ცოტაც და კედლებზე გავიდოდა მაჩაბელი, უფროსის გადაწყვეტილება რომ მოისმინა.
ნუთუ, სპეციალურად ექცევა ეს კაცი ასე?! რის გამო სჯის? რა დაუშავა? რა ჯანდაბამ გადააწყვეტინა სამსახურში ორი კვირის მიღებულ თანამშრომელთან ერთად ყვარლის პროექტის განხორციელება?! ისტერიკის პირას იყო უკვე და ხვდებოდა, ემოციური ფონი საღი განსჯის უნარს რომ უკარგავდა, მაგრამ მაინც ვერ წყნარდებოდა. მერე რა, რომ უფროსია, რა უფლებით ჩაერია იმ პროექტში ასე უხეშად, რომელსაც ელენე ხელმძღვანელობდა?!
– კაბინეტშია? – გაცეცხლებული შეიჭრა დემნას სამდივნოში და ყოველგვარი მისალმების გარეშე ჰკითხა იმ გოგოს, ჯერ გაცნობილიც რომ არ ჰყავდა წესიერად და უკვე ნერვებს უშლიდა.
თათბირის შემდეგ ვერაფრით შეწყვიტა მოსმენილზე ფიქრი. იქ კი ხმა ვერ ამოიღო, ზედმეტად, როგორც თვითონ იტყოდა ადრე, ქაჯობა გამოუვიდოდა, რომ გაეპროტესტებინა. თან, ასე თუ ისე, ვერც იმ ფაქტს გაექცეოდა, მართლა სერიოზულ კონტრაქტს რომ აწერდნენ ხელს და იურისტის მეთვალყურეობა სჭირდებოდათ. თუმცა, რაღა მაინცადამაინც დემნა?! ჯანდაბა, სამყაროც კი მის წინააღმდეგაა!
– არა მგონია, ეცალოს... – ცალწარბაწეულმა გახედა დეამ და არც კი უცდია, უფროსისთვის ეკითხა. ეს გოგო რა, დასცინის? იქნებ საერთოდაც ყველა ერთად საშინელ შეთქმულებას უწყობს და მერე ეტყვიან, გეხუმრეთო? მაგრამ პირველი აპრილი კი არა, ჯერ შემოდგომაც არ იყო მიწურული და აშკარაა, მომხდარიც რომ არ ყოფილა ელენეს გასამხიარულებლად დაგეგმილი.
მეტხანს აღარ მოუცდია. არავის ნებართვა არ სჭირდებოდა საიმისოდ, საკუთარ ქმარს რომ დალაპარაკებოდა! უფრო ზუსტად, ყოფილს...
– არ წამოხვალ! – ხმის ამოღება კი არა, თვალების გაფართოებაც არ აცადა, ისე სწრაფად აესვეტა სამუშაო მაგიდასთან. მუშტის დაბრახუნება აკლდა მხოლოდ სრული ეფექტისათვის, თუმცა, ხერგიანს ტუჩის კუთხეებში ღიმილი რომ გაეპარა და ისეთი სახით ახედა, რომ არც კი ცდილობდა იმის დამალვას, როგორ ართობდა ეს სიტუაცია, საერთოდ გადაირია.
– ვნანობ, აქამდე რომ არ დავიწყე აქ მუშაობა... – კმაყოფილი გადაწვა სავარძლის საზურგეზე და ისე შეათვალიერა ქალი, უკვე ზუსტად იცოდა, როგორი რეაქციაც ექნებოდა ამის მოსმენისას.
– მხოლოდ მაგას ნანობ, დემნა?! – ძლივს შეიკავა თავი, ყვირილზე რომ არ გადასულიყო. საერთოდ არ ეხუმრებოდა! ისედაც იმდენი იწვალა აქამდე მოსასვლელად და ახლა არავის, თვით მასაც კი არ მისცემდა უფლებას, თავზე დაემხო ყველაფერი.
– ისევ იმ თემას ვუბრუნდებით? – სახეშეცვლილი წამოდგა ფეხზე და ისე ნელა მიუახლოვდა, თითქოს მტაცებელი ცხოველი ყოფილიყო თვითონ და მსხვერპლს ეპარებოდა. ისე კარგად იცნობდა, მისი ხასიათიც კი დეტალებში ჰქონდა შესწავლილი და არ ეშლებოდა, როდის როგორ უნდა მოქცეულიყო.
– იმ თემას რომ ვერასდროს ვერსად გავექცევით, ჩემი თქმის გარეშე არ იცი?! – ისეთი ტონით წარმოთქვა, ჯობდა ეყვირა, ეტირა, ერთი ხელის მოსმით გადაეყარა მაგიდიდან ყველაფერი. ყველანაირი რეაქცია ერჩივნა დემნას, ამ ხმის მოსმენას... თვითონაც უნდა მიმხვდარიყო, ასე მარტივი რომ არ იქნებოდა...
– ლენა, გთხოვ... – ისე გაიწვდინა ხელები, სულ ცოტაც და, აცახცახებულ მხრებზე შეეხებოდა, მაგრამ არ დასცალდა... სიმართლე ითქვას და, დიდად არც ჰქონია ამის იმედი... იცოდა, საკუთარ თავს ვერ გადააბიჯებდა ელენე, ეს რომ გაეკეთებინა და ამით კიდევ უფრო მაღლდებოდა ეს ქალი მის თვალში. იმდენად მაღლდებოდა, მომენტებში ეშინოდა კიდეც, რომ ვეღარაფრით შეძლებდა მის გვერდით ყოფნის დამსახურებას.
– მეც გთხოვ... – უთხრა შეცვლილი, ხელოვნურად მშვიდი ხმით. – და იცი, რად მიჯდება ამის თქმა...
– ხომ იცი, რომ არ შემიძლია? – ამოიოხრა გულწრფელად და სანახევროდ ჩამოჯდა მაგიდაზე. არ შეიძლებოდა, ერთხელ მაინც ესაუბრათ მშვიდად? ერთმანეთისთვის ტკივილის მიყენების გარეშე. იმდენად შეეჩვივნენ ამას, თითქოს უკვე წესად ექცათ და აღარაფრად უღირდათ ერთმანეთის გრძნობები. თითქოს, გაუფასურდნენ ერთმანეთის თვალში და უკვე სულერთი იყო, რას იტყოდნენ და როგორ ატკენდნენ.
– არ შემიძლია, არ შემიძლია, არ შემიძლია... – თვალებდახუჭულმა მოიკიდა ყურებზე ხელები ქალმა და ისე დაიწყო გამეორება, ეტყობოდა, ცუდად რომ გრძნობდა თავს. – დავიღალე, გესმის?! – შემდეგ კი, ისე აღმოხდა, შეშინებული წამოდგა დემნა. – დავიღალე! ვეღარ ვიტან მაგ ფრაზას! ვერ ვიტან შენგან მოსმენილს! – ელენე კი, აშკარად ზღვარზე იყო. – მძულს!
– ლენა, დამშვიდდი... რა მოგივიდა?
– ბოლო წლები მეტი არაფერი მომისმენია! და შედეგი? რა მივიღეთ შედეგად? ხომ აღმოჩნდა, რომ შეგეძლო? აუცილებელია რამე დაკარგო, სამსახურზე წინ სხვა რაღაც რომ დააყენო? რა არ შეგიძლია, დემნა? მითხარი, რა არ შეგიძლია! – გამწარებულმა ატაკა საჩვენებელი თითი მკერდში და ისე აუქნია ხელები, არაფრით მისცა კაცს უფლება, რომ შეხებოდა.
– ელენე...
– მითხარი! ამ ერთხელ მაინც მითხარი! – ვერაფრით წყნარდებოდა. თითქოს, ერთიანად ამოხეთქა ამდენი ხნის ნაგროვებმა ემოციამ და ახლა, სულ რომ მთელი ოფისი თავზე დასდგომოდათ, ვეღარაფრით გაჩერდებოდა, სანამ ბოლომდე არ იტყოდა სათქმელს.
– დამშვიდდი, გავიდეთ და სხვაგან ვილაპარაკოთ, დაწყნარდი... – ხერგიანი კი, მაქსიმალურად ცდილობდა, აქ რომ არ განეხილათ ეს თემა. ზუსტად იცოდა, კედლებსაც რომ ყურები ჰქონდათ და ნამდვილად არ უნდოდა, საკუთარ პირადზე იმ ადამიანების გასაგონად ესაუბრა, რომლებიც, ეჭვიც არ ეპარებოდა, რომ მოუსმენდნენ.
– არა! შენთან ერთად მე არსად აღარ წამოვალ! და შენც ასე უნდა მოიქცე! არ მაინტერესებს, დაარღვიე კონტრაქტი, რაც გინდა ის ქენი, არ მოგცემ უფლებას, რომ ამდენი ნაწვალები ასე ერთის ხელის მოსმით გამინადგურო.
– ახლა გაღიზიანებული ხარ და თვითონაც ვერ ხვდები, რას ამბობ. გეყოფა უკვე!
– არაფერიც არ მეყოფა! ერთხელ შენც დაიხიე უკან, არ შეიძლება? არ შეიძლება, რომ ერთხელ მაინც გადაწიო სამსახური უკანა პლანზე? ახლა ჩემთვის არის ჩემი საქმე მნიშვნელოვანი, რა იყო, გიკვირს?!
– უკაცრავად... – მოულოდნელად გაისმა იმ მომენტში ყველაზე არასასურველი ხმა და დემნამ ისე წარმოთქვა, არც კი გაუხედავს კარის მიმართულებით.
– გადი!
– ბატონო დემნა...
– გადი! – დაიგრგვინა და ლამის თვითონვე გაიყვანა კაბინეტიდან. ამ გოგოსთან ისედაც გასარკვევი ჰქონდა დღევანდელის შემდეგ რაღაც-რაღაცები და ცეცხლზე ნავთის დასხმა ნამდვილად აღარ სჭირდებოდა.{{ArticleSplitCont}}
– უარი თქვი! – თავის რეპერტუარში გააგრძელა ელენემ. – ამაზე მაინც თქვი უარი!
– გაიგე, რომ ვერ ვიტყვი! არ შემიძლია, ამჯერად მართლა არ შემიძლია! – და ხერგიანსაც აევსო მოთმინების ფიალა. ხვდებოდა, როგორ ვერ ხვდებოდა, სამსახურის დაწყების პირველივე დღიდან ცუდად რომ მოქმედებდა ლენაზე, მაგრამ ეს ერთადერთი გზა იყო მისკენ მიმავალი და რადაც უნდა დასჯდომოდა, მაინც მიაღწევდა სასურველს.
– ხანდახან მგონია, რომ აღარაფერია დარჩენილი იმ კაცისგან, ნინასა და გეგას ქორწილში რომ გავიცანი. – ჩამწყდარი ხმითა და ფერმკრთალი ღიმილით, ისე ამოთქვა, სუნთქვას ამოაყოლა ეს სიტყვები თითქოს. მაინც დანებდა...
– ხომ იცი, რომ ისევ გიყვარვარ...
– და ამას რამე მნიშვნელობა აქვს? – თვალსაც კი არ აშორებდა. აღარც ლოყები აწითლებია და აღარც დაბნეულა ამის მოსმენისას. უყვარდა და ამას ვერსად წაუვიდოდა. ვერ უარყოფდა და არც გამოუვიდოდა მოტყუება, იმდენად კარგად იცნობდა დემნა. სიმართლე ითქვას და, სურვილიც არ ჰქონდა, ეცრუა. უბრალოდ, იმდენად უმნიშვნელო იყო ეს გრძნობა იმ ყველაფრის ფონზე, რაც გადაიტანეს, ორივემ ცალ-ცალკე და არა ერთად, იმედიც არ უნდა ჰქონოდა რომელიმეს, რომ რამეს შეცვლიდა...
– შენთვის არ აქვს, ლენა? – კაცმაც დაუწია ტონალობას და ამჯერად, წინააღმდეგობასაც აღარ შეხვედრია, ფრთხილად გაწვდენილი ხელის ზურგი ლოყაზე რომ ჩამოუსვა.
ისეთი უჩვეულო გრძნობა იყო... თითქოს, პირველად ეხებოდა. ამდენი წლის შემდეგ ისევ ისე, როგორც მაშინ, ყველაფრის დაწყების პერიოდში... ერთიანად დაეჭიმა ყველა კუნთი, სათითაოდ იგრძნო თითოეული უჯრედი საკუთარი სხეულის, თითოეული მოლეკულა და ყბები ძლიერად დააჭირა ერთმანეთს, კონტროლი რომ არ დაეკარგა და ზედმეტად არ შეეტოპა. ხვდებოდა, ახლა რომ ეჩქარა, ახლა რომ ერთი ნაბიჯით მეტი მაინც გადაედგა, იმასაც დაკარგავდა, რაც მოიპოვა. ისიც იცოდა, წუთიერი რომ იყო ეს სიმშვიდე. მონადირის წინ გატრუნული შველივით ედგა ქალი, რომელიც მთელი შეგნებით უყვარდა და ამ გრძნობის პარალელურად, სძულდა თავი, რომელსაც მონადირეს ადარებდა...
– არსებობს რაღაცები, რაც ჩემზე და შენზე წინ დგას... – დაიჩურჩულა ელენემ. – არსებობს რაღაცები, რაც არ უნდა აპატიონ ადამიანებმა ერთმანეთს. როგორ ძალიანაც არ უნდა უნდოდეთ, მაინც არ უნდა აპატიონ! სახეს დაკარგავენ ასე, საკუთარ თავს დაკარგავენ და მე არ შემიძლია, რომ დავკარგო... – თვალებმიხუჭული ლუღლუღებდა და იმის ძალასაც კი ვერ პოულობდა, დემნას ტუჩები, სრულიად მოულოდნელად რომ შეეხო შუბლზე, მოეშორებინა. – მე რომ საკუთარ თავს გადავაბიჯო და დავკარგო, ყველაზე სუსტი არსება ვიქნები დედამიწაზე და მირჩევნია, მარტო ვიყო, ვიდრე ლილუს სუსტი დედა ჰყავდეს... და ვიცი, რომ შენც გირჩევნია...
– მე ის მირჩევნია ყველაფერს, შენ და ჩვენი შვილი მყავდეთ გვერდით... – ისე უპასუხა, წამითაც არ მოშორებია. არც შეეძლო. წლების განმავლობაში, თითქოს ახლა სუნთქავდა ბოლომდე და ასე სწრაფად ვერ გაუშვებდა.
– შენც ხომ იცი, რომ მართალი ვარ...
– მე მხოლოდ ის ვიცი, ლენა, რომ მიყვარხარ. და ისიც, რომ შენც გიყვარვარ. მეტი არც არაფერი მჭირდება და არც მაინტერესებს.
– როგორ არ გჭირდება... – ჩაეღიმა მწარედ. – თვითონაც იცი, რომ ვერ გაძლებ. ყველაფერი გქონდა მაშინაც, მაგრამ შენი ხელით გაანადგურე. რამდენჯერ გთხოვე... რამდენჯერ გაგაფრთხილე, მე კი არა, იმათაც არ დაუჯერე, ვინც უფრო სხვანაირად და გასაგებად გაგაფრთხილა...
– არ გინდა ამაზე...
– მართალი ხარ, არ მინდა. არ მინდა, მაგრამ სხვანაირად არ გამოდის. რაც უნდა გავაკეთოთ, იმ დღეს ვერაფრით გამოვასწორებთ, დემნა და ვერც იმ სიცოცხლეს დავაბრუნებთ, რომელიც შევიწირეთ... – ვერც გააცნობიერა, ისე ატირდა. მეტი მართლა აღარ შეეძლო. ზედმეტად დიდხანს იყო ძლიერი. ზედმეტად ბევრი ატარა, კიდევ რომ დატეოდა...
– გთხოვ...
– იმან რა დააშავა... შეიძლება მე რამე დავაშავე, მაგრამ ის რა შუაში იყო... – სახეზე აიფარა ორივე ხელი, ჩუმი ტირილი სლუკუნში რომ გადაეზარდა და ისე დაუსველა კაცს პერანგი, იმ მომენტში არაფერი სდომებია იმაზე მეტად, რომ მოშორებოდა და არც იმაზე მეტად, ასე რომ დარჩენილიყო სამუდამოდ. ორად იხლიჩებოდა და ეს კიდევ უფრო უფორიაქებდა სულს. ვერაფრით ეწინააღმდეგებოდა სურვილს და კლავდა, რომ ასეთი სუსტი იყო. არ ჰქონდა უფლება!
მალევე მოშორდა ხერგიანს. ისე ამოიწმინდა თვალებიდან ცრემლები, თითქოს სისველესთან ერთად გააქრო ყველაფერი, რაც ამ წუთების განმავლობაში დატრიალდა. ყველაფერი, რაც მანამდე იყო და გამომეტყველებაც მაშინვე გაუხდა უწინდებური. ცივი და მკაცრი. ქმარსგაშორებული, გაბრაზებული, მკაცრი ქალის, მარტოხელა დედის, რომელიც ყველაფერზე წავა შვილის დასაცავად.
– ერთმანეთთან ახლოს ყოფნით, იმაზე უფრო მეტად გვეტკინება ორივეს, ვიდრე ახლა. სანამ დროა, უნდა გავჩერდეთ, დემნა. შენც იცი, ჩვენ სხვა გზა უკვე აღარ გვაქვს. – წარმოთქვა მტკიცედ და შემდეგ, პასუხს აღარც დალოდებია, ისევე დატოვა კაბინეტი...
ავტორი ნათია ჯაგოდნიშვილი
გაგრძელება იქნება სამშაბათს