ნოველები

საქმე №109. თავი 5 - ფარული სურვილი

საქმე №109. თავი 5 - ფარული სურვილი
1 / 2
Next
ყოველთვის, ყველაზე მეტად იმას ვერ იტანდა ხერგიანი, საათივით აწყობილ გეგმას რომ უშლიდნენ და თავდაყირა უყენებდნენ დაგეგმილს. ისე უჭირდა ცვლილებებთან შეგუება, სიახლეებიც არ ხიბლავდა, თუმცა ახლა მაინც საკუთარი ტყავიდან ამოვარდნილივით გრძნობდა თავს და სრული სიმშვიდისთვის უკან დაბრუნება დარჩენოდა...

დარასელზეც აგროვებდა ინფორმაციას... ცოტა სასაცილოდ კი ჟღერდა, თვითონვე რომ აკვირდებოდა უფროსს, მაგრამ გიორგი პირველ რიგში კონკურენტს წარმოადგენდა და არა ადამიანს, ვის დაქვემდებარებაშიც იმყოფებოდა... თუმცა, მონდომების მიუხედავად, ვერაფერი იპოვა. იმდენად სუფთა დოსიე ჰქონდა, ერთ საჩივარსაც ვერ
იპოვიდით, წამლად რომ დაგჭირვებოდათ და წარმოიდგინეთ, როგორი გაოცებული იყო, ამ ყველაფრის ფონზე, დეამ რომ შეუღო კაბინეტის კარი, ინფორმაცია მოვიპოვეო.
– იმედია, ისევ ყავაზე არ მოგვიწევს საუბარი... – შენიშნა სასხვათაშორისოდ, გოგონამ კი ისე გააქნია თავი, აშკარა იყო, მართლა რაღაც იპოვა.

– არ ვიცი, ეს თქვენთვის რამდენად მნიშვნელოვანია, მაგრამ ბატონი გიორგი დარასელის პირადი საქმეც გამომატანეს კადრების განყოფილებიდან...
– და გადაწყვიტე, უფროსზე კომპრომატები მოგეძებნა? – ჩაეღიმა ტუჩის კუთხეში. ქვეყანა რომ დაქცეულიყო, სხვას არაფრით აჩვენებდა, როგორი დამოკიდებულება ჰქონდა დარასელთან. ვერ იტანდა, სამსახურსა და პირადს ერთმანეთში რომ ურევდნენ და თვითონ სხვის დასანახად მაინც არ მოიქცეოდა ასე, როგორ ძალიანაც არ უნდა მოეშხამა იმ ცისფერთვალება კაცს, მისსავე თვალწინ რომ უღიმოდა მის ყოფილ ცოლს.

– ყოველი შემთხვევისათვის გადავავლე თვალი... და აღმოვაჩინე, რომ ბატონ გიორგის პოსტი მხოლოდ ორიოდე წლის წინ დაუკავებია.

– კომპანია ხომ მისი დაარსებულია? – ახლა კი მართლა დაინტერესდა. აბა, აქამდე სად იყო?

– კი, თავიდანვე ასე იყო, მაგრამ აღმასრულებელი დირექტორის სავარძელს სულ სხვა ადამიანი იკავებდა, რომელზეც, ცნობების მოპოვება თითქმის ვერ მოვახერხე.
– აბა, ამიხსენი, რას ნიშნავს თითქმის?

– მხოლოდ სახელი, გვარი და მუშაობის წლებია მითითებული...
– ეგ თითქმისაც კი არ არის, დეა. – თავი გაიქნია გამკიცხავად.

– თუმცა დასაწყისისთვის არა უშავს...
ამოიოხრა ბოლოს და თავიც ვეღარ შეიკავა, კარისკენ ანიშნა, მალე რომ გასულიყო. ისე დაუწყო ეჭვმა ღრღნა... ისე საშინლად დაუარა მთელ სხეულში რაღაცამ, ერჩივნა, თვითონ აღმოჩენილიყო მტყუანი, ვიდრე მისი ვარაუდი გამართლებულიყო. ნუთუ ასე ცუდად ეხერხება ადამიანების ცნობა?! კიდევ ერთხელ ამოიოხრა, ღილაკზე თითის მიჭერით დეას მკაცრად მოუჭრა, ვინც არ უნდა მოვიდეს, არავინ შემოუშვაო და როცა დარწმუნდა, კარს არავინ შეუღებდა, გასაღებით ჩაკეტილი უჯრიდან სქელი, ათასი დოკუმენტით სავსე საქაღალდე ამოაძვრინა, რომელსაც ყდაზე გაკრული ხელით, თუმცა მაინც გასარჩევად ეწერა „საქმე N109”.

იმ პერიოდის დემნა, მთელი თავისი ოცდაოთხწლიანი არსებობის განმავლობაში, ერთხელაც ვერ იფიქრებდა, ასეთ მდგომარეობაში თუ აღმოჩნდებოდა. ისეთი უჩვეულო სიტუაცია იყო... იმის გამოკლებითაც კი, სერენადა რომ მიუძღვნეს! არა, მართლა არ ეგონა, ოდესმე ბარიდან ნასვამი გოგოს წასაყვანად თუ მოუწევდა იძულებით გამოსვლა. ბრაზდებოდა კიდეც, ასე რომ მოხდა. რას წარმოადგენდნენ ერთმანეთისთვის? არც არაფერს, და რომ არა გეგა, სავარაუდოდ ტაქსიმდეც კი არ მიაცილებდა. თუმცა, ახლა სხვა გზა არ ჰქონდა და სწორედ ეს ხელფეხშეკრულობა უკარგავდა მოსვენებას.

– გეგა უკვე წავიდა, შეგიძლია შენც მიჰყვე! – მოულოდნელად შეუღრინა ქერამ და ლამის თვალებიც კი გაუფართოვდა მისი ასეთი ტონის მოსმენისას. არა, რა უნდა?!
– ჩაგსვამ ტაქსიში და მივყვები, შენი ძიძის როლი საერთოდ არ მხიბლავს.

– სულ არ მჭირდება ტაქსი, ფეხით წავალ! – ზედაც არ უყურებდა, ისე ჯიჯღინებდა. ძალიან იყო გაბრაზებული. ფაქტობრივად, ადამიანის წინ თავი დაიმცირა, ის კი საერთოდ არ აქცევდა ყურადღებას. არა, რა დაუწუნა?!

– სად წახვალ ფეხით?! – გახედა გაოგნებულმა. ნეტავ, სიცილის ფუნქცია არ აქვს?
– სად და სახლში, მშვენიერი ამინდია, გავისეირნებ!

– ნუ, ღამის ორ საათზე სეირნობას, ალბათ, არაფერი შეედრება, მაგრამ მე მაინც არ ვარ მომხრე...
– მე მგონი, არც მიკითხავს, არა? – როგორც იქნა, გახედა და თან ისეთი სათნო ღიმილით სახედამშვენებულმა, ბიჭმა ლამის მისი გულწრფელობაც კი დაიჯერა.
– ლენა, რა გჭირს?! – აღშფოთდა ბოლოს. საერთოდ ვერაფერი გაუგო. არა, მართლა რა უნდოდა?!
– მეხსიერებასთან პრობლემები რომ გაქვს, უკვე გავიგე, მაგრამ ასეთი სერიოზული თუ იყო, არ მეგონა!
– როდის შეამოწმე ჩემი მეხსიერება?

– აბა, დავიჯერო, ყველა ასე ადვილად გავიწყდება? თუ შენი ჰობია სახელების დამახინჯება?
– როდის დაგიმახინჯე?

– არა, შენი ჰობი აშკარად კითხვაზე კითხვით პასუხია და უკვე ნერვებს მიშლი!
საბოლოოდ იფეთქა და ისეთი გაცეცხლებული სახით გადაუდგა წინ, თვალებიც კი უელავდა სიბრაზისგან. არ იყო ასეთ გულგრილობას შეჩვეული, იმითაც განებივრებული გახლდათ, სასურველს რომ ყოველთვის აღწევდა, ახლა კი, ყველანაირ წინააღმდეგობას ერთიანად შეასკდა ხერგიანის სახით და ვეღარ გაუძლო.  
Image result for Daniel Di Tomasso
– მოიცა, მოიცა... – წამიერად, თითქოს დემნასაც გონება აენთო. ჯერ თვალებდაწვრილებულმა გახედა, შემდეგ წვერზე მოისვა ხელი, თავიც კი გადახარა გვერდზე და ბოლოს, პირზე ხელაფარებულმა რომ ჩაიფხუკუნა, საბოლოოდ დააბნია ელენე.
– შენ რა, იმაზე ხარ გაბრაზებული, რომ ვერ გიცანი?

– აღიარებ კიდეც?
– აბა, მოგატყუო?!
– ჭკუიდან გადამიყვან! – შეჰყვირა გაცოფებულმა. მართლა ვერ იჯერებდა, ეს ბიჭი დასცინოდა თუ რეალურად იყო ასეთი. ნუთუ, ვერ ხვდებოდა? როგორ შეიძლება ასეთი გულგრილობა?!

– ლენა, არ ვიცი და ვერც ვხვდები, რაზე ხარ გაბრაზებული, მაგრამ გუშინ ჩამოვედი გერმანიიდან, საშინლად დაღლილი ვარ, მეგობართან ერთად გასართობად გამოვედი და ბოლოს აქ აღმოვჩნდი, მოდი, კიდევ უფრო ნუ დამიმატებ, რა!
– არავის უთხოვია გამოყოლა! – შეუღრინა კიდევ ერთხელ, შემდეგ კი ისე, რომ გააზრებაც არ დააცადა, პირველივე გამოჩენილ ტაქსის ხელი აუწია და სანამ ფილმის პერსონაჟივით მიიჯახუნებდა კარს და მძღოლს ეტყოდა, სწრაფად დაძარიო, ხერგიანიც მის გვერდით აღმოჩნდა მოკალათებული და გეგმები ჩაუშალა. ისევ!

– დე, დედიკო, შეიძლება დღეს სანდროსთან დავრჩეთ? – მეგობართან სტუმრობით აჟიტირებული იყო ლილუ და მთელი გზა ენას ვერ აჩერებდა. მართალია, ასაკში საკმაო განსხვავება ჰქონდათ, მაგრამ მაინც კარგად ერთობოდა და უყვარდა მათთან სტუმრობა.
– არა, დე, ღამით ვერ დავრჩებით, მაგრამ სათამაშოდ საკმარისი დრო გექნებათ. – ცხვირზე თითი ჩამოკრა ელენემ შვილს.
– მაშინ... ბებოსთან და ბაბუსთან რომ დავრჩეთ?

– გვიან მივაკითხოთ და გავაღვიძოთ?
– ამმ... მაშინ მამიკოსთან! დავრჩეთ, რა, მამიკოსთან, არ შეიძლება?
– დე, რამე ხდება? – ამოიოხრა ბოლოს ელენემ. ყოველთვის გაურბოდნენ ამ თემას. არ შეეძლო ლილუსთან მამამისზე გულახდილად საუბარი. რაც უნდა მომხდარიყო მასსა და დემნას შორის, იმას ნამდვილად ვერ დაუკარგავდა, იდეალური მამა რომ იყო. ლილუსთვის იდეალური...
– უბრალოდ, მამიკოსთან მინდა... – ჩაიბურტყუნა გაბუტული ხმით და გულზე გადაიჯვარედინა პატარა ხელები. ვერაფრით იგებდა, ადრე თუ სამივენი ერთად ცხოვრობდნენ, ახლა ამ თემაზე საუბარი ყოველთვის გაბუტვით რატომ სრულდებოდა. დედას და მამას თუ ახალი სახლები მოუნდათ, ლილუს რა ექნა? ორივე რომ სჭირდებოდა გვერდით?
– დე, შენ ხომ ხვალ სკოლა გაქვს... – ეცადა, სხვანაირი კუთხით დაენახვებინა საქმე. დემნასთან გაშვებაზე არასდროს ჰქონია პრობლემა, მაგრამ არც ლილუს უჭირვეულია ასე ძალიან აქამდე. თითქოს, გრძნობდა და განგებ იქცეოდა ასე.

– მამიკო წამიყვანს!
– შენი პიჟამა რომ არ წამოგვიღია? არც კბილის ჯაგრისი, შენი დათუნიაც სახლშია...
– დათუნიას გარეშე დავიძინებ, მამიკოს ჩავეხუტები! – ტუჩების ნაცვლად ერთი წვრილი ხაზიღა დარჩა, ისე ძლიერად აჭერდა ერთმანეთს, ტირილი რომ არ დაეწყო. იცოდა, თვითონ როცა ტიროდა, დედასაც მოსდიოდა ცრემლები, ეს კი არ უყვარდა...

– და მე მარტო დავრჩე? – თუმცა ბოლოს, ელენეს ხმა რომ გაიგონა, მაინც ასლუკუნდა. ვერც ვერავინ მოსთხოვდა მეტს. ექვსი წლის იყო, განა რამდენისთვის უნდა გაეძლო? ან რატომ უნდა გაეგო მშობლების პრობლემები, როდესაც მისთვის მთავარ პრიორიტეტს მათი ერთად ყოფნა წარმოადგენდა? ასეთ დროს აღარც ორი ფორტეპიანო ხიბლავდა და არც ორი სახლი. ერთი უნდოდა მხოლოდ, დედას და მამას კი ეს არ ესმოდათ!

თვალებაცრემლებულმა მიიკრა ელენემ ატირებული შვილი და მხოლოდ ღმერთმა უწყის, რის ფასად დაუჯდა, თვითონაც რომ არ აჰყოლოდა. ყოველთვის ასე ხდებოდა. ეგონა, რომ ერთი საფეხურით წინ წავიდნენ, სინამდვილეში კი, ორით უკან აღმოჩნდებოდა ხოლმე. ეგონა, ფსიქოლოგიურად მაინც იყო ამ ყველაფრისთვის მზად. ვერც იმას წარმოიდგენდა, ასე თუ გაუჭირდებოდა. თუმცა, ახლა ხვდებოდა, პირველი ორი წელიც დემნას წყალობით რომ გადააგორეს. უბრალოდ, გაეცალა და მარტივად მოუგვარა ამით ყველა პრობლემა. ახლა კი... ახლა თვითონ ისეთი უძლური იყო, როგორც მაშინ, განქორწინების მეტი საერთოდ არაფერი რომ აღარ უნდოდა ქვეყნად...

ძლივს მოახერხა ლილუს დამშვიდება, სანამ დანიშნულების ადგილამდე მივიდოდნენ. არც ის სიამოვნებდა დიდად, მძღოლის თანდასწრებით რომ არჩევდნენ ოჯახურ თემებს, თუმცა, რამდენი რამ აეხსნა ბავშვისთვის? სკოლის ინციდენტის შემდეგ ისედაც ვერ დაელაპარაკა კარგად, თანდათან კი, იმდენი ემატებოდა, ხვდებოდა, ბოლოს დემნას გარეშე ვერც შეძლებდა ყველაფრის ახსნას.

– დე, გეხვეწები, აღარ იტირო, რა... – ამოიოხრა გულდამძიმებულმა და ცრემლები რომ შეუმშრალა, ბავშვმაც ისე დაუქნია თავი, თითქოს აქამდეც მხოლოდ მის თქმას ელოდებოდა გასაჩერებლად.
– აღარ ვიტირებ...
– ხო არ მიბრაზდები, დე?
– შენ არ გიბრაზდები, დედიკო, მართლა... მაგრამ...
– რა მოხდა, ლილუ?
– არ გამიბრაზდები? – სასაცილოდ ააფახულა წამწამები და დედას ისე გახედა, აშკარა იყო, ვერაფრით შეძლებდა ელენე ასეთი მზერის შემდეგ რამეზე უარის თქმას.
– არა, დე, მითხარი. რატომ უნდა გაგიბრაზდე?
– მაშინ, დღეს მამასთან დავრჩები, რა...  

Image result for margot robbie red hair
პირველი ერთობლივი მგზავრობა ისე შედგა, არც ერთს ამოუღია ხმა. მხოლოდ მისამართი უკარნახა მძღოლს ელენემ, შემდეგ კი, ყურადღებაც აღარ მიუქცევია გვერდით მოკალათებული ხერგიანისთვის, ისე მოარგო მობილურს ყურსასმენები, თუმცა, სანამ თვითონ გაიკეთებდა, დაასწრეს... უცერემონიოდ ააცალა დემნამ ცალი და ფლეილისთში ჩახედვასაც აპირებდა, ამჯერად მაინც რომ მოახერხა გოგონამ ერთი ნაბიჯით წინ ყოფნა. თვალებდაწვრილებულმა გახედა, ცალი წარბიც აუწია სრული ეფექტისთვის და შემდეგ, თვითონაც არ იცოდა რატომ, რაც კი ყველაზე საშინელება ეგულებოდა, მაინცდამაინც ის ჩართო. ცივი ომი უნდოდა?! ჰოდა, მიიღებს!

ისე შეეცვალა ბიჭს სახე, ჯერ წარბები შეკრა, შემდეგ კი შეწუხებული სახით გადახედა, თუმცა ელენე გაღიმებული რომ დახვდა, ხმაც ვეღარ ამოიღო. როგორ ეთქვა, უგემოვნობის ზეიმია შენი მუსიკებიო? ისეთი ფეთქებადი იყო ეს გოგო, შეიძლებოდა მიმავალი მანქანიდანვე გადასულიყო და ამას ისევ ტეილორ სვიფტის მოსმენა ამჯობინა.

ვერც კი ხვდებოდა, როგორ გაუძლო. ყურსასმენსაც არ იხსნიდა, დანებება რომ არ ეღიარებინა, თუმცა უკვე ქუჩაზე ნომრების თვლა დაიწყო და ლამის ელოცა, მალე რომ მისულიყვნენ დანიშნულების ადგილამდე. არა, მაინც რა დღე იყო?! ჯერ „რატომ გამირბიხარ“, ახლა ეს... განა, რა ცოდვა ჰქონდა ამისთანა, ასე რომ ისჯებოდა?!

– რა იყო, არ მოგწონს?! – ფიქრები გოგონას ხმამ რომ გააწყვეტინა, ისეთი სახით გახედა, აგრძნობინა, ჯობდა, არაფერი გეკითხაო. არა, ეს მგონი მართლა დასცინის!
– საინტერესო მუსიკალური გემოვნება გაქვს... – თუმცა, მაინც ვერ მოახერხა ენაზე კბილის დაჭერა.
– მხოლოდ მუსიკალური არა, ისედაც!
– სხვათა შორის, ფლეილისთის წყალობით, ბევრი რაღაცის თქმაა შესაძლებელი ადამიანზე...
– მოიცა, შენ რა, დამახსოვრება მოახერხე?! – ისე სწრაფად მიუბრუნდა, ყურსასმენიც კი გამოაძრო და მთელი საღამოს განმავლობაში, დემნა ასეთი ბედნიერი იმ მომენტამდე არ ყოფილა.
– ლენა, გეყოფა! – გაეცინა ბოლოს, იგივე თემას რომ უბრუნდებოდნენ.
– სახელები შენი ძლიერი მხარე აშკარად არ არის...
– არადა, ელენეს ერთ-ერთი ინტერპრეტაციაა!
– და რომ გეკითხა? იქნებ არ მომწონს?
– მოიცა, არ მოგწონს?! – ისე შეიცხადა, აშკარად ზედმეტად შევიდა როლში, რადგან მძღოლის მზერაც კი დააფიქსირა უკანა ხედვის სარკეში.
– გეტყობა, გერმანიაში საერთოდ არ გივარგათ იუმორი. – ცხვირი აიბზუა და გაღიზიანებულმა, თვითონაც რომ გამოიძრო ყურსასმენი, მაშინვე მიახვედრა, წეღანდელი საოცარი შემსრულებლების ნაკრები შურისძიების ნაწილი რომ იყო.

– კარგი, მოდი შევთანხმდეთ! – ამოიოხრა ხერგიანმა. მართლა ვეღარ უძლებდა უკვე ასეთ სიტუაციას. – ერთიანად მითხარი ყველაფერი, რაზეც ხარ გაბრაზებული და მოვრჩეთ, კარგი?
– რას ქვია, მოვრჩეთ?!
– აბა, როდემდე ვიჩხუბოთ? არ მოგბეზრდა?
– ცოტათი... – აღიარა ბოლოს თვითონაც და დემნას სახეზე კმაყოფილი ღიმილიც დააფიქსირა. ჰმ, აქამდე სად იყო?!
– ანუ?..
– რა ანუ?
– არ მეტყვი, რაზე ხარ გაბრაზებული?
– გარდა იმისა, რომ ვერ მიცანი?
– არადა, გიცანი! ნუ, გვიან, მაგრამ როცა შენ დამაფიქსირე, მაგ დროს უკვე ვიცოდი, შენ რომ იყავი.
– მოიცა, დაინახე, მე როდის დაგაფიქსირე?!
– თვალსაც არ ახამხამებდი, ისე მომაშტერდი. – უტიფრად გაეცინა და სიტუაცია რომ დასტაბილურდა, მძღოლმა მზერა უკანა ხედვის სარკიდან კვლავ გზაზე გადაიტანა...
– იქნებ სხვას ვუყურებდი?
– ნუ, თუ გავითვალისწინებთ, რომ ჯერ სერენადა მომიძღვენი, ახლა კი ჩემთან ერთად ზიხარ მანქანაში, ის სხვა აშკარად არასწორი არჩევანი გამოდგა...

– მე კი არა, შენ ზიხარ მანქანაში ჩემთან ერთად! – ენა გამოუყო ბოლოს, საპასუხო რომ ვეღარაფერი მოიფიქრა და ხერგიანის კიდევ ერთი ჩაცინება საბოლოოდ დაზავების ნიშანი გამოდგა. ნეკა თითი გაუწოდა, პატარა ბავშვივით, შემდეგ კი, წარმოსახვითი თეთრი დროშა რომ ააფრიალეს, თვითონვე მისცა ცალი ყურსასმენი და სანამ დაეჭვებულ მზერას მიიღებდა, სწრაფადვე დააყოლა, ნუ გეშინია, ამჯერად მართლა ჭეშმარიტ მუსიკას მოგასმენინებო...


– ბატკანი უნდა დავკლა ღმერთისთვის მადლობის შესაწირად, რადგან ჯერ კიდევ გახსოვს ჩემი სახლის გზა! – აყვირდა ნინა მაშინვე, როგორც კი კარი გააღო. არც მილოცვა აცადა, არც ჩახუტება, ეგრევე მიაყარა, შემდეგ კი, მალე შემოდი, ორპირიაო და ისე შეათრია სახლში, მხოლოდ მოგვიანებით გაახსენდა, რომ გადაეკოცნა მაინც.
– გილოცავ, არანორმალურო! – გაეცინა ელენეს. დღემდე ვერ ამოეხსნა, საიდან ჰქონდა ამ გოგოს ამდენი ენერგია. – ტვინის მომატებას გისურვებ! – შემდეგ კი, თვალი ჩაუკრა და მოზრდილი ყუთი რომ გაუწოდა, უკვე ერთი სული ჰქონდა, როდის შემოაცლიდა იუბილარი სასაჩუქრე შეფუთვას. განაგრძეთ კითხვა
1 / 2
Next
FaceBook ბეჭდვა
ტეგები:
კომენტარები / 1 /
თაკო
ძალიან კარგი გვერდი გაქვთ. ხშირად შემოვდივარ და ვათვალიერებ. აი ეს გოგო კი ძალიან შემაყვარეთ. ნათია ჯაგოდნიშვილი ამასწინათ ფეისბუქზე მეგობარმა მანახა მისი გვერი. საოცარ ჩანახატებს წერს ^_^ https://www.facebook.com/NJstories/ ნახეთ. მარაო,კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. მაგრები ხართ ^_^
16:37 / 31-03-2017
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93