ფეხშიშველი მიმოდიოდა ოთახში ელენე და ცდილობდა, როგორმე საკუთარი თავი თვითონვე დაემშვიდებინა.
პირველი ღამე იყო, ლილუს გარეშე რომ უწევდა დარჩენა და ისე მოუსვენრად გრძნობდა თავს, თითქოს ბავშვი მამასთან კი არა, სადმე საშიშ ადგილას გაუშვა. არადა, სხვა თუ აღარაფერში, დემნასთან დაკავშირებით, იმაში ხომ მაინც იყო დარწმუნებული, ლილუს რომ საუკეთესოდ მიხედავდა?! მაინც ვერ ისვენებდა!
უცნაური გრძნობა უვლიდა გულ-მუცელში და ძალიან არ უნდოდა ამისთვის იმის სახელი დაერქმია, რაც, ეგონა, რომ დიდი ხნის წინ დამარხა. აღარაფერი აკავშირებდა ამ კაცთან შვილის მეტი და არც უნდოდა რამის შეცვლა. განქორწინებაც სწორედ იმიტომ მოითხოვა თავის დროზე, ბოლომდე რომ იყო დარწმუნებული, მის გვერდით ყოფნას ვეღარ გაუძლებდა. მართლა მუდამ გვერდით ედგა, ცდილობდა, ყველაფერში გაეგო, თუმცა რაც მოხდა, უკვე მეტისმეტი იყო. მისთვისაც კი...
და ახლა? ახლა რას გრძნობდა, თვითონაც ვერ გარკვეულიყო. მთელი ორი წელი გავიდა, რით ვერ დაივიწყა? რატომ არ შეუძლია გულგრილობა შეინარჩუნოს მის გვერდით, მით უმეტეს, ამის მიზეზი რომ ნამდვილად აქვს? არა, თითქოს საკუთარი სხეულიც კი დასცინის და მთელი გადატრიალება ხდება, მის სიახლოვეს რომ გრძნობს. ეს კი, ყველაზე ნაკლებად სჭირდება და რაც უნდა მოხდეს, აღარაფრით დაუშვებს, კვლავ გულს რომ აჰყვეს და საღი აზრი უკანა პლანზე გადასწიოს...
ხომ შეიძლებოდა, მათაც ნორმალური ოჯახი ჰქონოდათ? მშვიდად მიეყვანათ დაწყებული ბოლომდე და სიბერეში, ბუხრის წინ მოკალათებულებს, შვილიშვილებისთვის მოეყოლათ, როგორ გაიცნეს ერთმანეთი. ეს ყველაზე ბანალური სცენარიც კი ერჩივნა იმას, როგორც განვითარდა მოვლენები. მართლა ვერასდროს იფიქრებდა... ვერც მაშინ, ზოგჯერ პატარა წვრილმანზეც კი საშინლად რომ ჩხუბობდნენ...
არასდროს ყოფილა ისე, ყველაფერში დათანხმებოდნენ ერთმანეთს. ისეთ უაზრობაზეც უკამათიათ... რამდენიმე დღეც კი გაუძლია ელენეს გაბუტულს, თუმცა მაშინ მხოლოდ ის აძლებინებდა, დემნა, ყველაფრის მიუხედავად, გვერდით რომ ჰყავდა. იცოდა, თვითონ რომ იყო დამნაშავე და მაინც ქმრისგან ელოდა პირველ ნაბიჯს. ძირითადად, ლოდინი ამაო იყო და სვანი სიჯიუტეს არ ღალატობდა, მაგრამ ბოლოს ისე რიგდებოდნენ, მხოლოდ ამის გამოც კი ღირდა ჩხუბი... ახლა ესეც აღარ დარჩა... საერთოდ არანაირი იმედი იმისა, ბოლოს კვლავ რომ ჩასჭიდებს ხელს იმ ადამიანს, საკურთხეველთან მარადიული სიყვარული ვისაც შეჰფიცა.
პირზე ხელაფარებული ჩაიკეცა შუა ოთახში, ხმამაღლა რომ არ აღრიალებულიყო. ისე უჭამდა სხეულს ტკივილი. ფიზიკურად, თითქოს არაფერს უჩიოდა, მაგრამ სუნთქვაც კი უძნელდებოდა ამ თემაზე ფიქრისას. რატომ დაემართათ ეს ყველაფერი მათ? ხომ შეიძლებოდა, ის დაწყევლილი საქმე სხვა იურისტისთვის მიეცათ? მაგრამ არა, თითქოს ყველაფერი მათ წინააღმდეგ წავიდა! ისე მიეწყო, არც უკან დასაბრუნებელი გზა ჩანდა და წინაც ვეღარ მიდიოდნენ... მხოლოდ დემნა კი არა, თვითონაც მასთან ერთად გაიჭედა ამ ამბავში და დაშორებამდე, ბოლო დღეების განმავლობაში ისეთი საშინელებები ესიზმრებოდა, ლამის, ყოველ ღამე გაოფლილსა და შეშინებულს ეღვიძებოდა...
მხოლოდ მოგვიანებით მიხვდა, მაშინდელი შიში რომ არაფერი იყო იმასთან შედარებით, რასაც მერე გრძნობდა, ლილუსთან ერთად მარტო რომ დარჩა. ესეც თვითონვე მოინდომა, თორემ ზუსტად იცოდა, დემნა არაფრით გაუშვებდა ხელს... თუმცა, თვითონ კი გაუშვა და როგორ აბსურდულადაც უნდა ჟღერდეს, ამის გაკეთებისას ერთადერთზე, ლილუს კეთილდღეობაზე ფიქრობდა. მხოლოდ გვიან მოვიდა ის შეგრძნება, დაკარგული რომ იყო... საერთოდ ვერსად რომ ვერ პოულობდა საკუთარ თავს და არაფერი უნდოდა ისეთი, რასაც იმის სურნელი არ ჰქონდა, წლების წინ რომ შეიყვარა ასე ძალიან.
სისულელე იქნება იმის თქმა, რომ არ გაუჭირდა... ან გადაიტანა მომხდარი... ახლაც კი, ორი წლის შემდეგაც არ ასვენებდა იმ საშინელი ღამის მოგონებები და ეს ერთადერთი იყო, რაც საკუთარი გადაწყვეტილების სისწორეში არწმუნებდა. ორი ელენე რომ ებრძოდა ერთმანეთს, სწორედ ამას ეჭიდებოდა და როგორი მტკივნეულიც უნდა ყოფილიყო, ცდილობდა, მუდამ ხსომებოდა.
არ უნდა ეპატიებინა! როგორ ძალიანაც უნდა ყვარებოდა, უნდა მოეხერხებინა, რაღაცები გრძნობებზე წინ დაეყენებინა. მხოლოდ ეს იყო ერთადერთი გამოსავალი, რადგან ზუსტად იცოდა, სიყვარულს კვლავ თუ მისცემდა მისი მართვის საშუალებას, აპატიებდა და მერე უკვე უეჭველად დაიღუპებოდა...
* * *
ისე ყოჩაღად გაუძლო ელენემ ყოფილი შეყვარებულის ჯვრისწერის ყურებას, დემნას იმაშიც კი შეეპარა ეჭვი, საერთოდ უყვარდათ თუ არა ერთმანეთი. ეს გოგო რომ მთლად დალაგებული ვერ იყო, უკვე კი მიხვდა, მაგრამ მაინც ზედმეტად კარგად ეჭირა თავი იმ რეაქციის კვალობაზე, რაც პირველად ჰქონდა. ისეთი გაცეცხლებული იყო მაშინ... თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა და უნდა ითქვას, იმ მომენტში პირველად გაიაზრა ხერგიანმა, რომ სულაც აღარ იყო ის ბავშვი, მეგობრის ქორწილში რომ გაიცნო. სამარცხვინო სერენადის დროსაც ხომ იჩხუბეს და მაშინაც უტიფრად უბრიალებდა თვალებს, მაგრამ ნინასა და გეგას სახლში ქარბორბალასავით რომ შეიჭრა გააფთრებული, სულ სხვანაირი შთაბეჭდილება მოახდინა...
– რესტორანშიც ვაპირებთ წასვლას? – გადაუჩურჩულა, თუმცა პასუხით გაკვირვება ვერც მოახერხა, რადგან გოგონა პირდაპირ ახლად შეუღლებული წყვილისაკენ დაიძრა მისალოცად. არა, ნამდვილად არ არის ნორმალური!
– ლუკა, გილოცავთ! – ისე გაუღიმა, წამითაც არ ემჩნეოდა სახეზე ირონია, თეთრკაბიანს კი, ალბათ სულაც, რომელიღაც შორეული ნათესავი ეგონა, ისე თავმომწონედ იდგა.
– არ მეგონა, თუ მოხვიდოდი... – უცნაური ხმით ჩაილაპარაკა ბიჭმა.
– მაგრამ, მოვედით... – და ყველაზე საჭირო დროს, მაინც დემნა ჩაერია საუბარში. არ შეეძლო, ასეთ სიტუაციაში მარტოს ვერ დატოვებდა. თუ დათანხმდა, მაშინ ბოლომდე უნდა მოერგო შესასრულებელი როლი, მიფუჩეჩებული საქმე კი ჭირის დღესავით ეჯავრებოდა.
– ელე...
– მართლა გამიხარდა თქვენი გაბედნიერება. იმედია, მოგვიანებით ერთად ფოტოს გადაღების საშუალებაც მოგვეცემა! – მაჩაბელი კი იმდენად შეიჭრა როლში, დემნას წელზე რომ არ მოეხვია ხელი და არ გამოეყვანა, ალბათ, კარგა ხანს კიდევ არ გაჩერდებოდა.
ყოველთვის უჭირდა თავის კონტროლი, როცა გაბრაზებული იყო. ერთიანად იმონებდა ეს გრძნობა, თითქოს შავი ღრუბელი ეხვეოდა გარს და ასეთ მომენტებში ეგონა, რომ ყველაფრის გაკეთება შეეძლო. არც იმას დაეძებდა, ზედმეტი თუ მოუვიდოდა. მხოლოდ ის უნდოდა, სათქმელი ბოლომდე ამოეღო გულიდან, რაც შეიძლება მალე რომ გათავისუფლებულიყო ამ საშინელი გრძნობის ტყვეობისგან...
ახლაც ასე დაემართა. იმასაც ვერ ხვდებოდა უკვე, ბრაზით მოსდიოდა ეს ყველაფერი თუ ეჭვიანობით. თუმცა, ფაქტია, ჯვრისწერისას პატარძლის ადგილას ნამდვილად არ წარმოუდგენია თავი და არც ის მონდომებია, თვითონ ეთქვა ყველაზე მთავარი „დიახ“.
– ანუ, რესტორანში მაინც მივდივართ... – ჩაილაპარაკა დემნამ, გარეთ რომ გავიდნენ. აღარც ჰქონდა კითხვას აზრი, აშკარა იყო, ეს გოგო ასე მარტივად რომ არ მოისვენებდა.
– აბა, როგორ გგონია, მხოლოდ ჯვრისწერისთვის ვიყიდე ასეთი კაბა?! – ცალი წარბი აუწია ელენემ. მართლა კარგად გამოიყურებოდა, წითელი, გულზე ოთხკუთხედად ამოჭრილი და ზურგ ამოღებული კაბა ეცვა, ქერა თმა კი კეფაზე მსუბუქად დაემაგრებინა და რამდენიმე კულული წინ ლამაზად ჩამოეყარა.
– ნუ, მე ისიც არ მეგონა, ყოფილი შეყვარებულის ქორწილისთვის ასე თუ გაიპრანჭებოდი, მაგრამ...
– კარგად გამოვიყურები?! – მაშინვე დაიჭირა, რაც აინტერესებდა.
– მე რომ არ გითხრა, ისე არ იცი?! – ჩაეცინა და მანქანის კარი გაუღო. ხანდახან მართლა ძალიან ართობდა ეს გოგო.
– ისე, უკვე მეორედ ვართ იგივე სიტუაციაში! – აღნიშნა გამხიარულებულმა, დემნა კი, საერთოდ ვერ მიუხვდა, რას გულისხმობდა.
– ანუ?
– რაღა ანუ, ქორწილში გავიცანით ერთმანეთი, ახლაც ქორწილში ვართ!
– მდაჰ, რაღაცა საინტერესო დამთხვევაა! – გაეცინა ხერგიანსაც. – მაგრამ ღმერთი სამობითააო, გამიგია და...
– ახლა მე ვერ მიგიხვდი...
– საინტერესოა, მესამედ ვის ქორწილში მოვხვდებით ერთად! – თვალი ჩაუკრა, შემდეგ კი, სანამ მანქანის ძრავას აამუშავებდა, თავის დაზღვევის მიზნით, მაინც კიდევ ერთხელ ჰკითხა: – დარწმუნებული ხარ, რომ წასვლა გინდა?
– მე აუცილებლად უნდა წავიდე! მაგრამ, შენ თუ გეჩქარება, შემიძლია...
– ზედმეტად მაზოხიზმისკენ მიდრეკილი ხარ საიმისოდ, შენი მარტო გაშვება რომ შეიძლებოდეს. ამიტომ ნუ ლაპარაკობ ბევრს და ღვედი შეიკარი. – არც დააცადა დამთავრება, ისეთი სახით გააწყვეტინა და რესტორნისკენ რომ აიღო გეზი, იმ მომენტში უკვე ზუსტად იცოდა, დანაპირებს „იცოდე, მალე წამოვალთ“ ნამდვილად რომ არ ეწერა ასრულება...
* * *
შუაღამისას წარსულზე აშლილი ფიქრები მობილურის ზარმა რომ გაუფანტა, იმ რამდენიმე წამის განმავლობაში, სანამ ეკრანს დახედავდა, ლამის ნახევარი სიცოცხლე დაკარგა. ყველაფერი ცუდი ერთად გაიფიქრა და ისიც იგრძნო, როგორ გაუოფლიანდა ხელისგულები, თუმცა მობილური რომ მოძებნა და სულ სხვა სახელი ამოიკითხა აციმციმებულზე, თავდაპირველი შიში გაკვირვებამ შეცვალა. ამას ამ დროს რა უნდა?!
– გიორგი?! – ვერც კი მოახერხა გაოცების დაფარვა, ისე უპასუხა და აშკარად, არც ის გაუთვალისწინებია, ნამტირალევს ხმა რომ შეცვლილი ექნებოდა. აი, დარასელს კი სულაც არ გამორჩენია ეს ფაქტი.
– ელენე, ტიროდი? რამე მოხდა? – მაშინვე არაფორმალურ საუბარზე გადავიდა. მართალია, შუაღამის ორი საათი არც ისეთი კარგი დრო იყო საქმიანი მოლაპარაკებებისათვის, თუმცა, ელენეს სხვა ვარიანტი არც დაუშვია და ცოტა არ იყოს, დააბნია კიდეც მისმა ასეთმა ტონმა...
– არაფერი... მშვიდობაა? რატომ მირეკავ ასეთ დროს?
– ამმ... ყვარლის პროექტზე შემექმნა რაღაც პრობლემა, საბუთებში შეცდომაა გაპარული, მე ვერ გავასწორე და დილამდე ვერ მოვიცდიდი. მაპატიე, ხომ არ გაგაღვიძე?
– არა, არა უშავს, არ მეძინა... გადმომიგზავნე მეილზე? ბუღალტერიაში გაეპარათ რამე?
– არ ვიცი, ამიტომაც მჭირდება შენი დახმარება. ელენე, მართლა არაფერი მომხდარა? – ვერაფრით ისვენებდა კაცი. ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენდა და ლენაც ამჩნევდა ამას, თუმცა თვითონ არასდროს მიუცია რაიმე ზედმეტის ფიქრის საბაბი. ნამდვილად არ სჭირდებოდა სამსახურებრივი რომანი.
– მე, უბრალოდ... – ვეღარაფრით მოიფიქრა, რა ეპასუხა. ვეღარც ხმის დამორჩილებას ახერხებდა დიდად. ისეთი დამძიმებული იყო, ამდენხნიანმა ტირილმაც კი ვერ უშველა და ახლაც, მთელი საუბრის განმავლობაში ტუჩებს იჭამდა, ცრემლები რომ არ წასკდომოდა.
– ლილუს ხომ არ მოუვიდა რამე? სახლში ხარ?
– არა, ლილუ კარგადაა...
– სახლში ხარ? მოვალ!
– არა, გიორგი, არ არის საჭირო, მართლა. კარგად ვარ! – მიაყარა სწრაფად. რა უნდოდა ამ დროს ელენეს სახლში?! მეგობრობდნენ, მაგრამ ასე ძალიანაც არა...
– ელე, საკმაოდ კარგად გაგიცანი საიმისოდ, რომ მივხვდე, როდის მატყუებ. თხუთმეტ წუთში შენთან ვიქნები, დამშვიდდი! – მოუჭრა სწრაფად, შემდეგ კი ისე გაუთიშა, პასუხს აღარც დალოდებია და ფაქტობრივად, არჩევანის საშუალებაც კი მოუსპო, რადგან ალბათ, ქვეცნობიერად მაინც ხვდებოდა, ელენე თავისი სურვილით რომ არ სთხოვდა, მისულიყო...
მართლა არ დაუგვიანია. გააზრებაც კი ვერ მოასწრო, რამდენიმე წუთში კარზე კაკუნი რომ მოესმა და გასაღებად რომ გაემართა, მხოლოდ მაშინ მიხვდა, რატომ ჰქონდა ასეთი უცნაური შეგრძნება... სულ სხვას ელოდა ზღურბლს მიღმა. რაც უნდა ყოფილიყო, როგორც უნდა გაჯიუტებულიყო, საკუთარ თავს მაინც ვერ მოატყუებდა და აშკარა იყო, კარი რომ გააღო და დარასელი შერჩა, მიუხედავად იმისა, რომ ისედაც იცოდა, ის იქნებოდა, მაინც ჩასწყდა გულის ძალიან ღრმა კუნჭულში რაღაც. ის არ მოვიდა. და ის, ალბათ აღარც მოვიდოდა, რადგან თვითონვე მოინდომა ასე...
გაგრძელება იქნება ორშაბათს
ავტორი ნათია ჯაგოდნიშვილი
იხილეთ ასევე: საქმე № 109. თავი 6. ყოფილის ქორწილი