– არ დავუკრავ! – ღმერთმა უწყის, მერამდენედ გაიმეორა ლილუმ, გაბრაზებული ხმით და სრული ეფექტისათვის, ზურგიც შეაქცია დედას, მთელი მონდომებით რომ ცდილობდა მის დაყოლიებას.
– რატომ, დე? რა მოხდა? მითხარი, რა... – ელენე კი, უკვე ტირილის პირას იყო მისი საქციელით. ვერ ხვდებოდა, რა დაემართა ისეთი, ასე რომ გაჯიუტდა. დილითაც მშვენიერ ხასიათზე იყო თითქოს და მაშინაც მხიარულად გამოიყურებოდა, კონცერტის დაწყების წინ რომ ნახა.
– არ გელაპარაკები!
– ლილუ, შემოტრიალდი და მითხარი, რა მოხდა... – ეცადა, მკაცრად გამოსვლოდა, მაგრამ იმდენად უძლური იყო შვილის ცრემლების წინაშე, არ გამოუვიდა.
– არა! არ მინდა და მორჩა! არ დავუკრავ. გამომიცვალე კაბა და წავიდეთ.
– დედიკო... – ჩაიმუხლა და ისე დაიჭირა, გაქცევის საშუალება რომ აღარ ჰქონოდა.
– ვინმემ გაწყენინა? ვინმემ რამე გითხრა? შენ ხომ კარგი გოგო ხარ, დე? რატომ იქცევი ასე?
– ის კაცი რატომ დასვი მამაჩემის ადგილას?!
ამოთქვა საბოლოოდ, როგორც იქნა და ელენემ, ღმერთმა უწყის, როგორ შეიკავა თავი, რომ არ ჩაკეცილიყო. თავბრუსხვევაც კი იგრძნო შვილის სიტყვების მოსმენისას და შემდეგ ისე გაუჭირდა სუნთქვა, ძლივს მოახერხა წამოდგომა. აი, თურმე რას ვერ პატიობდა ლილუ.
– დე...
– ფარდიდან გამოვიხედე და დაგინახეთ! ხომ შემპირდა მამიკო, მოვალო?
– მოვიდა, დე, გარეთ დგას... – საუბარიც კი უჭირდა ელენეს, იმდენად იმოქმედა მოსმენილმა. იცოდა, ლილუს განსაკუთრებული დამოკიდებულება რომ ჰქონდა მამის მიმართ. იმასაც აცნობიერებდა, თვითონ რომ საერთოდ გაქრობოდა გრძნობა, ბავშვს მაინც ვერ გადააბიჯებდა სხვა კაცთან ურთიერთობით, სანამ საკმარისად არ გაიზრდებოდა იმისათვის, სწორად რომ გაეგო ყველაფერი. ახლა კი... ახლა თითქოს თავზე ჩამოენგრა ყველაფერი და არც არავინ დარჩა ისეთი, ხელს რომ გაუწვდიდა და ნანგრევებიდან გაიყვანდა.
ლილუმ კი, გაიგო თუ არა დემნას მისვლის შესახებ, წამითაც არ მოუცდია, ისე გავარდა გარეთ და ჰაერში რომ აიტაცეს ძლიერმა ხელებმა, მხოლოდ მაშინ ამოუჯდა გული. ისე იკავებდა აქამდე თავს, როგორც დიდი ადამიანი. ახლა კი, ხმამაღლა ასლუკუნდა და მამას კისერში რომ ჩაუყო თავი და მის ზურგსუკან ის კაცი დაინახა, ვის გამოც მოხდა ყველაფერი, უფრო უმატა ტირილს.
– მამიკო, წავიდეთ რა...
– ელენე, რა მოხდა? – და ხერგიანს პასუხის გაცემაც არ დასცალდა, გიორგის ხმა რომ გაიგონა. ერთადერთი დაზღვევა, აქვე რომ არ ეცემა ეს ნაძირალა, ის იყო, ბავშვი რომ ეჭირა ხელში. აქამდეც ხომ აღიზიანებდა, მაგრამ ასეთი ამაზრზენი ჯერ არასდროს ყოფილა.
– ლენა, ბავშვი მიმყავს და მივდივარ. – მოკლედ მოუჭრა ქერას, აცრემლებული რომ მიუახლოვდა. ჭკუიდან გადაჰყავდა ელენეს ცრემლებს, მაგრამ ახლა ისეთ მდგომარეობაში იყო, მასზეც კი ბრაზობდა.
– სად მიგყავს, რას აკეთებ? იმის ნაცვლად, რომ დაელაპარაკო და...
– გაჩუმდი! – ისეთი ხმით შეაწყვეტინა, აშკარად აგრძნობინა, რომ არ ღირდა გაგრძელება.
– დემნა, ლილუს პირველი კონცერტია, თან, ასეთი სერიოზული და ასე უბრალოდ ვერ ავდგებით და ვერ წავალთ!
– საყვარელო, რატომ ტირი? – საუბარში ჩაერთო გიორგიც და ის იყო, ბავშვს უნდა გათამაშებოდა, მომაკვდინებელი მზერით რომ გახედა ხერგიანმა. ეს საერთოდ როგორ ბედავს ხმის ამოღებას?
– ელენე, ძალიან არ მინდა, ისეთი რაღაც გავაკეთო, შვილი რომ შევაშინო, ამიტომ, ძალიან გთხოვ, გაიყვანე აქედან! – გამოსცრა კბილებს შორის და არც დაუსვია ლილუ, ისე გაემართა კარისკენ.
გრძნობდა, რომ ზღვარზე იყო. სულ რამდენიმე წამი აშორებდა აფეთქებამდე და საკუთარ თავს ვერ აპატიებდა, დარასელზე რომ გაესვარა ხელი, მით უმეტეს, მათ წინაშე, ვისთვისაც რაღაცას მაინც წარმოადგენდა. როგორი ძლიერიც არ უნდა ყოფილიყო სურვილი, ახლა და აქ არ შეიძლებოდა!
ქუსლების კაკუნიც მოესმა ზურგსუკან. ეჭვიც არ შეჰპარვია, ლენა რომ გაჰყვებოდა, მაგრამ ის კი არ იცოდა, სურდა თუ არა ეს. იმდენად იყო გაბრაზებული, სანამ ყველაფერს არ გაარკვევდა, ვერაფრით დაწყნარდებოდა. იმას საერთოდ გადაჰყავდა ჭკუიდან, ლილუც რომ არ ეკარებოდა დედას. რა ჯანდაბა მოხდა ამისთანა?!
– მოიცადე! – მკლავზე იგრძნო შეხება და მართალია გაჩერდა, მაგრამ არ შეტრიალებულა.
– თავიდან არ დაიწყო!
– რატომ მექცევი ყოველთვის ასე?! – აი, ეს კი მართლა უკანასკნელი იყო, რის მოსმენასაც ელოდა. ისეთი გაოგნებული მიუბრუნდა, ვერც კი მოახერხა ამის დაფარვა. ნუთუ ახლა ამაზე საუბრის დრო იყო?
– როგორ, ლენა?
– ისე, რომ შენ რაც არ უნდა გააკეთო, მაინც მე გამოვდივარ დამნაშავე!
– და ხომ ვერ მეტყვი, ახლა მაინც რა დავაშავე?
– მამიკო, წავიდეთ, რა... – აწუწუნდა ლილუ, როცა შეატყო, კვლავ ჩხუბს რომ აპირებდნენ. ყველაზე მეტად ის არ უყვარდა, მის გამო რომ კამათობდნენ მშობლები და თვითონ ტირილის მეტი არაფერი შეეძლო. მხოლოდ ამით ახერხებდა მათ გაჩერებას, ახლა კი, ხვდებოდა, ესეც რომ აღარ გაჭრიდა.
– ჩემზე გაბრაზებული ხარ, დე? – ისითი ხმით ჰკითხა ელენემ, გულიც ამოაყოლა თითქოს ნათქვამს. არადა, რა მისი ბრალი იყო, დემნამ თუ დააგვიანა? არც უფიქრია, გიორგი მის ადგილას რომ დაესვა. პირიქით, არც მორიდებია, ისე უთხრა, მაპატიე, მაგრამ ჩემ გვერდით დემნა უნდა დაჯდეს და იქნებ სხვა სკამი შეარჩიოო. ძალიანაც რომ ნდომებოდა, ასე მაინც ვერ მოიქცეოდა. ბოლოს და ბოლოს, ხერგიანი მხოლოდ შვილის მამას ხომ არ წარმოდგენდა მისთვის?!
– ახლა მამიკოსთან მინდა. – ჩაიდუდღუნა პატარამ ისე, სხვა ვეღარაფრის კითხვა შეძლო ქალმა. პირზე აიფარა ხელი, ხმამაღლა რომ არ ატირებულიყო და პირველი თვითონ გაეცალა.
ისეთი მზერა გააყოლა დემნამ... სიკვდილის ტოლფასი იყო მისთვის ახლა აქედან ისე წასვლა, ასეთ მდგომარეობაში რომ დაეტოვებინა საყვარელი ქალი. რამდენი რაღაც გადაუტანიათ ერთად, რამდენი რაღაც გამოუვლიათ... ყოველთვის ახერხებდნენ გამოსავლის პოვნას. არც ის სჩვეოდათ, დაუფიქრებლად დაეჯერებინათ რაღაცები. ახლა კი, რა გამოვიდა?! ახსნის საშუალებაც არ მისცეს ერთმანეთს, ისე აფეთქდნენ.
მაინც წავიდა... ისე სლუკუნებდა ლილუ, აკანკალებდა კიდეც გადაჭარბებული ემოციისგან. პატარა ამბავი ხომ არ იყო. ისედაც განიცდიდა, ამხელა სცენაზე, ამდენი ხალხის წინაშე რომ უნდა დაეკრა, ახლა კი, ერთი ხელის მოსმით ჩაშალა ყველაფერი და ვერ იქნებოდა დემნა ისეთი ნაძირალა, ასეთ მდგომარეობაში კიდევ დიდხანს დაეტოვებინა. ცალი ხელით ეჭირა, მეორეთი კი სწრაფადვე გაიხადა პიჯაკი, შვილისთვის რომ მოეხურებინა. ისეთი ემოციური იყო, შეიძლებოდა სიცხეც კი ასწეოდა და ამას კიდევ უფრო მეტად ვეღარ შეუწყობდა ხელს.
– მა, გინდა მანქანაში დაველოდოთ დედას? – შემპარავი ხმით წამოიწყო, გარეთ რომ გავიდნენ.
– არა.
– არც მე მეტყვი, რატომ გაუბრაზდი?
– ის კაცი დასვა შენს ადგილას და იმიტომ. – დუდღუნებდა გაბრაზებული. როგორც არ უნდა აეხსნათ მისთვის, მაინც ვერ დააჯერებდნენ, არასწორ დროს თუ დაინახა ყველაფერი.
– არა, მამა...
– მამიკო, წავიდეთ, რა, გეხვეწები! – შეაწყვეტინა, როცა მიხვდა, კვლავ ჭკუის დარიგების მოსმენა რომ მოუწევდა. ყოველთვის უგონებდა დემნა. ერთი თხოვნაც საკმარისი იყო ხოლმე, მაშინვე რომ შეესრულებინა და კარგად იცოდა ეს უმცროსმა ხერგიანმა. სარგებლობდა კიდეც ამით და ახლაც, კაცმა ერთი რომ ამოიოხრა და აღარაფერი უპასუხია, მიხვდა, იმ დღეს ამ თემაზე მეტად აღარავინ დაელაპარაკებოდა...
* * *
ისე მართავდა მანქანას ელენე, თვითონვე უკვირდა, აქამდე როგორ ვერ აიკიდა საპატრულო პოლიცია. საშინლად ატარებდა. სიჩქარესაც გადააჭარბა, რამდენიმე წესიც დაარღვია, ლამის შუქნიშანიც კი არაფრად ჩააგდო, მაგრამ მოულოდნელად ჩაუჭრეს წინ და იძულებული გახდა, გაჩერებულიყო.
ისეთი გაბრაზებული იყო, ახლა ერთადერთი, შვილთან საუბარი და ყველაფრის ახსნა სურდა. მისი და დემნას წასვლის შემდეგ არც თვითონ გაჩერებულა დიდხანს. ცრემლები შეიმშრალა მხოლოდ, მაკიაჟი შეისწორა, თვალებგათხაპნილი რომ არ გასულიყო გარეთ და საერთოდ დაავიწყდებოდა დარასელის არსებობა, საპირფარეშოს კარი კაკუნით რომ არ აეკლო. ისეთი გამწარებული უბრახუნებდა, თითქოს ლენა სასოწარკვეთილი თინეიჯერი ყოფილიყო და ვენების გადაჭრას აპირებდა.
არც მასთან სასაუბროდ გაჩერდა. არ აინტერესებდა ახლა არაფერი, არც დამშვიდება უნდოდა და არც უაზრო ბოდიშების მოსმენა. სწრაფადვე უთხრა, არც კი იფიქრო უკან გამოყოლაო და შემდეგ, გარეთ რომ გავარდა, ვერც გაიაზრა, ისე გამოართვა მძღოლს მანქანის გასაღები.
იმ ავარიის შემდეგ არც კი უცდია საჭესთან დაჯდომა. ის კი არა, წინ მგზავრის სავარძელსაც არ იკავებდა, თუ ამის შანსი ჰქონდა. საშინელი შიში დასჩემდა. ვერაფრით უყურებდა საქარე მინას ისე, ის საშინელი კადრები რომ არ გახსენებოდა. ორი წელი გავიდა უკვე, მაგრამ მაინც ვერაფრით ახერხებდა დავიწყებას და ალბათ, არც არასდროს დაავიწყდებოდა, როგორ ვერ შეძლო საჭის დამორჩილება...
– ჯანდაბა, გეყოფა! – თვითონვე დაუყვირა საკუთარ თავს და გაბრაზებულმა ისე დასცხო საჭეს მუშტი, ეტკინა კიდეც თითები. ახლა არ ჰქონდა სისუსტის დრო. პირიქით, იმაზე უფრო ძლიერი უნდა ყოფილიყო, ვიდრე გასული ორი წლის განმავლობაში. ვერაფრით დაუშვებდა, შვილს მასზე არასწორი წარმოდგენა რომ შექმნოდა და ის ერთადერთიც დაეკარგა, ვის გამოც ახერხებდა ცხოვრების გაგრძელებას.
სიჩქარისთვის არც კი დაუკლია, ისე შეუხვია ნაცნობ ქუჩაზე. ამ გზასაც ერიდებოდა... ბარგის წამოსაღებადაც არ წასულა თვითონ, დემნას როცა გაშორდა. იცოდა, ვერ შეძლებდა იმ სახლში შესვლას ისეთ მდგომარეობაში, სადაც ყველაზე ბედნიერი წლები ჰქონდათ გატარებული. ახლა კი... ახლა ესეც აღარ ადარდებდა. ყველაფერს გადალახავდა, საერთოდ დაივიწყებდა საკუთარ ტკივილს, ოღონდ ლილუს გულში არ ჩაბუდებულიყო საშინელი გრძნობა. ყველაფერზე წავიდოდა ამის თავიდან ასარიდებლად...
და წავიდა კიდეც, ერთ დროს საკუთარი სახლის კართან როცა აღმოჩნდა და ერთიანად გაეყინა სხეული. დღემდე ინახავდა გასაღებს. არც კი იცოდა, რისი იმედი ჰქონდა, რატომ იქცეოდა ასე. არც ის იცოდა, ოდესმე შეძლებდა თუ არა იმ კედლებში კვლავ შებიჯებას, მაგრამ ახლა... თითქოს ერთიანად ჩამოეშალა ყველაფერი, ძალიან სუსტად, ნაცნობი მელოდია რომ მოესმა. სახელურს ჩამოეყრდნო, როგორმე თავი რომ შეეკავებინა. ვერ იჯერებდა... თითქოს, წარსულში დაბრუნდა... საკუთარი ყურით ისმენდა, მაგრამ მაინც არ შეეძლო იმის დაჯერება, სახლიდან ის მუსიკა თუ ისმოდა, დემნამ პირველად რაც ასწავლა ლილუს...
ვერც გაიაზრა, ისე გადაატრიალა გასაღები საკეტში. სურნელიც კი იგივე დახვდა... სახლის... თითქოს, არც არსად წასულა. თითქოს, არც არსებულა ის ყველაფერი, რამაც წასვლა აიძულა... კართანვე გაიხადა ქუსლიანი ფეხსაცმელი, სიმყუდროვე რომ არ დაერღვია და შემდეგ ისე ფრთხილად მიუახლოვდა იმ ოთახს, საიდანაც მელოდია გამოდიოდა, მანამ ვერ შენიშნა მამა-შვილმა მისი მისვლა, სანამ დაკვრას არ მორჩნენ.
ელენე კი, ვეღარაფრით ახერხებდა ცრემლების შეკავებას. მერამდენედ ტიროდა დღეს, მაგრამ ასეთი ტკივილი იქამდე მაინც არასდროს ეგრძნო. ისიც კი სტკიოდა, საერთოდ რომ სუნთქავდა. იქ, იმ ოთახში, მაგრამ მაინც, ასე მარტო... სახეზე აიფარა ორივე ხელი და ისე ჩასრიალდა კედელზე მიყრდნობილი, ძლივს ახერხებდა, ხმამაღლა რომ არ აღრიალებულიყო. რატომ დაემართათ ეს ყველაფერი მაინცდამაინც მათ? რატომ მისცეს ის დაწყევლილი საქმე დემნას? რატომ ვერ გაუძლეს?
– დედიკო, რა გატირებს? – სწრაფად მიირბინა ლილუმ, ასეთ მდგომარეობაში რომ დაინახა და ისე მოეხვია, თითქოს საერთოდ გადაევლო გაბრაზებას.
– მაპატიე, დე, რა... – ძლივს ამოთქვა ლენამ. ძლიერად ჩაიკრა შვილი და ცდილობდა, არ შეემჩნია როგორი სახით უყურებდა ხერგიანი. ფიზიკურად გრძნობდა ტკივილს მისი მზერის გამო და თითქოს, ყელში უჭერდა ხელებს იმ ღამის მოგონება, რომლის გამოც გაჩნდა ამხელა დისტანცია მათ შორის.
– გაპატიე უკვე, დედა. აღარ იტირო, რა... – სწრაფად აკოცა ბავშვმა და თმაზე დაუწყო ხელების სმა. ისე ამშვიდებდა, თითქოს, როლები გაცვალეს და თვითონ იყო დედა.
დიდხანს ისხდნენ ასე. ელენე იატაკზე, ლილუ მის კალთაში. არ საუბრობდნენ. აშკარა იყო, ისედაც ყველაფერი გარკვეული ჰქონდათ უკვე. და წამითაც არ გასჩენია ელენეს კითხვა, ვისი წყალობით შეურიგდა შვილი. როგორ ძალიანაც არ უნდა დაცემულიყო, დემნა ყოველთვის ახერხებდა მის წამოყენებას. ხშირად, ისე აკეთებდა ამას, ცდილობდა, არც დაენახვებინა, მაგრამ ქალი ყოველთვის გრძნობდა მის გვერდით ყოფნას. იმხელა ძალა იყო ეს, ისეთი ძლიერი... იცოდა, უფსკრულიდანაც კი ამოიყვანდა, თუნდაც, თვითონ გადაჩეხილიყო მის ნაცვლად...
ჩაძინებული ლილუ იმ საძინებელში რომ შეიყვანეს, სადაც დაბადებიდანვე ეძინა, კიდევ ერთხელ აუცრემლიანდა თვალები. მეტისმეტი იყო... ვერ ახერხებდა ამის გაძლებას. ვეღარც თავის შეკავებას და გრძნობების დამალვას. ხერგიანისგან განსხვავებით, ახლა თვითონ არ შეეძლო გულგრილობა და კაცი ისეთი სახით რომ დაჯდა დივანზე, ვითომც არაფერი მომხდარა, სწრაფადვე ჩაიმუხლა მის წინ.
– რამე მითხარი... – ახედა ნიკაპაკანკალებულმა. ერთადერთი, რაც აქამდე აძლებინებდა, ის იყო, დემნას თვალებში სიცივე რომ არასდროს დაუნახავს. ახლა კი... ახლა თითქოს ერთიანად გაყინა მისმა მზერამ.
– ადექი.
– დემნა...
– ადექი, ნუ ზიხარ ძირს.
– გთხოვ...
– ლენა, ადექი. – წარბიც არ შეხრია, ისე გაუმეორა და ბოლოს, თვითონვე ჩაავლო მკლავებში ხელები და გვერდით მოისვა. უფრო სწორად, იქ დასვა, სადაც წუთის წინ თვითონ იჯდა, შემდეგ კი, უსიტყვოდ გადაინაცვლა სამზარეულოში.
ყველაზე მეტად მას უჭირდა ასე მოქცევა. საკუთარი თავი ეზიზღებოდა, ელენეს თვალებში თავისი მიზეზით გამოწვეულ ცრემლებს რომ ხედავდა, თუმცა, ისეთ მდგომარეობაში იყო ახლა, სხვანაირად არ შეეძლო. ერჩივნა გულგრილობის ნიღაბი აეკრა, ვიდრე ეჩხუბათ და კიდევ უფრო ეტკინა გული.
– ყავას ისევ სამი კოვზი შაქრით სვამ... – მოესმა ზურგსუკან. ვერც კი გაიგო ნაბიჯების ხმა და იმდენად მოულოდნელი იყო ეს რეპლიკა, ლამის კოვზი გაუვარდა ხელიდან.
– შენც გაგიკეთო? – არც შეტრიალებულა, ისე ჩაიდუდღუნა.
– შენსას დავლევ. – უპასუხა სწრაფად და ისე აესვეტა ცხვირწინ, აღარაფრით მისცა წასვლის საშუალება.
იდგა მხრებმობუზული, ქვედა ტუჩი კბილებს შორის მოექცია და ისეთი მზერით აჰყურებდა კაცს, უხმოდ ეუბნებოდა ყველაფერს. უსიტყვოდ უყვებოდა იმას, რაც იძულებით გამოატოვებინა და მიუხედავად მიზეზისა, მის მზერაში სიყვარულის გარდა მაინც არაფერი ჩანდა. ვერ ახერხებდა სხვა გრძნობების დატოვებას, როცა იმ ადამიანის წინ მარტო რჩებოდა, ვის გამოც ყველაფერზე შეეძლო წასვლა.
– ნუ მიყურებ მასე. – ბოლოს ისევ ხერგიანი გატყდა.
– მეშინია... – ჩურჩულზე გადავიდა ლენა.
– ხომ იცი, რომ აღარაფერი გემუქრებათ?
– მაგის არა... იმის მეშინია, რომ ერთ დღესაც დაიღლები...
– გაჩერდი.
– დაიღლები და ისე გადამიყვარებ, თითქოს საერთოდ არაფერი ყოფილა. – სიმწრით იღიმოდა და ვერც შეამჩნია, ისე დაუსველდა სახე ცრემლებით. მხოლოდ მაშინ მოეგო გონს, დემნას თითების შეხება რომ იგრძნო თვალებთან.
– ლენა, გთხოვ, არ გინდა...
– ყველაზე მეტად კი იმის მეშინია, რომ ამას მე თვითონვე გაიძულებ... სხვა გზას არ გიტოვებ... – წამითაც არ მოუშორებია მზერა, ისე დაუჭირა სახე. ვერ მისცემდა უფლებას, თვალები რომ დაემალა.
– მე გაიძულე და იმიტომ. – ჩაეღიმა ხერგიანს. იმდენად მართალი იყო ორივე და ამავდროულად, ერთმანეთის წინაშე მაინც იმდენად ტყუოდნენ, წარმოდგენაც არ ჰქონდათ, როგორ უნდა მოეხერხებინათ ამისთვის გადაბიჯება.
იგრძნო, როგორ ახლართა ელენემ თითები მის მოზრდილ თმაში. ასე იცოდა ადრეც, სიტყვიერად რომ ვერ ახერხებდა მის დამშვიდებას. თვალებში უყურებდა მხოლოდ და თმაზე ეფერებოდა, შემდეგ კი, მხარზე ჩამოაყრდნობდა თავს და შეეძლოთ, მთელი საღამო ხმაც არ ამოეღოთ, ისე გაჩერებულიყვნენ, მაგრამ სიჩუმე მაინც არ ყოფილიყო შემაწუხებელი.
ფრთხილად მიეკრა ქალი მხარზე. არ უნდოდა რამე ისეთი გაეკეთებინა, კიდევ მეტად რომ ეტკინა. იცოდა, დილით მაინც მოუწევდა წასვლა. როგორ ძალიანაც არ უნდა ნდომებოდა, მაინც არსებობდა მიზეზი, რომელიც ყოველთვის ჩადგებოდა მათ შორის და არ მისცემდა უფლებას, დაევიწყებინათ ის, რის გამოც დაშორდნენ.
– შეეშვი, გთხოვ... – ამოთქვა ჩურჩულით და ძველებურად აუჩქარდა გული, ძლიერი ხელების შემოხვევა რომ იგრძნო წელზე.
– რას?
– იმ საქმეს...
– დახურეს ისედაც.
– ვიცი, მაგრამ ისიც ვიცი, ისევ რომ აგრძელებ...
– ლენა...
– შენს მაგიდაზე დავინახე საქაღალდე.
– ხომ იცი, რომ...
– საკმარისი არ იყო, დემნა? საკმარისად არ დავისაჯეთ?
– სწორედ მაგიტომ... ვერ შევარჩენ.
– ისევ მოგაგნებენ...
– ნუ გეშინია, დავასწრებ.
– და ისევ რომ...
– არ თქვა. – შეაწყვეტინა სასწრაფოდ, სათქმელს რომ მიუხვდა.
– ხომ იცი, რომ შეძლებენ.
– შენც უნდა იცოდე, რომ ამჯერად მაინც მოვახერხებ თქვენს დაცვას.
– მაშინ ვერ მოახერხე.
– ლენა, გთხოვ, აღარ გვინდა ამაზე.
– შვილი მოგვიკლეს, დემნა! – მოშორდა სწრაფად. ისეთი ხმით აღმოხდა, სულ რომ ვერ მოგესმინათ ნათქვამი, ამითაც მიხვდებოდით რამხელა ტკივილს იტევდა. ყველაფერი აეწვა ამის თქმისას და ისიც დაინახა, როგორი რეაქცია ჰქონდა ხერგიანს. ყბები დაეჭიმა სიმწრისგან და ისე მისცხო მუშტი კედელს, წამიერად შეეშინდა კიდეც ქალს.
– ხომ იცი, რომ არ ყოფილა ჩემი ბრალი! – ხმასაც კი აუწია გაცეცხლებულმა, ისევ აქამდე რომ მივიდნენ საბოლოოდ.
– შენი სიჯიუტის ბრალი იყო, დემნა! – და არც ელენემ დააკლო.
– არ ყოფილა-მეთქი ჩემი ბრალი ის ავარია! იმ ნაბიჭვრებმა მოაწყვეს და შენ თვითონაც იცი ეს!
– და მანამდე რამდენჯერ გაგაფრთხილეს? აუცილებლად მსხვერპლი უნდა მოჰყოლოდა, რომ გაჩერებულიყავი?! აუცილებლად ის უნდა მომკვდარიყო, ვინც დაბადებაც კი ვერ მოასწრო?!
– ნუ ყვირი, სძინავს ლილუს. – გამოსცრა კბილებს შორის, საპასუხო რომ აღარაფერი დარჩა. იცოდა, თვითონაც ძალიან კარგად იცოდა, ვის გამოც მოაწყვეს ის ავარია, მაგრამ მაინც ვერ ჩათვლიდა თავს დამნაშავედ მხოლოდ იმის გამო, მუქარას რომ არ შეუშინდა და ვერც წამოიდგენდა, ამდენად თუ შეტოპავდნენ საბოლოოდ.
– ისევ იმავეს აგრძელებ! – ხელები აიქნია ნერვებმოშლილმა, ისევ ჩხუბამდე რომ მივიდნენ.
– მანამ გავაგრძელებ, სანამ ყველაფრისთვის პასუხს არ ვაგებინებ. და ძალიან კარგად იცი ეს შენ!
– და მერე კიდევ მეუბნები, ნუ გეშინიაო!
– ელენე, შენ არ უნდა გეშინოდეს! გაიგე ეს, აღარ დავუშვებ, რომ შენ ან ლილუს რამე დაგიშავონ! – ამოიღმუვლა გაცეცხლებულმა და შემდეგ ისე სწრაფად მოიქცია მისი სახე ხელებში, არც აცადა გააზრება. – არ დავუშვებ! –გაუმეორა კიდევ ერთხელ და თან, წამითაც არ მოუშორებია მზერა მისი თვალებისთვის. კარგად იცოდა, როგორც მოქმედებდა ეს ქალზე, შტორმის შემდგომ დამშვიდებულ ოკეანეს ემსგავსებოდა და ახლაც გამოუვიდა...
– დამპირდი... – ამოთქვა ბოლოს ლენამ. სხვა გზა მაინც არ ჰქონდა. საკმარისად კარგად იცნობდა დემნას საიმისოდ, მისი დანებება რომ დაეჯერებინა.
– გითხარი უკვე...
– მაგას არა.
– აბა?
– დამპირდი, რომ არ მომცემ უფლებას, გადაგიყვარო. რაც არ უნდა მოხდეს, რაც არ უნდა გააკეთო...
– მაგაში ეჭვი გეპარება, ლენა?
– და არც შენ გადამიყვარებ...
– მე და შენ მაგას ერთმანეთს ძალიან ადრე დავპირდით, მაგრამ ნებისმიერ დღეს, ნებისმიერ წუთს გაგიმეორებ: რაც არ უნდა მოხდეს, მე შენ ხელს არასდროს გაგიშვებ...
გაგრძელება იქნება პარასკევს
ავტორი ნათია ჯაგოდნიშვილი