ნოველები

შეცდომა. თავი 32. „ჯადოსნური საღამო“

შეცდომა. თავი 32. „ჯადოსნური საღამო“
– შენთვის რომ ნერვიულობა არ შეიძლება, მერამდენედ უნდა შეგახსენო? – ცოტა არ იყოს, გაბრაზებულმა გადახედა დადიანმა გვერდით მჯდარ, ფეხებისმობაკუნე გოგოს და ძლივს შეიკავა სიცილი შეწუხებული სახის დანახვისას.
– დამიჯერე, შენც ინერვიულებდი ჩემს ადგილას!
– ღმერთო, ნიცა, ხანდახან ზედმეტად ემოციური ხარ!
– არ ვარ. ყველა გოგო ნერვიულობს ბიჭის მშობლების გაცნობისას.
– ჰო, ვაიდა დაგიწუნონ...–დანანებით გადაიქნია თავი.–მერე რა უნდა ვქნათ?
– მართლა ამბობ? – ნიკაპი აუკანკალდა შეწუხებულს.
– ჰო, რომ არ მოეწონო, მე ამათი სურვილის წინააღმდეგ ვერ
წავალ...
– თორნიკე...
– რა ვქნა, ნიცა?! მშობლები არიან, გამზარდეს, ყველაფერი მომცეს. როგორ შევეწინააღმდეგო?!
– ახლა ამას სერიოზულად ამბობ?
– რა მეტყობა არასერიოზულობის?! მესმის, არ ვჩანვარ დედიკოს ბიჭი, მაგრამ მათი აზრი ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია... – მხრები აიჩეჩა უსუსურად და ცისფერი თვალები ბოლომდე რომ დაიფარა წყლით, ისეთი ხარხარი აუტყდა, გამვლელებმა საეჭვო მზერით შეათვალიერეს.
– ხმა აღარ გამცე! – აენთო მომენტალურად. – საერთოდ არ მოხვიდე ჩემთან ახლოს! გადაჯექი!
– მოიცადე ჯერ, იქნებ მოსწონხარ ჩემებს?! – ვერაფრით წყვეტდა სიცილს, ნიცა კი ისეთი თვალებით უყურებდა, ცოტაც და, რამეს დაუშავებდა.
– მე აღარ მომწონხარ, გადაჯექი!
– არც გამეცნობი? – უფრო ახლოს მიიწია, წარბების თამაშითა და ცალყბა ღიმილით.
– შეყვარებული მყავს. – თვალი ჩაუკრა ნიცამ.
– ჩემზე უკეთესია?
– ბევრად!
– ალბათ, ბეჭედიც იმან გაჩუქა.
– არა, სანტამ მომიტანა.
– უყურე, რა უმადურია, რა! – აღმოხდა უცბად. – სანტამ მოგიყვანოს ცოლად და სანტამ გიკეთოს შვილები!
– რა დეგენერატი ხარ, თორნიკე! – ვეღარაფრით შეიკავა სიცილი და აკივლებასაც აპირებდა, სწრაფად რომ მოიქციეს მკლავებში, თუმცა მოულოდნელად შეღიტინების მცდელობაც აღიკვეთა და თვალის კუთხით საოცრად ნაცნობი სახეც შენიშნა.
– ვა, დედა?! მამა, შენც? – წამოხტა დადიანი. – აქ რას აკეთებთ? – ისე შეიცხადა, თითქოს დილის ექვსზე სპეციალურად მათ დასახვედრად არ მოსულიყოს. ხანდახან ისეთი სასაცილო იყო ეს ბიჭი...
– შენ კიდევ არ მოგმატებია ტვინი... – ამოიოხრა ლალიმ და მონატრებული შვილის გულში ჩაკვრის პარალელურად, ცალი თვალით სარძლოს შეთვალიერებაც მოახერხა.
– თბილა აქ და შეეკუმშა უჯრედები, გავალთ ყინვაში და დაიწყებს ისევ აზროვნებას. – გაეცინა დავითს და თვითონაც ზურგზე დაჰკრა ხელი ბიჭს. – ხო, მამი?
– ისევ საკუთარი გვარის თუ დაგეხმარება...
– შენ მორჩი ცანცარს და გააკეთე რაც საჭიროა!
– კარგი, ნუ აბრიალებს თვალებს, ეშინია ისედაც! – ისევ აფხუკუნდა, შემდეგ კი, მეზობლის ბავშვივით მოშორებით მდგარი ნიცა ისე სწრაფად ამოიყენა გვერდით, გააზრებაც არ დააცადა. – აუ, არ მიყვარს ეს ფორმალობები და რა გავაკეთო?!
– ნიცა! – ხელი გაუწოდა გოგონამ. თვითონაც ვერ მიხვდა, საიდან იპოვა საკუთარ თავში ამხელა გამბედაობა, თუმცა გაჭიანურებას ისევ ეს არჩია.
– და ლილია! – მუცელზე ანიშნა მზერით თორნიკემ და კიდევ უფრო ახლოს მიიკრა.
– გეფიცები, არ მეგონა, ამ დღეს თუ მოვესწრებოდი... – თვალცრემლიანმა გადახედა მეუღლეს შუახნის ქალმა, შემდეგ კი, ანერვიულებულ გოგოსაც გადაეხვია. – ვერ წარმოიდგენ, როგორ მიხარია შენი გაცნობა!
– მართლა? – და ნიცასაც ისე გულწრფელად აღმოხდა, თვითონვე გაეცინა რამდენიმე წამის შემდეგ.
– მართლა. – აჰყვა დავითიც. – ოღონდ გეხვეწებით, ამაღამ თორმეტ საათს აეროპორტში ნუ შემახვედრებთ, რა!
– ჰო, მეც მშია. თან გამოსცადოს ლალიმ სამზარეულოშიც, იქნებ მისაბრუნებელია... – თვალი ჩაუკრა ნიცას და ამჯერად ორი წყვილი თვალი რომ დაუბრიალდა ერთდროულად, სიცილით აღმართა ხელები, გნებდებითო.


* * *
ისეთი ახალი წელი ჰქონდათ, მხოლოდ ფილმებში რომ უნახავს ნიცას. ყველანი გრანდიოზული ნაძვის გარშემო შეკრებილები, ხელში ჭიქა შამპანურით და სახეზე გულწრფელი ღიმილით. ყველას უხაროდა ერთმანეთის გვერდით ყოფნა, ყველას ბედნიერება გამოხატვოდა და არაფერი იყო ხელოვნური. არც ერთი ემოცია...
– პირველი ლილია ხსნის საჩუქრებს! – წამოიძახა თორნიკემ, გოზინაყი და ჩურჩხელები რომ მობეზრდა და ბუხართან გადაინაცვლა.
– ახლა რაღაა, დაელოდე რამდენიმე თვეც და გახსნის! – დასცინა მამამ.
– დედამისი გაუხსნის, სად ვიცადო ამდენ ხანს!
– ბავშვობიდან ასეთია, არ მიაქციო ყურადღება. – გაეცინა ლალისაც და თვითონვე მიაწოდა ლამაზად შეფუთული ყუთი ნიცას. – მიდი, პირველი ჩემი გახსენი!
– და ჩემზე იტყვით რამეს...
მთელი იატაკი ფერადი, შესაფუთი ქაღალდებით აივსო. ახალშობილის სამშობიაროდან გამოსაყვანი ჩასაცმელიდან დაწყებული, სათამაშოებით დამთავრებული, ყველაფერზე ეზრუნათ მომავალ ბებია-ბაბუას. ერთ-ერთ ყუთში საბავშვო ავეჯის საყიდელი ვაუჩერიც კი იდო.
– ახლა ვიტირებ... – ამოისლუკუნა ნიცამ.
– უკვე ტირი, ვერ ამჩნევ? – თორნიკემ კი ისე დასცინა, თითქოს თვითონ საერთოდ არ აჩუყებოდა გული პაწაწინა ნივთების დანახვაზე.
– ნუ ხარ მწარე!
– ჰმ, დარწმუნებული ხარ?
– თორნიკე! – ერთდროულად წამოიძახეს ქალთა სქესის წარმომადგენლებმა და ბიჭსაც მოუწია, გაჩერებულიყო.
კიდევ დიდხანს არ დასრულებულა ჯერ კიდევ დაუბადებელი ბავშვის საჩუქრების გახსნა. მამიკოსაც ეზრუნა და ისეთი საყვარელი, ციცქნა კაბები ჰქონდა ნაყიდი, ნიცა თან ცრემლებს იწმენდდა, თან მუცელზე იზომებდა.
– ნეტავ მალე დაიბადოს!
– გაჩერდი, არავითარი მალე! – გააწყვეტინა ლალიმ. –ყველაფერი თავის დროზე. მართალია, სიკვდილის გარდა ყველაფერი ნაადრევი კარგია, მაგრამ მშობიარობა არა.
– დედა, მაკო ხარ?! – ახარხარდა დადიანი და თითქოს მის სიტყვებს ელოდაო, გარედან გაბმული საყვირის ხმა გაისმა.
მანამ არ გაჩერებულა იასამნისფერი „ხოჭოს“ მძღოლი, სანამ ყველანი გარეთ არ გაიყვანა. საახალწლო ნათურებით მორთული მანქანის ფონზე, არც გამოჩნდებოდა ალბათ, თვითონაც მანათობელი სამაგრები რომ არ ჰქონოდა დამაგრებული თავზე, თოვლის ფიფქებიან ელასტიკსა და წითელბეწვიან ქურქში გამოწყობილს.
– გილოცავთ ახალ წელს! – შემდეგ კი, მეუღლისგან რადიკალურად განსხვავებულად, კლასიკურ ფორმაში გამოწყობილმა კაცმა წამოიძახა და შამპანურის ბოთლს თავიც წააგდებინა...
საყოველთაო მხიარულების მიუხედავად, ნიცა და თორნიკე მაინც არ დარჩენილან სახლში დიდხანს. წინასწარვე იყვნენ შეთანხმებულები, ალექსის წყნეთის აგარაკზე უნდა გაეგრძელებინათ აღნიშვნა და არ გამოვიდოდა წაუსვლელობა. ყველანი იქ იქნებოდნენ, ქეთოც კი დაპატიჟა დემემ და ნიცას ალბათ საკუთარი ამბავი არ გახარებია ისე, როგორც თითქმის შემდგარი, ახლად გამომცხვარი წყვილის დაახლოება. მეკვლეც თვითონ გამოდგა. ფანჯრიდანვე დაინახეს მანქანის მისვლა და პირველი ირაკლი გამოვარდა, მუცლით შემოდიო.
– არ მაქვს ჯერ მაგხელა მუცელი! – სიცილს ვერ წყვეტდა ნიცა.
– არ მაინტერესებს, ლილია უნდა იყოს ჩვენი მეკვლე!
– ღმერთო, ყველანი ასეთი არანორმალურები როგორ ხართ?! – აღმოხდა თვალების ტრიალთან ერთად.
– ნიცა, არ შემარცხვინო! – ეცინებოდა ალექსზე მიკრულ თამოსაც. ისე გულშემატკივრობდნენ, თითქოს მუცელი კი არა, საფინალო თამაშის ყველაზე მნიშვნელოვანი გოლი უნდა შეეგორებინა კარში.
– მიდი, მამა, მარჯვენა ფეხი წინ! – მუშტშეკრული ხელი აღმართა დადიანმაც და დიდი წვალების შემდეგ ძლივს მოახერხეს ჩანაფიქრის შესრულება.
– თქვენ მართლა გიჟები ხართ! – გაეცინა ქეთოსაც და ცალწარბაწეულმა დახედა მოულოდნელად საკუთარ მუცელზე შემოხვეულ თბილ ხელებს...

* * *
– პირველი ახალი წელია, რომელსაც ყველა წყვილში ვხვდებით და... – ქართველი სტაჟიანი თამადის ხმით წამოიწყო დემეტრემ და ყანწიღა აკლდა სრული ეფექტის შესაქმნელად, ირაკლიმ რომ შეაწყვეტინა.
– ჩემი ძმა, აცრას არ გასვლია ვადა!
– იკაკო, ნუ დარდობ ასე ძალიან, მარტო რომ ხარ, ვის არ მოსვლია! – არც თვითონ დარჩენია ვალში შეუმჩნეველ კბენას და ლოყაზეც მოუთათუნა ხელი.
– ქეთო, მიხედე, თორემ შენც მარტო დარჩები! – თვალები აატრიალა ლომიძემ. მიუხედავად იმისა, ყველაზე მეტად მას რომ უქროდა თავში, აფეთქებაც სწრაფად იცოდა ხოლმე.
– არ გვინდა ეს სადღეგრძელოები, რა! – ამოიოხრა თამომ. – პირდაპირ საჩუქრები გავხსნათ!
– ალა ფურშეტიც ხო არ მოვაწყოთ და ჩხირებით ვჭამოთ მწვადი? – დასცინა თორნიკემ, თუმცა მაინც ამოაძვრინა ჯინსის ჯიბიდან კონვერტი.
– ეს ისაა? – გადაუჩურჩულა ნიცამ და თან თვალით ქეთოს ანიშნა, რეაქციას დააკვირდიო.
– ისაა და იმედია, ბავშვს უმამოდ არ დამიტოვებს ამხელა რისკი.
– დიდხანს გელოდო, დადიანი?! დამელია სული, მალე!
– საიდან მოიტანე, შენ რომ გჩუქნი?! ალექსისაა! მან უნდა გახსნას! – შემდეგ კი, ისეთი სახით გაუწოდა საკმაოდ სოლიდური შესახედაობის კონვერტი, ეჭვსაც ვერავინ შეიტანდა საჩუქრის სერიოზულობაში.
– მოიცადეთ, უნდა გადავიღო! – წამოიძახა ქეთომ, რამდენიმე წამში კი, დეტალურად აღწერა ალექსის სახის ფერის მრავალჯერადი ცვლილება.
ჯერ ყბები დაეჭიმა, შემდეგ გაწითლდა, მწვანეც შეერია და ყურებიდან ბოლსაც გაუშვებდა ალბათ, შესაძლებელი რომ ყოფილიყო, ბოლოს კი... ბოლოს ირონიანარევი ღიმილით ამოაძვრინა კონვერტიდან ბილეთები. იმ ადამიანის სპექტაკლის, რომლის წყალობითაც დააჩქარეს ნიშნობა.
– დამცინით, ხო? – ჩაეცინა თვითონვე, მაგრამ მისი სასოწარკვეთილებისათვის აღარავის მიუქცევია ყურადღება, თამო რომ აკივლდა და ლამის თვალცრემლიანი ჩაეხუტა საჩუქრის ავტორს.
– პირველი რიგია, არ მჯერა!
– გულის წვეთებიც გიყიდე, კონვერტში ვერ ჩავდე უბრალოდ... – თვალი ჩაუკრა დადიანმა და ამჯერად ქეთოსთან გადაინაცვლა.
– შენ გეგონა, უსაჩუქროდ დაგტოვებდი?!
– შენ გეგონა, მე ეგ მეგონა? – აქეთ დასცინა და დაინტრიგებულმა ააცალა ხელისგულზე დადებული ყუთი.
ისე საგულდაგულოდ იყო შეფუთული, მაშინვე მიხვდა, განზრახ რომ აწვალებდა, თუმცა არ დანებებულა. იმის ჩიტი იყო ქეთო, დამარცხება ეღიარებინა?! წარბიც არ შეუხრია, ისეთი მონდომებული ხსნიდა და არც კი იმჩნევდა, როგორ ეშლებოდა ნერვები, ყოველი მომდევნო ქაღალდის შემოხსნისას, შიგნით კიდევ ახალი რომ ხვდებოდა.
– ნევროზი დამემართა! – აღმოხდა დემეს.
– ისედაც გქონდა! – თვალი ჩაუკრა მეგობარმა. – და სხვათა შორის, მანდ ორივეს საჩუქარია, შეგიძლია მიეხმარო.
და ერთობლივი ძალებით, მართლა რამდენიმე წამში გახსნეს საჩუქარი, რომელსაც ისევ აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა.
– რა საზიზღარი ხარ, თორნიკე! – ძლივს ამოთქვა სიცილით გაწითლებულმა გოგონამ. პატარა ყუთში ჯიპიესის მოწყობილობა და პეიჯერი იდო, იმის მიხვედრა კი, რომელი ეკუთვნოდა დემეტრეს, რთულ ამოცანას ნამდვილად არ წარმოადგენდა.
– ამიერიდან აღარ დაგეკარგება! – თვალი ჩაუკრა და სანამ რამეს უპასუხებდნენ, ახლა ირაკლის მიუბრუნდა.
– შენს საჩუქარზე ბევრი ვიფიქრე, იკაკო...
– ნუ მეძახი-მეთქი იკაკოს, რამდენჯერ გითხრა?! – გაეცინა „გაბრაზებულს“.
– კარგი, იკუნა, ნუ ღელავ. სწორად მივხვდი, სტრესის მოსახსნელ რაღაცას გჩუქნი. შენ არ იდარდო, სულ ასე კი არ იქნები... – ფხუკუნებდა, წითლად შეფუთული ყუთით ხელში რომ უახლოვდებოდა, ნიცა კი უკვე ვეღარ იკავებდა სიცილს.
– დადიანი, გაფრთხილებ, რამე ისეთი თუა...
– რამე არა, რამეებია... კარგი რამეები... – თვალი ჩაუკრა და ყუთი კალთაში რომ ჩაუდო, თვითონ მუცელგაბერილ საცოლეს შემოეხვია უკნიდან. უფრო მეტად, თავის დასაცავად...
– შენი საჩუქრის დროც მალე მოვა, თორნიკე, ცოტაც მოიცა... – ბურტყუნებდა ირაკლი, სანამ გახსნიდა, შემდეგ კი, რამდენიმე წამის განმავლობაში, ჯერ შოკი აღებეჭდა სახეზე, შემდეგ კი, გაჭირვებით ცდილობდა სიცილის შეკავებას, გასაწელი, სათამაშო სილიკონის მკერდი რომ შეათამაშა ხელში... – გამოუტანეთ ამასაც, რა! ნუ იკრიჭები, დადიანი, ახლა ნახავ, როგორ გამოიყურება ნამდვილი საჩუქარი!
რამდენიმე წამში კი, გრანდიოზული, ლამაზად შეფუთული ყუთის ნაცვლად, მინიატურული ზომის რომ შერჩა ხელში, ცოტა არ იყოს, იმედები გაუცრუვდა. ზუსტად იცოდა, რაღაც სასწაულს რომ მოიფიქრებდნენ და ახლა იმიტომ დასწყდა გული, მისი ფანტაზია ასეთი პატარა ზომის ყუთში ჩასატევი საჩუქრის იდეას რომ ვერ გასწვდა. წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, რა შეიძლებოდა ყოფილიყო შიგნით.
– მიდი, გახსენი, მიდი! – თვითკმაყოფილი ღიმილით მიუდგა ალექსი.
– დახმარება თუ გინდა, შემიძლია, ჩემი პეიჯერი მაინც არ ციმციმებს ჯერ!
– ხო, არ მოგერიდოს, თოკო, თუ დაგჭირდეს, დაგვიძახე! – თვალი ჩაუკრა ირაკლიმაც და სამივენი ისე ელოდნენ შურისძიებით ტკბობას, ლამის თვითონ შემოახიეს ყუთს ფერადი ქაღალდი.
დადიანი კი საერთოდ არ ჩქარობდა. ისე ნელა ხსნიდა, აქეთ თამაშობდა დანარჩენების ნერვებზე.
– თორნიკე, შევწუხდი! – ბოლოს კი ისევ ნიცას უმტყუნა ნერვებმა.
– აი, საერთოდ არ იცით არც ერთმა ინტრიგის ფასი! – თვალები აატრიალა და როგორც იქნა, საჩუქრის ნახვის დროც დადგა...
ყბები დაეჭიმა სიცილის შესაკავებლად. ტუჩებიც დაებრიცა და თვალების კუთხეებშიც გაუჩნდა ნაოჭები, შემდეგ კი, ერთიანად გაწითლებული, ისე ახარხარდა, ყველას ერთად შეკრებილსაც არ უცინია იმდენი. მეტს რას ელოდა?! სამაგიერო გადაუხადეს და ორიგინალურად, ფოტოგრაფიის შემსწავლელ კურსებზე ერთთვიანი აბონემენტი აჩუქეს.
– ზუსტად უხდება ჩემს საჩუქარს! – ტაში შემოჰკრა გოგონამ.
– მოიცა, შენც აგიყოლიეს?! – წარბები აზიდა დადიანმა.
– არა, მე მართლა გჩუქნი! – გაეცინა და როგორც იქნა, იმ საღამოს ჯერჯერობით ერთადერთი სერიოზული საჩუქრის გახსნის ჯერიც მოვიდა.
დიდხანს არ უფიქრია ნიცას. ზუსტად იცოდა, რითაც გაახარებდა. რამდენიმე კვირაა ამაზე ლაპარაკობდა თორნიკე და რა თქმა უნდა, საიდუმლო აგენტის თვისებებით დაჯილდოებულს, ამის დამახსოვრება არ გასჭირვებია. საბედნიეროდ, ფოტოსესიებიდან აღებული ფულიც ჰქონდა გადანახული და ერთადერთი შემთხვევა იყო, დანაზოგის ოთხმოცდაათი პროცენტის გადახდისას გული რომ არ დასწყვეტია.
– არანორმალური ხარ... – აღმოხდა ბიჭს, ყუთიდან ახალშობილივით ფრთხილად რომ ამოაძვრინა ფოტოაპარატის ნანატრი ლინზა.
– ანუ, გამოვიცანი... – გაუხარდა, მიზანში რომ მოარტყა.
– ახლა ფეისბუქზე გვერდს გავაკეთებ და მერე დავწერ ხოლმე, ლამაზი გოგოები შემეხმიანეთ ფოტოსესიისთვის–მეთქი.
– ხო, არა?! – მხარზე ჩამოეყრდნო ნიცა.
– ხმამაღლა ვთქვი?! – თვალები გაუფართოვდა „დანაშაულზე წასწრებულს“.
– გაგიკვირდება და კი!
– ჰმ, არადა, მეგონა, სხვა რამეზე გექნებოდა ყურადღება გადატანილი...
– ოჰო, რაზე?!
– საჩუქარზე... მოიცა, არ მიჩუქებია?! – ტუჩის კუთხეებში გაეპარა ღიმილი და ყველა ისე მიაჩერდა, პოპკორნის მოდგმაღა აკლდათ სრული ეფექტის შესაქმნელად.
– როგორც იქნა, გაახსენდა! – ხელები აღმართა და სანამ ძალიან შეიჭრებოდა როლში, მუხლებზე კონვერტიც დაუდეს.
– ბილეთების მეტზე ვეღარ გიქაჩავს ფანტაზია, დადიანი?! – გაეცინა ალექსს.
– შენ შენი სპექტაკლის ბილეთებს მიხედე. – თვალი ჩაუკრა და მოუთმენლობით შეპყრობილმა, თვითონვე გახია კონვერტი.–ამოიღე, მალე!
– დამაცადე, ნუ აფუჭებ სიურპრიზს! – თვალები დაუბრიალა ნიცამ, თუმცა მალევე შეეყინა ღიმილი სახეზე. ყველაფერს ელოდა, ამის გარდა. ბეჭედსაც კი უფრო მეტად ელოდა, ვიდრე ამას. არც კი წარმოედგინა...
– თქვი რამე! – ბოლოს ისევ ქეთომ დაარღვია სიჩუმე.
– დავიტანჯეთ! – აჰყვა თამოც.
– არ არსებობს...
– როგორ არ არსებობს. საფრანგეთსა და იტალიას შორისაა...
– ვიტირებ!
– მართლა არ არსებობს! – ფეხზე წამოხტა ირაკლი, თორნიკეს ფრაზამ დეჟავუ რომ დამართა.
– ნიცა, ან თქვი, ან გამოგართმევ და ვნახავ!
– ბილეთებია... ორი ბილეთი...
– კარგი, მართლა?! – გაეცინა თამოს. – მაგას ვხედავთ.
– ორი ბილეთი ნიცამდე... – შემდეგ კი, თვალებაცრემლიანებულმა გახედა ყველას და ბოლოს ისევ გულაჩუყებულმა შემოხვია საყვარელ მამაკაცს ხელები კისერზე... არც კი იცოდა, მეტად ბედნიერად თუ შეეძლო ეგრძნო თავი, თუმცა ასეთ მომენტშიც კი არ ტოვებდა საშინელი წინათგრძნობა, რომელიც, წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, რომ სინამდვილეში ძალიან, ძალიან მალე აუხდებოდა...

* * *
დიდხანს არ გაგრძელებულა საახალწლო განწყობა და მხიარულება. როგორც ყოველთვის, იყო რამდენიმედღიანი, გადაბმული ქეიფი, ნათესავებთან სიარული, ქილით საცივის გატანების მცდელობები და ყველა ოჯახში გოზინაყის დაგემოვნება, ნიგვზის გაძვირებასთან დაკავშირებული წუხილი და კერძების რეცეპტების ერთმანეთში გაცვლა. ალკოჰოლის გადაჭარბებით გამოწვეული თავის ტკივილებიც იყო, მაგრამ საბედნიეროდ, ამ წელს ნიცა ნაბახუსევს არ შეუწუხებია. ყოველ შემთხვევაში, საკუთარს, თორემ თორნიკეს ყოველ დილით კი ედგა მინერალური წყლის ბოთლები საწოლთან. ისე გადაება ხან მეგობრული, ხან ნათესაური და ხანაც სამსახურებრივი შეკრებები, საბოლოოდ მხოლოდ ძველით ახალი წლის შემდეგ გამოფხიზლდა, მშობლები რომ გააცილა უკან, გერმანიაში.
– ვერც კი ვიჯერებ, ისე მალე მოვიდა ფინალურები... – ამოიოხრა ნიცამ და მანქანის მინას მიადო თავი. – არადა, ნახე, ჯერ საახალწლო განათებებიც კი არ ჩამოუხსნიათ და გუშინ ისევ ფილმების ყურებით ვიყავი დაკავებული.
– დააბრალე ახლა საგამოცდო ცენტრს, შენ თუ გეზარება მაღლივში სიარული. – დასცინა თორნიკემ და მსუბუქად უჩქმიტა ლოყაზე. – ლილიას ზრდის ტემპებით თუ ვიმსჯელებთ, სულაც არ მოსულა მალე. – შემდეგ კი, უკვე საგრძნობლად წამოზრდილ მუცელზე მოუსვა ხელი. – არ არის დრო, რომ გაინძრეს?
– ჯერ ჩვიდმეტი კვირის ვარ, – სიცილით აატრიალა თვალები. – და აზრი არ აქვს ყოველდღე კითხვას, მაინც არ დააჩქარებს.
– რა მწარე ხარ, ნიცა. ნუ გვიშლი ურთიერთობაში ხელს.
– უკაცრავად?! – ახლა კი გასწორდა წელში და ისეთი თვალებით გახედა, ძლივს შეიკავა ბიჭმა თავი, სიცილი რომ არ აეტეხა. –მე გიშლით ხელს?! ხო არ დაგტოვოთ?
– არა, მასე ძალიანაც არ გვიშლი, დარჩი, თუ გინდა. ხო, მა?
– თორნიკე, იცოდე ვბრაზდები!
– ამ ბოლო დროს ყველაფერზე ბრაზდები. – გაეცინა და საკუთარ ხელში ახლართული გოგონას თითები ტუჩებთან მიიტანა. – ეჭვიანობ, იბუტები...
– ხოდა, ნუ მაეჭვიანებ! – გაიბუსხა და ეცადა, არ შეემჩნია, როგორ გააჟრჟოლა დადიანის ტუჩების შეხებისას. – ისედაც სტრესში ვარ!
– რა გსტრესავს? – ახლა კი გახედა თვალებგაფართოებულმა. მართლა საგრძნობლად შეეცვალა ხასიათი. ხანდახან ისეთი უაზრობის გამო შეეძლო სერიოზული ჩხუბის გაჩაღება, უკვირდა კიდეც, რამე ხომ არ მოხდა და მიმალავსო. შემდეგ იჯდა, ტიროდა და ბოდიშებს უხდიდა, ემოციებს ვერ ვაკონტროლებ და გადავაჭარბეო. თორნიკე კი ცდილობდა, არ მიექცია ყურადღება, მაგრამ ხანდახან მართლა მეტისმეტი მოსდიოდა. ასე ორსულობის პირველ კვირებშიც კი არ ყოფილა.
– ეკონომეტრიკის ფინალური. – ლამის ტუჩები აუკანკალდა, ისეთი ხმით ამოთქვა.
– არის კიდევ რაღაც. – თუმცა მაინც ვერ მოატყუა ბოლომდე. ყოველთვის ხვდებოდა დადიანი, სათქმელს ბოლომდე როცა არ ეუბნებოდნენ და არც ეს შემთხვევა ყოფილა გამონაკლისი. – მითხარი, ნიცა...
– არც ღირს სათქმელად... – ამოიოხრა დანებებულმა. – მე აღვიქვამ გადაჭარბებულად, როგორც ყოველთვის...
– ანუ, ღირს. მითხარი. – მანქანაც კი გადაიყვანა ცენტრალური გზიდან. ვერ იტანდა, სერიოზული საუბრები მგზავრობის პარალელურად რომ იმართებოდა. ვერც ერთზე ახდენდა შემდეგ კონცენტრაციას, სანახევროდ გაკეთებული საქმე კი არ უყვარდა. – გადმოდი, გავიაროთ. – შემდეგ კი, თვითონვე გაუღო კარი და ჯერ კიდევ საახალწლოდ მორთულ ქუჩებში სასეირნოდ გადაიყვანა.

გაგრძელება იქნება  

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 6 /
ნინი
ავტორო გამოგვეხმაურე რაააა.დაგვამშვიდე და გვითხარი რომ არ კვდება არც ერთი.
12:47 / 24-12-2016
გამოხმაურება / 0 /
Nana
Es "tvalebis atrialeba" ra ubedurebaa?
00:13 / 24-12-2016
გამოხმაურება / 0 /
ყველა კომენტარი
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
e87a93