აღარავის დალოდებიან. ნატამაც კი ვერ მოახერხა მისვლა. მეგობრებსაც, ზოგს არ ეცალა, ზოგიც ქალაქგარეთ იყო და საბოლოოდ, ნინას დაბადების დღე ოჯახურ ვახშმად ისე გადაიქცა, ვერც შენიშნეს...
თუმცა, ამ ოჯახურ ვახშამზეც ისეთი დაძაბულობა სუფევდა, მიზეზი მხოლოდ ორმა რომ იცოდა, თუმცა, დანარჩენებიც ნათლად გრძნობდნენ დუმილის მიღმა დარჩენილ სიმართლეს.
ბოლო თვეების მანძილზეც ასე იყო. რეალური მიზეზი ბოლომდე არც არავინ იცოდა, ელენემ მშობლებსაც კი არ აუხსნა არაფერი, ზედმეტად არავინ ჩარია, თუმცა მაინც ყველა გრძნობდა, რაღაც რიგზე რომ ვერ იყო. ისეთი სხვანაირი ოჯახი ჰქონდათ მას და დემნას... კბილებით გაიტანდნენ ერთმანეთს, საჭირო რომ გამხდარიყო. ვერავინ იტყოდა მათზე ცუდს. ახლა კი... ახლა აღარც ოჯახი დარჩა და ალბათ, არც ისეთი სიყვარული, მტყუანსაც რომ გაგამართლებინებს, რადგან იცი, ქვეყანაც რომ დაიქცეს, ყველაფრის უკუღმა წასვლას უფრო დაიჯერებ და დაუშვებ, ვიდრე იმას, რომ შესაძლებელია, მას შეშლოდა.
– ცხონებული ბებიაჩემის გასვენებაში არ ყოფილა ასეთი სიჩუმე, რა ჯანდაბა გჭირთ? – წამოენთო ბოლოს ნინა.
– ისეთი გემრიელი გამოგივიდა ყველაფერი, დაადუმე ხალხი. – თვალი ჩაუკრა გეგამ და საჭმელებზე ანიშნა, თუმცა ქალმა თვალები რომ აატრიალა და ჩაიდუდღუნა, ზოგი სულ არ გამიკეთებია მე, ვიყიდეო, ვეღარც მეუღლემ შეიკავა სიცილი.
– შემდეგ წელს სულ რომ არ დაგპატიჟებთ, მერე ნახეთ თქვენ!
– ნინა, რომელიმეს გვჭირდება შენი დაპატიჟება? – როგორც იქნა, ხმა ამოიღო დემნამაც. მთელი საღამო ისე იჯდა, აშკარა იყო, მხოლოდ ფიზიკურად იმყოფებოდა იქ. გონება კი... გონება რამდენიმე ადგილას ერთდროულად ჰქონდა. განსაკუთრებით, ბოლოს მომხდარის შემდეგ...
არასდროს აკვირვებდა საქმეების სირთულე და ჩახლართულობა. უფრო მეტიც, სწორედ იმისთვის იღებდა, კვანძი რომ გაეხსნა, თუმცა ეს ამაშიც განსაკუთრებული გამოდგა... მთელი ცხოვრება ხომ მოუწამლა ისედაც და ახლა, როცა კიდევ ახალი დეტალები აღმოაჩინა, საერთოდ გადავიდა ჭკუიდან. საქმე იმდენად აღარც აინტერესებდა, როგორც უკვე პრინციპის საკითხი იყო მისი გახსნა. თუნდაც, რაღაცების დასამტკიცებლად...
– დემნა აქაც კი სამსახურზე ფიქრობს... – მოულოდენლად შენიშნა ელენემ და არც კი უცდია ირონიის დამალვა. თითქოს, უნდოდა კიდეც, რომ ეჩხუბათ და რომელიმეს მაინც მისცემოდა წასვლის მიზეზი. ძალიან ეგოისტურად გამოსდიოდა ნინასთან, თუმცა უკვე სულს უხუთავდა ხერგიანის ასეთ გარემოში ყურება და სანამ ამ მდგომარეობიდან ტკივილზე გადავიდოდა, ყველაფერი უნდა ეცადა.
– შენ ვისზე რას ამბობ, ძლივს გამოგაღწევინე იმ შენი ოფისიდან! – წამოენთო ნინა. ბოლო დროს ხომ ისედაც იშვიათად ხვდებოდნენ, სამსახურის წყალობით კი, შეიძლებოდა თვეები გასულიყო და ვერ ენახათ ერთმანეთი. არც ელენეს უფროსი ხიბლავდა დიდად ქალს. ალბათ, რომ არა დემნა, აჟიტირდებოდა და ყოველ ორშაბათს გულამოჭრილი პერანგით გაუშვებდა სამსახურში, თუმცა ახლა ის ფლირტიც კი აღიზიანებდა, ელენეს მონაყოლებიდან რომ ამჩნევდა.
– არც კი შეადარო ჩვენი სამსახურები ერთმანეთს! – ჩაეცინა ელენეს.
– რატომ, ახლა ხომ ერთად ვმუშაობთ?
– დარწმუნებული ხარ, რომ მხოლოდ ერთი სამსახური გაქვს, დემნა? – და მთელი საღამოს განმავლობაში, პირველად გახედა ამ ფრაზის წარმოთქმისას. ბრაზი სჭამდა იმის გააზრებისას, რომ შესაძლოა, ისევ იმ ამბავს დაბრუნებოდა. როგორ შეეძლო? როგორ შეეძლო ისევ მოეკიდა ხელი იმ დაწყევლილი საქმისთვის, განსაკუთრებით კი, მას შემდეგ, რაც მოხდა...
– თქვენ აქ რა, ცივი ომი გამიმართეთ? – ჩაერია გეგაც. მასზე განსაკუთრებულად იმოქმედა ამ ორის დაშორებამ. დემნასთან ხომ უკვე მრავალი წელი აკავშირებდა და ელენემაც ისე შეაყვარა თავი, განქორწინების ამბავი რომ შეიტყო, ისეთი შეგრძნება გაუჩნდა, თითქოს მასაც უღალატეს. ორად გაიხლიჩა და ვერც ის გადაწყვიტა თავიდან, პირველად რომელი ენუგეშებინა.
– ვინც წამოიწყო, იმას მოსთხოვეთ პასუხი! – მაინც არ ტყდებოდა ელენე.
– შენ წამოიწყე!
– ეს დიალოგი, კი, გეგა, მაგრამ შენც ხომ იცი, აქ და ახლა რომ არ დაწყებულა არაფერი? – უკვე ვეღარაფრით იკავებდა თავს. კუნთების დაჭიმულობას გრძნობდა სიბრაზისგან და ვერც ხვდებოდა, როგორ ახერხებდა სიმშვიდის შენარჩუნებას მაშინ, როცა ყველაფრის განადგურება უნდოდა, რასაც კი მისწვდებოდა.
– ძალიან ცუდები ხართ! – ბოლოს ისევ ნინამ გააწყვეტინა. აშკარა იყო, მხოლოდ იმის გამო არ სტკიოდა გული, დაბადების დღე რომ ასე წაუვიდა. – ერთია და რაც ვიცნობ, ნახევარი ცხოვრება გერმანიაშია გადახვეწილი, მეორეა და, ნათესავები გვქვია, მაგრამ საოცრად გვიან გავიცანი. მერე სასწაულის წყალობით, ნუ, უფრო ჩემი და გეგას წყალობით, ისე წავიდა ყველაფერი, ვიფიქრე, არიქა, მეშველა, ორივე დავიჭირე ყურებით და ვეღარსად გამექცევიან–მეთქი, მაგრამ რად გინდა! მაინც მოახერხეთ ყველაფრის გაფუჭება.
– ნინა, არ გინდა, გთხოვ... – ისეთი ხმით წარმოთქვა ელენემ, ხერგიანმა მეტს ვეღარ გაუძლო. რაც არ უნდა ახლობლებთან ყოფილიყვნენ, ოჯახის თემის განხილვას მის გარეთ არ აპირებდა. არც გაკიცხვის ეშინოდა და არც გამტყუნების, ეს ისედაც იცოდა, სხვების მითითების გარეშეც, მაგრამ არ იყო საჭირო, სხვებზეც მოეხდინა გავლენა იმას, რამაც სამ ადამიანს ისედაც შეუცვალა ცხოვრება. ამ სამიდან კი, ყველაზე მეტად, ალბათ მაინც ლილუ დაზარალდა...
– მაპატიეთ, მაგრამ უნდა წავიდე. – წამოდგა გაღიზიანებული. ერჩივნა, ახლაც თვითონ გამოსულიყო დამნაშავე, ვიდრე უფლება მიეცა ელენესთვის, კიდევ გაეგრძელებინა და შემდეგ საკუთარ თავთან მარტო დარჩენილს იმაზე ეტირა, როგორ გაუფუჭა ნინას დღე.
– დემნა, დედას გეფიცები, შენ წაგიკიდებ ახლა ცეცხლს ტორტის სანთლების ნაცვლად! – კბილებს შორის გამოსცა იუბილარმა, მაგრამ ვერც მუქარამ გაჭრა, ვერც შემდგომმა ხუთწუთიანმა ხვეწნამ. ერთი თქვა და მორჩა. ქვეყანაც რომ დაქცეულიყო, ნათქვამს არაფრის დიდებით გადავიდოდა და ახლა, მით უმეტეს.
– ხვალ შემოგივლით და მერე მაჭამე ტორტი. ახლა მართლა უნდა წავიდე... – თვალი ჩაუკრა და ლოყაზე უჩქმიტა, თუმცა გეგასთვის ხელის ჩამოსართმევად რომ შებრუნდა, ადგილზევე გაიყინა. კარის ზღურბლთან ექვსიოდე წლის, სახეაწითლებული, თვალებაწყლიანებული და ნიკაპაკანკალებული გოგონა უხერხულად ატუზულიყო და ისეთი მზერით უყურებდა, ხმის ამოუღებლად აგრძნობინებდა დემნას, რაც არ უნდა გაეკეთებინა, ლილუს იმ ორ წელს მაინც ვერაფრით დაუბრუნებდა...
* * *
უცნაური, „მთვრალი სერენადისა“ და სახლში მიცილების შემდეგ კვლავ საუკუნო განშორება ჩამოწვა დემნასა და ელენეს შორის... ნუ, მთლად საუკუნო არა, მაგრამ ორ კვირას ნამდვილად გასტანა და ალბათ, კიდევ უფრო დიდხანს გაგრძელდებოდა, ერთ დღესაც, სახეალეწილ ელენეს ბრახუნით რომ არ ჩამოეღო ახალბედა წყვილის სახლის კარი.
– რა იყო, მოგდევენ? – გაეცინა ნინას და გადასაკოცნად გაიწია, ქერათმიანი უეცრად მოვარდნილი ტორნადოსავით რომ შეიჭრა სახლში, მისაღებში ტელევიზორის წინ მოკალათებულ ბიჭებსაც უხმოდ ჩაუქროლა და პირდაპირ სამზარეულოში შევარდა.
– რამე დამალევინე! – ძლივს ამოთქვა ბოლოს. ისეთ დღეში იყო, ხელებიც კი უცახცახებდა ბრაზისაგან და ნინა აფთიაქის ყუთის ჩამოსაღებად რომ გაემართა, მაშინვე დააყოლა: – სასმელი!
– აბა, ახლა! – დაუბრიალა თვალები. – იტყვი, რა მოხდა, თუ?!
– ნინა, შეიძლება ჭკუიდან გადავიდე! გავაფრენ!
– აუ, გოგოებო, ცოტა ჩუმად გააფრინეთ, რა, „ბარსას“ თამაში იწყება. – გასძახა გეგამ, თუმცა ელენეს პასუხმა მასაც კი თვალები დააჭყეტინა.
– ხო, თქვენ მარტო ეგ გადარდებთ! – დოინჯშემორტყმული გაუვარდა მისაღებში. – ფეხბურთი და ჩვენი ჩუმად ყოფნა! მაშინაც არ უნდა ამოვიღოთ ხმა, როცა რაღაც გვაწუხებს! არა, საერთოდ არ გვაქვს ლაპარაკის უფლება! – ვერც კი იაზრებდა, ისე გადაჰქონდა საკუთარი ბრაზი სრულიად უდანაშაულოზე და სანამ ფიცხელაური, მისი უეცარი გამოსვლით შოკირებული, რამის თქმას მოახერხებდა, ისევ ნინამ დაასწრო.
– დაანებე ამათ თავი და წამომყევი სამზარეულოში. იქ მომიყევი...
– არა, აქ უნდა მოგიყვე! პრეტენზია ხომ არ გექნებათ?! – ისეთი სახით გახედა დემნასა და გეგას, ღმერთიც გაუწყრებოდათ, დადებითი პასუხი რომ გაეცათ.
– ელენე, ამომხდა სული! რა მოხდა?
– ჩემმა შეყვარებულმა ქორწილში დამპატიჟა! – დაიგრგვინა ისე, სიტუაციის დრამატულობას მინების შეზანზარებაღა აკლდა, თუმცა ყველაფერი ხერგიანის ჩაფხუკუნებამ გააფუჭა.
– და?
– რა და, დემნა?!
– მაგის გამო დაგვახურე თავზე ყველაფერი, რომ შენმა შეყვარებულმა ქორწილში დაგპატიჟა?
– ელენ, რამ გაგაბრაზა? – გაურკვევლობაში იყო გეგაც...
– აჰა, ესენიც კაცები არიან, რა უნდა მოვთხოვო! – გამწარებულმა აიქნია ხელები, თუმცა ნინას სახეზეც გაოგნება რომ დააფიქსირა, საერთოდ აირია.
– ლენა, რაც მალე აგვიხსნი, მით მალე ჩავრთავთ ტელევიზორს. ნუღა წელავ, რა!
– ხერგიანი, შენ საერთოდ არ გელაპარაკები, სანამ მაგ სახელს მეძახი! – მიახალა სწრაფად. – და რას ვერ ხვდებით?! ანუ, აქ გასაბრაზებელი არაფერი არაა და მე გიჟი ვარ?
– ელე, იქნებ რამე დეტალი გამოგრჩა და იმიტომ ვერ გავბრაზდით? – ისევ ნინა შეეშველა ბოლოს...
– მე არა, იმ ვირს გამორჩა მთავარი დეტალი!
– ვახ, ვირებმა დეტალებზე დაკვირვებაც თუ იცოდნენ, არ ვიცოდი! – დემნა კი, მაინც მხიარულ ტალღაზე იყო.
– გაგიკვირდება და, ლაპარაკიც შეუძლიათ! – თვალები დაუბრიალა, ბოლოს კი, ერთი ღრმად ამოისუნთქა და შედარებით დამშვიდებულმა, ხელახლა გაიმეორა. – ჩემმა შეყვარებულმა ქორწილში რომ დამპატიჟა, ამ ამბის მთელი ტრაგიკულობის აღსაქმელად მხოლოდ ორ სიტყვას დავამატებ: „ყოფილმა“ და „თავის“... მეგონა, შენ მაინც გითხარი, რომ დავშორდით... – მობოდიშებასავით გამოუვიდა ნინასთან, რომელიც მიღებული ინფორმაციის გადახარშვას ცდილობდა და როცა ყველაფერი გაიაზრა, ახლა ის წამოიჭრა გაცოფებული.
– გინდა თქვა, რომ შენმა ყოფილმა შეყვარებულმა თავის ქორწილში დაგპატიჟა?! – იმხელა შეკივლა, ბავშვიც კი შეაშინა. აი, თურმე რაში იყო საქმე!
– მე თუ მკითხავ, უნდა წახვიდე, ელენ... – აზრი პირველმა გეგამ გამოთქვა... ისე ეჩქარებოდა ამ საუბრის დასრულება, ჭორაობაზეც კი დათანხმდებოდა, ოღონდ მალე მორჩენილიყვნენ და ეს თამაში არ გამოეტოვებინა.
– „მადონას სერვიზი“ ან ჟატის თეთრეულიც ხომ არ გავუყოლო საჩუქრად?!
– არა, როგორ გაბედა დაპატიჟება?! – ნინა ისევ აღშფოთების სტადიაზე დარჩა...
– საერთოდ არ შეგიძლიათ ფაქტების ლოგიკურად დალაგება. – ამოიოხრა დემნამ. – აქ მთავარი კითხვა როგორ კი არა, რატომ არის. და პასუხიც მარტივია, უნდა, რომ გაგაბრაზოს. – განმარტა დემნამ და ის იყო, ტელევიზორის პულტს დასწვდა, გოგონამ ამჯერად პირდაპირ კაბელით რომ გამოაერთა.
– რას მელაპარაკები! უნარებში მაღალი ქულა აიღე?!
– ლენა, რა გინდა? შენი ყოფილი შეყვარებულის ქორწილის გამო ჩვენ რატომ არ გვაცდი ფეხბურთის ყურებას?
– იმიტომ, რომ აღშფოთებული ვარ! გაგიჟებული, გადარეული, მინდა, რომ მივუვარდე და ყველაფერი ვუთხრა, რასაც იმსახურებს!
– და მის დონემდე დახვიდე? – როგორც იქნა, ნინაც გამოფხიზლდა.
– იმ მომენტში შედი, რომ იკითხავენ, ვინმე ხომ არაა ამ ქორწინების წინააღმდეგიო... – ხერგიანი კი, კვლავ არასერიოზულად უყურებდა ყველაფერს.
– გეგა, იცოდე, ან გააჩუმე, ან მეჯვარის გარეშე დაგტოვებ!
– არა, ელენ, მართლა უნდა წახვიდე! იმიტომ დაგპატიჟა, რომ ჰგონია, არ მიხვალ და ამით გული გატკინა. შენ მასწავლი ახლა ჩვენს ჩახლართულ გეგმებს...
– უფრო მეტიც, შეყვარებულთან ერთად უნდა წახვიდე... – აჰყვა ნინაც.
– სად ვიშოვო ორ დღეში შეყვარებული, თქვენ სულ გაგიჟდით?!
– მონდომების ამბავია, ჩემო ლენა, რად უნდა მაგას ორი დღე... – ისევ ფხუკუნებდა ხერგიანი. წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, ეს პრობლემა მასაც რომ შეეხებოდა...
– არა, ასე როგორ მომექცა?! გეგა, შენ წამომყევი, რა!
– ვერ გამოვა ეგ ამბავი, ელენ, დაგასწრეს. – გაეცინა ბიჭს და ნინას თვალი ჩაუკრა.
– ოო, არ გაბრაზდება ნინა. ხო არ გაბრაზდები? – ახლა ნათესავს გახედა დაიმედებულმა. სხვა არავინ ჰყავდა ისეთი, ვისი დახმარებითაც ღირსეულ სამაგიეროს გადაუხდიდა იმ „მოლაპარაკე ვირს“.
– მე არ გავბრაზდები, მაგრამ...
– ამათი ქორწილის ფოტოები რომ ჰქონდეს ნანახი, ყველაფერს მიხვდება და ახლა თუ ერთით ნულს გიგებს, მერე სამარცხვინო ანგარიშით დამარცხდები. ვინმე ისეთი გჭირდება, ვინც არ ეცნობა. – განუმარტა დემნამ. წამითაც არ უფიქრია, ეს საკითხი მასაც თუ ეხებოდა, ახლა მხოლოდ პრობლების სწრაფად გადაჭრა და ტელევიზორის ჩართვა უნდოდა, თუმცა, ფაქტობრივად, საკუთარი ხელითვე გაითხარა სამარე, შიგნითაც თვითონ ჩაწვა და მიწაც თავისით მიიყარა.
სამივემ ერთდროულად გახედა. ნინას აღფრთოვანებული მზერა ჰქონდა, გეგას - კმაყოფილების ნიშნად ატრიალებული ტუჩები, ელენე კი ისე უყურებდა, თითქოს უდაბნოში ჩარჩენილი წყალს გადააწყდა. წამწამები რამდენჯერმე სწრაფადაც კი დაახამხამა და საბოლოოდ, სანამ პირს გააღებდა იმის სათხოვნელად, რასაც დემნა ისედაც მიუხვდა, ისევ ბიჭმა დაასწრო და კატეგორიულად წარმოთქვა:
– გამორიცხულია!
* * *
– დიდი ხანია, აქ დგახარ, მა? – ლილუსთან მივიდა გახევებული დემნა. სრულიად უძლური ხდებოდა ამ ერთი ციცქნა არსების წინაშე.
– მე დედიკო რაღაცას შემპირდა. – ძლივს ამოთქვა, ცრემლებით გაბერილმა. – შენ კიდევ, ისე მიდიოდი, არც მემშვიდობებოდი!
– არა, მამა, რას ამბობ! შენ უნახავად როგორ წავიდოდი!
– ისევ კომპიუტერიდან უნდა მელაპარაკო ხოლმე? – აქ კი, ვეღარაფრით შეიკავა ბავშვმა თავი და ისე ასლუკუნდა, დემნამ სასწრაფოდ ჩაიკრა და ოთახიდან გაიყვანა. ელენეც აპირებდა გაყოლას, თუმცა ისე ანიშნა, არ გინდაო, ნაბიჯიც ვეღარ გადადგა. აშკარა იყო, მამა-შვილს რაღაც განსაკუთრებული კავშირი რომ ჰქონდა და ვერავინ მოახერხებდა ამის დარღვევას. მათ შორის, ვერც მაჩაბელი...
– აღარ ვიცი, რა მოვუხერხო... – ამოიოხრა გეგასა და ნინასთან დარჩენილმა. – და ჩვენი წყალობით, შენც ჩაგიშალეთ დაბადების დღე...
– ნეტავ, შენ გიჟი არ იყო!
– აბა, რა გამოვიდა? მოვედით, ვიჩხუბეთ, გაგაბრაზეთ და მივდივართ.
– ჰმ, მთავარი რატომ გამოტოვე?! რა საჩუქრები მივიღე?! – გაეცინა ნინას. პატარა ბავშვი ხომ არ იყო, ეეგოისტა და მხოლოდ საკუთარ თავზე ეფიქრა. მით უმეტეს, რომ საუბარი ლამის მისსავე შექმნილ წყვილზე მიდიოდა...
აი, დემნა კი ისეთ დღეში იყო, მხოლოდ საკუთარ თავზე კი არა, ლილუს მეტზე, იმ მომენტში, ვეღარავისზე ფიქრობდა. გული მოუკლა შვილის სიტყვებმა. გულუბრყვილოდ დასმულმა შეკითხვამ ისე იმოქმედა, ვეღარც შეძლო ხმის ამოღება. და ვერც შვილის დამშვიდება მოახერხა. გულში იკრავდა ატირებულს და თმაზე უსვამდა ხელს, თუმცა, ლოცულობდა, საუბარი რომ არ წამოეწყოთ.
– ანუ მართლა აღარ წახვალ? – არ გაუმართლა. ლილუ ნამდვილად არ აპირებდა გაჩუმებას.
– შენ გარეშე მე არსად წამსვლელი აღარ ვარ, მა.
– და დედიკოს რომ ვთხოვოთ და ისევ ჩვენთან იცხოვრო? – ისეთი თვალებით ახედა, მის მზერაში იკითხებოდა, ჯერ ისევ ზღაპრების სამყაროში რომ ცხოვრობდა.
– ეგ ვერ გამოვა ჯერ. მაგრამ იქნებ მერე ვთხოვოთ...
– აბა, მე რომ შენთან მინდა დარჩენა?
– წაგიყვან, მამა, რა გატირებს მერე?!
– და დედიკო მარტო დავტოვოთ? – ამოიოხრა ზრდასრულივით. – მე რომ შენ ჩაგეხუტები და ისე დავიძინებ, მერე დედიკომ რა ქნას, მარტოს რომ შეეშინდეს?
– მაშინ დედიკოსთან დარჩი, პატარავ და შაბათ-კვირას გავისეირნოთ სადმე მე და შენ.
– მე დღეს მინდა! – გაჯიუტდა უმცროსი ხერგიანი. – შენთანაც მინდა და დედიკოსთანაც. თქვენ რატომ არ გინდათ? მე ხომ ორივე მეტევით გულში, პატარა ვარ, მაგრამ მაინც მეტევით და თქვენ რატომ ვერ ატევთ? – ცრემლების ახალი ნაკადი გადმოუშვა, საბოლოოდ პასუხების ნაცვლად, კიდევ უფრო მეტი კითხვა რომ დაუგროვდა და საერთოდ აირია. რა უნდა გაეგო, ან როგორ უნდა გაეგო ექვსი წლის ბავშვს, რა მოხდა სინამდვილეში? მას მხოლოდ ის უნდოდა, ღამით მამას ისე ჩახუტებოდა, დედაც გვერდით წოლოდა, თუმცა მშობლები მისი ხათრითაც კი არ აკეთებდნენ ამას.
– დე, წაყვები მამიკოს? – ოთახში შევიდა ელენეც. მხოლოდ თვითონ იცოდა, რად უღირდა შვილის გარეშე თუნდაც ერთი დღის გატარება, მაგრამ აქ და ამ თემასთან დაკავშირებით, ვერ იქნებოდა ეგოისტი.
– შენც წამოგვყევი! – ალაპარაკდა გაბუტული.
– დე, მე და შენ ხომ უკვე ვილაპარაკეთ ამაზე...
– ლილუს შენი მარტო დატოვება არ უნდა, ლენა... შევთავაზე, შაბათ-კვირას გავისეირნოთ-მეთქი...
– არ მინდა გასეირნება! არა! მე ხომ გითხარი, რაც მინდა, რატომ არ მისმენ, მამა! – კიდევ უფრო ატირდა, ისტერიკის პირას მყოფი. რთული ბავშვი არასდროს ყოფილა, არც გაუგონარი და ჯიუტი, მაგრამ ორივემ იცოდა, ის ამბები ლილუზეც რომ მოახდენდა გავლენას და სამწუხაროდ, არც ამაში შემცდარან.
– შენ გაყევი მამიკოს და მე ჩემს დედიკოსთან დავრჩები, კარგი, ლილუ? – შვილს ცრემლები შეუმშრალა ელენემ. ყველანაირად ცდილობდა, ისეთი დედა ყოფილიყო, პირველ ადგილზე სწორედ ბავშვის ინტერესი რომ დაეყენებინა და აქამდე, როგორღაც ახერხებდა კიდეც. მაგრამ უკვე იმასაც ფიქრობდა, ეს მხოლოდ იმიტომ გამოუვიდა, ლილუ რომ კიდევ უფრო პატარა, დემნა კი, რამდენიმე ათასი კილომეტრით შორს იყო...
– არ იტირებ უჩემოდ? – ხმა შეურბილდა ჯერ კიდევ მამის კალთაში მოკალათებულ გოგონას. აშკარა იყო, ცოტაც და, დაწყნარდებოდა.
– არა, დე, გპირდები. მაგრამ არც შენ აღარ იტირო მეტი, კარგი?
– კარგი, მეც გპირდები დედიკო! – წამოიძახა გახარებულმა, შემდეგ კი, წვრილი მკლავები დედას რომ შემოხვია კისერზე და ცხვირი თმაში ჩაუყო, დემნამ კბილები ძლიერად დააჭირა ერთმანეთს და მუშტებიც კი შეკრა, როგორმე თავი რომ შეეკავებინა და თვითონაც არ მოხვეოდა იმ ორ ადამიანს, რომლებიც ამ ქვეყნად ყველაფერზე მეტად უყვარდა...
* * *
ქორწილის დღე ისე მოვიდა, მხოლოდ ელენე კი არა, გეგა და ნინაც ვერ ხვდებოდნენ, როგორ მოახერხეს დემნას დათანხმება და ამ სპექტაკლში გარევა. ფიცხელაური უფრო იმას აბრალებდა, ისე ძალიან უნდოდა ფეხბურთის ყურება, ყველაფერზე მზად იყო, ოღონდ მალე ჩაერთო ტელევიზორიო, ნინამ კი, ლამის ისიც დაგეგმა, რას ჩაიცვამდა რეალურ ქორწილში, რომელიც, მისი წარმოდგენებით, არც ისე შორს იყო. ისე უნდოდა ამ წყვილის ნახვა... ხომ კარგად იცოდა ხერგიანის ხასიათი და მექალთანეობის ამბავი, მაგრამ არც იმაში ეპარებოდა ეჭვი, იმ ერთს რომ იპოვიდა, სხვა ყველა ფერს დაკარგავდა გარშემო. ჰოდა, ძალიან უნდოდა, ის ერთი სწორედ ლენა ყოფილიყო...
– იცოდე, მალე წამოვალთ! – მაინც აჯიჯღინდა, გოგონა რომ მანქანაში ჩაისვა და მითითებული მისამართისკენ აიღო გეზი. არა, მაინც როგორ გაეხვია ამ გაუგებრობაში?!
– ნუ მიმატებ, ისედაც არ ვარ ხასიათზე!
– ჩემი ბრალია?! – ცალწარბაწეულმა გახედა და მიხვდა, დღევანდელ საღამოს ჩხუბის თუ არა, მცირე კამათის გარეშე მაინც ვერ ჩაამთავრებდნენ.
– ეს ის ერთადერთი შემთხვევაა, როცა შენი გულწრფელად მადლობელი ვარ. ამიტომ ხმას არ ამოვიღებ. – მოუჭრა ელენემ და მთელი გზა მართლა აღარ ამოუღია ხმა.
მართალია, ლუკას დაახლოებით ორი თვის წინ დაშორდა და სიმართლე რომ ითქვას, ისე ძალიანაც არ ჰყვარებია, ამის გამო დეპრესია რომ დაწყებოდა, თუმცა, მაინც საშინლად შეურაცხყოფილად გრძნობდა თავს. რატომ მოექცა ასე? ხომ შეიძლებოდა, სხვა წყვილებივით ცივილურად დაესრულებინათ, ყოველგვარი ჩხუბის და ერთმანეთის შეძულების გარეშე. მაგრამ არა! ბიჭმა ის ვერ აიტანა, მაჩაბელი მის გარეშეც კარგად რომ გრძნობდა თავს და იმდენი ქნა, მაინც მოუშხამა ხასიათი.
რომ არა ნინა და გეგა, არც დათანხმდებოდა ამ ქორწილში წასვლაზე. არც კი დაუშვებდა საერთოდ ამ აზრს, მაგრამ მათი შეთავაზებული ვარიანტი ისე მოეწონა, მიხვდა, ნამდვილად დანაშაული იქნებოდა ამ შანსის ხელიდან გაშვება. თან, ყველაფერთან ერთად, დემნას უკეთ გაცნობის საშუალებაც ექნებოდა...
– მასეთი სახით თუ უნდა იყო, ბარემ პირდაპირ უთხარი, ისე ძალიან მეწყინა, ცოლი რომ მოგყავს, შენზე შურის საძიებლად სპექტაკლიც დავდგიო. – სასხვათაშორისოდ წაილაპარაკა დემნამ, მანქანა ეკლესიის ეზოში რომ გააჩერა. – ან საერთოდაც, რა გვინდა ჯვრისწერაზე, მაზოხისტი ხარ თუ რატომ ეწამები?!
– რას ერჩი ჩემს სახეს?!
– სადაცაა იტირებ. ზედ გაწერია ყველაფერი.
– არაფერსაც არ ვიტირებ. აქეთ იტიროს, ის გოგო რომ ხდება მისი ცოლი. – აბუზღუნდა და ის იყო, კარის სახელურს დაეჯაჯგურა, დემნამ რომ ამოიოხრა:
– მოიცადე, თუ თამაშია, თამაში იყოს! –შემდეგ კი, თვალი ჩაუკრა და პირველი თვითონ გადავიდა, ახლად გამოჩეკილი „შეყვარებულისათვის“ მანქანის კარი რომ გაეღო...
გაგრძელება იქნება პარასკევს
ავტორი ნათია ჯაგოდნიშვილი