ნოველები

შეცდომა. თავი 37. ცუდი წინათგრძნობა

შეცდომა. თავი 37. ცუდი წინათგრძნობა
წასვლიდან არც ერთი ღამის განმავლობაში არ სძინებია ნიცას ასე ტკბილად. მართალია, დადიანის მკლავებიც მარწუხებივით ჰქონდა შემოჭერილი და ვერც მოძრაობდა, მაგრამ მაინც ყველაზე კარგად გრძნობდა თავს. სხვა არც არაფერი უნდოდა. ბედნიერების შეგრძება ფარავდა ყველაფერს, ყველანაირ შიშსა და ეჭვს. ადგილსაც აღარ უტოვებდა უაზრო ფიქრებს. ყოველთვის ასე ხდებოდა, თორნიკეს გვერდით როცა იყო. ახლად ამოფრქვეული ლავასავითაც რომ ყოფილიყო, მაინც მაშინვე მშვიდდებოდა, იმდენად შეეძლო ზემოქმედება. უკვირდა კიდეც, საერთოდ როგორ გაძლო ამდენ ხანს?
– თორნიკე...
ჩაახველა, რამდენიმე მცდელობის შემდეგ ხელები რომ ვერაფრით
შეაშვებინა.
– მძინავს!
– გამიშვი, რა... – შეაპარა ხმადაბლა.
– არა!
– გეხვეწები.
– არა-მეთქი. დაიძინე.
– ძალიან გთხოვ, უნდა ავდგე.
– არ გაგიშვებ, ტყუილად ლაპარაკობ. – თვალის გახელასაც კი არ კადრულობდა, უდარდელი ტონით პასუხობდა და არანაირ საპატიო ვარიანტს არ განიხილავდა.
– მართლა ძალიან მჭირდება ადგომა!
– აუ, ნიცა, რა მოუთმენელი ხარ, რა! დილამდე ვერ გაძლებდი? – აჯიჯღინდა ბუზღუნა ბერიკაცივით და საბოლოოდ მაინც დანებდა.
– მაგ ბავშვმა კიდევ სულ ასე უნდა გარბენინოს საპირფარეშოში?
– ეს ბავშვი შენი შვილია, სხვათა შორის!
თვალები დაუბრიალა გაკაპასებულმა.
– და ამჯერად სამზარეულოში მივდივარ.
შემდეგ კი, თვალი რომ ჩაუკრა და პასუხად დადიანის გაოგნებული სახე მიიღო, ძლივს მოახერხა სიცილის შეკავება. ჰმ, ჯერ კიდევ ახერხებდა მის გაოცებას!
– ახლა, შენ გინდა მითხრა, რომ გამთენიის ექვსზე ასეთი თბილი, მიმზიდველი და რაც ყველაზე მთავარია, უღმერთოდ სექსუალური კაცის გვერდით წოლაზე იმიტომ თქვი უარი, რომ გშია?
წამოჯდა თვალების ფშვნეტით. – სერიოზულად, ნიცა?!
– რა ვქნა, ჩემი ბრალია?
მხრები აიჩეჩა უდანაშაულო სახით და დაუდევრად მიგდებული, ორი ზომით დიდი სვიტრი რომ გადაიცვა, კიდევ ერთხელ დაეუფლა ის გრძნობა, მხოლოდ მაშინ რომ გიჩნდება ადამიანს, როცა სახლში ხარ.
– შენ ჩემს გოგოზე ნუ ცდილობ ხელების შეწმენდას! აბრალებს აქ ბავშვს რაღაცებს.
– ნუ მაეჭვიანებ.
თითი დაუქნია გამაფრთხილებლად და აღარც დალოდებია, ისე ჩავიდა ქვემოთ.
თვითონაც ხვდებოდა, ყველაზე უდროო დროს რომ შეახსენა კუჭმა თავი, თუმცა ისე უწრიალებდა შიმშილისგან, მეტს ვეღარ მოითმენდა. ისიც ეყოფოდა, ნერვიულობის გამო ბოლო კვირების განმავლობაში წესიერად რომ ვერ ჭამდა. ამ სიტყვების პირდაპირი მნიშვნელობით, სამზარეულოს შტურმით ასაღებად ემზადებოდა, დერეფანში რაღაც ზედმეტად უცნაურმა რომ მოსჭრა თვალი და ჯერ ადგილზე გაიყინა, შემდეგ კი ნელა შეტრიალდა მისაღების მხარეს. ლამის იკივლა! პირზე აიფარა ორივე ხელი და თვალები ეტკინა კიდეც, ისე გაუფართოვდა. ნაძვის ხე ისევ თავის ადგილას იდგა! და მხოლოდ ის კი არა, ნათურებით, პატარა ჯუჯებიც, ბუხარზე ჩამოკიდებული წინდებიც კი არსად გამქრალიყო!
– თორნიკე! – ასძახა გულაჩქარებულმა.– ჩამოდი რა, მალე! – მიაყარა მოუთმენლად და პირველი თვითონ მიუახლოვდა ციმციმა ნაძვს. ისეთი უცნაური გრძნობა ჰქონდა. რაღაც თბილი ჩაეღვარა შიგნით და პაწაწინა ჭიანჭველებივით დაურბინეს მთელ სხეულზე რაღაც არსებებმა. გულაჩუყებული იდგა, ლოყებზე ხელებმიფარებული და დადიანის აღელვებული ხმა რომ გაიგონა, ნიკაპაკანკალებული შეტრიალდა.
– რა გატირებს? – შეშფოთებული უყურებდა და ვერაფრით გაეგო, ახლა მაინც რაღა მოხდა.
– არ დაშალე?
– რა-ა?
– ნაძვის ხე არ დაშალე?
გაუმეორა და სახე რომ დაუსველდა, მხოლოდ მაშინ მიხვდა, რომ ტიროდა. არა, ემოციური კი ყოველთვის იყო, ზედმეტადაც, მაგრამ ახლა თვითონაც არ იცოდა, რატომ წამოუვიდა ცრემლები.
– არა. – წარმოთქვა ისეთი ხმით, აშკარად კიდევ რაღაც რომ იმალებოდა პასუხის მიღმა, შემდეგ კი, ისე მიუახლოვდა, წამითაც არ მოუშორებია მზერა.
– და არც ვაპირებდი, შენ დაბრუნებამდე.
– რატომ?
– სერიოზულად მეკითხები? – ჩაეცინა და ცხვირზე ჩამოკრა თითები. ზოგჯერ ისეთი გულუბრყვილო იყო ხოლმე. უკვირდა კიდეც თორნიკეს. თავიდან საერთოდაც ეგონა, რომ თამაშობდა, მაგრამ შემდეგ, როცა უკვე კარგად გაიცნო, მიხვდა, გულწრფელად მიამიტი რომ იყო სინამდვილეში. ალბათ, სწორედ ეს იყო იმის მიზეზიც, როგორც დაიწყეს ურთიერთობა.
– ცხრამეტ იანვრამდე უნდა დაიშალოს, წესია...
– არ მაინტერესებს. – გაუღიმა და კიდევ უფრო ახლოს მიიკრა. – თან, ცხრამეტი იანვარი ჯერ არ ყოფილა.
– თორნიკე, თებერვალია! – თვალები აატრიალა. – თოთხმეტი, ვალენტინობა! ნუ, უკვე თხუთმეტი...
– არა, კალენდარზე შეიძლება მასეა, მაგრამ ჩვენთან ჯერ თვრამეტი იანვარია.
– მაგრამ...
– არანაირი მაგრამ. – თავის გაქნევით შეაწყვეტინა. სწორედ თვრამეტში მოხდა ის ყველაფერი და ვერაფრით ხვდებოდა ნიცა, ასე ძალიან რატომ არ ეთმობოდა ბიჭს ეს დღე. – ის დრო არ ყოფილა, იმიტომ, რომ არც შენ იყავი აქ.
– თორ...
– ის დრო არ ყოფილა. – ისევ შეაწყვეტინა.
მე და შენ უერთმანეთოდ არ ვყოფილვართ, არც არაფერი მომხდარა საერთოდ, გესმის?
– ანუ...
– ანუ, სულ რომ აგვისტოში დაბრუნებულიყავი, ეს ნაძვი მაინც აქ დაგხვდებოდა. ჩვენს სახლში არც ერთი დღე არ იქნება უჩვენო.
წარმოთქვა დაბალი, სულ ოდნავ ხრინწიანი ხმით, ზუსტად ისეთით, ნიცას ასე ძალიან რომ უყვარდა, შემდეგ კი, ფრთხილად გადაატარა მიხუჭულ თვალებზე ცერები, ცრემლების მოსაწმენდად.
– კარგად ჟღერს...
– რა?
– ჩვენი. – გაუღიმა კმაყოფილმა და კისერზე ხელები რომ შემოხვია, წარმოდგენაც არ ჰქონდა, ამ ქვეყნად კიდევ თუ არსებობდა რამე, რაც ამ ადამიანთან დაშორებას აიძულებდა... იცოდა მხოლოდ ერთი, საკუთარი ნებით, არაფრის დიდებით აღარ დათმობდა და თუნდაც მართლა ყველაზე ეგოისტი ადამიანი ყოფილიყო დედამიწის ზურგზე, ბოლომდე იბრძოლებდა ბედნიერების შესანარჩუნებლად...
* * *
ისე მიიწურა ზამთარი და გაზაფხულის პირველი თვის ნახევარიც, უბრალო თემაზეც კი აღარ უკინკლავიათ ნიცასა და თორნიკეს. ერთი შეხედვით, არც არაფერი შეცვლილა, მაგრამ თითქოს, უფრო გაიზარდნენ, ჩამოყალიბდნენ, ნამდვილ ოჯახს დაემსგავსნენ. ქორწილზეც კი დაიწყეს საუბარი. ნიცას არ უნდოდა, მუცელგაბერილს მოერგო საოცნებო თეთრი კაბა, დადიანს კი ისე ეჩქარებოდა თითზე საქორწინო რგოლის მორგება, გოგონა ხანდახან დასცინოდა კიდეც, მგონი, შენ ქორწილის წინა ღამის წვეულება უფრო გინდა, ვიდრე თვითონ ცერემონიაო. საერთოდ არ ჰგავდა მის საქციელს ეს ყველაფერი და სასიამოვნოსთან ერთად, უცნაურიც იყო. ზოგჯერ, ეშინოდა კიდეც ნიცას. ვერ გაეგო, რატომ ჩქარობდა ასე და უჩვეულო ფიქრები იპყრობდა ხოლმე მის გონებას. ყველაზე ცუდ ვარიანტებსაც კი განიხილავდა, მაგრამ იმას მაინც ვერ იჯერებდა, უმიზეზოდ რომ ხდებოდა ყველაფერი. ყოველთვის ცუდს უგრძნობდა გული, თუმცა ისიც უნდა ითქვას, ასეთი წინათგრძნობები ხშირად უმართლდებოდა კიდეც.

დღითიდღე ეზრდებოდა მუცელიც. ლილიაც უფრო და უფრო ხშირად გამოდიოდა კონტაქტზე. იყო ღამეები, საერთოდ არ ეძინა პატარა ონავრის მოუსვენრობის გამო, ზოგჯერ კი, ისე ჩუმად იყო, დღის ბოლოს თუ მიარტყამდა პატარა ფეხებს თავის შესახსენებლად. ზედმეტად მშიშარა დედა იყო ნიცა. ყოველ გამოძრავებას გულისყურით უსმენდა, წნევას იკონტროლებდა, სიცხესაც კი უმიზეზოდ იზომავდა და ის სათქმელადაც აღარ ღირს, ყოველ კვირას ექიმის კაბინეტში რომ იჯდა. იცოდა, ექოსკოპიის ხშირად გაკეთება დიდად სასარგებლო რომ არ იყო, თუმცა ბატონი სოსოს სიტყვები მაინც ამშვიდებდა. უაზრო შიშებიც დასჩემდა. იმდენ პოსტს კითხულობდა დედების ჯგუფში, აკვიატებული ჰქონდა, რაღაც მომივაო. ჭკუიდან გადაჰყავდა გოგოები, ხან რას უგზავნიდა, ხან რას. შეშინებულიც ურეკავდა ხოლმე, ისეთი ამბავი გავიგე, ვეღარაფრით ვიძინებო. თორნიკესთან, ასე თუ ისე, ახერხებდა თავის შეკავებას. იცოდა, კამათი რომ უნდა მოსვლოდათ და არ უნდოდა. ვერ იტანდა, უაზრობების გამო რომ იშლიდა ნიცა ნერვებს. პირდაპირ ჭკუიდან გადადიოდა, უმიზეზოდ რომ ნერვიულობდა და იცოდა, ნამდვილად არ მოეწონებოდა ეს ამბავი. რომ დაუფიქრდებოდა, კი ხვდებოდა, ვიღაც უცნობების ამბების გამო, თვითონ რომ არ უნდა დაპანიკებულიყო, მაგრამ ზოგჯერ მაინც უჭირდა ემოციების კონტროლი.

თებერვლის ბოლოს წერილების წერაც კი დაიწყო ლილიასთვის. ან ზედმეტად ბევრი დრამა ჰქონდა ნანახი, ან საშიშმა ამბებმა იმოქმედა, თუმცა, იჯდა ხოლმე და ხელით უწერდა ფერად-ფერად ფურცლებზე გულახდილ ბარათებს. დაბადების დღის მისალოცებიც კი წინასწარ გაუმზადა. თვითონაც გიჟდებოდა წერილებზე. ბავშვობიდან მოყოლებული, ერთ დიდ ყუთში ინახავდა, თუკი რამ ჰქონდა, ყველაფერს და უნდოდა, საკუთარი გოგონასთვისაც ეჩუქებინა ის მაგიური შეგრძნებები, კონვერტის გახსნისა და შიგნით ჩაკეცილი ფურცლის ამოღებისას რომ ეუფლება ადამიანს. დიდხანს აპირებდა სიცოცხლეს და საყვარელი ადამიანებით ტკბობას, თუმცა მომავალს წინასწარ ვერ დაგეგმავდა. ვერც იმას განსაზღვრავდა, როდის რა მოუვიდოდა და არ უნდოდა, რამე მაინც ჰქონოდა გაუთვალისწინებელი. ლილიას ყველანაირ შემთხვევაში უნდა ჰყოლოდა დედა, თუნდაც, წერილობითი ფორმით და ნიცაც ცდილობდა, იმაზე მაინც ეზრუნა, რისი მართვაც თვითონ შეეძლო...

* * *
– ნიცა, იქნებ ხვალ ავსულიყავით? საშინლად წვიმს, უნდა გაცივდე! შენს დაბადების დღეზე გაციებული ხო არ იქნები? – ყველანაირი მიზეზი ჩამოუთვალა თორნიკემ, თუმცა დაყოლიება მაინც ვერ მოახერხა. ასე თუ ისე, ყველაფერში პოულობდნენ კონსესუსს, თუმცა სიჯიუტე მაინც ვერაფრით დაძლიეს.
– ჩემი დაბადების დღე ოცშია და ანუ, გინდა მითხრა, რომ გაციების შიშით მთელი სამი დღე სახლში უნდა ვიჯდე?!
– ლილიასთვისაც საშიშია შენი გაციება...
– თორნიკე, ბავშვით ნუ მანიპულირებ!
გაეცინა, ხრიკს რომ მიუხვდა.
– მანქანით ავალთ, სულ ხუთი წუთი გავჩერდები, ყვავილებს ავიტან, სანთლებს დავანთებ და მაშინვე წამოვალ. გთხოვ.
ისეთი თვალებით გახედა, უგულო უნდა ყოფილიყო, უარი რომ ეთქვა.
გაიღვიძა თუ არა, მაშინვე გამოაცხადა, დღეს ჩემი მშობლების საფლავზე უნდა ავიდეო. არც დაბადების დღე იყო რომელიმესი და არც გარდაცვალების დღე, საერთოდ არაფერი ხდებოდა, მაგრამ ისე აიჩემა, არც აპირებდა გადაფიქრებას. სიზმარი ვნახე და ვერ მოვისვენებ, სანამ არ ავალო, ისე გადაჭრით გამოაცხადა, თითქოს მთელი ცხოვრება წინასწარმეტყველური სიზმრებით შოულობდა ფულს. არა, უცნაური რაღაცები კი ესიზმრებოდა და ზოგი მართლაც უხდებოდა ხოლმე, თუმცა დღევანდელი შემთხვევა მაინც გამონაკლისი იყო. არც კი მოუყვა, არ შემიძლიაო, გამოაცხადა და მაშინვე გამზადება დაიწყო.
– თუ სამსახურში გაგვიანებ, თუ გინდა, ტაქსით ავალ.
მხოლოდ სახლიდან გასვლისას მოიფიქრა, რომ შესაძლოა, თორნიკესაც ჰქონოდა გეგმები.
– ბარემ, ავტობუსით ხო არ გაგიშვა?
თვალები აატრიალა და პირველმა თვითონ გააბიჯა თავსხმა წვიმაში, ქოლგა რომ გაეშალა მუცელგაბერილი გოგოსთვის.
დიდხანს არ უმგზავრიათ, თუმცა დადიანს მაინც ნერვები ეშლებოდა შემაწუხებელ სიჩუმეზე. არა, წვიმის წვეთების წკაპუნის ფონზე ამღერებული დემიენ რაისის ხმა კი არღვევდა დუმილს, თუმცა ნიცა მაინც ისეთი სახით იჯდა, აშკარად ეტყობოდა, რაღაც აწუხებდა, თორნიკე კი ვერ იტანდა, როცა მის ადამიანს რამე დისკომფორტს უქმნიდა და თვითონ უძლური იყო. ახლა მხოლოდ იმიტომ არ შეეძლო რამის გაკეთება, რომ არც კი იცოდა, რა ხდებოდა. არაფერიო, კი უთხრეს, თუმცა იმის ჩიტი იყო დადიანი, ასეთი აშკარა ტყუილი დაეჯერებინა?!
– უკვე ნერვები მეშლება!
მაინც ვერ გაძლო ბოლომდე.
– რატომ? – და ისეთი გულწრფელი გაკვირვებით გამოხედა ნიცამ, დააბნია კიდეც წამიერად.
– ან რაღაც ხდება და მიმალავ, ან სიზმრის გამო ნერვიულობ.
– არაფერი არ ხდება, მართლა.
– კიდევ უფრო უარესი, თუ მართლა სიზმრის გამო ხარ ასე.
– ხომ იცი, როგორი საშინელი წინათგრძნობა მაქვს? – გაუღიმა და სიჩქარეების გადამრთველზე ჩაბღაუჭებულ ხელზე მოუსვა თითები. – როცა რაღაც ისეთი მესიზმრება, ყოველთვის ვგრძნობ. ისიც ვიცი, რომელი ახდება.
– ნიცა, სერიოზულად?! როგორ გჯერა მაგ...
– ახლა გავბრაზდები! – გაეცინა. – არაა უაზრობა, შენ ხარ ურწმუნო!
– ნელ-ნელა ბებიაჩემს ემსგავსები... – ამოიოხრა გულწრფელად.
– შენ იცინე და მაკოს მანამ დაესიზმრა, ლილია რომ გოგო იყო, სანამ ჩვენ გავიგებდით!
– არ გადამრიო! – „შეიცხადა“ ბიჭმა. – ამას ახლა უნდა ვიგებდე?! გავუხსნათ სადმე კაბინეტი, დაჯდეს, იწინასწარმეტყველოს, ფულს გავაკეთებთ, ტყუილად სწავლობ გოგო ბიზნესს?!
– საერთოდ არაა სასაცილო, თორნიკე!
– კარგი, რა... რა დიდი გამოცნობა იმას უნდა, ბავშვი გოგო იქნება თუ ბიჭი?! ორმოცდაათი ორმოცდაათზეა, ალბათობა მაღალ ქულაზე მაქვს დახურული, ვერ მომატყუებთ.
– თუ მასეა, რატომ ბიჭად არ დაესიზმრა?!
– გაარტყა უბრალოდ! ან მოგატყუა და მერე გითხრა, გოგო დამესიზმრაო, როცა უკვე გაიგო.
– თორნიკე, ბებიაშენზე ვლაპარაკობთ!
– მკითხავ ბებიაჩემზე. – თვალი ჩაუკრა სასაცილოდ და მანქანა ისეთ ადგილას დააპარკინგა, ფეხით ბევრი სასიარულო რომ აღარ ჰქონოდათ.
– მარტო გადავალ, კარგი? – და დაასწრო ნიცამაც, სანამ ღვედს შეიხსნიდა. – არაფერი არ ხდება, მართლა, არც არაფერს გიმალავ, უბრალოდ, ასე მირჩევნია...
– კარგი... – ამოიოხრა და დანებდა. – მაგრამ თუ ძალიან დაიგვიანებ, შენ საძებნელად წამოვალ. – გააფრთხილა ყოველი შემთხვევისთვის და გადასულს მანამ უყურებდა, სანამ საბოლოოდ თვალს არ მიეფარა...

* * *
– რამდენი ხანია აღარ გვისაუბრია, დე... – ტკივილნარევი ხმით წარმოთქვა და საშუალო სიმაღლის, შავი მარმარილოს ქვაზე გამოსახულ ახალგაზრდა, ლამაზ ქალს გაუსწორა მზერა. – იცი, როგორ მომენატრე? ძალიან! ისე ძალიან მჭირდება შენი გვერდით ყოფნა, როგორც არასდროს... არც მაშინ დამჭირვებია ასე, პირველად რომ შემიყვარდა და არც მაშინ, ჩემში რომ ახალი სიცოცხლის არსებობის შესახებ შევიტყვე. ახლა კი, ტკივილამდე მჭირდები... – ამოთქვა და ცრემლებიც ვეღარ შეიკავა მეტხანს. ტირილი ისედაც, ლამის უკვე ჰობად ექცა, თუმცა მშობლები ყოველთვის იმ თემად რჩებოდნენ, რა დროც არ უნდა გასულიყო, ყოველთვის ტკივილს რომ გრძნობდა გულის არეში.
– მალე მეც დედა უნდა გავხდე, დე... შენ ბებია გახდებოდი. როგორ მინდა, ახლა შენს კალთაში მედოს თავი და ისე გელაპარაკებოდე. როგორ მინდა, მამშვიდებდე და ბავშვის ნივთების საყიდლად დამყვებოდე. მე და თორნიკემ კი ყველაფერი ვიყიდეთ უკვე, მაგრამ შენ სხვანაირად ამარჩევინებდი, იცი, რაც დამჭირდება და იმიტომ. ჩვენ არ ვიცით. ჩვენ ყველაფერი ისეთი შევიძინეთ, რაც მოგვეწონა, ლამაზი იყო, თუმცა ისიც კი არ გვიკითხავს, რამდენად მოხერხებული იქნებოდა. არც საწოვარას ნახვრეტის სისქე შეგვიმოწმებია, სანამ თორნიკეს დედამ არ გვკითხა, ხომ ნამდვილად ახალშობილის იყიდეთო. აღმოჩნდა, რომ ერთი წლის ბავშვისთვის გვიყიდია. კიდევ კარგი, წინასწარ გავიგეთ. იმდენი ინერვიულა შემდეგ თორნიკემ. ჩემ ნაცვლადაც ის ნერვიულობდა, შენთვის არ შეიძლებაო. დედამისსაც კი დაურეკა შუაღამისას, შვებულება აიღე და ჩამოდი, ნიცას შენი დახმარება დასჭირდებაო. არადა, ჯერ ოცდაექვსი კვირის ვარ. მე ვეუბნები, ბოლო თვეში რომ ვიქნები, მერე გამოფრინდით, მაშინ უფრო მომეხმარებით–მეთქი, თორნიკე კი, იმაზეც ნერვიულობს, სამსახურში რომ მიდის და მარტოს მტოვებს. ძალიან ვუყვარვარ... – ისე მშვიდად უყვებოდა, ისეთი აუღელვებელი ტონით... შორიდან რომ მოგესმინათ, ვერც კი იფიქრებდით, მოსაუბრეებიდან მხოლოდ ერთი რომ იყო ცოცხალი. ვერც ნიცა გრძნობდა იმ მომენტში ამას. თითქოს, პასუხსაც კი ელოდა, თავზე ხელის გადასმას და დამშვიდებას. კარგად იცოდა, არც დედა რომ გაუცოცხლდებოდა და ვერც სხვა შეუცვლიდა მის თავს, ირმას იმედი ხომ საერთოდ არ უნდა ჰქონოდა ამ საქმეში, მაგრამ მაინც ისე სიამოვნებდა ეს საუბარი. საოცარი სიმსუბუქე იგრძნო.
– მა, შენც ისე მოგეწონებოდა თორნიკე... – ახლა მეორე ქვასაც მოუსვა თითები. – ძალიან კარგი ბიჭია. ღვინის დაყენებაშიც მოგეხმარებოდა, სოფელში ღობის შეკეთებაშიც. არაფერში დაგზარდებოდა. თან, ყველაფერი კარგად გამოსდის. ლილიას საწოლი თვითონ ააწყო. რომ ვუყიდეთ და დაშლილი წამოვიღეთ, ხელოსნის ნომერიც მოგვცეს, დაგვირეკეთ და ყველაფერს მიხედავსო, თუმცა დაიჩემა, ჩემი გოგოს საწოლს სხვას ვერ ვანდობო და არც დასჭირდა ვინმეს დახმარება. ოთახის კედლებიც საკუთარი ხელით შეუღება. ღია იასამნისფერი შევარჩიეთ. ისეთი ლამაზი გამოვიდა. ფუმფულა ხალიჩა დავუგეთ იატაკზე, მზის სხივებიც მთელ ოთახს ანათებს. ჩვენი საძინებლის გვერდითაა, საერთოდ არ გაგვიჭირდება. ხან მე მივხედავ ხოლმე, ღამით რომ გაიღვიძებს, ხან თორნიკე. ზუსტად ვიცი, კარგი მამა იქნება. შენსავით, მა... – ძლივსღა ლაპარაკობდა, ისე დაუმძიმდა ცრემლებით ხმა. ლილიაც კი მიყუჩდა, დედიკოსთვის ხელი რომ არ შეეშალა, თუმცა მაინც გრძნობდა ნიცა ტკივილს გულსა და მუცელს შორის. – მა, რაღაც უნდა გითხრა და არ გაბრაზდე... ლილია რომ დაიბადება, ტატუ უნდა გავიკეთო. ისეთივე, თორნიკეს რომ აქვს. და ბავშვის დაბადების თარიღიც უნდა დავიწეროთ ორივემ. უკვე ადგილიც შევარჩიეთ. თორნიკეს ნეკნებზე აქვს და მეც ზუსტად მანდ გავიკეთებ, ერთნაირად რომ გვქონდეს. ვიცი, რომ არ გიყვარს, მაგრამ რომ იცოდე, რა ლამაზია... ძალიან მოგეწონებოდა...
ფრთხილად უსვამდა ნახატს თითებს და კანი ეწვოდა, ქვის სიცივეს რომ გრძნობდა მხოლოდ. ყველაფერი სტკიოდა უსამართლობისგან. რატომ მოხდა ასე? რატომ წავიდნენ ასე ადრე? საერთოდ ვერაფერი მოასწრეს. სხვა ბავშვებს თუ ჰყავდათ გვერდით მშობლები, ნიცასაც ხომ უნდოდა?! სხვა გოგოები თუ მამებს მიჰყავდათ სიძესთან ქორწილის დღესაც, ნიცასაც ხომ უნდოდა?! სხვა ახალნამშობიარებ გოგონებს თუ დედები ეხმარებოდნენ ბავშვის მოვლაში, ნიცასაც ხომ უნდოდა?!
– გუშინ დამესიზმრეთ ორივე... ისე მსაყვედურობდი, მამა... არასდროს გამიგია შენგან მასეთი ხმა. ნაწყენი იყავი, საერთოდ აღარ გახსოვართ, შვილიშვილიც კი არ მოგვიყვანეო... დედა, შენ ტიროდი, რატომ არ გინდა, ჩემთან დატოვო, ხომ იცი, კარგად მოვუვლიო. ისე შემეშინდა... გულაჩქარებულს გამეღვიძა მაშინვე... არასდროს დამსიზმრებიხართ ასე, თქვენი ნახვა მენატრებოდა ხოლმე, გეხვეწებოდით, სულ ცოტა ხნით მაინც დამენახეთ–მეთქი და არ მისმენდით, ახლა რატომ დამესიზმრეთ? ვერ დაგიტოვებთ ლილიას, არ შემიძლია! ჩემი შვილია და ჩემთან უნდა იყოს! განერვიულებულმა, ხმასაც კი აუწია. ისე იმოქმედა ძილში ნანახმა, ერთიანად მოიცვა... უცნაური შეგრძნებით გამოეღვიძა და ეგონა, ლაპარაკი მიშველისო, თუმცა კიდევ უფრო დაუმძიმდა გული, სიზმარი რომ გაახსენდა.
– ნიცა, ვეღარ მოვითმინე... – ზურგსუკან მოესმა თორნიკეს ხმა. ისეთი ტონი ჰქონდა, თითქოს თავს იმართლებდა, თუმცა ატირებული რომ დაინახა საყვარელი ქალი და თან სველ მიწაზე დაჩოქილი, მაშინვე მიეჭრა. – ცუდად ხარ?
– წავიდეთ...
– ნიცა, ცუდად ხარ? – მაინც არ მოეშვა.
– არა, მაგრამ წავიდეთ. შემცივდა და არ მინდა, გავცივდე...

გაგრძელება იქნება  
ავტორი ნათია ჯაგოდნიშვილი

FaceBook ბეჭდვა
ტეგები:
კომენტარები / 7 /
Ta-tia
დაამთავრე კარგად, თუნდაც ზღაპარივით! ცუდი დასასრული არ გაბედო :) იყოს საახალწლო ზღაპარი...
17:19 / 05-01-2017
გამოხმაურება / 0 /
თამუნა
იმედია ეს რომანი მაინც დამთავრდება კარგად.იმდენი უბედურება ხდება ეს ამბავი მაინც დასრულდება კარგად და ვიღAცის ისტორია მაინც იქნება ბედნიერი
22:09 / 04-01-2017
გამოხმაურება / 0 /
ყველა კომენტარი
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93