ნოველები

შეცდომა. თავი 34. ჩიხი

შეცდომა. თავი 34. ჩიხი
დადიანისთვის რომ გეკითხათ, რას გრძნობდა იმ მომენტში, სახლიდან გავარდნილმა კარი როცა გაიჯახუნა, გეტყოდათ, რომ - არაფერს. არც გაბრაზებას, არც წყენას, არც სინდისის ქენჯნას, საერთოდ არაფერს. აღარაფერს. მხოლოდ ის იცოდა, იქ რომ კიდევ რამდენიმე წამით გაჩერებულიყო, გაიგუდებოდა. თითქოს საშინელი სისწრაფით პატარავდებოდნენ კედლები, ჭერი, იატაკი, ყველაფერი ერთიანად აწვებოდა და კუმშავდა. ვეღარც ძირს ჩაკეცილ, მუცელგაბერილ გოგოს ამჩნევდა, ვერც იმას იაზრებდა, რასაც ამბობდა. მხოლოდ ერთადერთი კადრი უტრიალებდა გონებაში და მაშინაც კი, ის საშინელი სიტყვები რომ წარმოთქვა, ნიცას ნაცვლად იმას ხედავდა,
როგორ გორდებოდა კიბეზე.
წამიერად იგრძნო, როგორ შეეშინდა. ჯერ დაკარგვის და შემდეგ იმის, რომ ვერ აპატიებდა. ზუსტად იცოდა საკუთარი ხასიათი, როგორ ძალიანაც არ უნდა სდომებოდა, მაინც არ აპატიებდა. იქვე დაკარგავდა სამუდამოდ და რისთვის?! ვიღაც გოგოს სიტყვების შედეგად მოწყობილი უაზრო ისტერიკის გამო?
გამწარებულმა დასცხო საჭეს ხელი, ვერაფრით რომ ვერ მოახერხა დაქოქვა. ისეთი გაცეცხლებული იყო, გასაღების გადატრიალებაც კი არ გამოუვიდა. ისიც არ იცოდა ზუსტად, სად აპირებდა წასვლას. მხოლოდ გაცლა უნდოდა, უკან შებრუნების სურვილი რომ არ გასჩენოდა.
აი, ნიცა კი... ნიცა ისე იჯდა, ვერც ახერხებდა გამოძრავებას. ერთი წერტილისთვის ჰქონდა მზერა გაშტერებული და ტირილიც კი აღარ შეეძლო, იმდენად გააქვავა თორნიკეს სიტყვებმა. ყველაფერს წარმოიდგენდა, ჩხუბს, ყვირილს, საშინელებების გახსენებასა და დაბრალებას, საერთოდ ყველაფერს, ამის გარდა. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს ლილია დაუბადებლად წაართვეს. დედის სტატუსი ჩამოართვეს და ყველაზე უსარგებლო, არასასურველი ქალი გახდა მთელ დედამიწაზე. წამითაც არ უფიქრია ამაზე, ნერვებმა რომ უმტყუნა და ჩემოდნის ჩალაგება დაიწყო. მხოლოდ წასვლა უნდოდა. იმდენად დარწმუნებული იყო მოსმენილში, გადამოწმება არც კი უცდია, თუმცა თურმე, ყველაზე საშინელი ჯერ კიდევ წინ ჰქონდა.
ნერვიულობისგან სუნთქვადამძიმებულმა ძლივს მოახერხა ჯიბიდან მობილურის ამოძვრენა. ერთიანად აკანკალებდა და იმასაც გრძნობდა, როგორ დაუვარდა წნევა. ძალიანაც რომ მოენდომებინა, მაინც ვერ წამოდგებოდა ფეხზე. იმასაც აცნობიერებდა, რამხელა საფრთხეს უქმნიდა ამ ყველაფრით ბავშვს და მართლა უნდოდა, თუმცა არაფრით გამოსდიოდა თავის ხელში აყვანა.
– ქეთო...
მხოლოდ ამის დაჩურჩულება მოახერხა, სანამ ხმა ჯერ კიდევ ემორჩილებოდა.
– გეხვეწები, თორნიკეს სახლში მოდი, მჭირდები...

* * *
თვითონაც ვერ გააცნობიერა, ისე აღმოჩნდა ყველაზე არასაჭირო ადგილას. არც მგზავრობის დროს უფიქრია და არც მაშინ, კორპუსებს შორის რომ გააჩერა მანქანა და ისე აკრიბა მივიწყებული ნომერი. უკანასკნელი ადამიანი იყო, ვის ნახვასაც ახლა ისურვებდა, თუმცა პირველი იმ სიაში, აუცილებლად რომ უნდა დალაპარაკებოდა. არ მიეკუთვნებოდა დადიანი იმ ადამიანთა კატეგორიას, შეცდომებს რომ ადვილად პატიობენ ან ივიწყებენ. კბილებით გაიტანდა საკუთარ სიმართლეს, სანამ ამას სხვებსაც არ დაანახვებდა და არავის შეარჩენდა ისეთ ტყუილს, თვითონ რომ დაზარალებულიყო. რაღაც მხრივ, საშინელი თვისება იყო, სხვებისთვის დავიწყებულს, გულში რომ იდებდა და ღმერთმა უწყის, როდის გაიხსენებდა, თუმცა სხვანაირად არ შეეძლო, ამ სიტუაციაში კი, მით უმეტეს.
– შენს კორპუსთან ვარ, ჩამოდი.
ყოველგვარი მისალმებისა და შესავლის გარეშე, მხოლოდ ეს ერთი წინადადება უთხრა და ისე გაუთიშა, პასუხს არც დალოდებია. ისედაც იცოდა. წამითაც კი არ ეპარებოდა ეჭვი, რამდენიმე წუთში რომ გაუღებდა სახეგაბადრული გოგო მანქანის კარს და არც შემცდარა. ჩაეცინა კიდეც, მოლოდინი ასე სწრაფად რომ გაუმართლდა, თუმცა გვერდით არ გაუხედავს. მისი დანახვის არც სურვილი ჰქონდა და არც იმაში იყო დარწმუნებული, რომ აიტანდა.
– ზუსტად ვიცოდი, რომ დამირეკავდი!
– ხო-ო? – გაეცინა კიდევ ერთხელ და ისეთი თვალებით შეხედა, გოგონა წამიერად შეკრთა. მზერაც შეეცვალა, ღიმილიც ჩამოერეცხა სახიდან და ალბათ, სკამის საზურგესაც აეკრობოდა, ისევ თორნიკეს რომ არ გაეგრძელებინა.
– აბა, გისმენ!
– მე მისმენ? – გაიკვირვა გულწრფელად.
– ჰო, მაინტერესებს, რა ვერ გასვენებს.
– თორნიკე, რა გინდა? ვიფიქრე, იმისთვის დამირეკე, რომ...
– მე შენთვის ოდესმე იმისთვის დამირეკავს, რაც შენ ახლა გეგონა?
მოულოდნელად აუწია ხმას და ამჯერად კი შეხტა ანჩო.
– ოდესმე მე მოვსულვარ შენთან იმის გამო, რასაც იგონებ?
– შენ თუ საჩხუბრად მოხვედი...
– ნუ მაწყვეტინებ!
– მომისმინე, მე არ ვაპირებ თქვენს ურთიერთობაში ჩარევას და ძალიან გთხოვ...
უკვე მერამდენედ წამოიწყო გოგომ, მაგრამ არც ამჯერად დაასრულებინეს.
– უკვე ჩაერიე, ანა!
გამოსცრა კბილებს შორის. ისეთი დაჭიმული იყო, ყველა ძარღვი სათითაოდ ეტყობოდა და თვალებიც ისე უელავდა, სხვებს კი არა, ალბათ თვითონაც არ ახსოვს საკუთარი თავი ასეთ მდგომარეობაში.
– მე არავისთვის მითქვამს ტყუილი და შენც კარგად იცი, ურთიერთობა რომ გვქონდა.
– ურთიერთობა არა, სექსი! მხოლოდ სექსი გვქონდა და ისიც რამდენჯერმე! და მეგონა, პარასკევს უკვე გავარკვიეთ ყველაფერი!
– თორნიკე, მომისმინე, კიდევ გიმეორებ, მე ტყუილი არავისთვის მითქვამს! მთელი უნივერსიტეტი ისედაც იმაზე ლაპარაკობს, როგორ შეგეტენა ყიფიანი, მხოლოდ მე რატომ მადანაშაულებ?
და აღარც გოგოს დაუკლია ყვირილი, თუმცა დადიანის სახე რომ შენიშნა, კი დაუწია ტონალობას. ისეთი დაჭიმული ჰქონდა ყბები, თვალებიდან კი ისეთ ცეცხლს აფრქვევდა, დაზუსტებით შეეძლო ეთქვა, რომ არა მისი სქესი, ალბათ მუშტსაც მიიღებდა სახეში.
– ნიცას დაელაპარაკები, ბოდიშს მოუხდი და იმასაც აუხსნი, რომ შენთან ურთიერთობა კი არა, სექსიც აღარ მქონია შუალედურების შემდეგ. ახლა კი, გადადი მანქანიდან.
თუმცა, უჩვეულო სიმშვიდით წარმოთქვა ისე, ზედაც არ შეუხედავს, შემდეგ კი, გადაიწია და თვითონვე გაუღო კარი.
– მე არაფრის გაკეთებას არ ვაპირებ.
– შენი გეგმები არ მაინტერესებს, მე გეუბნები, რას იზამ უახლოეს რამდენიმე საათში.
– თორნიკე...
– ანჩო, გადადი მანქანიდან და მოიქეცი ისე, როგორც გითხარი.
გამოსცრა კბილებს შორის, ბოლოს კი, გოგომ მხოლოდ ერთი რომ ამოიოხრა და ჩაბნელებულ ეზოში გადავიდა, წამითაც აღარ მოუცდია, საბურავების ღრჭიალით დაძრა მანქანა და მხოლოდ კვალი კი არა, დამწვარი რეზინის სუნიც დატოვა...

* * *
– ორივეს მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, საგანგაშოც უკვე აღარაფერია, წნევისთვისაც გავუკეთეთ წამალი, ბავშვის პულსაციაც შევამოწმეთ და ნორმალურია. ამაღამ დააკვირდით და თუ კიდევ სუსტად იქნება, დილით აუცილებლად წაიყვანეთ ექოსკოპიაზე, – პროფესიონალური ხმით წარმოთქვა ფორმიანმა ახალგაზრდა ბიჭმა და მეწყვილეს ანიშნა, რომ შეეძლოთ, წასულიყვნენ.
– ანუ ახლა გადაყვანას არ საჭიროებს?
მაინც ვერ ისვენებდა ქეთო. ისე შეეშინდა... ნიცას ხმა რომ გაიგონა ტელეფონში, მაშინვე არანორმალური სიჩქარით აუმუშავდა ტვინი და ისეთ საშინელ ვერსიებს აწვდიდა, წამიერად გაუხარდა კიდეც, ადგილზე მისულს მეგობარი ცოცხალი რომ დახვდა. მართალია, მთლად საღ გონებაზე მყოფს ვერ უწოდებდა, თუმცა ლაპარაკი ჯერ კიდევ შეეძლო და ისეთი ხმით ამოთქვა, ჩემოდანი შენ წამოიღეო, მიხვდა, იმ მომენტში კითხვების დასმა არ ღირდა. კარგად იცნობდა და ისიც იცოდა, როგორი ზედმეტად ემოციური და ხანდახან იმპულსურიც იყო, თუმცა ვერაფრით ხვდებოდა, რას უნდა ეიძულებინა ასეთი გადაწყვეტილების მიღება. უბრალო ჩხუბის გამო ვერ დაშორდებოდა დადიანს. უბრალოდ ვერ შეძლებდა იმ ადამიანისგან შორს ყოფნას, ვისი საშუალებითაც სუნთქავდა და მით უმეტეს, ასეთ მდგომარეობაში. ბავშვის გამო მაინც შეიკავებდა თავს, წყენასაც ჩაყლაპავდა, მაგრამ ფაქტია, რაღაც მოხდა და თან ისეთი სერიოზული, სახეწაშლილ ნიცას ტირილის თავიც რომ აღარ ჰქონდა. სანამ წამოიყვანდა, ისიც სთხოვა, კიბეზე უჩემოდ არ ჩახვიდეო და საძინებელში რომ შევიდა, იქიდან უკვე ბეჭდის გარეშე გამობრუნდა.
– ახლა მხოლოდ გამოძინებას და სიმშვიდეს საჭიროებს.
გადაჭრით წარმოთქვა სასწრაფო დახმარების ექიმმა და დამშვიდობებისას, ღიმილიანი სახით გაიხურა კარი.
სასწრაფოს გამოძახებაც მაშინ გახდა საჭირო, სახლში ამოყვანისთანავე, მეგობარი, ამ სიტყვების პირდაპირი მნიშვნელობით, ხელიდან რომ გამოეცალა. ისე მოულოდნელად ჩაიკეცა, დაჭერაც ძლივს მოასწრო. აღარც ფერი ედო სახეზე და პულსაციაც ისე დაეცა, ლამის თვითონაც მიჰყვა, თუმცა, საბედნიეროდ, მალევე მოახერხა თავის ხელში აყვანა და პირველი, რაც გაახსენდა, ექიმთან დარეკვა იყო. რატომღაც, არც კი უფიქრია თორნიკესთვის შეტყობინებაზე. უთქმელად მიხვდა სიტუაციის სიმძიმეს და ვერ მისცა საკუთარ თავს იმის უფლება, დამოუკიდებლად რომ მიეღო გადაწყვეტილება.
– ქეთო...
საძინებლიდან მოესმა ჩურჩულისმაგვარი დაძახება და სანამ შეაკითხავდა, სარკეშიც კი ჩაიხედა იმის შესამოწმებლად, სახეზე ხომ არ ემჩნეოდა ნერვიულობა.
– გაიღვიძე? რამე ხომ არ გინდა?
– მაპატიე, რა...
ამოილუღლუღა ძლივს გასაგონად. ყველაზე ნაკლებად ახლა ლაპარაკის სურვილი ჰქონდა, თუმცა უნამუსობა გამოუვიდოდა ასე მოქცევა.
– სერიოზულად?
თვალები აატრიალა და ისე ჩამოუჯდა საწოლის კიდეზე, თითქოს საერთოდ არაფერი მომხდარა.
– ხომ არ გშია? გინდა, რამეს მოგიმზადებ?
– არა, არა, მადლობა... მე...
– ნიცა, თუ არ შეგიძლია, არაა აუცილებელი, მომიყვე. მე აქ ვარ, შენთან და სულ აქ ვიქნები.
– ვიცი...
ტუჩები აუკანკალდა და ისევ ბალიშში ჩარგო თავი, ხმამაღლა რომ არ ატირებულიყო.
თავს გაბრუებულივით გრძნობდა. თითქოს, ისეთი წამლის ზემოქმედების ქვეშ იყო, სასიცოცხლო ფუნქციები რომ შეუნარჩუნა მხოლოდ, თუმცა მთავარი მაინც აკლდა. ვერ სუნთქავდა. ჟანგბადი კი მიეწოდებოდა ფილტვებს, ნახშირორჟანგადაც გარდაქმნიდა, თუმცა მაინც ვერ სუნთქავდა. მხოლოდ თვითგადარჩენის ინსტინქტი ამოძრავებდა, სხვა არაფერი. ფიზიკურად გრძნობდა ტკივილს მხოლოდ გულში კი არა, მთელ სხეულში და არც ახსოვდა, ასე ცუდად ოდესმე თუ ყოფილა. ალბათ, მხოლოდ მაშინ, ორივე მშობელი ერთ დღეს რომ დაკარგა. გადაბმულად იწვა დღეები, საწოლში მოკუნტული და არც დაძინება შეეძლო, აღარც ტირილი. საჭმელსაც მხოლოდ იმიტომ ჭამდა, ირმა რომ აძალებდა. არც ახსოვს კარგად ის დღეები. ალბათ, გონებამ ერთი საჩუქარი მაინც გაუკეთა და არასასურველი მოგონებები ისე შეინახა, თვითონვე რომ დავიწყებოდა, თუმცა ახლა რა ელოდა, ვერც კი წარმოიდგენდა. სიცოცხლის სურვილსაც დაკარგავდა ალბათ, რომ არა ლილია...
– ქეთო, რამე დამამშვიდებელი არ გაქვს?
გახედა მოულოდნელად. ისე ძალიან უნდოდა დაძინება... რომ შესძლებოდა, რამდენიმე დღე არც გაიღვიძებდა, ალბათ.
– გაგიკეთეს უკვე ექიმებმა, შენთვის რაც შეიძლებოდა. გინდა, საავადმყოფოში წავიდეთ? ან კიდევ გამოვიძახებ სასწრაფოს...
– არა, უბრალოდ დაძინება მინდა. დიდხანს.
– ნიცა... კარგი, რა... არ ვიცი, რა მოხდა, მაგრამ...
– ნანობს, რომ მისი შვილის დედა ვარ.
შეაწყვეტინა მოულოდნელად. ისეთი გაყინული ხმით წარმოთქვა, თითქოს ვერც კი იაზრებდა სიტყვების მნიშვნელობას, თუმცა მეგობრის სახეზეც დაახლოებით ისეთივე რეაქცია რომ დაინახა, როგორიც თვითონ ჰქონდა მოსმენისას, თავი ვეღარ შეიკავა.
– არ უნდა, რომ ჩემგან შვილი ჰყავდეს, გესმის? ხვდები, ეს რას ნიშნავს?!
ნელ-ნელა უწევდა ხმის ტონს და იდაყვებზე დაყრდნობილი წამოიწია საწოლში.
– კარი გაიჯახუნა და გავარდა. კიდევ დიდხანს გამიძლო. ვეღარ ამიტანა, ქეთო, ყელში ამოვუვედი და წავიდა!
– ნიცა, დამშვიდდი, რა, ახლა ნერვებს ხარ აყოლილი და...
– არა, დამაცადე!
ისევ არ დაასრულებინა და ახლა საერთოდ წამოჯდა.
– უნივერსიტეტში ყველა იმას ამბობს, რომ შევეტენე!
– ახლა მოიცა! არ მითხრა, რომ ისტერიკას ვიღაც იდიოტების სიტყვების გამო მართავ!
– ადამიანს ცხოვრება წავართვი! მომავალი წავართვი! უფრო სწორად, მეგონა, რომ წავართვი... მისი შეყვარებული მელაპარაკა დღეს...
– მისი ვინ?
– შეყვარებული, ქეთო, ვიღაც გოგო! მაღლივის ბიბლიოთეკის საპირფარეშოში დამაყენა და მიწასთან გამასწორა!
– და შენ უსმენდი? არ გამაგიჟო ახლა, ნიცა!
– ვერ გაიგე, რა გითხარი? შეყვარებულები იყვნენ!
– მერე? თორნიკეს რამდენი შეყვარებულიც ჰყავდა, ყველას რომ სულ ხუთი წუთით დაელაპარაკო, რამდენ დროს დაკარგავ, წარმოგიდგენია?
– გასულ პარასკევსაც შეხვდნენ!
– მოიცა, ეგეც იმ გოგომ გითხრა? და დაუჯერე?
– თორნიკემაც მითხრა!
– დალაგებულად მომიყევი, თორემ საერთოდ ავირიე. რატომ შეხვდნენ?
– ეგ არ ვიცი...
– არ გითხრა?
– არ მიკითხავს...
და თვითონვე მიხვდა, სად დაუშვა შეცდომა. აფექტის მდგომარეობაში მყოფმა, ყველაზე მთავარი დაივიწყა, ნდობა. ზუსტად ის გადაშალა თვითონვე, რისი დაკარგვისაც ეშინოდა. ისე გამოიტანა დასკვნები, არც კი მოუსმენია. საშუალებაც კი არ მიუცია, რომ აეხსნა.
– მოიცადე, ანუ ვიღაც გოგომ, უფრო ზუსტად, თორნიკეს ყოფილმა შეყვარებულმა რაღაცები გითხრა, თორნიკემაც დაგიდასტურა, პარასკევს შევხვდითო და შენ ისე გამოვარდი, არც იმ გოგოსთვის გაგიცია პასუხი და არც დადიანისთვის გიკითხავს, რატომ შეხვდნენ?
ჩამოაყალიბა ცოტა არ იყოს დაბნეულმა და დადებითი პასუხი რომ მიიღო, სახეშეცვლილი წამოდგა ფეხზე. რაც არ უნდა ყოფილიყო და როგორც არ უნდა შეშლოდა ნიცას, მაინც კბილებით დაიცავდა ბოლომდე და არ მიატოვებდა, ცამდე მართალს გამოიყვანდა სხვების თვალში, ცალკე კი, აუცილებლად ეტყოდა, რას ფიქრობდა სინამდვილეში. ასე იყო ყოველთვის, მას შემდეგ, რაც დამეგობრდნენ, თუმცა ახლა წარმოდგენაც არ ჰქონდა, რა გაეკეთებინა.
– ისეთი გამწარებული ვიყავი, წამიერად მხოლოდ საკუთარი თავი კი არა, ლილიაც დამავიწყდა, ქეთო...
ამოთქვა ხმაშეცვლილმა და მუცელზე ისე შემოიხვია ხელები, თითქოს ვინმე უპირებდა ბავშვის წართმევას.
– თორნიკეს რომ ვერ მოესწრო დაჭერა, ახლა აღარც მეყოლებოდა... კიბის თავში წამავლო ხელი...
– ახლა არ მითხრა, რომ...
– ლამის დავგორდი...
ამოიკვნესა ბოლომდე განადგურებულმა და სახეზე რომ აიფარა ხელები, უკვე აშკარა იყო, მეტი აღარ შეეძლო. ყველაფერზე მეტად, მომხდარს კი არა, საკუთარ უპასუხისმგებლობას განიცდიდა და თორნიკეს სიტყვებით მოსმენილ სიმართლეს...
ვერც მეგობრის ჩახუტებამ უშველა, ვერც დამამშვიდებელმა ჩაიმ. ემბრიონის პოზაში მოკუნტული იწვა, ქეთოს კალთაში ედო თავი და თმაზე რომ გრძნობდა ხელის დასმას, პარადოქსულად, საკუთარი თავი კი არ ეცოდებოდა, უფრო მეტად გრძნობდა, როგორი დამნაშავე იყო სინამდვილეში. როგორც წესი, ასეთ მომენტებში გული უჩუყდებოდა ხოლმე, თუმცა ახლა მთლიანად დაცლილიყო ემოციებისგან. ერთადერთი კადრი უტრიალებდა, თითქოს განგებ აწამებდა გონება და ყოველ ჯერზე, კიბის თავში რომ ხედავდა საკუთარ ანარეკლს, აკანკალებული ისვამდა ხელს მუცელზე.
– ლილია მართლა არ იმსახურებს ჩემნაირ დედას...
ამოთქვა რამდენიმესაათიანი სიჩუმის შემდეგ, უკვე ჩაძინებული რომ ეგონა ქეთოს და ეს სიტყვები ისე მტკიცედ ჟღერდა, იმ მომენტში აზრიც არ ჰქონდა შეწინააღმდეგებას...

* * *
ყველაზე ნაკლებად სახლში დაბრუნება უნდოდა, თუმცა მაინც გადაატრიალა საკეტში გასაღები, სხვა გზა რომ აღარ იყო. შეიძლება ნიცასთან პრობლემა ჰქონდა, თუმცა ბავშვს არაფერი დაუშავებია. ვერ დატოვებდა უყურადღებოდ. ერთ ჩხუბს ვერ გადააყოლებდა ურთიერთობას. თუ საჭირო გახდებოდა, საკუთარ სიმართლესაც უსაფუძვლო ბრალდებებთან ერთად ჩაყლაპავდა, ცხოვრებაში პირველად, ქალთან ურთიერთობისას თავმოყვარეობასაც დაივიწყებდა, სიამაყესაც, თუმცა უკვე აღარ იცოდა, ამას ისევ ამ ქალის თუ მხოლოდ იმის გამო აკეთებდა, მისი შვილი ჯერ ისევ მუცელში რომ ჰყავდა. იმდენად გადაიყვანა ჭკუიდან ნიცამ, საკუთარ გრძნობებშიც კი ეჭვი შეატანინა და ლამის დააჯერა, რომ თვითონ ამბობდა სიმართლეს. არადა, ვერც კი ხვდებოდა, ეს საერთოდ რამ აფიქრებინა. როგორ დაუშვა, რომ არ უყვარდა და მხოლოდ შეეჩვია? ყბებიც კი ეჭიმებოდა სიბრაზისგან, ის სიტყვები რომ ახსენდებოდა.
იმასაც აცნობიერებდა, თვითონაც რომ გადააჭარბა. უნდა შესძლებოდა და ბოლომდე მოეთმინა, მშვიდად აეტანა რიგითი ისტერიკა და ცეცხლზე ნავთის დასხმის ნაცვლად, დალოდებოდა, როდის ჩაქრებოდა თავისით, თუმცა ვეღარ გაუძლო. საოცრად დაღალა თითქმის ყოველ ღამით ერთმა და იმავე რეპერტუარმა, რომ თითქოს სადმე აპირებდა წასვლას, ნიცას მიტოვებას, თითქოს არც კი იმსახურებდა გოგონა მის სიყვარულს. ყველაზე მეტად უნდობლობა აგიჟებდა და თვითონაც ვერ ხვდებოდა, როგორ ითმენდა ამდენს. თუმცა, ნერვებმა საბოლოოდ მაინც უმტყუნა და მიუხედავად იმისა, სინდისი რომ სუფთა ჰქონდა, რაღაც მომენტში მაინც დამნაშავედ გრძნობდა თავს. ბოლოს განსაკუთრებით გადააჭარბა. ისეთი რაღაც უთხრა, გააზრებისას თვითონვე რომ ვერ აპატია საკუთარ თავს და წარმოდგენაც არ ჰქონდა, ნიცასთვის როგორ უნდა აეხსნა, რაც იგულისხმა სინამდვილეში, მაგრამ მაინც დაიმედებულმა შეაღო საძინებლის კარი და ქვეცნობიერმა იმდენად დასცინა, არც კი გაჰკვირვებია, მხოლოდ ოთახი კი არა, მთლიანად სახლი რომ დახვდა ცარიელი. ერთადერთი, ბეჭედი ამჩნევდა იქაურობას ნიცას ნაკვალევს და გაბრაზებულმა რომ მოიქცია პატარა, ბრჭყვიალა ნივთი ხელისგულში, სულ ცოტაც და შემოატყდებოდა, მობილურის ზარს რომ არ გაეფანტა ყურადღება.
– სად უგდია ტელეფონი?
ხმის ამოღებაც არ აცადა თამომ, თვითონვე დაიწყო და აი, აქ კი გამოფხიზლდა თორნიკე. თუ მასთან არ არის ნიცა, აბა, სად წავიდა?!
– ავუფეთქე, იმდენი ხანია ვურეკავ, ლამის მის ავტომოპასუხეს დავუმეგობრდი!
– ალექსთან ერთად ხარ?
დაუსვა მოულოდნელად, იმ მომენტისათვის სრულიად არაადეკვატური კითხვა.
– ახლა შენ ჭკუაში მატყუებ და ჩემს დარეკილზე გინდა დაელაპარაკო?! ჩვენ ორ შორის მეგრელი მხოლოდ შენ არ ხარ, ვაჟბატონო! დამალაპარაკე ნიცა! – მიაყარა მოუთმენლად.
– არაა სახლში...
ეცადა, მაქსიმალურად მშვიდი ტონი ჰქონოდა, თუმცა ისიც კარგად იცოდა, სიმართლეს როცა ეტყოდა, სიმშვიდის არსებობა საერთოდ უნდა დაევიწყებინა.
– რა თქვი?!
და არც შემცდარა, რადგან კითხვა ისეთი ხმით გაჟღერდა, უკვე ფაქტი იყო, შტორმის წინ მიძინებულმა ოკეანემ გამოიღვიძა და რამდენიმე წამში მთელი ძალით დაატყდებოდა თავს...

* * *
– ძალიან ცუდად იქცევი, ქეთო! – ღმერთმა უწყოდა, მერამდენედ წამოიწყო თემა დემეტრემ. რამდენჯერმე უკვე იკამათეს ამაზე, თუმცა ორივესთვის მისაღებ გადაწყვეტილებამდე მაინც ვერ მივიდნენ და არც ახლა უჩანდა სასიკეთო პირი.
– არ მაინტერესებს! სულ რომ ცამდე მართალი იყოს, ზუსტად ვიცი, რაც მოუვა ნიცას მისი ნახვით და ვერ გავანერვიულებ.
– მთელი ორი კვირა გავიდა!
– თუნდაც მთელი წელი გავიდეს, სანამ მისგან თანხმობას არ მივიღებ, ზურგსუკან მოქმედების იმედი ნუ გექნება!
– შენ თვითონაც ხომ იცი, რომ...
– დემე, მომისმინე! – შეაწყვეტინა, ლამის დაზეპირებული სიტყვები რომ უნდა მოესმინა კიდევ ერთხელ.
– შენ რომ სულ რამდენიმე საათით მაინც გენახა, როგორ მდგომარეობაში იყო ნიცა, არც კი შემომთავაზებდი, თორნიკეს შეახვედრეო. ცუდად არის, გესმის? როგორც კი მის სახელს ვახსენებ, თემის წამოწყებას ვერც კი ვასწრებ, ისე სწრაფად მაწყვეტინებს ლაპარაკს. ჩემგან მოსმენაც კი არ შეუძლია, არამც თუ პირისპირ შეხვედრა.
– და რას ფიქრობ, როდემდე უნდა იყვნენ ასე? პატარა გოგოა, რომ ებუტება?
– არც კი გაბედო ნიცას გამტყუნება!
წამოენთო მაშინვე.
– მე ვერ დავაძალებ იმას, რისი გაკეთებაც ტკივილს მიანიჭებს. დაილაპარაკებენ, მაგრამ როცა ამის დრო მოვა. რამდენ ხანსაც უნდა, იმდენ ხანს იდგეს თორნიკე ჩემი სადარბაზოს წინ თავისი მანქანით, სანამ თანხმობა არ მექნება, მაინც არ შემოვუშვებ შიგნით!
– არ ხარ მართალი და თვითონაც იცი! მეც მიყვარს ნიცა, მაგრამ ხელს ვერ შევუწყობ იმაში, ასე სულელურად რომ დაშორდნენ!
– დემე, ხომ ხვდები, რომ ამ ლაპარაკს აზრი არ აქვს? მაინც ვერ გადამარწმუნებ და ტყუილად უნდა ვიკამათოთ.
– გოგო, ნუ გადამიყვანე ჭკუიდან, როდემდე უნდა გაგრძელდეს, აბა? ადამიანს დალაპარაკების საშუალებას არ აძლევს, მობილურზე არ პასუხობს, არ ნახულობს, არც კი უნდა, რომ მოუსმინოს და სიმართლე გაიგოს!
– სიმართლე ისედაც იცის, მეორე დღესვე დაურეკა იმ...
ენაზე იკბინა, რამე რომ არ წამოსცდენოდა. გრძნობდა, როგორ აწვებოდა სიბრაზე ტვინში, ანჩოზე როცა უწევდა საუბარი. მაშინაც, ლამის თვალებიდან ნაპერწკლები გაყარა, უცერემონიოდ რომ აამღერა უცხო ნომერმა ნიცას მობილური და ისე გამოუცხადა ვინც იყო, თითქოს საამაყოდ ჰქონდა საქმე.
– კი არ დაურეკა, თორნიკემ დაარეკინა!
– მაგას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს! და ნუ მეკამათები.
– თქვენ მე მართლა გამაგიჟებთ!
– მე ნურაფერში გამრევ და არც შენ გინდა ჩარევა, დამიჯერე. ზუსტად ვიცი, რომ დაილაპარაკებენ და გაარკვევენ, რაც მოხდა, მაგრამ მაშინ, როცა ამის დრო მოვა. არ გეწყინოს, მაგრამ ვერაფრის და ვერავის გამო ვერ მივაყენებ ნიცას ტკივილს. ფიზიკურად ვეღარ გაუძლებს მეტს, მით უმეტეს, ამ მდგომარეობაში და ძალიან გთხოვ, აღარ გვინდა ამ თემაზე საუბარი, კარგი? – ახედა ისე, ვეღარაფრით მოახერხა შეწინააღმდეგება ჩადუნელმა. მხოლოდ ერთი ამოიოხრა, არ ვიცი, რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს ეს ყველაფერიო, შემდეგ კი, გოგონას თითები საკუთარ ხელში მოიქცია და სანამ მიმტანი ნაყინით დაბრუნდებოდა, მზერაც არ მოუშორებია, ისე დაუკოცნა ყველა...

გაგრძელება იქნება პარასკევს
ავტორი ნათია ჯაგოდნიშვილი


FaceBook ბეჭდვა
ტეგები:
კომენტარები / 1 /
თიკო
როგორ დაიტანჯა ნიცა.. :( თორნიკე კიდევ ცუდად იქცევა
10:12 / 29-12-2016
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93