ნოველები

შეცდომა. თავი 36. სიყვარულის დღე

შეცდომა. თავი 36. სიყვარულის დღე
– ყველაფერი სწორად გავიგე! ვიცი, რაც იგულისხმე და გეთანხმები, უპასუხისმგებლო, იმპულსური და ზედმეტად ემოციური ვარ. და თან იმდენად, რომ წამიერად ლილიას არსებობაც დამავიწყდა. შენ არ დაგვიწყებია. შენ არასდროს დაგვიწყებია, ამიტომაც უყვარხარ შენ უფრო მეტად! შენი დანახვისას გამოძრავდა პირველად, შენ გარეშე არც კი მეკონტაქტება, ისიც გეთანხმება, თორნიკე, ლილიაც კი შენ მხარესაა!
ერთიანად ამოხეთქა, მიუხედავად იმისა, ცრემლები ლაპარაკში ხელს რომ უშლიდნენ. ყელში გაჩხერილი ბურთიც ვერაფრით გაიქრო და ვერც ღრმად ჩასუნთქვა-ამოსუნთქვამ უშველა. მაინც გრძნობდა ტკივილს მარცხენა მკერდში და არც
მაშინ უგრძვნია შვება, ბოლომდე რომ დაიცალა. მხოლოდ იმედგაცრუებას ხედავდა, თორნიკეს მზერაში ასე აშკარად რომ იკითხებოდა და ეს კიდევ უფრო სტკენდა გულს. ამიტომაც სთხოვდა წასვლას...
– ზუსტად ვიცი, ახლა შენი სიტყვები რომ სწყინს ყველაზე მეტად... ვიცი, არ უნდა მეთქვა, რაც გითხარი, მაგრამ ჩემი ერთადერთი დანაშაული ისაა, ბრაზი რომ ვეღარ გავაკონტროლე. ამიტომაც ვთქვი ისე საშინლად, რასაც ვფიქრობდი, თუმცა, დამიჯერე, ნიცა, სულ სხვა რამ ვიგულისხმე.
– არ გინდა, გთხოვ...
ბიჭისკენ ზურგშექცევით იდგა და ჩაბნელებულ ოთახში ფანჯრიდან შემომავალი შუქი ისე ეცემოდა, მხოლოდ მუცელი უჩანდა. ვერც თორნიკეს სახეს ხედავდა კარგად, თუმცა არც სჭირდებოდა, ისედაც იცოდა, როგორი გამომეტყველება ექნებოდა ახლა.
– შენ და ლილია ყველაზე კარგი რამ ხართ, რაც კი ჩემს ცხოვრებაში ოდესმე მომხდარა. მე უბრალოდ არ მინდა, ჩემს შვილს ისეთი დედა ჰყავდეს, რომელიც საკუთარ თავში არ იქნება დარწმუნებული. სწორედ ეს ვიგულისხმე მაშინაც. არ მინდა, ეჭვი გეპარებოდეს, ნიცა. არ მინდა, გეშინოდეს, რომ წავალ და მიგატოვებ. ამის შენ კი არა, მე უნდა მეშინოდეს! იმდენად უნდა აფასებდე შენს თავს, სხვისი სიტყვები არაფრად ჩათვალო. არც კი უნდა დაუშვა, რომ კაცს, რომელიც შენ გვერდითაა, შენთან სძინავს, შენთან იღვიძებს ყოველ დილით და შენგან ელოდება საკუთარი ნაწილის გაჩენას, შეიძლება მათთან რამე ჰქონოდა მას შემდეგ, რაც გიპოვა. ჩემ გამო არ უნდა გეშინოდეს და არა იმიტომ, რომ მე ამას არ გავაკეთებდი, უნდა გჯეროდეს, რომ შენ სხვასთან ვერ გიღალატებდი.
– ვიცი, რომ არ გიღალატია...
– იცი, იმიტომ, რომ ანჩო გელაპარაკა, მაგრამ თავიდან არც კი დაგიშვია, რომ შესაძლოა, გატყუებდა!
– თორნიკე, შენ ვერც კი წარმოიდგენ, როგორი ძნელია ჩემთვის იმის დაჯერება, რასაც მთხოვ, როგორი ძნელია მჯეროდეს, რომ შეგიყვარდი მას შემდეგ, როგორც დაიწყო ჩვენი ურთიერთობა!
– რატომ ვერ ივიწყებ? – ისეთი ხმით ამოთქვა, კანიც კი აეწვა გოგონას. არასდროს უნახავს ასეთი დადიანი. იმის ნაცვლად, აქეთ რომ დაედანაშაულებინა და თან, სრულიად სამართლიანად, ლამის აქეთ მოეხადა ბოდიში. ისეთი გატეხილი იყო, კიდევ უფრო მეტად სძულდებოდა საკუთარი თავი, ასეთს რომ უყურებდა.
– ასეთი ვარ. – გაუღიმა.
– და ვერასდროს გავხდები ისეთი, როგორი ქალიც წარმოგიდგენია შენი შვილების დედად. ალბათ, სწორედ ამიტომაც იყო ჩვენი ამბავი შეცდომა...
– თუ ცხოვრებაში რამე სწორად გამიკეთებია, ეს შენი შეყვარება იყო, ნიცა.
– ახლა გგონია ასე...
ვეღარაფრით მოითმინა მეტი და ფრთხილად შეეხო სახეზე. აღარ შეეძლო თვალების მოშორება. დაჰიპნოზებულივით მიშტერებოდა და მზერით ეფერებოდა ამდენი ხნის მონატრებულს, რეალურად კი, მხოლოდ ლოყაზე უსვამდა თითებს.
- ცოტა ხანში მიხვდები, რომ გაგიარა. ლილია როცა დაიბადება, იგრძნობ, რომ მხოლოდ...
– გაჩუმდი!
ძლივს გამოსცრა კბილებს შორის. ასე არასდროს გასჭირვებია თავის ხელში აყვანა. ანადგურებდა, რასაც ისმენდა, წინააღმდეგობის გაწევა კი, არ შეეძლო.
– აღარ გააგრძელო! ახლაც იმავეს აკეთებ, ისევ არ მენდობი! მეტჯერ ვეღარ გადავუსვამ ხაზს, აღარ გააგრძელო!
– შენ კი არა, საკუთარ თავს არ ვენდობი. ვერ ვენდობი... და არ შემიძლია, ცხოვრება დაგინგრიო.
– გეყოფა!
– არ შემიძლია წაგართვა ბედნიერად ცხოვრების საშუალება, ჩემ გვერდით კი, ამას ვერ მოახერხებ. ადრე თუ გვიან, ყელში ამოგივა ყველაფერი. ვეღარ ამიტან, ვეღარ გაუძლებ და ინანებ დღევანდელ დღეს. მე კი არ მინდა, რომ ასე მოხდეს. საკუთარ თავს იმის უფლებას ვერ მივცემ, შენ რომ ოდესმე ჩემ გამო რამე ინანო. სინამდვილეში, იმაზე მეტად მიყვარხარ, თორნიკე, ვიდრე წარმოგიდგენია. იმაზე მეტადაც, ვიდრე მეგონა, რომ შემეძლო. და სწორედ ეს სიყვარული არ მაძლევს იმის უფლებას, შენ გვერდით რომ ვიყო.
– საშინლად ეგოისტი ხარ.
წარმოთქვა ისე, წამითაც არ მოუშორებია მზერა.
– ისე გადაწყვიტე, რა აჯობებს ჩემთვის, არც კი გიკითხავს, მე რა მინდა სინამდვილეში. ისე წახვედი, არჩევანის გაკეთების უფლებაც არ მომეცი და ახლაც იმავეს იმეორებ! როგორ დავიჯერო, რომ გინდა, ბედნიერი ვიყო, როცა ასე მექცევი?
– სხვას შეიყვარებ. აუცილებლად გამოჩნდება ქალი, რომელიც ბედნიერებას მოგიტანს.
– არ მინდა სხვა.
პატარა ბავშვივით გამოუვიდა. წყალწაღებულის პოზიციაში აღმოჩნდა, ხავსს რომ ეჭიდება და თვითონვე იცის, ვერ გადარჩება. ახლაც ასე იყო, კბილებს აღრჭიალებდა უკვე, მაგრამ ვერაფრით ახერხებდა ამ გოგოსთვის საკუთარი სიმართლის ჩვენებას და მოთმინების ფიალაც ეწურებოდა.
– მალე მიხვდები, ამასაც შენთვის რომ ვაკეთებ. შენ ჩემნაირი ქალი არ გჭირდება, მე შენ არ გიმსახურებ.
– არ მაინტერესებს!
გაცეცხლებულმა მოიშორა გოგონას ხელი და ახლა თვითონ დაუჭირა სახე. მეტის მოსმენის აღარც თავი ჰქონდა და, არც სურვილი. ფიზიკურად ვეღარ გაუძლებდა მეტს, ისედაც ისეთი დაჭიმული იყო, უკვირდა კიდეც, აქამდე რომ არ იფეთქა.
– მე შენ მიყვარხარ და არ მოგცემ უფლებას, დამტოვო! არ მადარდებს, შენ რა გგონია და გჯერა თუ არა ჩემი სიტყვების, გესმის?! ოდნავაც არ მაღელვებს! ვალდებული ხარ, დამიჯერო! ის, რომ „მიყვარხარ“ არ მითქვამს...
– მითხარი...
შეაწყვეტინა მოულოდნელად.
– რა?
– ახლა მითხარი...
თვალებმიხუჭული, ძლივსღა საუბრობდა და გრძნობდა, ნელ-ნელა როგორ ეხებოდა დადიანის ტუჩებს.
– მაგრამ ახლა არ შემყვარებიხარ, ნიცა. ბევრად უფრო ადრე შემიყვარდი და აღარ მოგცემ უფლებას, ოდესმე ჩემს გრძნობებში ეჭვი რომ შეიტანო. ახლა კი, ადგები, ჩემთან დაბრუნდები და მეორედ, შენი დაბმაც რომ დამჭირდეს, ეჭვიც არ შეგეპაროს, ამას გავაკეთებ, მაგრამ აღარსად გაგიშვებ.
– გეხვეწები, ახლა არ გინდა...
– შენ გარეშე არ წავალ!
– ვერ დავბრუნდები, თორნიკე, არ შემიძლია... ახლა არ შემიძლია.
– ნიცა!
– ნუ მაიძულებ, საკუთარი თავი შევიძულო. მომეცი უფლება, ისეთი ძლიერი გავხდე, შენ როგორიც გჭირდება გვერდით. არ მინდა, ოდესმე კიდევ გაგიელვოს იმ აზრმა, რომ შეცდომაა, როცა შენს შვილს მე ვატარებ მუცლით. დრო მჭირდება, საკუთარ თავთან მაინც რომ დავიბრუნო ლილიას დედის სტატუსის ტარების უფლება და თუ მართლა გიყვარვარ, ძალიან გთხოვ, ახლა უბრალოდ წადი.
წარმოთქვა ჩურჩულით და ამის სათქმელადაც უკანასკნელი ძალები დახარჯა. მეტად წინააღმდეგობას ვეღარ გაუწევდა, მეტის მოთმენას ვერ შეძლებდა და როცა რამდენიმე წამში, ოთახში სრულიად მარტო აღმოჩნდა, სახეზე ხელებაფარებული ჩაიკეცა იმის გაცნობიერებისას, რომ სინამდვილეში, თორნიკეს იმაზე მეტად უყვარდა, ვიდრე ოდესმე უგრძნობინებია და სწორედ ეს სიყვარული იყო ის, რაც გააძლებინებდა და აიძულებდა, დასახული მიზანი ბოლომდე მიეყვანა...

* * *
არაფერი შეცვლილა ნიცას ცხოვრებაში თორნიკესთან საუბრის შემდეგ. პირიქით, კიდევ უფრო მეტად გაუჭირდა იმ აზრთან შეგუება, თვითონვე რომ გააფუჭა ყველაფერი. ისე ენატრებოდა... ტკივილამდე. ძლივს იკავებდა ხოლმე ცრემლებს, სასხვათაშორისოდ რომ მოიკითხავდა, ან შეუვლიდა, არ მინდა ეს დრო ბავშვის გარეშე გავატაროო. სიტყვასაც აღარ ეუბნებოდა ურთიერთობაზე. ისე იქცეოდა, თითქოს არც არაფერი მომხდარა მასსა და ნიცას შორის. ეს კიდევ უფრო კლავდა. ეჭვები ჭამდა, ისე ეშინოდა, ბოლომდე ასე რომ გაგრძელებულიყო... რომ ვეღარ დაებრუნებინა თორნიკე? საერთოდ რომ აღარ მოენდომებინა გაგრძელება? რომ ეთქვა, მივხვდი, შენ გარეშეც კარგად ვარ და ასე დავრჩეთო? და თან ეს ყველაფერი ისევ და ისევ მისი ბრალი იქნებოდა... სულელი, სულელი ნიცა!
დაწვებოდა ხოლმე საღამოობით, საკმაოდ წამოზრდილ მუცელს ელაპარაკებოდა და პატარა ბავშვივით უხაროდა, შიგნიდან მოძრაობას რომ გრძნობდა. თითქოს, ლილია უდასტურებდა, რომ უსმენდა. რამდენჯერმე ისიც უთხრა, დადებითი პასუხის შემთხვევაში ერთხელ მომიკაკუნე, უარყოფითზე ორჯერო, მაგრამ სრული სიჩუმე რომ მიიღო, მიხვდა, ზედმეტად შეიჭრა როლში. თუმცა, ის კი ფაქტი იყო, ბავშვიც გრძნობდა მამის სიახლოვეს და არაფრით ჩერდებოდა, თორნიკე თუ ჰყავდა გვერდით. თითქოს, განგებ იქცეოდა ასე. ბიჭიც იჯდა, ხან ყური ჰქონდა მიდებული, ხანაც თვითონ უკაკუნებდა გარედან და ისე უხმოდ კონტაქტობდნენ, ზოგჯერ ზედმეტადაც კი გრძნობდა ნიცა თავს. წარმოდგენაც არ უნდოდა, რა მოხდებოდა, როცა იმშობიარებდა. დროის გასვლაც, სიხარულის ნაცვლად, შიშს უფრო უმძაფრებდა და აქამდე თუ ბედნიერი სახით ხაზავდა ორსულობის კვირებს, ახლა უკვე თითები უკანკალებდა კალმის ხელში აღებისას. სულ ცოტაც და დედა გახდებოდა. ხელში აიყვანდა პაწაწინა არსებას, რომელსაც, რეალურად, ვერც ვერაფერს შესთავაზებდა. არ შეეძლო დამოუკიდებლად ეზრუნა შვილის მომავალზე. თვითონაც მეგობრის სახლში ცხოვრობდა და ლილიასთვის რა უნდა მიეცა? სიმწრით ეცინებოდა ხოლმე. ერთი წლის წინ ვინმეს რომ ეთქვა, აქამდე მოხვალო, ისე შეურაცხყოფილად ჩათვლიდა თავს, არც დამალავდა, ახლა კი... ახლა ცხოვრება ერთიანად აერია და მართალია, მწვერვალის თავზე იდგა, თუმცა ეს წარმატების კი არა, მხოლოდ იმის ნიშანი იყო, გადასაჩეხად რომ ემზადებოდა, ხელჩასაჭიდი კი, გარშემო არაფერი გააჩნდა, რადგან ესეც თვითონვე გააქრო საკუთარი ცხოვრებიდან...

* * *
– მე და შენ აღვნიშნოთ ერთად!
მხარზე ხელი დაარტყა მეგობარს ირაკლიმ და ისეთი სახით გადახედა დემესა და ალექსს, თითქოს რამეში ყოფილიყვნენ დამნაშავეები.
– ორიენტაციას იცვლი, ძმა?
დასცინა ჩადუნელმა. ისედაც ყოველთვის ერთობოდა ირაკლისა და მისი შეყვარებულის ურთიერთობაზე, ათასობით კილომეტრით რომ იყვნენ დაშორებულნი, მაგრამ არც ერთს ჰქონდა ამის შეცვლის სურვილი და არც მეორეს.
– რა ბიჭი დავკარგეთ...
ამოიოხრა ალექსმაც და ისეთი სახით მოსვა ლუდი, იფიქრებდით, მართლა განიცდისო.
– ისე, ვალენტინობის დაარსების ლეგენდა იცით ორივემ, ხო?
შემდეგ კი, სასხვათაშორისოდ რომ ჩაიფხუკუნა და დემეტრეც აჰყვა სიცილში, ირაკლის აფეთქების ჯერიც დადგა. ისე მარტივად აბრაზებდნენ ხოლმე ბიჭები. ყველაზე მხიარულის შთაბეჭდილებას კი ტოვებდა, მაგრამ ორ წინადადებაში გამოდიოდა წყობიდან და თან ისეთი გაბრაზება იცოდა, ამ შანსის ხელიდან გაშვება არ სურდათ.
– ჩვენ უფრო იაფად გამოვალთ დღეს.
გაეცინა ბოლოს თორნიკესაც. სიმართლე რომ ითქვას, არც ერთ ვალენტინობაზე დახარჯულა თვითონ, რადგან არასდროს ჰყოლია ისეთი შეყვარებული, ეს დღე რომ მიელოცა. პრაქტიკული ადამიანი იყო და შესაბამის დროებს არჩევდა, რიგითი გოგოებისთვის რომ არ დასჭირვებოდა ისეთი საჩუქრების ჩუქება, იმედის პაწაწინა ნაპერწკალი მაინც რომ გაეღვიძებინა და იმაზე მეტის ფიქრის საბაბი მიეცა, როგორი ურთიერთობაც ჰქონდათ სინამდვილეში. აი, წელს კი სულ სხვა გეგმები ჰქონდა, მაგრამ ბედის ირონიით, ამჯერადაც არ დასცალდა.
– არა, მაინც როდემდე უნდა იყოთ მასე?
გადახედა დემეტრემ. ცდილობდნენ, ამ თემისთვის თავი აერიდებინათ, მაგრამ აშკარად ამჩნევდნენ, როგორ შეიცვალა თორნიკე.
– რას გულისხმობ? – გაუღიმა, ვითომც არაფერიაო და ლუდი რომ მოსვა, აშკარად აგრძნობინა, არ სურდა ამის განხილვა.
– არა, ჯანდაბას, ჩემი გოგო ლონდონშია, შენთვის და ქეთოსთვის ჯერ ადრეა, მაგრამ, ადამიანო, შენ რიღასთვის დანიშნე თამო, ისევ ასე თუ უნდა იაროთ?! – საბოლოოდ კი, ისევ ირაკლიმ განმუხტა სიტუაცია.
– რამდენი ხანია, ქორწილში წასვლა მინდა, ქენით რამე, რა!
– ხო, აი, ახლავე, დღეს რაღაა და ხვალ გადავჭიმავთ სეფას, გაწყობს? – გაეცინა ალექსს. თითქოს, დედამისი არ ეყოფოდა, ახლა ძმაკაციც რომ ქორწილს სთხოვდა. ჯერჯერობით, ასეც კარგად გრძნობდნენ თავს, თან თამოს სწავლის დასრულებამდე გათხოვება არ უნდოდა და რატომ უნდა ეჩქარათ?
– იცინე, იცინე და ბოლოს მართლა სეფაში მოგიწევთ ქორწილის გადახდა. ხო იცი, ბრუნავს მოდა!
კიდევ დიდხანს კბენდნენ ერთმანეთს. რაოდენ უცნაური და სასაცილოც არ უნდა იყოს, ვალენტინობის დღეს, მაინც ერთად შეიკრიბნენ. ყველას საღამოსთვის ჰქონდა გეგმა დაწყობილი, მანამდე კი, თითო ჭიქის დალევა არ გვაწყენსო, გადაწყვიტეს, რეალურად კი, თორნიკეს მარტო დატოვება არ სურდათ და ათასნაირი მიზეზი მოიფიქრეს, სანამ შეეძლოთ, მასთან რომ ყოფილიყვნენ. არანაირად არ გამოხატავდა და იმჩნევდა, ცუდი პერიოდი რომ ჰქონდა, თუმცა უთქმელადაც კარგად იცოდა ყველამ ყველაფერი და თავის მხრივ ცდილობდნენ დახმარებას.
– დიდხანს უნდა მეჯდეთ ჭირისუფლებივით? – გაეცინა ბოლოს, ყველაფერს რომ მიხვდა.
– ნუ, მესმის, იაფად გინდათ გამოსვლა, მაგრამ არც ერთს გყავთ მთლად დალაგებული ადამიანი გვერდით და არც მეორეს, მერე შემორიგება უფრო ძვირი დაჯდება, ახლა წადით!
– მე და შენ ფეხბურთს ჩავუსხდეთ!
და ირაკლიმაც ისე მონდომებით გაუსვა ხელები ერთმანეთს, უარის თქმა, უბრალოდ, წარმოუდგენელი იყო...

* * *
ხუთი წუთის გაცილებული ჰყავდა ნიცას ქეთო, კარზე რომ დაუკაკუნეს და სიცილით გავიდა გასაღებად. უკვე შეჩვეული იყო, ხან მობილური რომ რჩებოდა, ხან ყურსასმენები და ხანაც, საერთოდ გასაღები. ახლაც მორიგი შემთხვევა ეგონა და არც გაუხედავს, ისევე გააღო, სადარბაზო ცარიელი რომ დახვდა. კვალიც კი არ ჩანდა არაფრის და უკვე გაბრაზებას აპირებდა, ალბათ, ბავშვებმა იმაიმუნესო, კარის წინ დადებული პატარა, კვადრატული ფორმის ყუთი რომ შენიშნა. წამიერად იგრძნო, როგორ აუჩქარდა პულსაცია და თითქოს გულიც კი ყელში ამოუხტა. როგორ ეგონა, რომ დაავიწყდა?! არა, კი იცოდა, სენტიმენტალური რომ არასდროს ყოფილა დადიანი, არც მნიშვნელოვანი თარიღების დამახსოვრებას ითხოვდა მისგან და თავის დროზე, ბეჭედიც კი შეთავაზების გარეშე მიიღო, თუმცა ქვეცნობიერად, მაინც ელოდა დღევანდელ დღეს საჩუქარს და ამიტომაც ჰქონდა ასეთი რეაქცია. სულ რომ ეზოში მოწყვეტილი, უბრალო ყვავილი ყოფილიყო, ისიც კი გაახარებდა. იმ მომენტში, ოდნავადაც არ ჰქონდა მნიშვნელობა, რა იდო ყუთში. მთავარია, რომ გაახსენდა!
ისეთი აღელვებული იყო, ძლივს მოახერხა ბაფთის გახსნა. კიდევ კარგი, შესაფუთი ქაღალდი არ ჰქონდა, თორემ ნამდვილად უმტყუნებდა ნერვები. ათასი ვარიანტი უტრიალებდა თავში, ის ბილეთებიც კი გაახსენდა, ახალ წელს რომ მიიღო საჩუქრად. უფრო მეტად ძვირფასი, არასდროს არაფერი უჩუქებიათ და მართალია, თორნიკეს ფანტაზიაში ეჭვი ოდნავადაც არ ეპარებოდა, მაგრამ მაინც გაოგნებულმა, რამდენჯერმე სწრაფად დაახამხამა წამწამები, ძლივს გახსნილ ყუთში დისკი რომ დახვდა. უბრალო, არაფრით გამორჩეული, უწარწერო CD. წერილიც კი არ იდო შიგნით! ნუთუ, იმდენად გადავარდა თინეიჯერობაში, საყვარელი სიმღერები ჩაუწერა? არა, ნამდვილად არ ჰგავდა დადიანის სტილს.
გაკვირვებულმა ატრიალა ხელში, სანამ ლეპტოპი ჩაირთვებოდა. მინიშნებასაც კი ვერსად მიაგნო. იქნებ საერთოდაც არ იყო მისი და ქეთოს გამოუგზავნა დემეტრემ? მაგრამ არა, სწორედ მასთან შესახვედრად გაუშვა მეგობარი და საჩუქარს სახლში ხომ არ მიატანინებდა? არ გამოდიოდა მთლად ლოგიკური.
– შენი მამიკო ისევ გვაწვალებს...
ჩაფიქრებულმა წარმოთქვა და სუნთქვაც კი შეეკვრა, დისკი ჩასადებში რომ მოათავსა. რაღაცნაირად, ისე ნერვიულობდა, წამიერად ფილმის გმირიც კი ეგონა თავი. ისეთი შეგრძნება გაუჩნდა, თითქოს რამდენიმე კამერა ერთდროულად უღებდა და სულ მალე დაიძახებდა რეჟისორი, კიდევ ერთი დუბლიცო. მხოლოდ რომანტიკულ მელოდრამებში ენახა ასეთი სცენები, ისიც, ძალიან ცუდად დამთავრებული და პროგრამამ ფლეერის არჩევა რომ შესთავაზა, იმაზეც კი დაფიქრდა, საერთოდ სურდა თუ არა ნახვა.
მაინც ვერ გაუძლო გულმა. თითის კანკალით დააჭირა ჩართვას და ქვედა ტუჩი ისე მოიქცია კბილებს შორის, მხოლოდ გვიან გაიაზრა, ძალიან რომ ეტკინა.
„The world was on fire and no one could save me but you.“–თუმცა, მხოლოდ ტუჩი არ სტკენია, ნაცნობი მელოდია რომ დაიწყო და ნიკაპიც კი აუკანკალდა, სიმღერის ტექსტის პარალელურად, მონიტორზე პირველი, მოულოდნელად გადაღებული ფოტო რომ გამოჩნდა - ნიცა პიცის ნაჭრით. ახსოვდა კიდეც ის დღე, ლამის ისტერიკა რომ გაუმართა, მშია და სახლში მალე მოდიო.
„It's strange what desire will make foolish people do.“ – მეორე ფოტო კი, ნამდვილად არ ყოფილა ნაცნობი. თმააწეწილსა და საბანში გახვეულს, ისე ეძინა, ახლა რომ არ ენახა, ვერც ვერასდროს გაიგებდა მისი არსებობის შესახებ.
„I never dreamed that I'd meet somebody like you.“ – არც შემდეგი ეცნო. სამზარეულოში იდგა, პიჟამის შარვალში, დაუდევრად აკეცილი თმით, ფეხშიშველი. აშკარად მალულად ჰქონდა მაცივრის კარი გამოღებული, თუმცა ისეთი სახით მიჰქონდა შოკოლადის კრემიანი კოვზი პირისკენ, ეტყობოდა კიდეც, საერთოდ რომ არ აწუხებდა სინდისი.
„And I never dreamed that I'd lose somebody like you.“ –კადრი მაღლივიდან. ჯგუფელებთან ერთად, კაფეტერიაში მჯდარი, მომღიმარი და ისეთი ბედნიერი, დაფიქრდა კიდეც, ნამდვილად თორნიკესთან გადასვლის შემდეგ იყო გადაღებული თუ შემდეგ.
„No, I don't want to fall in love“ – სერიალის ყურების დროს, დაკუჭული ქაღალდის ცხვირსახოცებით გარშემორტყმული, თვალებჩაწითლებული და ცხვირაწითლებულიც გამოჩნდა და ცრემლებს არც ახლა დაუგვიანია. ისე მოქმედებდა ცალკე სიმღერა და ცალკე ფოტოები, პატარა ბავშვივით, ხმამაღლა ასლუკუნდა. ლეპტოპიც კი დახურა. აღარ შეეძლო გაგრძელება. მთელი სხეული ეწვოდა, ერთიანად ასტკივდა შიგნეულობა. აქამდე ეგონა, რომ გაუძლებდა. სჯეროდა, თორნიკეს გარეშე ცხოვრებას რომ შეეჩვია და გადაიტანდა უმისობას. საკუთარ თავს არწმუნებდა, ძლიერი ხარ, ამასაც გადავლახავთო, თუმცა ისე ამოუჯდა გული, ვეღარაფრით იკავებდა ტირილს. ეს რა გააკეთა?!
ძლივსღა მოახერხა დარჩენილის ნახვა. ტუჩებზე იჭერდა ხელს, როგორმე ხმა რომ ჩაეხშო, თუმცა ბოლომდე მაინც არ გამოსდიოდა. თითოეული ფრაზა, ყველა კადრი, ისე იყო შერჩეული, როცა ეგონა, რომ მორჩა, მეტად ვეღარ ეტკინებოდა, სწორედ მაშინ გრძნობდა, როგორ ესობოდა ეკლები. სიმღერაც მოქმედებდა თავისებურად, მაგრამ ფოტოებმა ბოლომდე გაანადგურა. იმდენი იყო ისეთი, რომელთა არსებობის შესახებ წარმოდგენაც კი არ ჰქონდა. ისეთი მომენტები ჰქონდა დაფიქსირებული თორნიკეს... კიდევ უფრო ეტირებოდა, ცალკე ძველი დროის გახსენების და ცალკე იმის გამო, რომ აცნობიერებდა, რა საშინლად მოექცა საყვარელ ადამიანს.
„No, I wanna fall in love (this girl is only gonna break your heart) With you.“ – ბოლო კადრზე კი, უკვე ერთად იყვნენ გამოსახულნი. თორნიკეს გადაღებული ფოტო იყო, პირველი ერთობლივი... ნიცა სამზარეულოს მაგიდაზე იჯდა, ზურგით იხუტებდა დადიანს და ხელები ისე ჰქონდა შემოხვეული კისერზე, თითქოს მისი საკუთრება ყოფილიყო. ბედნიერი იცინოდა და წარმოდგენაც არ ჰქონდა, წინ თუ ასეთი ამბები ელოდა. „ქინდერის“ კვერცხის ქაღალდები ეყარა გარშემო და კარგად თუ დაუკვირდებოდით, ექოსკოპიის ფოტოსაც დაინახავდით. სახლში სულ რამდენიმე წუთის დაბრუნებულები იყვნენ, მოულოდნელად რომ გადაიღეს და აქამდე არც ჰქონდა ნანახი...
გაბრაზებულმა გადადო ლეპტოპი გვერდით და ისეთი შემართებით წამოდგა, ზუსტად იცოდა, იმ მომენტში ვეღარაფერი შეაჩერებდა. ასეთი მონდომებული არასოდეს ყოფილა. ერთიანად მიაწვა ყველა ემოცია, ყველა გრძნობა და უკვე ვეღარაფერი აღუდგებოდა წინ. რაც არ უნდა მომხდარიყო, მაინც მიიყვანდა ამ ამბავს ბოლომდე და უკვე აღარ აინტერესებდა, თუნდაც სულაც არ მიეღო სასურველი შედეგი, უკვე სულერთი იყო, მეტის მოთმენას უბრალოდ ვეღარ შეძლებდა...


* * *
საკმაოდ გვიანი იყო, ირაკლი რომ გააცილა. ფეხბურთს უყურებდნენ და ისეთი თამაში გამოდგა, ბოლომდე რომ ჩაერთო და სახიფათო მომენტებში ფეხზეწამომხტარი, ხმამაღლა ღრიალებდა. მხოლოდ ნაკრების თამაშების დროს ხდებოდა ხოლმე ასეთი, მიუხედავად იმისა, თითქმის ზუსტად რომ იცოდა, როგორი შედეგითაც დამთავრდებოდა. საყვარელი კლუბიც ჰყავდა, რა თქმა უნდა და მათ გამარჯვებასაც აღნიშნავდა, მაგრამ ყველაზე მეტ ადრენალინს მაინც მაშინ გამოჰყოფდა, მოედანზე მორბენალთა ზურგზე ქართულ გვარებს რომ კითხულობდა. დღევანდელი შემთხვევაც ასეთი გამოდგა და მიუხედავად კარგი თამაშისა, მაინც რომ წააგეს, ისეთ ხასიათზე დადგა დადიანი, თითქოს პირველი დამარცხება ყოფილიყო. ნერვებმოშლილი, უმიზეზოდ იღრინებოდა და ძმაკაცის წასვლის შემდეგ ტელევიზორთანაც კი აღარ დარჩენილა. არა, რა უნდოდა? ხომ ისედაც იცოდა? თითქოს ისე არ ეყოფოდა მიზეზები, ხელოვნურად რომ არ დაემატებინა.

– შოკოლადების და ყვავილების გასაყიდად მოიგონეს დღევანდელი დღე! – შეუღრინა საკუთარ გამოსახულებას სარკეში, პერანგის ღილებს რომ იხსნიდა და რომ გეკითხათ, იმ მომენტში გამოძინების მეტი არაფერი უნდოდა, მოულოდნელად კარზე არაადამიანურმა ბრახუნმა რომ გამოაფხიზლა. ისეთი ძალით ურტყამდა ვიღაც, თვალებგაფართოებული სანამ პირველ სართულზე ჩავიდოდა, წამის მეასედში ისიც კი გაიფიქრა, ბეისბოლის ბიტა ხომ არ გავიყოლოო. ვინ უნდა ყოფილიყო ამ შუაღამისას და თან ასეთი ბრახუნით? ან რაღაც საშინელება მოხდა, ან მართლა მოუწევდა კუნთების გავარჯიშება...

– ახლა ვიღაცას ვაგინებ! – დაიღრინა და ნერვებმოშლილმა რომ ჩამოსწია სახელური, წამიერად ადგილზე გაიყინა. ყველაფერს იფიქრებდა, საერთოდ ყველაფერს, იმასაც კი დაუშვებდა, სიზმარში რომ იყო და ელანდებოდა, მაგრამ ისე ცხადად ხედავდა. ისეთი რეალური იყო, ისეთი სახით უყურებდა... კანი აუწვა მისმა მზერამ, ძველებური, ნაცნობი ცეცხლი ენთო. ცეცხლი წყალზე...
თვალები დახუჭა და ღრმად ამოისუნთქა, ჰალუცინაცია რომ გაექრო, თუმცა ამჯერად სითბოსთან ერთად სურნელიც შეიგრძნო და საერთოდ გადავიდა ჭკუიდან. გამოძრავებასაც კი ვერ ბედავდა. გაშეშებული იდგა და ზედმეტად სუნთქვასაც ერიდებოდა. მაინც ვერ იჯერებდა ბოლომდე. უკანასკნელ რომანტიკოსად გრძნობდა თავს, თუმცა არ შეეძლო დაეჯერებინა, იმ ყველაფრის შემდეგ ახლა ეს თუ რეალურად ხდებოდა.
– აღარასდროს, გესმის?! აღარასდროს, არსად აღარ წავალ! – საოცრად მტკიცე ხმით უთხრა ჰალუცინაციამ, არაფრის დიდებით რომ არ ქრებოდა, შემდეგ კი, ტუჩებზე მონატრებული შეხება რომ იგრძნო, მიხვდა, არც ეძინა და გონებაც წესრიგში ჰქონდა. ნუ, ისეთ მდგომარეობაში მაინც, როგორც აქამდე...
წამებში მოხდა ყველაფერი. ნიცას სახლში შეყვანა, კარის მიხურვა, მიხურულ კარზე გოგონას ზურგით აკრობა და კოცნა, რომლისგანაც ამდენ ხანს იკავებდა თავს. ახლა? ახლა ამის აღარც სურვილი ჰქონდა და არც მიზეზი. იმ თვალებში კითხულობდა ყველაფერს, წამითაც რომ არ აშორებდნენ მზერას და სხვა არც არაფერი სჭირდებოდა. არც სიტყვები, არც რაიმეს ახსნა, არც მომხდარზე საუბარი, საერთოდ არაფერი. მხოლოდ ერთადერთი იცოდა, რომც მოენდომებინა, მაინც აღარსად გაუშვებდა უკვე. არაფრით მისცემდა უფლებას, ისევ მიეტოვებინა. ცხოვრებაში პირველად იგრძნო თავი ნახევრად. არასრულყოფილად. პირველად იგრძნო, რომ ვიღაც აკლდა და ამ ვიღაცას მისი ნაწილიც თან ჰქონდა წაღებული, რადგან ვერაფერზე ახდენდა კონცენტრირებას. აღარც ფიქრი შეეძლო, არც მუშაობა, ბაიკითაც კი ვეღარ დადიოდა. სხვისგან რომ მოესმინა, არაფრით დაიჯერებდა, სასაცილოდაც არ ეყოფოდა, მაგრამ საკუთარ თავზე რომ გადაიტანა, ისეთი თორნიკე აღმოაჩინა, თვითონაც რომ არ იცნობდა აქამდე.
– მიყვარხარ. არ მაინტერესებს, რა იქნება შემდეგ, ახლა მიყვარხარ და შენთან მინდა. –ამოთქვა გოგონამ და იმ მომენტში, მართლაც აღარ იყო მნიშვნელოვანი, რა იქნებოდა შემდეგ. მთავარია, ერთმანეთი ჰყავდათ და კიდევ ის არსება, მუცელში რომ ფართხალებდა გამალებით და ალბათ, ცოტათი ეჭვიანობდა კიდეც, რადგან დედიკოს და მამიკოს ჯერ მისთვის არ ეცალათ...

გაგრძელება იქნება  
ავტორი ნათია ჯაგოდნიშვილი



FaceBook ბეჭდვა
ტეგები:
კომენტარები / 2 /
თიკო
გეთანხმები ნინო ....მართლაც დავისვენეეეეე.ესე რააააა
15:13 / 03-01-2017
გამოხმაურება / 0 /
ნინო
უფ ესე რაააა დავისვენეეეე :) :)
20:17 / 02-01-2017
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31