მეორე დილით სახლში წაიყვანეს ლილუ. ისეთ კარგ ხასიათზე იყო, მთელი გზა ენას არ აჩერებდა.
თვალებშიც, თითქოს ვარსკვლავები უციმციმებდა, დედიკოს და მამიკოს ერთად, ერთ მანქანაში და საერთოდაც, ერთ სახლში რომ ხედავდა.
მხოლოდ მის გამო იქცეოდნენ ასე... არც შეთანხმებულან, არც კი უსაუბრიათ საერთოდ ამ თემაზე. ის კი არა, დემნას მოულოდნელი ფრაზის შემდეგ, ფაქტობრივად, არც დალაპარაკებიან ერთმანეთს. თითქოს, თავისთავად მოხდა. საუბრის გარეშეც კარგად იცოდნენ, რა უნდა გაეკეთებინათ და როგორ...
ხერგიანი კი შვილის სახლში მიყვანის შემდეგაც არ წასულა სხვაგან. მხოლოდ მოვალეობის მოხდის მიზნით დაურეკა დეას, დღეს არ ვიქნები და თუ რამე შეხვედრა მაქვს, სხვა დროისთვის გადამიდეო და შემდეგ, მთელი დღე სინდისის ქენჯნის გარეშე გაატარა ლილუსთან. არც ის ადარდებდა, უფროსი რომ არ გაუფრთხილებია და ცდილობდა, ის მზერაც არ შეემჩნია, თითქოს, რომ იმალებოდა, მაგრამ მაინც საშინლად უწვავდა ზურგს.
თავის მხრივ კი, არც დარასელი ჩერდებოდა. იმას ნამდვილად მიხვდა, მისვლა რომ მეტისმეტი და საერთოდაც, უადგილო იქნებოდა, თუმცა, ლენას მობილური კი არ გაჩერებულა მთელი დღის განმავლობაში. ისე სთხოვდა შეხვედრასა და დალაპარაკებას, აშკარა იყო, წინა დღის ნამოქმედარი რომ გაეაზრებინა.
– ჩემ გამო ნუ ერიდები, უპასუხე. – ცივად მოუჭრა დემნამ ყოფილ მეუღლეს, უხმო რეჟიმის გამო სასაცილო მოძრაობა რომ დაიწყო მობილურმა.
– საიდან მოიტანე, რომ შენი გამო ვერიდები?! – ლენას კი, მეტი არც სჭირდებოდა კამათისათვის. ისედაც მთელი დღე ძლივს იკავებდა თავს.
თითქოს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გამხდარიყო, უკვე რამენაირი სახის ურთიერთობა მაინც რომ უნდა ჰქონოდა დემნასთან. ჩხუბზეც კი თანახმა იყო, ოღონდ უმისობა არ ეგრძნო და ახლა, ფაქტობრივად, გული რომ გადაუშალა და კარგი მეგობარივით გაუმხილა, ჩემმა უფროსმა მაკოცაო, მას შემდეგ ისეთ სიცივეს გრძნობდა კაცისგან, სუნთქვაც კი ეკვროდა.
იმაზეც ფიქრობდა, რომ თვითონ იგონებდა ყველაფერს და ხელოვნურად ამძაფრებდა. და საერთოდაც, იქნებ არც ის კოცნა ღირდა ამხელა ამბად. დიდი ამბავი, ისედაც ხომ იცოდა, დარასელს რომ მოსწონდა... იქნებ მართლა არ უნდა წამოეწყო ეს ყველაფერი?! ვერ ხვდებოდა... ერთი იცოდა მხოლოდ, იმ მომენტში სხვანაირად მოქცევაზე არც კი უფიქრია. საერთოდაც, თავიც გაჭირვებით შეიკავა, ნორმის ფარგლებში რომ ემოქმედა და ახლაც, გიორგის ნამოქმედარს რომ იხსენებდა, ერთი შეხედვით, მართლა არაფერი იყო განსაკუთრებული, თუმცა, მაინც ვერ იშორებდა ბრაზს და იმას კიდევ უფრო გადაჰყავდა ჭკუიდან, დემნას სახესა და ქცევებზე, მსგავსსაც კი რომ ვერაფერს ამჩნევდა საერთოდ...
– მამიკო, დღეს ჩვენთან რჩები? – საბოლოოდ კი, მაინც ლილუმ დააგვირგვინა და ყურადღებას მისაქცევად დასმული შეკითხვა, საბოლოოდ, ცოტა არ იყოს, მტკივნეული გამოდგა.
ბავშვისთვის რომ გეკითხათ, არაფერს აკეთებდა განსაკუთრებულს და ასეც იყო. ვერაფერს ხედავდა გამორჩეულს იმაში, დღის განმავლობაში მამასთან ერთად რომ ეთამაშა, ღამით კი სახლში დაეტოვებინა. ის უფრო უცნაური არ იყო, რაც მათ თავს ხდებოდა?! ექვსი წლის ასაკისათვის, ისედაც ბევრს სთხოვდნენ და თითქოს, ახლა განგებ გაჯიუტდა.
– არ რჩება ლილუ, ჩაის დავლევთ და წავა. – ლენამ დაასწრო პასუხის გაცემა. ისეთი კატეგორიული სახე და ხმა ჰქონდა, კაცს ლამის ხველა აუტყდა, თუმცა, მაინც მოახერხა თავის შეკავება, რომ არ გასცინებოდა.
მთელი დღის განმავლობაში ამხიარულებდა ლენას ფარული მცდელობა, სახლიდან გაეგდო. ისე ერთობოდა მის ეჭვიანობაზე, პატარა, უსუსური კნუტივით რომ ბრაზობდა და მისი დახმარებას გარეშე, ვერც კი კაწრავდა. თითქოს, ამაზე უკეთესი სამხიარულო აღარსად ეგულებოდა უკვე.
– შენ თუ გინდა, დავრჩები, მამა! – განგებ, ელენეს გასაგონად, ხმამაღლა გადაულაპარაკა უმცროს ქერას და პარალელურად, უფროსს თვალი ჩაუკრა.
– დედიკო, მართლა დარჩება?
– დემნა, დაანებე ბავშვს თავი. – თვალები დაუბრიალა, მისი ნათქვამი რომ უგულებელყვეს. ლილუს გრძნობები მისთვის ყველაზე საფრთხილო იყო და ნამდვილად არ აპირებდა მისით თამაშს.
– რა გინდა, რამეს ვაშავებთ?! – ხერგიანმა კი, ისე შეიცხადა, თითქოს მართლა ვერ ხვდებოდა, რაში იყო საქმე.
– მაშინ დღეს გვიან დავიძინებ. – ადუდღუნდა პატარა, როცა მიხვდა, რომ მამა ნამდვილად წავიდოდა ღამით.
– მა, ორ დღეში კონცერტი გაქვს. ხომ იცი, რომ კარგი ძილი, დასვენება და წვნიანების ჭამა შენთვის აუცილებელია?
– ბოლოს თქვენ იგონებთ! – გააპროტესტა მაშინვე, როგორც კი წვნიანები გაიგონა. ამ მდგომარეობაშიც კი არ ნებდებოდა.
– ჩვენ და ექიმი! – თვალები დაქაჩა ლენამ. – შენც ხომ უსმინე?
– ძილის წინ მაინც ვერ შევჭამ! – საბოლოოდ დაასრულა ეს თემა ლილუმ და თან, ეს ყველაფერი ისე გააკეთა, ეჭვიც არ შეჰპარვიათ, რომ დანებდა. ზუსტად იცოდა ორივემ, ხვალისთვის კიდევ მოძებნიდა რაიმე გამოსავალს, თუმცა, არაფრის დიდებით დაიხევდა უკან და სადღაც, გულის სიღრმეში, ეს სიჯიუტე ახარებდათ კიდეც. თუმცა, არა წვნიანებთან მიმართებაში!
* * *
თანაცხოვრება ახლად დაქორწინებული წყვილისთვის არც ისეთი მარტივი გამოდგა, როგორც წარმოიდგენდნენ. ილუზიებში არც ერთს უცხოვრია და კი ხვდებოდნენ, მათი ცხოვრება რადიკალურად რომ იცვლებოდა ამ ნაბიჯით და მოუწევდათ რაღაცებში ერთმანეთის გათვალისწინება, რაღაცებზე კი, უარის თქმა. ისიც იცოდნენ, ორივე საშინლად ჯიუტი რომ იყო და იმაზეც კი შეიძლებოდა ეკამათათ, რომელი შევიდოდა აბაზანაში პირველი. თუმცა, ამ ყველაფრის ცოდნას საერთოდ არაფერში ავლენდნენ და თუ შეეძლოთ, გონივრულად აერიდებინათ წვრილმანი ჩხუბები, თითქოს განზრახ, უარესად იქცეოდნენ.
– სამსახურში მაგვიანდება, შენ მერეც შეხვალ! – კატეგორიული ხმით იწყებდა დემნა და ისე ომობდა, თითქოს აბაზანის კი არა, დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებაზე ჰქონდა დავა.
– და შენ გინდა თქვა, რომ შენი სამსახური ჩემს უნივერსიტეტზე პრიორიტეტულია?! – ლენა კი, მაშინვე ისე აბრუნებდა საკითხს, თვითონ რომ მსხვერპლი გამოსულიყო და თავი შეეცოდებინა.
პროფესიონალები ხდებოდნენ უკვე ამ საკითხში. ლამის იმაზეც დაეწყოთ ფიქრი, არქიტექტურაში ცვლილებები რომ შეეტანათ და აბაზანა დაემატებინათ. უკვე სერიოზულად მოსაბეზრებელი ხდებოდა ყოველ დილით ერთსა და იმავე თემაზე ჩხუბი.
– საერთოდაც, მე სულაც არ ვარ შხაპის ერთად მიღების წინააღმდეგი. – ბოლოს, სასხვათაშორისოდ წაილაპარაკებდა ხოლმე დემნა, ისე, მხოლოდ ცალი თვალით რომ შეავლებდა მზერას და შემდეგ ისე იკავებდა სიცილს, თითქოს ამაშიც პროფესიონალი ყოფილიყოს.
– და ვინ გეუბნება, რომ მე ვარ?! – ლენა კი, ამაზეც ბრაზდებოდა და როცა ხვდებოდა, პროვოკაციაზე რომ წამოაგეს, საერთოდ ჭკუიდან გადადიოდა.
საბოლოოდ, ორივეს რეკორდულ ტემპში უწევდა ჩაცმა და სახლიდან გაქცევა, ხან იმიტომ, რომ დემნას წინადადება სისრულეში მოჰყავდათ და დროის შეგრძნებას კარგავდნენ, ხანაც კი, ისე ერთობოდნენ ჩხუბით, ლამის, ისიც ავიწყდებოდათ, რატომ დაიწყეს საერთოდ.
ცალკე ცხოვრება კიდევ უფრო საინტერესოს ხდიდა ამ ყველაფერს. ელენეს არც ჰქონია იმაზე პრეტენზია, რომ ხერგიანის მშობლებთან ერთად არ იცხოვრებდა. პირიქით, ისე ძალიან შეუყვარდა მოკლე დროში, პირველი რამდენიმე დღის შემდეგ დემნას ბინაში რომ გადავიდნენ, გულიც კი დასწყდა. განსაკუთრებით, ეს დანაკლისი მაშინ იგრძნო, მუცელი რომ აუწრიალდა და თვითონ მოუწია სამზარეულოში ტრიალი.
საერთოდ არ ჰქონდა ამის გამოცდილება. შეჩვეული იყო, სახლში ყველაფერი მზამზარეული რომ ხვდებოდა, არც უყვარდა დიდად კულინარიული ექსპერიმენტები და ამ თემასთან დაკავშირებით, იმ ანკესსაც არასდროს წამოჰგებია, ეკა რომ დაუწყებდა ხოლმე ჩხუბს, რამე მაინც ისწავლე, თორემ, პირველივე კვირას გამოგაბრუნებს ქმარი უკანო. მხოლოდ მაშინ ინანა სიჯიუტე, საკმაოდ კარგი ფანტაზიის უნარის მიუხედავად, ნახევარსაათიანი ფიქრის შემდეგ კარტოფილის შეწვის მეტი რომ მაინც ვერაფერი მოიფიქრა და საბოლოოდ, არც ეს გამოუვიდა.
– სახანძროში დავრეკო? – პირველივე ეს იკითხა სახლში დაბრუნებულმა დემნამ, იქაურობა ბოლში გახვეული რომ დაინახა.
– ხმა არ ამოიღო! – ქერამ კი, ისე დაუბრიალა თვალები, მიხვდა, იმ დღეს ქმარს დაცინვის კიდევ ერთი საბაბი რომ მისცა...
რამდენიმე კვირის განმავლობაში, ხან სწრაფი კვების ობიექტებს სტუმრობდნენ, ხან ლენა ყიდულობდა გამზადებულს და ამაოდ ცდილობდა, თავის გაკეთებულად გაესაღებინა. სპეციალურად არჩევდა ისეთებს, დიდი ოსტატობა რომ არ დასჭირვებოდა მომზადებას. თეფშზე გადატანისასაც განგებ ურევდა, ვიზუალური ეფექტიც რომ დაეკარგა, თუმცა, დიდ იურისტს მაინც ვერაფრით ატყუებდა.
– ფაქტობრივად, შეურაცხყოფას მაყენებ, როცა ფიქრობ, რომ ჩემ მოტყუებას შეძლებ! – ჩაეცინებოდა ხოლმე ხერგიანს და სულ აღარ ახსოვდა საჭმელი, ელენეს ანთებულ თვალებს რომ ხედავდა.
ფაქტობრივად, შეეძლოთ ერთმანეთი იმის გამოც კი დაეხოცათ, რატომ დადეს წყლის ჭიქა ასე და არა სხვანაირად, მაგრამ სერიოზულად არასდროს უჩხუბიათ. პირიქით, ერთმანეთს ეხმარებოდნენ ყველაფერში და სწორედ ამის წყალობით მოახერხეს ყველაზე რთული თვეების გადაგორებაც.
ელენე გაცილებით ემოციურად უდგებოდა ყველაფერს. საკუთარი თავით ისეთი უკმაყოფილო იყო, შეეძლო მთელი საღამო ცხვირჩამოშვებულს გაეტარებინა იმაზე ნერვიულობაში, რომ სამსახურიდან დაბრუნებულ, დაღლილ ქმარს სათანადოდ ვერ უმასპინძლდებოდა და ზოგჯერ აქეთ აკეთებინებდა ყველაფერს. დემნა კი, მის ასეთ საქციელზე უფრო ბრაზდებოდა და ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ ერთი ტირილს, მეორე კი, მის დამშვიდებას არ დაიწყებდა.
– მე მზარეული კი არ მჭირდებოდა სახლში! – სერიოზულდებოდა ხოლმე ხერგიანი, ცოლს მოწყენილს რომ ხედავდა.
– ეგ რა შუაშია. უბრალოდ...
– არანაირი უბრალოდ, მაგრამ და ასე შემდეგ, ლენა! ჭკუიდან გადავდივარ პირდაპირ, ასე რომ ზიხარ და ხმას არ იღებ! რაში მჭირდება ქორწილის სუფრის კერძები, ან შენი ფქვილიანი ხელებით გაღებული კარი, სამაგიეროდ სახლში ცოლი კი არა, მზარეული თუ დამხვდა?!
– ჩემხელა გოგოები ტორტებსაც კი აცხობენ! – მაინც არ ნებდებოდა მაჩაბელი. – და საერთოდაც, ჩემი ბრალია, არაფერი არ გამომდის!
– ელენე, მართლა არ მინდა ჩხუბი უაზრობის გამო!
– აი, უკვე ელენესაც მეძახი და არა, ლენას... – ამოიოხრებდა საბოლოოდ და ისეთი დაღვრემილი გადიოდა საძინებელში, თითქოს, მთელი მსოფლიოს ტვირთი მის მხრებზე იწვა.
არადა, რა ხდებოდა ისეთი?! არც არაფერი. არ იყო დემნა იმ ტიპის კაცი, ისეთი ელემენტარული რაღაცისთვის მიექცია ყურადღება, როგორიც საჭმელი იყო. ლენამაც კარგად იცოდა ეს, მაგრამ საკუთარ თავს უფრო უბრაზდებოდა და ეგონა, კიდევ ვინმესგან თუ მიიღებდა შენიშვნას, უფრო კარგად გამოუვიდოდა.
– საერთოდ, რატომ არ მეკითხები, მშია თუ არა? – ბოლოს ისევ ხერგიანი ნებდებოდა. მშვიდად ჩამოუჯდებოდა საწოლზე და ისეთი მზერით უყურებდა, ჭამას კი არა, საკუთარ სახელსაც ავიწყებდა.
– გშია? – და ელენესაც, მაშინვე ეცინებოდა, როცა ხვდებოდა, საით მიდიოდა საუბარი.
– საჭმელი არა...
გაგრძელება იქნება სამშაბათს
ავტორი ნათია ჯაგოდნიშვილი
საქმე №109. განქორწინებული წყვილის საიდუმლოებით მოცული ამბავი. თავი 18. საიდუმლო ჯვრისწერა