ნოველები

შეცდომა. თავი 31. „სერიოზული საჩუქარი“

შეცდომა. თავი 31. „სერიოზული საჩუქარი“
– იმიტომ დავრეკე პირველ რიგში თქვენთან და არა პოლიციაში, რომ საქმე თქვენ გეხებათ. ნიცაზე გამოსვლით თქვენი დაშინება უნდოდათ, მაგრამ ის ვერ გათვალეს, აზრი რომ არ ჰქონდა. არ მაინტერესებს, როგორ, ამ ამბავს მოაგვარებთ.
– მე მოსაგვარებელი არაფერი მაქვს. იმუქრონ და იყვნენ, მაინც არაფრის თავი აქვთ!
– მამიდა, შენ არ იცი, რეები მითხრა! ვხედავ, რომ ორსულად ხარ და ნუ გამოცდი შვილის დაკარგვით გამოწვეულ ტკივილსო... – ტუჩები დაებრიცა და ხელახლა გადმოუშვა ცრემლები. სადღაც ღრმად, ყველაფერი ეკაწრებოდა ამ სიტყვების გახსენებისას.
– ვიღაცის მუქარის გამო დამნაშავეს და მკვლელს გარეთ ვერ გამოვაშვებინებ!
– ირმა, ყველაზე ნაკლებად თქვენი სამსახური და კრიმინალური ამბები მაინტერესებს. – შედარებით დამშვიდებული ხმით გააგრძელა თორნიკემ. ხვდებოდა, დაპირისპირებას შედეგი რომ არ მოჰქონდა. – მაგრამ ეს მხოლოდ მანამ, სანამ მე არ შემეხება.
– თქვენ შეგეცვალათ ურთიერთობა? – მოულოდნელად, ისეთი კითხვა დასვა ქალმა, არც ერთი რომ არ ელოდა. თვალმოუშორებლად უყურებდა, როგორ ჰქონდა დადიანს მოქცეული ხელებში ნიცას თითები და ვერაფრით აეხსნა, როგორ მივიდნენ ასეთ დამოკიდებულებამდე.
– ამას რამე მნიშვნელობა აქვს?!
– არანაირი.
– პოლიციითაც დავემუქრე, არაფრის ეშინიათ. დასაკარგი არაფერი გვაქვსო...
– უბრალო სიტყვებით ვერსად ვერ დაამტკიცებ, გემუქრებოდნენ თუ რას აკეთებდნენ.
– ანუ, მაინცდამაინც, რამე უნდა დაუშავოს, რეაგირება რომ გქონდეთ?!
– შვილო, – ისეთი სახით გახედა თორნიკეს, თითქოს ქუჩაში მდგარ თორმეტი-ცამეტი წლის, დანისმოტრიალე ბიჭს მიმართავდა. – მაცადე ჩემი საქმის კეთება!
– მაშინ გააკეთეთ!
– ირმა, ისინი მართლა არ გაჩერდებიან... – ჩაერია ნიცა, სიტუაციის გამძაფრება რომ შენიშნა.
– მაგათ არავინ ეკითხება, რას იზამენ. დაველაპარაკები, ჯერ გავაფრთხილებ. თუ არ მოისვენებენ, მერე უკვე როგორც პოლიციელი, ისე მივაკითხავ.
– იმითაც დამემუქრა, როცა იქნება, ჩემი შვილი მაინც გამოვა გარეთო...
– ოცი წლის შემდეგ? – ჩაეცინა ირონიულად. – მოკლედ, მოვაგვარებ. თუ ვერ გაიგეს და კიდევ გამოჩნდნენ, პირდაპირ პოლიციაში დარეკე. – არაფრით იშორებდა საქმიან ტონს. იმდენად ცივი და ოფიციალური ხმა ჰქონდა, ნიცას ეჭვიც კი შეეპარა, ხომ არ თამაშობსო. რაც არ უნდა იყოს, როგორ შეიძლება ასე ელაპარაკო ადამიანს, რომელსაც დაბადებიდან იცნობ და შენს ხელშია გაზრდილი?!
ხმაც ვერ ამოიღო, წასასვლელად რომ წამოდგა. ყველა წყენის მიუხედავად, მაინც უნდოდა, თუნდაც მხოლოდ დასამშვიდობებლად გადახვეოდა, მაგრამ ვერ შეძლო. იმ არსების სიყვარულმა ვერ გაუშვა, მუცელში რომ ეჯდა და ძლიერად დააჭირა ყბები ერთმანეთს, უადგილო ცრემლების შესაკავებლად.
– ამდენი წელი ამასთან როგორ ცხოვრობდი?! – აღმოხდა თორნიკეს, როგორც კი კარი მიხურა...
* * *
ორი კვირა ისე გავიდა, ზარი კი არა, შეტყობინებაც არ მიუღია ირმასგან. იმის გამოც კი არ დაურეკავს, რომ ეკითხა, კიდევ ხომ არ გამოჩენილანო. ყველაფერი ისე წავიდა, თითქოს არც არაფერი მომხდარა, თუმცა ნიცამ მაინც ვერ დაიბრუნა სიმშვიდე. საშინელება იყო ყოველთვის, ყოველ ფეხის ნაბიჯზე, ყველგან წასვლისას შიშის შეგრძნება. უნივერსიტეტშიც კი ვეღარ მიდიოდა მარტო. საზოგადოებრივ ტრანსპორტსაც ერიდებოდა. თუ თორნიკეს ვერ მიჰყავდა სადმე სამსახურის გამო, ტაქსის იძახებდა და ლამის მძღოლის ბიოგრაფიაც მოეთხოვა, მშვიდად რომ ყოფილიყო. ხვდებოდა, ზედმეტი რომ მოსდიოდა და ამ გადაჭარბებული სიფრთხილით ნერვებს იზიანებდა, თუმცა თავს ვერაფერს უხერხებდა. მხოლოდ თვითონ კი არა, თორნიკეს რომ დაეგვიანა, მაშინვე ურეკავდა. არა, არ ეჭვიანობდა. ეჭვიანობაც კი ერჩივნა იმ საძაგელ შეგრძნებას, ტვინს რომ უჭამდა. მუცელი კი, რაც უფრო ეზრდებოდა, შიშიც იმატებდა. სუნთქვაც კი უჭირდა იმის გაფიქრებისას, რომ შესაძლოა ვინმე ჩამდგარიყო მასსა და ლილიას შორის. ზუსტად იცოდა, ვერ გადაიტანდა!
„კარი გამიღე“ – შეტყობინება რომ წაიკითხა, გაკვირვებულმა აწკიპა წარბები. როდის აქეთ იყო, დადიანი ასეთ მესიჯებს უგზავნიდა?! დაბნეული გაემართა შესასვლელისკენ და თვალები კიდევ უფრო გაუფართოვდა „მოსიარული ყუთის“ დანახვისას.
– რა მომიტანე? – პატარა ბავშვივით აჭყიპინდა და ძლივს მოიფიქრა თორნიკეს შეტარება. იმხელა რაღაცას მოათრევდა, გარედან კი საერთოდ არაფერი ეხატა! არა, როგორ შეიძლება ასე?
– ვინ გითხრა, რომ შენ მოგიტანე? – დასცინა, ყუთი მისაღების ცენტრში რომ დადგა და შეჭმუხნულ ცხვირზე მოწყვეტით აკოცა.
– ლილიას საწოლი თუ უჩემოდ იყიდე, მოგკლავ! – მაშინვე შეეცვალა მზერა, ყუთის პარამეტრების მიხედვით, ერთადერთი რეალური პასუხი რომ ამოუტივტივდა გონებაში.
– უჩემოდ ვერ ააწყობ, არ გაწყობს ჩემი მოკვლა.
– კარგი, რა! მართლა იყიდე? – ისეთი სახე ჰქონდა, სადაც იყო ტირილს დაიწყებდა, თორნიკე კი ვერაფრით უშვებდა ამ სიტუაციით გართობის შანსს ხელიდან.
– საერთოდ არ გაქვს დროის შეგრძნება. – ამოიოხრა ბოლოს, ძალიან რომ შეეცოდა და დაღლილი დაენარცხა დივანზე. – რა რიცხვია დღეს?
– ოცდაოთხი. მერე?
– რა მერე? ლამისაა მოვიდეს ახალი წელი და ნაძვის ხეც კი არ დაგვიდგამს! – თვალები აატრიალა გოგონას მიუხვედრელობაზე.
– ნაძვი მოიტანე?! – უფრო ხმამაღლა აჭყიპინდა ნიცა და ისე შემოეხვია კისერზე, ვინმე იფიქრებდა, იბიცაზე ახლად აშენებული ვილა გადაუფორმაო.
– აბა, ბავშვის საწოლს უშენოდ როგორ ავარჩევდი?! – გაეცინა და მარტივი მოძრაობით გადაისკუპა კალთაში. სულ სხვანაირად წავიდა მისი ცხოვრება ნიცას გადმობარგების შემდეგ. ოჯახის პასუხისმგებლობა დაეკისრა თითქოს, მაგრამ ეს ყველაფერი ისე მოსწონდა, წამითაც არ ჰქონია ტიპური ცოლიანი კაცის შეგრძნება. მეგობრებთან ერთადაც ერთობოდა და ნიცაც დაჰყავდა მათთან. არც ბიჭებთან ერთად დალევაზე შექმნია პრობლემა და არც ფეხბურთის ყურებაზე. ხანდახან, გოგონაც ისეთი ინტერესით მიუჯდებოდა ხოლმე ტელევიზორს, მოგვიანებით რომ არ ეკითხა, ჩვენ რომელს ვგულშემატკივრობთო, ვერც მიხვდებოდა დადიანი, გონზე თუ არ იყო, რასაც უყურებდა.
მიუხედავად ამ იდილიისა, მაინც შეეცვალა ცხოვრება და პასუხისმგებლობადაწოლილ მხრებზე სიმძიმეს კი არა, სისავსეს გრძნობდა. თავისთავად, ძალდატანების და ხელოვნურობის გარეშე შეევსო თავისუფალი სივრცეები და იმასაც კი შეეძლო ბედნიერების მინიჭება, სახლში დაბრუნებულს, სამზარეულოდან გამოსული საჭმლის სუნი რომ მიეგებებოდა. თვითონ სიტყვა სახლსაც კი სხვა დატვირთვა მიეცა და ხანდახან, საკუთარ თავზე თვითონვე ეცინებოდა. ვერასოდეს წარმოედგინა, ასეთ ამპლუას თუ მოირგებდა. არ ჯდებოდა მეოჯახეობა მის ტიპაჟში, თუმცა დღეს, შინისკენ მიმავალს ნაძვის ხის არარსებობა რომ გაახსენდა და მაშინვე საყიდლად გადაუხვია, სულაც არ თვლიდა ამას დასაცინად. უფრო მეტიც, ისეთი მონდომებით არჩევდა სათამაშოებს, სახლის მოსართავებს... აქამდეც უყვარდა ახალი წელი, ოღონდ მეგობრებთან ერთად, რომელიმე მორიგ კლუბში აღნიშნული, ან ექსპრომტი გადაწყვეტილებით, სამთო კურორტზე შეხვედრილი. მიუხედავად იმისა, მშობლები სპეციალურად ამ დღისთვის რომ ჩამოდიოდნენ ხოლმე, დიდხანს მაინც ვერ ისვენებდა. მაქსიმუმ, თორმეტის შესრულებისას ყოფილიყო სახლში, შემდეგ კი, თვითონაც არ იცოდა, მეორე დღეს სად გაიღვიძებდა...
– მთელი ბავშვობა მინდოდა, ფილმებში რომ აჩვენებდნენ, ისეთი ნაძვი მომერთო. –ჩაეღიმა ნიცას, საყვარელი კაცის მკლავებში მოქცეულს.
– ბუხარი კი გვაქვს... – აჰყვა თორნიკეც. ხვდებოდა, ბოლო დროს ამ გოგოს სურვილების შესრულება რომ უფრო აბედნიერებდა, ვიდრე საკუთარის და ცოტა არ იყოს, აშინებდა კიდეც ეს ფაქტი.
– სანტას ფორმას ჩაიცვამ?
– ახლა ნამეტანი ნუ მოგივა! – ხმაურიანად აკოცა კისერში და მუცელთან დაიხარა. – რატომ არის ასე ჩუმად? საერთოდ არ მოძრაობს!
– მოძრაობს, ოღონდ ჩვენ ოც კვირამდე ვერ გავიგებთ. – ამოიოხრა და თვითონაც მუცელზე შემოიხვია ხელები. – ხო, დე?
– ახლა რომ გიპასუხოს, რას იზამ?! – დასცინა დადიანმა და ფრთხილად შეუღიტინა. იცოდა, როგორი ისტერიკაც ემართებოდა ღიტინზე და მუცლის ზრდის პირდაპირპროპორციულად ზრდიდა თვითონაც სიფრთხილეს.
– ჯერ შეჭამ და მერე ავაწყოთ, თუ ჯერ ავაწყოთ და მერე ვჭამოთ?
– შენ რომელი პასუხის მოსმენა უფრო გინდა? – გაუცინა იმის საჩვენებლად, სურვილს რომ მიუხვდა. ისე უბრჭყვიალებდა თვალები, რთული გამოსაცნობი არ იყო, რაც წარმოადგენდა პირველ პრიორიტეტს.
– თუ გინდა, ჯერ ვისადილოთ...
– ღმერთო, სად ეტევა ამ გოგოს ამდენი! – სიცილით აღმართა ხელები ცისკენ, შემდეგ კი, ისე, რომ კალთიდან არც გადაუსვია, პირდაპირ ხელში აყვანილი წაიყვანა სამზარეულოსკენ...

* * *
– ასეთი ლამაზი „მარტო სახლში“–ს ფილმებშიც კი არ მინახავს! –თვალებგაბრწყინებულმა შემოკრა ტაში ნიცამ, მორთულ ნაძვს რომ გახედა. რამდენიმე საათი აწყობდნენ და გადაჭარბებული ნამდვილად არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ გააწამა დადიანი. კიბით დაარბენინებდა და იმდენჯერ აცვლევინებდა თითოეული ბურთის მდებარეობას, ვერც კი ხვდებოდა, ბოლოს ისევ საწყის წერტილს რომ უბრუნებდა. თვითონ იდგა და მითითებებს გასცემდა. ისე გაერთო. ირმებიანი სვიტრიც კი ჩაიცვა და საახალწლო მუსიკებიც ჩართო სრული ეფექტის მისაღწევად.
– ჩამოვალ და ვერ გადამირჩები! – სიცილით ჩამოსძახა კიბის თავიდან.
– მადლობა მითხარი, სახლს რომ გილამაზებ! – სასაცილოდ დაეჯღანა და სანტას გამოსახულებიანი წინდებიც ჩამოკიდა ბუხრის თავზე.
– მდგომარეობით ნუ სარგებლობ, გაფრთხილებ!
– ნუ იმუქრები! – ენაც გამოუყო და კივილით გაეცალა „მიწაზე“ დაბრუნებულ დადიანს.
– სანტა საჩუქარს არ მოგიტანს!
– რას ჰქვია, არ მომიტანს?!
– ცუდი გოგო ხარ.
– შენ რომ მაინც მოგიტანა და თან ნაადრევად?!
– და თან ორი. – გაეცინა თვითონაც. გიჟდებოდა ასეთი ფრაზების შემდეგ ნიცას სახის დანახვაზე. არაფერი შეედრებოდა იმ აბრჭყვიალებულ ზღვას, დამაჰიპზნოზებელი ძალით რომ ითრევდა და აბამდა.
– უწესოდ თამაშობ!
– არც კი გაბედო იმის თქმა, რომ ეს თამაში არ მოგწონს. – ცალყბა ღიმილით მიუახლოვდა და ისე შემოხვია წელზე ხელები, არც სხეულზე მიუკრავს, მაგრამ განძრევის საშუალებაც აღარ დაუტოვა.
– მირჩევნია, წესები ვიცოდე... – და არც ნიცა ჩამორჩა. გულუბრყვილოდ იკბინა ქვედა ტუჩზე და კმაყოფილმა ჩაიფხუკუნა, მძიმედ რომ ამოიოხრა დადიანმა.
– და კიდევ შენ ლაპარაკობ უწესობაზე!
– რას მაბრალებთ, უკაცრავად?!
– არაფერს, ქალბატონო, თქვენ რამეში დაგადანაშაულებთ?!
– ჰოდა, ჭკვიანად! – თვალი ჩაუკრა და ისე სწრაფად დაუსხლტა, ბიჭმა რეაგირებაც ვერ მოასწრო.
– ნაძვის ქვეშ ელფების დასმა დაგავიწყდა. – წაილაპარაკა სასხვათაშორისოდ და ისე მოკალათდა სავარძელში, თითქოს სანახაობისათვის ემზადებოდა...
და ასეც იყო. სიმართლე ითქვას, არც ძალიან ბევრი უფიქრია და არც ცოტა. შესაბამისი წამის დაჭერის მომენტი ჰქონდა და მაშინვე მიხვდა, მოცდა რომ აღარ იყო საჭირო. ან კი, რისთვის უნდა ეცადა?! ყოველთვის იცოდა, გადაწყვეტილების მიღება არ გაუჭირდებოდა, თუ მის სისწორეში ბოლომდე იქნებოდა დარწმუნებული და ასეც მოიქცა. ვერ იტანდა ფორმალობებს და სხვების დასანახად გაკეთებულ რაღაცებს, არც ოფიციალური ქაღალდების ფრიალი ჯდებოდა მის სტილში. ქორწინების მოწმობის გარეშეც შეეძლო ჰყვარებოდა ქალი, ვისთანაც სიბერეშიც გაიზიარებდა ლოგინის ნახევარს. ამისთვის არც ორასკაციანი სუფრის თამადის დალოცვა სჭირდებოდა და არც გარე ბიძაშვილის ცოლის ძმის დაპატიჟება.
– გეხვეწები, ეგ ყუთი მომაწოდე, რა! – ფიქრებიდან ნიცას ხმამ გამოიყვანა. მუხლებზე იდგა, თეთრ, ირმებიან სვიტრსა და წითელ ელასტიკში გამოწყობილი. დაუდევრად აკეცილ თმაზეც ირმის რქები დაემაგრებინა და აციმციმებული თვალებით აკეთებდა პატარა დეტალებსაც კი. ისეთი სხვანაირი იყო იმ მომენტში. ყველაზე მეტად მისი, ვიდრე აქამდე. – თორნიკე, რა გჭირს?! – გაეცინა დაბნეულობაზე.
– ბოდიში. აი, აიღე. – მიაწოდა და წამიერად, ნერვიულობისმაგვარი რაღაცაც კი იგრძნო, რომელიც მაშინვე ჩაანაცვლა მოუთმენლობამ. არასდროს ყოფილა ლოდინი ისე რთული, როგორც მაშინ იმ ხუთი წუთის გასვლა...

* * *
– საღამოს „გრინჩს“ ვუყუროთ, კარგი?! ან იმ ფილმს... მოიცა, დამავიწყდა... ამმმ, არ გახსოვს? სანტა რომ ციდან ვარდება!
– ნიცა, რამდენი წლის ხარ? – გაეცინა და ლამის თვალებით გაბურღა მიწოდებული ყუთი, რომლის გახსნასაც, თითქოს, განგებ არ ჩქარობდა გოგონა.
– არა, როგორ არ იცი? მარხილი მოუცურდება, ციდან ჩამოვარდება და შემდეგ ელფები ეძებენ.
– დარწმუნებული ხარ, რომ არსებობს და არ დაგსიზმრებია?!
– რა უჟმური ხარ, თორნიკე! აბა, საახალწლოდ რას უნდა ვუყუროთ, „ჯეიმს ბონდს“?
– რამე რეალურს!
– ესეც რეალურია! – წამოიძახა გასაპროტესტებლად და მალევე გაჩუმდა. – ერთი დეტალის გარდა...
– რომელზეც მთელი დანარჩენი ფილმია აწყობილი, არა?
– სამაგიეროდ, ლამაზი საყურებელია. იცი, როგორი საყვარელი სანტაა?
– ყველა სანტა საყვარელია. ამნეზიიანი მოხუციც კი, რომელიც მარხილის მოცურების გამო შუაგულ ნიუ-იორკში, მიმავალი მანქანის საქარე მინაზე ეცემა...
– ნანახი გაქვს? – ისე წამოიყვირა ნიცამ, არქიმედესაც არ უყვირია თავის დროზე ასეთი აღმაფრენით „ევრიკა“. – რა საზიზღარი ხარ, რატომ მაწვალე?
– მე გითხარი, არ მინახავს-მეთქი? სახელი არ მახსოვს, უბრალოდ! საერთოდაც, მოვიკოჭლებ სახელებში... – ჩაიფხუკუნა, როცა გაახსენდა, რითი იმახსოვრებდა ნიცას სახელს. ისეთ შორეულ წარსულად მოეჩვენა მაღლივის კაფეტერიასთან დაკავშირებული მოგონება, თითქოს წლების წინ ყოფილიყოს. ვერაფრით იჯერებდა, ასეთ მცირე დროში რომ შეიცვალა ყველაფერი.
– მე სახეები მერევა. – გაეცინა ნიცასაც. – ერთხელ, პატარა რომ ვიყავი, ჩემი კლასელის მამას ნახევარი საათის განმავლობაში სამჯერ მივესალმე.
– გეგონა, ტყუპისცალი ჰყავდა?
– არა, დარწმუნებული არ ვიყავი, გამარჯობა ვუთხარი თუ არა და თავი დავიზღვიე. – აფხუკუნდა, თუმცა მომენტალურად, ისე სწრაფად დადუმდა, თორნიკე მიხვდა, „განძს“ რომ მიაგნო. ისე გაისუსა თვითონაც, თითქოს სუნთქვით გამოწვეული ხმაურიც კი ხელისშემშლელი იქნებოდა.
ნიცასთვის კი, მოგვიანებით რომ გეკითხათ, რა იგრძნო იმ მომენტში, გიპასუხებდათ, რომ არაფერი. იმხელა შოკი და მოულოდნელობა იყო, ემოციებმაც კი დატოვეს. ყოველთვის წარმოედგინა, რომ ასეთ დროს ცრემლებს ვერ შეიკავებდა, გულაჩქარებული, აწითლებულ ლოყებზე მიიდებდა ხელებს და ხმააკანკალებული იტყოდა: „დიახ“. ახლა კი... ახლა მხოლოდ გაეღიმა. გაოგნებულს გაეწელა ტუჩები და რამდენიმე წამში ჩაეცინა კიდეც. სწრაფად ახამხამებდა წამწამებს და ხან მოულოდნელ საჩუქარს უყურებდა, ხან სავარძელში მოკალათებულ, დაძაბულსახიან ბიჭს, რომელიც ზედმეტად ცდილობდა ემოციების დაფარვას, შედეგად კი, სახეზე ეწერა ყველაფერი.
ყოველთვის წარმოიდგენდა, როგორ სთხოვდნენ ხელს, ეს წარმოდგენები კი, არასდროს ყოფილა ერთნაირი. ნამცხვარში ჩადებული ბეჭდით დაწყებული, აეროპორტში, მიკროფონით გამოცხადებული კითხვით დამთავრებული, ყველაფერზე ფიქრობდა. მართალია, წარმოდგენაც არ ჰქონდა, რატომ უნდა დაესვათ ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა აეროპორტში, მაგრამ რომანტიკული მელოდრამების გავლენის ქვეშ მოქცეულს, ესეც კი მოსწონდა. ინტერნეტშიც უყურებდა ხოლმე სხვადასხვა წყვილის ისტორიას და თვალებიც უცრემლიანდებოდა კულმინაციურ მომენტში. ხშირად, ისიც გაუფიქრია, ნეტავ, მეც ასე ვუყვარდე ვინმეს და მეტი არაფერი მინდაო. ახლა კი, ყველაზე მოულოდნელ სიტუაციაში, ნაძვის ხის სათამაშოების ყუთში ნაპოვნი ბეჭდის დანახვისას, გრძნობდა, რომ სხვანაირი სიყვარული არც სჭირდებოდა. სულ არ უნდოდა სახალხოდ გაჟღერებული ხელის თხოვნით ეთქვათ „მიყვარხარ“, როცა ეს ასე მარტივად უფრო მშვენიერი იყო.
– თორნიკე...
– გისმენ.
– ეს რას ნიშნავს? – ყურებამდე გაღიმებულმა ახედა და ცერსა და საჩვენებელ თითებს შორის მოქცეული ბრჭყვიალათვლიანი ბეჭედი დაანახა.
– შენი აზრით, რას ნიშნავს, როცა ბეჭედს გჩუქნიან?
– არაფრის კითხვას არ აპირებ?
– საჭიროა, რომ გკითხო? – არაფრით ტყდებოდა დადიანი. უნდოდა, დაწყებული ისე მიეყვანა ბოლომდე, როგორც დაგეგმა.
– ლამაზია... – და ნიცასაც კიდევ უფრო გაეზარდა ღიმილი. ისე ათვალიერებდა, თითქოს ამაზე მშვენიერი არსად არაფერი ენახა, გაკეთებას კი, რატომღაც, სულაც არ ჩქარობდა.
– ანუ? – მოთმინებაგამოლეულმა ჰკითხა ბიჭმა და სავარძლიდან თვითონაც მის გვერდით, იატაკზე გადაინაცვლა.
– საჭიროა, რომ გიპასუხო?
– სამაგიეროს მიხდი? – გაეცინა აღელვების გადასაფარად. უკვე ვეღარ ხვდებოდა, რა უნდა ეფიქრა.
– ანუ თანახმა ვარ. – ბოლოს კი, გოგონამ თვალი რომ ჩაუკრა და თავისივე ხელით მოირგო თითზე ბეჭედი, ბევრი აღარ უფიქრია. ზუსტად იცოდა, რა უნდოდა ყველაზე მეტად იმ მომენტში და... თუმცა, დაასწრეს, მაინც კმაყოფილებისგან ჩაეღიმა, რადგან არაფერი ყოფილა ისეთი სასიამონო, როგორც ის, ნიცა რომ მიუხვდა და თავად შეეხო ტუჩებზე...

* * *
ფრთხილად ეხებოდა თითის ბალიშებით მოზრდილ წვერზე. ისე ფრთხილად, ჩხვლეტაც კი სასიამოვნო ჟრუანტელად უვლიდა ხერხემალში. არ უნდოდა, ოდესმე გათენებულიყო. შეეძლო სამუდამოდ დარჩენილიყო ამ პოზაში, ნახევარ მხარზე მწოლიარე, საყვარელი ადამიანის გვერდით, მისივე ამონასუნთქი ჰაერით გამთბარი. ხანდახან ტირილამდე მიდიოდა, ისე უყვარდა. სულაც არ იყო ეს გრძნობა ახალი, მაგრამ ყოველდღე ახლებურად განიცდიდა. ტკივილსაც კი გრძნობდა მკერდს ქვემოთ და ხანდახან ეგონა, სუნთქვასაც შეწყვეტდა მის გარეშე. ხანდახან ისეთი მომენტებიც ჰქონდა, საკუთარ თავს რომ გამოიჭერდა ხოლმე, როგორ აკვირდებოდა. ყველა დეტალი ზეპირად იცოდა. ყველა ნაკვთი. მოჯადოებულივით უყურებდა და ვერ იჯერებდა, შეხება რომ შეეძლო. თვალებმიხუჭული ჩაუყოფდა ხოლმე ცხვირს კისერში და სახსრები სტკივდებოდა ბედნიერებისგან, პულსაციას რომ გრძნობდა.
ახლაც წარმოდგენა არ ჰქონდა, რატომ გაეღვიძა შუაღამისას, როცა მაღვიძარას დარეკვამდე ისედაც ორი საათიღა რჩებოდა. არც ცუდ სიზმარს შეუწუხებია და არც უჰაერობას, როგორც ბოლო დროს სჩვეოდა. უცნაური შეგრძნებით გამოფხიზლდა და პირველი, რაც შეამოწმა, მარცხნივ მწოლიარე, მშვიდად მფშვინავი ადამიანი იყო. მისი ადამიანი... ხანდახან ეგონა, ერთ დღესაც გამოეღვიძებოდა თავის კუთხეში მიდგმულ საწოლში და ვერც მუცელში იგრძნობდა ახალ არსებას, ვერც მკერდში აჩქარებულ პულსაციას. უბრალოდ, გამსკდარი საპნის ბუშტივით გაქრებოდა ყველაფერი და აღმოაჩენდა, რომ ეძინა. ღრმა, ლამაზი ძილით. ასეთ დროს უნდოდა ეტირა. ემოციები ყელში უგროვდებოდა, მხედველობა ებინდებოდა აწყლიანებული თვალებით, მაგრამ მაინც ვერ ტიროდა.
თითები გრძელ, აჩეჩილ თმაში შეუცურა და ჩაეღიმა, ბიჭი რომ შეიშმუშნა. ვერ იტანდა, როცა აღვიძებდნენ. საშინლად აგრესიული ხდებოდა და იცოდა, არც დადიანი იყო ნაკლები ამ ამბავში, თუმცა ვერაფრით იკავებდა თავს. ის ფაქტორიც კი ვერ მოქმედებდა, გამთენიის ოთხს რომ უჩვენებდა ტუმბოზე შემოდგმული საათის ციფერბლატი. გაურკვეველი ძალით იზიდავდა თბილი, ხორბლისფერი კანი და წინააღმდეგობის გაწევის სურვილიც კი არ ჰქონდა.
– გეხვეწები, არ მითხრა, რომ გშია... – თვალებმიხუჭულმა, ჯერ კიდევ ძილბურანში მყოფი ხმით ძლივს ამოთქვა და ენით დაისველა გამშრალი ტუჩები.
– არ გაქრე...
– ჰა? – ცალი თვალი გაახილა გაოგნებულმა.
– უბრალოდ, იყავი. აქ. ჩემ გვერდით... – ჩურჩულებდა უფრო თავისთვის, ვიდრე თორნიკეს გასაგონად და ბიჭმა რომ ამოიოხრა, მიხვდა, ისევ ისტერიკის მომდევნო შეტევა ეგონა. – დაიძინე, თუ გინდა, უბრალოდ უნდა ვგრძნობდე, რომ აქ ხარ.
– აქ ვარ, ნიცა, აქ. არც არსად ვაპირებ წასვლას. ძალიან გთხოვ, ნუ გაქვს უაზრო შიშები.
– ერთ დღეს რომ გავიღვიძო და მივხვდე, ისე აღარ გვიყვარს ერთმანეთი, როგორც ახლა, ამ მომენტში, ვერ გადავიტან, გესმის? – ისე გააგრძელა, თითქოს არც გაუგონია და ახლა სახის ნაკვთების შესწავლაზე გადავიდა. აღარც თორნიკეს ამოუღია ხმა. იცოდა, აზრი არ ჰქონდა. მხოლოდ უფრო მჭიდროდ მიიკრა ახლოს და უფლება მისცა, დაცლილიყო.
ვეღარაფრით მიიკარა ძილი. ვეღარც თითები დაიმორჩილა. უცნაური შეგრძნება უწვავდა შიგნეულობას და საშინელი წინათგრძნობის ეშინოდა. იცოდა, აუცილებლად ახდებოდა. შეიძლება ახლა არა, მაგრამ ადრე თუ გვიან მაინც გარეალურდებოდა და არ იცოდა, გაუძლებდა თუ ვერა. სწორედ ამიტომ ცდილობდა ყველაფრის დამახსოვრებას. ზუსტად, დეტალურად. ცდილობდა შეგრძნებებით მაინც ჩაებეჭდა, უმისოდ დარჩენილს სურნელი და ხელებზე დარჩენილი კანის სიმხურვალე მაინც რომ შეენახა სამუდამოდ თავისთან.
– ყოველთვის გახსოვდეს, რომ მიყვარხარ. – ამოთქვა ნაყლაპი ცრემლებით ხმაშეცვლილმა და ოდნავ შეეხო ტუჩებზე. – რაც არ უნდა მოხდეს...

გაგრძელება იქნება  
ავტორი ნათია ჯაგოდნიშვილი

FaceBook ბეჭდვა
ტეგები:
კომენტარები / 24 /
ანანო
პარასკევიო და კვირაა უკვე :( გელით ავტორო
11:46 / 25-12-2016
გამოხმაურება / 0 /
@@@@
რატო არ დებთ 32 თავს
14:50 / 24-12-2016
გამოხმაურება / 0 /
ყველა კომენტარი
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
e87a93