ნოველები

შეცდომა. თავი 39. ბედნიერად მშვიდი

შეცდომა. თავი 39. ბედნიერად მშვიდი
– ნიცა, ცოტახანს მაინც დაგეძინა... – თვითონაც აერია, მერამდენედ უმეორებდა ერთსა და იმავეს, თუმცა ახლა უკვე აღარც ჰქონდა აზრი. სამ საათზე მეტი გავიდა და წამალიც ნელ–ნელა იწყებდა მოქმედებას.
– ვგრძნობ, რომ მოძრაობს... – ჩურჩულით ამოთქვა თვალებდახუჭულმა. ერთიანად დაცვარული ჰქონდა შუბლი, ყბებსაც ძლიერად აჭერდა ერთმანეთს, მოვლითი ტკივილების დროს ხმამაღლა რომ არ ეყვირა. იცოდა, რადაც არ უნდა დასჯდომოდა, ძალები უნდა დაეზოგა. მშობიარობის დროს თვითონაც უნდა დახმარებოდა ექიმს, მინიმუმამდე რომ დაეყვანათ საფრთხე.
– გაუტკივარება მაინც გაიკეთე...
– არა,
აღარაა დრო. – ისეთი ხმა ჰქონდა, არც კი აპირებდა ამ თემის განხილვას. – მისმინე, გადი შენ ცოტახანს, შეჭამე რამე, ყავა დალიე, გამოფხიზლდი.
– ახლა მაგას სერიოზულად მეუბნები?
– კი, ჯერ მაინც არაფერს ვაპირებ. – ჩაეცინა, თუმცა მალევე დაებრიცა სახე ტკივილისგან. – ჯანდაბას, იყავი!
– ექიმს ხომ არ დავუძახო?
– ჯერ თხუთმეტწუთიანი შუალედები მაქვს, ადრეა...
– დათვლა როდისღა მოასწარი? – ისე გულწრფელად გაუკვირდა, კითხვაც კი თავისით აღმოხდა. ტყუილი იქნება რომ ვთქვათ, თითქოს ხშირად ფიქრობდა ამ დღეზე, თუმცა ბოლოდროინდელ წარმოდგენებში, თვითონ ყოველთვის გარეთ იდგა, ბიჭებთან ერთად და მოუთმენლად ეწეოდა ღერს ღერზე. არც კი დაუგეგმავს მშობიარობაზე დასწრება. იცოდა, ფიზიკურად ვერ შეძლებდა. არც ნიცა გამოთქვამდა დიდად ამის სურვილს. პრინციპში, არც არასდროს ულაპარაკიათ ამ თემაზე. თუმცა, ახლა რომ უყურებდა, მხოლოდ ის იცოდა ზუსტად, როგორი რთულიც არ უნდა ყოფილიყო მისთვის, მაინც არ დატოვებდა მარტოს.
– ან უპასუხე, ან ფანჯრიდან გადაგიგდებ. – ამოიბურტყუნა სუნთქვაგახშირებულმა და მხოლოდ მაშინ გაიგონა დადიანმა, როგორ ზმუოდა ჯიბეში გამომწყვდეული მობილური.
– ქეთოა...
–დერეფნიდან ელაპარაკე, ნერვებს მიშლის ხმაური...–აღარც უცდია გაღიზიანების დაფარვა და წინადადების დასრულებაც რომ ვერ მოახერხა წამოყვირების გარეშე, თორნიკე მიხვდა, საქმე კიდევ უფრო სერიოზულად იყო, ვიდრე თვითონ წარმოიდგენდა...



* * *
– თორნიკე! – მალევე მოესმა დერეფანში მდგომს განწირული ყვირილი და ისე სწრაფად შევარდა პალატაში, ვერც გაიაზრა. წარმოდგენა არ ჰქონდა, რა უნდა ექნა, როგორ უნდა მოქცეულიყო, რით შეეძლო საერთოდაც დახმარება, მაგრამ მაინც ვალდებულად თვლიდა თავს, მისი მხარდაჭერა ეგრძნო ნიცას და თუნდაც ხელი დაეჭირა, სხვას თუ ვერაფერს გაუკეთებდა.
– რა მოხდა? ცუდად ხარ? გტკივა?
– ექიმს დაუძახე! – ძლივს ამოთქვა. კბილებს ერთმანეთზე აჭერდა ტკივილისგან და ხმამაღლა სუნთქავდა, აღარ შეეძლო მეტის მოთმენა. იცოდა რაზეც მიდიოდა, გაუტკივარებაზე რომ უარი თქვა, თუმცა ასეთ საშინელ ტკივილს მაინც ვერ წარმოიდგენდა.
– რა ხდება? – და მალევე შემოვიდა თეთრხალათიანი ქალიც. იმაზეც კი ნერვები ეშლებოდა, ყოველ ჯერზე სოსო რომ არ სინჯავდა, თუმცა პრეტენზიების გამოთქმის თავი ნამდვილად აღარ ჰქონდა.
– ვმშობიარობ, რა უნდა ხდებოდეს?! – დაუყვირა გამწარებულმა. ხვდებოდა, უხეშად რომ იქცეოდა, მაგრამ მართლა საშინლად გრძნობდა თავს.
– ჯერ ადრეა, უბრალოდ პანიკაში ხართ... – სკეპტიკური სახით დაიხარა ექთანი შესამოწმებლად, თუმცა მალევე გაიმართა წელში შეშფოთებული და სწრაფადვე გაყო თავი დერეფანში. – სოსოს დაუძახეთ, ბლოკში გადაგვყავს, სრული გახსნაა!
თვითონაც არ ელოდა მოვლენების ასეთ სწრაფ განვითარებას. ეგონა, რომ ფსიქოლოგიურად მომზადებული იყო მშობიარობისთვის. იმდენს კითხულობდა, დოკუმენტურ ფილმებსაც კი უყურებდა, სხვების ისტორიებსაც ისმენდა, თუმცა ყველაფერი მაინც რადიკალურად განსხვავებული გამოდგა, საკუთარ თავზე რომ მოუწია გამოცდა. ვეღარც სწორად სუნთქვას ახერხებდა, აღარც ყვირილის შეკავება შეეძლო. ისეთი გამწარებული უჭერდა თორნიკეს მკლავზე ხელს, ეჭვიც არ ეპარებოდა, სილურჯეებს რომ დაუტოვებდა, თუმცა, როგორ ეგოისტურადაც არ უნდა ჟღერდეს, არც ამაზე ეფიქრებოდა იმ მომენტში.
– ნიცა, სწორად ისუნთქე და მისმინე, ეს ახლა ყველაზე მთავარია! – მკაცრად წარმოთქვა სოსომ, თორნიკე კი გრძნობდა, როგორ ეცლებოდა ნელ–ნელა მუხლებიდან ძალა.
– მეტი აღარ შემიძლია, საშინლად მტკივა! – ამოიკვნესა გამწარებულმა.
ძლივს ახერხებდა ექიმის მითითებების შესრულებას. არც ნაყოფი იყო დიდი, მშობიარობა რომ გასჭირვებოდა და ტკივილიც არ ჰქონია იმდენად დიდხანს, ბოლომდე რომ გამოეფიტა, თუმცა მაინც ვეღარ პოულობდა ძალას. გახშირებულად სუნთქავდა ჭინთვასა და ჭინთვას შორის და ისე ებღაუჭებოდა გვერდით მდგარ ფერდაკარგულ ბიჭს, თითქოს ის იყო ერთადერთი, ვინც მის შველას შეძლებდა.
– ნიცა, გამოფხიზლდი და მე მომისმინე! ბავშვს გაგუდავ მასე, იცოდე!–დაუყვირა სოსომ და ბოლო სიტყვები იყო ერთადერთი, რამაც შეაძლებინა სიფხიზლის შენარჩუნება. უკანასკნელი ძალები მოიკრიბა და როცა ეგონა, რომ სულ ცოტაც და ყველაფერი დამთავრდებოდა, სწორედ მაშინ იგრძნო, როგორ ეცლებოდა რაღაც, რაღაც სასიცოცხლო, თორნიკემ კი, მოწიკწიკე აპარატის ხმის გახშირებასთან ერთად, ნიცას ჩაბღაუჭებული თითების შესუსტება რომ შენიშნა, სწორედ მაშინ დაიყვირა ვიღაცამ:
–სინუსური არითქმია, პულსი ეცემა, ორივეს ვკარგავთ!

* * *
ეგოისტურად არღვევდნენ ჩამავალი მზით შექმნილ მყუდროებას ზღვის ქაფიანი ტალღები და ისე ხმაურობდნენ, თითქოს ცდილობდნენ დაემტკიცებინათ, რომ თვითონ იყვნენ იქაურობის ბატონ–პატრონები. წყალი იყო უჩვეულოდ თბილი, მზე კი მცხუნვარე, გვიანი სექტემბრის კვალობაზე. ისე ნელა მიცურავდა ოქროსფერი ბურთი ლურჯი სითხისკენ, თითქოს მასაც ენანებოდა, არ უნდოდა ჩასვლა და სანახაობის გამოტოვება. უნდოდა კიდევ ცოტახანს გაენათებინა იმ წყვილისათვის ჰორიზონტი, რამდენიმე საათია ასე გაუნძრევლად რომ იჯდა და არც აპირებდა წასვლას. გოგონას ქარი უწეწავდა გრძელ თმას, მობუზულ მხრებზე კი ბიჭის პერანგი ჰქონდა მოსხმული და ისეთ უჩვეულო ბედნიერებას გრძნობდა, სიტყვებითაც რომ ვერ ხსნიდა საკუთარ მდგომარეობას. ზღვის სურნელს საყვარელი კაცის სუნამოს სუნი ერეოდა, ეს ყველაფერი ერთად კი ისეთ ტანდემს ქმნიდა, რომ არა კიდევ ერთი პატარა ფაქტორი, სამუდამოდ დარჩებოდა ასე.
– მთელი წელი გავიდა... – ბოლოს, ისევ ქერა, უკან კიკინად შეკრულთმიანმა ბიჭმა დაარღვია სიჩუმე და კენჭი უმიზნოდ მოისროლა.
– ყველაზე ემოციური წელი ჩემს ცხოვრებაში... – აჰყვა გოგოც.
– ჩვენს ცხოვრებაში. დღემდე ვერ შეეჩვიე. – ჩაეცინა ცალყბად და კიდევ ერთ კენჭს დაადებინა ბინა ზღვის ფსკერზე.
– ვერც ახალ სტატუსს შევეჩვიე ბოლომდე, რას ვიზამთ. – გაუღიმა და მარჯვენა ხელის არათითზე დასკუპებულ ბეჭედზე მოისვა ხელი.
– ასეთი წლის შემდეგ, ორივეს გვეპატიება... – ამოიოხრა და მესამე მცდელობაც, კენჭით სალტოები გაეკეთებინა, უშედეგოდ დასრულდა.
– თორნიკე... – უცნაური ხმით დაიწყო ნიცამ.
– გისმენ.
– ამ ერთი წლის განმავლობაში, განსაკუთრებით მას შემდეგ, ოდესმე გინანია?
– ვერც სულელური კითხვების დასმას გადაეჩვიე. – გაეცინა ზუსტად ისე, გოგონას რომ უყვარდა. უკან თავის გადახრით და ენის კბილებში მოქცევის პარალელურად.
– ანუ, არა?
– როგორ არა. – გახედა მოულოდნელად. – მინანია, დროის დაკარგვა მინანია, სიჯიუტეც მინანია და კიდევ, უაზრო თავმოყვარეობა რომ მიშლიდა ხელს რაღაც –რაღაცების და უფრო ზუსტად კი, ვიღაცის დანახვაში, ისიც მინანია.
– შარშან ამ დროს, ვერაფრით წარმოვიდგენდი, აქამდე თუ მოვიდოდით... – აღიარა გულწრფელად, მარცხენა მკლავზე შემოხვია ორივე ხელი და თავიც მხარზე ჩამოადო.
– მე იმას ვერ წარმოვიდგენდი, ამდენის გადატანა თუ შეგვეძლო.
– ნუ მახსენებ...
– მაინც არასდროს დაგვავიწყდება... – გაუღიმა და ისევ უშედეგოდ გაისროლა კენჭი.
– მაინც არ ნებდები? – გაეცინა გოგონას, როცა შეამჩნია, როგორ დასწვდა ახალს.
– გინდა, დავნაძლევდეთ? – ისე აზიდა წარბები, აშკარა იყო, რაღაც ჰქონდა ჩაფიქრებული.
– რაზე?
– თუ ამ კენჭს სამ ნახტომს გავაკეთებინებ, გაკოცებ...
– კარგი. – მხრები აიჩეჩა ისე, გულიც კი სწყდებოდა, მოგება გარანტირებული რომ ჰქონდა, თუმცა... თუმცა, არასდროს არაფერში უნდა იყო დარწმუნებული, როცა შენ გვერდით თორნიკე დადიანია. ბიჭი, რომელიც თვითკმაყოფილი ღიმილით შეათამაშებს ხელში მომცრო ზომის კენჭს და შემდეგ ისე, თითქოს მთელი ცხოვრება ამას აკეთებდა, სამ ნახტომს გააკეთებინებს აქაფებულ ზღვაში...
– აბა?–ქვედა ტუჩი კბილებს შორის მოიქცია სიცილის შესაკავებლად, გოგონას გაკვირვებული თვალები რომ დაინახა.
– როგორ?!
– უმარტივესია!
– მოიცა, აბა წეღან რომ...?
– სერიოზულად, ნიცა?
– მატყუებდი?! – აღშფოთდა ისე, თითქოს სახელმწიფო საიდუმლოება გამოეაშკარავებინოს, თორნიკეს კი, აღარ მოუცდია მეტხანს. გაღიმებული გადაიწია, ორივე ხელით დაუჭირა სახე და ისე შეახო საკუთარი ტუჩები მისას, თითქოს ეს კოცნა ყოფილიყო უკანასკნელი. უკვე საკმარისად კარგი გაკვეთილი მიიღო საიმისოდ, დრო რომ დაეკარგა რამეზე და იცოდა, ყოველი წამი ბოლომდე უნდა გამოეყენებინა. ზუსტად ისე, როგორც ახლა.
– აქამდე რით ვერ გამიცანი, ყიფიანი? – ჩაეცინა ბოლოს, ჟანგბადის ნაკლებობის გამო რომ მოსწყდა საყვარელი ქალის ტუჩებს და კიდევ უფრო ახლოს მიიკრა, ისედაც მკერდზე მიხუტებული გოგონა, თუმცა ეს მშვიდი ბედნიერება, დიდხანს არ გაგრძელებულა და მალევე აზანზარდა ეშმაკის მანქანად მოვლენილი მობილური ტელეფონი.
– ქეთო რეკავს. – გაეცინა ნიცას. – ალბათ, ლილიამ გაიღვიძა და შია. ჭკუიდან გადაიყვანდა!
– მამიკოს გოგოა, აბა, როგორ გინდათ?! – ჩაეცინა თვითკმაყოფილს და თვითონ წამოდგა პირველი. – წამოდი, დადიანების ლოდინი დიდხანს არ შეიძლება, მით უმეტეს კი, ისეთი დადიანის, ჩვენ რომ გველოდება და დარწმუნებული ვარ, უკვე საშინლად მოენატრა დედიკო და მამიკო. ნუ, დედიკოს და მამიკოს წვალება მაინც.–ჩაიფხუკუნა და ერთი მარტივი მოძრაობით წამოაყენა გოგონაც.
არსებობდა წამები, როცა გარშემო ყველაფერის არსებობა ავიწყდებოდა. ასეთი წამები კი, განსაკუთრებით ხშირად სწორედ ნიცასთან ჰქონდა. გოგოსთან, რომელთან ურთიერთობაც შეცდომით დაიწყო, თუმცა ახლანდელი გადმოსახედიდან, თუკი რამ ზუსტად იცოდა, ეს ის იყო, რომ სინამდვილეში სწორედ ამ ყველაფრის შეცდომად მიჩნევა იყო უდიდესი შეცდომა, რადგან წარმოდგენაც არ ჰქონდა, როგორი იქნებოდა მისი ცხოვრება ახლა, რომ არა შარშანდელი. იმდენად ბუნდოვან მოგონებად ეჩვენებოდა წარსული, ვეღარც იხსენებდა, როგორი იყო დღე ნიცას გარეშე. აღარც საკუთარი თავი ახსოვდა მაშინდელი. ორი თორნიკე არსებობდა თითქოს, ნიცამდე და მას შემდეგ. ის კი არ იცოდა, ორივე რომ თავდავიწყებით უყვარდა გოგოს, რომელმაც თავდაყირა დაუყენა ცხოვრება და ეს სამუდამოდ გაგრძელდებოდა. იქამდე მაინც, სანამ ერთმანეთის გვერდით ყოფნას ფიზიკური სიახლოვის გარეშეც იგრძნობდნენ და ეცოდინებოდათ, რომ ერთმანეთი ჰყავდათ. თუნდაც, ქვეყნის დასალიერში, თუნდაც, ერთმანეთისგან ყველაზე შორს მყოფებს. მთავარია, რომ ჰყავდათ ერთმანეთი და კიდევ ის პატარა არსება, რომელმაც შეაძლებინათ ამდენის გადატანა და ვისი წყალობითაც დაიწყო ურთიერთობა, რომელიც სინამდვილეში შეცდომა კი არა, ყველაზე სწორი რამ იყო, რაც კი მათ ცხოვრებაში ოდესმე მომხდარა...

ე პ ი ლ ო გ ი

როგორც ბოლო სამი წლის განმავლობაში, ეს დილაც პატარა კიკინებიანის მშობლების საწოლზე დახტომით დაიწყებოდა ალბათ, რომ არა ის მთავარი მიზეზი, რის გამოც აიძულა საკუთარ თავს ნიცამ, ყველაზე ადრე ამდგარიყო. ისე ღელავდა, პირველ ჯერზეც არ უნერვიულია ასე. ბევრი რამ იყო განსხვავებული წინანდელისგან, ფაქტობრივად, ყველაფერი, მაგრამ მაინც უკანკალებდა თითები და მოლოდინით სული ელეოდა. ისედაც არ გამოირჩეოდა დიდი ნებისყოფის უნარით, თუმცა როცა საქმე შედეგის ნახვას ეხებოდა, საერთოდ კარგავდა მოთმინებას. ეჭვიც არ ეპარებოდა, ყველაფერი რომ კარგად წავიდოდა, მაგრამ მხოლოდ „კარგად“ აღარ იყო საკმარისი.
ფეხისწვერებზე გავიდა ოთახიდან, თორნიკე რომ არ გაეღვიძებინა. ისე ფრთხილობდა, გამოცდილ მძარცველსაც შეშურდებოდა. თითქოს, განგებაც კი მის მხარეს იყო. არც იატაკი აჭრიალებულა მოულოდნელად და არც ლარნაკს შეჯახებია, გრანდიოზული მსხვრევა რომ გამოეწვია. უფრო პირიქით, საწოლში გაშხლართულმა ქერათმიანმა ხვრინვაც კი ამოუშვა და ამდენი წლის განმავლობაში, პირველად გაახარა ნიცა ამ ხმამ ასე ძალიან.
ყველაფერი მომზადებული და კარგად დაგეგმილი ჰქონდა უკვე. მთელი კვირა ემზადებოდა, გათვლებს აკეთებდა, საჭირო დროს არჩევდა. ლილიაც კი თანამზრახველად გაიხადა და ეცინებოდა კიდეც, ისე კონსპირაციულად მუშაობდა, თუმცა ეს საქმე ნამდვილად ითხოვდა ფედერალური ბიუროს აგენტისათვის საჭირო გასაიდუმლოების უნარს. სახლშიც კი მოახერხა ისეთი ადგილების აღმოჩენა, თორნიკეს რომ მთელი ოცდაშვიდი წლის მანძილზე, ერთხელაც არ მოსვლია თავში აზრად, შეემოწმებინა, იქნებ, რაიმე სასარგებლოს მაინც გადაყროდა, თუმცა, ამ შემთხვევაში ესეც ნიცას სასარგებლოდ იყო და საერთოდ არ ჰქონდა პრეტენზიების გამოთქმის სურვილი. გიჟდებოდა სიურპრიზების კეთებაზე, დღევანდელი კი, მაინც ყველაფრისგან გამორჩეული იქნებოდა ორი მიზეზით: თორნიკე იუბილარი იყო და ამბავი, რომელსაც გაიგებდა, ნამდვილად დაუკარგავდა მოსვენებას, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით...
ფრთხილად შეაღო ლილიას საძინებლის კარი, ყველაფერი რომ მოაგვარა. ისე უყვარდა ეს ოთახი. ზუსტად ისე მოუწყო მამიკომ, ნიცა რომ ოცნებობდა ბავშვობაში. მართლა სამაგალითო მამა იყო დადიანი. ვერც კი წარმოიდგენდა თავიდან, ასე თუ დაეხმარებოდა, მაგრამ ამ პატარა არსების პირველი წამოტირებისთანავე შეიცვალა ამ ბიჭში რაღაც და მიუხედავად სიტუაციის ტრაგიკულობისა, მაინც მოახერხა იმის გააზრება, ასმაგად რომ გაეზარდა პასუხისმგებლობა და ის სტატუსი მიენიჭა, ბოლო თვეების განმავლობაში მოუთმენლად რომ ელოდა.
ზოგჯერ, ჭკუიდან გადაჰყავდა მის მზრუნველობას ნიცა. საავადმყოფოში ყოფნის პერიოდში, არც ერთს ჰქონდა სხვა რამეზე ფიქრის თავი, განსაკუთრებით კი, ახალბედა დედიკოს, მთელი ორი კვირა თვითონაც პალატაში რომ გაატარა. ჭკუიდან გადადიოდა, ბავშვს რომ ვერ ნახულობდა, თუმცა ისე ცუდად იყო, ფეხზეც კი ვერ დგებოდა. ხშირად ფიქრობდა, რატომ წავიდა ყველაფერი ასე, თუმცა ამაზე ხშირად ის შეგრძნება ურევდა გონებას, იმ პაწაწინა არსებამ, ოცდაექვსი კვირის განმავლობაში მუცლით რომ ატარა, როგორ შეძლო ამდენის გადატანა. სამი თვე ჰყავდათ ინკუბატორში. სამი თვის განმავლობაში არ უძინია თორნიკეს წესიერად. მის კისერზე გადაირა ყველაფერმა. საყვარელი ქალის თითქმის დაკარგვამ, ერთი ციცქნა შვილის, ათას აპარატზე მიერთებულის ყურებამ. ხანდახან, ეგონა რომ ვერ გაუძლებდა. ფიქრობდა, რომ მეტი აღარ შეეძლო, მაგრამ ლილია, თითქოს ზუსტად გრძნობდა ასეთ მომენტებს და ისე ამხნევებდა, ჭკუიდან გადაჰყავდა მამიკო. სუნთქვის აპარატზე იყო მიერთებული, მინიატურული თითებით რომ მოეჭიდა ცერზე და თორნიკემ საბოლოოდ დაკარგა მაშინ საღად აზროვნების უნარი. არც კი ეგონა, ასეთი სიყვარული თუ შეეძლო. ნიცამ ხომ გადაუტრიალა მთელი სამყარო, მაგრამ ლილია აზროვნების უნარსაც აკარგვინებდა. იმასაც გრძნობდა, ერთმანეთისგან დამოუკიდებელი, განსხვავებული სიყვარულით რომ უყვარდა ორივე და ის კი არ იცოდა, როგორ შეძლებდა ცხოვრების გაგრძელებას, ისინი რომ დაეკარგა. ან კი, შეძლებდა საერთოდ?! ალბათ, არა...
– დედიკო, გავიღვიძე... – ატიტინდა პატარა დადიანი და ციმციმა, ცისფერი თვალები რომ შეანათა, მაშინვე გაუქრო ყველა ფიქრი. – რატომ დამასწარი?–მოიბუზა სასაცილოდ. წლისაც არ იყო, პირველად რომ დაუძახა „დედა“, თუმცა დღემდე ვერ ისმენდა ნიცა ამ სიტყვას გულგრილად. ახლა კი...
– დე, როგორ გეძინა? ნახე სიზმარი? – მიიხუტა თმაგაწეწილი, დათუნიებიან პიჟამაში გამოწყობილი და კისერში ჩაუწყო ცხვირი. გიჟდებოდა ამ სურნელზე.
– კი, ვითომ ბაღი დინოზავრმა შეჭამა! – ბედნიერი სახით გამოაცხადა და ტაშიც შემოკრა გახარებულმა, ნიცა რომ აფხუკუნდა.
– დე, იცი, დღეს მამიკოს დაბადების დღეა...
– ტორტზე სანთლები უნდა ჩავუქრო?!–აჭყლოპინდა სასაცილოდ და ისე აცქმუტდა, ძლივსღა მოახერხა გოგონამ დაჭერა. არა, მავნებლობაში ნამდვილად მამას ჰგავდა...
– კი, ოღონდ ჯერ საჩუქარი ვაჩუქოთ, კარგი? – თვალი ჩაუკრა შეთქმულივით. ხანდახან, ეჭვიც ეპარებოდა ლილიას ასაკში. ისეთი თვალებით უყურებდა, ეჭვიც არ ეპარებოდა, ყველაფერი რომ ესმოდა, რასაც ეუბნებოდა. მეგობარივით ჰყავდა უკვე და დღითიდღე აგიჟებდა თავისი ჭკვიანური ტიტინით.
ახლაც, თვალებაციმციმებულს რომ დააჭერინა ლამაზად შეფუთული ყუთი და თვითონ კამერამომარჯვებული გაჰყვა უკან, არც კი უკითხავს უმცროს დადიანს, რა უნდა ეთქვა მამიკოსთვის, ისეთი შემართებით დაახტა ამ უკანასკნელს პირდაპირ თავზე. გიჟდებოდა მშობლების წვალებაზე. ჰობად გაიხადა უკვე და ისეთ რაღაცებს იგონებდა, ვერც კი ეჩხუბებოდნენ გაოცებულები.
– მამა, მამიკო, მა, შენი დღეა! – აჭყიპინდა და ისე დაიწყო ხტუნვა, გამოცდილ მოჯირითესაც შეშურდებოდა. სრული ეფექტისთვის, თმაშიც ჩაავლო ხელი და საბოლოოდ, თვალები რომ გაახელინა, ახლა ლოყებზე დაუტყაპუნა პატარა ხელები.–ტორტი უნდა ჩაგიქრო!
– ტორტი კი არა, სანთლები უნდა ჩამიქრო, მა! – დასცინა და ცხვირზე ჩამოკრა თითები. ბოლო წლების განმავლობაში, ვერც კი წარმოედგინა დილა, ლილიას გარეშე დაწყებული, მიუხედავად იმისა, ზოგჯერ ზედმეტად სერიოზულ საქმეში რომ უშლიდა ხელს.
– საჩუქარი უნდა გაჩუქოთ! – ხელები გაუსვა ერთმანეთს და ყუთი რომ გაუწოდა, მხოლოდ შემდეგ შენიშნა თორნიკემ ნიცა, ქორწილის ოპერატორივით რომ დასდგომოდა თავზე, კამერით ხელში.
– ნიცა, რას აკეთებ? – გაეცინა და ცოტა არ იყოს, ეჭვნარევი მზერით დახედა ყუთს, რამდენიმე წამში კი, ყურთანაც მიიდო და არ წიკწიკებსო რომ გაიკვირვა, მხოლოდ იმით გადარჩა თავში ბალიშს, გოგონას ხელები რომ დაკავებული ჰქონდა.
მოთმინება გამოლეულმა მოაცალა შესაფუთი ქაღალდი და თვალები აატრიალა, შიგნიდან კიდევ შეფუთული რომ დახვდა. ძველი ხრიკი იყო უკვე, მაგრამ არც ერთი იშლიდა ამ ჩვევას და არც მეორე. მართალია, ნიცას უფრო ეჩქარებოდა ამ საჩუქრის გახსნა და ერთიანად დაიჭამა ტუჩები მოლოდინით, თუმცა მაინც ვაჟკაცურად ინარჩუნებდა დუმილს.
აი თორნიკე კი, უკვე ვეღარ ითმენდა და ქაღალდები ერთიანად რომ შემოაცალა, ის ერთი წამი, სანამ ყუთს თავსახურს ახდიდა, ნახევარ ცხოვრებას უდრიდა ალბათ. ეჭვები კი ჰქონდა, მაგრამ არაფრის დიდებით ამჟღავნებდა, სანამ დასაბუთებულ დასკვნას არ მიიღებდა. ჩუმად იყო და ელოდა... ელოდა იმას, რაც საჩუქრად მიიღო და ყუთში ახალშობილის ფეხსაცმელები, საწოვარა და ორსულობის ტესტი რომ დახვდა, ორი, წითელი ხაზით, არც კი იცოდა, როგორ გამოეხატა ემოცია. ტუჩებსაც ვეღარ მოუყარა ერთად თავი, ისე აუტყდა სიცილი და მხოლოდ მაშინ გამოერკვა, ლილიას ხმა რომ გაიგონა.
– მამიკო, თვალები დაგისველდა?! – ჰკითხა შეშინებულმა და ვერაფრით გაიგო, რა დაემართა მამიკოს, ან რატომ ტიროდა დედიკო სიცილის პარალელურად. ისე უცნაურად მოეჩვენა ყველაფერი. ვერც იმას მიხვდა, რატომ გაუხარდათ ასე ძალიან ყუთში ჩადებული „ფლომასტერის“ დანახვა, თუმცა თვითონაც გახარებული აჭყლოპინდა, ორივე ერთდროულად რომ ჩაეხუტა.
– ისევ? – ცალყბად ჩაეღიმა დადიანს, საყვარელი მეუღლე რომ მიიკრა შვილთან ერთად.
– ისევ.
– და თავი დაუკრა ნიცამაც, იმ მომენტში კი, არც არაფერი სჭირდებოდათ მეტი, რადგან ყველაზე მთავარი, ერთმანეთი უკვე ჰყავდათ და კიდევ, ის პატარა, მზესუმზირის მარცვლისხელა არსება, დედიკოს მუცელში რომ იყო ახლა და სულ მალე, უფროსი დაიკოსავით გაუქრობდა მამას ღამის ძილს, ათასნაირი, უცნაური საჭმლის მოსაძებნად რომ გაუშვებდა ქვეყნის დასალიერში...

დ ა ს ა ს რ უ ლ ი
***
P.S. გათენებული ღამეები, " ვორდის" 379ფურცელი, 39თავი და უამრავი, უთვალავი, ყველაზე ბევრი მკითხველი და თბილი სიტყვა.
ეს იყო მოთხრობა, რომლითაც შედგა ჩემი დებიუტი მარაოზე.
ეს იყო მოთხრობა, რომელიც ყველაზე შინაურულია ჩემთვის, რადგან ნიცას მთელი სამეგობრო წრე სინამდვილეში ჩემია. რადგან ისტორიების ნაწილი რეალურია, ადგილები, ფაქტები, ყველაფერი ჩემია.
ეს იყო მოთხრობა, რომლის წერის დროსაც მე ვიყავი ყველაზე ბედნიერი.
ეს იყო შეცდომა, რეალურად კი, ჩემთვის ყველაზე დიდი შეცდომა ამის დაუწერლობა იქნებოდა.
ყველაზე მეტად გამზარდა, ყველაზე მეტად განმავითარა, ყველაზე მეტი მასწავლა და ყველაზე მეტად მომანდომა წიგნი, რომლის ყდაზეც ეწერება „შეცდომა“.
შემაძენინა ყველაზე მეტი ადამიანი და იმდენი სიყვარული, იმდენი თბილი სიტყვა, ვერც ვიგებ ბოლომდე, რით ვიმსახურებდი ამ ყველაფერს.
და ბოლოს, ეს ვარ მე, ავტორი, რომელიც იმაზე და ისეთ თემებზე წერს, როგორზეც ეწერინება. ზოგისთვის მარტივად, ზოგისთვის არარეალურად, ზოგისთვის ზედმეტად ზღაპრულად და ტკბილად, თუმცა ზუსტად იმაზე, რისი წერაც მინდა და ზუსტად ისე, როგორც წერენ თითები თავისით, როცა კლავიატურას ეხებიან.
მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველას, თითოეულ მკითხველს, თითოეულ ადამიანს, რომელსაც ერთსიტყვიანი კომენტარი მაინც დაგიტოვებიათ, ერთი გული მაინც მოგიწერიათ, ან არაფერი გაგიკეთებიათ სააშკარაოზე გამოსასვლელად, მაგრამ თქვენთვის კითხულობდით. მადლობა, რომ იყავით ჩემთან ერთად და ჩემ გვერდით. მადლობა, რომ მყავხართ. უთქვენოდ არც შეცდომა იქნებოდა და არც მე ვიქნებოდი ასეთი.
უბრალოდ, გმადლობთ და მიყვარხართ. 
ნათია ჯაგოდნიშვილი
FaceBook ბეჭდვა
ტეგები:
კომენტარები / 49 /
ნინო
მადლობა ავტორს
15:51 / 08-08-2019
გამოხმაურება / 0 /
გიული
სიამოვნებით წავიკითხავდი წიგნს.ძალიან მომეწონა.
10:07 / 15-07-2019
გამოხმაურება / 0 /
ყველა კომენტარი
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
e87a93