ნოველები

შეცდომა. თავი 33. სხვა ქალი

შეცდომა. თავი 33. სხვა ქალი
ხელიხელჩაკიდებულები მიუყვებოდნენ გზას და არც ნიცა ჩქარობდა საუბრის წამოწყებას, არც თორნიკე აჩქარებდა. ისეთი სიმშვიდე იყო, დარღვევად რომ არ ღირდა, მით უმეტეს კი, იმ თემით, გოგონას რომ სჭამდა შიგნიდან. არდადეგების დაწყებამდეც აწუხებდა ეს ამბავი, მაგრამ მაშინ ჯერ კიდევ არ ჰქონდა ისეთი მუცელი, სხვების განსახილველი რომ გამხდარიყო. მხოლოდ რამდენიმე ჯგუფელმა ჰკითხა გაკვირვებით, ამ ბოლო დროს ასე ძალიან რატომ მოიმატეო და თვითონაც გაღიმებულმა აიჩეჩა მხრები. ბეჭედიც ჰქონდა თითზე და შესაბამისად, უსტატუსოდაც აღარ იყო, მაგრამ მაინც არ უნდოდა ახსნა-განმარტება, რატომ
გაასაიდუმლოვა ასე ძალიან ჯერ ორსულობა, შემდეგ კი, ნიშნობა. მთელი ამბის მოყოლას ხომ არ დაიწყებდა?! ამის სურვილიც კი არ ჰქონდა, მით უმეტეს, რომ დარწმუნებული იყო, მაინც მოჰყვებოდა ათასნაირი ჭორი.
– ამხელა მუცლით უნივერსიტეტში ჯერ არ ვყოფილვარ... – ჩურჩულით წამოიწყო ბოლოს და ასფალტს გაუსწორა მზერა, გვერდით მიმავალი მამაკაცი რომ გაჩერდა. იცოდა, რაც მოჰყვებოდა ამ ფრაზას და ამიტომაც აჭიანურებდა, მაგრამ ყელში მიბჯენილმა ბურთმა მეტი ვეღარ გააძლებინა.
– და? – ისეთი ტონით ჰკითხა თორნიკემ, ეჭვიც არ შეჰპარვია, გაგრძელება თვითონვე რომ იცოდა.
– იცი, რაც...
– არა, ნიცა, არ ვიცი და ძალიან მიკვირს, შენ რატომ იცი!
გამოსცრა კბილებს შორის და ტუჩებაკანკალებულს, ძალით ააწევინა ნიკაპი.
– შემომხედე!
– თორნიკე... – ძლივს ამოთქვა, ნაყლაპი ცრემლებით ხმაშეცვლილმა და კვლავ მზერის არიდება სცადა, ამჯერად ორივე ხელით რომ დაუჭირეს თავი.
– ნიცა, თვალებში შემომხედე და ისე მითხარი, რა გაწუხებს!
– რატომ მაწვალებ? – ამოთქვა ბოლოს. არ შეეძლო, ვერ ეტყოდა. ზუსტად იცოდა, ისედაც რომ ხვდებოდა თორნიკე. რაღა საჭირო იყო კიდევ უფრო გართულება?
– მე კი არა, შენ თვითონვე აწვალებ საკუთარ თავს! რაში გაინტერესებს, რას იტყვის ვინმე ანკა, ან თიკა, ან ლიკუნა, ან შენი კომუნისტი ლექტორი, საერთოდ, რატომ ინტერესდები სხვისი აზრით? შენ რამე შეგეშალა? რამეში შეცდომა დაუშვი, მათი გასაკრიტიკებელი რომ გახდე? რატომ აძლევ უფლებას, საკუთარი აზრი მოგახვიონ თავს? ეს შენი ცხოვრებაა, გესმის? ისე იცხოვრებ, როგორც გაგიხარდება და არავის საქმე არ არის, ბავშვს ქორწილამდე გააჩენ თუ ქორწილის შემდეგ.
– ასე თეორიულად და სათქმელად, ადვილია...
– არც ისეა რთული! გინდა, ახლავე მოვაწეროთ ხელი, დამშვიდებული რომ იყო? ეს გაწუხებს? – უკვე ბრაზდებოდა და ნიცაც კარგად ამჩნევდა ამას, სწორედ ამიტომაც ვეღარ იკავებდა ტირილს და იმას კი ვერ ხვდებოდა, თორნიკე ამას უფრო რომ გადაჰყავდა ჭკუიდან.
– ეგ რა შუაშია...
– აბა რა არის შუაში? მითხარი, რა გინდა, რომ გავაკეთო? როგორ მოვიქცე? რატომ თვლი ამ ამბავს სამარცხვინოდ? სირცხვილია შვილის გაჩენა?!
– თორნიკე!
– შენი საქციელით მხოლოდ ამ დასკვნის გამოტანა შეიძლება, ნიცა. შენ ხომ იცი, რომ მართალი ხარ?
– შენთან მართალი ვარ?
გაუღიმა ისე, ორივემ კარგად იცოდა, რაც იგულისხმა ამ სიტყვებში.
ვეღარაფერი უპასუხა დადიანმა. მერამდენედ უბრუნდებოდნენ ამ თემას. რაზეც არ უნდა ეკამათათ, ნიცა მაინც იმ ღამემდე მიდიოდა და ნებით თუ უნებლიეთ, მაინც იმას ახსენებდა, როგორც დაიწყეს. მუდამ თავს იდანაშაულებდა იმ ღამის გამო და იმასაც აგრძნობინებდა, როგორი ნაძირალა იყო. ვერ უარყოფდა თორნიკე, თავიდან საერთოდ რომ არ უნდოდა შვილი და არც გეგმაში ჰქონია ამ გოგოსთან მსგავსი ურთიერთობა, მაგრამ ხომ ყველაფერი შეიცვალა? ხომ შეუყვარდა? ბეჭედიც კი აჩუქა, რაღატომ იხსენებდა წარსულის ცოდვებს?!
– არ გინდა, რა...
მხოლოდ ესღა ამოიოხრა და საფეთქელთან რომ აკოცა, ისე მიიკრა სხეულზე, მისი ნება რომ ყოფილიყო, ალბათ არც აღარასდროს გაუშვებდა.
Image result for christopher mason
* * *
მომდევნო დილა ნამდვილად არ დაწყებულა ისე, როგორც ბოლო კვირების განმავლობაში. არც მსუბუქი კოცნა ყოფილა, აღარც ხელების პიჟამას შიგნით შეცურება და არც შუადღემდე საწოლში დარჩენა. უკვე ტრადიციად ჰქონდა ნიცას ქცეული საყვარელი მამაკაცის ტუჩებით გაღვიძება, საპნის ბუშტივით რომ გაუსკდა ოცნებები და კოცნა მაღვიძარას ხმამ შეცვალა. რეკავდა შეუჩერებლად, გულსაკლავად და არაფრის დიდებით აპირებდა გაჩერებას. თითქოს ბოლო ძალებით იბრძოდა მათი იდილიის დასარღვევად და საბოლოოდ, გამოუვიდა კიდეც.
– გათიშე, თორემ ფანჯრიდან გადავაგდებ. – ამოიღმუვლა დადიანმა ისე, არც ბალიშიდან აუწევია სახე და არც გოგონას მკერდიდან ხელი. თვალებიც კი არ გაუხელია, ჯერ კიდევ ძილბურანში მყოფს.
– თუ არ გამიშვებ, ვერ გავთიშავ. – ჩაეცინა ნიცას. წამითაც არ ჰქონია მისი მკლავებიდან ცივ ოთახში გადანაცვლების სურვილი, მაგრამ სხვა გზა არ იყო, გამოცდაზე დაიგვიანებდა...
– მაშინ რეკოს. – ჩაიბურტყუნა და კიდევ უფრო ახლოს მიიკრა.
– ახლა ულტიმატუმიც უნდა წამომიყენო, აირჩიე, ან მე, ან ეკონომეტრიკაო... – დამაინტრიგებელი გაუხდა ხმა და უცოდველი ბავშვის თვალებით აუსრიალა თითები მკლავზე...
– მასეთ ძლიერ კონკურენციას ვერ გავუძლებ. – და როგორც იქნა, ბიჭმაც იკადრა თვალების გახელა, თუმცა პირველი, რისკენაც მზერა გაექცა, თვითონ ნიცა კი არა, მისი გრძელი თითები იყო. – და მემგონი, დაგვიანება მოგიწევს... – შემდეგ კი, თვითონვე ჩაეცინა ცალყბად.
– საიდან იმხელა ამბიცია, შენ გამო გამოცდაზე დაგვიანებას რომ მთავაზობ? – ნიცაც მაშინვე აჰყვა თამაშში, მიუხედავად იმისა, მართლა საშინლად რომ აგვიანდებოდა.
– არ ვიცი, ვინმემ მომცა ამის საფუძველი? – გაეცინა და თვალებმიხუჭულმა გაუსრიალა ცხვირის წვერი ლავიწზე.
– დამაგვიანდება, იცოდე! და ჩავიჭრები!
– მთავარია, ჩემთან არ ჩაიჭრა, ნიცა...
– თორნიკე, გეყოფა. – ეცინებოდა უკვე, თუმცა წინააღმდეგობის გაწევის არც თავი ჰქონდა და მით უმეტეს, არც სურვილი.
– მე დავიწყე? – ახედა გაკვირვებულმა და პასუხად მხოლოდ აციმციმებული თვალები და ძლივსშეკავებული ღიმილი რომ მიიღო, დაწყებულის შეწყვეტაზე აღარც უფიქრია, ისე შეეხო ტუჩებზე გოგოს, რომელსაც იმ მომენტში, ზემოდან მოქცეული, საყვარელი მამაკაცის გარდა, აღარაფერი ახსოვდა...

* * *
– დავწერე! – აჟიტირებულმა, საგამოცდო სექტორიდან გამოსვლის შემდეგ, მაშინვე თორნიკეს გადაურეკა. ისეთი ბედნიერი იყო, ქვემოთ ჩასვლა არც კი გახსენებია.
– გოგონა, აქ ნუ გაჩერდებით! – სამაგიეროდ, დაცვამ გაახსენა და ისეთი მოკრძალებული ღიმილით მოუბოდიშა, თითქოს მართლა დამნაშავედ გრძნობდა თავს.
– აწი შემიძლია, თავისუფლად მოგიყვანო ცოლად. გოგო რომ ეკონომეტრიკას ჩააბარებს! – დასცინოდა თორნიკეც.
– შენ იცინე და მართლა ყველაფერი დავწერე!
– ნუ, დილით იმხელა მოტივაცია მიიღე, ეჭვიც არ შემპარვია!
– რა საზიზღარი ხარ, თორნიკე. – ფხუკუნით ჩაიარა კიბეები. ისეთი გაკრეჭილი მიაბიჯებდა, ეკონომეტრიკის გამოცდის შემდეგ ვინც ასეთი სახით დაინახავდა, ცოტა არაადეკვატურადაც კი შეეძლო ჩაეთვალა.
– არადა, რამდენიმე საათის წინ ასე არ ფიქრობდი...
– გაჩერდი!
– აჰა, ახლა გავჩერდე, ხო? – ახარხარდა და ნიცას ზუსტად შეეძლო წარმოედგინა, როგორი თვითკმაყოფილი ღიმილი დასთამაშებდა იმ მომენტში ტუჩებზე.
– დამანებე თავი, საპირფარეშოში უნდა შევიდე! – გაეცინა და მაშინვე ხმამაღალი ხარხარი რომ მოესმა, თვალების ატრიალებით დაამატა. – შენი შვილის წყალობით, მაღლივის ბიბლიოთეკაშიც მექნება ამ ღირსშესანიშნავი ადგილის მონახულების შესაძლებლობა.
– დააბრალა ახლა უმცროს დადიანს... – თორნიკე კი, არაფრით წყვეტდა სიცილს და ალბათ, კიდევ დიდხანს არ მორჩებოდა, ნიცას რომ არ ჩაეძახა, აღარ მცალია შენთვისო და თვითონვე არ გაეთიშა მობილური.
იცოდა, ბოლო კვირებში ხშირად რომ მოუწევდა საპირფარეშოში სირბილი, მაგრამ ჯერ ნახევრამდეც არ იყო მისული, ლილია კი უკვე აწვალებდა. არც ისე დიდი იყო, მუცელში ადგილი რომ ვერ ეპოვა, თუმცა თითქოს განზრახ, ხან ისე მოიკალათებდა, დედიკოს ფეხს რომ უკავებდა და ხანაც პირდაპირ შარდის ბუშტზე დააჯდებოდა. და ახლაც, ძლივს გაძლო ნიცამ მთელი გამოცდის განმავლობაში, თუმცა იმდენი ნებისყოფა ნამდვილად არ გააჩნდა, სახლამდე რომ მოეთმინა. აჩქარებული ნაბიჯებით შეუხვია დერეფანში და საიდუმლო აგენტივით შეიძურწა შიგნით, თუმცა რამდენიმე წამში, აწ უკვე კაბინაში მყოფს, კარის გაღების და შემდეგ, ქუსლების კაკუნის ხმა რომ მოესმა, თითქოს გულზე მოეშვა, მხოლოდ თვითონ რომ არ უწევდა იქაურობით სარგებლობა.
– ჩემს სექტორში იყო ისიც, როგორ ვერ დაინახე? – მოესმა საიდანღაც ნაცნობი ხმა, თუმცა მაინც ვერაფრით გაიხსენა, იცნობდა თუ არა მის პატრონს.
– ანჩო, მაგის დრო მქონდა? დამკვირვებლის გასვლას ველოდებოდი, რამე მაინც რომ გადამეწერა.
– სულ არ მიფიქრია გამოცდაზე, ხელზე ბეჭდით რომ დავინახე! – ამოიოხრა და ის იყო, ნიცა გასვლას აპირებდა, მეორეს პასუხიც რომ მოესმა.
– აბა, რა გეგონა, ორსულს ისე მიატოვებდა?! – და აქ კი, თვითონაც არ იცოდა, რატომ დახედა ჯერ მარჯვენა ხელის არათითზე მოთავსებულ თვლიან ბეჭედს, შემდეგ კი გამობერილ მუცელს და რაღაც ამოუხსნელმა ძალამ ისიც აიძულა, ცოტა ხნით კიდევ შიგნით რომ დარჩენილიყო.
– შეეტენა ეგ გოგო! თავი მომაჭერი, მასე თუ არ იყოს!
– კარგი, რა, ანჩო! იმ დღეს უნივერსიტეტშიც ერთად მოვიდნენ, ვერ დაინახე?
– ვერავინ დამაჯერებს იმას, დადიანს ეგ რომ შეუყვარდა. ვერ ხედავ, უკვე რამხელა მუცელი აქვს? ოთხი თვის მაინც იქნება, სექტემბერში კი მე მხვდებოდა თორნიკე!
და მეტს ვეღარ გაუძლო. ერთიანად მიაწვა ტვინში ყველაფერი, მოსმენილი ბრალდება, მიღებული ახალი ინფორმაცია, პატარა ოთახში დაყენებული სიგარეტის კვამლი და არც უფიქრია, ისე გავიდა გარეთ. ვეღარაფრით მოითმინა, სახე მაინც რომ არ დაენახა იმის, სიმართლე ვისგანაც გაიგო და სწორედ აქ ინანა. ისიც გაახსენდა, საიდან ეცნობოდა ანჩოდ წოდებული და ამან კიდევ უფრო ატკინა გული. მართლა ჰყავდა თორნიკესთან ერთად შემჩნეული ადრე, ჯერ კიდევ მაშინ, თვითონ შორიდან რომ აკვირდებოდა და მის ყველა შეყვარებულს გამოცდილი აგენტივით უთვალთვალებდა.
– ჩააქრე და გავედით. – თითქოს შეუმჩნევლად გადაუჩურჩულა მეგობარს მეორემ, თუმცა ანჩოს სიგარეტიანი ხელი ტუჩებთან გაშეშებოდა და დაუფარავად აკვირდებოდა ნიცას.
– შენზე ვლაპარაკობდი. – შემდეგ კი, ისე გაუღიმა, აშკარად იკითხებოდა ამ ღიმილს მიღმა რაღაც.
– ვიცი. – და აღარც ნიცას უცდია იმის დამალვა, როგორ მიაყურადა.
– ისიც იცოდი, შეყვარებულს რომ დამაშორე? – და კვლავ ირონიული ღიმილით მიუახლოვდა.
– ანჩო, წამოდი!
– ლენუკა, დამანებე თავი! დაგვტოვე ცოტა ხანს. სალაპარაკო გვაქვს.
– მე არ მაქვს შენთან სალაპარაკო! – მაშინვე გააპროტესტა ნიცამ.
– გაქვს, როგორ არა. და თან ძალიან სერიოზულ თემაზე.
– გეყოფათ...
– დაგვტოვე–მეთქი! – დაიყვირა მოულოდნელად და აღარც ლენუკა დარჩენილა დიდხანს, თვალები აატრიალა, რაც გინდათ, ის გიქნიათო და კარის გაჯახუნებით გავიდა გარეთ.
– არ მაინტერესებს შენი აზრი, შეგიძლია, რაც გინდა, ის იფიქრო. – მოუჭრა ნიცამ და თვითონაც გასვლას აპირებდა, მკლავში ჩავლებულმა ხელმა რომ მიატრიალა.
– და ის არ იცი, მხოლოდ მე რომ არ ვფიქრობ ასე? ყველამ, ვინც თორნიკეს იცნობს, ზუსტად იცის, რა გზითაც ჩაიგდე ხელში!
თვალებიდან ნაპერწკლებს აფრქვევდა, ისე იყო გამწარებული.
– მე უკვე გითხარი, არ მაინტერესებს თქვენი აზრი!
– აი, ამ ბავშვით დააბი! – მუცელზე დაუკაკუნა თითი.
– ისე დააჯერე, რომ მისია, ბეჭედიც კი გამოსტყუე!
ეს უკვე საბოლოო წვეთი გამოდგა და ხელიც კი წაიღო, ჰაერშივე რომ გაუკავა ქერამ.
– ასე მხოლოდ სიმართლის მოსმენისას მწარდებიან! იცი, რომ შენ გამო დამშორდა?
– არ მაინტერესებს!
– მაინც მოგიწევს მოსმენა. სერიოზული ურთიერთობა გვქონდა! ფეისბუქზე ურთიერთობის სტატუსის შეცვლასაც კი ვაპირებდი, მოულოდნელად რომ გამომიცხადა, ყველაფერი დამთავრდაო!
– ანჩო, არ მინდა ამ ყველაფრის მოსმენა. თორნიკეს წარსულიც კარგად ვიცი და არც ის მაინტერესებს, რა იყო ჩემამდე.
– შენამდე?! და შენ გგონია, მხოლოდ შენამდე? – გაეცინა მოულოდნელად.
– შუალედურების დროს დამშორდა! უცერემონიოდ მითხრა, მხოლოდ სექსი გვაკავშირებდაო და ისე წავიდა ჩემი ცხოვრებიდან, თითქოს მართლა ასე ყოფილიყო!
– გეყოფა...
– რამდენიმე დღის წინაც შევხვდით. თხუთმეტში, პარასკევს! არ უთქვამს? – გოგონა კი არაფრის დიდებით აპირებდა გაჩუმებას და ნიცამაც იგრძნო, როგორ გადაესხა მდუღარე, თორნიკეს დაგვიანება რომ გაახსენდა.
– რა გითხრა, ძმაკაცებს შევხვდი და იმიტომ დამაგვიანდაო?
– ჩვენი ურთიერთობა შენი საქმე არ არის!
– დაურეკე. ახლავე დაურეკე და ჰკითხე, თუ არ გჯერა! გინდა, მანამდე ჩვენი სურათები გაჩვენო? ახლავე, არაა პრობლემა.
– მობილური ამოაძვრინა ჯიბიდან და ნიცას უმოქმედობა რომ შენიშნა, კიდევ ერთხელ აუწია ხმას.
– დაურეკე, თორემ მე დავურეკავ!
და მეტს მართლა ვეღარ გაუძლო. აკანკალებული თითებით ძლივს მოძებნა კონტაქტებში და სენსორს ისე გადაუსვა თითი, ბოლომდე იმაშიც კი არ იყო დარწმუნებული, ხმა რომ არ უმტყუნებდა. მუხლებშიც გრძნობდა ცახცახს და წარმოდგენაც არ ჰქონდა, როგორ ინარჩუნებდა იმის ძალას, ფეხზე რომ მდგარიყო, თუმცა ბოლო იმედს ჩაებღაუჭა, თორნიკეს ხმა რომ მოესმა.
– უკვე მოგენატრე? – გაეცინა მაშინვე, როგორც კი უპასუხა.
– პარასკევს სად იყავი?
– აუჰ, რა მოხდა?
– თორნიკე, პარასკევს სად იყავი? – ვეღარც მოთმინებას ინარჩუნებდა და აღარც აკანკალებული ხმის დაფარვა უცდია, ისე ჩასძახა მობილურში.
– ნიცა, რა გჭირს? რამე მოხდა?
– მიპასუხე!
– მეგობრებთან. – მოესმა დაბნეული ხმა და კიდევ უფრო უმატა ცახცახმა.
– ბიჭებთან?
– მოიცა, მეჩვენება თუ ეჭვიანობ? – დადიანიც დასერიოზულდა. რას-რას და იმას ნამდვილად ვერ იფიქრებდა, ნიცა სცენებს თუ მოუწყობდა, მით უმეტეს, მობილურით.
– პარასკევს მხოლოდ ბიჭებთან იყავი?
– არა. ძველ მეგობარსაც შევხვდი. ზუსტი მისამართებიც გითხრა? – აშკარად შეეტყო გაღიზიანება, თუმცა გოგონას მეტის გაგონება უკვე აღარ სურდა. გარეთ გასვლაც კი ვერ მოასწრო, გათიშვისთანავე ისე გამოსცვივდა ცრემლები და ანჩოსაც ხელი აუკრა მობილურზე, რომლის ეკრანზეც ამაყად გამოჭიმულიყო მასზე ხელგადახვეული ბიჭი.
– არ მინდა...
ამოთქვა გაჭირვებით, შემდეგ კი, ისეთი სისწრაფით გავარდა საპირფარეშოდან, წამიერად ისიც კი დაავიწყდა, მხოლოდ საკუთარი სიცოცხლე რომ არ იყო მასზე დამოკიდებული...
Image result for emily didonato cry
* * *
ლამის ჭკუიდან გადავიდა, მთელი ერთი საათის განმავლობაში, ვერაფრით რომ დაუკავშირდა ნიცას. რამდენიმე უპასუხო ზარისა და შეტყობინების შემდეგ ვეღარც გაჩერდა სამსახურში, მაშინვე სახლისკენ გაემართა და გზიდან ურეკავდა, თუმცა გოგონა მაინც ჯიუტად არ პასუხობდა მობილურს. რა ჯანდაბა მოუვიდა?! როდის აქეთ იყო, თორნიკეს შეხვედრებს რომ უკონტროლებდა? არა, აშკარად რაღაც მოხდა, თუმცა იმას კი ვერაფრით ხვდებოდა, რა.
თვითონაც გაღიზიანებული, ძარღვებდაჭიმული მართავდა მანქანას და სახლთან რომ მივიდა, ეზოში შეყენებაზე არც უფიქრია, ისე შევარდა შიგნით.
– ნიცა, აქ ხარ?! – დაიყვირა უმისამართოდ და პირველ რიგში, მაინც სამზარეულო შეამოწმა. ხმაურიც კი არ ისმოდა არსაიდან, არც გოგონას კვალი ეტყობოდა იქაურობას. არა, რატომ ექცევა ასე?
კიბეზეც სწრაფად აირბინა და საკუთარი ოთახის კარი რომ შეაღო, იქ კი ადგილზევე გაიყინა. ჯერ თვალებს ვერ დაუჯერა, შემდეგ გაოგნებისგან გაეღიმა, ბოლოს კი, აცრემლებული მზერა რომ დაინახა, ძლივს მოეგო გონს და ისე მიუახლოვდა, თითქოს მის რეალურობაშიც კი ეჭვი ეპარებოდა.
– რას აკეთებ? – ჩაეცინა. ვერაფრით დაეჯერებინა, ეს ყველაფერი ხუმრობა რომ არ იყო.
– მივდივარ! – შეუღრინა ისე, ტანსაცმელების ჩემოდანში ჩაყრა არც კი შეუწყვიტავს და გაბრაზებულმა, მუშტებით ამოიწმინდა ცრემლები თვალებიდან.
– რას აკეთებ–მეთქი, ნიცა?
აქ კი უკვე შეეცვალა ხმა და მკლავში ჩავლებული ხელით რომ შეატრიალა თავისკენ, პირველად დაინახა ამ გოგოს მზერაში ისეთი რაღაც, შიგნეულობა რომ აუწვა.
– შენგან მივდივარ, თორნიკე!
გამწარებულმა გამოგლიჯა მკლავი და ახლა ყოფილი ოთახისკენ გაემართა, დარჩენილი ნივთები რომ გაეტანა.
– ამიხსნი ბოლოს და ბოლოს, რა მოხდა?
– ისედაც იცი!
დაუყვირა გამწარებულმა და უკვე კიბესთან იყო მისული, მოულოდნელად რომ მიუბრუნდა.
– ჩემზე უკეთ შენ იცი, რაც გააკეთე!
– ამიხსენი, რა ჯანდაბა გჭირს და ნუ ყვირი!
თვითონაც აუწია ხმას და ლამის ჭკუიდან გადავიდა, ირონიული ჩაცინება რომ მიიღო პასუხად.
– არ მინდა, ვინმემ ჩემს შვილს ნაბიჭვარი დაუძახოს, გასაგებია?
მაინც არ შეუცვლია ტონალობა.
– არც ის მინდა, ჩემ ზურგსუკან ილაპარაკონ, დადიანს შეეტენაო. არ მინდა, ვიღაც გოგო მაჩერებდეს და მადანაშაულებდეს, როგორ წავართვი ბედნიერება, როგორ დაგაბი იმ ბავშვით, რომელიც შეიძლება შენი სულაც არ იყოს!
– ახლავე გაჩუმდი!
– ისედაც დიდხანს ვიყავი ჩუმად! მაგრამ ახლა აღარ მინდა! ყველაფერი სიცრუეა, რაც ჩვენ შორის ხდება.
– ნიცა!
– შენთან ვცხოვრობდი, შენი შვილით მუცელში და შენ ამ დროს სხვებთან გქონდა სექსი!
– ხო, მქონდა, მერე?!
და აღარც თორნიკეს დაუკლია ყვირილი.
– ეს პირველად გაიგე? აქამდე არ იცოდი?
– მართალი ხარ. – ჩაეცინა.
– ვიცოდი. ისიც ვიცოდი, ერთ დღეს ეს რომ აუცილებლად მოხდებოდა.
– ვინ რა გითხრა, გამაგებინე ადამიანურად და შეწყვიტე–მეთქი ყვირილი!
– შენმა საყვარელმა! პარასკევს რომ შეხვდი, იმან! ზუსტად იმან, შენ რომ ძველი მეგობარი უწოდე. თქვენი ფოტოებიც მაჩვენა, ძველი, ერთად რომ ძალიან ბედნიერები იყავით და მე შეგიშალეთ ხელი. შენ მე არ გიყვარვარ, თორნიკე, საერთოდ არ გიყვარვარ!
– ხვდები მაინც, რას ამბობ? – ბოლომდე აევსო მოთმინების ფიალა.
– ჩემს შვილს ატარებ მუცლით, ჩემს სახლში ცხოვრობ ნიცა, ჩემს ოთახში გძინავს! და მეუბნები, რომ არ მიყვარხარ?
- დასჭექა ყბებდაჭიმულმა.
– სწორედ ეგაა პრობლემა...
დაუყვირა კიდევ ერთხელ.
– შენი სახლი, შენი ოთახი... აქ არაფერია ჩვენი, ხვდები? მხოლოდ შენი!
მიახალა ისე, არც დაფიქრებულა და შემდეგ, მოულოდნელად რომ შეტრიალდა კიბეზე ჩასარბენად, ვერც კი გაიაზრა, უკვე მის თავში რომ იდგა და ისე ჩაუსრიალდა პირველ საფეხურზე ფეხსაცმლის ქუსლი, შეშინებაც კი ვერ მოასწრო, ისევ დადიანი რომ ეცა მკლავში და უკან გაათრია. ისეთი გამწარებული იყო ბიჭი, ალბათ, მხოლოდ ამის გამო უმუშავებდა გონება ასე გამალებით, მომხდარი, მაშინვე რომ აღიქვა და რეაგირება არ დააგვიანა. მხოლოდ რამდენიმე წამმა გადაარჩინა, მხოლოდ რამდენიმე წამმა და აკანკალებული ნიცა, კედელზე მიყრდნობილი რომ ჩასრიალდა და იატაკზე დაჯდა, ვეღარც კი ხვდებოდა, იმ მომენტში ამ გოგოს მიმართ მართლა თუ გააჩნდა რამე გრძნობა.
– მხოლოდ შენია აქ ყველაფერი, თორნიკე...
ერთიანად გადათეთრებულმა, სრულიად შეცვლილი, ჩამწყდარი ხმით გააგრძელა და თავზე დამდგარ ბიჭს ახედა.
– შვილიც მხოლოდ შენი გგონია და იმიტომაც გიყვარს. გგონია, რომ მეც შეგიყვარდი, მაგრამ არაა ასე. მხოლოდ შემეჩვიე... ჩაგისახლდი, ცხოვრება წაგართვი, მომავალიც... ყოველდღე მიყურებდი, რადგან იძულებული იყავი, შენივე შვილის გაჩენამდე ასე მოქცეულიყავი და შემეჩვიე... ვერ შეგიყვარდებოდა ქალი, მთვრალი რომ ჩამოგეკიდა კისერზე და მოტყუებით დაორსულდა შენგან! შენ მე ვერ შემიყვარებ, თორნიკე, მხოლოდ შემეჩვიე და ეს გრძნობები გერევა ერთმანეთში. სწორედ ესაა შენი შეცდომა!
ლუღლუღებდა ისე, არც უფიქრდებოდა, მაგრამ გაგონილმა, საბოლოოდ დაანარცხა მიწაზე.
– ჩემი შეცდომა მხოლოდ ისაა, შენ რომ უნდა იყო ჩემი შვილის დედა!
დაუღრიალა ისე, ყელზე ძარღვებიც კი დაეჭიმა და შემდეგ, უკანმოუხედავად რომ ჩაირბინა კიბე და რამდენიმე წამში სახლის კარის გაჯახუნების ხმაც გაისმა, ნიცამ იცოდა, უკვე არც იმას ჰქონდა მნიშვნელობა, თვითონაც წავიდოდა თუ არა, არც იმას, თორნიკე როდის დაბრუნდებოდა. უკვე აღარაფერს ჰქონდა მნიშვნელობა. საერთოდ აღარაფერს...

გაგრძელება იქნება  
ავტორი ნათია ჯაგოდნიშვილი

FaceBook ბეჭდვა
ტეგები:
კომენტარები / 5 /
მარი
34-ე თავი როდის დაიდება?
12:47 / 28-12-2016
გამოხმაურება / 0 /
ნატალია
ყოველდღე დადეთ რააა, .........ყოველდღეეეეეე
01:27 / 27-12-2016
გამოხმაურება / 0 /
ყველა კომენტარი
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93