ნოველები

საქმე №109. თავი 10. მოულოდნელი მოგზაურობა

საქმე №109. თავი 10. მოულოდნელი მოგზაურობა
დარასელი ნერვიულად სცემდა ბოლთას საკონფერენციო დარბაზში, თათბირი ათ წუთში რომ უნდა დაწყებულიყო და ჯერ იმ ორიდან არც ერთი ჩანდა, თვითონ ყველაზე მეტად ვინც აინტერესებდა.
არც გუშინდელზე გაბრაზებას გადაევლო ბოლომდე. ისე მოეშალა ნერვები. სულ ცოტაღა უკლდა, სულ ცოტა, ელენეს ნდობის მოპოვებამდე და ყველაფერი ისევ იმ კაცმა ჩაშალა, რომლის აჩრდილიც მუდამ თან სდევდა. ამდენი წელი ხომ არც კი ჩანდა, მაგრამ ქალს მაინც ყოველთვის ეტყობო
და მისი არსებობა.

ვერაფრით მიუდგა დარასელი ისე, საკუთარი თავი ოდნავ სხვანაირად მაინც რომ წარმოეჩინა და არა, როგორც უფროსი. არადა, როგორ მოსწონდა?! პირველივე წამიდან დააინტერესა, შემდეგ კი, უფრო მეტი მიზეზიც მიეცა, თუმცა მაინც ვერ გაალღო ისე ყინული, ელენეს ასე მტკიცედ რომ შემოერტყა გარშემო და არავის უშვებდა ახლოს.

ყოფილი ქმარიც კი მოუყვანა სამსახურში და ცხვირწინ დაუსვა. იფიქრა, „აგრესიული შეტევა“ უფრო გაამართლებდა. ყოველდღე თუ უყურებდა იმ ადამიანს, ვისაც რაღაცის, ჯერჯერობით, გიორგისთვის ამოუცნობის გამო გაშორდა, მისდამი ცუდი დამოკიდებულება კიდევ უფრო გაუმძაფრდებოდა და საბოლოოდ, თუკი ოდნავი სიყვარული მაინც ჰქონდა შერჩენილი, ისიც გაუქრებოდა. მხოლოდ ეს მიზანი ამოძრავებდა, ხერგიანს რომ სამსახურში იღებდა. ელენეს მეტზე არც არავისზე უფიქრია. სიმართლე ითქვას და, არც კომპანიაზე... ისედაც კარგად იცოდა ყველაფერი, რაც შიდა სამზარეულოში ხდებოდა და იურისტი, მაქსიმუმ იმისთვის დასჭირვებოდა, ოდესმე სასამართლომდე რომ მისვლოდათ საქმე.

ალკოჰოლის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული ექსპორტიორი იყო. მისი ღვინოები მთელ ევროპაში იყიდებოდა და ისე მისდიოდა ბიზნესი, კონკურენტი თუ აუგორებდა ხელოვნურ ინტრიგას, თორემ თვითონ დეტალებში ჰქონდა ყველაფერი გათვლილი. თითოეულ ნაბიჯს აკონტროლებდა, ყველგან ჰყავდა თავისი ადამიანი და სწორედ ამ დისციპლინისა და მოწესრიგებულობის შედეგი იყო ისიც, ასეთ ასაკში ამხელა წარმატებას რომ მიაღწია.

- უკაცრავად... - ფიქრები თითქმის ცარიელ დარბაზში ექოდ გაჟღერებულმა, ნაცნობმა ხმამ რომ შეაწყვეტინა, მაშინვე შეეცვალა მზერაც. ვის-ვის და ამას აქ ნამდვილად არ ელოდა! ჰმ, არადა, წუთის წინ სწორედ დისციპლინაზე ფიქრობდა, ახლა კი...

- რა გინდა? - მოუჭრა უხეშად და მაშინვე გარეთ გაიყვანა. ნელ-ნელა თანამშრომლები შეგროვდებოდნენ და არ აწყობდა, მასთან ერთად რომ დაენახათ...

- გუშინ ვერ მოვახერხე თქვენთან გასაუბრება და ვიფიქრე, რომ ახლა მეთქვა...

- რა გინდა?
- ისე გაუმეორა შეკითხვა, არც კი შეუხედავს. აქეთ-იქეთ იყურებოდა, სახიფათო რომ არავინ შეენიშნა და ისე ჩქარობდა, ისიც კი ვერ მოიფიქრა, „დანაშაულის ადგილიდან“ რომ მიმალულიყვნენ და მოსაუბრე საკუთარ კაბინეტში შეეყვანა.

- ის საბუთები, თქვენ რომ დამავალეთ...

- დროზე თქვი!

- ყველაფერი ზუსტად ისე გავაკეთე, თქვენ როგორც მითხარით... პირადი საქმეც გავასუფთავე და ისტორიაც... - შეთქმულივით, ჩუმად წარმოთქვა და დარასელმა თავი რომ დაუქნია, გასაგებიაო, აღარც აპირებდა იქ გაჩერებას, მოულოდნელად, უშუალო უფროსის ხმა რომ მოესმა და ადგილზევე გაიყინა. ჯანდაბა, მაინც ჩავარდა!

- დეა?! შენ აქ რას აკეთებ?! - ხერგიანს კი, გაკვირვება გამოსახვოდა სახეზე და ალბათ, ამ დილის ყველანაირ დაწყებას წარმოიდგენდა, მაგრამ იმას ვერა, საკუთარ მდივანს იმ უფროსთან მოჩურჩულეს თუ გამოიჭერდა დერეფანში, ვისზეც გუშინ კომპრომატები თავისივე ხელით მიუტანა...


* * *
ის ღამე იყო და ის ღამე, მას შემდეგ მსგავსი სიახლოვის ინიციატივაც კი აღარ გამოუჩენია არც ერთს. თითქოს, გარდამტეხი გამოდგა იმ ქორწილის მომენტი და ვერც ერთს გაეგო, რატომ შეიცვალა ყველაფერი ასე რადიკალურად. ელენე, აქამდე თუ საბაბს ეძებდა წასაკინკლავებლად, ახლა მხოლოდ გამარჯობის თქმის დროს თუ გაუღიმებდა ხოლმე, დემნა კი, პირიქით, სულ იმას ცდილობდა, როგორმე ერთ სიტუაციაში აღმოჩენილიყვნენ. ადგილების გაცვლასავით გამოუვიდათ, მაგრამ ერთი რომ წინ დგამდა ნაბიჯს, მეორე უკან იხევდა და საბოლოოდ, მხოლოდ წრეზე ტრიალი გამოსდიოდათ.

ვერც გამუდმებულმა შეკრებებმა უშველათ, არც ნინასა და გეგას საოცარ იდეებს გამოუღია შედეგი. არადა, ლამის ხელოვნების დონეზე აყვანილი გეგმები ჰქონდათ და საბოლოოდ, მაინც არც ერთი გამოდიოდა... ვერაფრით დაათბეს სიტუაცია. უფრო პირიქით, აქამდე თუ ერთმანეთისადმი სარკასტული ფრაზების გაცვლა-გამოცვლაში იყვნენ მათი მოქმედების ობიექტები, ახლა ამასაც კი აღარ აკეთებდნენ და ფაქტობრივად, მათი საუბრები მხოლოდ მისალმებითა და დამშვიდობებით შემოიფარგლებოდა.

ბოლოს, ნატაც ჩართეს. მართალია, ვერასდროს იფიქრებდნენ, რომ ვინმეს დახმარება დასჭირდებოდათ, მაგრამ სიტუაციის სიმძიმე რომ გაიაზრეს, სხვა გზა აღარ დარჩათ. შემდეგ იყო მოულოდნელი შეხვედრები, დამთხვევები... გადაუდებელი საქმეები, რომლის დროსაც ბავშვის დამტოვებელიც კი არავინ ჰყავდათ და მხოლოდ ელენე და დემნა რჩებოდათ ერთადერთ იმედად. მაინც არაფერი გამოვიდა!

ნინა უკვე ჭკუიდან გადადიოდა. გერმანიაშივე გაიცნო ხერგიანი და უკვე საკმაოდ ბევრი წელი იცნობდა საიმისოდ, კარგად შესწავლა რომ მოეხერხებინა. არასდროს ყოფილა ასეთი. ვინ არ მოსწონებია, როგორი გოგოს მოხიბვლა არ დაუსახავს მიზნად, არც ერთი „საქმე“ არ ჩავარდნია, ახლა კი... ახლა რატომღაც დამოუკიდებლად მოქმედება გადაწყვიტა და მიუხედავად იმისა, ჩუმად მთელი არტილერია რომ ეხმარებოდა, მაინც ვერაფერს მიაღწია.

უკვე დასახული მიზნის წარუმატებლობა უნდა ეღიარებინა ნინას, გეგასა და ნატასაგან შემდგარ კოალიციას, ახალი ამბავი რომ გაიგეს. დემნას, დიპლომის აღებამდე, ბოლო კონფერენცია და შესაბამისად, გერმანიაში ჩასვლაღა აშორებდა, ეს უკანასკნელი მოვლენა კი გოგოებმა ისე დაუხატეს ელენეს, თითქოს ხერგიანს ფრონტის წინა ხაზზე უშვებდნენ. მეტი სიმძაფრისთვის ისიც დაამატეს, ეგ ისეა გერმანიაზე შეყვარებული, კარგახანს აღარ ჩამოვა და მუშაობაც თუ დაიწყო, ალბათ საბოლოოდ დაგვივიწყებსო. ისე დრამატულად ესაუბრებოდნენ, სრული ეფექტისთვის ნინამ ლამის ცრემლებიც გადმოუშვა, თუმცა, რომ შენიშნა, მაჩაბელიც იგივე მდგომარეობაში იყო, გულმა ვეღარ გაუძლო და დაინდო.

ერთხმად შეჯერდნენ იმაზე, გაცილების წვეულება რომ უნდა მოეწყოთ და აი, აქ კი, ნატამ ითამაშა უდიდესი როლი. აგარაკი მაქვს კოჯორში და სადმე წასვლას, იქ გავაკეთოთ, ჩვენ როგორც გვენდომება, ისე იქნება ყველაფერიო. მთელი კვირა გეგმავდნენ. ყველაფერი წინასწარ გათვალეს და განსაზღვრეს, ელენე კი... ელენე საერთოდ ვერ ჩაერთო სამზადისში. არა იმიტომ, რომ ეზარებოდა ან არ აინტერესებდა... აინტერესებდა და მერე როგორ, მაგრამ არ უნდოდა იმის დაჯერება, ასე უაზროდ რომ მთავრდებოდა ყველაფერი. მართალია, ფაქტობრივად არც დაწყებულა, მაგრამ ზუსტად იცოდა, ქორწილის ღამეს ორივემ რომ იგრძნო რაღაც ისეთი, რამაც ურთიერთობა აქამდე მოიყვანა. ნაწილობრივ, ნერვებიც ეშლებოდა. რატომ ტოვებდა დემნა ასე უსიტყვოდ? თუ არაფერს წარმოადგენდა, ის მაინც ეთქვა! ნუთუ, ვერაფერს ამჩნევდა?

- ელენე, გამოფხიზლდი! - სახესთან ხელები აუქნია ნინამ და ისე შეაჩეჩა ბუშტები, არც უკითხავს, თანახმა იყო თუ არა გაბერვაზე. - მიდი, ნუ ზარმაცობ, მოვა სადაცაა! - შემდეგ კი, ისევე სწრაფად გაუჩინარდა, როგორც გამოჩნდა.

ძალიან სწრაფად გააკეთეს ყველაფერი. სახლიც მორთეს, ვახშამიც მოამზადეს და მუსიკაც შეარჩიეს. ცოტა კი იეგოისტეს და სხვა არავინ დაპატიჟეს, მაგრამ ისეთი შემადგენლობა იკრიბებოდა, ესეც წარმოადგენდა გართობის გარანტს. ნუ, ელენეს თუ არ ჩავთვლიდით...
მთელი საღამო მოღუშული იჯდა. დემნას მისვლამაც ვერ გამოუკეთა ხასიათი. ის კი არა, გეგას ხუმრობებზეც აღარ ეცინებოდა და ლამის, შუა ვახშმობის დროს წასკდა ტირილი, საათს რომ დახედა და მიხვდა, როგორი ცოტა დროღა რჩებოდა ხერგიანის გაცილებამდე. არა, მეტის ატანა მართლა აღარ შეეძლო!

- უნდა წავიდე! - წამოდგა მოულოდნელად. ერჩივნა, შუა საქმიდან მიეტოვებინა მეგობრები და ამის გამო ეწყენინებინა, ვიდრე აეროპორტში გამომშვიდობების მონაწილე ყოფილიყო.

- რა მოგელანდა, ელენ? - გაეცინა გეგას, მაგიდის ქვემოთ კი, ისე გაჰკრა ფეხი ნინას, ამ უკანასკნელმა ლამის ტკივილისგან ამოიკრუსუნა.

- მამაშენს ველაპარაკე და იცის, რომ რჩები დღეს ჩვენთან, არაა პრობლემაო! - ქმარს აჰყვა გოგონაც.

- ჩემი მშობლებიც არ მოვლენ, არც სხვა იქნება ვინმე, ხელი რომ შეგვიშალოს გართობაში. დარჩი რა, სად უნდა წახვიდე?! - ნატაც ჩაერთო და, საბოლოოდ, დემნამ კვლავ სიჩუმე რომ ამჯობინა, ვეღარაფერმა შეძლო ელენეს შეჩერება.
გაურკვევლად ბურდღუნებდა, ხან რას იმიზეზებდა, ხან რას და მაქსიმალურად ცდილობდა, სამეულს როგორმე დასხლტომოდა ხელიდან, რაც შეიძლება სწრაფად რომ გაეღწია ამ სახლიდან. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს იგუდებოდა. ჰაერიც კი აღარ ჰყოფნიდა და აღარაფერი უკლდა პანიკის დაწყებამდე, სრულიად მოულოდნელად, ხმაურში ჯერ ხის იატაკზე სკამის გასრიალების ხმა რომ გაარჩია და შემდეგ მისკენ დაძრული, მხრებგაშლილი, წარბებშეკრული ხერგიანი დააფიქსირა. ისეთი სახე ჰქონდა... წამითაც არ აშორებდა მზერას და ელენემ მაშინ პირველად იგრძნო, როგორ ესაუბრებოდა უსიტყვოდ... ერთიანად გაუშრა ყელი და ნერწყვის გადაყლაპვაც კი ძლივს მოახერხა, მკლავზე გრძელი თითები რომ შემოეჭდო და შემდეგ ბიჭმა ისე გაიყვანა ეზოში, არც არავისთვის უთქვამს რამე და არც ელენესთვის უთხოვია ნებართვა.

დიდი ნაბიჯებით მიდიოდა დემნა და ძლივს ეწეოდა მაჩაბელი, ტვინში კი, სინათლის სიჩქარით დაქროდნენ აზრები, რომელთა დალაგებასაც ვერაფრით ახერხებდა და ვერც მოასწრო რომელიმეს ამორჩევა, ისე მოულოდნელად გაჩერდნენ სახლისგან მოშორებით, მთვარის შუქით ძლივს განათებულ ადგილას.

მზერით ბურღავდა ხერგიანი. ისე ელავდნენ მისი თვალები, ხმის ამოღებასაც ვერ ახერხებდა გოგონა. არადა, როგორ უნდოდა ეთხოვა, დარჩიო... ისე ეშინოდა ამ განშორების. მართალია, არც აქ ყოფილან ერთად, თუმცა იქ საბოლოოდ დაკარგავდა და შემდეგ საკუთარ თავს ვერ აპატიებდა, ასე მარტივად რომ გაუშვა. ხომ შეიძლებოდა, დემნას წამოეწყო საუბარი? რატომ იყო ასეთი? აქამდე ხომ კინკლაობდნენ მაინც, ლენას ეძახდა, აბრაზებდა, ნებისმიერ თემაზე შეეძლოთ ისე ეჩხუბათ, სიტყვებით დაეხოცათ ერთმანეთი, ეს ბოლო პერიოდი კი... თითქოს, სრულიად შეცვალეს! არც კი იცნობდა ასეთ ჩუმს და სერიოზულს.

- რატომ არ მეუბნები არაფერს? - თუმცა, ბოლოს ისევ მან დაარღვია სიჩუმე და ისე დააცქერდა მასზე ცოტათი დაბალ გოგოს, პასუხის მოფიქრების საშუალებაც კი არ მისცა.

- და შენ რატომ მიდიხარ?! - და აღარც ელენე დარჩენია ვალში. ხვდებოდა, ერთი დაწყება რომ გაუჭირდებოდა და შემდეგ ვეღარ გაჩერდებოდა. ამიტომაც ეშინოდა ხმის ამოღების. რამე ზედმეტი რომ არ წამოსცდენოდა და ახლა მაინც ვერ მოახერხა ენაზე კბილების დაჭერა!

- ლენა, მითხარი! - ერთ ხელში მოიქცია ბიჭმა მისი ორივე მტევანი და შემდეგ თვითონვე დაადო გულზე. - ამას მოუსმინე და ისე მითხარი!

- რატომ მექცევი ასე? - საბოლოოდ იფეთქა. ერთიანად ამოხეთქა ამდენი ხნის ნაგროვებმა და ისე დაიწყო, უკვე იცოდა, აღარაფერს დაიტოვებდა გულში. - რა ჰქვია შენს საქციელს? გოგოებისგან ვიგებ, რომ მიდიხარ! საერთოდ აღარც კი მელაპარაკები. ვერ მომატყუებ, დემნა! არ დავიჯერებ, რომ შენთვის მაშინ არაფერი ყოფილა! არც კი გაბედო ამის თქმა! - მიაყარა გაცეცხლებულმა და საერთოდ გადაირია, ხერგიანის სახეზე ღიმილი რომ შენიშნა.

- რა გაცინებს?! შენ საერთოდ, ნორმალური ხარ? გსიამოვნებს, არა? გიხარია, შენ გამო რომ თავს ასე ვგრძნობ! წახვალ, მოიწყობ იქ ცხოვრებას, ქერების მეტი რა არის! რად გინდა გამოუცდელი და ენატლიკინა ბავშვი, რომელიც პირველივე შესაძლებლობისას იმას გთხოვს, მაკოცეო!

- იცი, რატომ არ გაკოცე მაშინ? - უცნაურად ჩაეღიმა სვანს. თითქოს, უხაროდა ასე რომ წავიდა ყველაფერი. კმაყოფილებაც ერია მის ღიმილში, ბედნიერებაც, თავდაჯერებულობაც... ყველაფერი ერთად იყო და ელენე ვერც კი ახერხებდა იმის გარჩევას, აღიზიანებდა თუ პირიქით, თავბრუს ახვევდა.

- იმიტომ, რომ მე გთხოვე! იმიტომ, რომ ყველანი ერთნაირები ხართ. ნადირობა გიყვართ! და ვერ იტანთ, როცა მოქმედებას გასწრებენ!

- იმიტომ, რომ ახლა მეკოცნა! - სწრაფად მოუჭრა ხერგიანმა და შემდეგ ისე დაიხარა ბრაზისგან აცახცახებული გოგონასკენ, იმ მომენტში ზუსტად იცოდა, ამდენხნიანი სიჩუმეც, ლოდინიც და წვალებაც, ამ ერთი კოცნისთვის რომ უღირდა და... მაშინვე მიხვდა, რომ არ შემცდარა, ელენეს მკლავებიც მომენტალურად რომ შემოეხვია კისერზე. 

* * *
Image result
ქუსლების კაკუნით გაიარა დერეფანი. ისე აწუხებდა თავის ტკივილი, ძლივს ახერხებდა ქვეცნობიერში აყვირებული ელენეს შემოტევა რომ ჩაეხშო და ნინასთვის არ დაერეკა, რამე ისეთი წვნიანი მომიმზადე, გეგას რომ აჭმევ ხოლმე ნაბახუსევზეო. არადა, რომ გეკითხათ, კარგად იტანდა სასმელს! ჰმ, ხან სერენადებს მღერის, ხან მარტო თვრება და ქორწილის ჩანაწერს უყურებს... არადა, ფხიზელს მსგავსსაც კი ვერაფერს შეატყობთ!


- გაგიხშირდათ დაგვიანებები, ქალბატონო ელენე! - აი, ეს ფრაზა კი ყინულიანი წყალივით გადაესხა, როგორც კი საკონფერენციო დარბაზის კარი შეაღო და გრძელი მაგიდის თავში მდგარი დარასელი, ცოტა არ იყოს, უხეშად შეეგება. რა დაემართა? არასდროს ყოფილა ასეთი მკაცრი, მხოლოდ ელენეს კი არა, არც სხვების მიმართ და ახლა იმდენად მოულოდნელი იყო ასეთი დახვედრა, გაკვირვებულმა აწკიპა წარბები.


- საბურავი გამისკდა! - ურცხვად იცრუა და შეურაცხყოფილი სახეც კი მიიღო, ამდენ ხალხში რომ მოუწია მიზეზის გაჟღერება.


- მიზეზი არ მიკითხავს. დაიკავეთ თქვენი ადგილი და დავიწყოთ, არ გვაქვს დასაკარგი დრო! - თუმცა, გიორგიმ ისევ იმავე ტონით მოუჭრა და ცოტაღა დააკლდა, კარის გაჯახუნებით რომ არ გასულიყო. რა უფლებით ელაპარაკება ასეთი ხმით? მერე რა, რომ უფროსია. როდის აქეთ იქცევა ხეპრესავით?


- რაიმე სერიოზული გამოვტოვე, ბატონო გიორგი? - ირონიანარევი ღიმილი აიკრა სახეზე და ეცადა, არ შეემჩნია, როგორ იკბინა დემნამ ტუჩზე, სიცილის შესაკავებლად.

- ყვარლის პროექტის განხილვა, მგონი, სერიოზული უნდა იყოს, ელენე, ასე არაა? - დარასელს კი, შედარებით შეურბილდა ხმა. ალბათ, მიხვდა, რომ შეეშალა, მაგრამ, საკმაოდ გვიან!


- ჩემი პროექტის განხილვას თუ უჩემოდ აპირებდით, ნამდვილად დამიგვიანია! - კიდევ ერთხელ გაუღიმა და ის იყო, უფროსის ადგილის დაკავებას აპირებდა პრეზენტაციის დასაწყებად, მოულოდნელმა სიახლემ რომ აიძულა, ადგილზე დარჩენილიყო.


- პროექტი უკვე ყველამ კარგად ვიცით და აღარ ვთვლი საჭიროდ ხელახლა გამეორებას. უბრალოდ, დღეს იმის სათქმელად შეგკრიბეთ, რომ ვადების შეცვლა გვიწევს. ჩვენი კომპანიისათვის პროდუქტის ხარისხიანობა პირველ ადგილზე დგას და გადავწყვიტე, აღარ დაველოდო კიდევ ორი კვირის გასვლას. ყვარელში ამ პარასკევს წავალთ და რადგან ხელშეკრულების გაფორმება და ოფიციალური მხარის მოგვარებაც მოგვიწევს, აქვე აღვნიშნავ, რომ პროექტის მენეჯერთან, ანუ ელენე მაჩაბელთან ერთად თავად მე და ჩვენი კომპანიის ახალი იურისტი, ბატონი დემნა ხერგიანი გავემგზავრებით!


გაგრძელება იქნება პარასკევს
ავტორი ნათია ჯაგოდნიშვილი

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93