ნოველები

შეცდომა. თავი 35. შეხვედრა წარსულთან

შეცდომა. თავი 35. შეხვედრა წარსულთან
– არ მაინტერესებს, ალექს, სულ რომ კარის გატეხვის გამო დამიჭირონ, მაინც შევალ! – მოთმინებადაკარგული ელაპარაკებოდა თორნიკე და სრული სერიოზულობით იქექებოდა ხელსაწყოების ყუთში. იმდენად დაიღალა ამხელა უაზრო ლოდინით, მეტი მართლა აღარ შეეძლო. თუ უფლებას არ აძლევდნენ, მშვიდად რომ მოეგვარებინა, ძალით გააკეთებდა ამ ყველაფერს, მაგრამ მაინც, ნებისმიერ ფასად ნახავდა ნიცას.
– მაინც ვერ ვხვდები, როგორ მოახერხე ისე წყენინება, გოგოებსაც კი რომ არ ელაპარაკება შენზე.
– არ გამჭირვებია! – ჩაეცინა მწარედ და კიდევ ერთი უცნაური ფორმის ნივთი ჩააგდო სპორტულ
ზურგჩანთაში.
– მოიცა, შენ მართლა აპირებ საკეტის გაფუჭებას?
– აქამდე ეჭვი გეპარებოდა?! – ახედა, ცოტა არ იყოს, შეურაცხყოფილმა. – თუ ესეც არ გამოვა, სამაშველო სამსახურს გამოვიძახებ და სახურავიდან ჩავალ. – მხრები აიჩეჩა ისე, თითქოს სრულიად ჩვეულებრივ თემაზე საუბრობდა. – უკვე ორი კვირა გავიდა, ხვდები, რამხელა დროა?!
– არანორმალური ხარ, დადიანი! – თავი გადაიქნია, როცა მიხვდა, გადარწმუნებას რომ ვერ მოახერხებდა. თამოსგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზეც ხვდებოდა, რომ ახლა მხოლოდ ძალისმიერი მეთოდებით თუ შეძლებდა მისი მეგობარი ნიცას ნახვას, თორემ სხვანაირად, შანსიც არ ჰქონდა. დახმარებაც კი არ შეეძლო, იმდენად მძიმე და დანაღმული ველივით საშიში სიტუაცია იყო. სცადა კიდეც გოგონასთან დალაპარაკება, მაგრამ მხოლოდ „მაპატიე, ალექს, არ შემიძლია შენთან საუბარი“ მიიღო და შემდეგი შეხვედრა აღარც ყოფილა. მართალია, ბოლომდე სიმართლე არც გაუმხელია თორნიკეს, თუმცა იმას კი ხვდებოდა, ყველაფერზე რომ იყო წამსვლელი და ცოტა არ იყოს, აშინებდა კიდეც ეს ფაქტი, რადგან ზედმეტად კარგად იცოდა მისი ხასიათი.
– ისე, არა მგონია, პოლიცია გამოიძახონ, რას იტყვი? – გულწრფელად დაიმედებულმა ჰკითხა ბოლოს, ჩანთა ზურგზე რომ მოიგდო და სრული ეფექტისთვის, კაპიუშონის წამოფარებაღა აკლდა, თუმცა სულაც არ აპირებდა შენიღბვას.
– თუ გამოიძახებენ, ეჭვიც არ შეგეპაროს, პირველ რიგში რომ ნარკოტიკებზე შეგამოწმებენ! – წარბიც არ შეუხრია, ისე უპასუხა და ის იყო, სახლიდან გასვლას აპირებდნენ, კარის გაღებისას, დასაკაკუნებლად ხელაღმართული ბიჭი რომ შერჩათ.
– გამარჯობა... – მალევე გამოფხიზლდა უცნობი და საქაღალდეში ჩახედვაც მოასწრო, სანამ კითხვას დაუსვამდნენ, შემდეგ კი, ისევ თვითონვე გააგრძელა. – ნიცა ყიფიანს ვეძებთ. აქ ცხოვრობს?
* * *
– უკვე მეტისმეტი მოგდის! – საბოლოოდ, მაინც უმტყუნა ნერვებმა ქეთოს. ამ ორი კვირის განმავლობაში რამდენჯერაც თორნიკეზე საუბრის წამოწყება სცადა, იმავე წუთას სხვა თემაზე გადაუტანა ნიცამ ლაპარაკი, მაგრამ ახლა მეტი ვეღარ მოითმინა. ოდესმე ხომ მაინც უნდა განეხილათ მომხდარი?
– ვიცი, მაგრამ მასთან შეხვედრა არ შემიძლია. – წარმოთქვა ისეთი ტონით, ვითომც არაფერიაო და გულგრილად ჩაკბიჩა არც ისე კარგი შესახედაობის ნამცხვარი. – გემრიელი გამომივიდა, არ გინდა?!
– ნიცა!
ლამის თვალებიდან ნაპერწკლები გაყარა გოგონამ, როცა მიხვდა, რომ არ უსმენდნენ. სერიოზული სახით ჩამოუჯდა მაგიდაზე, ნამცხვარიც გამოართვა და ადგომის საშუალებაც აღარ დაუტოვა. კი, ყოველთვის ამართლებდა და გვერდით ედგა, მაშინაც კი, როცა საერთოდ არ იყო სწორი, თუმცა ყველაფერს ჰქონდა საზღვარი და ვერ მისცემდა უფლებას, თვითონვე გაეფუჭებინა საკუთარი ცხოვრება.
– რა გჭირს? როდემდე აპირებ ასე ყოფნას?!
– არ ვიცი. ახლა ერთადერთი, რაც ვიცი, ისაა, რომ თორნიკეს ნახვა არ შემიძლია.
– გეყოფა! ვიცი, რომ საშინელება გითხრა, ისიც ვიცი, როგორ ცუდად გრძნობ თავს ამის გამო, მაგრამ...
– მაგრამ დავიმსახურე, რაც მითხრა და ზუსტად ესაა პრობლემა.
ისე გაუღიმა, უსიტყვოდ აგრძნობინა, სინამდვილეში ეს გულგრილობაც რომ ნიღაბი იყო.
– ღმერთო... – თვალები აატრიალა და ისე აღმართა ხელები მაღლა.
– უკვე პატარა ბავშვივით იქცევი!
– ქეთო, მე რომ ახლა თორნიკეს შევხვდე, ვერც კი შევძლებ მოსმენას. ვერ გავუძლებ, გესმის? არ მინდა გადამარწმუნოს, არ მინდა, ჩემ გამო თავი დამნაშავედ იგრძნოს იმ სიტყვების გამო, რომლის თქმაც მე თვითონვე ვაიძულე ჩემი საქციელით. არ მინდა დავინახო, რომ მხოლოდ ჩემ დასაბრუნებლად მიხდის ბოდიშს.
– იმ ბიჭს უყვარხარ, ნიცა! ტყავიდან ძვრება, რომ ეს დაგიმტკიცოს, შენ კი მოსმენაც არ გინდა!
– არ მინდა, იმიტომ, რომ ისედაც ვიცი! და ისიც ვიცი, წამებში ჩამომეშლება ამდენი ხნის ნაშენები სიმტკიცე.
– და ახლა, გინდა მითხრა, რომ საკუთარ თავს ეჯიბრები? თუ თორნიკეს?! და ლილიაზე არ ფიქრობ? მას ორივე მშობელი სჭირდება! – ყველაზე მტკივნეულ თემაზე გადავიდა, სხვანაირად რომ ვერაფრით მოახერხა დაყოლიება. იცოდა, საშინლად იქცეოდა, ბავშვით რომ მანიპულირებდა, თუმცა მართლა გული სტკიოდა ყოველ ღამით მეგობრის ტირილის მოსმენისას. მთელი დღე ძლიერი გოგოს როლს თამაშობდა, გულგრილობის ნიღაბს იკრავდა და ისე იქცეოდა, თითქოს საერთოდ აღარ განიცდიდა მომხდარს, თუმცა საკმარისი იყო, მარტო დარჩენილიყო, ვეღარ ახერხებდა დამალვას.
– თორნიკესნაირი მამა ნამდვილად სჭირდება, მაგრამ...
– ახლავე გაჩუმდი! გაფრთხილებ, აღარ მოგითმენ მაგ სისულელეს! ნუ აიკვიატე ერთი ფრაზა. რაც შენ ლილიასთვის გააკეთე, როცა ჯერ არც კი დაბადებულა, ბევრი ვერ იზამდა მაგდენს, ნიცა და ძალიან გთხოვ, დაივიწყე ეგ უაზრობა!
– მაგრამ ბოლოს მაინც ვუმტყუნე...
– და ახლაც არ ცდილობ მომხდარის გამოსწორებას. უბრალოდ მოუსმინე, რატომ ეთამაშები დამალობანას?!
– იმიტომ, რომ დამიყოლიებს, მე კი აღარ მინდა, ცხოვრება გავუფუჭო და ძალიან გთხოვ, ამ თემაზე საუბარი აღარ გვინდა. ლილიას ეყოლება მამა, მაგრამ მე თორნიკეს ცხოვრებაში აღარ უნდა ვიარსებო. – წარმოთქვა გადაჭრით, შემდეგ კი, ისე გავიდა ოთახიდან, პასუხს აღარც დალოდებია...

* * *
– სულ ესაა, თუ შეიძლება, ხელი მომიწერეთ და დაგემშვიდობებით. – გაუღიმა ბიჭმა თორნიკეს, მისნაირ ფორმაში გამოწყობილებმა სახლში ყუთების შეტანა რომ დაასრულეს. გზავნილები იყო ნიცას სახელზე და როგორც მოგვიანებით გაირკვა, ირმას გამოუგზავნია ის ნივთები, ჯერ კიდევ ძველ სახლში რომ ჰქონდა დატოვებული. კურიერმა რომ გადაურეკა, ყიფიანი არ არის და თუ შეიძლება, სხვას დავუტოვოთო, არც კი დაინტერესებულა მოსმენილით, თორნიკესაც არ დალაპარაკებია, მოკლედ მოუჭრა, თუ გინდათ, საერთოდაც ეზოში დატოვეთო და თვითონვე გაუთიშა პირველმა. სამი ყუთი იყო სულ, ბევრი არც არაფერი და კიდევ ერთი ბარათი. კონვერტშიც კი არ ჩაუდო წერილი, ისე უდიერად დაუწერა, ბინას ვყიდი და შენს ნახევარს ანგარიშზე ჩაგირიცხავო. ყველაფრის მიუხედავად, მაინც გაოგნებული იყო დადიანი. ისეთი თვალებით გადახედა ალექსს, სახეზევე ეწერა, ვერ გაეგო, უნდა გაბრაზებულიყო თუ გაკვირვებოდა. როგორ არ უნახავს ერთმანეთთან დაპირისპირებული ოჯახის წევრები, ისეთ მშობლებთანაც ჰქონია შეხება, ფოტოსესიის დროს სტუდიაში რომ შევარდნილან და ამ სიტყვების პირდაპირი მნიშვნელობით, გოგონა თმით გაუთრევიათ, მაგრამ ამას მაინც ვერაფრით უძებნიდა ახსნას. განა რა გააკეთა ნიცამ ისეთი, სამუდამოდ რომ მოიძულა მამიდამისმა?! ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, თითქოს დიდი ხანია მიზეზს ეძებდა და გოგონას ორსულობაც საჭირო დროს გამოჩნდა.
– წავუღებ, თუ გინდა... – ფიქრებიდან გამოარკვია ალექსმა. თქმაც არ დასჭირვებია, ისევე მიხვდა, თორნიკე რომ უკანონოდ შეჭრას აღარ აპირებდა. ისე იმოქმედა მომხდარმა, ცდილობდა არ შეემჩნია, მაგრამ მაინც ეტყობოდა, როგორ დაკარგა ყველაფრის სურვილი.
– მეკაიფები? – გახედა ისე, წარბიც არ შეხრია. – არაფერს არ წაუღებ, ალექს. არც ტანსაცმელს მიუტან, არც შენ და არც გოგოები.
– გეყოფა!
– მე კი არა, თვითონ ეყოფა უკვე! მისი სახლი აქ არის და აქ დაბრუნდება. შეგიძლია სიტყვა-სიტყვით გადასცე ჩემგან!
– ხომ ხვდები, შენ თვითონაც რომ შეგეშალა?
– უარვყოფ?! – შეაწყვეტინა, სანამ კიდევ რამეს ეტყოდა. – რამეს არ ვაღიარებ? საკუთარი თავი მართალი გამომყავს? მითხარი!
– დაწყნარდი!
– არა! არ დავწყნარდები, სანამ ასე პატარა ბავშვივით მოიქცევა. დედა ხდება და უნდა მიხვდეს, ყოველ კამათზე წინ და უკან სირბილი რომ არ შეიძლება. და უნდა იცოდეს, ჯერ მე რომ უნდა მომისმინოს და მერე ყველა დანარჩენს, თუნდაც მთელი სამყარო სიმართლეს ეუბნებოდეს და მხოლოდ მე ვტყუოდე!
– ზედმეტი მოგდის. იცნობ და იცი, როგორიცაა, ნუ მოსთხოვ იმას, რაც არ შეუძლია. განერვიულდა და ვერ გააცნობიერა, რას აკეთებდა. – ყველანაირად ცდილობდა გოგონას გამართლებას, მიუხედავად იმისა, რეალურად თვითონაც თორნიკეს აზრს რომ ეთანხმებოდა. უბრალოდ ახლა ჯიბრის დრო მართლა აღარ იყო და მათი დაშორება მხოლოდ ამ ორზე კი არა, მთელ სამეგობროზე მოქმედებდა.
– არ მაინტერესებს. ვალდებულია, მომისმინოს! და რაც უნდა მოხდეს, არ მივცემ უფლებას, ასე უაზროდ ადგეს და წავიდეს. უნდა მენდობოდეს, ალექს, გესმის? კი, არ უარვყოფ, მაშინაც მქონდა სხვებთან ურთიერთობა, როცა ჩემს სახლში ცხოვრობდა, მაგრამ მაშინ არ მიყვარდა! და შემდეგ, უბრალოდ, იმის მიზეზიც კი აღარ მიმიცია, ვიღაც ბოზის სიტყვები ამჯობინოს ჩემსას. ბეჭედი გავუკეთე თითზე და არ აქვს უფლება, ასე მომექცეს! – ერთიანად მიაყარა ნიცასთვის სათქმელი, რადგან იცოდა, ასეთი ტონით მას ვერ დაელაპარაკებოდა, ახლა კი, ყველაზე მეტად ბრაზის გამოშვება სჭირდებოდა და სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ალექსი შერჩა მსხვერპლად. დიდხანს იგროვა, ყველასთან ნიცას ამართლებდა, არც კი მოუყოლია ბიჭებისთვის წესიერად, რა მოხდა სინამდვილეში, მხოლოდ იმას ამბობდა, ნაბიჭვრულად მოვიქეცი და ვაწყენინეო, ახლა კი მეტი ვეღარ მოითმინა. ერთიანად ამოასხა და ალბათ, გაგიჟდებოდა კიდეც, ისევ თავისთან რომ დაეტოვებინა ყველაფერი. კი, ფეთქებადი იყო, ფიცხი და იმპულსურიც, მაგრამ იშვიათად ბრაზდებოდა ასე ძალიან, ახლა კი, იმდენად იყო გამწარებული, ხელებიც კი უცახცახებდა.
– რას აპირებ? – რამდენიმეწამიანი დუმილის შემდეგ ისევ ალექსმა ამოიღო ხმა.
– არ ვიცი. – და ამოიოხრა დადიანმაც, თუმცა, ძალიან კარგად იცოდა, რადაც არ უნდა დასჯდომოდა, დღეს ნიცას აუცილებლად ნახავდა...

* * *
მთელი საღამო მეტროში გაატარა. ტუტუცი თინეიჯერივით იქცეოდა, რაღაცას რომ აიჩემებენ და მანამ არ გადათქვამენ, სანამ არ მიაღწევენ. წინ და უკან მიმოდიოდა ჯიუტად და იმდენად მონდომებული იყო, არც კი დაღლილა. იცოდა, სხვანაირად ვერ ნახავდა ნიცას. სახლში არ შეუშვებდნენ და ეზოშიც არ ჩამოვიდოდა, სადმე დადიანის კვალს თუ შენიშნავდა. ამიტომ ისევ ნეიტრალურ ტერიტორიაზე გადაწყვიტა შეხვედრა. ადრე თუ გვიან ხომ მაინც გამოჩნდებოდა?! ჰოდა, სულ რომ ამდენი ხალხის თანდასწრებით გაემართა მორიგი ისტერიკა, მაინც აღარ მისცემდა დაულაპარაკებლად წასვლის უფლებას.
– იცოდე, შენ გამო ოდნავ მაინც რომ ინერვიულოს, ხმაზე სულ ცოტათი მაინც რომ შევატყო მღელვარება, გეფიცები, ვერ გადამირჩები! – ისეთი ხმით დაემუქრა ქეთო, ტონზევე ეტყობოდა, გამკეთებელი იყო. თორნიკეც ხვდებოდა, საქმის ვითარება ზედმეტად რომ არ დამძიმებულიყო, ვერაფრით დაითანხმებდა თანამზრახველობაზე.
– დამშვიდდი, ვერ გაიგებს, შენ რომ მითხარი.
– ღმერთმა ნუ ქნას, გაიგოს!
– დარწმუნებული ხარ, მეტროთი რომ მოდის? – მაინც ვერ ისვენებდა. მას შემდეგ გაურბოდა ნიცა ხალხმრავლობას, იმ პატიმრის მშობლები რომ დაემუქრნენ. შიშები დაეწყო და ისეთი დაძაბული იჯდა ხოლმე, ყოველი მხრიდან საფრთხეს ელოდა.
– შენ ჩემს კომპეტენტურობაში ეჭვი გეპარება?!
– კარგი, კარგი, მადლობა.
– არ გეგონოს, რომ ამას შენთვის ვაკეთებ! – მაინც არ გატყდა ბოლომდე, შემდეგ კი ისე გაუთიშა, არც დამშვიდობებია.
მაინც ვერ ისვენებდა. ხუთ წუთში ერთხელ საათს დაჰყურებდა და ლამის იყო, უნდა გადაერეკა, რატომ იგვიანებ ამდენ ხანსო, ესკალატორზე ჯინსის კომბინეზონიანი გოგონა რომ გამოჩნდა. წვრილად ეხატა გულყვითელა გვირილები, მუცელი კი ისე გამობერვოდა, არასდროს უგრძვნია დადიანს აქამდე ასე ცხადად, რამხელა დროა ორი კვირა. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს საუკუნეა არ ენახა, თვალსაც ვერ აშორებდა ისე ათვალიერებდა და საბედნიეროდ, ნიცას არ შეუნიშნავს, თორემ იმდენად დაბნეული იყო, გოგონა თავისუფლად დაუსხლტებოდა. გრძელი თმა დაუდევრად ჰქონდა აკეცილი, რამდენიმე კულული წინ ჩამოყროდა, ლოყები კი სიცივისგან აწითლებოდა და ისე გამოიყურებოდა, თვითონაც პატარა ბავშვს ჰგავდა. ცალ ხელში ხილით სავსე ცელოფანი ეჭირა, მეორეში კი შოკოლადებით და „ქინდერის“ კვერცხების დანახვისას, თორნიკემ იგრძნო, როგორ გაეკაწრა სადღაც შიგნით რაღაც. ორი კვირა გამოტოვა...
ვეღარაფრით გაჩერდა. აჩქარებული ნაბიჯებით მიუახლოვდა და ნიცას თვალებში წამიერი პანიკა რომ შენიშნა, საკუთარ თავზე მეტად არავინ სძულდა იმ წუთას. რატომ მივიდნენ აქამდე?! აი, გოგონამ კი, აშკარად იგრძნო, როგორ დაკარგა ფერი. ნაბიჯიც ვეღარ გადადგა. ყველაზე მეტად მასთან შეხვედრას გაურბოდა, ახლა კი, იდგა და წასვლას ვერ ახერხებდა. თითქოს ადგილზე გაიყინა, ერთიანად ააკანკალა და მზერაც დაებინდა მოწოლილი ცრემლებისგან. გამწარებული უჭერდა ცელოფნებს ხელს, თითქოს ეს დაიცავდა წაქცევისგან, მაგრამ მოულოდნელად, თითებზე თორნიკეს შეხება რომ იგრძნო, მართლა დასჭირდა დასაყრდენი. ნიკაპაკანკალებული, ჯიუტად არ აშორებდა საკუთარი ფეხსაცმლის ცხვირს თვალებს და არც აპირებდა თავის აწევას, ისევ შეხებამ რომ გამოარკვია, ოღონდ ამჯერად, მუცელზე. თუმცა, ახლა არც თორნიკე ყოფილა და თვითონაც ისეთი სახით ახედა ბიჭს, შიშთან ერთად, გაოცებაც ედგა თვალებში.
– ცუდად ხარ? – დადიანმა კი, აფორიაქებულმა დააპირა ხელის შემოხვევა, ნიცა თვითონვე რომ დაეყრდნო მკლავზე. – რა გჭირს? ნიცა!
– ლილიასაც შენ უფრო უყვარხარ, ვიდრე მე... – ამოთქვა უცნაური ხმით და მუცელზე მოისვა ხელი, შემდეგ კი, სწრაფადვე დაამატა.
– გაინძრა!

* * *
სახლში ისე ავიდნენ, არც ერთს ამოუღია ხმა. ნიცა ჯერ კიდევ შოკში იყო ლილიას გამოძრავების გამო, თორნიკე კი შესაბამის სიტყვებს ვერ პოულობდა. ქუჩაში ხომ არ დაუწყებდა ლაპარაკს?! ისიც კი უკვირდა, გოგონა უსიტყვოდ რომ მიჰყვებოდა და ცდილობდა, მანამ არ „გამოეფხიზლებინა“, სანამ სამშვიდობოს არ დაიგულებდა. ჰმ, მამიკოს გოგო ჯერ როგორი პატარაა და უკვე ეხმარება!
– ქეთომ გითხრა, არა? – გაუღიმა ბოლოს გოგონამ, სახლში სრულიად მარტონი რომ აღმოჩნდნენ. არა, მეგობარზე არ გაბრაზებულა, მაგრამ ჩანაფიქრს მიუხვდა და გაეცინებოდა კიდეც მის მონდომებაზე, სხვა სიტუაციაში რომ ყოფილიყვნენ.
– ვინმეს თანამზრახველობა მჭირდება, შენთან სალაპარაკოდ?! – დადიანი კი კვლავ არ თმობდა პოზიციებს.
– მე არ მინდა შენთან საუბარი.
– ნიცა, ხვდები რომ ზედმეტი მოგდის?
– არ შემიძლია. – და არც მოუტყუებია. საუბარიც კი არ შეეძლო, არამცთუ მისი მოსმენა. იცოდა საკუთარი შესაძლებლობები და იმასაც ხვდებოდა, ამდენს რომ ვერ გაუძლებდა. წარმოდგენაც არ ჰქონდა, როგორ, მაგრამ ახლა როგორღაც ახერხებდა გულგრილობის შენარჩუნებას. ონკანიც კი მოუშვა და ჩაიდანს წყლით რომ ავსებდა, ისე ჰკითხა, ყავას ხომ არ დალევო, თორნიკეს რეაქციით იმ წამსვე მიხვდა, ბოლომდე რომ ამოუწურა მოთმინების ფიალა.
– რატომ მეთამაშები?! – მაჯებში წაავლო ბიჭმა ხელი და ისე შეატრიალა თავისკენ.
– რა გჭირს, ნიცა? რამ შეგცვალა?!
– არ შევცვლილვარ.
– თვალები შეგეცვალა. მზერა შეგეცვალა და ამ წუთას, ყველაზე მთავარი ჩემთვის ისაა, სულ სხვანაირად რომ მიყურებ! რა მოგივიდა? – მიუახლოვდა ფრთხილად, მონადირესავით ნელა, რომ არ დაეფრთხო, თუმცა იმასაც კარგად ამჩნევდა, როგორც ცახცახებდა „მოწინააღმდეგე“.
– გთხოვ, თორნიკე... გეხვეწები, არ შემიძლია...
– და საბოლოოდ, მაინც გატყდა. ხმაშეცვლილმა ამოიტირა და თავი ვერაფრით აიძულა, თვითონაც მოეხვია ხელები, ბიჭმა რომ მიიკრა. გრძნობდა მისი მკლავების სიძლიერეს, სხეულის სითბოს, აჩქარებულ პულსაციას. გრძნობდა, როგორი ძალით იკრავდა, მაგრამ მაინც არ შეეძლო, იმავეთი ეპასუხა. არ ყოფილა ეს არც უაზრო პრინციპი, არც გაბრაზება, უბრალოდ, არ შეეძლო და მორჩა.
– შენ რომ მაშინ ჩემთვის მოგესმინა, ახლა ასე არ ვიქნებოდით.
უთხრა ჩუმად და თან ისე, საერთოდ არ იგრძნობოდა მის ხმაში, რამეში თუ ადანაშაულებდა.
– გთხოვ, წადი...
– არა, არსად წასვლას არ ვაპირებ, მით უმეტეს, შენ გარეშე! რატომ არ გჯერა ჩემი, ნიცა?
– მხოლოდ ის გოგო არ ყოფილა, ვინც ასე ფიქრობს!
– არა, კიდევ ბევრი ფიქრობს მასე და იფიქრებენ კიდეც. მერე? რატომ აქცევ ამას ამხელა ყურადღებას? ჩვენ ხომ ვილაპარაკეთ ამ თემაზე?
– მაგრამ მე ამის გაძლება არ შემიძლია!
– იმის გაძლება შეგიძლია, ვიღაც უცნობების გამო ცალ-ცალკე რომ ვცხოვრობთ? ჭკუიდან მშლი! რატომ ანიჭებ სხვას უფრო მეტ მნიშვნელობას, ვიდრე მე?
– რატომ შეხვდი ანჩოს?
– ისევ იწყებ? – ჩაეღიმა, ცოტა არ იყოს, იმედგაცრუებულს. რასაც ყველაზე მეტად ვერ იტანდა, უნდობლობა იყო და თვითონაც ვერ ხვდებოდა, როგორ ითმენდა ახლა ამდენს.
– მინდა, რომ მიპასუხო...
– მე კი მინდა, ჩემში ეჭვი არ გეპარებოდეს, ნიცა! – ნერვებმოშლილმა შეუშვა ხელები, ზურგიც შეაქცია. ისე ცდილობდა კონტროლის შენარჩუნებას... არ უნდოდა, იგივე შეცდომა დაეშვა, აღარ ჰქონდა ამის უფლება...
– რატომ არ მეუბნები?
– არ არის მნიშვნელოვანი და იმიტომ! ის გოგო ჩემთვის არაფერს წარმოადგენს და იმიტომ! – თუმცა, მაინც იფეთქა და ისეთი სახით შებრუნდა, ეგონა, მაშინვე დაასრულებდნენ ამ თემას. ჰმ, მხოლოდ ეგონა!
– აბა, რა ჯანდაბის გამო შეხვდი? და თან დამიმალე!
– უნდოდა, რომ ურთიერთობა გაგვეახლებინა! შენი ფაქტორი საერთოდ არ აფერხებდა და საყვარლობას მთავაზობდა, რაზეც კულტურულად ვუთხარი უარი და კიდევ ერთხელ ავუხსენი, ჩვენი ურთიერთობა რომ არ გამოვიდოდა. საკმარისია?! თუ ისიც გითხრა, რომელი ყავა შეუკვეთა და რა ფერის ჰალსტუხი ეკეთა მიმტანს?!
– ისევ მეჩხუბები...
– და შენ ისევ მსხვერპლად გამოგყავს თავი! მესმის, ვცდილობ, გაგიგო, რა რთულია შენთვის ეს ყველაფერი, იმასაც ვუშვებ, ემოციების კონტროლი რომ გიჭირს, მაგრამ ვერ ვხვდები, ჩემი რატომ არ გჯერა? რატომ არასდროს მისმენ? ისე ჩაალაგე ბარგი და გარბოდი, არც კი გიკითხავს, რა მოხდა სინამდვილეში!
– გთხოვ, არ გინდა...
– არა, ნიცა, ახლა მაინც მომისმენ! ისე აკეთებ დასკვნებს, არ მეკითხები, მე რას ვფიქრობ, რას ვგრძნობ! ისიც კი გადამიწყვიტე, რომ არ მიყვარხარ. არ მენდობი და ესაა პრობლემა, მე კი, ნდობის გარეშე ურთიერთობის არ მჯერა! –ერთიანად მიაყარა და აღარც აპირებდა გაჩერებას. ადრე თუ გვიან, მაინც უნდა ეთქვა ყველაფერი და მართალია, გოგონას ცრემლების შემხედვარეს, ცოტა უჭირდა ასეთი პირდაპირობა, თუმცა შესაძლოა, სხვა შანსი აღარც მისცემოდა.
– არ მინდა შენი მოსმენა. წადი, ძალიან გთხოვ, ცუდად ვარ, არ შემიძლია!
დაუყვირა განერვიულებულმა და მართალია, საძინებელში შესვლა მოასწრო, თუმცა კარის ჩაკეტვა - ვეღარ. ხვდებოდა, თავის დაღწევა რომ გაუჭირდებოდა, თუმცა ასეთ წინააღმდეგობასაც არ ელოდა.
– რაც არ უნდა გააკეთო, სანამ არ მომისმენ, აქედან არ წავალ! ერთხელ მაინც მომისმინე!
– შენ ყველაფერში მართალი ხარ, თორნიკე! იმაშიც მართალი ხარ, ჩემნაირი დედა რომ არ გინდა შენი შვილისთვის, ძალიან გთხოვ, ნუღარ მტანჯავ, დამტოვე!
– შენ ეგეც არასწორად გაიგე!
ჩაეცინა, სილის გაწნასავით მწარედ რომ დაუხვედრეს საკუთარი სიტყვები. ეჭვიც არ ეპარებოდა, ასე რომ იქნებოდა, თუმცა მაინც იმოქმედა.

გაგრძელება იქნება  
ავტორი ნათია ჯაგოდნიშვილი


FaceBook ბეჭდვა
ტეგები:
კომენტარები / 7 /
Lela
Rodis daideba axali tavi..dges ar debt
19:10 / 02-01-2017
გამოხმაურება / 0 /
lol
მართლაც რაა
18:52 / 02-01-2017
გამოხმაურება / 0 /
ყველა კომენტარი
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
e87a93