქა ბადრიმ. - ეგ შვებაა ჩვენთვის, იქაა ჩემი შვილიც! ოცი წელი კიდევ იქ უნდა იყოს, მეორე კი მატლებმა შემიჭამონ მიწაში. მითხარი, რა მაქვს ამის მერე დასაკარგი?! გგონია, რამე კიდევ მაღელვებს? ჩემი შვილი, ახლა თუ ვერა, ოც წელში მაინც გამოვა და არც მაშინ იქნება გვიანი, იცოდე ეს!
- მოვაღწიე! - შორიდან მოესმა ნაცნობი ხმა და მხოლოდ ამან აიძულა სიფხიზლის შენარჩუნება. გრძნობდა, როგორ უჭირდა სუნთქვა და ისიც კი შეეძლო ეთქვა, ფერი რომ ერთიანად დაკარგა. სამზარეულოდან წყალადუღებული ჩაიდანი გაჰკიოდა, წინ კი უხმოდ უყვიროდა ორი წყვილი, სიმწარეგამოვლილი თვალი. - რა ხდება, გარბის სახლი?! - გაეცინა დადიანს, მისაღებში რომ შევიდა ცელოფნებით დატვირთული, თუმცა ჯერ სტუმრების, შემდეგ კი ნიცას დანახვისას, მაშინვე შეეცვალა სახე.
- ჩვენ წავალთ, შენ კი იფიქრე იმაზე, რაც გითხარი. - მაშინვე შეიცვალა მერი. სახელოზე ექაჩებოდა ქმარს, უძრავად რომ იდგა და თორნიკეს უყურებდა თვალებში.
- რამე ხდება? - და არც ბიჭს მოუშორებია მზერა, ისე იკითხა.
- უკვე მიდიან... - ამოილუღლუღა ნიცამ. ყველაზე ნაკლებად, თორნიკეს ამ სიტუაციაში გარევა უნდოდა. უკვე შესწავლილი ჰქონდა მისი ხასიათი და იმასაც ხვდებოდა, ასე უბრალოდ რომ არ ჩაყლაპავდა ყველაფერს.
- გახსოვდეს ჩემი სიტყვები, აღარაფერი გვაქვს დასაკარგი. - მოუჭრა ბადრიმ, შემდეგ კი, ორივენი ისე გავიდნენ სახლიდან, თითქოს იქ არც ყოფილიყვნენ.
- რა ფერი გადევს, ნიცა, რა გჭირს?!
- წყალი მომიტანე, გეხვეწები...
* * *
- რატომ გააღე საერთოდ?! ან მე რა ჯანდაბის გამო გავუშვი ასე მარტივად! - ძარღვებდაჭიმული დადიოდა თორნიკე წინ და უკან, ნიცა კი, სავარძელში ფეხებაკეცილი და ერთიანად პლედში გახვეული, ისე ირწეოდა, ვერც კი აცნობიერებდა. თითქოს, ამით ამშვიდებდა საკუთარ თავს. ერთ წერტილზე ჰქონდა მზერა გაშტერებული და მხოლოდ შიგადაშიგ თუ შეხტებოდა, ისიც ხმის ტემბრის ცვლილების გამო.
- ყველაფერი იციან. საერთოდ...
- გვარი იცი? ვინ იძიებდა მაგ საქმეს, ან რომელ ციხეშია ის ბიჭი?
- ირმა იძიებდა. ლუკა ებრალიძე. არ გაგიგია?
- ბავშვი რომ გაიტაცეს?
- ჰო... - ამოილუღლუღა და თვალები რომ აეწვა, მხოლოდ მაშინ შეცვალა მზერის გაშტერების ობიექტი.
- ეგ ნაბიჭვარი! - ამოიღმუვლა და ოთახიდან გასვლას აპირებდა, მკლავზე ნიცა რომ ჩააფრინდა.
- არ წახვიდე, გეხვეწები! - ისეთი ხმით ამოთქვა, ცოტაღა უკლდა ტირილს.
- დამშვიდდი, რა გჭირს? - მაშინვე მის წინ ჩაიმუხლა. - რა განერვიულებს, გაგიჟდი?!
- ის ქალი დამემუქრა, დედა უნდა გახდე და... - ხმა გაუწყდა და სახეზე აიფარა ორივე ხელი. იმის წარმოდგენისასაც კი კანკალი იტანდა, რაც მოისმინა.
- ნიცა, ახლა არ გამაბრაზო! შემომხედე!
- თორნიკე, მეშინია... - დაიკნავლა საცოდავად, თუმცა ხელები მაინც არ მოუშორებია.
- შემომხედე-მეთქი! - დადიანი კი ძლივსღა ინარჩუნებდა მოთმინების ნატამალს. - ვერც შენ და ვერც ლილიას, ახლოსაც კი ვერ მოგეკარებათ ვერავინ, გაიგე?! ნიცა... - სახეზე შეახო თითები და აიძულა, რომ შეეხედა. - ჩემი ხომ გჯერა?
- შენი კი... მაგრამ...
- ჰოდა, არავითარი მაგრამ! შეგიძლია, ტელეფონი მათხოვო?
- რად გინდა? - მაშინვე მიხვდა იმ კითხვის პასუხს, თვითონვე რომ დასვა. დაჯერება არ უნდოდა უბრალოდ და მხოლოდ ამიტომ გააჟღერა. იმასაც ხვდებოდა, მოცემულ სიტუაციაში სხვა გამოსავალი რომ არ არსებობდა, მაგრამ ვერც ამას წარმოიდგენდა.
- ირმას უნდა დაველაპარაკო! - თორნიკემ კი ისეთი ხმით უპასუხა, მიახვედრა, შეწინააღმდეგებას აზრიც არ ჰქონდა, როგორ ძალიანაც არ უნდა ნდომებოდა ეს.

* * *
მოუსვენრად დადიოდა წინ და უკან და ვერ ხვდებოდა, როგორ დაემშვიდებინა საკუთარი თავი. აღარ შეეძლო ამდენი ნერვიულობა. სხვა თუ არაფერი, ლილიას ავნებდა და ეს აშინებდა ყველაზე მეტად. ამ მომენტშიც, მხოლოდ მასზე ფიქრობდა. მასზე და იმ კაცზე, ძარღვებდაჭიმული და მუშტებშეკრული, მძიმედ რომ სუნთქავდა. სწორედ ამიტომ არ უნდოდა თორნიკეს გარევა. საკმარისად გაიცნო საიმისოდ, დასკვნების გაკეთება რომ არ გასჭირვებოდა.
– თუ გინდა, ცოტა ხანს დაიძინე... – მოესმა ბოლოს, სავარაუდოდ, ამდენი სიარულით თავბრუ რომ დაახვია.
– არა, კარგად ვარ.
– არ ხარ. – თვალები აატრიალა. ვერ იტანდა, როცა ატყუებდნენ და ასეთი უწყინარიც კი საოცრად აღიზიანებდა. განსაკუთრებით, თუ საქმე ნიცას ეხებოდა. – ლეღვის ნაყინი მოგიტანე, კიდევ რაღაც ნამცხვრები და ჩირი. ჩვეულებრივი ლეღვი ვერ ვიშოვე. – ისე წარმოთქვა, თითქოს ამის მეტი სადარდებელი აღარ ჰქონოდათ და გოგონასაც გაეცინა მის სიტყვებზე. წარმოდგენა არ ჰქონდა როგორ, მაგრამ მაინც ახერხებდა ყველაზე დაძაბულ სიტუაციაშიც კი გაეცინებინა.
კმაყოფილებისგან ღიმილით ტუჩებგაწელილი მიუჯდა გვერდით და უსუსური კნუტივით მიეწება. ქვეყანაც რომ დაქცეულიყო, იქ და იმ წამს რომ დაწყებულიყო აპოკალიფსი, ერთადერთი, რაც ზუსტად ეცოდინებოდა, ის იყო, რომ საფრთხე არ ემუქრებოდა. ვერც ხვდებოდა, როდის მიაღწია ამ ეტაპს. თავიდან თუ მხოლოდ პლატონური სიყვარული აკავშირებდა, შემდეგ კი თითოეულ ფრაზასაც კი უკვირდებოდა, რამე არასწორად არ წამოსცდენოდა, ახლა ისე გრძნობდა თავს, სიტყვებით ვერც კი აღწერდა. აღარ ერიდებოდა. არ რცხვენოდა გამოხატვის და მოსალოდნელ შედეგებზე ფიქრიც აღარ უწევდა, როცა თვითონ კოცნიდა პირველი.
– არ მინდა, რამეში გაეხვე... – ძლივს ამოთქვა ჩურჩულით, რისაც ყველაზე მეტად ეშინოდა.
– ჯეიმს ბონდობას არ დავიწყებ, ნუ გეშინია.
მშვიდად აკოცა თმაზე და თითქოს განგებ, მაინცდამაინც მაშინ გაისმა ზარის ხმაც.
წარმოდგენაც არ ჰქონდა ნიცას, როგორ უნდა შეხვედროდა იმ ქალს, მამიდად რომ ეკუთვნოდა და სახლიდან გამოაგდო. როგორ უნდა ეთქვა გამარჯობა და ყავაზე დაეპატიჟებინა მაშინ, როცა საკუთარი შვილის მოკვლა შესთავაზა. როგორ გაეკეთებინა საქმე იმ ადამიანთან ერთად, ბოლო შანსად გაშვილება რომ გამოუძებნა. ვერასდროს წარმოიდგენდა, ირმასთან ასეთი ურთიერთობა თუ ჩამოუყალიბდებოდა. პატარაობაში, ბუნდოვნად ახსოვს, როგორ ესმოდა მისი და საკუთარი მშობლების კამათის ხმები, მაგრამ არაფერს იმჩნევდა. როგორც მამიდა, არასდროს ყოფილა ცუდი და იმის გამო ვერ განსჯიდა, სხვებთან თუ უთანხმოება ჰქონდა. არც დედ-მამისთვის შეუმჩნევია უკმაყოფილება ირმასთან კარგი ურთიერთობის გამო. პირიქით, კალთაში რომ ეჯდა ხოლმე და ხან თმას უწნავდა, ხანაც ახალ ამბებს უყვებოდა, ზურგიდან გრძნობდა მათ მზერას და თბილ თვალებს.
– დამშვიდდი. – გადაულაპარაკა თორნიკემ და მხოლოდ შემდეგ გააღო კარი...
მისთვისაც ძალიან რთული იყო იმ ქალთან დარეკვა, ვისთან საუბრის სურვილიც კი არ ჰქონდა და მხოლოდ ცუდი მოგონებები აკავშირებდა. ნიცას იმდენად არ გაუჭირდებოდა, პატიება რომ მოენდომებინა. კარგიც ახსოვდა. ბავშვობის მოგონებებს ჩაბღაუჭებული შეძლებდა ზემოთ ამოსვლას და გზის გაგრძელებას, მისთვის კი მხოლოდ ერთი მხარე არსებობდა.
– მხოლოდ იმიტომ მოვედი, რომ საქმე ჩემს სამსახურს ეხება. – წარმოთქვა მკვახედ, სახლში რომ შეაბიჯა და პალტო არც კი გაუხდია, ისე ჩამოჯდა დივანზე.
– როგორ ხარ? – მაინც ვერ მოითმინა ნიცამ. ცდილობდა, არ შეემჩნია, როგორ შეხედა მუცელზე და გაღიზიანებულმა გაიხედა.
– საქმეზე გადადით. რა მოხდა?
– მამიდა...
– ებრალიძის მშობლები იყვნენ მოსულნი ნიცასთან. – ისეთივე საქმიანი ტონით დაიწყო დადიანმაც. – მე სახლში არ ვიყავი, მარტო იყო.
– მერე?
– მერე ის, რომ დაემუქრნენ და სხვისი საქმეების გამო არ მინდა, ის ზარალდებოდეს. – მოუჭრა ისეთი ტონით, აშკარა იყო, არაფრის გამო დაიხევდა უკან.
– საიდან გაიგეს, რომ აქ გადმოხვედი? – როგორც იქნა, ძმისშვილსაც გახედა.
– არ ვიცი. ყველაფერი იციან ჩემზე. ისიც კი, რომელ სამშობიაროში დავდივარ.
– და ამხელა გოგო იმას ვერ ამჩნევდი, ვიღაც რომ გითვალთვალებდა?! – კიდევ აქეთ დაადანაშაულა და ნიცასაც პატარა ბავშვივით რომ აუკანკალდა ნიკაპი, დადიანის მოთმინების ფიალამ მეტი ვეღარ დაიტია.

გაგრძელება იქნება  
ავტორი ნათია ჯაგოდნიშვილი

FaceBook ბეჭდვა
ტეგები:
კომენტარები / 5 /
თამო
31 რა სადმე დევს და ვერ ვნახე???
14:25 / 24-12-2018
გამოხმაურება / 0 /
მკითხველი
32 თავი გამოტოვეთ?
11:29 / 26-12-2016
გამოხმაურება / 0 /
ყველა კომენტარი
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93