ნოველები

საქმე №109. III თავი (წარსულის იარა)

საქმე №109.  III თავი (წარსულის იარა)
ყველაზე მეტად ლილუსთან ურთიერთობის არევის ეშინოდა დემნას. წარმოდგენაც კი უჭირდა, რა მოუვიდოდა, შვილი რომ დაეკარგა. ლილუც რომ დაეკარგა... ფიზიკურად გრძნობდა ტკივილს ამის გააზრებისას და ყველა კუნთი ერთდროულად ეჭიმებოდა. კბილებსაც ძლიერად აჭერდა ერთმანეთს, მაგრამ ბრაზის შეკავებას მაინც ვერაფრით ახერხებდა...

სწორედ ეს პაწია არსება დარჩა ერთადერთ იმედად მაშინ, როცა ყველაფერი ერთიანად ჩამოენგრა თავზე. სამსახური, კარიერა, ოჯახი... ყველაფერი ერთად დაკარგა, თითქოს წამებში განვითარდა მოვლენები. მოულოდნელად მოვარდნილი ქარიშხალივით წალეკა ყველაფერი და გამოღვიძება როცა მოახერხა, უკვე მარტო იყო. სრულიად მარტო, ნაომარ
ველზე დარჩენილი. გვერდით კი საერთოდ არავინ ჰყავდა ისეთი, ვინც მხარს შეაშველებდა, წამოდგომაში დაეხმარებოდა და სამშვიდობოს გაიყვანდა...

დააშავა. მასზე უკეთ არავინ იცოდა, თვითონ რომ იყო ამ ამბავში დამნაშავე, თუმცა ერთი შეცდომის გამო ყველა ცოდვას საკუთარ თავზე ვერ აიღებდა. ზედმეტად ამაყი იყო ამისთვის. ვერ დაიბრალებდა, თავს დამნაშავედ იმის გამო ვერ იგრძნობდა, რაც არ ჩაუდენია. მასზეც ისევე იმოქმედა მომხდარმა, როგორც დანარჩენებზე. მანაც იმდენივე დაკარგა, რაც ელენემ. შეიძლება ცოტათი მეტიც... და უბრალოდ არ შეეძლო, მოეტყუებინა. ვერ ეტყოდა იმას, რასაც არ ფიქრობდა... და რომც ეთქვა, ზუსტად იცოდა, ქალი, რომელთანაც უკვე ბევრი წელი აკავშირებდა, ზედმეტად კარგად იცნობდა საიმისოდ, ტყუილი რომ დაეჯერებინა.

აი, ლილუ კი სულ სხვა თემა იყო... განქორწინების საბუთებს რომ აწერდა ხელს, წამითაც არ დაუშვია ის ფაქტი, შვილის ნახვაში ოდესმე ვინმე თუ შეუშლიდა ხელს. არც იმას განიხილავდა, საკუთარი ქალიშვილი სხვა კაცთან ხელჩაკიდებული თუ ისეირნებდა, სხვას თუ დაუხატავდა ფერადი ფანქრებით სასაცილო კაცუნებს, სხვას თუ ჩაუჯდებოდა კალთაში ახალი ამბების მოსაყოლად და სხვა თუ აკოცებდა ძილის წინ შუბლზე. ის კი არა, ხელმოწერის დატოვებისას, წამითაც არ შეჰპარვია ეჭვი იმაში, ელენესთან ერთად კიდევ ერთი საბუთის გაფორმება რომ მოუწევდა, როცა ყველაფერს მოაგვარებდნენ.

ოჯახს ასე ვერ დათმობდა. არ დაკარგავდა იმას, რაც მისი იყო, მას ეკუთვნოდა და არავის მისცემდა უფლებას, წვალებით ნაშენები ბედნიერება წაერთმია. გონებაშიც ვერ ივლებდა იმ აზრს, მის შეცვლას ვინმე თუ შეძლებდა და არც გოგონები იქნებოდნენ ამის წინააღმდეგნი.

არც მაშინ ჰქონია შიშის გრძნობა, წერტილის დასმის შემდეგ კვლავ გერმანიაში რომ გადაიხვეწა. ესეც მხოლოდ ელენესთვის გააკეთა. ერთადერთი იყო მაშინ, რისი მიცემაც საყვარელი ქალისთვის შეეძლო და როგორღაც მოახერხა, საკუთარი სურვილები უკანა პლანზე გადაეწია. იცოდა, რომ გაუჭირდებოდა. დატანჯავდა მონატრება, კედლებზე გაიყვანდა მათზე ფიქრი და კბილების ღრჭიალს დააწყებინებდა, თუმცა უნდა გაეძლო. მასაც უნდა გადაეხადა საფასური მომხდარისთვის. მასაც უნდა სტკენოდა. უფრო ზუსტად კი, მას იმაზე მეტად უნდა სტკენოდა, ვიდრე ელენეს.

შვილს რომ კომპიუტერის მონიტორის გავლით ესაუბრებოდა, თითქოს ამით ივსებდა სიშორეს, მაგრამ იცოდა, ლილუს ძილის წინ გვერდით მწოლი მამის წაკითხული ზღაპარი სჭირდებოდა და არა ყურსასმენებით მოსმენილი. იცოდა, ცუდი სიზმარი რომ გააღვიძებდა და მშობლების საძინებელში შეირბენდა გულამოვარდნილი, იქ ორივე უნდა დახვედროდა, მათ შორის რომ ჩაწოლილიყო საწოლის ქვეშ მყოფი მონსტრებისგან დასაცავად.

შესანიშნავი დედა იყო ელენე. მასზე უკეთესი ალბათ არც არსად ეგულებოდა. არც სხვა ქალი წარმოედგინა შვილის დედად, მაგრამ ეს მაინც არ ცვლიდა იმ ფაქტს, ლილუს მამის სიახლოვეც რომ სჭირდებოდა.

რა უნდა გაეკეთებინა იმხელა მანძილიდან, ვინმეს რომ ეწყენინებინა? როგორ უნდა მოქცეულიყო, მისი ქალიშვილი ველოსიპედის მართვის სწავლას რომ მოინდომებდა? ან, პირველად რომ დადგებოდა გორგოლაჭებზე. ნახეთქებიც უმისოდ გაუჩნდებოდა მუხლებზე და გადაღვლეპილ კანსაც მხოლოდ დედასთან ერთად მოიშუშებდა...

ამოჭრილი კადრივით იქნებოდა დემნა მის ცხოვრებაში. მამად, რომელიც ჰყავდა, მაგრამ არა გვერდით... ამას კი, სიკვდილი ერჩივნა. რაც დრო გადიოდა, ყოველდღე უფრო და უფრო აგიჟებდა ეს ფიქრები და ბოლოს, ვეღარც გაუძლო. ისე აღმოჩნდა აეროპორტში, ჩალაგებული ბარგით და პასპორტით, უკვე თვითმფრინავში რომ იჯდა, ვერაფრით შეძლო გახსენება, ან ბილეთის ყიდვა როდის მოასწრო, ან ნივთების შეგროვება, პირველსავე რეისს რომ გამოჰყოლოდა. არც არავინ გაუფრთხილებია. საკუთარი მშობლებისთვისაც კი არ დაურეკავს და უკვე ჩამოსული, არც შუაღამეს მორიდებია, არც ამდენხნიან დისტანციას, გეზი პირდაპირ იმ სახლისკენ აიღო, ერთ დროს მასაც რომ ეკუთვნოდა.

ახლად გაღვიძებული, აღელვებული და დაბნეული შვილი გულში რომ ჩაიკრა, ზურგი კი საყვარელი ქალის მზერამ აუწვა, ისეთი გრძნობა დაეუფლა, თითქოს მეორედ დაიბადა. კისერზე ეხვეოდა წვრილი მკლავები, ცხვირში კი ნაცნობი სურნელი უღიტინებდა და ალბათ, იმ წამსვე სიკვდილისთვისაც მზად იქნებოდა, ყველაზე მთავარი რომ არ ჰქონოდა მოსაგვარებელი...

და ახლა... ახლა უყურებდა, როგორ ჩაეკიდა ლილუს ხელი სრულიად უცხო კაცისთვის და თვითონაც ვერ ხვდებოდა, როგორ ახერხებდა სავარძელში გაჩერებას, როცა შიგნეულობა საშინლად ეწვოდა. თითქოს ცეცხლი ეკიდა და ჩაქრობა არ შეეძლო, რადგან თვითონვე მოისპო ამის უფლება ორი წლის წინ.

- მოდი, მამიკო, ჩემთან, რა... - ძლივს ამოიღო ხმა და ბავშვი დარასელს სწრაფად რომ გაუსხლტა ხელიდან, მანამ ამოისუნთქა შვებით, სანამ თვითონ ჩაიკრავდა გულში.
- თქვენი პატარა ქალბატონი კაფეტერიაში დასეირნობდა მარტო... - მოხსენებასავით გამოუვიდა უფროსს. - და ვიფიქრე, გამოგეპარათ...

- კი არ გამოვიპარე, დედიკო და მამიკო დავტოვე მარტო. - ენის გამოყოფაღა დააკლდა სრული ეფექტისათვის პატარა კაპასს და დედის თვალების ბრიალიც მიიღო პასუხად, თუმცა მამის მზერა რომ დააფიქსირა, კიდევ გააგრძელა. - თვითონვე გამომიშვეს, პატარა კი აღარ ვარ!

- ლილუ! - ელენემ ვეღარ შეიკავა თავი. ისედაც ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს ბეწვის ხიდზე გადიოდა. იმდენად დაძაბული იყო, სახსრებიც კი სტკიოდა, ახლა კი, საკუთარი შვილიც უმატებდა, მამის ჩუმი მხარდაჭერით გათამამებული და უკვე ეჭვი ეპარებოდა, კიდევ თუ შეძლებდა რამის მოთმენას.

- როგორც ვხედავ, უკვე გაშინაურდით... - თუმცა ამჯერად დემნას მიუბრუნდა დარასელი.
- თავადვე არ იზრუნეთ ამაზე?! - კაცს კი, ისე ჩაეღიმა, აშკარა იყო, პაექრობის დაფარვას არც აპირებდა.
- მე მხოლოდ საკუთარი კომპანიის იურიდიულ მხარეზე ვიზრუნე, ბატონო დემნა. - აჰყვა გიორგიც. - დანარჩენი ჩემი საქმე არ არის და ვფიქრობ, არც თქვენ უნდა გაინტერესებდეთ სხვა საქმეები სამუშაო პროცესში.
- გიორგი, მე გიხდი ბოდიშს, უბრალოდ, იმდენად მოულოდნელი იყო... - სწრაფადვე დაიწყო ელენემ, თუმცა დამთავრებაც არ აცადა, ისე გააწყვეტინა ყოფილმა მეუღლემ.
- დღეს მე რომ მუშაობის დაწყება ვერ შევძელი, ჩემი ბრალი ნამდვილად არ არის და ამიტომ, მოდი, ჩავთვალოთ, რომ უბრალო სტუმრის სტატუსით ვესაუბრებოდი თქვენს ეკონომისტს. მგონი, ეს აკრძალული არ უნდა იყოს, არა?

- უბრალო სტუმრები ჩვენს მთავარ ეკონომისტს უბრალო საქმეებზე ვერ გაესაუბრებიან, დემნა. თუ, რა თქმა უნდა, უფროსი არ ჩათვლის ამას საჭიროდ. - არც უცდია თვითკმაყოფილი ტონის დაფარვა, ისე წარმოთქვა და შემდეგ, ერთადერთი, ვის გამოც დაწყებული ბოლომდე არ მიიყვანა, ერთიანად აჭარხლებული, განერვიულებული ელენე იყო.
- ასე რომ, თუ მორჩით, ნუ მოაცდენთ ჩემს თანამშრომლებს და თქვენც დაისვენეთ. ხვალიდან ისედაც სამსახური გელოდებათ, რომელიც, დამერწმუნეთ, თქვენთვისაც კი არ იქნება მარტივი...

* * *
ქორწილმა ზუსტად ისე ჩაიარა, როგორც ქართულ, ტრადიციულ სუფრას შეეფერებოდა. პოემისოდენა სადღეგრძელოებით, ქართული ცეკვით, მთვრალი სტუმრებით და ლამის იმის დავიწყებით, საერთოდ რისთვის იყვნენ შეკრებილნი. როგორ ვერ იტანდა ელენე ასეთ სიტუაციებს. უსიამოვნოდ გააჟრჟოლებდა ხოლმე და ისეთი სახით იჯდა, არც კი ფარავდა უკმაყოფილებას. თუმცა, დღევანდელი შემთხვევა იმდენად გამორჩეული გამოდგა, ლექსომაც კი მოიკითხა შვილი, რა სჭირს, ხომ კარგად არის, მაგიდასთან რატომ არ ზის ცხვირჩამოშვებულიო. თუმცა გოგონას იმ მომენტში ბევრად მნიშვნელოვანი საქმეები ჰქონდა საიმისოდ, იქ რომ გაჩერებულიყო...


მთელი საღამო არ მოშორებია ბავშვს. როგორც კი დროს იხელთებდა, ხუთი წლის გოგოსავით იდგა ატუზული პატარძლის მაგიდასთან, თითქოს კიტრისა და ლიმონათის მიცემას ელოდა. ვერც კი ხვდებოდა, რამ მოაჯადოვა ასე ძალიან და სინამდვილეში, სულ სხვა ადამიანი ხომ არ იზიდავდა აქაურობისაკენ, თუმცა ეს „სხვა ადამიანი“ წამითაც არ გასცდენია ოფიციალურობის ფარგლებს.

- ერთ კვირაში სურათებს და ვიდეოჩანაწერს მოგვიტანენ და შენც გამოდი ჩვენთან! - გადაულაპარაკა ნინამ, ცოტა ხნით ნატასთან ერთად ვერანდაზე რომ იყვნენ გასულები. ისეთი სიტუაცია იყო დარბაზში, ზუსტად იცოდა, უპატარძლობას ვერც შენიშნავდნენ და ამიტომაც გამოიპარა.

- გამოვალ. თან სანდროსაც ვეთამაშები, დღეს ძალიან მალე დაიძინა და არ მეყო! - გაეცინა გამხიარულებულს. ისე თავისუფლად გრძნობდა თავს ამ გოგოების გვერდით, სულ არ ეტყობოდათ, დღეს თუ გაიცნეს ერთმანეთი.

- ფოტოგრაფი არ მოყვება, ისე? - ჩაეცინა ნატას.
- მხოლოდ სპეცშეკვეთით! - თვალი ჩაუკრა მეგობარმა. - მაგრამ იმის ამსახველ კადრებს ნამდვილად მოაყოლებს, მაგხელა ქუსლებზე შემხტარმა „აჭარული“ რომ იცეკვე. - შემდეგ კი, უსერიოზულესი ტონით რომ წარმოთქვა, სამივეს სიცილი აუტყდა. ნატა და ქუსლები აშკარად ვერ მეგობრობდნენ და მთელი დღის განმავლობაში ახერხებდა ამის დამტკიცებას.

- აქ ვინმე ცეკვაზე საუბრობდა?! - მოულოდნელად ჩაერთო ბიჭის ხმაც, შემდეგ კი, სიბნელეში დემნას ფიგურა რომ გამოიკვეთა, ელენემ გაუცნობიერებლად, ისე სწრაფად იკბინა ტუჩზე, ტკივილისგან ძლივსღა მოახერხა ღმუილის შეკავება.
- ერთმა, არიქა და გრანდიოზული კაბა მაცვია და „დაისის“ მეტს ვერაფერს ვიცეკვებო, მეორე მთელი დღეა, ჟურნალისტობანას თამაშობს და კამერას ვერ მოვწყვიტე, რა ნამუსით ლაპარაკობთ ცეკვაზე?!

- დემნა, ტორტი არ გიჭამია ჯერ?! - შეიცხადა ნინამ. - ტკბილი იყო, აშკარად, ცოტათი მაინც არ გიშველა? - შემდეგ კი, ისეთი სიცილი აუტყდა, დანარჩენების გაკვირვებული სახეები რომ დააფიქსირა, კარგა ხანს ვეღარ გაჩერდა.

- გეგა, ცოლს მიხედე, უკვე გამითამამდა! - გასძახა ხერგიანმაც სიცილით მეგობარს. ისეთი შინაურული სიტუაცია იყო შექმნილი, რაღაცნაირად, ძალიან უცხოდ იგრძნო ელენემ თავი და ისეთი უხერხულობა შეექმნა, აღარც უნდოდა იქ გაჩერება. ვერ იტანდა, როცა სადმე ზედმეტი იყო, ახლა კი, აშკარა იყო, ზუსტად ასეთ სიტუაციაში რომ აღმოჩნდა.

- მე შევალ... - მორიდებით გადაულაპარაკა ნათესავს და ის იყო, დარბაზში შედგა ფეხი, ზურგსუკან კვლავ დემნას ხმა მოესმა.

- აჰა, მესამეც გაიქცა! - თუმცა უკან მაინც არ მიბრუნებულა...

და იმ დღეს, სურვილის მიუხედავად, საერთოდ აღარ ამდგარა საცეკვაოდ. თვითონაც ვერ მიხვდა, რა დაემართა, ან რას აპროტესტებდა, რატომ იჯდა დაღვრემილი. რა ეწყინა?! იგნორირება რომ გაუკეთეს? არ იყო გოგო ყურადღების ნაკლებობას შეჩვეული და ვერ აიტანა?! არადა, საერთოდ არ იყო ასეთი... ნუ, ყურადღება კი სიამოვნებდა, ან კი ვის არ სიამოვნებს, მაგრამ დედისერთობის მიუხედავად, ეგოისტობა არასდროს გამოუვლენია, ამ შემთხვევას თუ არ ჩავთვლით...

ბოლოს ისევ დემნას გადააბრალა მომხდარი. არც კი იცნობდა კარგად, ისე მიაწერა დანაშაული და გაბრაზდა კიდეც, როგორი უზრდელი ყოფილა, ახალგაცნობილს ასეთი უხერხულობა რომ შემიქმნაო. ისე აეკვიატა ეს იდეა, ქორწილის შემდეგ მთელი კვირა იმ ფაქტით საზრდოობდა, რამდენიმე დღეში ამ „უზრდელს“ რომ ნახავდა და საკუთარი უშუალობითა და კომუნიკაბელურობით გადაუხდიდა სამაგიეროს! აბა, რა ეგონა, მაჩაბლის ქალს რომ აწყენინა?! თუ მოქცევა არ იცოდა, მოუწევდა ესწავლა, რადგან ელენე გარიდებას აღარ აპირებდა!

და აღარც დასჭირვებია... არა, დემნას დამოკიდებულება ნამდვილად არ შეცვლილა. არც გულთბილად გადახვევია, როგორ გამიხარდა შენი დანახვაო და არც ის უკითხავს, ქორწილიდან ასე სწრაფად რატომ გაქრიო. საერთოდაც არ დახვდა და მთელი საღამო ისევ ეკლებზე იჯდა ელენე, საკუთარი გეგმის განხორციელების საშუალება რომ არ მიეცა.

- აბა, ჩავრთოთ?! - აჟიტირებულმა მოიმარჯვა ტელევიზორის პულტი ნინამ და ამ სიტყვებით კიდევ ერთხელ დაარწმუნა, სხვას რომ აღარავის ელოდებოდნენ.

- გეგა, შენს მეჯვარეს არ უნდოდა ნახვა?! - და მაინც ვერ შეიკავა თავი. ბოლოს და ბოლოს, ის ხომ მაინც უნდა სცოდნოდა, კიდევ უფრო მეტად უნდა გაბრაზებულიყო თუ არა?!

- ჩემი მეჯვარე ფრიად დაკავებული პიროვნება გვყავს, ელენ! - სიცილით ჩაუკრა თვალი ბიჭმა. - ქორწილის მეორე დღესვე გაფრინდა უკან.

- გაფრინდა?!
- ჰო, გერმანიაში.
- ანუ იქ გაიცანით ერთმანეთი? - და კიდევ ერთი კითხვა შეაპარა ეშმაკურად.
- ჰო, ერთ უნივერსიტეტში ვსწავლობდით, მაგრამ ვაჟბატონი ჩემზე პატარაა და ერთი წელი კიდევ მოუწევს ნამდვილი ქართული ხინკლისა და ხაჭაპურის გარეშე გაძლება!
- მეგონა, სწავლა დამთავრებული გქონდათ...
- ჩვენ კი, მაგრამ ხერგიანი ისეთი ბეჯითი გვყავს, ვერაფრით ავაწყვიტეთ წიგნებს! - ახარხარდა და ნატაც აჰყვა, აშკარად რაღაც „შიდა ხუმრობა“ რომ გაჟღერდა...
- ჰო, წიგნებს, გეგა, წიგნებს! კარგ, გერმანულ, ქერათმიან, ცისფერთვალა წიგნებს...
- ხო იცი, ნატალია, როგორ უყვარს დემნას გერმანული ენა!
- ჰე ახლა, მორჩით! - გაეცინა ნინასაც. უკვე ტუჩებს იჭამდა, ისე აინტერესებდა ჩანაწერის ნახვა, თუმცა ვერც საუბარს აწყვეტინებდა და პარალელურ რეჟიმში იმასაც ახერხებდა, ნატასთვის რომ მიენიშნებინა, აქ რაღაც ხდებაო. საოცარი გოგო იყო, ყველაფერს ასწრებდა და როგორ ძალიანაც უნდა მოგენდომებინათ, ვერაფრით შეძლებდით, რამე გამოგეპარებინათ. მთავარია, ოდნავ მაინც შეემჩნია რამე და შემდეგ სულს ამოგხდიდათ, სანამ სიმართლეს არ გათქმევინებდათ. ჰოდა, ეს სწორედ ის შემთხვევა იყო, როცა მიხვდა, კიდევ ერთი საქმე ელოდა „გამოსაძიებელი“, თუმცა, ყველაფერი მოიცდიდა, რადგან ახლა ერთადერთი აინტერესებდა: მოესწრო ჩანაწერის ბოლომდე ყურება, სანამ სანდროს ეძინა!

* * *

ასეთი დატვირთული დღე დიდი ხანია აღარ ჰქონია ელენეს. ჯერ ლილუს პირველი დღე სკოლაში, შემდეგ „ახალი თანამშრომელი“. ისეთი გათიშული დაბრუნდა სახლში, ძლივსღა მოახერხა, პატარა ენატლიკინა რომ ებანავებინა და დასაწოლად მოემზადებინა. სიმართლე ითქვას, ემოციურად უფრო დაიღალა, ვიდრე ფიზიკურად.
ამაზე უარესებიც გადაუტანია. ისეთი გადარბენა ჰქონია სამსახურში და ყველაფერი მოუსწრია, ახლა კი, ერთადერთი, რაც უნდოდა, ცხელი შხაპი და ძილი იყო. როგორმე უნდა მოეხერხებინა და ცოტა ხნით მაინც გაეთიშა გონებაში ის ღილაკი, განგაშის ზარივით რომ გაჰყვიროდა დემნას სახელს.

როგორ ჩაუშალა ყველაფერი! რამდენ ხანს წვალობდა, როგორ ცდილობდა, უკვე დარწმუნებულიც კი იყო, რომ დავიწყება მოახერხა და გადაიტანა, მაგრამ არა! სწორედ ამ დროს გამოჩნდა და თავზე ჩამოანგრია ორი წლის ნაშენები, ხელოვნური სიმშვიდე.
იცოდა, როგორ არ იცოდა, საკუთარ ნაჭუჭში გამოკეტვა რეალურად არც ისე კარგი გზა რომ იყო იმ პერიოდის გადასალახად, თუმცა სხვა ვერაფერი მოახერხა მაშინ და ახლა საშინლად ბრაზდებოდა, ეს ნაჭუჭი რომ დაუმტვრიეს და გარეთ გამოსვლა აიძულეს.
ყოველთვის ასეთი იყო დემნა! პირველივე დღიდან უშლიდა გეგმებს და სრულიად საპირისპიროდ იქცეოდა! ისე თამაშობდა მის ნერვებზე, თითქოს უკეთესი გასართობი არც ეგულება, თუმცა ახლა, საბოლოოდ დააგვირგვინა, იმავე სამსახურში, იმავე ოფისში და სულაც, იმავე სართულზე რომ დაიწყო მუშაობა, სადაც ელენე იყო. ბოლო წამამდე არ უნდოდა დაჯერება. სადღაც, გულის სიღრმეში, წამიერად ისიც კი გაიფიქრა, იქნებ კონტრაქტი გააუქმოს და უარი თქვასო და მიუხედავად იმისა, რომ იცოდა, როგორი უაზრობაც იყო ეს ფიქრი, მაინც გული დასწყდა, რომ არ გამართლდა.

წარმოდგენაც არ ჰქონდა, როგორ უნდა გაეძლო. როგორ აეტანა ყოველდღე მისი დანახვა?! საკუთარ კაბინეტში ნამდვილად ვერ ჩაიკეტებოდა, ვერც თათბირებს გააცდენდა, სამსახურიდან წამოსვლა ხომ, საერთოდ არც კი განიხილებოდა. არასდროს ყოფილა მშიშარა და გაქცევა ნამდვილად არ იყო მისი სტილი. პირიქით, ყოველთვის ბოლომდე მიჰყავდა დაწყებული და არაფრით იტყოდა მიზნის შესრულებაზე უარს.
მაშინაც კი, ყველაფერს წერტილი რომ დაუსვა და მისი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი დასრულდა, მტკიცე უარი განუცხადა დედას საცხოვრებლად სხვაგან გადასვლაზე. იცოდა, რომ არ უშველიდა. მხოლოდ მხდალივით მოქცევა შერჩებოდა ბოლოს, შეშინება და დამალვა. დამალვით კი, როცა მართლა საჭირო იყო, მაშინაც არ დამალულა და მოგვიანებით უკვე აღარაფერს ჰქონდა აზრი.

დაახლოებით იგივენაირ სიტუაციაში იყო ახლაც. გამოსავალი რომ არსაიდან ჩანდა, უკან დასახევი გზა კი თვითონვე ჩაიხერგა. ერჩივნა დატანჯულიყო, ვიდრე ძილის წინ საკუთარ არაცნობიერს შეეხსენებინა, როგორ მოიქცა. მხოლოდ ის დარჩენოდა, გაეძლო. ამას კი რამდენად გადაიტანდა, უკვე აღარ იცოდა, რადგან სწორედ მაშინ აირია ყველაფერი, როცა ეგონა, რომ აღარაფერი შეიცვლებოდა.
ოკეანეც ხომ ყველაზე მშვიდი სწორედ ყველაზე დიდი შტორმის წინ არის...

* * *
- ბატონო დემნა, თქვენთვის უკვე ყველანაირი პირობაა შექმნილი სამუშაოდ! ბატონმა გიორგიმ საკუთარ თავზე აიღო ყველაფრის მოგვარება. იამაყეთ, როგორც ჩანს, მისთვის მართლაც მნიშვნელოვანი კადრი ხართ! - შენობაში იმ წუთის შესული იყო, გუშინდელი გოგო რომ შეეგება „სასიხარულო ინფორმაციით“. წარბიც არ შეუხრია. ისედაც იცოდა, როგორი დონის კადრიც იყო და იმასაც ხვდებოდა, რატომ იზრუნა უფროსმა ასე განსაკუთრებულად. ყველაფერს კარგად ამჩნევდა და არც ის მზერები გამორჩენია, გუშინ ელენეს მიმართულებით რომ არ იშურებდა გიორგი დარასელი. იმას ნამდვილად ვერავინ დააბრალებდა, რომ ეჭვიანი იყო და ამის ნიადაგზე ეჩვენებოდა რაღაცები. ისეთი ცოლი ჰყავდა, გასაკვირი ის უფრო იქნებოდა, აღფრთოვანებით რომ არ შეეთვალიერებინათ და არასდროს გაუღიზიანებია ამას, რადგან ბოლომდე იყო ელენეში დარწმუნებული. ახლა კი... ახლა სრულიად უუფლებოდ დარჩა და სულ რომ ცოლად გაჰყოლოდა დარასელს, მაშინაც კი არ ექნებოდა ხმის ამოღების უფლება.

ჯანდაბა, ისე უსიამოვნოდ შეაჟრჟოლა, ლამის ისიც იგრძნო, წარმოსახვითი წიხლი როგორ ჩააზილეს ფეხებს შორის. რაც არ უნდა იყოს, ვერასდროს იფიქრებს ელენეზე, როგორც „ყოფილ ცოლზე“, რადგან საერთოდ ვერ იტანს სიტყვა „ყოფილს“. მისთვის არაფერი დამთავრებულა, ეს საშინელი იარლიყი რომ ააკრას და გულის სიღრმეში იმისიც სჯერა, ყველაფრის მიუხედავად, მაინც რომ არ მისულა მათი ურთიერთობა დასასრულამდე.

- ბატონო დემნა, არ მისმენთ?! - გოგო კი ცხელ წერტილში მომუშავე ჟურნალისტივით მისდევდა და წამიერად, ლამის წითელ ხალიჩაზე იგრძნო თავი. ამ ოფისში ყველა ასეთი მომაბეზრებელი რატომაა?!

- რამე უნდა მეპასუხა?!
- ამმ... გითხარით, რომ ბატონმა გიორგიმ თვითონ იზრუნა...
- ეგ გავიგე. - შეაწყვეტინა მოურიდებლად. - კიდევ არის რამე? სპეციალურად ჩემთვის ახალი ყავის აპარატიც ხომ არ დაადგმევინა კაბინეტში?
- არა, მაგრამ თქვენი მდივანი უკვე გელოდებათ...
- მერე პირდაპირ მაგით ვერ დაიწყე?! - გახედა ცერად პიჯაკიან გოგოს. უხეში ნამდვილად არ ეთქმოდა, მაგრამ ყველაზე მეტად სწორედ რომ პირფერობას ვერ იტანდა სამსახურში.

- წამობრძანდით, გაგაცნობთ... - ჩაიბურდღუნა უხერხულად, შემდეგ კი, ხელით რომ ანიშნა, ხერგიანმა ლამის ამოიხვნეშა. უკვე ცუდად ხდიდა ამდენი ფამილარობა!

არა, ოფიციალურ გარემოს ყოველთვის შეჩვეული იყო. არც წესრიგი იყო მისთვის უცხო. სხვა თუ არაფერი, მთელი სტუდენტობა გერმანიაში გაატარა და აქ ამით უკვე ვეღარ გააკვირვებდნენ. მაგრამ საშინლად აღიზიანებდა, როცა მისგან იმაზე მეტს მოითხოვდნენ, ვიდრე იმსახურებდნენ. არაფრით ესმოდა და ალბათ, ვერც ვერასდროს გაიგებდა, რატომ უნდა გადაეხადა მადლობა იმისთვის, რომ კაბინეტი მოუწყვეს? ან მდივანი აუყვანეს?! რა, ეს მათ მოვალეობებში არ შედიოდა? თუ მისაღებში უნდა დამჯდარიყო, საქაღალდეები მუხლებზე დაელაგებინა და ისე შეესწავლა საბუთები?!

- ბატონო დემნა, გაიცანით, თქვენი თანაშემწე და მარჯვენა ხელი დეა ჯიბლაძე! - წარუდგინა ასეთი სამსახურისთვის ზედმეტად არაოფიციალურად გამოწყობილი ოცდახუთ წლამდე გოგონა, მხრებამდე სიგრძის თმითა და საკმაოდ ღრმა დეკოლტეთი.

- თანაშემწე ნამდვილად იქნება, მაგრამ გახდება თუ არა მარჯვენა ხელი, ამას დრო გვიჩვენებს! - წარმოთქვა სერიოზულად, შემდეგ კი გოგონებს თავი დაუკრა და უსიტყვოდ მიიხურა კაბინეტის კარი...

გაგრძელება იქნება პარასკევს
ავტორი ნათია ჯაგოდნიშვილი

საქმე №109. განქორწინებული წყვილის საიდუმლოებით მოცული ამბავი. II თავი
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 6 /
ნათია
დღეს რატომ არ დადეთ შემდეგი თავი?
18:10 / 24-03-2017
გამოხმაურება / 0 /
ნათია
ძალიან მომწონს,პარასკევს მოუთმენლად ველი ხოლმე.
16:48 / 24-03-2017
გამოხმაურება / 0 /
ყველა კომენტარი
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93