ნოველები

№ 109.თავი 14. წარსულის სურნელი

 № 109.თავი 14.  წარსულის სურნელი
1 / 2
Next
არც უკითხავს, სად მიდიოდნენ. გაღიმებული აეკრა მკერდზე და მონატრებული სურნელი რომ იგრძნო, აღარც უნდოდა მოშორება. ყოველთვის ასეთი შეხვედრა ჰქონდათ ხოლმე. დემნა იდგა მშვიდად, ჯიბეებში ხელებჩაწყობილი, შემდეგ, ელენეს დანახვაზე, ოდნავ ჩაეღიმებოდა და ბოლოს, ისე იხუტებდა, თითქოს მეტჯერ ვეღარ ნახავდა.

- უნდა მომიტაცო?! - თვალი ჩაუკრა გოგონამ, ქალაქიდან რომ გავიდნენ.

- ხომ არ გავიწყდება, იურისტს რომ ესაუბრები? - ხერგიანმა კი, ისეთი სახით გახე
და, წარბის აწევაღა აკლდა სრული ეფექტისთვის.

- უჟმურ იურისტს! - ენა გამოუყო და მაქსიმალური ძალისხმევის ფასად დაუჯდა სიცილის შეკავება, დემნამ მოშიშვლებულ წელზე რომ შეუღიტინა.

საბოლოოდ, ყვარელში ამოჰყო თავი. ვერც იფიქრებდა, ეს გასეირნება ასეთ შორ მანძილზე თუ დასრულდებოდა, მაგრამ ტყუილი იქნება ვთქვათ, რომ არ გაუხარდა. უფრო მეტიც, თვალები უციმციმებდა ბედნიერს და მანქანიდან გადმოსვლისთანავე, ზურგზე შეახტა დემნას.

- მე მგონი, ძალიან მიყვარხარ. - დაიჩურჩულა და ფრთხილად შეახო ტუჩები კისერზე.

არ სჩვეოდათ მსგავსი საუბრები. არც „მიყვარხარ“ იყო ხშირად გამოყენებადი სიტყვა მათთვის. ურთიერთობაც ისე დაიწყეს, საერთოდ არ უთქვამთ ერთმანეთისთვის რაიმე მსგავსი, მაგრამ ახლა ვერაფრით შეიკავა თავი. არც ის ემოცია გაუჩერდა გულში ჩუმად, მთელ სხეულში რომ დაუარა ჟრუანტელივით და აღარ უცდია თავის შეკავება.

ყელზე შემოხვეულ თითებზე აკოცა დემნამ და აღარც გაუგრძელებია გზა. ისე შეტრიალდა, მანქანაზე რომ ჩამოესვა ზურგზე შემოსკუპებული გოგონა და შემდეგ ისე მიუტრიალდა, თვითონ ლენას ფეხებს შორის მოექცა, სახე კი მაქსიმალურად ახლოს მიუტანა.

- აღარ მინდა შენ გარეშე ყოფნა.
- წარმოთქვა დასერიოზულებულმა.

- ახლა ხომ ერთად ვართ... - გოგონამ კი ისე აუფახულა წამწამები, აშკარა იყო, მიუხვდა, საითაც მიჰყავდა საუბარი და სპეციალურად არ გაამახვილა ყურადღება.

- მინდა, რომ მთლიანად ჩემი იყო... - შედარებით დაბალი ხმით გააგრძელა ხერგიანმა. წამითაც არ აშორებდა თვალს, მისი მზერის გაძლება კი, თანაც, ასეთი დაჟინებულის, სულაც არ გახლდათ ადვილი საქმე.

- მე...
- მაგას არ ვგულისხმობ.
- სწრაფადვე დაამატა. კარგად ახსოვდა ელენეს ძველი გამოცდილება და არ უნდოდა, რაიმე მსგავსი ეფიქრა.

- დემნა...

- მინდა, როცა გავიღვიძებ, თვალს რომ გავახელ, პირველი შენ დაგინახო.

- მეც მინდა...

- სამსახურიდან წამოსულს, იმიტომ მეჩქარებოდეს სახლში, რომ შენ მელოდები...

- მე მგონი, ვხვდები, საითაც მიგყავს...

- ყველაზე მეტად კი ის მინდა, სიტყვა „მე მგონი“ მოიშორო, როცა ჩვენს ურთიერთობასა და გრძნობებზე საუბრობ..
. - ამოიხვნეშა ნერვებმოშლილმა. კი იცოდა, უბრალოდ, სიტყვის მასალად რომ იყენებდა ლენა, მაგრამ მაინც არ მოსწონდა.

- საინტერესოა შენი სურვილების მოსმენა...

თვალები დააწვრილა ქერამ. ისე შესციცინებდა, მიუხედავად ადგილის მშვენიერებისა, მასზე უკეთესი საყურებელი მაინც არავინ ეგულებოდა.

- მე ბევრად უფრო საინტერესო გასართობები ვიცი...
- მართლა არ ვიცი, რა უნდა გიპასუხო.

- ჩვენ ოდესმე ერთმანეთთან სასაუბროდ სიტყვები დაგვჭირვებია?
- ჩაეღიმა და ისე ახლოს მიუტანა სახე, ელენე უკვე მისი წვერის შეხებას გრძნობდა ლოყებზე, გახურებულმა ტუჩებმა კი, კოცნა რომ დაუტოვეს საფეთქელზე, ლამის ხელებში ჩაადნა.

არასდროს უფიქრია ამ თემაზე. სულ რამდენიმე თვე იყო გასული, რაც ერთად იყვნენ და ახლა... ასე უცბად და მოულოდნელად... ვერ უარყოფდა, თვითონაც რომ სურდა მთელი ცხოვრების დემნასთან გატარება, გაღვიძებისას მისი დანახვა და ღამით მასთან ერთად დაძინება, მაგრამ... რომ ეჩქარათ? გრძნობებს აყოლილებს არასწორი გადაწყვეტილება რომ მიეღოთ? რა უნდა ექნათ მერე?!

- დემნა, ცოტა მეშინია...

ამოიოხრა და მხარზე მიეყრდნო შუბლით. ყველაზე მეტად იმიტომ უყვარდა ეს ადამიანი, გულწრფელად რომ შეეძლო ყველაფრის თქმა.

- რისი? - ჰკითხა რბილად და ამჯერად, თმაზე აკოცა.

- ადრე რომ იყოს? ანუ, ხომ ხვდები... მერე რომ...

- ვინანოთ? შეცდომის დაშვების გეშინია, ლენა?
- სწრაფად მოშორდა და ისე მოიქცია მისი სახე ხელებს შორის, დაკვირვებით რომ ჩაეხედა თვალებში.
- ჩემთან ერთად?

- უკვე აღარ ვიცი... - კიდევ ერთხელ ამოიოხრა. როგორ უნდა იაზროვნოს საღად, როცა ასეთი მზერით უყურებენ?
- მითხარი.
- ანუ მგონია, რომ ცოტათი ადრეა, თან, ამ თემაზე არასდროს მიფიქრია, პლუს ამას, ჯერ პატარა ვარ, მაგრამ...

- იცი, რომელი „მაგრამ“ მიყვარს ყველაზე მეტად? - აღარც უცდია ხერგიანს ღიმილის დაფარვა. უკვე ზუსტად იცოდა, საბოლოო გადაწყვეტილებამდე რომ მივიდნენ.

- რომელი?

- სწორ აზრამდე რომელსაც მიჰყავხარ...


წარმოთქვა კმაყოფილი ხმით, შემდეგ კი, მეტის მოცდა არც მინდა და აღარც შემიძლიაო, გადაჭრით უთხრა და ელენე მხოლოდ მაშინ მიხვდა, რატომ შეარჩია ამ ბიჭმა ისეთი სასტუმრო, რომელიც საკმაოდ ახლოს იყო ტაძართან.

მთელი გზა დემნაზე მიკრულმა იარა. თან იმას უმეორებდა, სისულელეა, ასე გვიან არავინ იქნება, თან ნინა და გეგაც მოგვკლავენო. ვერც გულის ცემის დასტაბილურება მოახერხა, ვერც გაყინული ხელების გათბობა. ისე ნერვიულობდა... არა, ხომ სიგიჟე იყო ეს ყველაფერი?! ყველაზე სულელურ ფიქრებშიც კი ვერ წარმოიდგენდა ალბათ, მაგრამ... მაგრამ იმ ადამიანთან ერთად, რომელიც ახლა ასე ძლიერად იკრავდა წელზე შემოხვეული ხელით, ამაზეც კი თანახმა იყო და შეეძლო, წამებში გაეუფერულებინა ამდენი წლის წარმოდგენილი თეთრი კაბა და ბედნიერი ყოფილიყო ასე მარტივად. მარტივად ბედნიერი...

არ დახვდათ მღვდელი ტაძარში. ზედმეტად გვიანი იყო საიმისოდ... თითქოს, ნიშნადაც ჩათვალა ელენემ ეს ამბავი, მაგრამ მაინც ეწყინა. გული დასწყდა და თან, ძალიან. არ სჭირდებოდა ახლა რაიმე დამაბრკოლებელი, როდესაც გადაწყვეტილება ისედაც გაჭირვებით მიიღო. სისრულეში უნდა მოეყვანა ყველაფერი, აქვე და ახლავე!

არც გაჰკვირვებია, ხერგიანმა კვლავ ხელი რომ დაავლო და ამჯერად, პირდაპირ მამაოს სახლისკენ გააქანა. არა, ნამდვილად არანორმალური იყო ეს ბიჭი! და სწორედ ასეთი უყვარდა!

ბევრი იწვალეს, თანხმობა რომ მიეღოთ. ისე ეხვეწნენ. სასტიკ უარზე იყო სასულიერო ტანისამოსში გამოწყობილი მოხუცი. ქორწინებას დაფიქრება და გააზრება სჭირდებაო, იმდენჯერ გაუმეორა, სანამ ელენემაც არ დაუწყო ხვეწნა. თითქოს, სურვილი წინააღმდეგობის სიძლიერესთან ერთად უმძაფრდებოდა და იმაშიც უფრო მეტად რწმუნდებოდა, მართლა დემნასთან ერთად გაატარებდა მთელ ცხოვრებას.

მაინც დაითანხმეს. დღემდე არ ჰქონდათ წარმოდგენა, როგორ. ვერც იმას ხსნიდნენ, საკუთარი მეგობრების გადამკიდემ, როგორ გაბედეს მეჯვარეებად ადგილობრივი მცხოვრებლების, ფაქტობრივად, უცხოების წაყვანა. ერთმანეთს ამშვიდებდნენ, ხელს რომ მოვაწერთ, ჩვეულებრივ ქორწილს მაშინ გადავიხდით და მეჯვარეებადაც ჩვენები გვეყოლებიანო, მაგრამ ორივემ კარგად იცოდა, რეალურად, მესამე მსოფლიო ომის გადახდა რომ მოუწევდათ თბილისში დაბრუნებულებს.

გულაჩქარებული იდგა ელენე საკურთხევლის წინ. ღია იისფერ, ყვავილებიან კაბასა და კედებში გამოწყობილი. ისე უკანკალებდა ხელებიც, ძლივს ეჭირა ანთებული სანთელი. ვერც სუნთქვას იწყნარებდა და ვერც მუხლებში სისუსტის შეგრძნებას უხერხებდა რამეს, მაგრამ გვერდით მდგომი ადამიანის არსებობა აძლიერებდა ისე, ნამდვილად ყველაფერზე წავიდოდა მის გამო. ის ფაქტიც კი აძლიერებდა, დემნა რომ ჰყავდა. ჩუმად აპარებდა თვალს და ყველაფრად უღირდა იმ ემოციის დანახვა, რასაც მის სახეზე კითხულობდა იმ წუთებში. ასე ძლიერად როგორ შეუყვარდა?!

ღამე რიჟრაჟში გადადიოდა და სტიქაროსანი განთიადის ზარებს რეკავდა, ტაძრიდან რომ გამოვიდნენ. უკვე ერთნი... ჯვარდაწერილნი და ერთმანეთისადმი სამუდამოდ სიყვარულშეფიცულნი. ძლიერად უჭერდა ლენა ხელებს ხერგიანის მკლავს და თვალს სჭრიდა საკუთარ თითზე ახლად გაჩენილი ბეჭდის დანახვა. არც გაჰკვირვებია, ბიჭს ესეც თან რომ ჰქონდა. საერთოდაც, მალევე მიხვდა, ბოლომდე დაგეგმილი რომ ჰქონდა დღევანდელი ღამე. არც კი დაუშვია, ელენე რომ უარს ეტყოდა.

და, მართალიც იყო... იცოდა, სწამდა და სჯეროდა, მათი სიყვარული ლოგიკურ ფინალს რომ იმსახურებდა. ფინალს, რომელიც რეალურად ყველაზე მთავარის დასაწყისი იქნებოდა და ასეც მოხდა.

შუაღამით, ეკლესიის კედლებში, სრულიად უცხო, თუმცა იმ მომენტისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი ხალხის წინ ითქვა ორი მთავარი „დიახ“ და შემდეგ უკვე აღარც არაფერს ჰქონდა აზრი, რადგან ღმერთის წინაშე შეჰფიცეს ერთმანეთს მარადიული სიყვარული და ზუსტად იცოდნენ, როგორც უნდა შეცვლილიყო მდგომარეობა, სიტყვას მაინც არასდროს, არც ერთი გატეხდა, რადგან მართლა სამუდამოდ ეყვარებოდათ ერთმანეთი...
1 / 2
Next
FaceBook ბეჭდვა
ტეგები:
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93