ნოველები

№ 109. თავი 15. კონფლიქტი უფროსთან

Prev
2 / 3
Next
 


* * *
წამითაც არ შეტოკებია ხერგიანს ნერვები, ელენე და გიორგი ერთად რომ გავიდნენ „სასეირნოდ“. ამ ქალს იმაზე უკეთ იცნობდა, ვიდრე ლენა საკუთარ თავს და წამითაც არ ეპარებოდა მასში ეჭვი. დარასელს კი არ ენდობოდა, მაგრამ მაინც, ზუსტად იცოდა, საეჭვიანო და მით უმეტეს, სანერვიულო რომ არაფერი ჰქონდა... იმასაც ხვდებოდა, რატომ გაურბოდა ქალი ასე ძალიან მასთან მარტო დარჩენას და მიუხედავად მისი გადაწყვეტილების რაციონალურობისა, სადღაც, გულის სიღრმეში, მაინც არ სიამოვნებდა ეს ამბავი.

– ხელშეკრულება მომიმზადე?! – მოულოდნელად, არცთუ ისე კარგი ტონით ჰკითხა დარასელმა და ისეთი სახით ახედა დემნამ, აშკარად აგრძნობინა, რომ შეეშალა. ისევ...

– ასეთი ხანმოკლე სეირნობა იყო? – შენიშნა სასხვათაშორისოდ და ისე გადაწვა სკამის საზურგეზე, თან ცალი ხელით რომ ჩამოყრდნობოდა.
– შეკითხვაზე მიპასუხე და ნუ ერევი იმაში, რაც შენი საქმე არ არის! – კბილებს შორის გამოსცრა გიორგიმ. ისედაც გაღიზიანებული იყო და ამ კაცის სარკაზმი აღარ სჭირდებოდა.

არა, რა ჯანდაბა დაემართა ელენეს? ფაქტობრივად, ერთადერთი ქალი იყო, ვინც ასე ეურჩებოდა და ამით კიდევ უფრო უჩენდა სურვილს, დანარჩენების სიისათვის მიემატებინა. ან ასე უცბად რა აბრაზებდა?! შეუძლებელია ყოფილი ქმრისადმი გრძნობები დარჩენოდა. ორი წელი იყო უკვე გასული და დარასელმა მათი დაშორების მიზეზიც გადასარევად იცოდა. ნაბიჯსაც არ დგამდა ისე, მომდევნო წინასწარ რომ არ გაერკვია და ასე იყო ამ შემთხვევაშიც. იმაზე უფრო მეტი იცოდა რეალურად, ვიდრე რომელიმე მათგანს წარმოედგინა, თუმცა, ამ ცოდნას მხოლოდ სათავისოდ იყენებდა...
– შენ წარმოდგენაც არ გაქვს, იმდენი რამეა ჩემი საქმე, გიორგი. – აუღელვებელი, მშვიდი და ამაყი იყო ხერგიანის ხმა. – შენს ხელშეკრულებას კი, რაც შეეხება, მხოლოდ პარტნიორი მხარეებისგან ხელმოწერა აკლია.

– ძალიანაც კარგი! მე არც ერთ თანამშრომელს არ ვუხდი ფულს ტყუილად და იცოდე, ეს კარგად დაიმახსოვრე! – აი, დემნასგან განსხვავებით, დარასელი ვერაფრით ახერხებდა თავის ხელში აყვანას და სიბრაზის კონტროლს. ისეთი იმუქრებოდა, თითქოს, ვინმეს შეაშინებდა, მაგრამ აშკარად სჭირდებოდა აგრესიისგან დაცლა. საერთოდაც, რატომ წამოიყვანა ეს კაცი ამ უიქენდზე? აქამდე ხომ იურისტის გარეშეც ახერხებდნენ საქმეების მოგვარებას?!

– შენ კი, იცი, რა დაიმახსოვრე, ჩემო გიორგი, ძალიან კარგად?! – ჩაეცინა დემნას. – შენ მე ფულს არ მიხდი. და მე შენთვის არ ვმუშაობ. მე კომპანიისთვის ვმუშაობ და ხელფასსაც ის მირიცხავს, ეს ორი კი, რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან. ასე რომ, ძალიან გთხოვ, ამ საკითხსაც ნუ აურევ, ისედაც, ეს დღეებია, შეცდომას შეცდომაზე უშვებ და საკმარისია უკვე! – გაუღიმა „გულწრფელად“ და შემდეგ ისე მშვიდად დატოვა, ზუსტად იცოდა, თითო სიტყვით თითო ისარი რომ მოარტყა და თანაც, ყველაზე მტკივნეულ ადგილებში.

ზოგადად, არ იყო ასეთი. არც ვინმეზე შურისძიება წარმოადგენდა მის სტილს და არც ვინმეს მახეში გაბმა. სასტიკი და დაუნდობელი მხოლოდ მაშინ ხდებოდა, როცა საქმე სამსახურს ეხებოდა, უფრო კონკრეტულად კი, პროცესს. ბოლომდე გაჰქონდა თავისი, კბილებით იტანდა სიმართლეს და მაინც არ ნებდებოდა, სასამართლოს გარეთ კი, ისეთი ჩვეულებრივი მოქალაქე ხდებოდა, რომლისთვისაც თავისუფლად შეგეძლოთ თქვენი პრობლემების მოყოლა, ნუგეშის მიღების მოლოდინში.

ბოლო წლებმა კი, აშკარად შეცვალა. დღემდე ვერ მოიშორა უსამართლობის გრძნობა. განცდა, როცა არაფერში ხარ დამნაშავე და მაინც ისჯები. და თან, ისჯები ყველაზე მტკივნეულად, რადგან შენ კი არ გიშავებენ, არამედ შენს ოჯახსა და საყვარელ ადამიანებს. დღე არ გავიდოდა, იმ შემთხვევაზე რომ არ ეფიქრა. მაინც ვერ უძებნიდა ახსნას. იმასაც ცდილობდა, საკუთარი თავი რომ დაედანაშაულებინა. იქნებ ასე მაინც შესძლებოდა სინანული და ცოდვის გამოსყიდვა... მაგრამ მაინც ვერაფრით პოულობდა შეცდომას იმაში, არც ერთ გაფრთხილებასა თუ მუქარას რომ არ შეუშინდა და მაინც სცადა გამოძიების გაგრძელება. კი იცოდა და არაერთხელ გააგებინეს, როგორ სერიოზულ და საშიშ ხალხთან ჰქონდა საქმე, მაგრამ მაინც არ გაჩერდა თავისით და ბოლოს მათ გააჩერეს. თან ისე, სიცოცხლის სურვილი რომ დაუკარგეს საერთოდ.

არასდროს ენახა ელენე იმ მდგომარეობაში, როგორშიც მაშინ იყო. თვალებიდან არ ამოსდიოდა ის კადრი... და ყოველ ჯერზე, როცა ერთი ნაბიჯით წინ მიდიოდა ურთიერთობაში, როცა სულ ოდნავი იმედი უჩნდებოდა, რომ შეიძლებოდა ისევ ერთად ყოფილიყვნენ, მაშინვე თავს დასჩხაოდა რაღაც საშინელი, სავარაუდოდ, დამძიმებული სინდისი და კიდევ უფრო მძაფრად ახსენებდა ყველა დეტალს, ხელახლა რომ შეეგრძნო ის ტკივილი და საკუთარი თავისთვის ბედნიერების უფლება არ მიეცა.

ალბათ, არც იმსახურებდა... ელენესნაირ ქალსა და ლილუსნაირ შვილს იმსახურებდა ყველაზე ნაკლებად, რადგან მაშინ, როცა ჰყავდა, ვერ დააფასა. ზედმეტად გარისკა, შამპანურის ნაცვლად კი, შხამი დალია და მაშინ, როცა ასეთ შეცდომას უშვებ, აღარც უნდა გქონდეს მისი გამოსწორების იმედი. თუმცა, რომ ვერ გამოასწორებდა, ისედაც კარგად იცოდა. აღარაფერი იქნებოდა ძველებურად. სულ რომ სასწაული მომხდარიყო და ელენესთან ერთად ისე გაეგრძელებინა ცხოვრება, წამითაც რომ აღარ გაეხსენებინათ წარსული, იმას მაინც ვერ დაიბრუნებდნენ, რაც დაკარგეს. ეს დანაკარგი კი, მთელი ცხოვრება ტკივილად გაჰყვებოდა ორივეს და ფიზიკურად ვერ შეძლებდნენ დავიწყებას, რადგან ადამიანებს ასეთი ამბების დავიწყება არ შეუძლიათ და ალბათ, არც უნდა შეეძლოთ საიმისოდ, თუნდაც მხოლოდ ერთი საფეხურით მაღლა რომ იდგნენ ცხოველებზე... 


* * *
თუ ვინმე გეტყვით, რომ ისტორიას მხოლოდ ორი მსოფლიო ომი ახსოვს, შეგიძლიათ დარწმუნებით თქვათ, რომ მათ არაფერი სმენიათ ელენეს, დემნას, მათი ოჯახისა და მეგობრების შესახებ. გადაჭარბებული ნამდვილად არ იქნება იმის თქმა, რომ წყვილს მხოლოდ პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნა აკლდა დევნილის სტატუსამდე. ისეთი ამბები დატრიალდა, ყვარლიდან რომ ჩამოვიდნენ... ალბათ, თვით დიდ გენერლებსაც არ დაესიზმრებოდათ მსგავსი, მსოფლიოს დასაკუთრებასა და ბატონობაზე რომ ოცნებობდნენ...

არ ყოფილა მოულოდნელი. ის კი არა, ჯვრისწერის შემდგომი საათებიც სიყვარულით ტკბობის ნაცვლად იმის შიშში გაატარეს, როგორ უნდა აეხსნათ თბილისში დაბრუნებულებს მომხდარი. ზუსტად იცოდნენ, მთებში გახიზვნა რომ დასჭირდებოდათ, პოტენციურ მეჯვარეებს რომ შეატყობინებდნენ ჯვრისწერის ამბავს. მშობლების რეაქციისაც კი არ ეშინოდათ ისე, როგორც მეგობრების...
– დედას გეფიცები, ამდენი მაშინაც კი არ მინერვიულია, რომ გავიგე, გერმანიაში მიდიოდი... – ამოიოხრა ელენემ, ქალაქში რომ შევიდნენ. ისიც კი ვერ გადაეწყვიტათ უკვე, გეზი რომლის სახლისკენ აეღოთ.

– კარგი ახლა, არა მგონია ასე მალე დაგაქვრივონ... – აი, დემნა კი, მაინც არ კარგავდა ხუმრობის ხასიათს.
– ნუ ხუმრობ უშნოდ! – დაუბრიალა თვალები და მობილური კიდევ ერთხელ რომ აუზმუილდა, ნერვებმოშლილმა ჩატენა მანქანის სათავსოში და უჯრაც გამწარებულმა დახურა. თითქოს, ასე შეძლებდა დამალვას...

– მე კი ვხუმრობ, მაგრამ შენ მართლა ისეთი სახით ზიხარ, თითქოს მამაშენი სანადირო თოფით მიპირებდეს მოკვლას!
– მამაჩემმა, არა მგონია, გარისკოს, მაგრამ აი, ნინაზე პირობას ვერ დავდებ... – ჩაეცინა და შემდეგ დემნას ხელი ისე ჩაიდო კალთაში, არც უთხოვია ნებართვა.

მიუხედავად ყველაფრისა, ისეთი ბედნიერი იყო, აქამდე რომ ჯერ არასდროს ყოფილა. არც ის დაუმალავს ბიჭისთვის, საშინლად რომ ეშინოდა შეცდომის დაშვების და შემდეგ ისიც აღფრთოვანებულმა ახარა, ასეთი სწორი გადაწყვეტილება მთელი ცხოვრების განმავლობაში არ მიმიღიაო. ზუსტად ის იყო, ვინც სჭირდებოდა. ის, ვინც მუდამ ეყვარებოდა და ის, ვინც არასდროს გაუშვებდა ხელს. შეეძლო დაუღალავად ელაპარაკა ამ გრძნობაზე და მაინც ვერ აეხსნა რატომ, ან როგორ შეუყვარდა... და ალბათ, სწორედ ესაა სიყვარული... გიყვარდეს და არ იცოდე, რატომ.

ნაზად უსვამდა თითებს დემნას მტევანს და ცდილობდა, წინასწარ არ ეფიქრა მოსახდენზე. უკვე მიხვდა, არასდროს არაფერი რომ არ ხდებოდა ისე, როგორც გეგმავდა. ალბათ, ერთი წლის წინ რომ ეს ყველაფერი მოეყოლათ მისთვის, ერთ სიტყვასაც არ დაიჯერებდა და ვერც იმას წარმოიდგენდა ოდესმე, ასე, ფარულად თუ დაიწერდა ჯვარს. ყოველთვის კიცხავდა იმ წყვილებს, ჩუმად რომ იპარებოდნენ. ნათქვამიც ჰქონდა, ყველაფერს ელოდეთ ჩემგან, მაგრამ გაპარვით არასდროს გავიპარებიო და ბოლოს, ვერც ამას ასცდა...

ცოტათი დამნაშავედაც გრძნობდა თავს მშობლების წინაშე. არასდროს ჰქონიათ ისეთი ურთიერთობა, რამის დამალვა რომ ყოფილიყო საჭირო. არც რამე დაუშლიათ ელენესთვის და არც ზედმეტად მკაცრები ყოფილან. დემნასაც იცნობდნენ და მოსწონდათ კიდეც. შეიძლება ფორმალობისთვის ერთი-ორჯერ ეთქვათ, ჯერ ადრეა და არ იჩქაროთო, მაგრამ შვილის გადაწყვეტილებას რომ პატივს სცემდნენ და წინ არ აღუდგებოდნენ, ზუსტად იცოდა გოგონამ ეს. თვითონ კი, ზუსტად ისე მოექცა, რის გამოც ბრაზობდა სხვებზე...

– რა გატირებს?! – სერიოზულად შეშფოთდა დემნა, ნიკაპაკანკალებული რომ დაინახა და არც დაფიქრებულა, ისევე გადაიყვანა მანქანა გზიდან.
– არაფერი... – ამოისლუკუნა გულაჩუყებულმა, ბიჭის ხელი კი, ასე რომ ჰქონდა ჩაბღუჯული, მაინც არ გაუშვია.
Prev
2 / 3
Next
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
e87a93