ნოველები

საქმე №109. თავი 12. ეჭვები უფროსზე

საქმე №109. თავი 12. ეჭვები უფროსზე
იმ პერიოდის ელენესთვის რომ გეკითხათ, რა განიცადა ყველაზე მეტად, წამითაც აღარ გაახსენდებოდა ყოფილი შეყვარებულის ქორწილი. იმდენად იმოქმედა მაშინ დემნას გერმანიაში გამგზავრებამ, აღარაფერი ადარდებდა სხვა. აეროპორტშიც ვერ გაჰყვა. საერთოდაც, იმ კოცნის შემდეგ არც ერთს ამოუღია ხმა. ისე გაურბოდნენ ერთმანეთს, შორიდან ზედმეტად სასაცილო სანახავიც კი იყო, განსაკუთრებით კი, იმ სამი წყვილი თვალისთვის, არაფერი რომ გამორჩენიათ. ან კი, როგორ შეეძლოთ ეს გამოეტოვებინათ?! ფაქტობრივად, საკუთარი წარმატება უნდა ეზეიმათ და გეგა ალბათ შამპანურის ბოთლსაც წააგდებინებდა თავს, სახლში შესულ ხერგიანს მოკლედ რომ
არ მოეჭრა, რეისზე მაგვიანდება და შენ წამიყვან თუ ტაქსი გამოვიძახოო.


სრულიად არაპროგნოზირებადი იყო მათი საქციელი. ვერაფრით მოუძებნეს ახსნა. ვერც იმას მიხვდნენ, ერთი შეხედვით ბრწყინვალედ შესრულებული გეგმა სინამდვილეში რატომ ჩაუვარდათ... იმას არც ელოდნენ, დემნა რომ დარჩებოდა, მაგრამ ეს უკვე მეტისმეტი იყო!

ისე გავიდა ორი კვირა, ერთხელაც არ დაკონტაქტებია ელენე. არც ნინასთან უხსენებია, მიუხედავად იმისა, გოგონა ხშირად რომ უმეორებდა, დემნამ დარეკა, ვესაუბრეთ, შენც მოგიკითხაო. იცოდა, რომ ტყუილი იყო. წარმოდგენა არ ჰქონდა საიდან, მაგრამ იცოდა, ხერგიანი ასე უბრალოდ, სატელეფონო ზარით და მით უმეტეს, მოკითხვით რომ არ შემოიფარგლებოდა. და ფიქრობდა, რომ კარგიც იყო ეს ყველაფერი.

სრულიად განსხვავებულად გრძნობდა თავს. ვერაფრით უძებნიდა ახსნას, რატომ ეტირებოდა საკუთარ თავთან მარტო დარჩენილს, ან რატომ უჩუყდებოდა გული ისეთ რაღაცებზე, რაც ადრე სრულიად არ ადარდებდა. არასდროს ყოფილა ზედმეტად სენტიმენტალური. არც მელოდრამებზე უტირია და არც ემოციებს აყოლილა ზედმეტად. ამაყობდა კიდეც, საკუთარი თავის კონტროლი რომ შეეძლო, თუმცა, აღმოჩნდა, რომ ყალბი ყოფილა ყველაფერი და არაფერიც არ შესძლებია სინამდვილეში...

მთელ დღეებს თუ მხიარულად ატარებდა, ისიც, მეგობრების გარემოცვის წყალობით, ღამეს მაინც ვერსად გაურბოდა. იმდენ რამეზე ფიქრობდა. შენელებულ კადრებად ატრიალებდა მომხდარს და ვერაფრით პოულობდა საწყის წერტილს.

თითქოს, ძაფის გორგალივით აიბურდა ყველაფერი და ვერ მიაგნო დასაწყისს. წარმოდგენაც არ ჰქონდა, როდის გაუჩნდა ის გრძნობა, ასე დაუნდობლად რომ უჭამდა შიგნეულობას და იმ ორი კვირის განმავლობაში, პირველად იგრძნო, როგორია ნერვიულობისგან კუჭის ტკივილი.

დღეს ჩამოდის! – ელვასავით დაუარა ხერხემალში გეგას ფრაზამ. ისედაც ხომ იცოდა, დღეებს ითვლიდა კალენდარზე, მაგრამ ასე, აშკარა ფაქტის წინაშე რომ დადგა, მაინც სხვანაირი გრძნობა იყო.

ვერაფრით დაითანხმეს აეროპორტში გაყოლაზე. არ უნდოდა, რამით დაევალდებულებინა ხერგიანი. თუ ნახვა უნდოდა, ისედაც ნახავდა. იქ რომ დახვედროდა, გულაჩქარებული რომ დალოდებოდა მისი რეისის ჩამოფრენას და შემდეგ, მის თვალებში ის რომ ვერ დაენახა, რაც ასე ძალიან უნდოდა, ვერ გადაიტანდა. საკუთარ თავს დაიდანაშაულებდა, ამდენ ხანს ილუზიებში რომ იცხოვრა. იმედგაცრუების კი ყოველთვის ყველაზე მეტად ეშინოდა...

მაინც ჩამოფრენის დღესვე ნახა დემნამ. უკვე იმდენად იყო საკუთარ თავში გარკვეული, ისე ჰქონდა გრძნობები გააზრებული, წამითაც აღარ უნდოდა მოცდა. ისედაც ებევრებოდა ის ორი კვირა და კიდევ უფრო მეტად ის დრო, აქ რომ იყო და მაინც კარგავდა.

ვერაფრით წარმოიდგენდა, ასე თუ შემოუტრიალდებოდა საქმე. ეცინებოდა კიდეც. ამხელა კაცი იყო და ისე გაება მახეში, რომ მისთვის არც კი დაუგიათ. საერთოდ არაფერი გაუკეთებია ელენეს საიმისო, რომ მოსწონებოდა. არც კი გაპრანჭვია! პირველივე დღიდან განუწყვეტლივ ჩხუბობდნენ და მოვლენებს გონებაში უკუღმა რომ ალაგებდა, იმას მაინც ვერ პოულობდა, როდის შეეცვალა ამ გოგოს მიმართ დამოკიდებულება.

– გელოდები... – მხოლოდ ერთი სიტყვა მისწერა და მაჩაბელს, ამის წაკითხვისას საკუთარი საძინებლის ფანჯრიდან ჩუმად რომ გაიჭყიტა, მაშინ მეორედ ასტკივდა კუჭი. არც დაკვირვებია, რას იცვამდა. ქურთუკს დაავლო მხოლოდ ხელი და სახლიდან გასვლის წინ ისე დაიბარა, ნინასთან მივდივარ და არ დამელოდოთო, თვითონაც არ იცოდა, როდის დაბრუნდებოდა სახლში.

არც ლიფტის არსებობა გახსენებია. ფეხით ჩაირბინა კიბე გულაჩქარებულმა და სადარბაზოს წინ, მანტოს ჯიბეებში ხელებჩაწყობილი დემნა რომ დახვდა, ყველანაირი საღი აზრი უკუაგდო, ისე მიეკრა გულზე.

ახსოვს, რომ საშინლად ციოდა, მაგრამ ვერ გრძნობდა. შეიძლება, თოვდა კიდეც, მაგრამ არც ეს დაუნახავს. მხოლოდ საკუთარ წელზე ძლიერად შემოხვეული მკლავები აიძულებდა გონების შენარჩუნებას და კიდევ, ის სურნელი, ასე საშინლად რომ ენატრებოდა თურმე.

– აღარ წახვიდე... – დაიჩურჩულა ბოლოს ისე, არ მოშორებია.

– უშენოდ, აღარსად! – და პასუხიც ისეთი მიიღო, იმ მომენტში უკვე ზუსტად იცოდა, სხვა არც არანაირი პირობა და სიტყვა აღარ სჭირდებოდა მეტი...  
margot robbie-ის სურათის შედეგი
– ბატონო დემნა, თქვენთან მინდოდა დალაპარაკება... – მაინც არ მოისვენა დეამ, სანამ კაბინეტში შესვლის უფლება არ მოიპოვა. კი ზუსტად იცოდა, იმ მომენტში მის უფროსს საქმეზე კი არა, საერთოდ არაფერზე საუბრის თავი რომ არ ჰქონდა, მაგრამ ყველაფერი უნდა აეხსნა, ზედმეტი ეჭვები რომ არ გამოეწვია.

– მე მგონი, მე და შენ შევთანხმდით, რომ აქ მხოლოდ მაშინ უნდა შემოხვიდე, როცა მე მექნება საქმე და არა პირიქით, არა?! – მობეზრებულმა ახედა. რა ჯანდაბად დაუნიშნეს ეს გოგო მდივნად? ნუთუ, იმის უფლებაც კი არ ჰქონდა, თვითონ ეკონტროლებინა, ვის ანდობდა მნიშვნელოვან საბუთებს?!

– ძალიან მკაცრად მექცევით! – გააპროტესტა მოულოდნელად და არც შეთავაზებას დალოდებია, არც ნებართვა უთხოვია, ისე ჩამოუჯდა წინ.

– ბატონო?! – დემნას კი, მართლა გაუკვირდა. მდაჰმ, უკვე საინტერესო სვლაა!

– მე ჩემს მოვალეობებს პირნათლად ვასრულებ!

– რომელ უფროსთან? – შეაწყვეტინა მოულოდნელად.

– ვერ ვხვდები, რას გულისხმობთ...

– ძალიან კარგად ხვდები, დეა. და გითხარი, რომ ამ თემაზე აუცილებლად ვისაუბრებდით!

– მე ყველაფერი გავაკეთე, რაც თქვენ დამავალეთ. და საკუთარი სამსახური საფრთხეშიც კი ჩავიგდე, როცა ის საბუთები მოგიტანეთ, რომელიც არ უნდა მომეტანა!

– მოდი, ახლა კარტები გავხსნათ... – ამოიოხრა, ზედმეტი სიყალბე რომ შეატყო. – შენ ჩემთან კი არა, ჩემზე მუშაობ. ოღონდ, ცუდად გამოგდის.

– არანაირი საბაბი არ გაქვთ საიმისოდ, ცილი რომ დამწამოთ!

– და მიზეზი? – გახედა ცალწარბაწეულმა.

– ბატონო დემნა, თქვენ ყველაფერი არასწორად გაიგეთ!

– და ეს ის არ არის, რაც მე მგონია, ხო? – გაეცინა სიტუაციის კომიკურობაზე. მეტად დამაჯერებელი ვერავინ შეარჩიეს? – არც მე ვარ ორი წლის ბავშვი და არც შენი უფროსი.

– ჩემი უფროსი თქვენ ხართ...

– გეყოფა უკვე!

– მაგრამ მე თქვენ გარდაც მყავს უფროსი, ისევე, როგორც თქვენ და ყველას, ვინც ამ კომპანიაში მუშაობს... – მიაყოლა სწრაფადვე. – ეს არ უნდა იყოს უცხო და მოულოდნელი.

– ახლა კომპანიის სტრუქტურას მაცნობ თუ...

– უბრალოდ, არ მინდა, ჩემზე არასწორად იფიქროთ!

– დეა, ოდნავადაც არ მაინტერესებს, რა საქმე გქონდა დარასელთან. მე მხოლოდ ის მეხება, რას გააკეთებ ჩემთან. და ჩემთვის მთავარია, ვენდობოდე იმ ადამიანს, რომელსაც ჩემს ხელმოწერილ საბუთებს ვანდობ!

– უნდა მენდოთ!

– ნუ მაწყვეტინებ. – მოუჭრა მკაცრად. – არ უნდა მეშინოდეს იმის, რომ ჩემს სახელსა და გვარს არასწორად გამოიყენებენ და კომპანიაში შიდა კი არა, გარე მტრებზე უნდა ვიმუშაო.

– თქვენ მართლა არასწორად გაიგეთ!

– და შენ საერთოდ ვერ გაიგე, რომ გითხარი, ნუ მაწყვეტინებ-მეთქი. მე შენ არაფერს გაბრალებ, არც ცილს გწამებ და არც რამეს მოვითხოვ. გიმეორებ, საერთოდ არ მაინტერესებს, რა საქმე გქონდა ან რა გექნება დარასელთან. მე უკანონო არაფერი გამიკეთებია. ვალდებულიც კი ვარ, ამ კომპანიაში შემომსვლელისა თუ გამსვლელის, ყველა მნიშვნელოვანი ადამიანის პირადი საქმე გამოვიკვლიო და მათ შორის, თავად უფროსისაც.

უნდა ვიცოდე, საჭიროების შემთხვევაში ვისი დაცვა მომიწევს. ამიტომ შეგიძლია უპრობლემოდ გადასცე ყველა მითითება, რასაც მოგცემ. ახლა კი, ძალიან გთხოვ, დაუბრუნდი შენს ადგილს და მეტჯერ არც ამ თემაზე გვქონდეს საუბარი და არც იმის გამეორება დამჭირდეს, რომ ჩემი ნებართვის გარეშე და მით უმეტეს, დაუკაკუნებლად, ჩემს კაბინეტში აღარ უნდა შემოხვიდე! – წარბიც არ შეხრია, ისე ჩაამთავრა და შემდეგ, საბუთებში თავი რომ ჩარგო, აშკარად აგრძნობინა, საუბარი დასრულებული იყო და ზედმეტ განხილვას აღარ ექვემდებარებოდა.

ზოგადად, არ უყვარდა დაძაბული ურთიერთობები, მით უმეტეს კი, სამსახურში. ისეთი პროფესია ჰქონდა, ყველასთან უწევდა კონტაქტი და აქამდე არასდროს ჰქონია ისეთი შემთხვევა, იმავე კომპანიის ბოსს რომ შეევიწროებინა, რომლისთვისაც მუშაობდა.
სიმართლე ითქვას და, თავიდანვე კი ჰქონდა ეჭვები, რატომაც მიიღო ის ადგილი ასე მარტივად, რომლის ხელში ჩასაგდებადაც დიდი გეგმები ჰქონდა დასახული, მაგრამ იმდენად გადაერთო ერთი მხრივ ელენეზე და მეორე მხრივ, იმ კოშმარად ქცეული საქმის ახალ დეტალებზე, ამის გამოჩხრეკვა აღარ დაუწყია. ჩათვალა, რომ უბრალოდ გაუმართლა და სწორედ აქ დაუშვა შეცდომა.

არც კი უფიქრია, რომ რეალურად, ყველაფერი მისი გეგმის მიხედვით კი არ მიდიოდა, თვითონ ხდებოდა სხვისი გეგმის ნაწილი. და ეს ყველაფერი ისეთი შეუმჩნეველი და ბუნებრივი პროცესი იყო, ალბათ, კიდევ დიდხანს ვერ მიხვდებოდა, გამოცდილება რომ არ ჰქონოდა შესაბამისი ჩახლართული საქმეების გახსნის.

ყვარლის პროექტი კი, თითქოს სწორედ შესაბამის დროს გამოჩნდა! ყოველთვის იმ პრინციპით ხელმძღვანელობდა, რომ მტერი ახლოს ჰყოლოდა და არაფორმალურ გარემოში დარასელის გვერდით ყოფნა, საუკეთესო გზა იყო რაღაცების გადასამოწმებლად. გამორიცხულია, შეცდომა არ დაეშვა. ვერ იქნებოდა ყოველთვის მშვილდივით მომართული. მარტო მაინც დარჩებოდა და აუცილებლად გააკეთებდა რაღაც ისეთს, ხერგიანის დაეჭვებას რომ გამოიწვევდა.

ყველაზე მეტად ის არ უნდოდა, იმაში ყოფილიყო გარეული, რამაც მისი პირადი საქმის კითხვისას გაუელვა გონებაში. თითქოს, არაფერი განსაკუთრებული, მაგრამ ზედმეტად ბევრი დამთხვევა იყო საიმისოდ, რომ გამოპარვოდა. დემნა კი, ასეთ დეტალებს არასდროს ივიწყებდა.
როგორი აშკარა კონკურენტიც უნდა ყოფილიყო ეს კაცი ელენესთან მიმართებაში, მაინც არ უნდოდა, იმ საქმეშიც ჰქონოდა ხელი გასვრილი, რომლის გამოძიებაც წლების წინ დაიწყო და დღემდე მიჰყვებოდა, მიუხედავად იმისა, რომ დახურეს.

საქმე N109 იყო მისი ცხოვრების შეცვლის მიზეზი.

საქმე, რომელშიც ზედმეტად ბევრი კითხვის ნიშანი იყო.
საქმე, რომლის გამოც ზედმეტად ბევრი სისხლი დაიღვარა.

და საქმე, რომელიც, ალბათ, ერთ-ერთი რიგითი შემთხვევა იქნებოდა, საბოლოოდ კი, დამნაშავეს სისხლის სამართლის კოდექსის ასმეცხრე მუხლის მესამე ნაწილით წაუყენებდნენ ბრალს განზრახ მკვლელობისათვის და დემნა აუცილებლად მოიპოვებდა სასჯელის უმკაცრეს ზომას, უვადო თავისუფლების აღკვეთას, მაგრამ ყველაფერი, რადიკალურად განსხვავებული სცენარით წავიდა და დამნაშავის ნაცვლად, ერთადერთი, ვინც დაისაჯა, თანაც ზედმეტად სასტიკად, მხოლოდ მისი ოჯახი იყო, რომელსაც რეალურად, ბრალი არაფერში მიუძღვოდა, გარდა იმისა, რომ ხერგიანმა იმაზე მეტის გაგება მოინდომა, ვიდრე ეს საქაღალდეში მოთავსებულ საბუთებში ეწერა...

გაგრძელება იქნება პარასკევს
ავტორი ნათია ჯაგოდნიშვილი

იხილეთ ასევე: საქმე №109. თავი 11. საუბრები წარსულზე

FaceBook ბეჭდვა
ტეგები:
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93