ნოველები

საქმე № 109. თავი 13. მოულოდნელი გასეირნება

საქმე № 109. თავი 13. მოულოდნელი გასეირნება
1 / 2
Next
>ვერაფერი გააწყო ელენემ დემნას წინაშე. ვერაფრით დაიყოლია დარჩენაზე. სიმართლე ითქვას და, სადღაც, გულის სიღრმეში, მიყუჩებულ შეყვარებულ ლენას სიამოვნებდა კიდეც ეს ფაქტი, მაგრამ, თან იმაზე ეფიქრებოდა, რომ შესაძლოა, მის გამო კი არა, სამსახურის გამო ყოფილიყო ასე გაჯიუტებული და ხელახლა ეშლებოდა ნერვები ჯერ ყოფილ ქმარზე, შემდეგ, საკუთარ თავზე.
ამდენი წელია ამ კაცს იცნობს, ამდენი წელია ერთმანეთი უყვართ, ცალ-ცალკე არიან, მაგრამ მაინც უყვართ და დღემდე ეპარება ეჭვი იმაში, რომელი დგას ხერგიანისთვის პირველ ადგილას, ოჯახი თუ
სამსახური. მომენტებში, თავს დამნაშავედაც კი გრძნობს ასეთი ფიქრების გამო, მაგრამ შემდეგ მომხდარი ახსენდება და ისეთი შეგრძნება აქვს, როგორიც მაშინ ჰქონდა, იმ საშინელ ადგილას გამოღვიძებულს...
- ნუ გეშინია, დედიკო, მართლა ჭკვიანად მოვიქცევი! - ლილუს ისე ეშმაკურად აუციმციმდა თვალები ამ ფრაზის წარმოთქმისას, მაჩაბელს საერთოდ არ უნდა სცნობოდა შვილი, მისი გულწრფელობა რომ დაეჯერებინა.

- სკოლას არ გააცდენ!

- მიყვარს მე სკოლა! - წამოიძახა აღშფოთებულმა. ისეთი სასაცილო იყო ხოლმე ასეთ დროს. თან დიდი ქალის როლის თამაში რომ უნდოდა, მაგრამ ბოლომდე არ გამოსდიოდა და პაროდიას ემსგავსებოდა.

- და წვნიანსაც შეჭამ! - თითი ისე დაუქნია ელენემ, მაქსიმალურად ცდილობდა, თვითონვე არ გასცინებოდა. თავიდანვე პრობლემა ჰქონდათ ამ თემაზე, ბოლო წელი კი, პატარა ტვინიკოსმა ის მოიგონა, ბალერინა უნდა გავხდე და იმიტომ არ ვჭამ, გამხდარი რომ ვიყოო. ბალეტზე შესვლაზე კი უარი განაცხადა, ჯერ არ ვარ მზადო.

- დე, ერთ კვირაში კონცერტი მაქვს, გავსუქდები და ვერ დავჯდები როიალთან ლამაზად! - მაშინვე მოძებნა ბალეტის „შემცვლელი მიზეზი“ და თვითონვე შეაკვრევინა ჩემოდანი.

ალბათ, ერთადერთი ბავშვი იყო ლილუ, რომელსაც მშობლების წასვლა, პირიქით, ახარებდა. ნუ, მართალია, არც მათთან გრძნობდა თავს შებოჭილად და ზედმეტადაც იყო განებივრებული, მაგრამ ბებია-ბაბუასთან დარჩენისას, საერთოდ, ყირაზე გადადიოდა.
ისე ბედნიერად გააცილა ელენე, დამშვიდობებისას უფროსი ქერა რომ არ ჩახუტებოდა უმცროსს, შეიძლებოდა, არც გახსენებოდა მზაკვრული გეგმების დაწყობით გართულს.

- ანუ ერთად მიდიხართ... - სასხვათაშორისოდ წაილაპარაკა ეკამ, შვილიშვილი სახლში რომ შეუშვა და თვითონ ელენესთან სასაუბროდ დარჩა.
- ისევ არ დაიწყო, დედა, გთხოვ!

- მე არაფერს ვიწყებ, ელე, მაგრამ შენ ხომ იცი, რომ...
- ეკა ! - სასწრაფოდ გააწყვეტინა. ის ფაქტი კიდევ უფრო აღიზიანებდა, საკუთარი მშობლებიც კი მას რომ თვლიდნენ პრეტენზიულად და მართალია, დიდად არ აგრძნობინებდნენ, მაგრამ, დემნას დანახვისას, ზოგჯერ მაინც სინანულით გადაიქნევდნენ ხოლმე თავს მზერით, „ეს რა ბიჭი გაუშვა ჩვენმა შვილმა...“
- ერთად იმგზავრებთ?
- არა, არ ვიცი, რითი მოდის.
- გიორგი წაგიყვანს, დედიკო? - კიდევ ერთხელ შეეცვალა მზერა, ელენე კი სერიოზულად ბრაზდებოდა.
- არა, დედა, მომაკითხავს ახლა მძღოლი და წავალთ!
- ძალიან განებივრებს დარასელი...

- დარასელი, სხვათა შორის, ჩემი უფროსია, ეკა. და არც მე ვარ უბრალო თანამდებობაზე, მძღოლის ყოლა რომ განებივრებაში ჩაითვალოს. - მოუჭრა გაღიზიანებულმა და ლამის შვებით ამოისუნთქა, მობილური რომ აუწკრიალდა.
არადა, ბავშვობიდან კარგი ურთერთობა ჰქონდა მშობლებთან. მართალია, მამასთან განსაკუთრებით, მაგრამ დედასაც ისე ენდობოდა, არასდროს არაფერი დაუმალავს. პირველად რომ შეუყვარდა, ისიც კი დაუფიქრებლად გაანდო, მაგრამ ბოლო წლებმა, როგორც ჩანს, ყველასთან ურთიერთობაზე იმოქმედა. და, როგორც ყოველთვის, კვლავ ელენე გამოვიდა დამნაშავე...

თვალები მაგრად დახუჭა, უსიამოვნო ფიქრები რომ გაეგდო და ისე დაემშვიდობა წასვლის წინ. ლილუს თვალიც კი ვეღარ მოჰკრა, ხელი მაინც რომ დაექნია. ერთი შეხედვით, თითქოს, პრანჭია ბავშვის შთაბეჭდილებას უფრო ტოვებდა, ვიდრე ცელქისას, მაგრამ ისე ოსტატურად შეეძლო ამ ორის კომბინირება, გაოცებულს დაგტოვებდათ.
- დაგირეკავ, რომ ჩავალთ. და დე, იცოდე, როგორც არ უნდა გთხოვოს, წვნიანი აჭამე! - კატეგორიული ხმით წარმოთქვა და მანქანაში ჩაჯდომის წინ, შეუმჩნევლად, ღრმად რომ ამოისუნთქა, დაახლოებით ისეთი შეგრძნება დაეუფლა, როგორც ადრე, გამოცდაზე შესვლის წინ ჰქონდა ხოლმე მაშინ, საკითხი რომ კარგად არ იცოდა და გადაწერას აპირებდა... 
* * *
ყველაფერი უმაღლეს დონეზე ჰქონდა დაგეგმილი დარასელს. სასტუმრო, ვენახები, კონფერენციები, საბოლოო ვახშამი... ისეთი ხარისხიანი იყო ყველაფერი, გულითაც რომ გდომებოდათ, ვერაფერს დაუწუნებდით. და საერთოდაც, სულ გამოირჩეოდა ამით. საკუთარი საქმის პროფესიონალი იყო და თუ რამეს აკეთებდა, რადაც უნდა დასჯდომოდა, ბოლომდე მიიყვანდა დაწყებულს.

ალბათ, ამიტომაც არ გაუმართლა პირად ცხოვრებაში. ყოველთვის სამსახურზე იყო გადართული, კომპანიის განვითარებაზე, წარმატებაზე. რომ გეკითხათ, საყვარელი ქალი გყავს თუ არაო, სიცილით გიპასუხებდათ, ჩემი ცოლიც და საყვარელიც ჩემი სამსახურიაო. შემდეგ ელენე გამოჩნდა...
პირველივე დანახვისას მოეწონა. არ უჩიოდა ქალების ყურადღებას, ის კი არა, იმდენად ჰქონდა მობეზრებული ფულზე გადარეული გოგოების გამოხტომები, მაქსიმალურად ცდილობდა, საკუთარი სტატუსი რომ დაემალა მათი გაცნობისას. ისედაც საკმაოდ სიმპათიური იყო, მაგრამ გულის სიღრმეში მაინც სჭამდა ის შეგრძნება, რომ ანგარების მსხვერპლი გახდებოდა.

ახლა კი, ისე გრძნობდა თავს ელენეს გვერდით, ისე მშვიდად, თავისუფლად და რაც მთავარია, კომფორტულად, ყველაზე მეტად ამ საქმის ბოლომდე მიყვანა სურდა. კონკურენციის არც არასდროს შეუშინებია, ახლა კი, როცა მისი გეგმაც, ყოფილ ქმართან დაკავშირებით, არაჩვეულებრივად მიდიოდა, უფრო მეტად იყო მოტივირებული.
- ხომ ამართლებს სახელს?! - ცერა ღიმილით გადახედა ელენეს, მანქანებიდან რომ გადმოვიდნენ და სასტუმროს სახელი, „ყვარლის ედემი“, წაიკითხეს.
- ჩვენ რომ ვიყავით აქ, ამის ადგილას ჩვეულებრივი, საოჯახო სასტუმრო იყო, გახსოვს, ლენა?! - თუმცა, სრულიად მოულოდნელად ჩაერთოთ ხერგიანი, ქალს თვალი ჩაუკრა, შემდეგ კი, უკაცრავადო, მხოლოდ ზრდილობის გამო წარმოთქვა და შუაში ისე ჩაუარა ჩემოდნის გახრიგინებით, წამითაც არ შეუწუხებია სინდისს.

არც გიორგის შეტოკებია სახეზე ნაკვთი. იცოდა, როგორი ძლიერი კონკურენტიც ჰყავდა და იმასაც აცნობიერებდა, ამ ქალს ასე მარტივად რომ ვერ მოიპოვებდა. პირიქით, კლდესავით მტკიცე უნდა ყოფილიყო, ყველაფერი რომ აეტანა და დაემსახურებინა ელენე.
- ელე, ბოლო თათბირზე ცოტა... - დაიწყო დარასელმა, მიმღებში ნომრების ბარათები რომ აიღეს და დერეფანს მიუყვებოდნენ.
- უფროსი ხარ. - შეაწყვეტინა და ისე გაუღიმა, ცალი წარბის აწევაღა დააკლდა.

- და შენ ხომ კარგად იცი, მე და შენ რომ მხოლოდ უფროსისა და თანამშრომლის ურთიერთობა არასდროს გვქონია?! - მიუტრიალდა მოულოდნელად.
ამას მართლა ვერ უარყოფდა. ყოველთვის ამჩნევდა, ზედმეტად ბევრ ყურადღებას რომ აქცევდა, ზედმეტად თბილად ექცეოდა, ზედმეტად ინტერესდებოდა მისით. ყველაფერი „ზედმეტი“ იყო, რასაც მის მიმართ აკეთებდა და თავიდან ბოჭავდა კიდეც ეს. შემდეგ, რატომღაც ჩათვალა, უბრალოდ, ასეთი პიროვნებაა, მეგობრული, თანამშრომლებთან კარგი ურთიერთობა უნდაო, ბოლოს კი, კვლავ მხოლოდ თვითონ რომ გამოდგა გამორჩეული, ესეც იმას მიაწერა, ალბათ, სხვებს ვერ გაუგო და ჩვენ ადვილად დავმეგობრდითო.

- გიორგი, გთხოვ, არ გვინდა ახლა ამაზე. ძალიან დამღალა მგზავრობამ და შეხვედრამდე დასვენება მინდა... - გაუღიმა ზრდილობიანად, შემდეგ კი, ისე გაეცალა, პასუხს აღარც დალოდებია.

ზედმეტად სასაცილო ადგილას ჰქონდა ნომერი. დემნას გვერდით და გიორგის პირდაპირ. გაუკვირდა კიდეც, ლუქსი რომ არ აიღო დარასელმა, მაგრამ ოთახების განაწილება რომ გაიაზრა, ვერ მიხვდა, გაბრაზებულიყო თუ არა. არა, რას ცდილობს?! ჰგონია, ასე რამეს მიაღწევს?! ხერგიანისადმი კარგი დამოკიდებულება რომ ჰქონდეს, იმასაც იფიქრებდა, ჩვენი შერიგება უნდაო, ზედმეტად მონდომებული იყო შეხვედრების დაგეგმვაში...
აი დემნას კი, არც ეს მონდომებულობა გამოჰპარვია და არც სხვა პატარა დეტალები, ერთი შეხედვით რომ უმნიშვნელოა, მაგრამ ეჭვიანი კაცის თვალი პირველ რიგში რომ ამჩნევს. რეალურად, თვითონ არ იყო ეჭვიანი. არც არასდროს ყოფილა. ყოველთვის ექცეოდა ელენე სხვების ყურადღების ქვეშ, მაგრამ ცოფიანი ძაღლივით არასდროს მოქცეულა და არც არავის მივარდნია, რა უფლებით უყურებ ჩემს ქალსო. ისეთი მშვიდი და გაწონასწორებული იყო, მაქსიმუმ, გოგონას წელზე შემოხვეული ხელი შეემჭიდროვებინა, თუმცა, ლენასთვის ესეც კი საკმარისი იყო, თვითკმაყოფილად ჩაცინებისთვის.
ახლა ცოტათი სწყინდა კიდეც, დარასელზე ეჭვიანობას რომ ვერ ამჩნევდა ყოფილ ქმარს. ის კი კარგად ახსოვდა, მოულოდნელად რომ გამოუცხადა რამდენიმე დღის წინ, მისგან თავი შორს დაიჭირეო, მაგრამ იმაშიც დარწმუნებული იყო, საქმე სამსახურს რომ ეხებოდა და არა პირად ურთიერთობებს.
- ლენა, შეიძლება?! - ფრთხილი დაკაკუნება რომ მოესმა, გაორებული შეგრძნება დაეუფლა. ისეთი შეუფერებლი ხმა წარმოთქვამდა სახელს, რომელიც მხოლოდ ერთ ადამიანს ეკუთვნოდა, ლამის საკუთარ სმენაშიც კი შეეპარა ეჭვი, მაგრამ, კარი რომ გააღო, ჯერ გულზე მოეშვა, შემდეგ გაბრაზდა.
- მასე აღარ დამიძახო, ძალიან გთხოვ!

- რატომ? გიხდება...
- არ მაინტერესებს, მასე აღარ დამიძახო! - მოუჭრა და, ხელში საბუთები რომ დაუნახა, კიდევ უფრო უმატა გაღიზიანებამ. შეხვედრამდე ჯერ ისევ სამი საათი იყო, ეს კაცი კი, ისეთი ტემპით აკეთებდა ყველაფერს, ზედმეტად ხელოვნური ელფერი ენიჭებოდა მის ქმედებებს...
1 / 2
Next
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 2 /
ნატალია
ძააან საინტერესოა, ძალიან მომწონს თქვენი ხედვა, მაგრამ ნუ გაწელავთ ოღონდ ასე დიდხანს რა. ნაწარმოები სიამოვნებას უნდა განიჭებდეს კითხვისას და ასე ძაან მტანჯავთ. აღარ მაქვს სურვილი რომ დაველოდო ხოლმე გაგრძელებას. ან ცოტა გაზარდეთ მოცულობა ან კვირასი რამდენჯერმე მაინც დადეთ, ასე მუღამი ეკარგება. გთხოვთ
02:01 / 06-05-2017
გამოხმაურება / 0 /
ქ,.ქ
უკაცრავად მაგრამ....ეს ბოლო აბზაცი ვერ გავიგე:)
15:34 / 05-05-2017
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93