ნოველები

შეცდომა. თავი 38. სიცოცხლე თუ სიკვდილი?

შეცდომა. თავი 38. სიცოცხლე თუ სიკვდილი?
მთელი საღამო არ მოასვენა ლილიამ. ისე სწრაფად მოძრაობდა, დაუნდობლად ურტყამდა ფეხებს, წამითაც არ ისვენებდა. აწუხებდა კიდეც უკვე. აქამდე თუ გახარებული მირბოდა თორნიკესთან, ხელი დამადე, ნახე, როგორ მოძრაობსო, ახლა შეშფოთებული დაჰყურებდა მუცელს, ადგილ-ადგილ რომ ამოიზნიქებოდა ხოლმე უცნაურად. ბალახეული ჩაიც დალია, წამოწოლაც სცადა, მაინც ვერაფრით მოიგო პატარა გადარეულის გული.
– გინდა, სოსოს დავურეკოთ? – შეწუხდა თორნიკეც. ნიცა კი არ იმჩნევდა, მაგრამ მაინც აშკარად ატყობ
და, რომ აწუხებდა.
– დაველოდოთ ცოტა ხანს... დღეს წყნარად იყო და შეიძლება ახლა გაიღვიძა...
– და რადგან დილით დაგასვენა, ახლა უნდა მოგიწყოს მარათონი?! – ცოტა არ იყოს, გაბრაზებაც კი შეერია ხმაში და მხოლოდ მაშინ შეამჩნია, გოგონამ თვალები რომ დაუბრიალა.
– ეწყინება, იცოდე! ნუ ლაპარაკობ მასე!
– არა, მა, ხომ იცი, გულით რომ არ მითქვამს? – და თვითონაც ისე დაიხარა მუცელთან, თითქოს მართლა მობოდიშებას აპირებდა.
– ნიცა, იქნებ რამე გინდა და ვერ ხვდები?
– ბატონო?! – გაეცინა გაოგნებულს.
– ანუ რამე საჭმელი. მარწყვი, ან რა ვიცი, ქოქოსი, ანანასი...
– რა იყო, გასეირნება მოგინდა?
– არა, რა შუაშია. იქნებ შენ ჯერ ვერ ხვდები და ლილიას უნდა. ხომ შეიძლება, მაგიტომ დარბოდეს წინ და უკან, რომ მიგახვედროს?!
– არაფერი არ მინდა, თორნიკე, მართლა. მე მგონი, ისე შეგაჩვიე ათას უცნაურობაზე სირბილს, უკვე ჩვევაში გადაგივიდა, ხო? – დასცინა გულწრფელად.
– მოიცა, ახლა შენ მე დამცინი თუ მომეჩვენა?!
– მე მგონი, ჯერ მოჩვენებები არ უნდა გქონდეს, არა?
– აბა, გაბედე და დამცინე!
– ლილი, მგონი, მამიკო გავაბრაზეთ...
– ნუ უმოკლებ ბავშვს სახელს, არ უხდება... – გაეცინა ბოლოს თვითონაც და ცალი მხრით მიიხუტა. – როგორი დაღლილი სახე გაქვს, ნიცა... მოდი, მართლა დავრეკოთ ექიმთან, რა...
– არა, მართლა არ მინდა. უკვე მიწყნარდა კიდეც ცოტათი და იქნებ მოვასწრო დაძინება.
– დარწმუნებული ხარ, რომ საშიში არაფერია?
– რა უნდა იყოს, თორნიკე? ვეღარ ეტევა უბრალოდ. ისე, შენ გგავს, ჯერ არ დაბადებულა და უკვე მათენებინებს ღამეებს.
– მე როდის გათენებინებ ღამეებს? – გაიკვირვა გულწრფელად, თუმცა ნიცას მზერას რომ შეეჩეხა, მაშინვე აღმართა დანებების ნიშნად ხელები, ყველაფერი გასაგებიაო, შემდეგ კი, ნებართვას არც დალოდებია, ისევე აიტაცა გოგონა ხელში, მე თვითონ წაგიყვანთ დასაძინებლად ორივესო და ისე მსუბუქად გაემართა საძინებლისკენ, ვერც კი მიხვდებოდით, ექვსი თვის ორსული ამძიმებდა თუ მხოლოდ ექვსი კილო.

* * *
შუაღამისას ნიცას დაჯაჯგურება რომ იგრძნო მკლავზე, წამიერად გამოფხიზლდა. საერთოდ არ ჰქონდა ფხიზელი ძილი. უფრო მეტიც, ზოგჯერ მთელი საბრძოლო არტილერია რომ დაგეცალათ მის ყურთან, რეაქციაც არ ექნებოდა, თუმცა ახლა სწრაფადვე შეიღვიძა და გოგონას თვალების დანახვისას, რაღაცნაირი, უსიამოვნო შეგრძნებაც დაეუფლა.
– ბავშვი აღარ მოძრაობს... – ამოთქვა აკანკალებული ხმით და იმ მომენტში დადიანი საერთოდ ვერ მიხვდა, რატომ ჰქონდა ამის გამო პანიკა.
– დაიძინა, ალბათ...
– არა, თორნიკე, საერთოდ აღარ მოძრაობს! ექვსი საათია არ გამოძრავებულა.
– დაიღლებოდა, ნიცა. იმდენი ირბინა წეღან, ისვენებს ახლა...
– გეხვეწები, ექიმთან წამიყვანე, რა...
– ხომ იცი, ტყუილად რომ ნერვიულობ? ეგ უფრო საზიანოა, ვიდრე ლილიას სიჩუმე.
– ძალიან გთხოვ. ვგრძნობ, რაღაც ვერ არის რიგზე...
– კიდევ რამე დაგესიზმრა? – ამოიოხრა, თუმცა ჩაცმასაც შეუდგა. ამ გულგრილობით ნიცას დამშვიდებას უფრო ცდილობდა, თორემ თვითონაც აღელდა სინამდვილეში.
აღარაფერი უპასუხია გოგონას. ისე სწრაფად გაემზადა, საკუთარი რეკორდიც კი გააუმჯობესა. სამშობიაროსთვის გამზადებულ ჩანთასაც კი დაავლო ხელი, დადიანმა რომ ააცალა უცბად.
– ექვსი თვის ხარ ჯერ!
– არა უშავს, წამოიღე. – მოუჭრა ანერვიულებულმა, შემდეგ კი, პირველი თვითონ გავიდა ოთახიდან და საშინელი წინათგრძნობა იმასაც ეუბნებოდა, დიდხანს რომ აღარ მოუწევდა უკან დაბრუნება...
ვერაფრით დაამშვიდა თორნიკემ. ათასნაირი მიზეზი მოუგონა, რის გამოც შეიძლებოდა ბავშვი მშვიდად ყოფილიყო, გულის სიღრმეში კი, თვითონაც ისე ანერვიულდა, ამ მიზეზებით საკუთარი თავის დამშვიდებასაც ცდილობდა. საბედნიეროდ, გზაც თავისუფალი იყო და არც სიჩქარის გადაჭარბებას მორიდებია. ნამდვილად არ ჰქონდა ახლა ნელა სიარულის ნერვები, თუმცა, ის კიდევ უფრო ანერვიულებდა, ლამის ას ოც კილომეტრ/საათს რომ გადააჭარბა და ნიცას მაინც არ ჰქონია რეაქცია. აქამდე კი უყვარდა სიჩქარე, თუმცა ბოლო დროს ამაზეც გართულება დაეწყო და ეგონა, გააპროტესტებდა. იმედიც კი ჰქონდა ამის, თუმცა შეცდა და სწორედ მაშინ მიხვდა, ზედმეტად სერიოზულად რომ იყო საქმე.
– მშობიარე ხართ? – მაშინვე შეეგებათ მისაღებში მედდა და ლამის ანკეტის შევსებაც კი დაიწყო, თორნიკემ რომ იუარა.
– ადრეა ჯერ! ბატონ სოსოსთან ვართ, არ არის მორიგე?
– ახლა ვიზიტზე მოხვედით? – ცოტა არ იყოს, გაოგნებული სახით გახედა ჯერ დადიანს, შემდეგ აღელვებულ გოგოს, თუმცა პასუხად მხოლოდ გამყინავი მზერა რომ მიიღო, მხრები აიჩეჩა, ვნახავ, ვინ არის მორიგეო და სწრაფადვე გაეცალა.
– გზიდანვე უნდა დაგვერეკა სოსოსთან!
– ნიცა, დამშვიდდი! ახლა შენ ხარ პანიკაში და ყველაფერს გადაჭარბებულად აღიქვამ. დაჯექი, გინდა, წყალი მოგიტანო?
– ნუ მამშვიდებ! – ნერვები მოეშალა. ვერ იტანდა, როცა რაღაცას ამტკიცებდა და არ უჯერებდნენ. ახლა კი, მართალია, ერთი შეხედვით უსაფუძვლო ჩანდა ეს აჩემება, მაგრამ თვითონ ხომ გრძნობდა? დედა იყო და ყველაზე კარგად თვითონ იცოდა, რაც ხდებოდა საკუთარ ორგანიზმში.
– ბატონი სოსო არ არის მორიგე, მაგრამ თუ გნებავთ, სხვა ექიმი გაგსინჯავთ.
– ის არის ჩემი პირადი ექიმი!
– ქალბატონო, ჩვენს სამშობიაროში ყველა ექიმი პროფესიონალია. თუ საჩქაროა, ნებისმიერ მორიგეს შეუძლია თქვენი დახმარება...
– კი, მაგრამ მე...
– ნიცა, მოდი, გაგსინჯოს ამ ექიმმა და თუ რამე არ მოეწონება, მერე დავურეკოთ სოსოს, კარგი? – ისევ თორნიკე ჩაერია, სიტუაციის დაძაბულობა რომ შენიშნა და საბოლოოდ მაინც მოახერხა გოგონას დათანხმება.
– წამომყევით. – ანიშნა მედდამ და გრძელ დერეფანში შეუძღვა, გარშემო გამეფებული სიჩუმე კი, კიდევ უფრო საშიშს ხდიდა ყველაფერს და გულის სიღრმეში, ნიცამ იმის გაკვირვებაც კი მოასწრო, რატომ მაინცდამაინც იმ ღამეს არ ჰყავდათ არც ერთი მშობიარე...
Image result

* * *
სუნთქვაშეკრული იჯდა, სანამ უცხო ექიმი სინჯავდა. ისე ეშინოდა, ხმის ამოღებასაც ვერ ბედავდა, კითხვა რომ დაესვა. სრულიად მარტო დარჩა პალატაში, თორნიკეს გარეშე, უცნობ ადამიანთან, აღსასრულის მოლოდინში. ვერც ხვდებოდა, რატომ შექმნა პანიკა ლილიას სიმშვიდის გამო, თუმცა იმას კი გრძნობდა, რაღაც რომ ვერ იყო რიგზე და საშინლად ენერვიულებოდა. ის სიზმარიც... ისე ცუდად დაემთხვა ყველაფერი. წესით, არც არაფერი უნდა ყოფილიყო საშიში, პირველ ტრიმესტრსაც გადააბიჯა და უკვე ოცდაექვსი კვირის იყო, არც რამე აწუხებდა, ორსულობის შეწყვეტის საფრთხე რომ ჰქონოდა, თუმცა რაღაც აშკარად ხდებოდა და ხანშიშესული ქალის შეშფოთებულმა თვალებმა კიდევ უფრო გაუმძაფრა ეჭვები.
– ბოლო ექოსკოპია როდის გაიკეთეთ? – ჰკითხა დაეჭვებულმა.
– ორი კვირის წინ... რამე ხდება?
– ახლავე დავბრუნდები. – მოუჭრა მოკლედ და ისეთი სახით გავიდა, ლამის პატარა ბავშვივით გაეტირა ნიცა.
ყველაზე მეტად ამას ვერ იტანდა. პასუხგაუცემელ შეკითხვებს. დამშვიდებას, როცა ეს მხოლოდ სიტყვები იყო. ერჩივნა, სიმართლე გაეგო და ენერვიულა, ვიდრე ტყუილად ჰქონოდა რაღაცის იმედი. ვერც მოლოდინს იტანდა. სული ეხუთებოდა, სუნთქვაც კი უჭირდა, რაღაც მნიშვნელოვანის პასუხი რომ უნდა შეეტყო. ახლა კი... ლამის ჭკუიდან გადავიდა!
არც დადიანი იყო უკეთეს დღეში. ყველაფერი ერჩივნა იმ მომენტში პალატიდან გასვლას. ნიცას სახეზევე კითხულობდა ყველაფერს და ხვდებოდა, რამდენად სერიოზულად იყო საქმე. საუკუნედ ეჩვენებოდა ის რამდენიმე წამი, კაბინეტის წინ აქეთ-იქეთ სიარულს რომ მოანდომა.
– ყიფიანთან თქვენ ხართ, ხომ? – მოესმა მოულოდნელად და წამიერად ადგილზე გაიყინა.
– რა ხდება?
– სოსოს უკვე დაურეკეთ?
– კი და გზაშია. რა ხდება? – ლამის ტონსაც კი აუწია, მღელვარება რომ ვეღარაფრით გადაფარა. განა ასე რთული იყო პასუხის გაცემა?
– პულსაცია აღარ ისმინება... – ამოთქვა მძიმედ, სახეზე კი, აშკარა თანაგრძნობა რომ გამოეხატა, თორნიკე იმაშიც კი დაეჭვდა, ვის პულსაციას გულისხმობდა სინამდვილეში...

* * *
– გამაგებინებთ, რა ხდება? – ცოტაღა უკლდა ყვირილს, ექიმი თორნიკესთან ერთად შესული რომ დაინახა. ისეთი სახე ჰქონდა... შეეძლო დაეფიცა, პალატიდან გასვლისას ასეთი რომ არ ყოფილა.
– ნიცა, სოსო მალე მოვა და ისიც გაგსინჯავს. – გაუღიმა, რაღაცნაირად დამნაშავესავით და კიდევ უფრო დაუმძიმდა გული.
– ექიმო, მაქვს უფლება, ვიცოდე, რა მჭირს! – წარმოთქვა გადაჭრით. მეტის მოთმენას უკვე აღარ აპირებდა. ერჩივნა ახლავე გაეგო, რაც არ უნდა მტკივნეული ყოფილიყო რეალობა.
– უნდა გითხრათ, რომ საფუძვლიან დასკვნას ექოსკოპიის გაკეთებამდე ვერ გამოვიტანთ, მაგრამ...
– თორნიკე, ან სიმართლეს მეტყვით, ან ახლავე მივდივართ აქედან!
– მოვედი, დავიგვიანე? – თუმცა მოულოდნელად, აქოშინებულმა სოსომ რომ შეაღო კარი, ყველანი მასზე გადაერთვნენ.
– თქვენ გარეშე ვერაფრის დაწყება ვერ გადავწყვიტე, პირადი ექიმი ხართ მაინც...
– ექოსკოპიაზე გყავდათ უკვე? – თან ლაპარაკობდა და თან რეზინის ხელთათმანებს ირგებდა. მუდამ აოცებდა ნიცას ამ კაცის პროფესიონალიზმი. საოცრად სწრაფად შეეძლო გარდასახვა და საქმეზე მობილიზება.
– არა, ხელით გავსინჯე...
– ხელით გასინჯე ოცდაექვსი კვირის ორსული? – სიმკაცრე შეერია ხმაში.
– ნიცა, მოდი შენ მითხარი, რატომ გადაწყვიტე ჩემთან მოსვლა? – შემდეგ კი, სხვების სრული უგულებელყოფით მიუბრუნდა გოგონას.
– მთელი საღამო გაუჩერებლად მოძრაობდა ბავშვი. ისედაც მოძრავია, მაგრამ დღევანდელივით არასდროს ყოფილა. წამითაც არ ჩერდებოდა. შემდეგ კი, მოულოდნელად გაყუჩდა და საერთოდ აღარაფერი მიგრძვნია...
– უჰაერობას ხომ არ შეუწუხებიხარ? წელის ტკივილს, ღებინების შეგრძნებას? – თან ესაუბრებოდა და თან უცნაური, ხის მოწყობილობით უსინჯავდა მუცელს. ადრეც ჰქონდა ნიცას ეს ნანახი, ნაყოფის გულისცემას სინჯავდა, თუმცა ახლა რატომ დასჭირდათ, იმას კი ვერ ხვდებოდა.
– სისუსტეს? წნევა როგორ გაქვს?
– დაბალი, მაგრამ უკვე შევეჩვიე და აღარ მაწუხებს დიდად. სხვა სიმპტომები არ მქონია არაფერი, უნდა მქონოდა?
– თავი ხომ არ გტკიოდა? უკან, კეფის მიდამოში?
– არა...
– გამონადენი?
– არც ეგ...
– რამე ისეთი ხომ არ გიჭამია? მოწამვლა გამოვრიცხოთ? ალერგია?
– არაფერი მიმიღია ახალი და უცხო. ბატონო სოსო, რა მჭირს?
ნიკაპი უკანკალებდა უკვე. იმდენი კითხვა მიაყარეს და ისე სწრაფად, გონზე მოსვლას არ აცადეს.
– მარინა, ექოსკოპისტი გამოიძახე, ახლავე, ოღონდ მორიგე არ მინდა, ბადრი მოიყვანეთ. ნიცა, ახლა ჩვენ წნევას გადავამოწმებთ, შენს პულსაციასაც, შეიძლება ერთი-ორი ჩხვლეტაც დაგვჭირდეს...
– ექიმო...
– ნუ გეშინია, მე აქ იმისთვის ვარ, რომ ორივე კარგად იყოთ. მარინა, ბადრის დაურეკე! – შეუძახა თეთრხალათიანს და ისე სწრაფად გავიდა კაბინეტიდან, კითხვის დასმაც კი ვეღარ მოასწრეს...
ზედმეტად სწრაფად განვითარდა მოვლენები. სრულიად მოულოდნელად აღმოჩნდა ნიცა თავისი ტანსაცმლიდან საავადმყოფოს პერანგში გამოწყობილი, ექოსკოპისტის მაგიდაზე გულაღმა გაწოლილი, თითზე დამაგრებული პულსის, მკლავზე კი წნევის საზომი აპარატებით. ისე დასტრიალებდა ყველა თავს, ეჭვიც კი აღარ ეპარებოდა, საქმე ცუდად რომ იყო, თუმცა ის ჯერ არ იცოდა, პრობლემა მას ჰქონდა თუ ლილიას. აღარც თორნიკესთვის მოუკრავს თვალი, გასვლისას იგრძნო მხოლოდ მისი ხელის თითებზე მოჭერა და შემდეგ ისე დაეხვივნენ ექიმები, დამშვიდობებაც კი არ დააცადეს.
– წნევა ოთხმოცი ორმოცდაათზე, პულსი არასტაბილური...
– ბადრი, რამე უნდა იპოვო, გამორიცხულია!
– საკეისროს ვერ გავაკეთებთ...
– ნაყოფი ოცდაექვსი კვირისაა...
ერთმანეთში აერია ყველას ხმა. ვეღარ ხვდებოდა, ვინ რას ამბობდა, რას ნიშნავდა ტერმინები, პირველად რომ ისმენდა ცხოვრებაში, ან რატომ საუბრობდნენ საკეისრო კვეთაზე, როცა ჯერ ძალიან ადრე იყო მშობიარობამდე. ვერც იმას აცნობიერებდა, რატომ მისჩერებოდა სოსო ასე გამწარებული მონიტორს, ან რის პოვნას სთხოვდა ერთ-ერთ ყველაზე სახელგანთქმულ ექოსკოპისტს. ისეთი სახე ჰქონდა, შიგადაშიგ ოფლსაც კი იწმენდდა შუბლიდან და ნიცას რომ გახედავდა შემთხვევით, მაშინვე არიდებდა თვალს. ვინმე მაინც აუხსნიდა, რა ჯანდაბა ხდებოდა საერთოდ?!
– არის, ისმინება! – წამოიძახა მოულოდნელად ბატონმა ბადრიმ. – მაგრამ ძალიან სუსტია, ვერ განვითარდება...
– როგორმე ვერ ავწევთ? ჯერ ადრეა...
– სოსო, შენ ჩემზე უკეთ არ იცი, რა უნდა ქნა ახლა? – გახედა ისეთი სახით, აშკარა იყო, ნიცას გარდა, იმ ოთახში მყოფთაგან უკვე ყველამ იცოდა, რასთანაც ჰქონდათ საქმე.
– ბატონო სოსო... – ძლივსღა ამოიღო ხმა. ნუთუ იმასაც არ იმსახურებდა, სიმართლე სცოდნოდა?!
– ნიცა... ბავშვის პულსაცია ძალიან სუსტია, თითქმის აღარ ისმინება...
– მაგრამ...
– შენი წნევის გამო საკეისროს ვერ გაგიკეთებთ...
– ჯერ ხომ...
– დამაჩქარებლებით უნდა გამშობიაროთ. – ამოთქვა ბოლოს, თუმცა აშკარად შეეტყო, კიდევ რაღაცის თქმას რომ აპირებდა. – ნაყოფის გადარჩენის შანსი თითქმის არაა, ძალიან ვწუხვარ...
და შემდეგ აღარაფერი გაუგია. ერთიანად აირია ყველა ხმა. ყველა ფერი. ყველაფერი. ვეღარც თეთრსა და ცისფერში გამოწყობილ ექიმებს ამჩნევდა, აღარც კითხვებზე შეეძლო პასუხის გაცემა, ისიც კი არ უგრძვნია, როგორ გადაიყვანეს პალატაში და როგორ დაუდგეს სისტემა. კოშმარულად ეშინოდა ნემსების, თუმცა ვენაში კათეტერი ისე ჩაუყენეს, რეაქციაც არ ჰქონია. ვერც კი იაზრებდა, რა მოხდა. როგორ შეიძლებოდა, ეს სიმართლე ყოფილიყო? რატომ? რის გამო?
– ნიცა, ნიცა, შემომხედე! – სადღაც შორიდან ჩაესმა ნაცნობი ხმა და მხოლოდ მაშინ გამოფხიზლდა, სახეზე შეხება რომ იგრძნო.
– არ გავაჩენ! – წარმოთქვა გადაჭრით. – ნაადრევად არ გავაჩენ!
– ნიცა, მისმინე...
– არ მაინტერესებს, თორნიკე, ნაადრევად არ გავაჩენ! – დაიყვირა მოულოდნელად, ერთანად ამოხეთქა ამდენი ნაგროვი ემოცია და რეაგირებაც კი ვერ მოასწრო ვერავინ, ისე მოიგლიჯა კათეტერი.
– უნდა შემინარჩუნონ, ლილიას ვერ დავკარგავ!
– დამშვიდდი, ნუ ყვირი, მომისმინე... – გრძნობდა, როგორ უჭერდა სახეს ბიჭი, იმასაც ხედავდა, ექთნები რომ შემოცვივდნენ და სოსოც უკან მოჰყვათ, თუმცა არაფრის გაგონება აღარ უნდოდა.
– გამიკეთეთ საკეისრო, ისე არ გავაჩენ! შეიძლება სამედიცინო განათლება არ მაქვს, მაგრამ ის ნამდვილად ვიცი, ოცდაექვსი კვირის ნაყოფი ბუნებრივი მშობიარობით რომ ვერ იცოცხლებს! – ყვიროდა შეურაცხადივით და არავის იკარებდა ახლოს. თორნიკემაც კი ვერ მოახერხა გაკავება. აქამდე თუ ჩუმად იყო, ახლა ერთიანად იფეთქა და რაღაც მომენტში ისიც კი შეიძლებოდა გეფიქრათ, გაგიჟდაო.
– ნიცა, ჩვენი სამშობიარო უმაღლეს დონეზეა აღჭურვილი, არაერთი დღენაკლული ბავშვი გამოგვიზრდია ინკუბატორში.
– ლილია დღენაკლული არ გამოდის, შვიდი თვისაც კი არ ვარ! ჯერ ახლა უყალიბდება ფილტვები!
– საკეისრო რომ გაგიკეთოთ, ნარკოზიდან ვერ გამოხვალ. – და აღარც სოსომ მოითმინა მეტი. ყოველგვარი შესავლის გარეშე, პირდაპირ უთხრა და იმედი ჰქონდა, ამით მაინც შეძლებდა დამორჩილებას, თუმცა უარესი გამოუვიდა...
– არ მაინტერესებს! ხელოვნურ კომაში შემიყვანეთ და ისე გაზარდეთ რამდენიმე კვირა ჩემს მუცელში.
– ნიცა, გესმის მაინც რას ამბობ? – ვეღარც თორნიკე იკავებდა თავს. მისთვის ორმაგად ძნელი იყო ეს სიტუაცია, ერთი მხრივ, საყვარელი ქალის სიცოცხლე იდო სასწორზე, მეორე მხრივ კი - ჯერ კიდევ დაუბადებელი შვილის. როგორ უნდა გაეკეთებინა სწორი არჩევანი? და საერთოდაც, ვინ იცოდა, რა იყო ამ შემთხვევაში სწორი?!
– თორნიკე, ბავშვს ვერ გავწირავ. ახლა მე რომ ამაზე დავთანხმდე...
– ახლა რომ ამაზე არ დათანხმდეთ, ნიცა, ნაყოფის შენარჩუნებას მაინც ვერ მოვახერხებთ. – შეაწყვეტინა სოსომ. – გულისცემა თითქმის აღარ ისმინება, სულ რამდენიმე საათი დარჩა, ახლა თუ არ გამშობიარებთ, ბავშვს მაინც დაკარგავთ და თქვენი სიცოცხლეც საფრთის ქვეშ დადგება. სულ მალე წავა ორგანიზმში მოწამვლა, მოგვიწევს ხელოვნურად დაგაბადებინოთ მკვდარი ნაყოფი, შესაძლოა საშვილოსნოც დაგიზიანდეთ და იმის ალბათობა, რომ კვლავ შეძლებთ შვილის გაჩენას, თუ, რა თქმა უნდა, საკუთარ სიცოცხლეს თავადვე არ ჩააგდებთ საფრთხეში, მინიმუმამდე შემცირდება. ასეთია რეალობა, რომელსაც ვერსად წაუხვალთ, თუ პროცედურაზე უარს განაცხადებთ. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ყველაფერი სხვანაირად წავიყვანოთ...
– და ბავშვი მაინც ვერ გადარჩება... – ამოიტირა, ემოციებისგან ხმადაკარგულმა და ძალაგამოცლილმა, ძლივს რომ ჩაავლო თორნიკეს მკლავს თითები, ბიჭი მიხვდა, რასაც ნიშნავდა ეს ყველაფერი.
– არ მოგცემ უფლებას, რომ დამტოვო, ნიცა. პირდაპირ გეუბნები, გადაწყვეტილების მიღება თუ ჩემზე იქნება, მე შენ აგირჩევ. მე და შენ კიდევ გვეყოლება შვილები, ჩვენ ერთად, მაგრამ არ დავუშვებ, რომ წახვიდე. – უთხრა ისე, წამითაც არ მოუშორებია მზერა, შემდეგ კი, რაც არ უნდა მტკივნეული ყოფილიყო მისთვისაც, უფლება მისცა ექთნებს, კვლავ დაედგათ სისტემა, რომელიც ნიცას ორგანიზმში მშობიარობის ხელოვნურად დამაჩქარებელ წამალს შეიყვანდა...

ბოლო ეპიზოდი დაიდება ხვალ
ავტორი ნათია ჯაგოდნიშვილი

FaceBook ბეჭდვა
ტეგები:
კომენტარები / 12 /
თიკო
სადაა ბოლო ეპიზოდიიიი?
13:37 / 07-01-2017
გამოხმაურება / 0 /
სოფი
დადეთ რა მალე
12:16 / 07-01-2017
გამოხმაურება / 0 /
ყველა კომენტარი
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93