ნოველები

საქმე №109. თავი 17. უფროსის კოცნა

საქმე №109. თავი 17. უფროსის კოცნა
აღელვებული შევარდა საავადმყოფოს მისაღებში ელენე. მშვიდად შეჰყვა ხერგიანი. რამდენჯერმე დაურეკეს გზიდან ეკას. ფაქტობრივად, ბავშვის მდგომარეობა უკვე ზუსტად იცოდნენ, მაგრამ, მაინც ვერ ახერხებდა ნერვიულობის მოთოკვას ქალი. ისე ეშინოდა, ისე განიცდიდა... ყველაზე მეტად კი ის ადარდებდა, ავადმყოფობის პერიოდში, თვითონ შვილის გვერდით რომ არ იყო.

განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა ამ თემასთან დაკავშირებით. როგორი საქმიანიც და კარიერაზე გადაყოლილიც არ უნდა ყოფილიყო, ასჯერ მეტს აკეთებ
და, როგორც დედა. საერთოდ ყველაფრის დათმობა შეეძლო ლილუს გამო. დაუფიქრებლად გადააბიჯებდა ყველას და ყველაფერს, ოღონდ ის ყოფილიყო კარგად და არც არასდროს ინანებდა მიღებულ გადაწყვეტილებას.

– ელენე, ასე არ შეხვიდე შიგნით! – წამოეწია დემნა და მკლავში წაავლო ხელი, რომ შეეჩერებინა. ალეწილი სახე და აცრემლებული თვალები ჰქონდა. ერთი შეხედვითაც კი ეტყობოდა, არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობაში რომ იყო და ახლა ბავშვს ასე ნამდვილად არ უნდა დანახვებოდა.

– ვერ დავმშვიდდები სანამ არ ვნახავ, რომ კარგადაა... – ძლივს ამოთქვა ტუჩების კანკალით და ხერგიანის თბილმა ხელებმა სახე რომ დაუჭირეს, კიდევ უფრო დაუმძიმდა გული. რატომ ხდებოდა ასეთი სუსტი? უნდა შესძლებოდა წინააღმდეგობის გაწევა!

– ყველაფერი კარგადაა. ნუ ხარ პანიკაში! ღრმად ჩაისუნთქე, ამოისუნთქე და ისე შევიდეთ! – წამითაც არ მოუშორებია კაცს მზერა, ისე წარმოთქვა ყველაფერი და შემდეგ, ელენეც დამჯერი ბავშვივით რომ დაემორჩილა, გაღიმებულმა შეაღო პალატის კარი.

ისეთ ხასიათზე იყო ლილუ, ვერც კი იფიქრებდით, გადასხმის აპარატი თუ ედგა და ავადმყოფობდა. ენას არ აჩერებდა იმდენს ტიტინებდა და ფაქტობრივად, ექიმების მხოლოდ გაცნობა კი არა, მათი ამბების გაგებაც მოესწრო.

– ნუნუ ექიმს სახლში ნაცრისფერი კატა ჰყავს და კიდევ ხუთი კნუტი, იცით?! – აღფრთოვანებულმა მიახალა მშობლებს მაშინვე, როგორც კი დაინახა. მეტი ახლა, არც არაფერი აინტერესებდა.

– სპეც დაზვერვაში უნდა გამუშაონ შენ, მამა! – გაეცინა დემნას და თმაზე დაუსვა ხელი.

– რისი ბრალი იყო, დედა? – ეკას მიუჯდა ელენე. ხომ ნახა რომ ბავშვი კარგად იყო, მაინც ვერ ისვენებდა! დეტალურად უნდა გაერკვია ყველაფერი, რაც მის შვილს ეხებოდა.

– შოკოლადის კრემმა მისცა ალერგია, მოიწამლა კიდეც და იმიტომ ჰქონდა სიცხე. ამაღამ დაგვტოვებენ და ხვალ უკვე სახლში წავიყვანთ. ნუ გეშინია, დედიკო, რა, ხო ხედავ როგორ ხასიათზეა!

– მამამისი რომ დაინახა, იმიტომ. სულ მხიარულადაა დემნასთან.

– მის გარეშეც არ აკლებდა, დამიჯერე! – ღიმილით გაამხნევა შვილი ქალმა და შემდეგ, სიტუაცია რომ აღიქვა, გავალ, რადგან თქვენ მოხვედით, იქნებ კაფეტერიაში რამე ვჭამო და მოგვიანებით შემოვალო, ისე დაიბარა, აშკარა იყო, რეალურად მართლა კი არ შიოდა, ოჯახის მარტო დატოვება ჰქონდა განზრახული...

მალევე დაეძინა ლილუს. ერთი შეხედვით, კარგად კი გამოიყურებოდა, მაგრამ, ორგანიზმი აშკარად დასუსტებული ჰქონდა და ელენე ისეთი სახით დაჰყურებდა მძინარე შვილს, ცოტაც და ატირდებოდა. ზოგჯერ, ცელქობის პერიოდში თუ უნატრია, ნეტავ, ეს ბავშვი ცოტახანს მაინც გაჩერდებოდესო, ყოველთვის უკან მიჰქონდა საკუთარი სიტყვები, როცა ლილუ მართლა ჩერდებოდა და ჭკვიანად იჯდა. ასეთის ატანა უფრო არ შეეძლო. ხვდებოდა, რომ რაღაც აწუხებდა. რაღაც ისეთი, რაშიც თვითონ ვერ ჩაერეოდა, ვერ დაეხმარებოდა, ვერ უშვლიდა... ეს კი, ყველაზე ცუდი შეგრძნება იყო, რადგან ალბათ, სწორედ უძლურებაა ყველაზე მძიმე...

– სახლში გავიყვან დედაშენს, ცოდოა, დაიღლებოდა... რამე ხომ არ გინდა, წამოგიღო?
– ჩუმად გადაულაპარაკა დემნამ, ბავშვი რომ არ გაეღვიძებინა და მისი სიტყვები ისე ჟღერდა, ისეთი ძველებური ელფერი ჰქონდა... საშინლად დაუმძიმა გული ქალს. თითქოს, თავს დამნაშავედაც კი აგრძნობინებდა ხერგიანი. ყოველი მოქმედებით, ყოველი ფრაზით უსვამდა ხაზს იმ ფაქტს, თვითონ რომ არ ნდომებია ოჯახის დანგრევა და ძალით წაართვეს. არაფრით სურდა იმის აღიარება, ცოლ – ქმარი რომ აღარ იყვნენ და მხოლოდ ბავშვი აკავშირდებდათ.  

– არაფერი მინდა, გმადლობ... – ამოთქვა ძლივს და შემდეგ, კაცი რომ პალატიდან გავიდა, აღარც უცდია ცრემლების შეკავება.
ზოგჯერ, ისე იღლებოდა ძლიერად ყოფნით. თითქოს, სულ ამას მოითხოვდე მისგან. ყველაფერი უნდა აეტანა, ყველაფრისთვის გაეძლო. იმდენად დიდ იმედებს ამყარებდნენ, იმდენად ბევრს სთხოვდნენ. მას კი, ზოგჯერ უბრალოდ უნდოდა, ყოფილიყო სუსტი, ჩვეულებრივი ქალი, ნაცრისფერ, წვიმიან დღეს პლედში რომ გახვეულიყო და უმიზეზოდ ეტირა.

თითქოს, ამის უფლებაც კი არ ჰქონდა. აქეთ უნდა დაემშვიდებინა ყველა, აქეთ უნდა ენუგეშებინა და ეთქვა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. ერთადერთი ადამიანი ჰყავდა, ვისთანაც შეეძლო მოშვებულიყო. არ ეფიქრა არაფერზე, მათ შორის, არც იმ ხელოვნურად შექმნილ ელენეზე, რომელსაც, ფაქტობრივად, საერთოდ არ ჰგავდა. შეეძლო მას დაყრდნობოდა და უბრალოდ, თვალებმიხუჭულს მოესმინა როგორ ეტყოდა:

– ნუ ღელავ, მე შენ გვერდით ვარ...

თუმცა, ეს ადამიანიც თვითონვე გაუშვა. არ მისცა უფლება, მაშინ ყოფილიყო მის გვერდით, როცა მართლა ყველაზე მეტად სჭირდებოდა. თვითონაც გაიუბედურა ცხოვრება და არც დემნა დაინდო, მაგრამ მაშინ, სხვანაირად არ შეეძლო. ხვდებოდა, ზღვარზე იყო და ან უნდა გაეშვა, ან, ისე გაუქრებოდა გრძნობა, მხოლოდ მოვალეობის მოხდის მიზნით თუ იცხოვრებდა კაცთან, რომელიც წარსულში უყვარდა. ეს კი, ყველაზე ცუდი რამ იქნებოდა, რაც კი შეეძლო გაეკეთებინა.

ერჩივნა, ისეთი დემნა შეენახა თავისთან, რომელთანაც, ყველაფერი მართლა იდეალურად იყო. იმაზეც უფიქრია, რომ ეგოისტურად იქცეოდა. ყველაზე რთულ პერიოდში აიძულა მარტო დაეტოვებინა და ზუსტად იცოდა, როგორი აუტანელი იყო ეს დემნასთვის და რად დაუჯდა მაშინ დუმილით ეპასუხა იმ საშინელ სიტყვებზე, დაუფიქრებლად რომ მიახალა ელენემ. დღემდე არ ამოსდიოდა მისი თვალები გონებიდან. მისი სახე... მწარედ, ძალდატანებით რომ უღიმოდა და ვერაფერს პასუხობდა. არ უნდოდა, კიდევ უფრო მეტად გაენერვიულებინა, ყველაფერზე თავს უქნევდა მხოლოდ და მონოტონურად უმეორებდა, რომ ყველაფერი ისე იქნებოდა, როგორც მოინდომებდა...

– ელენე... – ფიქრები კარის ფრთხილად გაღების ხმამ გაუფანტა და ლამის, სკამიდან გადავარდა, პალატაში შესული დარასელის ფიზიონომია რომ დალანდა. ამას აქ რა უნდა?!

– რატომ ჩამოხვედი? – თვალებგაფართოებული წამოდგა ფეხზე და დერეფანში გასვლა დააპირა უფროსთან ერთად, თუმცა, ამ უკანასკნელს, ეს აშკარად არ ჰქონია განზრახული. უფრო პირიქით, თვითონაც გვერდით მიუჯდა დივანზე და ისე მოკალათდა, თითქოს, მთელი ღამით აქ აპირებდა დარჩენას.

– მაპატიე წეღანდელისთვის, რა... – დაიწყო თავჩახრილმა, ისეთი ტონით, გულწრფელი სინანული რომ იგრძნობოდა მის სიტყვებში.

– გიორგი, ახლა ასეთი საუბრების თავი არ მაქვს... – ამოიოხრა დაღლილმა.

– ვიცი, მაგრამ საშინლად დამნაშავედ ვგრძნობ თავს, ელე... ისე გამომივიდა, თითქოს, საერთოდ არ მადარდებთ შენ და ლილუ... არადა, ხომ იცი, რომ რეალურად, სულ სხვანაირადაა საქმე.

– არაუშავს. ხდება – ხოლმე... – გაუღიმა ძალდატანებით. მართლა არ ჰქონდა საუბრის თავი, მით უმეტეს, ასეთის. სულ არ ადარდებდა ახლა ვიღაცებთან, თუნდაც, ეს ვიღაც უფროსი ყოფილიყო, არეული ურთიერთობები. პირველ პრიორიტეტს მისთვის შვილი წარმოადგენდა და იმაზეც ნერვები ეშლებოდა ახლა, პალატაში რომ უწევდათ ლაპარაკი.

– არ მინდა, რომ ჩემზე ნაწყენი იყო...
– მძიმედ გააგრძელა დარასელმა.

– თუ გეტყვი, რომ არ ვარ, დამშვიდდები?!

– ვიცი, რომ ხარ. და არც ის მინდა, რაღაცის გამო მომატყუო... – ამოიოხრა და სახეზე ისე მოისვა ორივე ხელი, აშკარა იყო, გამოფხიზლებას და სიტყვების დალაგებას ცდილობდა.
პირველად იყო ისე, სათანადო სიტყვებს რომ ვერ პოულობდა, მით უმეტეს კი, ქალთან საუბრისას. ყოველთვის ისეთი გაწონასწორებული და თავდაჯერებული გახლდათ, ვერც კი იფიქრებდა, ოდესმე რამის თქმის წინ დაფიქრება თუ მოუწევდა, არ შეშლოდა... ახლა კი, იჯდა ჩაბნელებულ, ღამის სანათით ოდნავ განათებულ პალატაში, იმ ქალის გვერდით, რომელიც ასე იზიდავდა და მოსწონდა, მაგრამ, ხმის ამოღებას ვერ ახერხებდა.

კარგად ხედავდა როგორ მდგომარეობაშიც იყო ელენე და იმასაც კარგად აცნობიერებდა, როგორ მწარედ შეეშალა კახეთში ყოფნისას. არ უნდა ყოფილიყო ასეთი ხისტი. პირიქით, დახმარება რომ შეეთავაზებინა და თვითონ წამოეყვანა, კიდევ ერთი ნაბიჯით წინ შეძლებდა წაწევას, ახლა კი, ალბათ, ორი დაიხია უკან. მაჩაბელი კი, ისეთი რთული იყო ზოგჯერ... ხანდახან, ისეთ შეგრძნებას უტოვებდა, თითქოს, გარშემო ყინული ჰქონდა შემოვლებული და არავის იკარებდა ახლოს. ხუმრობაშიც აჰყვებოდა, ლანჩზეც შეეძლო დასთახნმებოდა, ყავაზეც დაუპატიჟია სანაცვლოდ, მაგრამ, არასდროს იხსნებოდა ბოლომდე, იმ ღამეს თუ არ ჩავთვლით, გიორგიმ ძალდატანებით რომ მიაკითხა სახლში და სულ ცოტა დააკლდა, მთავარი საიდუმლოს გაგებამდე. მაშინ იყვნენ ყველაზე ახლოს და ალბათ, არც არასდროს დაავიწყდებოდა კაცს ის მომენტები, რადგან იგრძნო, რომ შეეძლო ბევრად მეტი ყოფილიყო, ვიდრე უბრალოდ უფროსი.  

– მაპატიე... – სწრაფად ჩაილაპარაკა, მობილური რომ აუმღერდა და შემდეგ, ისე გავიდა დერეფანში, კარი ბოლომდე არც მიუხურავს.

კარგად ესმოდა ლენას მისი საუბარი, თუმცა, არც დაინტერესდებოდა და არც მიაქცევდა ყურადღებას, საკუთარი შვილის სახელი და გვარი რომ არ გაეგონა, შემდეგ კი, სიტყვა „ექიმი“. ცოტა არ იყოს, დაიბნა. ვერ მიხვდა ან გიორგი რა შუაში იყო ამ ამბავთან დაკავშირებით, ან რის გარკვევას ცდილობდა. ისიც არ უნდოდა, განზრახ მოესმინა სხვისი საუბრისთვის, თუმცა, ისეთი სიტუაცია შეიქმნა, სხვა გზა არ ჰქონდა. საშინლად იგრძნო თავი მიყურადების გამო და პირიც გააღო რაღაცის სათქმელად, დარასელი რომ პალატაში დაბრუნდა, თუმცა, თვითონ კაცმა დაასწრო.

– ჩემი ერთი ახლო მეგობარი, საკმაოდ ძლიერი პედიატრია. გერმანიაში აქვს განათლება მიღებული და იქ მუშაობს. ახლა შემთხვევით აღმოჩნდა თბილისში და ყველაზე ბევრი, ნახევარ საათში აქ იქნება. არ ინერვიულო, მასზე ძლიერი სპეციალისტი არავინ მეგულება, საიმედო ხელში იქნება ლილუ. – გაუღიმა გამამხნევებლად და მადლიერებით აღსავსე თვალები რომ შეანათა ელენემ, ისიც გაბედა, დამამშვიდებლად, მისი ხელები საკუთარში რომ მოექცია.

ისეთი გაყინული იყო ქალი... ნაზად უსვამდა თითებს გიორგი, ოდნავ მაინც რომ გაეთბო და თვითონვე ისეთი ჟრუანტელი უვლიდა, კიდევ უფრო რწმუნდებოდა, რამდენს წარმოადგენდა მაჩაბელი მისთვის. არ იყო რიგითი, მხოლოდ ერთი ღამის გასართობად რომ უნდოდა და ცოტათი, აშინებდა კიდეც ეს გრძნობა, რადგან აქამდე, სხვასთან მსგავსი არაფერი განუცდია.

– ძალიან დიდი მადლობა... აქაც კარგი ექიმები არიან და არ იყო საჭირო ასე შეწუხება, მაგრამ, გმადლობ... – აშკარა გულწრფელობა იკითხებოდა ლენას ხმაში. შვილი ის თემა იყო, მისთვის ყველაფერზე რომ წავიდოდა და არავისი და არაფრის მოერიდებოდა. ახლაც, უხერხულობა კი იგრძნო, მაგრამ იმდენად ღელავდა ლილუზე, ესეც კი უკანა პლანზე გადასწია და გადაწყვიტა, უბრალოდ, მშვიდად მიეღო ეს სიკეთე უფროსისგან. ვალში არასდროს არავის არაფერში რჩებოდა და იცოდა, თვითონაც გვერდით რომ დაუდგებოდა გიორგის, თუ კი რამეში დასჭირდებოდა, მაგრამ ახლა, მართლა იმოქმედა ამ მზრუნველობამ და ისედაც განერვიულებულს, გული ისე აუჩუყდა, თვალები ცრემლებით აევსო...

– არ იტირო, რა...
– ისეთი ხმით წარმოთქვა დარასელმა, თხოვნის მეტი არაფერი იკითხებოდა მასში. ცალი ხელი ლოყაზე ჩამოუსვა და გადმოგორებული ცრემლები შეუმშრალა, მეორეთი კი, კვლავ მისი თითები ჰქონდა მოქცეული.

– მე, უბრალოდ... ძალიან ვნერვიულობ...
– ვიცი... და გთხოვ, მაპატიე წეღანდელი. თავიდან ვერც გავიაზრე რა ხდებოდა. მაგრამ, ისე მაღიზიანებს იმ კაცის არსებობა შენ გვერდით. ჭკუიდან გადავდივარ, ელე! – ვეღარ შეიკავა თავი და ალბათ, სწორედ აქ შეეშალა, რადგან, მაშინვე შეეცვალა სახე ლენას. ყველაფერს ელოდა იმ მომენტში, ამ სიტყვების მოსმენის გარდა.
– გიორგი... არ გინდა!
– მართლა არ შემიძლია! სამსახურში რომ ავიყვანე, ვერც კი წარმომედგინა, ასე თუ გამიჭირდებოდა, მაგრამ, ვერ ვიტან შენ გვერდით რომ ვხედავ და თან, ისე იქცევა, თითქოს, კვლავ შენი ქმარი იყოს! მინდება, რომ ყელში ვწვდე და სამუდამოდ მოვიშორო, მაგრამ, ისიც ვიცი, ამით ისევ შენ რომ მოგაყენებ ტკივილს.

– გეყოფა... – სახესთან ერთად, ხმაც გაუმკაცრდა ელენეს. ახლა ამაზე საუბრის არც დრო იყო და არც სურვილი ჰქონდა, საკუთარი ქმარი სხვასთან განეხილა, მიუხედავად იმისა, ამ წინადადებაში „ყოფილი“ – ს არსებობა ჯიუტად რომ დაივიწყა.

– ყოველთვის, როცა ერთი ნაბიჯით ახლოს მოვდივარ შენთან, საიდანღაც ისე გამოჩნდებოდა, სულ რომ არ არის მისი ადგილი და შემდეგ, იმ ურთიერთობაში ერევა, რომელიც, მისი საქმე უკვე აღარ არის! სწორედ ამიტომ გადავედი ჭკუიდან წეღანაც. მესმის, რომ ლილუ მისი შვილიცაა, მაგრამ იმ მომენტში ისე ჩაერია, ისე მიიღო გადაწყვეტილება, საერთოდ არაფერი უკითხავს და საშინლად გავმწარდი. – აგრძელებდა გულწრფელად და თან ძარღვები ეჭიმებოდა ხერგიანის გახსენებისას. ლენა კი... ლენა მის არსებობას ამ ოთახში მაშინაც გრძნობა, როცა ფიზიკურად გვერდით საერთოდ არ ჰყავდა.

რამდენიმე წამს ჩუმად უყურა ქალს გიორგიმ. არ უნდოდა აჩქარება, არც ის უნდოდა, ძლივს მიახლოებულს, ფეხი რომ დასცდენოდა და იმაზე შორს დაცემულიყო, ვიდრე ახლა იყო. ისე ფრთხილობდა, როგორც მტაცებელი, მსხვერპლის დაჭერისას. და შემდეგ... საკუთარ თავთანვე რომ გადაწყვიტა და გაიაზრა მომდევნო მოქმედება, ელენეს არც კი დააცადა გააზრება, ისე სწრაფად შეახო საკუთარი ტუჩები მისას...

გაგრძელება იქნება სამშაბათს
ავტორი ნათია ჯაგოდნიშვილი

FaceBook ბეჭდვა
ტეგები:
კომენტარები / 1 /
თიკო
მგონი დაიძაბა სიტუაციააააააააა
17:51 / 22-05-2017
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
e87a93