ნოველები

საქმე №109. თავი IV - ეჭვიანობა ყოფილზე

საქმე №109. თავი IV - ეჭვიანობა ყოფილზე
გულმოდგინედ შეუდგა საქმეს დემნა. ეს თვისება ყოველთვის ჰქონდა, მოსწონდა თუ არა, დაწყებულს ბოლომდე აუცილებლად მიიყვანდა. სწორედ ამის იმედად იყო ახლაც. ვერ იტანდა ერთფეროვან შემთხვევებს, არც მარტივი, იოლად გამოსაცნობი საქმე აუღია მას შემდეგ, რაც კარგი იურისტის სახელი დაიმკვიდრა. ახლა კი... ახლა უწევდა, დამჯდარიყო და ერთ-ერთი, რიგითი ფირმის საბუთები ექექა იმის შესამოწმებლად, სადმე რამე უზუსტობა ხომ არ გაეპარათ.
სიმართლე ითქვას, ენატრებოდა ის დრო, დანაშაულის ადგილზევე რომ იძახებდნენ. რაღაცნაირად, თვითკმაყოფილს ხდიდა ის ფაქტი, უცხოებისგანაც რომ ესმოდა: „ხერგიანი გვჭირდება“. სწორედ
ამისთვის იშრომა და ისწავლა ამდენი და უხაროდა, ფუჭად რომ არ ჩაიარა ყველაფერმა.

პროფესიას რომ ირჩევდა, წამითაც არ უფიქრია, რომ შეცდომას უშვებდა. იმდენად ჰქონდა გამჯდარი საკუთარი გადაწყვეტილება, დედამიწის უკუღმა ბრუნვის დაწყებას უფრო წარმოიდგენდა, ვიდრე იმას, ოდესმე თუ ინანებდა და, ალბათ არც მოხდებოდა ასე, რომ არა ის ერთი შემთხვევა, რომელმაც ყველაფერი შეცვალა...

კარიერის პიკში იყო, ის საქმე რომ აიღო. თავიდანვე საინტერესოდ მოეჩვენა, შორიდან ადევნებდა თვალს და შემდეგ, ტელეფონის ზარის ხმა რომ გაისმა და ნაცნობი ფრაზა მოისმინა, კმაყოფილს ჩაეღიმა იმის გაგონებისას, რომ მათაც „ხერგიანი სჭირდებოდათ“. ელენესაც ისე გაუხარდა მაშინ... ვერც ერთი წარმოიდგენდა, სწორედ იმ მომენტიდან თუ დატრიალდებოდა ყველაფერი უკუღმა.

საბოლოოდ, არც საქმე შერჩა დემნას და არც ოჯახი. შემთხვევას - გაუხსნელი დანაშაულის იარლიყი ააკრეს და საიმედოდ დალუქულ საქაღალდეში მოათავსეს. ყოველი შეთხვევისთვის, მაშინ ასე ეგონათ...

ვერაფრით მოისვენა. ამის გამო დაკარგა ყველაფერი, მაგრამ მაინც ვერ შეეშვა! გერმანიაში რომ წავიდა, სრულიად მარტო დარჩენილი და განადგურებული, იქიდანაც კი ცდილობდა რაიმე ხელმოსაჭიდის პოვნას და ახლა, ამდენი წლის შემდეგ, მით უმეტეს არ იტყოდა უარს მხოლოდ იმიტომ, რომ კომპანიაში დაიწყო მუშაობა. პირიქით, სჭირდებოდა კიდეც ეს სამსახური ყველაფრის შესანიღბად, დაკარგულის დასაბრუნებლად და მშვიდად მოქმედებისთვის, თუმცა, კაბინეტის კარი დაუკაკუნებლად რომ შეუღეს, თვითონ კი საქმის ფურცლები ჰქონდა მთელ მაგიდაზე გაშლილი, ზუსტად იმ მომენტში მიხვდა, სიმშვიდე აქაც რომ არ ეღირსებოდა.

– რამე მოხდა?
– ცალწარბაწეულმა გახედა ახალ მდივანს და ალბათ, მზერით სიკვდილი რომ შესაძლებელი ყოფილიყო, არც მაგას მოერიდებოდა, იმდენად გაღიზიანდა. ყველაზე მეტად იმას ვერ იტანდა, მუშაობის დროს რომ უშლიდნენ ხელს, ახლა კი, სრულიად უცხო ადამიანი წამოადგა თავს არცთუ ისე სახარბიელო სიტუაციაში და საერთოდ გაცოფდა.

– ვიფიქრე, ყავა ხომ არ მოვუმზადო-მეთქი...
დეამ კი, ისე გაუღიმა, წამიერად მის ჭკუათმყოფელობაშიც შეეპარა ეჭვი.
– ჯერ საქმე არ მაქვს, ამიტომ...
– კაფეტერიაში სამუშაოდ გამოაგზავნეთ განცხადება?
კვლავ არ შეცვლია მზერა, არც ხმის ტემბრი, ისე დასვა შეკითხვა. რაც მართალია, მართალია, ამაში ბადალი ნამდვილად არ ჰყავდა!
– ბატონო?!
– იმის გამო მივარდებით კაბინეტში დაუკაკუნებლად, ყავა რომ მომიდუღოთ?!
სულ ოდნავ შეეჭმუხნა წარბები ამის კითხვისას, გოგო კი ისევ სულელივით უღიმოდა.
– ამმ, მე...
– დეა, იმედი მაქვს, აცნობიერებთ, რა პოზიციაზე მოგიწევთ მუშაობა...
– ბატონო დემნა, მე უბრალოდ...
– კადრების განყოფილებიდან ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სამსახურში მიღებულთა და აქედან გათავისუფლებულთა დოსიეები გამოითხოვეთ და ყველა შემთხვევა სათითაოდ დაახარისხეთ. – შეაწყვეტინა მოულოდნელად.
– ზედმიწევნით ზუსტად უნდა ვიცოდე თითოეული მცირე დეტალიც კი მათ შესახებ, ვისაც კომპანიაში ფეხი შემოუდგამს და თუნდაც ერთ საბუთზე მოუწერია ხელი.
– და ეს ყველაფერი ახლა გავაკეთო? – როგორც იქნა, ჯიბლაძესაც შეეცვალა გამომეტყველება!
– ანუ შევცდი და მართლა კაფეტერიის ვაკანსიით იყავით დაინტერესებული?!

ახედა ქვემოდან. ზუსტად იცოდა, ეს მზერა ყოველთვის ჭრიდა, თუმცა არასდროს იყენებდა განგებ. თავისთავად გამოსდიოდა. კარგად შეეძლო ადამიანებით მანიპულირება და არც ამჯერად უმტყუნა ჩვევამ. შავთმიანმა დამნაშავედ ჩახარა თავი, შემდეგ კი, სწრაფადვე ჩაიბურტყუნა, ახლავე ყველაფერს მივხედავო და კარი ისე მიიხურა, დემნას შეეძლო დაეფიცა, იმ მომენტში პირველად ინანა, საერთოდ რომ გადაწყვიტა მუშაობის დაწყება...

* * *
წელიწადზე მეტი იყო გასული სანდროს ნათლობიდან, დემნა მეორედ რომ შეხვდა ელენეს. იმდენი რამ შეიცვალა ამ დროის განმავლობაში. თითქოს, ერთი წელი დიდი არც არაფერია, მაგრამ ისეთი შეცვლილი დახვდა ყოფილი ცოლი, თავიდან გაუჭირდა კიდეც ცნობა. პირველ ჯერზე თუ პატარა, მორცხვი გოგოს შთაბეჭდილებას ტოვებდა, ახლა ისეთი თამამი ეჩვენა, ისეთი თავისუფალი, ლამის საკუთარ მეხსიერებაშიც კი შეიტანა ეჭვი, ხომ არაფერი მეშლებაო.

ჩვეულებრივი საღამო იყო. არაფრით გამორჩეული. არც ცისარტყელა გამოსახულა იმ დღით ცაზე და არც რაიმე მნიშვნელოვანი მომხდარა. ელენე, სულ ცოტა ხნის გასტუდენტებული, ჯგუფელებთან ერთად ბარში ერთობოდა, დემნა კი, ალბათ, ზეციური ძალით აღმოჩნდა სწორედ იმ ადგილას და თან ისეთ მაგიდასთან მოკალათდა, ადვილად რომ შეემჩნია ხმაურიანი ახალგაზრდების ჯგუფი.

თავიდან ვერც მიხვდა, საიდან ეცნო ქერათმიანი. ძირითადად, სწორედ ასეთების გარემოცვაში იყო გერმანიაშიც. შემდეგ ისე გააკვირვა საკუთარმა გულმავიწყობამ, ლამის მთელი საღამო გონებაგაფანტული იჯდა იმ ფიქრით შეპყრობილი, რომ როგორმე გაეხსენებინა. არადა, ზედმეტ ყურადღებას არავის უთმობდა. მით უმეტეს, უცნობებს, მაგრამ ეს გოგო აშკარად სადღაც ჰყავდა ნანახი და პრინციპის საკითხი იყო, გაეხსენებინა.

– სად დაფრინავ? – ფიქრებიდან გეგას ხმამ გამოარკვია და თითქოს, სწორედ იმ მომენტში აენთო თავში ნათურა! უკუსვლით გააცოცხლა მოგონებები და იმ წამამდე რომ მივიდა, როცა ნათლობაში წარუდგინეს ეს უცნობი გოგო, თითქოს მძიმე ტვირთი მოეხსნა მხრებიდან.
– ის ბავშვი ნინას ნათესავი არ არის? – მზერით ისე ანიშნა, სახის გამომეტყველებაც კი არ შეცვლია და გეგა რომ იმავე წამს აპირებდა კისრის მოღრეცვას ხალხით გადატენილ ბარში ელენეს მოსაძებნად, სწრაფადვე დაამატა:

– არ გაიხედო, მეგობრებთან ერთადაა, შეიძლება სულაც არ უნდოდეს შენი ნახვა!
– მართლა ხე ხარ, ხერგიანი! – გეგამ კი, თვალები ისე აატრიალა, აშკარა იყო, ნერვები მოეშალა. – რომელი ბიძაკაცი მე მნახე, უხერხული სიტუაცია რომ შევუქმნა?!
– რა შუაშია?! შენ არ შეუქმნი, მაგრამ თვითონ დაიძაბება. – მხრები აიჩეჩა ისე, თითქოს უკვირდა, რა არის აქ გაუგებარიო.
– მერე შენ რა? – ახლა კი, ფიცხელაურის ჯერი დადგა. გიჟდებოდა მეგობრის ნერვების მოშხამვაზე. შანსს არ უშვებდა ხელიდან, რამეზე რომ არ „ეკბინა“, გოგოების თემა კი, მუდმივად აქტუალური იყო.

– მე რა? შენი ცოლის მამის ბიძაშვილის... – წარბებშეჭმუხნილმა სცადა გახსენება, მაგრამ ამდენს უკვე მისი გონებაც კი ვეღარ გასწვდა. – ყვავი ჩხიკვის მამიდაა, მე რა შუაში ვარ!
– ისე, ხედავ რა დახვედრა მოგიწყვე?! ჩემი ცოლის ყვავი ჩხიკვის მამიდაც კი არ აკლია სუფრას! – გაეცინა გეგასაც.
თუმცა, დემნა არ ყოფილა ერთადერთი იმ ბარში, რომელმაც ნაცნობი სახე დაინახა. ელენემაც შენიშნა ის. მოულოდნელად მოჰკრა თვალი, ლამის ლუდი გადასცდა იმის გააზრებისას, მასთან ერთად რომ აღმოჩნდა ამდენი ხნის შემდეგ. მთელი წელი გავიდა, მაგრამ მაინც ახსოვდა ის გაბრაზება, სამაგიეროს გადახდის საშუალება რომ არ მიეცა. ასეთი იყო, ჩაიდებდა რაღაცას გულში და მანამ არ მოისვენებდა, სანამ საწადელს არ მიაღწევდა. განსაკუთრებული ხომ არც არაფერი მომხდარა მაშინ, მაგრამ ახლაც კი გაუცოცხლდა ის ემოციები და თავი ძლივს შეიკავა, უცერემონიოდ რომ არ მიჭროდა მაგიდასთან. უფრო იმის გამო გაჩერდა, არანაირი გეგმა რომ არ ჰქონდა, თორემ ისე არც გამბედაობა აკლდა და არც იმპულსურობა.

შეიძლებოდა ისეთი რაღაც გაეკეთებინა, მერე რომ დაფიქრებოდა, ვერაფრით მოეძებნა ახსნა, რატომ მოუნდა იმ მომენტში ეს, თუმცა სინანულით, არასდროს ნანობდა. და არც ის უნანია, რაც რამდენიმე წუთის შემდეგ ჩაიდინა...
კარაოკე ბარი იყო და მიუხედავად იმისა, სიმღერის ნიჭი რომ არ ჰქონდა, მაინც უყვარდა იქ სიარული. ხშირად მოდიოდა ხოლმე მეგობრებთან ერთად, თუმცა სცენაზე, მით უმეტეს, მიკროფონით ხელში, არასდროს ასულა. ახლა კი... ვერც გაიაზრა, ისე აღმოჩნდა იქ... დემნას მზერასაც გრძნობდა, ჯგუფელების გაკვირვებულ თვალებსაც ამჩნევდა, სისხლიც გამალებით დაურბოდა ძარღვებში და სხვა დროს, ასეთ შემთხვევაზე, ალბათ გულიანად იცინებდა, თუმცა ახლა, სანამ რამდენიმე წამში თვითონ ამღერდებოდა, მთელი შემართებით განაცხადა:
– სიმღერას ვუძღვნი მამაჩემის ბიძაშვილის შვილიშვილის ნათლიას, ბავშვის მამის მეჯვარეს და უბრალოდ კარგ ადამიანს, დემნა ხერგიანს!

* * *
ჯოჯოხეთად ექცა სამსახურში სიარული ელენეს. მთელი კვირა ისე გაიყვანა, მაქსიმალურად ცდილობდა, არსად შეხვედროდა, შემთხვევითაც არ გადაყროდა სადმე. პატარა გოგოსავით ემალებოდა და ჭირის დღესავით ეშინოდა იმ შემთხვევის, როცა საქმესთან დაკავშირებით უშუალოდ მასთან მოუწევდა კონსულტაციის გავლა. რა დროც არ უნდა გასულიყო, ზუსტად იცოდა, მაინც ვერაფრით შეეგუებოდა ამ სიტუაციას და ამიტომ დასაწყისიდანვე არ ჰქონია მცდელობა. როგორმე გაძლებდა ერთ წელს, შემდეგ კი, თუ დემნა თვითონ არ წავიდოდა, აიძულებდა ამის გაკეთებას!

გიორგისთან ურთიერთობა კი, თითქოს უკუპროპორციულ დამოკიდებულებაში იყო ამ ყველაფერთან. უკვე დიდი ხანია ატყობდა უფროსს, მხოლოდ უფროსობას რომ აღარ ცდილობდა, თუმცა არ უნდოდა მანამ შეემჩნია, სანამ თვითონ დარასელი არ ჩამოუგდებდა ამაზე საუბარს. პატარა გოგო ხომ არ იყო, იმით აჟიტირებულიყო, უფროსს მოვწონვარო?! თითქოს, უფრო დაძაბულადაც კი გრძნობდა თავს და სიმართლე ითქვას, არც ჰქონდა არანაირი ურთიერთობის სურვილი. მხოლოდ დემნასთან კი არა, არავისთან. საკმარისზე მეტი გამოცდილება მიიღო და აღარ შეეძლო, კიდევ მიეცა ვინმესთვის იმის უფლება, გული ეტკინა და თავი ყველაზე სუსტ არსებად ეგრძნობინებინა დედამიწის ზურგზე.

მობილურის ზარმა გაუფანტა ფიქრები. ამ ადამიანის ნომერზე განსხვავებული მელოდია ეყენა და იმ რამდენიმე წამის განმავლობაში, სანამ ეკრანს დახედავდა და სიტუაციას გაიაზრებდა, შუბლზე იტკიცა ხელი, მთავარი რომ გაახსენდა. არა, მართლა არ ეპატიებოდა მამის ბიძაშვილის შვილის დაბადების დღის დავიწყება.

– გილოცავ! – თვითონვე დაასწრო, როგორც კი უპასუხა. ამ წლების განმავლობაში, განსაკუთრებული ურთიერთობა ჩამოუყალიბდა ნინასთან. ისე აეწყო, ფაქტობრივად, ერთმანეთის ცხოვრების არც ერთი ეტაპი არ გამოუტოვებიათ, თუმცა დემნასთან განქორწინების შემდეგ თითქოს შეუმჩნეველი, მაგრამ ელენესთვის საგრძნობი დაძაბულობა მაინც გაჩნდა.

– უნამუსო გოგო ხარ! საკუთარ დაბადების დღეზე მე უნდა გირეკავდე?! – აღშფოთებულმა წამოიძახა ნინამ და კარგა ხანს აღარ გაჩერებულა. ასე იცოდა, თუ ჩაირთვებოდა, შეგეძლო ამდგარიყავი, ყავა მოგედუღებინა, ეს ყველაფერი აუჩქარებლად გაგეკეთებინა და დაბრუნებისას, კიდევ თავის სტიქიაში იქნებოდა.
– აღარ დამაცდი, რომ მოგილოცო? – ამჯერად, სიცილით გააწყვეტინა ელენემ.
– მომილოცო კი არა, დღესაც რომ არ მოხვიდე, იცოდე, ანონიმურ წერილს გამოვუგზავნი შენი სამსახურის ადამიანურ უფლებათა დაცვის დეპარტამენტს და მეორე დღესვე რომ გაგათავისუფლებენ, ღირსი იქნები! საერთოდ გახსოვს ჩემი სახლის გზა?
– ნინა, კარგი რა...

– არ უნდა მაგას კარგი! მართლა მეწყინება, ელე...
– დღეს მართლა გვიანობამდე ვმუშაობ... – გამალებით ცდილობდა რაიმე გამამართლებელი მიზეზის მოძებნას. უსწრაფესად უმუშავებდა ტვინიც, მაგრამ ისეთს ვერაფერს გადააწყდა, მოჭიდება რომ შესძლებოდა. – თან...

– ხომ იცი, რომ გამკეთებელი ვარ?! არასდროს ვიმუქრები ტყუილად! – წარმოთქვა სერიოზულად და მართლა არ იყო მისი ნათქვამი სიცრუე. ღმერთმა ნუ ქნას და გაგებრაზებინათ, მართლა ყველაფერზე ხდებოდა წამსვლელი.

– ყველანაირად ვეცდები. – დანებდა ბოლოს. – ცოტა ხნით მაინც შემოგირბენ...
– ელე, ვიცი, რატომაც იკავებ თავს და მესმის, მაგრამ გთხოვ, ერთი საღამო ჩემ გამო, როგორმე გაძელი, რა...
ამოიოხრა ისე, მაჩაბელი მიხვდა, ძალიან ცუდად გამოუვიდოდა, კიდევ უარი რომ ეთქვა, ან დათანხმებოდა და მერე დაეღალატებინა. სხვაზე არ უნდა გადაეტანა საკუთარი პრობლემები. ნინასი რა ბრალი იყო, ის და დემნა თუ დაშორდნენ? მით უმეტეს, რომ საახლობლოში არც არავინ იცოდა განქორწინების რეალური მიზეზი და ვერავის მოსთხოვდა გაგებას.
– სახლში შევირბენ, გამოვიცვლი, ძიძას გავუშვებ და წამოვალთ მე და ლილუ, გპირდები.
გადაჭრით წარმოთქვა ბოლოს და საპასუხოდ ისეთი კივილი მიიღო, სიცილით მოიშორა მობილური. ვერაფრით იჯერებდა, ეს გოგო დღეს ოცდაცამეტი წლის რანაირად გახდა...


* * *
არ იცოდა, სირცხვილით სად შემძვრალიყო, მინი-სოლოკონცერტი რომ ჩაუშალა უჟმურმა ხერგიანმა და ისეთი ღიმილით ჩამოიყვანა სცენიდან, რეალურად სულაც რომ არ ეღიმებოდა. არა, მაინც რატომ იყო უხასიათო?! რომ გეკითხათ, ქორწილში იმაზე წუხდა, რატომ არ იცეკვეთ, გართობა საერთოდ არ იცითო, თვითონ კი, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშაც არ სურდა ელენეს შედევრის მოსმენა.
– მეც მიხარია შენი დანახვა, უბრალოდ კარგო ადამიანო! – გაეკრიჭა ისე, სიბრძნის კბილი რომ ჰქონოდა, იმასაც გამოაჩენდა, შემდეგ კი, ბავშვობის ძმაკაცივით დაუბრაგუნა ზურგზე ხელები. არა, აშკარად არ დაულევია ამდენი და რამ გადარია?!

– სერიოზულად? – დემნას კი, წარბიც არ გაუხსნია, ისეთი სახით უყურებდა. – რა „რატომ გამირბიხარ?“, ლენა?!
– რა ლენა?! – თვალები ჭყიტა გაოგნებულმა. ამას რა, სახელიც კი დაავიწყდა?!
– აბა, რა „რატომ გამირბიხარ?“
– ჰო, რატომ გამირბიხარ? რატომ მემალები? – წარბები აწკიპა, ხელები გულზე დაიკრიფა და ისე ჰკითხა, ღმერთმა უწყის, რის ფასად დაუჯდა, სერიოზულობის შენარჩუნება რომ მოეხერხებინა. ვერც იმას ხვდებოდა, ამდენი სითამამე ასე უცბად საიდან მოვიდა. ფაქტობრივად, არც კი იცნობდა ადამიანს და სერენადა მიუძღვნა. არა, რამე ხომ არ გაურიეს ამ სასმელში?!

– მეგობრებს დაემშვიდობე. ანგარიშს გაასწორებს გეგა და სახლში მივდივართ. – ბიჭმა კი, ისე ცივად მოუჭრა, ამით უფრო მეტი სტიმული მისცა.
– ჩემი სიმღერა არ მოგეწონა?! – წამოიძახა „აღშფოთებულმა“, ცოტა არ იყოს, ხმამაღლა. შოუების დადგმა არასდროს ყოფილა მისი სტილი, მაგრამ ახლა ისე ერთობოდა, არაფრით შეეძლო უარის თქმა.
– ჟრუანტელმა დამიარა! მაგიტომ მიმყავხარ, აქაურობა საკმარისი არ არის, პირდაპირ ფილარმონიის სცენაზე უნდა აგიშვა!
– ჰმ, მაინც ვერ დაგიფასებია სათანადოდ ჩემი შესაძლებლობები, თორემ გერმანიაში უნდა მიგყავდე პირდაპირ... – ამოიოხრა „გულდაწყვეტილმა“ და გეგა რომ მიუახლოვდათ, ისე გაუხარდა მისი დანახვა, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, კისერზე ჩამოეკიდა.
– რა მთვრალი ხარ, ელენ! – გაეცინა ბიჭსაც. – წავიდეთ, ხო?

– როგორ ხარ, სიძე?! – ელენე კი, ვერაფრით თმობდა აქაურობას. იცოდა, მანქანაში ასე ვერ გაერთობოდა და იმაზეც კი წავიდა, რეალურად ცოტათი ნასვამს, თავი საკმაოდ მთვრალად რომ გაესაღებინა.

– მე კარგად, მაგრამ გეტყობა, შენ უკეთ ხარ, ხო?! – სიცილით ჩამოკრა ცხვირზე თითი, დემნა კი, მათ ფონზე უჟმური ბიძასავით გამოიყურებოდა.
– აღარ მივდივართ? – ჩაერთო ბოლოს, მეტი რომ ვეღარ მოითმინა.
– გეგა, ამას საერთოდ რატომ ემეგობრები? ჯერ იყო და, ერთი წლის წინ მომიშალა ნერვები, ახლაა და, ამხელა სერენადა მივუძღვენი, არც კი მიფასებს, რა უნდა?

– რა გინდა, დემნა? – აფხუკუნდა ფიცხელაური, მეგობარს რომ გახედა, ამ უკანასკნელმა კი, თვალებმიხუჭულმა, სისინით შეისუნთქა ჰაერი, თვითონვე მივიდა ელენეს მაგიდასთან, მობილური და ჩანთა უცერემონიოდ აიღო და უკან დაბრუნებულმაც ზურგზე ხელის მიწოლით გაიყვანა ორივე გარეთ.

– თუ სასმელს ვერ იტან, ამდენი არ უნდა დალიო! – ბოლოს კი, ისე სასხვათაშორისოდ წარმოთქვა ელენეს მისამართით, გოგონას ისიც კი დაავიწყდა, როლში რომ იყო შესული და ზედმეტად სწრაფად გამოფხიზლდა.
– ვინ ვერ იტანს?! – აღმოხდა შეურაცხყოფილს. – ან ვინმემ გთხოვა დარიგებები? რა უფლებით...
– წუთშესვენება! – შეაწყვეტინა გეგამ. – უნდა დაგტოვოთ. ნინამ დამირეკა და სასწრაფოდ უნდა წავიდე. უსაფრთხოა თქვენი მარტო დატოვება?
– შეგიძლია შენი მეგობარიც გაიყოლო, არ დავიკარგები! – დაისისინა ელენემ. ისე წამებში გაუფუჭდა ხასიათი, დემნას კიდევ ერთი სიტყვაც რომ ეთქვა, უკვე ჩხუბზე გადავიდოდა. უხეშად წაგლიჯა ჩანთა ხელიდან და მაღალქუსლიან ფეხსაცმელზე შემხტარსაც რომ არ არევია ნაბიჯები, მხოლოდ მაშინ მიხვდნენ ბიჭები, მართლა ფხიზელი რომ იყო და უბრალოდ თამაშობდა.

– ხო მშვიდობაა, ასე უცბად რატომ გარბიხარ? – თუმცა მაინც მეგობარს მიუბრუნდა ხერგიანი.
– სანდროსთვის პამპერსის ყიდვა დავიწყებია და ვერ აძინებს, სანამ არ მივუტან. – ჩაიფხუკუნა, მაგრამ შემდეგ მაინც შეწუხებულმა გახედა შუაღამისას მარტო მიმავალ ელენეს.
– აუ, დემნა...
– წადი, წადი, მივხედავ. – შეაწყვეტინა, სანამ რამეს ეტყოდა და უკმაყოფილო სახით რომ გაემართა გაბრაზებული ქერათმიანის მიმართულებით, გეგამ სასწრაფოდ გაუგზავნა ძვირფას მეუღლეს მხოლოდ ერთსიტყვიანი, თუმცა, მრავლისმეტყველი შეტყობინება:
„გამოგვივიდა!“

* * *
ვერ წარმოიდგენდა, ეს დღე ასე მალე თუ მოვიდოდა და საკუთარი ფეხით მოუწევდა დემნას კაბინეტში შესვლა, თუმცა, სხვა გზა არ ჰქონდა. გილიოტინაზე მიმავალივით კი მიემართებოდა დერეფნის ბოლოსაკენ, თუმცა გონებაში ისეთ ტექსტებს აწყობდა, სერიოზულ სცენარისტსაც კი შეშურდებოდა. ყველანაირი შესაძლო ვარიანტი განიხილა, დემნას სავარაუდო პასუხების გათვალისწინებით და მხოლოდ შემდეგ შეაბიჯა მისაღებში, როცა დარწმუნდა, რომ მზად იყო. თუმცა... ეს არ გაუთვალისწინებია! როდის მოუყვანეს ხერგიანს ასეთი ახალგაზრდა და სექსუალური მდივანი?!

– შეხვედრა გაქვთ?
– შეხვედრა არა, საქმე. მარტოა? – თვითონაც ვერ მიხვდა, რატომ უპასუხა ასე უხეშად. საერთოდ არ იცნობდა ამ გოგოს, რა დაუშავა?!
– თუ შეხვედრა არ გაქვთ, ჯერ უნდა ვაცნობო...
– ბატონო?! – ისე აღმოხდა, ვერც გააცნობიერა. სერიოზულად?! არა, აშკარად არ დასცინოდა, მაგრამ... რას ნიშნავს, „ჯერ უნდა ვაცნობო...“?
– ნუ, მესმის რომ თქვენც აქ მუშაობთ, მაგრამ... ჩემი მოვალეობაა, ვკითხო, სურს თუ არა თქვენი მიღება. – განუმარტა ისეთი სახით, გამომეტყველებით აშკარად ეკითხებოდა, რა იყო აქ გაუგებარი, თუმცა არც ღიმილს იშორებდა და საბოლოოდ ისეთი კომბინაცია გამოუვიდა, ელენეს გაბრაზებაც კი მოახერხა.

როგორც წესი, არ სჩვეოდა ასეთები. მდივანს კი არა, დამლაგებელსაც ისევე ეპყრობოდა, როგორც მის თანასწორს, არაფრით აყენებდა თავს არავისზე ზემოთ მხოლოდ თანამდებობის გამო, მაგრამ ახლა ისე გახედა დეას, სიტყვის თქმაც კი აღარ იყო საჭირო. უნდა ვაღიაროთ, ცოტათი უხეშადაც გამოუვიდა, მაგრამ ამ ყველაფრის ფონზეც კი, გოგონამ შიდა ქსელის ტელეფონი რომ აიღო დასაკავშირებლად, მეტი უკვე ვეღარ მოითმინა და ქუსლების კაკუნით, უნებართვოდ შეაღო ყოფილი მეუღლის კაბინეტის კარი.

– რამდენჯერ გაგაფრთხილო, დაკაკუნების გარეშე ნუ შემოდიხარ-მეთქი?! – დემნას ხმამ კი ცივი წყალი გადაასხა და წამშივე ჩამოუნგრია წეღანდელი თავდაჯერებულობა.
– დღეს მაგნიტური დღეა, თუ რა გჭირთ?! – აღშფოთდა საბოლოოდ და ის იყო, უკან გასვლას აპირებდა, ხერგიანი რომ სასწრაფოდ წამოდგა.
– დეა მეგონე, არ დამინახავს, შენ თუ იყავი. რამე მოხდა?
– ჯერ ერთი, მაგ შენს დეას „ჯიმი ჩუ“ კი არა, სპორტული ფეხსაცმელი აცვია და მეორეც, იმდენად ცუდი კანდიდატები იყვნენ, ეს რომ აიყვანე სამსახურში?
დემნა თვითკმაყოფილი ღიმილით მაგიდაზე რომ ჩამოჯდა და ხელები მკერდზე გადაიჯვარედინა, ელენემ თვალები დააჭყიტა.
– რა, ქუსლიანი ფეხსაცმლის და ”ბოტასის” ხმას ვეღარ არჩევ?!
– ლენ, იმ პატარა გოგომ ასე როგორ გაგაბრაზა? – ჩაეცინა გულწრფელად გამხიარულებულს და ოდნავ გვერდზეც კი გადახარა თავი, კარგად რომ დაკვირვებოდა.
– თავხედია და გადაეცი, დრეს-კოდი დაიცვას. სერიოზული კომპანიაა და გულამოჭრილი მაისურითა და ბოტასებით თუ უნდა იაროს, აშკარად აერია სამსახური.
– კარგი, გადავცემ... – სერიოზულად დაუქნია თავი. ისე ერთობოდა ამ სიტუაციით. კარგა ხანია, ასეთი ელენე არ უნახავს. ცდილობდა დაემალა, მაგრამ თვალები ერთიანად უელავდა ეჭვიანობისგან.
– და ისიც უთხარი, თანამშრომლებისგან შენთან შემოსვლას ყოველ ჯერზე ნებართვა რომ არ სჭირდება!
– აუცილებლად ვეტყვი...
– ყავას მაინც ადუღებს კარგს?! – იმდენად შეიჭრა როლში, ისიც კი დაავიწყდა, საერთოდ რისთვის შემოვიდა. გაცოფებული მიმოდიოდა წინ და უკან და ვერც იმას აფიქსირებდა, როგორ აყოლებდა ხერგიანი კმაყოფილ მზერას. ვერც იმას ამჩნევდა, თვითონვე რომ წელავდა დროს აქ მეტხანს დასარჩენად.
– გადასარევს! მასეთი არც არსად გამისინჯავს... – დემნამ საბოლოოდ ააფეთქა ნაღმი. ქალს ჯერ თვალები გაუფართოვდა, შემდეგ გაცეცხლებულმა მიაპყრო მზერა, ბოლოს კი, რაღაცის სათქმელადაც გააღო პირი, მაგრამ აშკარად ვერ მოიფიქრა სათანადო პასუხი და ისევ რომ დახურა, იმ მომენტში ზუსტად იმ ელენეს ჰგავდა, ბარში სერენადა რომ უმღერა და შემდეგ გზაში იმაზე ეჩხუბა, რატომ არ მაქცევ ყურადღებასო.
– მაშინ ჩემი დასაწუნი მართლა არაფერი ჰქონია!
– გინდა, ვუთხრა და შემოგვიტანოს?!
– მოიცა, დემნა... შენ რა, დამცინი?!

ახლაღა მიხვდა. წამებში მიეჭრა და რადგან კაცი მაგიდაზე იყო ჩამოყრდნობილი, სასურველი ეფექტიც მოახდინა თვალის თვალში გაყრით და მკერდზე საჩვენებელი თითის მიჭერით: – იცოდე, მე თქვენი ურთიერთობა არ მაინტერესებს. საერთოდ აღარ მაინტერესებ. როგორი ყავაც გინდა, ისეთი დალიე, რა ფერის ჰალსტუხიც გინდა, ის გაიკეთე, რომელი ფოტოსურათიც გინდა, ის დაიდე სამუშაო მაგიდაზე, მაგრამ არც კი გაბედო იმის გაფიქრება, რომ ვეჭვიანობ, გასაგებია?!
– სრულებით! – ხერგიანი კი ვერაფრით ახერხებდა ღიმილის დაფარვას. ისეთი კმაყოფილი იყო, ქვედა ტუჩი კბილებს შორისაც კი მოიქცია სიცილის შესაკავებლად.
– ძალიან კარგი! ახლა კი მე წავალ და შემდეგისთვის როგორმე მოვახერხებ, წინასწარ ჩავეწერო თქვენთან შესახვედრად, ბატონო დემნა...
– დეას თუ შეუთანხმებ დროს, კარგს იზამ, მას აქვს ჩემი გრაფიკი...

– აუცილებლად! ისე როგორ ვიზამ. კაბინეტიდან გამოსვლის წინ დავურეკავ კიდეც, რომ ვკითხო, რამე ხომ არ შეიცვალა.
– რა ვქნა, ლენა, საშინლად გიხდება ეჭვიანობა! – ბოლოს ვეღარაფრით შეიკავა თავი და ისეთი სიცილი აუტყდა, ძლივს ახერხებდა თავის მოთოკვას, ხმამაღლა რომ არ ახარხარებულიყო.

– მე ყველაფერი მიხდება, მაგრამ შენზე უკვე აღარ ვეჭვიანობ! – გამოსცრა კბილებს შორის ქერათმიანმა, შემდეგ კი, თავაწეული რომ გაემართა გასასვლელისკენ, მხოლოდ კართან მისულს გაახსენდა შემოსვლის რეალური მიზეზი. – და ჰო, დღეს ნინას დაბადების დღეზე მივდივარ და მინდოდა მეთხოვა...
– ნუ ღელავ, ძვირფასო, დეასთან ერთად არ წამოვალ. – სწრაფადვე შეაწყვეტინა დემნამ და თვალიც ჩაუკრა გამხიარულებულმა, შემდეგ კი, ელენე ისე რომ გავარდა, ლამის კარის სახელურიც გაიყოლა, საბოლოოდ დარწმუნდა, ჯერ საერთოდ არაფერი იყო დაკარგული...

გაგრძელება იქნება პარასკევს
ავტორი ნათია ჯაგოდიშვილი
საქმე №109. განქორწინებული წყვილის საიდუმლოებით მოცული ამბავი. III თავი (წარსულის იარა)


FaceBook ბეჭდვა
ტეგები:
კომენტარები / 2 /
ვკითხულობ და ვერაფერს ვერ ვიგებ
10:52 / 17-06-2019
გამოხმაურება / 0 /
მაია ანთუნიანი
ძალიან.საინტერესოა.ყოჩაღ.ავტორს.ველოდებით.მთელი.ოჯახით.
18:18 / 24-03-2017
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93